საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№205აპ-26 თბილისი
კ. გ., 205აპ-26 13 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 2 თებერვლის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. კ-ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 111,187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისთვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); სხვისი ნივთის განადგურებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, გ. კ-ე ფიქრობს, რომ, ვინაიდან არის მამაკაცი, მიუხედავად დაშორებისა, მეუღლე არის მისი საკუთრება და, ვინაიდან ქალია, უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს და მოიქცეს მისთვის სასურველად; უკონტროლებს საკონტაქტო პირთა წრეს, გადაადგილებას და საკომუნიკაციო საშუალებებს. აღნიშნული მოტივით, 2022 წლის 16 აპრილს, შუადღის საათებში, თ-ში, გ-ში, ბ-ის ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. კ-ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს – ა. გ-ეს, კერძოდ, ორივე ხელზე ძლიერად მოუჭირა ხელები, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. იმავე დღეს, საღამოს საათებში, თ-ში, ი-ის ქუჩის №--ის,- ბლოკის ბინა №--ში, გ. კ-ემ კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ყოფილ მეუღლეს – ა. გ-ეს, კერძოდ, ძლიერად დაარტყა ხელი გულმკერდის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, გ. კ-ე ფიქრობს, რომ ვინაიდან არის მამაკაცი, მიუხედავად დაშორებისა, მეუღლე არის მისი საკუთრება და, ვინაიდან ქალია, უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს და მოიქცეს მისთვის სასურველად; უკონტროლებს საკონტაქტო პირთა წრეს, გადაადგილებას და საკომუნიკაციო საშუალებებს. აღნიშნული მოტივით, 2023 წლის 16 აპრილს, საღამოს საათებში, თ-ში, ი-ის ქუჩის №--ის,- ბლოკის ბინა №--ში, ა. გ-ეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილი მეუღლე – გ. კ-ე, კერძოდ, უთხრა, რომ, „მიუხედავად ყველაფრისა, მისი ცოლი და მისი შვილების დედა იყო, მოიქცეოდა ისე, როგორც თავად ეტყოდა, თორემ მოკლავდა, ნაჯახით დაჩეხავდა და არ აცოცხლებდა“, – რაც ა. გ-ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, გ. კ-ე ფიქრობს, რომ ვინაიდან არის მამაკაცი, მიუხედავად დაშორებისა, მეუღლე არის მისი საკუთრება და, ვინაიდან ქალია, უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს და მოიქცეს მისთვის სასურველად; უკონტროლებს საკონტაქტო პირთა წრეს, გადაადგილებას და საკომუნიკაციო საშუალებებს. აღნიშნული მოტივით, 2023 წლის 12 ივნისს, საღამოს საათებში, თ-ში, ი-ის ქუჩის №--ის,- ბლოკის ბინა №--ში მყოფ ა. გ-ეს, აპლიკაცია „ვ-ის“ საშუალებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილი მეუღლე – გ. კ-ე, კერძოდ, უთხრა, რომ, „სადაც ნახავდა, დაჩეხავდა, თავს მოაჭრიდა და მის სისხლს დალევდა, ისე დამარხავდა, რომ მის საფლავსაც ვერ იპოვიდნენ“, – რაც ა. გ-ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2023 წლის 16 აპრილს, საღამოს საათებში, თ-ში, ი-ის ქუჩის №--ის,- ბლოკის ბინა №--ში, გ. კ-ემ ყოფილი მეუღლის – ა. გ-ის – კუთვნილი „აიფონ 12 პრო მაქსის“ მოდელის მობილური ტელეფონი გადააგდო მე-13 სართულზე არსებული ბინის ფანჯრიდან, რის შედეგადაც, ტელეფონი დაიმტვრა. ასევე, თ-ში, გ-ში, ბ-ის ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაამტვრია „სელინის“ და „ფურლას“ ბრენდის მზის სათვალეები, რითაც დაზარალებულს, ჯამურად, მიადგა 3800 (სამიათას რვაასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით გ. კ-ე - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 111,187-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, გამართლებულს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 2 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თინათინ ჭურღულია ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 2 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და გ. კ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 111,187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დამნაშავედ ცნობას.
6. გამართლებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. წ-ი შესაგებლით ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორ თინათინ ჭურღულიას საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 2 თებერვლის განაჩენი.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა გ. კ-ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №643აპ-18, №969აპ-20, №1175აპ-22, №451აპ-20).
9. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა გ. კ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 111,187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, კერძოდ: დაზარალებულმა ა. გ-ემ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მისთვის მინიჭებული პრივილეგიით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის, ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, დამატებით კი განმარტა, რომ ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ამასთან, საქმის მასალებიდან არ იკვეთება ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე რაიმე სახის გავლენის ნიშნები, რაც მას აიძულებდა, ესარგებლა ამ პროცესუალური უფლებით.
10. სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, განაჩენის გამოტანის დროს სასამართლომ უნდა გამოიყენოს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. ვინაიდან დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება და სახეზე არ არის სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივი შესაძლებლობას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად გამოიყენოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია.
11. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარებულია გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შემოწმების მიზნით. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შინაარსიდან ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში გამოძიების ეტაპზე წარმოშობილი ვერსია არ შემოწმებულა, არ ამოღებულა რაიმე ნივთი და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მხოლოდ ადგილზე შემოწმდა ჩვენება. აღნიშნული მტკიცებულების ერთადერთი წყაროა დაზარალებული ა. გ-ე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული პრივილეგიით – არ მისცა ჩვენება ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ, შესაბამისად, აღარ არსებობს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მტკიცებულებად გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
12. მოწმე ნ. გ-ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ თავად დაზარალებულმა მიაწოდა ინფორმაცია გ. კ-ესთან არსებული კონფლიქტის თაობაზე. ასევე, მისივე განმარტებით, გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია სრულად ა. გ-ის მიერ ნაამბობია, უშუალოდ თავად არ შესწრებია ძალადობის, მუქარის და ნივთების დაზიანების ფაქტებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე ნ. გ-ე არ არის ფიზიკური ძალადობის ან მუქარის ფაქტის უშუალო შემსწრე (თვითმხილველი), მის მიერ მიცემული ჩვენება ა. გ-ის ფიზიკური ძალადობის, მუქარის და ნივთების განადგურების ნაწილში ირიბია და ეფუძნება მხოლოდ ა. გ-ის მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა. ამასთან, უშუალოდ ფიზიკური ძალადობის, მუქარის და ნივთების დაზიანების საკითხებთან მიმართებით, ზემოაღნიშნული მოწმის ირიბი ჩვენება არ დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. არცერთი პირდაპირი მოწმე და პირდაპირი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ გ. კ-ემ ა. გ-ეს გულმკერდის არეში დაარტყა ხელი, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და გაუნადგურა ნივთები.
13. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №- გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა. მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება, დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა – მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.
14. საყურადღებოა დაცვის მხარის მოწმის – თ. ო-ის – ჩვენება, რომლითაც მოწმემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა ის ფაქტი, რომ 2023 წლის აღდგომის დღესასწაულზე საცხოვრებელი სახლის ეზოში მართლაც ნახა გ. კ-ე და ა. გ-ე, რომლებიც ერთმანეთში საუბრობდნენ და მათ შორის კამათს ადგილი არ ჰქონია.
15. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2023 წლის 5 ოქტომბრის №- დასკვნის თანახმად, წარდგენილი „სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ა. გ-ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ანა გურგენიძემ, გ. კ-ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით არ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა“
16. გარდა ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებით ვერ დასტურდება გ. კ-ის მხრიდან საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა. სასამართლოში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერი ნათლად ჩანს, თუ როგორ აზიანებს გ. კ-ე სათვალეებს, წარმოდგენილია დაზიანებული მობილური ტელეფონის ფოტოსურათებიც, მაგრამ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია გაირკვეს, თუ ვინ დააზიანა მობილური ტელეფონი, ასევე – ვიდეოში ასახული სათვალეები ნამდვილად ეკუთვნოდა თუ არა დაზარალებულ ა. გ-ეს. სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტიც, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ ამოიღეს დაზიანებული ნივთები და არ არის წარმოდგენილი სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა.
17. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში დაუდგენელი რჩება ძალადობის შედეგად ტკივილის განცდის ფაქტი, ხოლო ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია, ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში, მოითხოვს დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №746აპ-19, №674აპ-20). „ფიზიკური ტკივილის შეგრძნება“ დამოკიდებულია არა მხოლოდ სუბიექტურ, არამედ – ობიექტურ კრიტერიუმებზეც: ჩადენილი ქმედების ინტენსივობასა და დაზარალებულისათვის მიყენებულ დაზიანებებზე, რომელთა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დგინდება, განიცადა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლმა ფიზიკური ტკივილი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს N627აპ-19, №443აპ-20, №1003აპ-20 გადაწყვეტილებები).
18. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე – მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს (მაგ.: სუსგ №140აპ-21, №65აპ-20).
19. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში გაამახვილა ყურადღება, რომ, ვინაიდან დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, წარმოუდგენელია დადგინდეს, ნამდვილად გაუჩინა თუ არა ბრალდებულის მუქარამ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველ საქმეშიც, როგორც უკვე აღინიშნა, დაზარალებულმა ა. გ-ემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით, ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება და სასამართლოს არ მიაწოდა ინფორმაცია მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის განხორციელების შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მით უფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად.
20. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ. კ-ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ თინათინ ჭურღულიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ – გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და გ. კ-ე გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 111,187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
21. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება სამართლებრივი პრობლემა, რომელიც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
22. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე