საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.07.2026
საქმის ნომერი
2კ-295აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100125010766542

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №295აპ-26 2 ივლისი, 2026 წელი

მ–ე გ., №295აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 9 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ვ. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. მ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2024 წლის 29 ნოემბერს, ღამის საათებში, თ–ში, .... ქუჩაზე, ს–ს ..... მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას საქართველოს შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მართლწესრიგისა და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორი შ. ჯ–ე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც თავს დაესხა გ. მ–ე, კერძოდ, პიროტექნიკა ისროლა მისი მიმართულებით და მოარტყა მარჯვენა ფეხის არეში. აღნიშნულმა ქმედებამ შ. ჯ–ის ფიზიკური ტკივილი და სხეულის დაზიანება გამოიწვია.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 3 ივლისის განაჩენით, გ. მ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 4 წლით პირობითი მსჯავრი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 3 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. მ–ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ვ. მ–მა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ გ. მ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

2.3. განაჩენი ასევე გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა როინ ხინთიბიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 9 მარტის განაჩენით, დაცვისა და ბრალდების მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 3 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2026 წლის 23 მარტს, მსჯავრდებულმა გ. მ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ. მ–მა საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 9 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორების პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. მ–ის მიმართ უკანონოა. განაჩენი ეფუძნება საეჭვო მტკიცებულებებს, როგორიცაა მოწმე პოლიციელთა ჩვენებები და ჰაბისტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც პირის იდენტიფიცირებისათვის დაეყრდნო ძველ ვიზუალურ მონაცემებს. რაც შეეხება მოწმე პოლიციელების ჩვენებებს, სასამართლომ ასევე არ უნდა გაიზიაროს, რადგან ისინი დაინტერესებულნი არიან საქმის შედეგით და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია მოკლებულია დამაჯერებლობას. შესაბამისად, კასატორების მოთხოვნაა, დასაშვებად იქნეს ცნობილი დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი, გაუქმდეს გამამტყუნებელი განაჩენი და გამოტანილ იქნეს გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა საფუძველს, რომ საკასაციო პალატამ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიიჩნიოს გ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, განსახილველი საქმე არ მოიცავს იმგვარ სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

5.4. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებულ როგორც სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ისე უდავოდ ცნობილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ. მ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას.

5.5. დაცვის მხარის მითითებით, ბრალდების მხარემ გ. მ–ის ბრალეულობის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა მოწმე პოლიციელთა ჩვენებები, რომელთა სანდოობაც კრიტიკას ვერ უძლებს, ვინაიდან არიან დაინტერესებული პირები. ამასთან, ჰაბისტოსკოპირი ექსპერტიზის ჩამტარებელმა ექსპერტებმა ვერ მიუთითეს თუ როდის იყო განახლებული ფოტოსურატების ბაზა, რომელსაც დაეყრდნენ პირის იდენტიფიცირებისას, რის გამოც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა დაეფუძნებინა აღნიშნულ მტკიცებულებებზე.

5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არცერთ მოწმის ჩვენებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და მხოლოდ მოწმის სტატუსიდან და სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენების უპირობოდ გაზიარება, ისე რომ არ მოხდეს საპირწონე არგუმენტების შეფასება – დაუშვებელია. ანალოგიურადაა დაუშვებელი მოწმე პოლიციელთა ჩვენებების გაუზიარებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არიან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. თითოეული საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს იმ მოწმეთა ჩვენებების სანდოობა, რომლებიც მსჯავრდებულის მამხილებელ ჩვენებებს იძლევიან, ასევე სასამართლოს მიერ დასაბუთებული უნდა იყოს ის გარემოებები რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო მან გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ გაიზიარა კონკრეტული მოწმის (მათ შორის, პოლიციელის) ჩვენება.

5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ ყველა მოწმის ჩვენება იდენტური ვერ იქნება და გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით შესაძლოა არსებობდეს მცირე წინააღმდეგობები, თუმცა აღნიშნული არ უნდა იყოს არსებითი, რაც გონივრულ კითხვებს გააჩენს მტკიცების საგანთან მიმართებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს N626აპ-17 განაჩენი). მოცემულ შემთხვევაში, მსგავსი სახის წინააღმდეგობები, რაც მტკიცების საგანთან მიმართებით გონივრულ კითხვებს გააჩენდა არ არსებობს და გაქარწყლებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ისეთი მაღალი დამაჯერებლობის მქონე მტკიცებულებებით, როგორიცაა ვიდეოჩანაწერები და ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა გამოკვლევის პროცესში უტყუარად დადასტურდა გ. მ–ის მონაწილეობა განსახილველ დანაშაულში.

5.8. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, როგორც სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ასევე უდავოდ ცნობილ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულ – შ. ჯ–ის, მოწმეების: გ. ო–ს, დ. პ–ს, ნ. ჭ–ს, ა. ო–ს, ს. ლ–ს, ა. ჟ–ს, ექსპერტების: თ. ნ–ის, ე. ყ–ს და ნ. ბ–ს ჩვენებებს, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს, ინტერნეტგვერდის დათვალიერების ოქმს, შპს ....დან გამოთხოვილ ინფორმაციას, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N4....... და N........ დასკვნებს, პაციენტის სამედიცინო ბარათს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნას, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმს და ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებას (შარვალი), კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზის N.......... დასკვნას და ფოტოცხრილს.

5.9. პალატა აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ დაზარალებული შ. ჯ–ე არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი. 2024 წლის 29 ნოემბერს, ღამის საათებში, თ–ში, .... ქუჩაზე, კანცელარიის გამოსასვლელის მიმდებარედ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას – იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს. პოლიციის თანამშრომლებს ეცვათ სამსახურებრივი ფორმები და ეკეთათ ჩაფხუტები. ინტერნეტგვერდის დათვალიერების ოქმითა და შპს ...–დან გამოთხოვილ ინფორმაციით კი დგინდება, რომ მათში ასახულია ს–ს ..... მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ, .....ს ქუჩის მხარე, სადაც ერთ მხარეს განლაგებულნი არიან პოლიციის თანამშრომლები, ხოლო მეორე მხარეს აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეებიდან ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია მოლურჯო ფერის შარვალი და მოლურჯო ფერის მოსასხამი, რომლის შიგნით აცვია მოშავო მუქი ფერის სამოსი, სახეზე უკეთია პირბადე, რომელიც ჩამოწეულია ცხვირს ქვევით, ხელში ჰორიზონტალურად, მკერდის სიმაღლეზე უჭირავს პიროტექნიკა და დამიზნებით ისვრის პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით, რომელიც ფეთქდება. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებში გ. მ–ის მონაწილეობა უტყუარად არის დადასტურებული, როგორც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N...... და N...... დასკვნებით, ასევე ამოღებული ტანსაცმლითა და მოწმეების განმარტებებით. პაციენტის სამედიცინო ბარათითა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N...... დასკვნით კი, დგინდება დაზარალებულის დაზიანება.

5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 1.....ს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43.)

5.11. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის საკვანძო არგუმენტებს მტკიცებულებათა არასაკმარისობისა და არადამაჯერობლობის მხრივ, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარში, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში. ამასთან, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009), ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, არ განმეორდეს და პასუხი გასცეს მხოლოდ დაცვის მხარის რამდენიმე საკვანძო არგუმენტს.

5.12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არგუმენტი, რომელიც ეხება საექსპერტო კვლევაში გ. მ–ის ძველი ფოტოსურათის გამოყენებას. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ დასკვნების გამცემმა ექსპერტებმა ერთმნიშვნელოვნად და დამაჯერებლად მიუთითეს კვლევის ჩატარების სისწორესა და მიღებული შედეგის უტყუარობაზე.

5.13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის აპელირებას, რომ ბრალდების მხარეს საექსპერტო კვლევა საქართველოს შსს ექსპერტიზის სამმართველოს ნაცვლად უნდა ჩაეტარებინა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და მიუთითებს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე პროცესი მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით. მხარეებს აქვთ თანასწორი შესაძლებლობა, მოეპოვონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები, გამოთქვან საკუთარი და გააქარწყლონ საპირისპირო მხარის მოსაზრებები, ჰქონდეთ პოზიციები როგორც თავისი, ისე – მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ სამხილებთან მიმართებით. დაცვის მხარეს აქვს ბრალდების მხარესთან თანასწორი შესაძლებლობა, თავად იზრუნოს სასამართლოსათვის წარსადგენი მტკიცებულებების მოცულობაზე, ჩაატაროს სასურველი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები და არ იყოს საპროცესო მოწინააღმდეგის იმედად (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №872აპ-24 განაჩენი).

5.14. ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული.

5.15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).

5.16. საკასაციო საჩივრის საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

5.17. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. მ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ვ. მ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე