საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.07.2026
საქმის ნომერი
2კ-311აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100123008207596

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №311აპ-26 ქ. თბილისი

გ-ი ნ. 311აპ-26 23 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე),ვლადიმერ კაკაბაძე, გენადი მაკარიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 2 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - ლაშა გამყრელიძის, მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. კ-ს, მსჯავრდებულ ნ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ტ. კ-ს, ნ. თ-სა და თ. ჯ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ნ. გ-ს - დაბადებულს ... წლის ... აპრილს, ზ. ბ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ივლისს და მ. ი-ს, - დაბადებულს ... წლის ... მარტს, - ბრალად ედებათ თაღლითობაში დახმარება, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში დახმარება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021-2022 წლებში, ს. ბ-მ, ა. ს-მ, ნ. ქ-მა, ე. მ-მ, ც. გ-მა, ე. გ-მა და ი. მ-მ, შემდგომში მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახეს ჩამოეყალიბებინათ სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული ჯგუფი, რომლის მიზანსაც მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება წარმოადგენდა. წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ზემოაღნიშნული პირები მოქალაქეებს გაეცნობოდნენ მაკლერებად და შესთავაზებდნენ ბინების ე.წ. „დაგირავებას.“ ისინი ბინის მესაკუთრეებად და ხელშეკრულების მხარედ გააცნობდნენ ამავე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, ხოლო ნდობის მოპოვების მიზნით, ხელშეკრულებებს დაამოწმებდნენ ნოტარიულად. განზრახვის აღსასრულებლად, მათ დასახმარებლად მიმართეს ნოტარიუს ნ. გ-ს, რომელიც მოქალაქეებს დაარწმუნებდა, რომ ბინის დაგირავებისას სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების ნაცვლად, ფორმდებოდა სესხის ხელშეკრულებები და გაუფორმებდა სესხის ხელშეკრულებებს. შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაეუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს, ხოლო, ნოტარიუსი ნ. გ-ი, თითოეული ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ, მიიღებდა თანხას 400-500 აშშ დოლარის ოდენობით.

· დანაშაულებრივი განზრახვის აღსასრულებლად, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, 2021-2022 წლებში, ნოტარიუსმა ნ. გ-მა, რომელსაც „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გააჩნდა ვალდებულება სანოტარო მოქმედების შესრულებისას სანოტარო მოქმედების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები განემარტა დაზარალებულთათვის, არათუ განუმარტა მოქალაქეებს ხელშეკრულების შინაარსი, არამედ დაარწმუნა ისინი, რომ იმ პერიოდში ბინის დასაგირავებლად ფორმდებოდა მხოლოდ სესხის ხელშეკრულებები და ცამეტ მოქალაქეს ნაცვლად სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებისა, რომლითაც მოწესრიგდებოდა მსესხებლის მიერ თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში გამსესხებლის საკუთრებაში ბინის გადაცემის საკითხი, გაუფორმა სესხის ხელშეკრულებები.

· აღნიშნული ქმედებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ნოტარიუს ნ. გ-ს დახმარებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლნენ ცამეტი დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, 127 000 აშშ დოლარის (360 466 ლარი) ოდენობით.

· 2021-2022 წლებში, ს. ბ-მ, ა. ს-მ, ნ. ქ-მა, ე. მ-მ, ც. გ-მა, ე. გ-მა და ი. მ-მ, შემდგომში მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახეს ჩამოეყალიბებინათ სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული ჯგუფი, რომლის მიზანი იყო მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება. წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ზემოაღნიშნული პირები მოქალაქეებს გაეცნობოდნენ მაკლერებად და შესთავაზებდნენ ბინების ე.წ. „დაგირავებას.“ ბინის მესაკუთრეებად და ხელშეკრულების მხარედ გააცნობდნენ ამავე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, ხოლო ნდობის მოპოვების მიზნით, ხელშეკრულებებს დაამოწმებდნენ ნოტარიულად. განზრახვის აღსასრულებლად, დახმარების თხოვნით, მათ მიმართეს ნოტარიუს ზ. ბ-სა და მის თანაშემწე მ. ი-ს, რომლებიც მოქალაქეებს დაარწმუნებდნენ, რომ ბინის დაგირავებისას სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების ნაცვლად, ფორმდებოდა სესხის ხელშეკრულებები და გაუფორმებდნენ სესხის ხელშეკრულებებს. შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაეუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას, ხოლო ნოტარიუსი ზ. ბ-ი და მისი თანაშემწე თითოეული ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ, მიიღებდნენ თანხას 400-500 აშშ დოლარის ოდენობით.

· დანაშაულებრივი განზრახვის აღსასრულებლად, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, 2021-2022 წლებში, ნოტარიუსმა ზ. ბ-მა და მისმა თანაშემწე მ. ი-მ, რომლებსაც „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გააჩნდათ ვალდებულება სანოტარო მოქმედების შესრულებისას სანოტარო მოქმედების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები განემარტათ დაზარალებულთათვის, არათუ განუმარტეს მოქალაქეებს ხელშეკრულების შინაარსი, არამედ დაარწმუნეს ისინი, რომ იმ პერიოდში ბინის დაგირავებისას ფორმდებოდა მხოლოდ სესხის ხელშეკრულებები და ოთხმოცდაერთ მოქალაქეს ნაცვლად სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებისა, რომლითაც მოწესრიგებული იქნებოდა მსესხებლის მიერ თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში გამსესხებლის საკუთრებაში ბინის გადაცემის საკითხი, მოტყუებით გაუფორმეს სესხის ხელშეკრულებები. აღნიშნული ქმედებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ნოტარიუს ზ. ბ-სა და მისი თანაშემწე მ. ი-ს დახმარებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლნენ ოთხმოცდაერთი დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, 2 326 898 ლარის ოდენობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენით:

2.1. ნ. გ-ს, ზ. ბ-სა და მ. ი-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

2.2. ნ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ჩამოერთვა პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება 2 წლით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 10 ოქტომბრიდან.

2.3. ზ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ჩამოერთვა პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება 2 წლით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 10 ოქტომბრიდან.

2.4. მ. ი-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ჩამოერთვა პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება 2 წლით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 10 ოქტომბრიდან.

2.5. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის განჩინებით დადებული ყადაღა მ. ბ-სა (პ/ნ ...), ნ. ბ-ის (პ/ნ...) სახელზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში ასახულ შემდეგ ქონებაზე:

· მ. ბ-სა (პ/ნ: ...) და ნ. ბ-ს (პ/ნ: ...) თანასაკუთრებაში არსებულ გ-ს რაიონის სოფელ ჩ-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ს.კ. ...

· მ. ბ-სა (პ/ნ: ...) და ნ. ბ-ს (პ/ნ: ...) თანასაკუთრებაში არსებულ გ-ს რაიონის სოფელ ჩ-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ს.კ. ...

· მ. ბ-სა (პ/ნ: ...) და ნ. ბ-ს (პ/ნ: ...) თანასაკუთრებაში არსებულ თ-ში, პ. ი-ს ქუჩის №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, ს.კ. ...

· მ. ბ-სა (პ/ნ: ...) და ნ. ბ-ის (პ/ნ: ...) თანასაკუთრებაში არსებულ თ-ში, პ. ი-ის ქუჩის №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, ს.კ. ...

· ნ. ბ-ს (პ/ნ: ...) საკუთრებაში არსებულ თ-ში, დ. დ-ში, მე-... მიკრორაიონის №... კორპუსში მდებარე უძრავ ქონებაზე, ს.კ. ...

· მ. ბ-სა (პ/ნ: ...) და ნ. ბ-ს (პ/ნ: ...) თანასაკუთრებაში არსებულ თ-ში, გ. რ-ს გამზირის №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, ს.კ. ...

· მ. ბ-ს (პ/ნ: ...), ნ. ბ-სა (პ/ნ: ...) და მ. ი-ს (პ/ნ: ...) თანასაკუთრებაში არსებულ თ-ში, დ. დ-ში, ... მიკრორაიონის №... კორპუსში მდებარე უძრავ ქონებაზე, ს.კ. ...

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. გ-მა, ზ. ბ-მა და მ. ი-მ ჩაიდინეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 2 მარტის განაჩენით:

4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულ მ. ი-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

4.2. მ. ი-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებაში.

4.3. გამართლებულ მ. ი-ს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4.4. მსჯავრდებულ ნ. გ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

4.5. ნ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 10 ოქტომბრიდან. აღნიშნული სასჯელი მსჯავრდებულს ამ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის მოხდილი აქვს.

4.6. მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

4.7. ზ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 10 ოქტომბრიდან. აღნიშნული სასჯელი მსჯავრდებულს ამ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის მოხდილი აქვს. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. გ-მა და ზ. ბ-მა ჩაიდინეს სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი, მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, რამაც ფიზიკური პირების კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

6. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 2 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულების - ნ. გ-ს, ზ. ბ-სა და მ. ი-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

6.1. კასატორმა - მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. კ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 2 მარტის განაჩენის გაუქმება და ზ. ბ-ის გამართლება.

6.2. კასატორებმა - მსჯავრდებულ ნ. გ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ტ. კ-მ, ნ. თ-მ და თ. ჯ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 2 მარტის განაჩენის გაუქმება და ნ. გ-ს გამართლება.

6.3. გამართლებულ მ. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ჭ-მა შესაგებლით მოითხოვა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - ლაშა გამყრელიძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 2 მარტის განაჩენის ძალაში დატოვება.

7. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

8. მ. ი-ს ბრალდების ეპიზოდი:

8.1. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას და უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში პროკურორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მ. ი-ს მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენის ფაქტს, კერძოდ:

8.2. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ უსაფუძვლოა ნოტარიუს ზ. ბ-ს თანაშემწე მ. ი-ს საჯარო მოხელესთან გათანაბრებულ პირად მიჩნევა.

8.3. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სანოტარო საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ ნოტარიუსი. ამავე კანონის 38-ე მუხლში მითითებულია თუ რას ასრულებს ნოტარიუსი და სწორედ ამ მოქმედებათა განსახორციელებლად მას სახელმწიფოსგან აქვს დელეგირებული უფლებამოსილება, კონტროლი გაუწიოს კერძო პირებს შორის წარმოშობილი ურთიერთობების კანონიერებას. აღნიშნული კანონი არ ადგენს ნოტარიუსის მიერ თავისი უფლებამოსილების ვინმეზე დელეგირებას და განიხილავს მხოლოდ მის შემცვლელ პირს, მისი სამუშაოზე არყოფნის დროს და ისიც, ნოტარიუსთა პალატასთან შეთანხმებით, რასაც, კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი არის სამუშაოს მიმცემი თავისი სანოტარო ბიუროს თანამშრომლებისთვის.

8.4. სასამართლოში საქმის განხილვისას დადასტურდა, რომ მ. ი-ე ზ. ბ-ს სანოტარო ბიუროში ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა და მის მოვალეობაში შედიოდა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის სამუშაოს შესრულება, მაგალითად, ხელშეკრულების მომზადება, მხარეებისათვის მათი გაცნობა, რეგისტრაცია, სანოტარო საზღაურის მიღება, რაც ვერ ჩაითვლება სანოტარო საქმიანობად. ამდენად, მ. ი-ე არ არის მოხელესთან გათანაბრებული პირი და შესაბამისად, სამოხელეო დანაშაულის სუბიექტი.

8.5. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ მ. ი-ე მოხელესთან გათანაბრებული პირია, მაშინ ისმის შეკითხვა, რით გამოიხატა მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ზემოჩამოთვლილ ფუნქციათაგან, რომელი არ შეასრულა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის აპელირებას, რომ სასამართლომ უგულებელყო დადგენილი გარემოებები და მ. ი-ს დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მ. ი-ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

9. ნ. გ-სა და ზ. ბ-ის ბრალდების ეპიზოდი:

9.1. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს ნ. გ-სა და ზ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობას, ხოლო დაცვის მხარე - მსჯავრდებულების სრულად გამართლებას.

9.2. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა მსჯავრდებულთა ქმედებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო მხარეები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობის ვერცერთ საფუძველს.

9.3. მსჯავრდებულებს - ნ. გ-სა და ზ. ბ-ს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც 1-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განაჩენით - სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

9.4. საქმეში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. გ-ს ბრალი წარედგინა 13 ეპიზოდთან დაკავშირებით და სასამართლოში დაიკითხა 12 დაზარალებული: თ. ღ-ი, თ. ზ-ი, ი. ბ-ე, დ. გ-ე, ს. ა-ი, ს. ს-ა, მ. ქ-ი, ნ. ლ-ა, თ. უ-ი, ლ. ფ-ა, მ. ჩ-ი. ზ. ბ-სა და მ. ი-ს ბრალი წარედგინათ 81 ეპიზოდში და აქედან სასამართლოში დაიკითხა 23 დაზარალებული: ლ. ქ-ა, ა. ც-ი, მ. ფ-ა, ნ. წ-ი, შ. ა-ე, ნ. გ-ე, ა. ს-ე, ა. ტ-ი, ე. ჯ-ე, თ. ა-ე, ა. გ-ი, ზ. მ-ი, მ. კ-ე, ა. დ-ი, ც. გ-ი, თ. შ-ა, ლ. კ-ი, გ. ო-ი, ზ. ფ-ი, რ. კ-ი, ნ. გ-ე, ტ. კ-ე, ხ. ხ-ა და გ. კ-ი.

9.5. საქმეში წარმოდგენილია თითოეულ დაზარალებულთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, ეს არის შაბლონური სესხის ხელშკრულებები, სადაც ჩადებულია გამსესხებლის დაცვის მექანიზმები, კერძოდ, ყველა ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ,,გამესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სეხის დაბრუნების მოთხოვნას. ეს უფლება მაშინაც არსებობს, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება წინ უსწრებდა ხელშეკრულების დადებას, ხოლო გამსესხებლისთვის იგი ცნობილი გახდა მხოლოდ ხელშეკრულების დადების შემდეგ.’’ გარდა აღნიშნულისა, ნ. გ-ს სანოტარო ბიუროში დამოწმებული სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, ზ. ბ-ის სანოტარო ბიუროში დამოწმებულ სესხის ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ „გამსესხებელს განემარტა, თუ სესხის დაბრუნება არ არის უზრუნველყოფილი ქონებრივი გარანტიით და იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ვერ შეასრულებს ამ ხელშკრულებით დადგენილ ვალდებულებებს და მსესხებელს თავის საკუთრებაში არ აღმოაჩნდება არსებული ქონება, მაშინ გამსესხებელი ვერ შეძლებს გადახდევინების მიქცევას მსესხებლის ქონებაზე, ამის გამო შესაძლოა მან ვერ დაიბრუნოს სესხი“. ხელშეკრულებებში ასევე მითითებულია: „იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არ შეასრულებს დადგენილ ვალდებულებებს, ვალის დაბრუნება მოხდება ნოტარიუსის სააღსრულებლო ფურცელის საფუძველზე“.

9.6. დაზარალებულებმა - ლ. ქ-მ, ა. ც-მა, მ. ფ-მ, ნ. წ-მა, შ. ა-მ, ა. ს-მ, ა. ტ-მა, ე. ჯ-მ, თ. ა-მ, ა. გ-მა, მ. კ-მ, თ. შ-მ, ზ. ფ-მა, რ. კ-მა, ტ. კ-მ, გ. კ-მა (ბ-ი-ი-ის ეპიზოდები), ასევე თ. ღ-მა, ს. ა-მა, ნ. ლ-მ და ლ. ფ-მ (ნ. გ-ს ეპიზოდები) განაცხადეს, რომ მათ სანოტარო ბიუროში მისვლამდე იცოდნენ ს. ბ-საგან, ე. გ-საგან, ა. ს-საგან, რომ ფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება.

9.7. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის მხრიდან იმის მტკიცება, თითქოს სიმართლეს არ შესაბამება, რომ დაზარალებულებმა სანოტარო ბიუროში მისვლამდე უკვე იცოდნენ სესხის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, საფუძველსმოკლებულია და საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.

9.8. ბრალდების მხარე მსჯავრდებულებისა და თაღლითური ჯგუფის წევრებს შორის შეთანხმებას ასაბუთებს იმ ფაქტით, რომ დაზარალებულთა ნაწილმა სანოტარო ბიუროში მისვლამდე საერთოდ არ იცოდა, რომ სესხის ხელშეკრულება გაუფორმდებოდათ და მსჯავრდებულები დაზარალებულებს აჯერებდნენ, რომ „გირავნობის“ მაგივრად უნდა გაფორმებულიყო სესხის ხელშეკრულება.

9.9. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად არ უარყოფს, რომ სასამართლოში დაკითხულმა დაზარალებულებმა - ი. ბ-მ, დ. გ-მ, თ. ზ-მა, თ. უ-მა, მ. ქ-მა მ. ჩ-მა (ნ. გ-ის ეპიზოდები) ასევე, ც. გ-მა, ნ. გ-მ გ. ო-მა, ზ. მ-მა (ბ-ი-ი-ს ეპიზოდები) განაცხადეს, რომ სანოტარო ბიუროში მისვლის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ სესხის ხელშეკრულებას აფორმებდნენ. ბრალდების მხარის მტკიცებით, ეს განპირობებული იყო ნოტარიუსების მხრიდან დარწმუნებაში, რომ დღეის მდგომარეობით, სწორედ ასეთი სახის ხელშეკრულებები ფორმდებოდა. ბრალდების მხარის მოსაზრებით, მსჯავრდებულებმა დაზარალებულები დააჯერეს, რომ „გირავნობის“ ხელშკრულების ნაცვლად უნდა გაფორმებულიყო სესხის ხელშეკრულება. ამ ფაქტთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასმართლოს ამომწურავი ჩვენება მისცა მოწმემ ნ. ს-მ, რომელმაც განაცხადა, რომ მუშაობს ნოტარიუსის პოზიციაზე, 35 წელია.

9.10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე ნ. ს-ს ჩვენების, ასევე დაზარალებულების ჩვენებების გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც დასტურდება დაზარალებულთა უმეტესი ნაწილის მიერ სანოტარო ბიუროში მისვლამდე თაღლითური ჯგუფის წევრებისგან სესხის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ცოდნა, წაუკითხეს ან თავად წაიკითხეს, არ წაიკითხეს ან ერთი წლის შემდეგ წაიკითხეს ხელშეკრულების შინაარსი, იცოდნენ, რომ სესხი არ იყო უზრუნველყოფილი უძრავი ქონებით. ზოგიერთ შემთხვევაში ნოტარიუსთან მისვლამდე, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ხელშეკრულების დადების შემდეგ იცოდნენ, რომ ბინის მესაკუთრეები იყვნენ სხვა პირები და მიუხედავად ამისა, არაფერი შეცვალეს, რეალური მესაკუთრეები არ ყოფილან სანოტარო ბიუროში და მათთვის ან თაღლითური ჯგუფის წევრებისათვის არ მოუთხოვიათ ბინის საკუთრების დამადასტურებელი საბუთები, იცოდნენ ხელშეკრულების შინაარსი და რისკზე წავიდნენ - იმის მტკიცება, რომ ნოტარიუსებმა დააჯერეს დაზარალებულები სესხის და არა „გირავნობის“ ხელშეკრულების დადებაში და ამით დასტურდება მათსა და თაღლითური ჯგუფის წევრებს შორის შეთანხმების ფაქტი, არადამაჯერებელია. რა თქმა უნდა, შეიძლება არსებობდეს ეჭვი, რომ ნოტარიუსები და თანაშემწე თაღლითური ჯგუფის წევრების სასარგებლოდ მოქმედებდნენ, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ თაღლითური ჯგუფის წევრები მათთან ერთი და იმავე შინაარსის ათეულობით ხელშკრულებას აფორმებდნენ ( რაც „ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონით არ არის აკრძალული), მაგრამ ეს არის ვარაუდი და ეჭვის საფუძველი, რომელიც არ დადასტურდა სასამართლოში გამოკვლეული რომელიმე პირდაპირი მტკიცებულებით და არ ქმნის მყარ არგუმენტაციას, რომ სასამართლომ უტყუარად და ეჭვის გამომრიცხავად ამტკიცოს ნოტარიუსებსა და თაღლითური ჯგუფის წევრებს შორის შეთანხმების ფაქტი.

9.11. სახელმწიფო ბრალმდებელი იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ნოტარიუსებმა და ნოტარიუსის თანაშემწემ იცოდნენ თაღლითური ჯგუფის წევრების განზრახვა დაზარალებულების კუთვნილი თანხების დაუფლებასთან დაკავშირებით, აპელირებს ორგანიზებული ჯგუფის წევრ ე. მ-ს მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე, რომლის მიხედვითაც თაღლითური ჯგუფის წევრები ნოტარიუსებთან შეკრულები იყვნენ და თითოეული ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ მათ უხდიდნენ 400-500 აშშ დოლარს.

9.12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამ მსჯელობის გათვალისწინებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ რა ვითარებაში და რა სტატუსით მისცა ე. მ-მ სასამართლოს ჩვენება. სასამართლოში იგი დაიკითხა მოწმედ, თუმცა გამოყოფილ საქმეზე ბრალდებულის სტატუსი ჰქონდა და მის მიმართ სამართალწარმოება დამთავრებული არ იყო. შესაბამისად, გამოდის, რომ მას პოტენციურად დასაკარგი ჰქონდა თავისუფლება და ამიტომ მიიღო ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა და სასამართლოს ნოტარიუსების - თანაშემწის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

9.13. სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებით, ნოტარიუსებსა და თაღლითური ჯგუფის წევრებს შორის კავშირი დასტურდება ე. მ-სა და ა. ს-ს, ასევე ე. მ-სა და ს. ბ-ას შორის ფარული აუდიოჩანაწერით.

9.14. საკასაციო სასამართლო ამ საკითხთან მიმართებით სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ე. მ-ს ჩვენება, როგორც მტკიცებულება, ვერ აკმაყოფილებს სანდოობის მაღალ ხარისხს, ჩანაწერები კი, ქმნიან მხოლოდ ეჭვის საფუძველს, არასაკმარისია და ისინი გამამატყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება.

10. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ბრალდების დადგენილებაში ფორმულირებული ფაქტი იმის შესახებ, რომ ს. ბ-მ, ა. ს-მ, ნ. ქ-მა, ე. მ-მ, ც. გ-მა, ე. გ-მა და ი. მ-მ, განზრახვის აღსასრულებლად, დახმარების თხოვნით მიმართეს ნოტარიუსებს - ნ. გ-ს, ზ. ბ-ს და ნოტარიუსის თანაშემწე მ. ი-ს, რომლებიც მოქალაქეებს დაარწმუნებდნენ, რომ ბინის დაგირავებისას, სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების ნაცვლად, ფორმდებოდა სესხის ხელშეკრულებები და გაუფორმებდნენ სესხის ხელშეკრულებებს. შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაეუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს, ხოლო, ნოტარიუსი ნ. გ-ი, ასევე ზ. ბ-ი თანაშემწის მ. ი-ის მეშვეობით თითოეული ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ, მიიღებდა თანხას 400-500 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე არ დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა წინასწარ იცოდნენ თაღლითური ჯგუფის წევრების განზრახვა დაზარალებულების კუთვნილი თანხების დაუფლებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, უსაფუძვლოა ბრალდების მხარის მოთხოვნა ნ. გ-ს, ზ. ბ-სა და მ. ი-ს საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით.

11. უსაფუძვლოა ასევე დაცვის მხარეების არგუმენტაცია მსჯავრდებულების - ნ. გ-სა და ზ. ბ-ს უდანაშაულობასთან მიმართებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მსჯავრდებულების - ნ. გ-სა და ზ. ბ-ს მიერ სამსახურებრივი გულგრილობის შესახებ, მართებულია და შეესაბამება მათ მიერ ჩადენილ ქმედებათა სამართლებრივ კვალიფიკაციას, კერძოდ:

12. 1-ლი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულები - ნ. გ-ი და ზ. ბ-ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სააპელაციო სასამართლოს განაჩენით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლითა და სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები სამოხელეო დანაშაულთა თავშია მოცემული, შესაბამისად, მათ აერთიანებს სისხლისსამართლებრივი ხელყოფისაგან დაცვის ობიექტი - ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლება, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი. საგულისხმოა, რომ ხსენებულ დანაშაულთა კიდევ ერთი საერთო მახასიათებელია დანაშაულის სპეციალური სუბიექტი - მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი. ამასთან, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამსახურებრივ გულგრილობას შორის არსებითი განმასხვავებელი ნიშნები მათ ობიექტურ და სუბიექტურ შემადგებლობაში ვლინდება, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით ისჯება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისა ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით კი ისჯება სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. როგორც აღინიშნა, ორივე შემთხვევაში სახეზეა შედეგიანი დანაშაული, რომელიც ხელყოფს სახელმწიფო ინტერესს. ამდენად, ხსენებულ დანაშაულთა გამიჯვნისათვის უნდა შემოწმდეს ქმედების ობიექტური და სუბიექტური მხარე. საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი მოქმედებს განზრახ და თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას იყენებს ბოროტად - პირადი ან კერძო პირებისათვის გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურში საქმიანობის ინტერესებს. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისას დამნაშავე აცნობიერებს ქმედების მართლწინააღმდეგობას (რომ მოქმედებს საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ) და ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის (სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის) დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი ან ითვალისწინებს ამ შედეგის დადგომის გარდუვალობას. განსხვავებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისაგან, სამსახურებრივი გულგრილობის სუბიექტური მხარე ვლინდება გაუფრთხილებლობის ფორმით, რა დროსაც დანაშაულის სუბიექტს, როგორც მოხელეს (მასთან გათანაბრებულ პირს) ევალება იმოქმედოს საჯარო ინტერესების დაცვითა და უფლებამოსილების შესაბამისად, თუმცა არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, მართალია, აცნობიერებს მოვალეობის დარღვევის ფაქტს, თუმცა არ ითვალისწინებს შესაძლო შედეგის დადგომის - სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევის შესაძლებლობას. ამასთან, მოხელის შესაძლებლობა - დაიცვას დაკისრებული ვალდებულება და განჭვრიტოს მოვალეობის შეუსრულებლობის (არაჯეროვანი შესრულების) მოსალოდნელი შედეგი, აფუძნებს პასუხისმგებლობის სუბიექტურ მხარეს დაუდევრობის სახით.

13. მსჯავრდებულებმა - ნ. გ-მა და ზ. ბ-მა განაცხადეს, რომ მათ დაკისრებული მოვალეობა შეასრულეს პირნათლად, რადგან მათ ევალებოდა მხარეთა ვინაობის დადგენა, მათი ნების გამოვლენის დადგენა, რაც განახორციელეს. დაზარალებულები გაეცნენ სესხის ხელშეკრულებებს, დაეთანხმნენ და მოაწერეს ხელი. თავის მხრივ, ყველა მათგანს განუმარტეს მათი შინაარსი. მათივე თქმით, დაზარალებულებს მათთან გირავნობის თაობაზე არ უსაუბრიათ.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულების უმრავლესობამ იცოდა ნოტარიუსთან მისვლამდე სესხის ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო, ეს ფაქტი მაინც ვერ გამორიცხავს იმას, რომ ისინი ხელშეკრულების გაფორმების დროს დაინტერესებული არ იყვნენ სესხის უძრავი ნივთის უზრუნველყოფით და ამაზე მოწმობს ზოგიერთი ხელშეკრულების უკან ხელწერილების არსებობა, რომლის მიხედვითაც, თაღლითური ჯგუფის წევრები უზრუნველყოფდნენ ბინაში მათ ცხოვრებას და ვალდებულების შესრულებას. დაზარალებულები ნოტარიუსთან სვამდნენ შეკითხვებს, თუ რამდენად გარანტირებული იქნებოდნენ ამ სახის ხელშეკრულებით, ხოლო ის დაზარალებულები, რომლებმაც სანოტარო ბიუროში მისვლისას გაიგეს, რომ სესხის ხელშეკრულება უნდა დადებულიყო, აფიქსირებდნენ პროტესტს, ხელშეკრულებაში რატომ არ იყო მითითებული ბინის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, დაცვის მხარის განმარტება, რომ ვინაიდან ნოტარიუსებთან სესხის ხელშეკრულებები შეჰქონდათ, რასაც უმარტავდნენ და დაზარალებულებიც თანხმობას აცხადებდნენ, არამართებულია და ვერ იქნება გაზიარებული. იმ შემთხვევაში, როდესაც დაზარალებულები აფიქსირებდნენ თავიანთ ინტერესს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ნოტარიუსები ვალდებული იყვნენ აეხსნათ მათთვის, თუ რა განსხვავება იყო სესხის, იპოთეკის, ბინათსარგებლობის ხელშეკრულებებს შორის და ის, რომ ბინათსარგებლობის ხელშეკრულებების გასაფორმებლად საჭირო იყო ბინის მესაკუთრის მონაწილეობა და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამის საპირისპიროდ, ნოტარიუსები გულგრილად მოეკიდნენ თავიანთი ვალდებულებების შესრულებას და არაჯეროვნად შეასრულეს ის, რამაც დაზარალებულების კანონიერი ინტერესების დარღვევა გამოიწვია.

15. ნოტარიუსების მიერ საკითხისადმი ასეთი ზედაპირული მიდგომით აშკარად დაირღვა ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების შესრულებისას სანოტარო მოქმედების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები განუმარტოს იმ პირებს, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედების შესრულებას. ამდენად, მათ ქმედებაში ვლინდება მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No.2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - ლაშა გამყრელიძის, მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. კ-ს, მსჯავრდებულ ნ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ტ. კ-ს, ნ. თ-სა ზადა თ. ჯ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 2 მარტის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ნემსაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

გ. მაკარიძე