ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა

სისხლის სამართლის 06.08.2026
საქმის ნომერი
2კ-45-I-26
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
06.08.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141224010146793

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №45I-26 თბილისი

შ-ძე კ, №45I-26 6 აგვისტო, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ს-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 სექტემბრის განაჩენით (უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 იანვრის განაჩენი):

კ. შ-ძე, დაბადებული ... წლის ... მარტს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 1-ელ აპრილამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, კ. შ-ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა – 3 წლით.

მსჯავრდებულ კ. შ-ს სასჯელის ვადა აეთვალა განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავებიდან – 2022 წლის 27 იანვრიდან.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 19 აპრილის განჩინებით, დაცვის მხარის საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 სექტემბრის განაჩენზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით:

მსჯავრდებულ კ. შ-ის მიმართ არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, ამ კანონის დათქმებიდან გამომდინარე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. საჩივრის ავტორი, მსჯავრდებულ კ. შ-ის ადვოკატი – ლ. ს-ი, ითხოვს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი შეღავათის გავრცელებას კ. შ-ის მიმართ.

5. საჩივრის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ბრალდების მხარის მიერ ცნობილია მ. ჩ-ი. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ორპირობიანია; პირველი პირობა უკავშირდება ნასამართლობის არქონას, ხოლო მეორე დაზარალებულმა/უფლებამონაცვლემ უნდა განაცხადოს თანხმობა ქმედების ჩამდენ პირზე ამნისტიის გავრცელების თაობაზე. კ. შ-ძე დანაშაულის ჩადენის დროს არ იყო ნასამართლობის მქონე და ამასთანავე, დაზარალებულის უფლებამონაცვლემ 2026 წლის 4 ივლისს სანოტარო რეგისტრაციის გზით, თანხმობა განაცხადა კ. შ-ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების თაობაზე. ამდენად, კანონით დადგენილი ორივე წინაპირობა დაცულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, მათ შორის – 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია; ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება (ესე იგი სასჯელის კონკრეტული ოდენობით შემცირება) არ ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, და რომელზედაც დაზარალებულის თანხმობის არარსებობის გამო, არ გავრცელდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

3. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 სექტემბრის განაჩენით, რომლითაც უცვლელად არის დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 იანვრის განაჩენი, კ. შ-ძე დამნაშავედ არის ცნობილი საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2019 წლის 1-ელ აპრილამდე მოქმედი რედაქციით). განაჩენის თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. შ-მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

4. როგორც აღინიშნა, ადვოკატი ითხოვს, რომ კ. შ-ის მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეღავათი.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, მათ შორის, ადვოკატის მიერ ხსენებული, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილს არ მოიცავს.

6. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, პალატა ყურადღებას ამახვილებს უშუალოდ 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის დისპოზიციაზე, კერძოდ, დღევანდელი რედაქციით, იგი ითვალისწინებს – ,,ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია,“ რომელიც ისჯება – თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

7. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილს (2019 წლის 1-ელ აპრილამდე მოქმედი რედაქცია, რომლითაც კ. შ-ძე არის გასამართლებული), აგრეთვე მოიცავს – ,,ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“ და ანალოგიურად, ისჯება – თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით – სამ წლამდე.

8. როგორც აღინიშნა, კ. შ-მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება დღევანდელი რეგულაციით ექცევა სწორედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილში.

9. მაშასადამე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეღავათი უშუალოდ ნუმერაციულად არ მოიცავს მე-5 ნაწილს (სსკ-ის 276-ე მუხლის), თუმცა, ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე ვრცელდება ამნისტია, რომლის დისპოზიცია აბსოლუტურად იდენტურია 2019 წლის 1-ელ აპრილამდე მოქმედი – სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის რედაქციისა.

10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხსენებული დისპოზიციის ახალი რედაქციით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც კ. შ-ს მსჯავრი დაედო, არც დამძიმებულა და არც შემსუბუქებულა, არამედ არის აბსოლუტურად იდენტური როგორც დისპოზიცია, ისე – სანქცია (შეიცვალა მხოლოდ ნაწილის ადგილი იმავე მუხლში). ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ კ. შ-ს 5 წლით თავისუფლების აღკვეთის ვადის ათვლა დაეწყო 2022 წლის 27 იანვრიდან და შესაბამისად, იგი ეწურება რამდენიმე თვეში. მოცემულ ვითარებაში, ნორმათა შესაბამისობაში მოსაყვანად, მისთვის დამატებით მითითება, სასამართლოს არამართლზომიერად მიაჩნია, მით უმეტეს, რომ ახალ კანონს არ გაუუქმებია ან შეუმსუბუქებია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა (საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად).

11. მოცემული საქმის პირობებში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, რომელსაც ეფუძნება ხსენებული ამნისტიის კანონი, იგი უნდა გავრცელდეს კ. შ-ც უშუალოდ ჩადენილი ქმედების დისპოზიციიდან გამომდინარე, იმ პირობებში რომ იგი აბსოლუტურად იდენტურია ამავე კანონით განსაზღვრულ სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შინაარსისა.

12. მაშასადამე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2019 წლის 1-ელ აპრილამდე მოქმედი – სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის რედაქცია, შეესაბამება დღეს მოქმედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილს და შესაბამისად, მოცემულ ვითარებაში, საკასაციო პალატა შეაფასებს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის წინაპირობათა მოცემულ საქმეში არსებობას (ნასამართლობის არქონისა და დაზარალებულის თანხმობის ფაქტს).

13. როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 სექტემბრის განჩენით დგინდება, კ. შ-ძე დანაშაულის ჩადენის დროს არ იყო ნასამართლევი.

14. ამასთან, საქმის მასალების მიხედვით (დადგენილება დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ 04/11/2019), მ. ჩ-ი (პ/ნ ...) ცნობილია დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. კ. შ-ის ადვოკატმა სასამართლოს წარუდგინა 2026 წლის 4 ივლისს შედგენილი თანხმობა (ხელმოწერა ნოტარიულად არის დამოწმებული), რომლის თანახმადაც, მ. ჩ-ი (პ/ნ ...) თანახმაა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ კ. შ-ის მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეღავათები. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემული თანხმობა არ არსებობდა, განსახილველი – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინების მიღების დროს, რის გამოც კ. შ-ს უარი ეთქვა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების თაობაზე.

15. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კ. შ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 1-ელ აპრილამდე მოქმედი რედაქციით) დანიშნული თავისუფლების აღკვეთა – 5 წლით, თანახმად – ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა, უნდა განახევრდეს და მოსახდელად დარჩეს – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ვინაიდან, იგი სასჯელს იხდის 2022 წლის 27 იანვრიდან, დარჩენილი სასჯელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

17. როგორც აღინიშნა, კ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა – 3 წლით. შესაბამისად, აღნიშნული სასჯელი აგრეთვე უნდა განახევრდეს და მოსახდელად დარჩეს – 1 წლითა და 6 თვით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

18. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ,,ძირითად სასჯელად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას დამატებით სასჯელად დანიშნული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადა გამოიანგარიშება ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან და ვრცელდება ძირითადი სასჯელის მოხდის მთელ ვადაზე.“ შესაბამისად, ხსენებული ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების შემდგომ, საბოლოოდ განსაზღვრული – 1 წლითა და 6 თვით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა – გამოანგარშებული უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთის მოხდის მომენტიდან.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ კ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ს-ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ კ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ს-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება გაუქმდეს:

1.1. კ. შ-ის (პ/ნ: ...) მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 სექტემბრის განაჩენით (რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 იანვრის განაჩენი) 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 1-ელ აპრილამდე მოქმედი რედაქციით) დანიშნული თავისუფლების აღკვეთა – 5 წლითა და დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა – 3 წლით, განახევრდეს საქართველოს ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 2 წლითა და 6 თვით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა – 1 წლითა და 6 თვით.

2. კ. შ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავებიდან 2022 წლის 27 იანვრიდან; დანიშნული თავისუფლების აღკვეთა - 2 წლითა და 6 თვით, დღეის მდგომარეობით არის მოხდილი, რის გამოც, იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;

3. დამატებითი სასჯელის სახედ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა – 1 წლითა და 6 თვით აეთვალოს ძირითადი სასჯელის/თავისუფლების აღკვეთის მოხდის მომენტიდან;

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 სექტემბრის განაჩენი (რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 იანვრის განაჩენი) სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე