დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1399-2022 27 ივნისი, 2023 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.გ.ც–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს ,,თ.გ.ც–ის“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა თანხის დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილების საფუძველზე, პაციენტებს - ბ.ბ–ძეს, თ.მ–სა და მ.ბ–ს გაუწიეს სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული საგარანტიო წერილების თანახმად, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია იღებდა ვალდებულებას, რომ სრულად დაფარავდა პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებას, საგარანტიო წერილში მოცემული თანხის ფარგლებში, შესრულებული სამუშაოს წარდგენის შემდეგ. წარმოდგენილი საგარანტიო წერილების საფუძველზე სამედიცინო მომსახურება გაუწიეს ზემოაღნიშნულ პაციენტებს. შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა აენაზღაურებინა გაწეული მომსახურების ღირებულება - პაციენტ ბ.ბ–ძის შემთხვევაში - 2000 ლარი, პაციენტ თ.მ–ის შემთხვევაში - 1600 ლარი, პაციენტ მ.ბ–ის შემთხვევაში - 1000 ლარი. საჩხერის მუნიციპალიტეტს წესისამებრ წარუდგინეს აღნიშნული პაციენტების სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტაცია (ანგარიშ–ფაქტურა შესაბამისი დანართით/ხარჯთაღრიცხვა და ფოსტის უკუგზავნილი), თუმცა უშედეგოდ.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ „საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 11 იანვრის N56 დადგენილების საფუძველზე, განისაზღვრა, რომ პაციენტებს - ბ.ბ–ძეს, თ.მ–სა და მ.ბ–ს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია აუნაზღაურებდა სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, საგარანტიო წერილით გათვალისწინებული თანხის და ვადის შესაბამისად, რომელიც შეადგენდა 45 კალენდარულ დღეს, საგარანტიო წერილის გაცემიდან. შპს „თ.გ.ც–ს“ სამივე პაციენტთან მიმართებით უნდა მიემართა საგარანტიო წერილით გათვალისწინებულ ვადაში, რაც მის მიერ დარღვეული იქნა. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულიც იყო, რადგან მომსახურების გაწევიდან 45 კალენდარული დღის ვადაში მოსარჩელემ არ მიმართა მათ თანხის ანაზღაურების მოთხოვნით.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,თ.გ.ც–ის" სარჩელი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ დაკმაყოფილდა: საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „თ.გ.ც–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 4600 ლარის გადახდა;
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა: უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. სასამართლომ არ გაითვალისწინა მუნიციპალიტეტის მერიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მუნიციპალიტეტი ვალდებულებას იღებდა სამედიცინო მომსახურების საფასური გადაეხადა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულება მის მიერ შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით დოკუმენტაციას მუნიციპალიტეტს წარუდგენდა 45 კალენდარული დღის ვადაში, საგარანტიო წერილის გაცემიდან. მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საგარანტიო
წერილი, გაცემის მომენტში არ წარმოადგენდა მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, ის იყო ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი). მუნიციპალიტეტმა სამედიცინო დაწესებულებას შესთავაზა წინადადება, რომ გადაიხდიდა პაციენტებისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურების საფასურის ნაწილს, მხოლოდ განსაზღვრულ ვადაში.
6.2. მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილი გაცემის მომენტში რომ არ წარმოადგენს ხელშეკრულებას, ამ გარემოებას ადასტურებს ასევე ის ფაქტიც, რომ შესაძლებელია მოქალაქემ გადაიფიქროს სამედიცინო მომსახურების მიღება ან დადგეს სხვა ისეთი გარემოება, რის გამოც არ დადგეს საგარანტიო წერილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი. სასამართლოს შეფასებიდან გამომდინარე, საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უნდა აღიაროს და ასახოს ისეთი ვალდებულებები, რომელიც შეიძლება არც კი არსებობდეს. მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, თუკი სამედიცინო დაწესებულება სამედიცინო მომსახურებას ვერ ახორციელებს საგარანტიო წერილით გათვალისწინებული პირობით, მოქალაქის განცხადების საფუძველზე მუნიციპალიტეტი ახდენს საგარანტიო წერილის ვადის გაზრდას და ასრულებს აღებულ ვალდებულებას.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
9.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები.
10.1. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის 26.02.2020წ. N233 საგარანტიო წერილის თანახმად, მერიამ შპს ,,თ.გ.ც–ის“ მიერ გაცემული დოკუმენტაციის (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N4-100ა და ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) N139 24.02.2020) საფუძველზე, იკისრა ვალდებულება, რომ პაციენტ თ.მ–ს, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის N56 დადგენილების მე-4 მუხლის - ავადმყოფთა სოციალური დაცვის პროგრამის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, აუნაზღაურებდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსების გამოკლების შემდეგ დარჩენილ, პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის ნაწილს - 1600 ლარის ოდენობით. ანგარიშსწორება მოხდებოდა სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, არაუმეტეს 45 დღის ვადაში საგარანტიო წერილის გაცემიდან (იხ. ს.ფ. 32).
10.2. 27.02.2020წ. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N1099 ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა N4-100ა) თანახმად, 21.02.2020 წლიდან 27.02.2020 წლამდე პერიოდში, შპს ,,თ.გ.ც–მა“ პაციენტ თ.მ–ს გაუწია სამედიცინო მომსახურება (იხ. ს.ფ. 26-31).
10.3. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის 07.05.2020წ. N351 საგარანტიო წერილის თანახმად, მერიამ შპს ,,თ.გ.ც–ის“ მიერ გაცემული დოკუმენტაციის (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N4-100ა და ინვოისი N284 01.05.2020) საფუძველზე, იკისრა ვალდებულება, რომ პაციენტ ბ.ბ–ძეს, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის N56 დადგენილების მე-4 მუხლის ავადმყოფთა სოციალური დაცვის პროგრამის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, აუნაზღაურებდა პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის ნაწილს - 2000 ლარის ოდენობით. ანგარიშსწორება მოხდებოდა სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, არაუმეტეს 45 დღის ვადაში საგარანტიო წერილის გაცემიდან (იხ. ს. ფ. 25).
10.4. 08.05.2020წ. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N1977 ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა N4-100ა) თანახმად, 30.04.2020 წლიდან 08.05.2020 წლამდე პერიოდში, შპს ,,თ.გ.ც–მა“ პაციენტ ბ.ბ–ძეს გაუწია სამედიცინო მომსახურება (იხ. ს. ფ. 17-24).
10.5. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის 08.05.2020წ. N343 საგარანტიო წერილის თანახმად, მერიამ შპს ,,თ.გ.ც–ის“ მიერ გაცემული დოკუმენტაციის (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N4-100ა და ინვოისი NTBHC-161 06.05.2020) საფუძველზე, იკისრა ვალდებულება, რომ პაციენტ მ.ბ–ს, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის N56 დადგენილების მე-4 მუხლის, ავადმყოფთა სოციალური დაცვის პროგრამის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, აუნაზღაურებდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსების გამოკლების შემდეგ დარჩენილ, პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის ნაწილს - 1000 ლარის ოდენობით. ანგარიშსწორება მოხდებოდა სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, არაუმეტეს 45 დღის ვადაში საგარანტიო წერილის გაცემიდან (იხ. ს. ფ. 40).
10.6. 28.05.2020წ. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N2327 ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა N4-100ა) თანახმად, 18.05.2020 წლიდან 28.05.2020 წლამდე პერიოდში, შპს ,,თ.გ.ც–მა“ პაციენტ მ.ბ–ს გაუწია სამედიცინო მომსახურება (იხ. ს. ფ. 33-38).
10.7. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ პაციენტებს - თ.მ–ს, ბ.ბ–ძეს და მ.ბ–ს, საგარანტიო ვადის მოქმედების პერიოდში, შპს ,,თ.გ.ც–მა“ გაუწია შესაბამისი და სათანადო სამედიცინო მომსახურება, რის შედეგადაც შპს ,,თ.გ.ც–ს“ წარმოეშვა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემულ საგარანტიო წერილებში მითითებული თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. თუმცა, შპს ,,თ.გ.ც–მა“, სამივე პაციენტის შემთხვევაში, საგარანტიო წერილებში მითითებული ვადის (საგარანტიო წერილის გაცემიდან არაუმეტეს 45 დღე) დარღვევით - 04.11.2020წ. მიმართა მერიას (შესაბამისი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N4-100ა და ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისის) დართვით) თანხის ანაზღაურების მოთხოვნით. საგარანტიო წერილით განსაზღვრული ვადის დარღვევით მოთხოვნის წარდგენის გამო, შპს ,,თ.გ.ც–ს“ უარი ეთქვა საგარანტიო წერილებში მითითებული თანხის ანაზღაურებაზე. (იხ. ს/ფ 60-103).
10.8. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის საგანს წარმოადგენს, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემულ საგარანტიო წერილებში ასახული ვალდებულების შესრულება - შპს ,,თ.გ.ც–ის“ მიერ პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება, საერთო ჯამში 4600 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,თ.გ.ც–სა“ და პაციენტებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან, ხოლო მოდავე მხარეთა შორის დავა გამომდინარეობს ვალის გადაკისრების სამართლებრივი ურთიერთობიდან.
11. ამრიგად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს საზღაურის გადახდის სანაცვლოდ სამედიცინო მომსახურების გაწევა მესამე პირებისათვის. ხსენებული შინაარსის მომსახურება კი წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით განსაზღვრულ ნარდობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, „ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“. საგულისხმოა, რომ წინამდებარე საქმეში ურთიერთდაპირისპირებულ მხარეებს არ წარმოადგენენ მზღვეველი და დაზღვეული, საქმე არ უკავშირდება სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგად დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების საკითხს, არამედ სადავოა სადაზღვევო კომპანიის დაზღვეულთათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა, შესაბამისად, დავის გადასაწყვეტად რელევანტურია ნარდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები (იხ. სუსგ. საქმე №ას-1206-1166-2016, 24.02.2017წ). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.
12. იმისდა მიხედვით, თავისუფლდება თუ არა თავდაპირველი მოვალე ვალის გადაკისრების ხელშეკრულების შედეგად კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებისაგან, განასხვავებენ ვალის გადაკისრების ორ სახეს: 1) პრივატული ვალის გადაკისრება და 2) კუმულაციური ვალის გადაკისრება. პრივატული ვალის გადაკისრების დროს, თავდაპირველი მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებისაგან და მის ადგილს იკავებს ახალი მოვალე (სსკ-ის 203-ე მუხლი). რაც შეეხება კუმულაციური ვალის გადაკისრებას, ასეთ დროს თავდაპირველი მოვალე არ თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებისაგან, ხოლო მესამე პირი კი, კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებულ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში შემოდის მოვალის სახით (ე.წ. „ვალის დელეგირება“). (იხ. დამატებით: ზ. ჭეჭელაშვილი, მოთხოვნის დათმობა და ვალის გადაკისრება, თბილისი, 2004, გვ.115). აღნიშნული ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგია ის, რომ მესამე პირი იკავებს მოვალის ადგილს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველი მოვალის მიმართ ვალდებულება წყდება და, შესაბამისად, კრედიტორს თავდაპირველი მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია. შესაბამისად, მესამე პირსა და კრედიტორს შორის ურთიერთობის ვალის გადაკისრებად კვალიფიკაციის მიზნებისათვის, აუცილებელია, ცალსახად და არაორაზროვნად დადგინდეს კრედიტორის ნება მასზე, რომ მესამე პირმა მოვალის ადგილი დაიკავოს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 თებერვლის საქმე Nას-499-2020 განჩინება).
13. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ, მის მიერ გაცემული ე.წ. საგარანტიო წერილების საფუძველზე, იკისრა ვალდებულება შპს ,,თ.გ.ც–ის“ მიერ პაციენტების სამედიცინო მომსახურების ღირებულების ნაწილის ანაზღაურებაზე, რაც თავისი არსით წარმოადგენდა ნებას პაციენტების ვალის გადაკისრებაზე, რაც თავის მხრივ მიიღო კრეტიდორმა - შპს ,,თ.გ.ც–მა.“ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ გასცა საგარანტიო წერილები, რომლის თანახმადაც იკისრა ვალდებულება შპს ,,თ.გ.ც–ის“ მიერ, პაციენტების - თ.მ–ის, ბ.ბ–ძის და მ.ბ–ის სასარგებლოდ გაწეული სამედიცინო მომსახურეობისათვის გადასახდელი თანხის ნაწილის - 1600 ლარის, 2000 ლარის, 1000 ლარის, ჯამში 4600 ლარის ანაზღაურებაზე, რაც მიიღო კრედიტორმა სამედიცინო დაწესებულებამ და თანხმობაც განაცხადა შეთავაზებულ პირობებზე.
განსახილველ შემთვევაში, ადგილი აქვს სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილიდან წარმოშობილი ფულადი ვალდებულების 203-ე მუხლის საფუძველზე (მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. თავდაპირველ მოვალეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს მოთხოვნის მფლობელისა და მესამე პირის ამ შეთანხმებას და თვითონ გადაიხადოს ვალი), მოპასუხეზე გადაკისრებას, რომლის დროსაც ვალი გადაეკისრება კრედიტორსა და მესამე პირს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, სადაც ცალსახაა მესამე პირის მიერ ვალდებულების საკუთარ თავზე აღების თაობაზე კრედიტორის ნება და ასეთი ვალდებულების შესრულების შესახებ მესამე პირის თანხმობაც. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სადავო საკითხი ექცევა სსკ-ის 203-ე მუხლის მოწესრიგების ფარგლებში, რომლის შესაბამისადაც საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ, პაციენტებსა და შპს ,,თ.გ.ც–ს“ შორის არსებულ ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობებში, ზემოაღნიშნული თანხის ნაწილში დაიკავა თავდაპირველი მოვალეების/პაციენტების - თ.მ–ის, ბ.ბ–ძის და მ.ბ–ის ადგილი.
14. მხარეთა შრორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ შპს ,,თ.გ.ც–მა“ პაციენტებს - თ.მ–ს, ბ.ბ–ძეს და მ.ბ–ს, სწორედ საგარანტიო ვადის მოქმედების პერიოდში გაუწია შესაბამისი და სათანადო სამედიცინო მომსახურება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწიათ სწორედ მერიის მიერ განსაზღვრული ე. წ. საგარანტიო ვადის მოქმედების პერიოდში, მხოლოდ ის გარემოება, რომ სამედიცინო დაწესებულებამ სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტები (ხარჯთაღრიცხვა) მერიას წარუდგინა ვადის დარღვევით, ვერ გახდება ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, შეთანხმებული საზღაურის ნაწილისა და შესაბამისად, გადაკისრებული ვალის გადახდაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, კასატორმა ვერ დაძლია იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურების მტკიცების ტვირთი, თუ რატომ არ არსებობდა მისთვის სამედიცინო მომსახურების ღირებულების დაკისრების ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, შემკვეთი ვალდებულია, მომსახურების ღირებულება აანაზღაუროს სრულად.
15. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
16. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-1407-2019, 6 დეკემბერი, 2019 წელი; №ას-719-672-2017, 19 ივლისი, 2017 წელი).
17. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი