გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.12.2025
საქმის ნომერი
ას-1069-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

11 დეკემბერი, 2025 წელი,საქმე №ას-1069-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ნ.ვ.დ–ვა’’ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უსწორობის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2020 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი, დამზღვევი, სამინისტრო) და სს ,,ნ.ვ.დ–ვას’’ (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მზღვეველი, სადაზღვევო კომპანია) შორის დაზღვევის ხელშეკრულება (შემდეგში - დაზღვევის ხელშეკრულება, სადავო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც მოპასუხე სადაზღვევო კომპანიას მოსარჩელის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურება უნდა განეხორციელებინა.

2. სადაზღვევო მომსახურების გაწევის ვადა და დაზღვევის პერიოდი 2020 წლის 29 დეკემბრის 24:00 საათიდან (მაგრამ არაუადრეს 2021 წლის 1 იანვრის 00:00 საათისა) არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრის 24:00 საათამდე განისაზღვრა, ხოლო, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა - 174 848.73 ლარს.

3. დაზღვევის ხელშეკრულების №1 დანართის, ,,დაზღვევის პირობების’’ II ნაწილის მე-2 პუნქტის №10 ქვეპუნქტის თანახმად, ავტომობილის ან მისი ნაწილების შეკეთება/აღდგენის ვადად განისაზღვრა, ზარალის რეგულირების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარულ დღემდე პერიოდი, დეფიციტური ნაწილების შემთხვევაში კი - არაუგვიანეს 45 კალენდარული დღე.

4. სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტს ხელი მოეწერა 2020 წლის 10 აგვისტოს. ხელშეკრულების მე-11 პუნქტის 11.4 ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისთვის მზღვეველს ეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით.

5. 2021 წლის 28 ივლისს მომხდარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზღვევის ობიექტის შეკეთება/აღდგენა მოპასუხემ (მზღვეველი) 125 დღის დაგვიანებით დაასრულა.

6. 12 500 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 1 250 ლარის გადახდა დაეკისრა.

8. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

- სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა საქმის კონკრეტული გარემოებები, შესრულების ღირებულება, პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა, დარღვევის გათვალისწინებით ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო მოსარჩელისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით, მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, არაგონივრულად მაღალი იყო და სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების სტანდარტს ეწინააღმდეგებოდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებით და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლომ 10-ჯერ მართებულად შეამცირა, რაც ჯამურად 1 250 ლარს შეადგენდა.

- საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები გამოიყენა.

10. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოსარჩელემ შემდეგი დასაბუთებით შემოიტანა:

10.1. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხემ ვალდებულება დაგვიანებით შეასრულა, თუმცა დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად არასწორად მიიჩნია. ხელშეკრულების მიხედვით, ვადის გადაცილებისთვის მოპასუხეს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 100 ლარის ოდენობით ეკისრება.

10.2. მზღვეველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობამ/შეუკეთებლობამ კასატორს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. შესაბამისად ცალსახაა, რომ მოწინააღმდეგე მხარისთვის დარიცხული პირგასამტეხლო, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია. პირგასამტეხლო, ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებაა, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა ვალდებულების დარღვევასთან არის დაკავშირებული. პირგასამტეხლო მხარეს იმ დროიდან ეკისრება, როდესაც დარღვეული ვალდებულება უნდა ყოფილიყო შესრულებული - ამ ვალდებულების სრულად შესრულებამდე. ვინაიდან სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულებით განსაზღრული სამუშაოს შესრულების ვადები მოპასუხემ დაარღვია, ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლო მოპასუხისთვის სრულად უნდა დაეკისრებინა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 23 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ამავე სასამართლოს 2025 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო პალატამ მითითებული საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:

12.1. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

12.2. გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;

12.3. დამზღვევის სასარგებლოდ მზღვეველს 6 250 ლარის გადახდა დაეკისრა;

12.4. მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 312,5 ლარის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში უნდა გასწორდეს დაშვებული უსწორობა, კერძოდ:

13. დასახელებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 312.5 ლარის გადახდა, მაშინ, როდესაც, კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 2025 წლის 16 მაისს #46577 საგადახდო მოთხოვნის საფუძველზე; სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელის მიერ პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებშიცაა გადახდილი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კასატორის სასარგებლოდ მოწინააღმდეგე მხარეს მთლიანობაში 6250 ლარის ანაზღაურება დაეკისრა და შესაბამისად, მოპასუხეს კასატორის სასარგებლოდ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სათანადო პროპორციის ნაწილი უნდა დაეკისროს.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

15. საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი მოცემულ შემთხვევაში ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტოს.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული ზემომითითებული უსწორობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე №ას-1069-2025) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში დაშვებული უსწორობა, კერძოდ:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „სს ,,ნ.ვ.დ–ვას’’ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 693,75 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად“.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა