დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 04.05.2026
საქმის ნომერი
ას-383-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-383-2026 04 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კასატორი – სს „ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ჯ–ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ბ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ზ.ჯ–იას (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ №........საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 27 442.39 ლარის დაკისრება, საიდანაც - 21681.31 ლარი ძირი თანხაა, 3747.16 ლარი - საპროცენტო სარგებელია, 2013.92 ლარი - პირგასამტეხლო; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა დავალიანების დასაფარად, 2020 წლის 20 თებერვლის №........ იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების - ს.კ. .......... სარეალიზაციოდ მიქცევა. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად სრულად არ დაკმაყოფილდება ბანკის მოთხოვნა, გადახდევინების მიქცევა მოპასუხის სხვა ქონებაზე.

2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ზ.ჯ–იას სს „ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა №665......... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 21 681.31 ლარის, პროცენტის - 3747.16 ლარის და პირგასამტეხლოს 201.39 ლარის გადახდა; დავალიანების დასაფარად იძულებით სარეალიზაციოდ მიექცა 2020 წლის 20 თებერვლის №........ იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ფერდობი ...........; ს/კ ........

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. სს „ვ.ბ.ჯ–სა“ და მოპასუხეს შორის, 2020 წლის 20 თებერვალს, გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურებაზე, რომლითაც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 2 000 000 ლარის ეკვივალენტით ნებისმიერ ვალუტაში. კრედიტის მოქმედების ვადა შეადგენდა 360 თვეს.

4.2. 2020 წლის 15 დეკემბერს, გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა №........საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე კრედიტის სახით გაიცა 21 686 ლარი 5 312 დღის ვადით. კრედიტის საბოლოო დაფარვის თარიღად განისაზღვრა 2035 წლის 2 ივლისი. კრედიტზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 16%-ს. საკრედიტო ხელშეკრულების 2.4.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული იქნა, რომ მსესხებლის მიერ კრედიტის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევაში, კრედიტს დაერიცხებოდა ჯარიმა ერთჯერადად 20 ლარი, ხოლო, დამატებით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 1%. ამასთან, ვადაგადაცილების პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა, საერთო ჯამში, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-ს ყოველდღიურად. საკრედიტო ხელშეკრულების 2.2.9 პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის (საჯარო ინდექსის) გაზრდიდან მომდევნო საბანკო დღეს ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად გაზარდოს საპროცენტო სარგებელი. აღნიშნული ცვლილება ავტომატურად აისახება გადახდის გრაფიკში და მსესხებელი ვალდებულია გადახდები განახორციელოს შეცვლილი გრაფიკის შესაბამისად. თავის მხრივ, გრაფიკის ცვლილების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება მსესხებლის თანხმობა.

4.3. საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილია 2020 წლის 20 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულებით №........, რომლითაც სს „ვ.ბ.ჯ–ს“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ფერდობი შალვა ნუცუბიძე, მიკრო/რაიონი II, კორპუსი 1, შენობა N1; ს/კ. ............

4.4. გენერალური ხელშეკრულების 5.4 პუნქტისა და იპოთეკის ხელშეკრულების 4.8 პუნქტის შესაბამისად, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება ბანკის მოთხოვნის დასაფარავად ან/და იპოთეკით დატვირთული ქონების ღირებულება მთლიანად არ დაფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, ბანკის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად არ ითვლება და ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნა დაიკმაყოფილოს მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების ხარჯზე.

4.5. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები. პირველი ვადაგადაცილების თარიღია 02.08.2021 წელი, ხოლო მეორე ვადაგადაცილების თარიღია - 01.09.2021 წელი.

4.6. მოპასუხემ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ, კერძოდ, მან გადაიხადა 490 ლარი, საიდანაც 4.69 ლარით დაიფარა სესხის ძირი თანხა, 343.22 ლარით - საპროცენტო სარგებელი, 59.18 ლარით - პირგასამტეხლო, ხოლო 82.90 ლარით - დაზღვევა.

4.7. 2023 წლის 19 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეს №........საკრედიტო ხელშეკრულებაზე ერიცხება დავალიანება 27 442.39 ლარის ოდენობით, საიდანაც 21 681.31 ლარი არის ძირი თანხა, 3 747.16 ლარი - საპროცენტო სარგებელი, ხოლო 2 013.92 ლარი - პირგასამტეხლო.

4.8. 2022 წლის 28 თებერვალს სს „ვ.ბ.ჯ–ას“ და მოსარჩელეს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე სს „ვ.ბ.ჯ–მ“ მოსარჩელეს სრულად დაუთმო საკრედიტო/სასესხო და მისი უზრუნველყოფის (იპოთეკის) ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები მოპასუხის მიმართ. ამჟამად, საჯარო რეესტრში იპოთეკის საგანზე რეგისტრირებულია მოსარჩელის იპოთეკის უფლება.

4.9. 2022 წლის 30 მარტს ბანკმა განახორციელა მოპასუხის სესხის ჩამოწერა, რის შემდეგაც კრედიტზე შეჩერდა საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ.ჯ–იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს „ბ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

7.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა კრედიტორის მიერ სესხის ჩამოწერის ფაქტი, რაც მოვალისათვის ვალის პატიებას ნიშნავს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შესრულებული იყო ვალის პატიების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები. კერძოდ, განმარტა, რომ ვალის პატიებით, როგორც სამართლებრივი საშუალებით, კრედიტორი უარს ამბობს მის ვალდებულებითსამართლებრივ მოთხოვნაზე. ამ შემთხვევაში არ ხდება კრედიტორის დაკმაყოფილება, თუმცა ეს უკანასკნელი უარს ამბობს თავის მოთხოვნაზე, რასაც კანონი "პატიებას" უწოდებს. ვალის პატიება კრედიტორის შეპირებაა მოვალის წინაშე, რომ მოთხოვნის უფლება არ განახორცელოს (pactum de non petendo). მოვალე არ თავისუფლდება, რამდენადაც ის იძენს მხოლოდ შესაძლებლობას, მოთხოვნის უფლების განხორციელებას შეეპასუხოს. ვალი რჩება შესრულებადი, ხოლო მოთხოვნა აღარ არის მიღწევადი.

7.2. განსახილველ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ კრედიტორის მიერ გამოვლენილი ნება ვალის პატიებად უნდა განხილულიყო. პალატის მოსაზრებით, კრედიტორმა/ბანკმა მოვალის მიმართ ვალის პატიების ნება ნათლად და არაორაზროვნად გამოავლინა, რასაც ადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, პალატამ ყურადღება მიაქცია თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 2023 წლის 18 ივლისის საბანკო ოპერაციების ამონაწერზე, რომელშიც მითითებულია, რომ 30.03.2022 წელს განხორციელდა „სესხის ჩამოწერა“, რომლის ოდენობა 27 442.39 ლარია. ასევე, საბანკო ანგარიშის ამონაწერით ირკვევა, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე - №665........, 30.03.2022 წლის მდგომარეობით, სასესხო ნაშთი შეადგენს 0.00 ლარს. გარდა ამისა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილია სს „ს.ს.ბ.კ.ს–ოს“ 2024 წლის 22 ნოემბრის ცნობა, რომელშიც №........სესხის სტატუსად მითითებულია „ჩამოწერილი სესხი“.

7.3. მითითებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ ამ დოკუმენტებში ნახსენები სიტყვები - „სესხი ჩამოწერილია“, გულისხმობდა ვალის გაუქმებას/პატიებას, ანუ კრედიტორის უარს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე. პალატამ აღნიშნა, რომ სესხის ჩამოწერის საბანკო ოპერაციისათვის ასეთი მნიშვნელობის მინიჭება გამომდინარეობს „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ჰ3“ პუნქტის შინაარსიდანაც, რომლის მიხედვით, კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერა გულისხმობს ამ ვალდებულებების გაუქმებას. ასევე საგადასახადო მიზნებისთვისაც „დავალიანების ჩამოწერა“ მის სრულ გაუქმებას (ძირითადი თანხა და საურავი) ნიშნავს და არა გადახდის შეჩერებას ან გადავადებას.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

9. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

9.1. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ტერმინი „სესხის ჩამოწერა“ და სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლით გათვალისწინებული ტერმინი „ვალის პატიება“ ერთმანეთთან გააიგივა. ასევე, არასწორად გაავლო პარალელი „კომერციული ბანკების შესახებ“ კანონის დანაწესთან, რომელიც ეხება თავად საბანკო დაწესებულებების ვალდებულებებს და არა მათ მიმართ არსებულ ვალდებულებებს.

9.2. კასატორის მითითებით, „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს N117/04 ბრძანების შესაბამისად, კომერციული ბანკები ვალდებული არიან ჩამოაყალიბონ და იქონიონ წერილობითი პოლიტიკა და პროცედურები საკრედიტო რისკის მართვის, აქტივების კლასიფიკაციის და მოსალოდნელი დანაკარგების დაფარვისათვის ადეკვატური რეზერვის შექმნის მიზნით. ბანკის მიერ გაცემული სადავო სესხი განეკუთვნება უიმედო სესხების კატეგორიას. სესხი კვალიფიცირდება უიმედოდ, თუ გირავნობის ან იპოთეკის მიუხედავად, მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია 180 ან მეტი დღით. საბალანსე უწყისზე არსებული სესხის ძირ თანხაზე დარიცხული ნებისმიერი ტიპის პროცენტი, ჯარიმა, საურავი თუ სხვა თანხა უნდა ჩამოიწეროს ბალანსიდან, თუ მათი გადახდა არ მომხდარა საკონტრაქტო პირობებით განსაზღვრული ვალდებულების დადგომიდან 31 ან მეტი დღის მანძილზე. აღნიშნული მოთხოვნები უნდა აღირიცხოს გარესაბალანსო უწყისის შესაბამის ანგარიშებზე. სესხის დაფარვის შეუძლებლობის დადგენის შემთხვევაში, ბანკებმა უნდა ჩამოწერონ უიმედოდ კლასიფიცირებული აქტივები. კომერციული ბანკის მიერ სესხის ჩამოწერა გადაუხდელობის გამო არ ჩაითვლება ვალის გაუქმებად და აღნიშნული ვალი რჩება სპეციალურ გარესაბალანსო ანგარიშებზე მისი ჩამოწერის დღიდან 5 წლის განმავლობაში.

9.3 აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ კრედიტორის მიერ ვალის პატიების ნება არ გამოვლენილა, აღნიშნული კი, აუცილებელი და სავალდებულო წინაპირობაა ვალის პატიებისათვის.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 აპრილის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

15. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

16. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრება, ასევე, იპოთეკის საგნის რეალიზაცია დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით. ამ მოთხოვნების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 286.1 (უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა) და 301.1 (თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) მუხლები.

17. მოპასუხე სარჩელის საფუძვლიანობას შეედავა იმ საფუძვლით, რომ ვალდებულება შეწყვეტილია, რადგან სახეზეა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალის პატიება.

18. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ვალის პატიების თაობაზე და მიუთთებს სსკ-ის 448-ე მუხლზე (ვალის პატიება მხარეთა შორის შეთანხმებით იწვევს ვალდებულების შეწყვეტას), რომლის თანახმადაც ვალის პატიება შეთანხმებაა, შესაბამისად, კრედიტორმა მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს ვალის პატიების თაობაზე ნება და მეორე მხარე დაეთანხმოს მას. ამასთან, ვალის პატიება ფორმათავისუფალი ხელშეკრულებაა, შესაბამისად, შესაძლებელია კონკლუდენტური მოქმედებითაც დაიდოს. მთავარია, რომ ვალი ეპატიოს არაორაზროვანი ქმედებით, კერძოდ, ვალის პატიების შესახებ შეთავაზება კრედიტორის მხრიდან აშკარად ერთაზროვნად აღქმადი იყოს (შდრ. სუსგ №ას-851-809-2013, 10 თებერვალი, 2014 წელი; ასევე - იხ. გიორგი სვანაძე, ,,სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, წიგნი III, ჭანტურია (რედ), 2019, მუხლი 448-ე).

19. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია 2023 წლის 18 ივლისის საბანკო ოპერაციების ამონაწერი, რომელშიც მითითებულია, რომ 2022 წლის 30 მარტს განხორციელდა „სესხის ჩამოწერა“, რომლის ოდენობა არის 27 442.39 ლარი. საბანკო ანგარიშის ამონაწერით ირკვევა, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე - №665......., 2022 წლის 30 მარტის მდგომარეობით, სასესხო ნაშთი შეადგენს 0.00 ლარს. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილია სს „ს.ს.ბ.კ.ს–ოს“ 2024 წლის 22 ნოემბრის ცნობა, რომელშიც №........სესხის სტატუსად მითითებულია „ჩამოწერილი სესხი“. საგადასახადო მიზნებისთვისაც „დავალიანების ჩამოწერა“ ნიშნავს მის სრულ გაუქმებას და არა გადახდის შეჩერებას ან გადავადებას. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ სადავო სესხისთვის „ჩამოწერილი“ სტატუსის მინიჭების მომენტიდან, მასზე შეწყდა საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა. „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კი, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია. შესაბამისად, მასზე სარგებლის დარიცხვის შეწყვეტა კიდევ უფრო უმყარებს რწმენას სასამართლოს, რომ მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება სესხის ჩამოწერას.

20. ამდენად, ცალსახაა, რომ კრედიტორმა სესხის ჩამოწერა ნათლად და არაორაზროვნად დააფიქსირა. ობიექტური დამკვირვებელი ამ მოცემულობიდან დაასკვნიდა, რომ მას ვალი ეპატია. ამასთან, მართალია, მოვალე სხვადასხვა საფუძვლითა და მოტივებით (მაგალითად, თუკი ვალის პატიება მის ღირსებას ლახავს) შესაძლოა, არ იყოს თანახმა, მიიღოს ვალის პატიების შესახებ კრედიტორის წინადადება, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, დგინდება, რომ მოვალე არ იყო წინააღმდეგი ვალის პატიების, მან ნება მიიღო და კონკლუდენტურად დაეთანხმა ვალის პატიებას.

21. რაც შეეხება კასატორის მტკიცებას, რომ სესხის ჩამოწერა გადაუხდელობის გამო არ ჩაითვლება ვალის გაუქმებად, პალატა არადამაჯერებლად მიიჩნევს. კრედიტორმა პირდაპირ მიუთითა, სესხის ჩამოწერის შესახებ და საბანკო ანგარიშის ამონაწერში ასახა, რომ სასესხო ნაშთი შეადგენდა 0.00 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე საბანკო დაწესებულების მიერ გამოვლენილი ნება ვალის პატიებას არ წარმოადგენდა, მას შეეძლო სათანადო სურათი აესახა ამონაწერში და მოეხდინა მოვალის ინფორმირება აღნიშნულის შესახებ.

22. მხარეთა შორის ვალის პატიების თაობაზე შეთანხმების არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, რომელმაც ეს გარემოება სსსკ-ის 102-ე-103-ე მუხლებით დადგენილი სტანდარტით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა დაადასტუროს. განსახილველ შემთხვევაში, ამგვარი მტკიცებულებები, როგორც მოპასუხის, ასევე მოსარჩელის მიერ არის წარმოდგენილი სასამართლოში. ამასთან, ვინაიდან, კრედიტორი სადავოს გახდის ვალის პატიების არსებობას, მტკიცების ტვირთი უკვე გადადის უშუალოდ კრედიტორზე და მან უნდა ამტკიცოს, რომ ვალის პატიებაზე შეთანხმება არ არსებობს (შდრ. გიორგი სვანაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია, (რედ), 2019, მუხლი 448). ამგვარი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. მის მიერ მითითებული გარემოებები კი, ვალდებულების შეწყვეტას ვერ გამორიცხავს და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება.

23. ვალის პატიების გზით შეწყვეტილი ვალდებულება, როგორც სამართლებრივი შედეგი, შეუქცევადია. შესაბამისად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის წარუმატებლობას ვალის პატიების გზით ვალდებულების შეწყვეტა განაპირობებს.

24. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლის არარსებობის შესახებ. კასატორს კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

25. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში, მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენდა 1084.06 ლარს. კასატორის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1281.49 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სს „ბ–ს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი 197.43 ლარი და დარჩენილი 1084.06 ლარის 70% – 758.84 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. სს „ბ–ს“ (........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1281.49 ლარიდან (საგადახდო დავალება N19201, გადახდის თარიღი 30.12.2025) ზედმეტად გადახდილი 197.43 ლარი და დარჩენილი 1084.06 ლარის 70% – 758.84 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლევან ნემსაძე

მიხეილ ჯინჯოლია