დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-1503-შ-49-2026 8 მაისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.ჩ–ი
მოწინააღმდეგე მხარეები – კ.ჰ.ბ–ი, შ.ა.ე.ბ.კ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის ბურგვედელის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გერმანიის ბურგვედელის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გერმანიის მოქალაქეებმა კ.ჰ.ბ–მა და შ.ა.ე.ბ.კ–მა, ქორწინებამდე გვარი კ–მა, შვილად აიყვანეს საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე ა.ჩ–ი და ნაშვილებს მიენიჭა გვარი „ბ–ი“.
2. ა.ჩ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ბურგვედელის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 აპრილის განჩინებით, ა.ჩ–ის შუამდგომლობა გერმანიის ბურგვედელის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. ა.ჩ–მა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ბურგვედელის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
7. კანონით დადგენილი წესით დამოწმებული და ნათარგმნი, წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გერმანიის მოქალაქეებმა კ.ჰ.ბ–მა და შ.ა.ე.ბ.კ–მა, ქორწინებამდე გვარი კ–მა, შვილად აიყვანეს საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე ა.ჩ–ი და ნაშვილებს მიენიჭა გვარი „ბ–ი“. გადაწყვეტილებით ასევე დგინდება, რომ გასაშვილებელსა (27 წლის) და მშვილებელ მამას შორის ასაკობრივი სხვაობა 45 წელი (72 წლის), ხოლო მშვილებელ დედას შორის - 38 წელია (65 წლის).
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს „revizion au fond“-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (იხ. სუსგ Nა-1167-შ-30-2024, 14.03.2024 წელი).
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, მათ შორის არ ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს (სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია, ასევე სამოქალაქო კოდექსის 1250-ე მუხლის პირველ ნაწილის გათვალისწინებით - მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები).
12. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი უნდა იქნეს გერმანიის ბურგვედელის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გერმანიის მოქალაქეებმა კ.ჰ.ბ–მა და შ.ა.ე.ბ.კ–მა, ქორწინებამდე გვარი კ–მა, შვილად აიყვანეს საქართველოს მოქალაქე ა.ჩ–ი და ნაშვილებს მიენიჭა გვარი „ბ–ი“.
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ჩ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის ბურგვედელის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გერმანიის მოქალაქეებმა კ.ჰ.ბ–მა და შ.ა.ე.ბ.კ–მა, ქორწინებამდე გვარი კ–მა, შვილად აიყვანეს საქართველოს მოქალაქე ა.ჩ–ი და ნაშვილებს მიენიჭა გვარი „ბ–ი“.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი