დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 27.04.2026
საქმის ნომერი
ას-1534-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1534-2025 27 აპრილი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - გ.ხ–ძე (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – ფ.ზ.ხ–ში (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ვალის აღიარების ხელწერილიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების რეალიზაცია

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელი დაკმაყოფილდა. ნ.ე–ძეს და რ.ხ–ძეს სოლიდარულად დაეკისრათ ფ.ზ.ხ–შის სასარგებლოდ 52000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროისთვის არსებული კურსით. ბათილად იქნა ცნობილი რ.ხ–ძეს და გ.ხ–ძეს შორის 2018 წლის 27 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე ს/კ 20. ........... გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განხორციელდა უძრავი ქონების მდებარე ქ. ქობულეთი .......... ს/კ ...........-ის ქონების რეალიზაცია.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ე–ძის, რ.ხ–ძისა და გ.ხ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება - რ.ხ–ძესა და გ.ხ–ძეს შორის 2018 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული უძრავი ქონების, სკ .........., ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ასევე, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, უძრავი ქონების (მდებარე: ქ. ქობულეთში, .........., სკ ..........) რეალიზაციისა და საპროცესო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2, 1.3 და 1.4 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც: ფ.ზ.ხ–შის მოთხოვნა - რ.ხ–ძესა და გ.ხ–ძეს შორის 2018 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული უძრავი ქონების (სკ ..........) ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე - დარჩა განუხილველად; არ დაკმაყოფილდა ფ.ზ.ხ–შის მოთხოვნა, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქობულეთში, ............, სკ .........., რეალიზაციის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

3. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გ.ხ–ძემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 დეკემბრის განჩნებით გ.ხ–ძეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი უფლებამოსილი პირის მიერ დედანი ხელმოწერითა და კასაციის საფუძვლების მითითებით და 2600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის არაუმეტეს 6000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

5. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ხ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით რეგლამენტირებულია სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესი. აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.

8.ზემოაღნიშნული ნორმების სისტემური განმარტების საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დაიცვას რაიმე სახის თანმიმდევრობა გზავნილის/უწყების ჩაბარების დროს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ასევე, თუ კი საქმეში თავად მხარის მიერაა მითითებული მისამართი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული იმპერატიული რეგულირებით სასამართლო უწყების ზედიზედ ორჯერ ჩაუბარებლობა იურიდიული ფიქციის საფუძველზე გულისხმობს ჩაბარებას, მიუხედავად იმისა, რეალურად ჩაბარდა თუ არა მხარეს გზავნილი.

9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

9. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

10. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

11. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 დეკემბრის განჩინება კასატორს, გ.ხ–ძეს, მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ტ.2. ს.ფ.268) გაეგზავნა ორჯერ, თუმცა გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა მისამართზე ადრესატის არყოფნის გამო.

12. მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერებით, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორს ორჯერ გაეგზავნა ხარვეზის განჩინება საკასაციო საჩივარში მის მიერვე მითითებულ მისამართზე და ვერცერთხელ ვერ ჩაბარდა, განჩინებით განსაზღვრული 07 (შვიდი) დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო გზავნილის განმეორებით ჩაუბარებლობის დღიდან, კერძოდ 2026 წლის 21 მარტიდან და ამოიწურა ამავე წლის 27 მარტს. ამდენად, კასატორს ხარვეზი უნდა შეევსოთ 2026 წლის 27 მარტის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ განსაზღვრული ვადის ფარგლებში მხარის მიერ არ მომხდარა ხარვეზის შევსება, ან შესაბამისი სახის შუამდგომლობის დაყენება, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

16. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ხ–ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მირანდა ერემაძე