დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 15.05.2026
საქმის ნომერი
ას-465-2024
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-465-2024 15 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი - შპს „ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „ტ.კ–ი“ (მოსარჩელე), მ.ს–ძე

განმცხადებლის მოთხოვნა – იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების შეჩერება/გადადება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

საპროცესო საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - აღსრულების გადადების (შეჩერება) თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ნოემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ტ.კ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“) სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ბ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „განმცხადებელი“) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, .........., საკადასტრო კოდი: ........., .........., ........ და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს - მოსარჩელე კომპანიას (იხ. ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ).

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით მოპასუხე კომპანიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინებით მოპასუხე კომპანიის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე პალატის 2024 წლის 6 ნოემბრის განჩინებით მოპასუხე კომპანიის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

5. 2026 წლის 07 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მომართა მოპასუხე კომპანიამ და წარმოადგინა შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების შეჩერება/გადადების მოთხოვნით.

6. განმცხადებელმა მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

6.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ნოემბრის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიქცეული იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამავე სასამართლომ 2023 წლის 11 დეკემბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მისი გამოსახლების მიზნით, გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ.ბათუმი, .........., საკადასტრო კოდი: ........, .........., .......... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

6.2. 2026 წლის 21 აპრილს მ.ს–ძე თანმხლებ პირებთან ერთად მოპასუხის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე და ძალის გამოყენებით შეეცადა მოპასუხის ადგილიდან გაძევებას.

6.3. 2026 წლის 22 აპრილს მამუკა სხვიტრიძემ მოპასუხის მფლობელობაში არსებული საწარმოს ალაყაფის ბოქლომი გატეხა და თანმხლებ პირებთან ერთად ძალის გამოყენებით შეიჭრა ტერიტორიაზე.

6.4. დღემდე მ.ს–ძე აგრძელებს საზიარო ფართში გადაადგილებას, დაკავებული აქვს სამორიგეო ნაწილი. სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს მოპასუხე კომპანიის დირექტორს და მისი ოჯახის წევრებს.

6.5. მიუხედავად ზემომითითებული და განცხადებაში დეტალურად აღწერილი მოვლენებისა (იხ., განცხადება) მ.ს–ძის მიერ გამოითქვა დავის მორიგებით დასრულების პოზიცია. წარმოდგენილია მორიგების აქტის პროექტი, რომელიც კაბალური და ბუნდოვანი პირობების გამო, ამ ეტაპზე, მოპასუხისათვის არ არის მისაღები, თუმცა, შესაძლებელია დიალოგი. ამ პროცესს აფერხებს 2023 წლის 11 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც დაუყოვნებლივ აღსრულებაა დადგენილი.

6.6. განმცხადებელი საქართველოს უზენაეს სასამართლოს სთხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ასევე, 2023 წლის 14 ნოემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით (რომელშიც უსწორობა გასწორდა 11.12.2023წ. განჩინებით) განსაზღვრული იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების გადადებას (შეჩერება) 3 თვემდე ვადით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხე კომპანიის მოთხოვნა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ასევე, 2023 წლის 14 ნოემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების გადადების (შეჩერების) თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს [სსსკ-ის 399-ე მუხლი]. საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით [სსსკ-ის 372-ე მუხლი].

9. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.

10. სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა განცხადებები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტას.

11. ზემოაღნიშნული ნორმა უფლებამოსილებას ანიჭებს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ერთ შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულება გადადოს ან განაწილვადოს, ხოლო მეორე შემთხვევაში - აღსრულების საშუალება და წესი შეცვლოს, ისეთი ობიექტური მიზეზის არსებობისას, როგორიცაა, მოვალის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ან სხვა ყურადსაღები გარემოებები, რომელთა შეფასება და მხედველობაში მიღება სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს.

12. განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია გარკვეული დროის მანძილზე გადაიდოს ან განაწილვადდეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას/სააღსრულებო ფურცელს ეხება.

13. ამდენად, ზემოხსენებული ნორმა განსაზღვრავს განცხადების განხილვაზე უფლებამოსილ (განსჯად) სასამართლოს, კერძოდ, განცხადება შეტანილ უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების გადადებას/შეჩერებას ითხოვს დაინტერესებული პირი. განსჯადობას არ ცვლის ის გარემოება, რომ ამ გადაწყვეტილებაზე წარდგენილია სააპელაციო ან საკასაციო საჩივარი, რომელიც ზემდგომი ინსტანციის სასამართლო განხილვაშია.

14. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც გადაწყვეტილების ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადების შესახებ განცხადების ავტორი, ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ნოემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების (რომელშიც უსწორობა გასწორდა 11.12.2023წ. განჩინებით), რომელიც მიქცეულია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, გადადებას 3 თვემდე ვადით, ამ მოთხოვნის განმხილველ განსჯად სასამართლოს კი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა არ წარმოადგენს. შესაბამისად, მოპასუხე კომპანიის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 263-ე, 284-ე მუხლებით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

შპს „ბ–ის“ განცხადება ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ნოემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების (რომელშიც უსწორობა გასწორდა 11.12.2023წ. განჩინებით), აღსრულების გადადების (შეჩერება) თაობაზე დარჩეს განუხილველი; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე