არ დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 08.04.2026
საქმის ნომერი
ას-1481-2025
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-1481-2025

8 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „რ-ი’’

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ-ნი’’

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით, შპს „მ-ის’’ სარჩელი შპს „რ-ის’’ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „რ–ის’’ შპს „მ–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 55 000.00 ლარის ანაზღაურება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის წარმომადგენელმა - მ.გ–ძემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის განჩინებით, შპს „რ–ის’’ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

4. პალატის განმარტებით, აპელანტს არაერთხელ მიეცა ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, თუმცა მის მიერ დადგენილი ხარვეზი არ აღმოფხვრილა. მხედველობაში იყო მისაღები ის ფაქტიც, რომ როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტ მხარეს ჩაჰბარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ, ვინაიდან აპელანტის/აპელანტის წარმომადგენლის მისამართზე არაერთი გაგზავნის მიუხედავად, ადრესატებზე განჩინებების ჩაბარება ვერ მოხერხდა. საფოსტო უკუგზავნილებიდან კი დგინდებოდა, რომ აპელანტის წარმომადგენელი ინფორმირებული იყო ფოსტის კურიერის მხრიდან გზავნილების შესახებ და ის მიაკითხავდა ფოსტას გზავნილის ჩასაბარებლად.

5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე იმყოფებოდა 2024 წლის 1-ელი მაისიდან, რაც მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს ჰქონდა გონივრული ვადა, მოეძია სათანადო სახსრები და წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი სასამართლოში. ამის საპირისპიროდ კი, აპელანტის წარმომადგენელმა დამატებით მოითხოვა ერთ თვეზე მეტი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

6. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის ქცევა მიმართული იყო პროცესის აშკარა გაჭიანურებისკენ. საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა კი, სცდებოდა მართლმსაჯულების ინტერესებს, ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელება გამოიწვევდა საქმის განხილვის ვადის გაუმართლებელ გაჭიანურებას და ხელყოფდა მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს.

7. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს „რ–ის’’ დირექტორმა რ.გ–ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნება.

8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, რომ მისთვის, როგორც შპს ,,რ–ის’’ დირექტორისთვის, ცნობილი იყო, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი შპს ,,რ–ის’’ წარმომადგენელმა შეავსო. ვინაიდან, წარმომადგენლის მოთხოვნით, მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, 2024 წლის 4 დეკემბერს ჩაურიცხა სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხა 2200 ლარი. სავარაუდოდ, წარმომადგენელს დაავიწყდა ან სხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, გამორჩა სახელმწიფო ბაჟის სასამართლოში წარდგენა. 2025 წლის 10 თებერვლის განჩინებით ირღვევა შპს ,,რ–ის’’ უფლებები, ვინაიდან მას აღნიშნულ საქმესთან მიმართებით დღემდე ინტერესი არ დაუკარგავს. სასამართლოს შეეძლო კიდევ ერთხელ დამატებით გამოეყენებინა თავისი დისკრეციული უფლება და დამატებით დაედგინა ხარვეზი, რადგან დავა საკმაოდ სოლიდური თანხის დაკისრებას უკავშირდებოდა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 8 იანვრის განჩინებით შპს ,,რ–ის’’ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა არ შეავსო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის მიხედვით.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის, მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით, რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისთვის.

15. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე (თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა) სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

16. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინებით შპს ,,რ–ის'' სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა მიეთითებინა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობის არსი, ასევე მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებს სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებს ამ გარემოებას, ამასთან, აპელანტს უნდა წარედგინა 2200 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად, განჩინების ასლის ჩაბარებიდან, განესაზღვრა ვადა - 10 დღე.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინება ადრესატს ჩაჰბარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ 2024 წლის 12 ნოემბერს, ხოლო იმავე წლის 22 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე, შპს ,,რ–ის'' წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შპს ,,რ–ის'' ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა ვადა 10 (ათი) დღით, განჩინების ასლის ჩაბარებიდან და დაევალა, მიეთითებინა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობის არსი; ასევე მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებს სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებს ამ გარემოებას. წარედგინა 2200 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ასევე წარედგინა სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.

19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინება ადრესატს ჩაბარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ 2025 წლის 29 იანვარს, ხოლო იმავე წლის 31 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ.

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

21. სსსკ-ის მე-60 მუხლის, მეორე ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით, ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის, მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება;

22. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინება ადრესატს, სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ჩაჰბარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით 2025 წლის 29 იანვარს. აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია, კერძოდ, არ წარუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება.

23. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა არაერთხელ გაუგრძელდა. ამასთან, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თავდაპირველი განჩინების მიღებიდან (02.05.2024წ.) სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე (10.02.2025წ.) გასულია ცხრა თვე და ამ დროის განმავლობაში სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის შემოწმების ეტაპზეა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს ხარვეზის შესავსებად მიეცა საკმარისი ვადა, ხოლო ვადის დამატებით გაგრძელება, საქმის განხილვის დაუსაბუთებელ გაჭიანურებას გამოიწვევდა, რაც ეწინააღმდეგება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპს და ლახავს მოწინააღმდეგე მხარის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს (იხ. სუსგ. საქმე საქმე №ას-918-2025,23.07.2025წ; ას-938-2025, 30.09.2025წ.).

24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივარი არ შეიცავს მითითებას, კონკრეტულად, რა საპროცესო დარღვევები იქნა დაშვებული სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისას და რა საფუძვლით უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება. კერძო საჩივრის ავტორი (შპს ,,რ–ის'' დირექტორი) განმარტავს, რომ მან წარმომადგენლის მოთხოვნით, მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, 2024 წლის 4 დეკემბერს ჩაურიცხა სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხა - 2200 ლარი და სავარაუდოდ, წარმომადგენელს დაავიწყდა ან სხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, გამორჩა სახელმწიფო ბაჟის სასამართლოში წარდგენა. აღსანიშნავია, რომ არც მოცემული მტკიცებულება არ ერთვის კერძო საჩივარს.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სსსკ-ის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,რ–ის’’ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ბადრი შონია

ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე