დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1576-2025
25 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.დ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა.დ–მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 18 000 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელის თანახმად, ა.დ–ი გარდაცვლილი თ.დ–ის შვილი და მემკვიდრეა. თ.დ–ი დასაქმებული იყო სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში და სარგებლობდა დამსაქმებლის მიერ, სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იასთან" გაფორმებული „თანამშრომლებისა და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევით. აღნიშნული სადაზღვევო შეთანხმების პირობები ითვალისწინებდა გეგმური ჰოსპიტალური მომსახურების, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების, გეგმური ამბულატორიული მომსახურების დაფინანსებას. ასევე, შეთანხმებით დაზღვეული იყო თანამშრომლების სიცოცხლე.
2023 წლის 25 სექტემბერს, დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, გარდაიცვალა თ.დ–ი. მას გარდაცვალებამდე გაეწია სამედიცინო მომსახურება შპს „ჯ.ჰ–ში“, სადაც სამედიცინო მომსახურების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 25 800 ლარი. ვინაიდან თ.დ–ს უნდა ანაზღაურებოდა მკურნალობისა და სამედიცინო მომსახურების ხარჯები, ასევე გარდაცვალების შემთხვევაში, მის უფლებამონაცვლეებს უნდა მიეღოთ სადაზღვევო თანხა. ა.დ–მა, როგორც თ.დ–ის უფლებამონაცვლემ, დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მიმართა მოპასუხეს სადაზღვეო თანხის ანაზღაურების მოთხოვნით და მოითხოვა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციისთვის გაწეული ხარჯი - 15 000 ლარი და სიცოცხლის დაზღვევის - 3000 ლარი. სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დაზღვევის ხელშეკრულება უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეულ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებას არ ითვალისწინებს. ასევე, სადაზღვევო შემთხვევა წარმოადგენს გამონაკლისს, ვინაიდან ანაზღაურებას არ ექვემდებარება ხელშეკრულების 7.8. პუნქტით გათვალისწინებული ხარჯები, კერძოდ: ალკოჰოლიზმთან, ნარკომანიასა და ტოქსიკომანიასთან დაკავშირებული ხარჯები. მოპასუხემ ამავე დროს აღნიშნა, რომ აანაზღაურებს სიცოცხლის დაზღვევის თანხას - 3000 ლარს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ა.დ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ ა.დ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 3 000 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრა ა.დ–მა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ა.დ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. ქვეპუნქტი და ამ ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს მიერ, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ ა.დ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 15 000 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ ა.დ–ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 450.00 ლარის გადახდა; სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ ა.დ–ის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 600.00 ლარის გადახდა.
6. სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეთა მიერ სადავოდ იყო გამხდარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების საკითხი. დადგენილი იყო, რომ შპს „ჯ.ჰ–ში“ თ.დ–ს გაეწია სამედიცინო მომსახურება. 2023 წლის 25 სექტემბერს თ.დ–ის შვილს - ა.დ–ს და შპს „ჯ.ჰ–ს“ შორის დაიდო ვალის არსებობის აღიარების შესახებ შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ა.დ–მა დაადასტურა, რომ მოვალის მიმართ გადასახდელი აქვს სამედიცინო მომსახურების საფასური - 25 800 ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ ,,კომპანიასთან’’ გაფორმებული შეთანხმების თანახმად, დაზღვეულ თ.დ–ს სრულად უნდა ანაზღაურებოდა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის ღირებულება 15 000 ლარის ფარგლებში, ხოლო ჰოსპიტალიზაციის ღირებულებამ 25 800 ლარი შეადგინა, მოპასუხისადმი მიმართული განცხადებით, სადაზღვევო პირობების შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის საფასურის, 15 000 ლარის ანაზღაურება.
7. პალატამ იმსჯელა სამოქალაქო სამართალში მოქმედ შეჯიბრებითობის პრინციპზე, მიუთითა მტკიცების ტვირთის სტანდარტებზე და აღნიშნა, რომ მზღვეველს ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცება, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში მითითებული გარემოებები გამორიცხავდა მზღვეველის ვალდებულებას, აენაზღაურებინა სადაზღვევო შემთხვევა, რაც მან სათანადო ვერ განახორციელა. მზღვეველის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი სახელშეკრულებო გარემოება (დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევები) გამოვლენილი და დადასტურებული არ ყოფილა.
8. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ საგამონაკლისო შემთხვევაზე, რომელიც ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების 7.8. პუნქტით, გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს და ანაზღაურებას არ ექვემდებარება: ალკოჰოლიზმთან, ნარკომანიასა და ტოქსიკომანიასთან დაკავშირებული ხარჯები. პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებში წარმოდგენილ არცერთ სამედიცინო დოკუმენტაციაში არ იყო მითითებული, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტისათვის გაწეული გეგმიური/გადაუდებელი ამბოლატორიული მომსახურება ალკოჰოლიზმთან დაკავშირებულ მომსახურებას წარმოადგენდა. შესაბამისად, მასზედ გაწეული ხარჯი, ვერ იქნებოდა იმ ხარჯთან (ალკოჰოლიზმთან დაკავშირებულ ხარჯთან) გაიგივებული, რასაც დაზღვევის ხელშეკრულების 7.8. პუნქტი გამონაკლის შემთხვევად მიიჩნევს. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციიდან არ ირკვეოდა, რომ პაციენტი ალკოჰოლიზმთან დაკავშირებულ მკურნალობას გადიოდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სასამართლოს მსჯელობა, რომ ვინაიდან სიკვდილის მიზეზი ქრონიკული ალკოჰოლიზმისგან გამომდინარეობდა, აღნიშნული დაზღვევის ხელშეკრულების 7.8. მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისად უნდა შეფასებულიყო.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე მხარე, სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ პაციენტს ქრონიკული ალკოჰოლიზმის ნიშნები აღენიშნებოდა, მით უფრო, რომ სიკვდილის მიზეზი გამომდინარეობდა ქრონიკული ალკოჰოლიზმისგან. როგორც სამედიცინო დოკუმენტაციაში, ასევე, გარდაცვალების ცნობაში პირდაპირ მითითებულია, რომ გარდაცვალების გამომწვევი ძირითადი მიზეზია - დიაგნოზი: ა) ვერნიკეს ენცელოპათია, ბ) თავის ტვინის ინფარქტი, განვითარებული ცერებრული არტერიების დაუზუსტებელი ოკლუზიისა ან სტენოზის გამო, გ) სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ასევე ლაიმის ავადმყოფობა ...
10. პალატამ აღნიშნა, რომ ვერნიკეს ენცეფალოპათიის ერთ-ერთ ფორმას ალკოჰოლიზმით გამოწვეული თიამინის დეფიციტი წარმოადგენს, თუმცა, აღნიშნული უდავოდ არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული დაავადება ალკოჰოლიზმით გამოწვეული თიამინის დეფიციტითაა გამოწვეული, მითუმეტეს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ქრონიკული ალკოჰოლიზმის არსებობის ფაქტობრივი გარემოებები. ანამნეზში მითითებული ინფორმაცია, პაციენტის ალკოჰოლიზმთან დაკავშირებით, წარმოადგენს მხოლოდ მისი მეუღლის განმარტებას, რაც სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ვერ გახდება იმის დადგენილად მიჩნევის საფუძველი, რომ პაციენტი ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირს წარმოადგენდა.
11. პალატამ მიუთითა შპს „ჯ.ჰ–სის“ მიერ გაცემული, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV- 100/ა ცნობაზე, რომლის თანახმად, 06.09.2023 წელს პაციენტთან ვესტერნ-ბლოტინგის მეთოდით, დადასტურდა ბორელიოზი, კონსულტირდა ნევროლოგისა და ინფექციონისტის მიერ, მათთან შეთანხმებით შეიცვალა მკურნალობის სქემა, მოიხსნა teomicini da Meronemi, დაიწყო Doxociklini da Geftriaxoni ...25.09.2023 პაციენტის მდგომარეობა რჩებოდა უკიდურესად მძიმე, რასაც განაპირობებდა მისი ძირითადი დაავადება ... ამდენად, საბოლოოდ დადასტურდა ბორელიოზი, და მოიხსნა დანიშნული თიამინი, ის პრეპარატი, რომელსაც პაციენტი იღებდა. სარჩელს ერთვის "რ.ლ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის" კვლევის შედეგი, რომლის თანახმადაც, თ.დ–ს დაუდასტურდა ბორელია.
12. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ბორელია არის ბაქტერიის გვარი, რომელიც იწვევს ბორელიოზს, იგივე ლაიმის დაავადებას. ბორელია არის სპირალის ფორმის ბაქტერია, რომელიც გადაეცემა ადამიანს ტკიპის ნაკბენით. ბორელია შეიძლება შეეხოს კანს (დაიწყოს წითელი რგოლით ნაკბენის ადგილას), სახსრებს (ტკივილი, შეშუპება), ნერვულ სისტემას (თავის ტკივილი, სისუსტე, დაბნეულობა), ზოგჯერ გულსაც. ლაიმის დაავადება იკურნება ანტიბიოტიკებით, ხშირად იყენებენ დოქსიციკლინს ან ამოქსაცილინს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.
13. პალატამ მიუთითა შპს "ჯ.ჰ–ის" მიერ 2023 წლის 25 სექტემბერს გაცემულ (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) ცნობაზე, რომლის თანახმად, დასტურდება, რომ თ.დ–ს აღენიშნებოდა შემდეგი ძირითადი ავადმყოფობები: ვერნიკეს ენცეპალოფატია, თავის ტვინის ინფარქტი, განვითარებული ცერებრული არტერიების დაუზუსტებელი ოკლუზიისა ან სტენოზის გამო, პლევრის სხვა დაზუსტებული მდგომარეობები, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, დაუზუსტებელი პნეუმონია, ლორწოვან ჩირქოვანი ქრონიკული ბრონქიტი ტრაქეოსტომის არასრულფასოვნება. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ თ.დ–ს ჰქონდა ლაიმის დაავადება, რომელიც არის ინფექციური დაავადება და ადამიანებზე ინფიცირებული ტკიპებისგან გადადის. გამომდინარე აღნიშნულიდან სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელირება ალკოჰოლიზმთან დაკავშირებით და განმარტა, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტებიდან არ დასტურდება, რომ თ.დ–ს ალკოჰოლზმთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და მისი გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული დაავადება გახდა.
14. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მიუხედავად არაერთი განმარტებისა, რომლითაც პაციენტს აცნობეს, რომ სჭირდებოდა გადაუდებელი გამოკვლევები, უარი განაცხადა მკურნალობაზე და დაუყოვნებლივ დატოვა კლინიკა ხელწერილის საფუძველზე, რომლითაც აიღო პასუხისმგებლობა, შესაძლო გართულებებზე, უნდა შეფასდეს, როგორც უხეში გაუფრთხილებლობა, რაც ასევე წარმოადგენს ხელშეკრულების 7.10. და 7.11. პუნქტებით გათვალისწინებულ გამონაკლისს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აწ გარდაცვლილი თ.დ–ის მიერ კლინიკის დატოვება, არ შეიძლება მიჩნეული იქნეს ისეთ გაუფრთხილებელ ქმედებად, რამაც შემდგომში პირის თვითდაზიანება გამოიწვია იმ მოცემულობაში, როდესაც, თ.დ–ის მიერ კლინიკის დატოვებასა და მის გარდაცვალებას შორის კავშირი არ იკვეთება. არცერთი სამედიცინო დასკვნა, თუ წერილობითი მტკიცებულება, არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თ.დ–ის მიერ კლინიკის დატოვება გახდა მისი გარდაცვალების უშუალო მიზეზი. მითუმეტეს, რომ უდავოდ დგინდება ის გარემოება, რომ აწ გარდაცვლილი თ.დ–ის მიერ, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დატოვებიდან, რამდენიმე დღეში, პაციენტმა კვლავ მიმართა სხვა კლინიკას, მკურნალობის სურვილით, რაც მიუთთებს იმაზე, რომ თ.დ–ის მხრიდან გაუფრთხილებელ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
15. საბოლოოდ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მზღვეველის უარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე იყო არამართლზომიერი და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა - ა.დ–ის სასარგებლოდ 15 000 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე იყო დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
16. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იამ“ წარადგინა საკასაციო საჩივარი.
16.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა სააპელაციო საჩივრის ავტორის მონათხრობს, რაც ვერ გამოდგება მათ მიერ მიტანილი მტკიცებულებების საპირწონედ. კასატორმა იხელმძღვანელა წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით, რომელიც შედგენილია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მკურნალი ექიმების მიერ და რომელიც სადავოდ არ გამხდარა. საინტერესოა, რა გახდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, მაშინ როდესაც ანამნეზი, დიაგნოზი, მკურნალობის სქემა და გარდაცვალების მიზეზი სრულად ემთხვევა ერთმანეთს, ადასტურებს დაზღვეულის ალკოჰოლიზმით გამოწვეული ჯანმრთელობის გაუარესებას.
16.2. დადგენილი სადაზღვევო პრაქტიკით, როდესაც დაზღვეული ექიმის მოთხოვნის მიუხედავად, უარს აცხადებს მკურნალობაზე და ტოვებს კლინიკას, წარმოადგენს უხეშ გაუფრთხილებლობას და იმავე ჩივილებით მისი რეჰოსპიტალიზაცია იმავე ან/სხვა კლინიკაში აღარ ანაზღაურდება. საქმეზე თანდართული სატელეფონო ჩანაწერით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ პაციენტი საჭიროებდა აუცილებელი კვლევებს და მისი სახლში წასვლა იყო ძალზე სახიფათო. კლინიკის წარმომადგენელმა აუხსნა, რომ წასვლის შემთხვევაში მზღვეველი შემდგომ მკურნალობას არ აანაზღაურებდა, თუმცა მაინც დატოვა სამედიცინო დაწესებულება. მოცემულ შემთხვევაში, დაზღვეულს აღენიშნებოდა მკვეთრად გამოხატული კლინიკური მდგომარეობა, რომელიც დაუყოვნებლივ საჭიროებდა შესაბამის მკურნალობას და სწორედ კლინიკიდან წამოსვლის შემდგომ, რამდენიმე დღე სახლში დაყოვნებამ გამოიწვია მისი მდგომაროების დამძიმება. შესაბამისად, სასამართლოს არგუმენტი ვერ გამოდგება ამ მოცემულობის გასაბათილებლად. ვინაიდან დაზღვეული ,,ინგოროყვას'' კლინიკაში გადაყვანილ იქნა ოჯახის წევრების მიერ რამდენიმე დღის შემდგომ, როდესაც უკვე იმდენად დამძიმდა მისი მდგომარეობა, რომ გადაადგილების უნარიც კი შეეზღუდა, რაც ნამდვილად გამოწვეული იყო მისი დაგვიანებული მკურნალობის პროცესით. სასამართლოს გამორჩა ერთი მნიშვნელოვანი გარემოების შეფასება, კერძოდ ,,ჯ.ჰ–სის" მიერ გაცემული ფორმა N100-ით დგინდება, რომ პაციენტს სტაციონარში მოთავსებისას თან ახლდა ფონურად ალკოჰოლის მოხმარება.
16.3. მოცემულ შემთხვევაში, დიაგნოზად და გარდაცვალების მიზეზად გამოტანილია ვერნიკეს ენცეფალოპატია, რომელსაც მკურნალობდნენ მხოლოდ და მხოლოდ თიამინის გადასხმით. რა კავშირშია ვერნიკეს ენცეფალოპატია ალკოჰოლიზმთან და შემდგომ როდის ხდება პაციენტისთვის თიამინის გადასხმა ამ საკითხზე პირველს ინსტანციაში მოპასუხემ წარადგინა მკაფიო მტკიცებულებები და შემდგომ უკვე ვრცლად განმარტა სასამართლომ, თუმცა, აღნიშნული მსჯელობა არასაკმარისი აღმოჩნდა სააპელაციო სასამართლოსთვის ისე, რომ საპირისპირო არგუმენტი საქმეში არ დევს. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ვერნიკეს ენცეფალოპატია შესაძლოა ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების გარდა გამოიწვიოს სხვა ჩვენებებმაც, თუმცა არც მოსარჩელე მხარეს და არც სასამართლოს არ მიუთითებია, რა შეიძლება იყოს ეს სხვა გარემოება და არც საქმეში არ დევს ამის დამადასტურებელი რამე, ტკიპის ნაკბენი კი (რაც მთავარი არგუმენტია გადაწყვეტილების გაუქმების) ვერნიკეს ენცეფალოპატიის გამომწვევი ვერ გახდება.
16.4. დიაგნოზთან ერთად, მზღვეველისთვის არსებითი არგუმენტი იყო ორი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების მიერ მითითებული ინფორმაცია, რომ პაციენტი წლებია ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებელია და მის მდგომარეობას ფონურად ერთვის ალკოჰოლის მოხმარება. მოცემული ინფორმაციის ნამდვილობა გადამოწმდა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ექიმთანაც, რომელმაც დაადასტურა რომ ანამნეზში გამოტანილი ინფორმაცია ნამდვილად შეეხებოდა დაზღვეულს, ასევე დასმულ კითხვაზე, რატომ გადაამისამართა ეს კონკრეტული პაციენტი ნარკოლოგთან და ზოგადად ყველა პაციენტს ამისამართებენ თუ არა ამ პროფილის ექიმთან, პასუხი იყო, რომ მისი ალკოდამოკიდებულებისა და ჩივილების გამო აუცილებელი იყო ნარკოლოგის მიერ შეფასება. რაც შეეხება იმას, რომ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების დროს, აუცილებლად შეცვლილი უნდა იყოს ღვიძლის ფუნქციები, აღნიშნული მცდარი შეფასებაა სამედიცინო თვალსაზრისით და არსად არ დასტურდება, რომ ყველა შემთხვევაში, ალკოჰოლიზმის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი უნდა იყოს ღვიძლის ფუნქციების ცვლილება, თუმცა ამ შემთხვევაშიც ყურადსაღებია ,,ჯ.ჰ–სის'' მიერ გაცემულ ფორმა N100-ში მითითებული კვლევის - ტუტე ფოსფატაზას შედეგები. პაციენტს აღნიშნული ფერმენტის მაჩვენებელი ჰქონდა 359-ზე, ნორმა კი არის მაქსმუმ 147. ტუტე ფოსფატაზას ასეთ მატებას იწვევს ღვიძლის დაავადებები და მისი გადამოწმება ხდება მათ შორის ალკოჰოლიზმის დროს.
16.5. მზღვეველი არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ საბოლოოდ დაზღვეულს დამატებით დაუდგინდა ბორელიოზი, თუმცა ამ შემთხვევაში ეს კავშირში არ არის ჩატარებულ მკურნალობასთან, გარდაცვალების მიზეზებთან და ის რომ პაციენტს დიაგნოზთან ერთად დამატებით ჰქონდა ტკიპის ნაკბენი და ეს სამედიცინო დაწესებულებამ იკვლია დაგვიანებით (როგორც მხარე განმარტავს), წარმოადგენს მათთან დავის საგანს და ამაზე პასუხისმგებელი მზღვეველი ვერ იქნება. გარდაცვალების მიზეზი გახდა არა ბორელიოზი, არამედ ვერნიკეს ენცეფალოპატია, რომელსაც ტკიპის ნაკბენი ვერ გამოიწვევდა.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
18. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
22. საკასაციო პალატის განსჯით, კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
- ა.დ–ი წარმოადგენს გარდაცვლილი თ.დ–ის შვილს და მემკვიდრეს;
- თ.დ–ი დასაქმებული იყო სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში და სარგებლობდა დამსაქმებლის მიერ სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იასთან" გაფორმებული „თანამშრომლებისა და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევით.
სადაზღვევო შეთანხმების პირობები ითვალისწინებდა გეგმური ჰოსპიტალური მომსახურების (3.7. პუნქტი), გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების (3.9. პუნქტი), გეგმური ამბულატორიული მომსახურების (3.10. პუნქტი) დაფინანსებას. ასევე, შეთანხმებით დაზღვეული იყო თანამშრომლების სიცოცხლე (3.22 პუნქტი);
სადაზღვევო შეთანხმების პირობების თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება შეადგენს გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციისთვის გაღებული ხარჯი - 15 000 ლარი და სიცოცხლის დაზღვევა - 3000 ლარი. ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებით გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს და ანაზღაურებას არ ექვემდებარება: 7.8. ალკოჰოლიზმთან, ნარკომანიასა და ტოქსიკომანიასთან დაკავშირებული ხარჯები; 7.10. სხეულის განზრახ, უხეში გაუფრთხილებლობით/თვითდაზიანებით გამოწვეულ დაავადებათა და შემთხვევათა სამედიცინო მომსახურების ხარჯები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის მოქმედებს სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით); 7.11. მკურნალობის ხარჯები გამოწვეული დაზღვეულის მიერ მისი სიცოცხლის უხეში გაუფრთხილებლობით ან/და განზრახ ხიფათში ჩაგდებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ის მოქმედებს სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით;
- 2023 წლის 25 სექტემბერს გარდაიცვალა თ.დ–ი;
- გარდაცვალების შესახებ 25.09.2023 წელს გაცემული N234206502686 სამედიცინო ცნობის თანახმად, თ.დ–ის სიკვდილის მიზეზია: ა) ვერნიკეს ენცეფალოპათია, ბ) თავის ტვინის ინფარქტი, განვითარებული ცერებრული არტერიების დაუზუსტებელი ოკლუზიისა ან სტენოზის გამო, გ) სუნთქვის მწვავე უკმარისობა;
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მიერ გაცემული სამედიციო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა ცნობის მიხედვით, თ.დ–ი სტაციონარში მოთავსდა 2023 წლის 14 აგვისტოს 16:40 საათზე და სტაციონარიდან გაეწერა 2023 წლის 16 აგვისტოს;
მოკლე ანამნეზის მიხედვით: პაციენტი კლინიკაში შესულია თვითდინებით, მიყვანილია ოჯახის წევრების მიერ. პაციენტი უჩიოდა საერთო სისუსტეს, გაბრუებას, თავბრუსხვევა-წონასწორობის დარღვევას, თავის ტკივილს. პაციენტისა და მისი მეუღლის მიერ მიწოდებული ანამნეზით, ჩივილები დაეწყო ჰოსპიტალიზაციამდე რამდენიმე დღით ადრე, თუმცა დინამიკაში მნიშვნელოვნად იმატა, დაფიქსირდა არტერიული წნევის მაღალი ციფრები, გამოეხატა გულისრევა-ღებინება, ვეღარ შეძლო გადაადგილება, რის გამოც შემდგომი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მიზნით ჰოსპიტალიზირებულ იქნა კლინიკაში. პაციენტი დაახლოებით 20 დღეა არის დეზორიენტირებული, გამოეხატა ფსიქო-პათოლოგია. შეფასებული ყავს ფსიქიატრს.
ანამნეზში ასევე აღნიშნულია, რომ მეუღლის გადმოცემით, პაციენტი რამდენიმე დღის წინ გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში. ჩატარებული აქვს ლუმბალური ფუნქცია - მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე, თავის ტვინის ნერივიზუალიზაციური კვლევები, სადაც მწვავე პათოლოგია არ გამოვლინდა. პაციენტი არ დაყოვნდა კლინიკაში, ხელწერილის საფუძველზე პაციენტი გაეწერა კლინიკიდან. ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებელია წლებია.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიციო დოკუმენტაცია ფორმა N IV- 100/ა ცნობის მე-9 პუნქტის თანახმად (დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი, ძირითადი დაავადება, თანმხლევი დაავადებები, გართულებები შესაბამისი ICD-10 კოდის მითითებით), პაციენტს დაუდგინდა: 1. G45.0 ვერტებრო-ბაზილარული არტერიული სინდრომი (ძირითადი) (14.08.2023 – 16.08.2023); 2. I10 ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზია (თანმხლები);
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შპს „ჯ.ჰ–სის“ მიერ გაცემული სამედიციო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა ცნობის მიხედვით, თ.დ–ი ,,ჯ.ჰ–ში" მოთავსდა 2023 წლის 17 აგვისტოს 14:30 საათზე და გაეწერა 25.09.2023 წელს;
მოკლე ანამნეზში აღნიშნულია, რომ პაციენტი მიყვანილია საგარეჯოს მრავალპროფილური ,,ჯ.ჰ–იდან" ემერჯენს სერვისის მიერ. მეუღლის გადმოცემით აღენიშნება ზოგადი სისუსტე, აგზნება, არაადეკვატური ქცევა, ფონური ფაქტორებიდან ალკოჰოლის მოხმარება. ანამნეზით ირკვევა, რომ ივლისის ბოლოს დაწყებულია სიარულის დარღვევა, გულისრევა, აღგზნება- ფსიქოპათოლოგია, უკავშირებენ ალკოჰოლის მიღებას;
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიციო დოკუმენტაცია ფორმა N IV- 100/ა ცნობის მე-9 პუნქტის თანახმად (დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი), ძირითადი დაავადებაა ვერნიკეს ენცეფალოპათია, თავის ტვინის ინფარქტი, განვითარებული ცერებრული არტერიების დაუზუსტებელი ოკლუზიისა ან სტენოზის გამო, ლაიმის ავადმყოფობა, სომნოლენცია, ... პაციენტი იღებს ანტიკონვულსანტებს, პროპოფოლის ნარკოზს და თიამინს;
06.09.2023 წელს პაციენტთან ვესტერნ-ბლოტინგის მეთოდით, დადასტურდა ბორელიოზი, კონსულტირდა ნევროლოგისა და ინფექციონისტის მიერ, მათთან შეთანხმებით შეიცვალა მკურნალობის სქემა, მოიხსნა teomicini da Meronemi, დაიწყო Doxociklini da Geftriaxoni ... 25.09.2023 პაციენტის მდგომარეობა რჩებოდა უკიდურესად მძიმე, რასაც განაპირობებდა მისი ძირითადი დაავადება ...
- ,,რ.ლ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის’’ 06.09.2023 წლის კვლევის შედეგის თანახმად, თ.დ–ს დაუდასტურდა ბორელია;
- 2023 წლის 25 სექტემბერს თ.დ–ის შვილს - ა.დ–ს და შპს „ჯ.ჰ–ს“ შორის დაიდო შეთანხმება ვალის არსებობის აღიარების შესახებ, რომლის თანახმადაც, ა.დ–მა დაადასტურა, რომ მევალის მიმართ გააჩნია ვალი, გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასური - 25 800 ლარი. რაც უნდა დაეფარა არაუგვიანეს 2023 წლის 25 ოქტომბრამდე;
- ა.დ–მა მიმართა სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ და მოითხოვა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება - გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციისთვის გაღებული ხარჯი - 15 000 ლარი და სიცოცხლის დაზღვევა - 3000 ლარი, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
- 2023 წლის 1-ელი დეკემბრის წერილით, სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა შემთხვევის ანაზღაურებაზე. უარის თქმის საფუძვლად სადაზღვევო კომპანიამ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებით გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს და ანაზღაურებას არ ექვემდებარება ხელშეკრულების 7.8. პუნქტით გათვალისწინებული ხარჯები. კერძოდ: ალკოჰოლიზმთან, ნარკომანიასა და ტოქსიკომანიასთან დაკავშირებული ხარჯები. ამასთან, მზღვეველისთვის ცნობილია, რომ 2023 წლის 10 აგვისტოს დაზღვეული ჰოსპიტალიზებული იყო ბოჭორიშვილის კლინიკაში. თუმცა, პაციენტმა უარი განაცხადა მკურნალობაზე და საკუთარი სურვილით ხელწერილით გაეწერა. დაზღვევის ხელშეკრულების 7.10 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურებას არ ექვემდებარება სხეულის განზრახ, უხეში გაუფრთხილებლობით/თვითდაზიანებით გამოწვეულ დაავადებათა და შემთხვევათა სამედიცინო მომსახურების ხარჯები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის მოქმედებს სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით).
23. წინამდებარე საქმეზე საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება, რომელსაც საბოლოოდ, საქმეზე კასატორის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა. სახელდობრ, პალატამ განმარტა, რომ მზღვეველის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი სახელშეკრულებო გარემოება (დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევები) გამოვლენილი და დადასტურებული არ ყოფილა. მოპასუხე მხარე, სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ პაციენტს ქრონიკული ალკოჰოლიზმის ნიშნები აღენიშნებოდა, მით უფრო, რომ სიკვდილის მიზეზი გამომდინარეობდა ქრონიკული ალკოჰოლიზმისგან. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ აწ. გარდაცვლილი თ.დ–ის მიერ კლინიკის დატოვება, არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო ისეთ გაუფრთხილებელ ქმედებად, რამაც შემდგომში პიროვნების თვითდაზიანება გამოიწვია იმ მოცემულობაში, როდესაც, თ.დ–ის მიერ კლინიკის დატოვებასა და მის გარდაცვალებას შორის კავშირში არ იკვეთებოდა. მოხმობილი სამართლებრივი შეფასების შედეგად კი, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მზღვეველის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი კანონისმიერი ან სახელშეკრულებო გარემოება გამოვლენილი და დადასტურებული არ ყოფილა და მზღვეველის უარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე იყო არამართლზომიერი.
24. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) 836-ე (დამზღვევს შეუძლია მზღვეველთან დადოს დაზღვევის ხელშეკრულება თავისი სახელით სხვა პირის სასარგებლოდ), 8431-ე (ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს დაზღვეული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან ან ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებული მკურნალობის და ამ ხელშეკრულებით შეთანხმებული სხვა სამედიცინო მომსახურების ხარჯები ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით. ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება დადოს დამზღვევმა დაზღვეული პირის სასარგებლოდ) მუხლებიდან გამომდინარეობდა.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების ფარგლებში დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს.
26. იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, ისე რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს წარმოადგენს, მხარეთა მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში.
27. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო.
28. მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა.
29. სსკ-ის 799-ე მუხლის ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.
30. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე.
31. შესაბამისად, მხარეთა მიერ დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული პირობების დაცვა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან შეძლებისდაგვარად გამოირიცხოს სახელშეკრულებო დათქმების შეუსრულებლობა, მაქსიმალურად შეიზღუდოს არაკეთილსინდისიერი მოქმედების წახალისება და ამით საფრთხე არ დაემუქროს საკუთრივ დაზღვევის რეალურ დანიშნულებასა და მიზანს.
32. იმისათვის, რათა მოხმობილი სამართლებრივი ნორმების განსახილველი დავის ფაქტობრივ გარემოებებთან სუბსუმირების შესაძლებლობა დადგინდეს, აუცილებელია გაირკვეს, ხომ არ ვლინდებოდა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებისგან საგამონაკლისო შემთხვევა, რაც კასატორის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს. საქმის მასალებში წარმოდგენილი ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებით გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს და ანაზღაურებას არ ექვემდებარება: 7.8. ალკოჰოლიზმთან, ნარკომანიასა და ტოქსიკომანიასთან დაკავშირებული ხარჯები; 7.10. სხეულის განზრახ, უხეში გაუფრთხილებლობით/თვითდაზიანებით გამოწვეულ დაავადებათა და შემთხვევათა სამედიცინო მომსახურების ხარჯები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის მოქმედებს სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით); 7.11. მკურნალობის ხარჯები გამოწვეული დაზღვეულის მიერ მისი სიცოცხლის უხეში გაუფრთხილებლობით ან/და განზრახ ხიფათში ჩაგდებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ის მოქმედებს სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით.
33. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს (იხ. სუსგ №ას-1147-1067-2017, 29.12.2017წ.).
34. კასატორის განმარტების თანახმად, ანამნეზი, დიაგნოზი, მკურნალობის სქემა და გარდაცვალების მიზეზი სრულად ემთხვევა ერთმანეთს და ადასტურებს დაზღვეულის ალკოჰოლიზმით გამოწვეული ჯანმრთელობის გაუარესებას. დიაგნოზად და შემდგომ უკვე გარდაცვალების მიზეზად გამოტანილია ვერნიკეს ენცეფალოპატია, რომელსაც მკურნალობდნენ მხოლოდ და მხოლოდ თიამინის გადასხმით. ტკიპის ნაკბენი კი (რაც მთავარი არგუმენტია გადაწყვეტილების გაუქმების) ვერნიკეს ენცეფალოპატიის გამომწვევი ვერ გახდება. მზღვეველი არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ საბოლოოდ დაზღვეულს დამატებით დაუდგინდა ბორელიოზი, თუმცა ამ შემთხვევაში აღნიშნული კავშირში არ არის ჩატარებულ მკურნალობასთან, გარდაცვალების მიზეზებთან და ის, რომ პაციენტს დიაგნოზთან ერთად დამატებით ჰქონდა ტკიპის ნაკბენი და ეს სამედიცინო დაწესებულებამ იკვლია დაგვიანებით (როგორც მხარე განმარტავს), წარმოადგენს მათთან დავის საგანს და ამაზე პასუხისმგებელი მზღვეველი ვერ იქნება.
35. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის აღნიშნულ შედავებას და მიუთითებს შპს „ჯ.ჰ–სის“ მიერ გაცემულ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიციო დოკუმენტაცია ფორმა NIV- 100/ა ცნობაზე, რომლის თანახმად, 06.09.2023 წელს პაციენტთან ვესტერნ- ბლოტინგის მეთოდით, დაუდასტურდა ბორელიოზი, კონსულტირდა ნევროლოგისა და ინფექციონისტის მიერ, მათთან შეთანხმებით შეიცვალა მკურნალობის სქემა, მოიხსნა teomicini da Meronemi, დაიწყო Doxociklini da Geftriaxoni ...25.09.2023 პაციენტის მდგომარეობა რჩებოდა უკიდურესად მძიმე, რასაც განაპირობებდა მისი ძირითადი დაავადება ...
სარჩელს ერთვის "რ.ლ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის" კვლევის შედეგი, რომლის თანახმადაც, თ.დ–ს დაუდასტურდა ბორელია; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შპს ,,ჯ.ჰ–ის’’ მიერ 2023 წლის 25 სექტემბერს გაცემული ცნობის თანახმად, დასტურდება, რომ თ.დ–ს აღენიშნებოდა შემდეგი ძირითადი ავადმყოფობები: ვერნიკეს ენცეპალოფატია, თავის ტვინის ინფარქტი, განვითარებული ცერებრული არტერიების დაუზუსტებელი ოკლუზიისა ან სტენოზის გამო, პლევრის სხვა დაზუსტებული მდგომარეობები, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, დაუზუსტებელი პნეუმონია, ლორწოვან ჩირქოვანი ქრონიკული ბრონქიტი ტრაქეოსტომის არასრულფასოვნება. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ თ.დ–ს ჰქონდა ლაიმის დაავადება. როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, საბოლოოდ, თ.დ–ს დაუდასტურდა ბორელია, რომელიც იწვევს ბორელიოზს, იგივე ლაიმის დაავადებას, აღნიშნულის საფუძველზე მას მოეხსნა დანიშნული პრეპარატი თიამინი და მკურნალობა გაგრძელდა ანტიბიოტიკებით. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სწორად არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ სიკვდილის მიზეზი ქრონიკული ალკოჰოლიზმისგან გამომდინარეობდა და აღნიშნული დაზღვევის ხელშეკრულების 7.8. მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისად უნდა შეფასებულიყო. საკასაციო პალატის განსჯით, სამედიცინო დოკუმენტაციაში არ არის მითითებული, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტისათვის გაწეული გეგმიური/გადაუდებელი ამბოლატორიული მომსახურება ალკოჰოლიზმთან დაკავშირებულ მომსახურებას წარმოადგენდა. წარმოდგენილი დოკუმენტებიდან არ დასტურდება, რომ თ.დ–ს ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და მისი გარდაცვალების მიზეზი სწორედ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული დაავადება გახდა. საკასაციო პალატა ასევე მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ თ.დ–ის მიერ კლინიკის დატოვება, არ შეიძლება მიჩნეული იქნეს ისეთ გაუფრთხილებელ ქმედებად, რამაც შემდგომში პიროვნების თვითდაზიანება გამოიწვია, მაშინ როდესაც, არცერთი სამედიცინო დასკვნა, თუ წერილობითი მტკიცებულება არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თ.დ–ის მიერ კლინიკის დატოვება გახდა მისი გარდაცვალების უშუალო მიზეზი.
36. ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახეზეა მხარეთა მიერ შეთანხმებით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევა, რაც მოსარჩელეს (დაზღვეულის უფლებამონაცვლეს) უფლებამოსილებას ანიჭებს მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურება, ხოლო მზღვეველს მის ანაზღაურებას ავალდებულებს.
37. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ უთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
38. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
40. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
42. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ (ს/ნ ..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 750 ლარის 70% - 525 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150 (საგადასახადო დავალება №1765535021, გადახდის თარიღი 12/12/2025);
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ბადრი შონია
ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე