დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 18.03.2026
საქმის ნომერი
ას-1590-2025
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-1590-2025

18 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ბ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს ,,ბ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნით.

2. შპს ,,ბ–იმ'' სარჩელით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნით.

3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2025 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ბ–ის“ სარჩელები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხე შპს „ბ–ს“ მოსარჩელის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 13 948 ლარის გადახდა და მოპასუხე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე შპს „ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 6 981.17 ლარის გადახდა.

4. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2025 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ–ის“ წარმომადგენელმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შპს „ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2025 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ბ–იმ“ და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება.

7. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ 2025 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა და იმ პერიოდში მოკლებული იყო შესაძლებლობას გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომელიც იმ ეტაპზე ვერ იქნა აღმოფხვრილი, მხარემ არაორაზროვნად გამოხატა ნება და პოზიცია, რომ არ ეთანხმებოდა მიღებულ გადაწყვეტილებას და სურდა დავის ზემდგომ ინსტანციაში გაგრძელება. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ, როგორც მოწინააღმდეგე მხარემ, ისარგებლა გასაჩივრების უფლებით და წარადგინა საკუთარი სააპელაციო საჩივარი, რომლის საპასუხოდ შპს ,,ბ–მა’’ წარადგინა სააპელაციო შესაგებელი, სადაც იმპერატიულად და მკაფიოდ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებაზე და დააკონკრეტა, რომ სასამართლოს წარუდგენდა შეგებებულ სააპელაციო საჩივარს და უფრო დეტალურად დაასაბუთებდა თავის პოზიციას. შესაბამისად, მათ წარადგინეს შეგებებული სააპელაციო საჩივარიც და სრულად იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის საფასური, რითაც გამოირიცხა ყოველგვარი ფინანსური და პროცესუალური დაბრკოლება საქმის წარმოებისთვის.

8. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი არასწორად დააკვალიფიცირა როგორც ,,დაზუსტებული’’ ან/და დაგვიანებული ძირითადი სააპელაციო საჩივარი და მისი შეფასებისას გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე და 374-ე მუხლები, რაც საპროცესო ნორმების უხეში დარღვევაა. განჩინების დასაბუთება არ შეესაბამება საქმეში არსებულ რეალობას, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა შეგებებული სააპელაციო საჩივრის, როგორც დამოუკიდებელი საპროცესო ინსტიტუტის, ბუნება და იგი გააიგივა სტანდარტულ სააპელაციო საჩივართან. დოკუმენტის შინაარსი, სააპელაციო შესაგებელში ხსენებული სამომავლო მოქმედების გეგმა და თანდართული სახელმწიფო ბაჟის გადახდის ფაქტი, უტყუარად ადასტურებდა მხარის ნებას, ესარგებლა შეგებებული საჩივრის უფლებით, რაც სასამართლომ უგულებელყო

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 დეკემბრის განჩინებით შპს ,,ბ–ის’’ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს; სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ, (შეგებებული) სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების საკითხი.

14. კერძო საჩივრით სადავოა საკითხი იმის შესახებ, შპს ,,ბ–ის’’ მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი თავისი არსით წარმოადგენდა თუ არა შეგებებულ სააპელაციო საჩივარს. სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი საჩივარი მიიჩნია დაზუსტებულ სააპელაციო საჩივრად და საპროცესო ვადის დარღვევით წარდგენის გამო, დატოვა განუხილველად.

15. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 აგვისტოს განჩინებით, შპს „ბ–ის“ სააპელაციო საჩივარზე, დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა დაეზუსტებინა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა; წარედგინა სააპელაციო საჩივრის ფასის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი). წარედგინა სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით). აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 10 დღე, განჩინების ასლის ჩაბარებიდან და განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

16. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

17. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 აგვისტოს განჩინება გაეგზავნა შპს „ბ–ის“, მის მიერ სააპელაციო საჩივარზე მითითებულ მისამართზე. გზავნილი ჩაჰბარდა ადრესატს (ნინო აბაიაძე - ადმინისტრატორი) 2025 წლის 05 სექტემბერს. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 06 სექტემბერს და ამოიწურა 2025 წლის 15 სექტემბერს.

18. ამ დროის განმავლობაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსათვის, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

19. შპს „ბ–ის“ მიერ (დაზუსტებული) სააპელაციო საჩივარი და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარი, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2025 წლის 13 ნოემბერს, ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი 10-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, რამაც სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, მისი განუხილველად დატოვება განაპირობა.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს ,,ბ–ის’’ მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2025 წლის 13 ნოემბერს წარდგენილი სააპელაციო საჩივარი ვერ განიხილება, როგორც შეგებებული სააპელაციო საჩივარი, შემდეგი გარემოებების გამო:

20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებს უფლება აქვთ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიტანონ სააპელაციო საჩივარი, თუმცა მოწინააღმდეგე მხარისათვის, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზით არ სურდა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება (მაგ: აღარ უნდოდა დავის გაგრძელება), ან კანონის მოთხოვნათა დარღვევის (მაგ: სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის) გამო არ წარადგინა ძირითადი სააპელაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლით (მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება) გათვალისწინებულია სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდეგ კანონით კონკრეტულად განსაზღვრულ ვადაში შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის შესაძლებლობა, რაც შეიძლება განხილულ იქნეს ასევე ე.წ დაგვიანებულ სააპელაციო საჩივრად. (იხ სუსგ. Nას-657-2022, 07.07.2022წ).

21. აღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარეობს, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული ძირითად სააპელაციო საჩივართან. თავისი ხასიათით, შეგებებული სააპელაციო საჩივარი არის ძირითადი სააპელაციო საჩივრის წინააღმდეგ მიმართული საჩივარი, რომლის მიზანია გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა აპელანტის მოთხოვნა.

22. შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც გასულია სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ან/და მხარეს უარი აქვს ნათქვამი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. ეს ის შემთხვევებია, როდესაც მხარეს რეალიზებული არ აქვს კანონით მინიჭებული გასაჩივრების უფლება (სააპელაციო ან საკასაციო წესით).

23. აქვე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გასაჩივრების უფლება პირმა შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ ერთხელ. შესაბამისად, თუ რომელიმე მხარემ გაასაჩივრა გადაწყვეტილება სააპელაციო ან საკასაციო წესით და მისი საჩივარი განუხილველად დარჩა დაუშვებლობის გამო, ასეთ მხარეს აღარ აქვს შეგებებული საჩივრის შეტანის უფლება. (იხ. სუსგ. Nას-657-2022, 07.07.2022წ).

24. როგორც წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2025 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით. აღნიშნული სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული 2025 წლის 12 აგვისტოს განჩინებით, შპს ,,ბ–ის’’ (კერძო საჩივრის ავტორს) წარმომადგენელს ვ.ბ–ს, თეთრიწყროს მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ასლი ჩაჰბარდა 2025 წლის 24 ოქტომბერს, ხოლო მის მიერ სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2025 წლის 13 ნოემბერს, კანონით დადგენილი 10-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.

25. განსახილველ საქმეზე დადგენილია ასევე, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის შპს ,,ბ–ის’’ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული ჰქონდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2025 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება, რაზეც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ჰქონდა ხარვეზი. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, აპელანტს ზემოაღნიშნული განჩინებით დადგენილი ვადის მიხედვით, ხარვეზი არ შეუვსია. განმეორებით, იმავე გადაწყვეტილების გასაჩივრება კი, თუნდაც შეგებებული სააპელაციო საჩივრის სახით, აღარ შეიძლება.

26. საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე მსგავს საკითხზე უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე ,,...რომ მხარეს შეგებებული საკასაციო საჩივრის წარდგენის უფლებით შეუძლია მხოლოდ მაშინ ისარგებლოს, თუ მას საკასაციო საჩივრით თვითონვე არ აქვს/არ ჰქონდა გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება/გადაწყვეტილება (იხ. სუსგ საქმე №ას-1608-2019, 5.06.2020 წ.)". მოცემულ საქმეში დადგენილია, რომ შეგებებული საკასაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის მოპასუხეს საკასაციო საჩივრით უკვე გასაჩივრებული ჰქონდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება, რაზეც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინებით დადგენილი ჰქონდა ხარვეზი. კასატორს ზემოაღნიშნული განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, ხოლო აღნიშნული ნაკლის გამოსწორება შეგებებული საკასაციო საჩივრით შეუძლებელია (იხ. სუსგ საქმე №ას-132-2021).

27. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 ნოემბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ნოემბრის განჩინება;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ბადრი შონია

ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე