დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-237-2025 16 მაისი, 2025 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - გ.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ე.ხ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება, უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ე.ხ–ძის (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი გ.მ–ის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მხარეებს შორის 2005 წლის 6 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა; მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების - 2005 წლის 24 ოქტომბერს დაბადებული ნ.მ–ისა და 2009 წლის 20 იანვარს დაბადებული მ.მ–ის - სასარგებლოდ ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტის, თითოეულისათვის 300 ლარის, გადახდა 2022 წლის 12 იანვრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების 2/3 წილის მესაკუთრედ ცნობაზე.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ და მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინებით, მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემ, თუმცა მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის განჩინებით განუხილველად დარჩა.
4. კასატორის მითითებით, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ნაცვლად, უნდა დაეკისროს თითოეულზე 100-100 ლარის გადახდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 თებერვლის განაჩენით დადგენილი ორი წლის თავისუფლების აღკვეთის ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში უნდა გათავისუფლდეს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისგან.
5. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ ალიმენტის დაკისრებისას არ გაითვალისწინა მისი მატერიალური მდგომარეობა. პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის მიზნით მოთავსებამდე, როგორც შრომისუნარიანი და პასუხისმგებლიანი პირი, მუშაობდა და იღებდა შესაბამის ანაზღაურებას, თუმცა მისი შემოსავალი არა მხოლოდ საბანკო და სხვა ვალდებულებების შესასრულებლად, არამედ ელემენტარული საარსებო მოთხოვნილებების მინიმალურ დონეზე დასაკმაყოფილებლადაც არ იყო საკმარისი. შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის გადახდას ვერ შეძლებდა, მით უფრო, რომ ქირით ცხოვრობდა და, საბოლოოდ, 750 ლარის ნაცვლად 900 ლარს იხდიდა.
6. კასატორის განმარტებით, მოსარჩელისა და არასრულწლოვანი შვილების მოთხოვნის საფუძველზე ამჟამად მსჯავრდადებულია და სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, შესაბამისად, ფაქტობრივად შრომისუუნაროა და ფიზიკურად არ შეუძლია ალიმენტის თანხის გამომუშავება.
7. კასატორის მითითებით, მართალია, კანონი პირდაპირ არ ითვალისწინებს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლებას, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1237-ე მუხლი სასამართლოს კანონის ანალოგიის პრინციპის საფუძველზე უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან უტყუარად დგინდება, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობებში მას არ შეუძლია შემოსავლის მიღება და, შესაბამისად, ალიმენტის გადახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ:
12.1 მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2005 წლის 6 ოქტომბრიდან.
12.2 თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი: 2005 წლის 24 ოქტომბერს დაბადებული ნ.მ–ი (შემდგომ - პირველი არასრულწლოვანი) და 2009 წლის 20 იანვარს დაბადებული მ.მ–ი (შემდგომ - მეორე არასრულწლოვანი).
12.3 მხარეებს შორის თანაცხოვრება შეწყვეტილია. ბავშვები ცხოვრობენ დედასთან ერთად.
12.4 მოპასუხის მიმართ, 2022 წლის პირველ იანვარს, გამოიცა შემაკავებელი ორდერი მოსარჩელეზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო. მოპასუხის მიმართ, იმავე წლის 9 თებერვალაც გამოიცა შემაკავებელი ორდერი მოსარჩელეზე ფსიქოლოგიური ძალადობის გამო.
12.5 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 3 იანვრის განჩინებით, ბრალდებულ მოპასუხეს აეკრძალა დაზარალებულთან - მოსარჩელესთან მიახლოება და ყოველგარი კომუნიკაცია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული განჩინებით სრულად იყო დაცული განმცხადებლის უფლებები, რის გამოც დამცავი ორდერის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
12.6 მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2022 წლის 5 იანვრის დასკვნის მიხედვით იყო შემდეგი: წინასწარი დაავადება - S06.0 თავის ტვინის შერყევა, K07.6 საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის ავადმყოფობები, F43.1 ტრავმული დაზიანება, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. 2022 წლის 6 იანვრის მდგომარეობით, მას ძირითად დაავადებად დაუდგინდა K07.6 საფეთქელ- ქვედაყბის სახსრის ავადმყოფობები - საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ტრავმული ართრიტი.
12.7 მოსარჩელის დეკლარირებული დასაბეგრი შემოსავალი 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 19 ივლისამდე შეადგენს 39,748.38 ლარს. ბოლო თვეების მონაცემებით, იგი დასაქმებულია შპს „მ.პ...“-ში, შპს „მ.ჯ.პ–ში“ და შპს „მ.პ..“-ში. იმავე პერიოდში მოპასუხის დეკლარირებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 35,275.99 ლარს. იგი დასაქმებულია სს „ს.ს.ს–ტ.დ–ში“. მოპასუხე ასევე იღებს პენსიას ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით.
12.8 მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ნივთები: ახმეტის რაიონი, სოფ. ...... (ს/კ .......); ახმეტის რაიონი, სოფელი ....... (ს/კ ........); ახმეტის რაიონი, სოფელი ......... (ს/კ ........).
12.9 მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, .......... (ს/კ .........), 2011 წლის 21 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2012 წლის 11 ოქტომბრის შეთანხმების საფუძველზე.
12.10 მოპასუხეს სს „ს.ბ–ის“ მიმართ აქვს ვალდებულება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. საწყისი ნაშთი შეადგენს 4615.38 ლარს, პირველი გადახდის თარიღია 23.02.2022 წელი, ხოლო ბოლო გადახდის - 23.01.2023 წელი. სს „თ.ბ–ში“ მოპასუხე 2010 წლიდან 2020 წლის ჩათვლით სარგებლობდა შემდეგი პროდუქტებით: განვადება 1405811-2167051, საწყისი თარიღი 29.07.2012, საწყისი თანხა 586 ლარი, სესხის პროცენტი 0%; განვადება 1405811-2318845, საწყისი თარიღი 05.04.2013, საწყისი თანხა 2000 ლარი, სესხის პროცენტი 0%; სამომხმარებლო სესხი 000646614, საწყისი თარიღი 28.07.2016, საწყისი თანხა 2000 ლარი, სესხის პროცენტი 9,72%; სწრაფი სამომხმარებლო სესხი 1405811-9714866, საწყისი თარიღი 21.03.2018, საწყისი თანხა 1000 ლარი, სესხის პროცენტი 11,5%; განვადება 1405811-10078779, საწყისი თარიღი 09.09.2018, საწყისი თანხა 3252,3 ლარი, სესხის პროცენტი 0%; განვადება 1405811-10530813, საწყისი თარიღი 19.06.2019, საწყისი თანხა 1260 ლარი, სესხის პროცენტი 0%. სწრაფი სამომხმარებლო სესხი 1 1405811-10754098, საწყისი თარიღი 28.11.2019, საწყისი თანხა 1000 ლარი, სესხის პროცენტი 12,5%; სწრაფი სამომხმარებლო სესხი 1 1405811-10772353, საწყისი თარიღი 09.12.2019, საწყისი თანხა 1200 ლარი, სესხის პროცენტი 13%.
13. განსახილველ საქმეზე კასატორი სადავოდ არ ხდის არასრულწლოვანი შვილების (რომელთაგან ერთ-ერთი ამჟამად უკვე სრულწლოვანია) რჩენის ვალდებულებასა და მათ სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლიანობას. შესაბამისად, საკასაციო განხილვის ფარგლები შემოიფარგლება მხოლოდ თითოეული არასრულწლოვანის სასარგებლოდ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის მართლზომიერების შემოწმებით. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, შეესაბამება თუ არა დაკისრებული ალიმენტის ოდენობა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, მხარეთა მატერიალურ შესაძლებლობებსა და ალიმენტის განსაზღვრისათვის კანონით დადგენილ კრიტერიუმებს.
14. ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1212-ე (მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1234.1 (იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან), 1198.2 (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) და 1202-ე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ) მუხლები.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი დაქორწინებული არიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და, ვინაიდან შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ №ას-1301-2019, 13.03.2020წ.; №ას-878-2021, 27.10.2021წ.).
16. საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს განმარტებული, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა იყოს ფორმალური და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად (იხ. სუსგ №ას-1610-1511-2012, 04.02.2013წ.; №ას-495-469-2015, 01.07.2015წ.; №ას-358-2023, 27.06.2023წ.; №ას-1556-2024, 06.02.2025წ.).
17. ბავშვის უფლებათა კონვენციის 27.2. მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (იხ. სუსგ №ას-1141-1061-2017, 10.10.2017წ.; №ას-1556-2024, 06.02.2025წ.).
18. ბავშვის უფლებათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად. საგულისხმოა, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ყოველ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრების ისეთ სტანდარტზე, რომელიც შეესაბამება მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების საჭიროებებს. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები, რომლებიც ხელს უწყობს მის სრულფასოვან ფიზიკურ, ინტელექტუალურ, გონებრივ, სოციალურ და მორალურ განვითარებას, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ბავშვის ცხოვრების სათანადო სტანდარტი ითვალისწინებს ბავშვის, სულ მცირე, საკვებით, სუფთა სასმელი წყლით, ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოთი, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობით, ჯანსაღი ცხოვრების წესის, კატასტროფისა და უბედური შემთხვევისგან დაცვის შესახებ საბაზისო ინფორმაციითა და შესაბამისი მექანიზმებით უზრუნველყოფას.
19. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ალიმენტის დაკისრებისას სასამართლომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების, მშობლის ფინანსური მდგომარეობისა და მისი სხვა საჭიროებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა (იხ.: სუსგ №ას-767-2021, 18.2021წ. №ას-1284-2020, 25.11.2022წ.).
20. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მეორე პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით, უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.
21. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას დაკისრებული ალიმენტის არაგონივრულობასთან დაკავშირებით, ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიუთითებს, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შვილების რჩენა-აღზრდისა და ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის სახით თითოეული შვილისათვის 300 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა არ უნდა იყოს სიმბოლური და გათვალისწინებულ იქნას სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმის ოდენობა (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo).
22. სასამართლოს განმარტებით, ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე მშობელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება იმ ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ, რომლებზეც სასამართლოებმა მისი მატერიალური შესაძლებლობების შეფასება დააფუძნეს. პირიქით, მისი საკასაციო პრეტენზია უმთავრესად ეფუძნება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენსა და მის შედეგად პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნას. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოპასუხე არ იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა განსაზღვრული იქნა სწორედ იმ პერიოდისათვის არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების, მათ შორის, მისი შემოსავლების, ქონებრივი მდგომარეობისა და მატერიალური შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე.
23. დადგენილია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებამდე მოპასუხე იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში სს „ს.ს.ს–ტ.დ–ში“, სადაც მისი საშუალო ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 19 ივლისამდე შეადგენდა 1959.77 ლარს (დარიცხული), ხოლო 2022 წლის მაისიდან – 2111 ლარს (დარიცხული). სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2023 წლიდან მას ერიცხებოდა 2323 ლარის ოდენობის შრომის ანაზღაურება. გარდა ამისა, იგი იღებს ყოველთვიურ პენსიას 400 ლარის ოდენობით. ამასთან, მის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება რამდენიმე უძრავი ნივთი, ხოლო საქმეში არ დასტურდება, რომ შვილების გარდა სხვა პირის მიმართ ეკისრება რჩენის ვალდებულება. აღნიშნული გარემოებები ერთობლიობაში ადასტურებს, რომ მოპასუხეს გააჩნდა და გააჩნია შემოსავლისა და ქონებრივი რესურსის ისეთი წყაროები, რომლებიც მისი მატერიალური შესაძლებლობების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული.
24. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხემ სს „ს.ბ–თან“ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება მის წინააღმდეგ დავის აღძვრის შემდეგ დადო. ამასთან, მას არ დაუსაბუთებია კრედიტის აღების აუცილებლობა და არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა განსაკუთრებული გარემოებების არსებობას და გაამართლებდა აღნიშნული ფინანსური ვალდებულების გათვალისწინებას ალიმენტის თითოეული ბავშვისათვის 100-100 ლარის ოდენობით განსაზღვრისას. აღნიშნული საკრედიტო ვალდებულება, მიუხედავად მისი ფინანსური ხასიათისა, ვერ ჩაითვლება უკვე განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო გადახდის ვადა 2023 წლის 23 იანვარს ამოიწურა.
25. რაც შეეხება სს „თ.ბ–ის“ მიერ გაცემულ დავალიანების შესახებ ცნობას, აღნიშნული დოკუმენტი ვერ ადასტურებს მოპასუხის მიმდინარე საკრედიტო დავალიანების არსებობას. მასში ასახულია მხოლოდ ცალკეული საკრედიტო პროდუქტების გახსნის (საწყისი) თარიღები, ხოლო ვალდებულებების მოქმედების ვადა, მათი დასრულება ან მიმდინარე მდგომარეობა საერთოდ არ არის მითითებული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მითითებული საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობა განხორციელებულია 2010-2020 წლებში, რაც აშკარად წინ უსწრებს განსახილველ პერიოდში არსებულ სადავო სამართლებრივ ურთიერთობას. შესაბამისად, აღნიშნული ისტორიული საკრედიტო ურთიერთობები, მათი დასრულების ან ამჟამინდელი სტატუსის დადასტურების გარეშე, ვერ განიხილება მოპასუხის მიმდინარე მატერიალური მდგომარეობის შემზღუდავ გარემოებად და ვერ მოახდენს გავლენას ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მისი რეალური გადახდისუნარიანობის შეფასებაზე.
26. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა მატერიალური მდგომარეობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში კასატორის მოთხოვნა ალიმენტის 100-100 ლარამდე შემცირების თაობაზე დაუსაბუთებელია. ამასთან, არასრულწლოვანთა საჭიროებები არ შემოიფარგლება მხოლოდ მათი ფიზიკური არსებობისათვის აუცილებელი მინიმალური ხარჯებით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მათი განათლებასთან, ჯანმრთელობის დაცვასთან, სოციალურ აქტივობებთან და სრულფასოვან განვითარებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებები, რაც შესაბამის ფინანსურ უზრუნველყოფას საჭიროებს.
27. სასამართლო, გარდა ზემოაღნიშნულისა, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ პირველი არასრულწლოვანი სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების მიმდინარეობისას, კერძოდ 2023 წლის 24 ოქტომბერს, გახდა სრულწლოვანი, რის შედეგადაც მის მიმართ საალიმენტო ვალდებულება შეწყდა. ამასთან, დადგენილია, რომ მისი სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტი მოიცავს 2022 წლის 12 იანვრიდან 2023 წლის 24 ოქტომბრამდე პერიოდს, როდესაც მოპასუხე არ იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, ახორციელებდა შრომით საქმიანობას, იღებდა ყოველთვიურ შრომით ანაზღაურებას და შესაბამისად გააჩნდა საალიმენტო ვალდებულების შესრულების რეალური მატერიალური შესაძლებლობა. ამდენად, აღნიშნული პერიოდისათვის დაკისრებული ალიმენტი არ უკავშირდება მოპასუხის შემდგომ პერიოდში დამდგარ თავისუფლების აღკვეთას.
28. რაც შეეხება მეორე არასრულწლოვნის სასარგებლოდ ყოველთვიურად დაკისრებულ ალიმენტს 300 ლარის ოდენობით, მისი შემცირების საფუძვლად ვერ შეფასდება მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხის მიმართ შემდგომში გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა. საქმეზე დადგენილია და არც სააპელაციო და არც საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მოპასუხე იღებს ყოველთვიურ პენსიას 400 ლარის ოდენობით, რაც ადასტურებს, რომ მისი შემოსავალი სრულად შეწყვეტილი არ არის. ამასთან, მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა თავისთავად არ ადასტურებს მატერიალური მდგომარეობის ისეთ გაუარესებას, რომელიც მოცემულ საქმეში ალიმენტის 100 ლარამდე შემცირების საფუძველს წარმოშობს. კასატორს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ მას სრულად შეუწყდა შემოსავლის ყველა წყარო ან რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პირობებში წარმოეშვა ისეთი განსაკუთრებული ფინანსური ვალდებულებები, რომლებიც ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა საალიმენტო ვალდებულების შესრულებას. ამასთან, პირველი არასრულწლოვანის სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ მოპასუხის საალიმენტო ვალდებულება შემოიფარგლება მხოლოდ ერთი არასრულწლოვნის მიმართ, რაც დამატებით გამორიცხავს მისი საალიმენტო ტვირთის არაგონივრულად გაზრდის შესახებ მსჯელობის საფუძვლიანობას.
29. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი განაჩენი წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ საპროცესო აქტს და იგი, თავისთავად, არ ადასტურებს საბოლოო და უცვლელ სამართლებრივ შედეგს. საქმის მასალებით არ დგინდება, გასაჩივრებულია თუ არა აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით და, სამოქალაქო დავის მიზნებიდან გამომდინარე, შესულია თუ არა იგი კანონიერ ძალაში. შესაბამისად, მისი სამართლებრივი შედეგები მოცემულ დავაში ვერ შეფასდება როგორც საბოლოოდ დადგენილი გარემოება, რომელიც ავტომატურად წარმოშობს ალიმენტის ოდენობის შეცვლის საფუძველს. ამასთან, თავისუფლების აღკვეთის ფაქტი თავისთავად არ წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ ავტომატურ საფუძველს ალიმენტის ოდენობის შემცირების ან ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებისათვის.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა და მისი შესაძლო შემცირება არ შეიძლება განხორციელდეს იმგვარად, რომ იგი ვერ უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანის რეალურ და სრულფასოვან საჭიროებებს. ბავშვის რჩენა არ შემოიფარგლება მხოლოდ საკვებით უზრუნველყოფით და მოიცავს განათლებასთან, ჯანმრთელობის დაცვასთან, საცხოვრებელ პირობებთან, ტანსაცმელთან და ყოველდღიურ განვითარებასთან დაკავშირებულ აუცილებელ ხარჯებს. ამიტომ, ალიმენტის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესს და მისთვის იმ მინიმალური, მაგრამ რეალურად ადეკვატური ცხოვრების სტანდარტის უზრუნველყოფას, რომელიც არ შეიძლება დაყვანილი იქნეს მხოლოდ ფიზიკური არსებობისთვის აუცილებელ მინიმუმამდე.
31. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე თითოეული არასრულწლოვნის მიმართ ალიმენტის განსაზღვრა განხორციელდა მათი ასაკის, საჭიროებებისა და მხარეთა მატერიალური შესაძლებლობების სათანადო შეფასების საფუძველზე. პირველი არასრულწლოვნის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტი შეესაბამებოდა იმ პერიოდისათვის არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, როდესაც იგი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, ხოლო მეორე არასრულწლოვნის მიმართ ალიმენტის 100 ლარამდე შემცირება ვერ უზრუნველყოფს მის რეალურ საჭიროებებს და ეწინააღმდეგება მისი საუკეთესო ინტერესის დაცვის სამართლებრივ სტანდარტს.
32. ნიშანდობლივია ისიც, რომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპისა და სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმების გათვალისწინებით, სსკ-ის 1237-ე მუხლის გამოყენებასთან ან მისი ანალოგიით გავრცელებასთან დაკავშირებული პრეტენზია მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში არ წარმოადგენს დასაშვებობის ეტაპზე შეფასებისათვის რელევანტურ სამართლებრივ საკითხს. შესაბამისად, აღნიშნული პრეტენზია ვერ წარმოშობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
33. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
35. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
36. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
37. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-358-2023, 27.06.2023წ. №ას-463-463-2018, 14.01.2020წ. №ას-1355-2019, 25.02.2020წ.; №ას-767-2021, 18.11.2021წ.).
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. გ.მ–ს (პ/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს.გ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 360 ლარის (საგადახდო დავალება №2645 / გადახდის თარიღი 26.11.2024), 70% - 252 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა