დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-334-2026 4 ივნისი, 2026 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნიკოლოზ მარსაგიშვილი (თავმჯდომარე)
მირანდა ერემაძე (მომხსენებელი),მოსამართლე: არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ს.დ–ვი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ტ–ვა (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 29 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ტ–ვს (შემდგომში მოსარჩელე ან განმცხადებელი) სარჩელი ს.დ–ის (შემდგომში მოპასუხე) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის, 1 485 000 აშშ დოლარის და სარგებელის, 90 000 აშშ დოლარის გადახდა; სარჩელი მოპასუხისთვის 15 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შეგებებული სარჩელი.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, ხოლო მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 15000 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისთვის დაკისრებაზე მოსარჩელისთვის უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილებში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა 15 000 აშშ დოლარიდან და მიუღებელი შემოსავლის სახით 1 500 000 აშშ დოლარიდან გადაუხდელი თანხის ყოველწლიური 3%.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
6. 2022 წლის 27 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხემ და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებაზე.
7. 2022 წლის 10 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
8. 2025 წლის 10 დეკემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის განმარტება იმ საფუძვლით, რომ როგორც სააღსრულებო საქმისწარმოებისას აღმოჩნდა, აღსასრულებელი გადაწყვეტილება შეიცავდა ხარვეზს - გადაწყვეტილებაში მითითებული არ იყო მოპასუხისთვის დარიცხული პროცენტის ათვლის თარიღი. აღნიშნული ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი, სააღსრულებო ფურცელი დაბრუნდებოდა უკან შეუსრულებელი სახით.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 29 იანვრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი - „მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოს სესხის ძირითადი თანხა 15000 აშშ დოლარი და მიუღებელი შემოსავლის სახით 1 მილიონ 500 000 აშშ დოლარიდან გადაუხდელი თანხის ყოველწლიური 3%“ - განიმარტა შემდეგნაირდ: „მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის 15 000 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 500 000 აშშ დოლარიდან გადაუხდელი თანხის ყოველწლიური 3% - 2015 წლის 1 იანვრიდან; ხოლო 1 000 000 აშშ დოლარიდან გადაუხდელი თანხის ყოველწლიური 3% - 2015 წლის 26 აპრილიდან“.
10. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე - მოსარჩელემ მოპასუხეს 6 თვით ასესხა 1 500 000 აშშ დოლარი, ხოლო მოპასუხემ მიიღო აღნიშნული თანხა სესხად, ხელშეკრულების ხელმოწერამდე; მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 2014 წლის 24 ოქტომბერს, მოპასუხემ მოსარჩელისგან ისესხა 1 500 000 აშშ დოლარი, საიდანაც მსესხებელს 500 000 აშშ დოლარი უნდა დაებრუნებინა 2014 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო 1 000 000 აშშ დოლარის 6 თვის შემდეგ ანუ 2015 წლის 25 აპრილამდე. სესხი ნაწილობრივ სარგებლიანი იყო.
11. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და აღნიშნა, რომ ვინაიდან განსამარტი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამომდინარეობს სამოტივაციო ნაწილში დაფიქსირებული მსჯელობიდან, სადაც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მიერ ნასესხები თანხის დაბრუნების დრო, არსებობდა წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
13. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ არსებობდა გადაწყვეტილების განმარტებისთვის კანონით დადგენილი წინაპირობები. მოპასუხე ვერ ასაბუთებს, რატომ არის განსამარტი გადაწყვეტილება ბუნდოვანი. სააპელაციო სასამართლომ თავისი განჩინებით შეცვალა 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი და მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 30 ივლისს, მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხის ათვლის წერტილად უსაფუძვლოდ მიიჩნია 6 წლისწინანდელი პერიოდი (თნხის გადახდის ათვლის პერიოდად ერთ შემთხვევაში განსაზღვრა 2015 წლის 1 იანვარი, ხოლო მეორე შემთხვევაში ამავე წლის 26 აპრილი). აღნიშნულით კი, აშკარად იცვლება სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი და თანხის ოდენობა იმდენად დიდია, რომ მნიშვნელოვნად ზიანდება მოპასუხის კანონისმიერი ინტერესები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
16. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატა იმსჯელებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხზე მიღებული განჩინების მართლზომიერებაზე.
17. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არარეალური იქნება, თუ კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა ხელს შეუწყობდა სასამართლოს საბოლოო, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობას ერთი მხარის საზიანოდ. გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება შეიძლება გამართლებულ იქნეს მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებებით, მაგრამ ზიანს არ უნდა აყენებდეს მე-6 მუხლით დაცული უფლების არსს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები: Hornsby c. Grèce, 19.03.1997, §40, Recueil 1997-II; „აპოსტილი საქართველოს წინააღმდეგ, N40765/02, §37, 28.11.2006; დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ, №8252/08, §43 12.06. 2012; შპს „ამატ. ჯი“ და მებაღიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, №2507/03, §47, 27.09.2005; შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ, №28537/02, §42, 27.09.2005, https://www. აგრეთვე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა სააღსრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე. https://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/saq.uzenaesi-sasamartlos-ertgvarovani-praqtika-saaxsrulebo urtiertobidan-gamomdinare-davebze.pdf).
18. სასამართლოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება, სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
19. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობისაკენ და უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას. ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და განსამარტი გადაწყვეტილებიდან არ გამომდინარეობდა.
20. სასამართლოს გადაწყვეტილებისა თუ განჩინების განმარტება არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მთლიანად ან რომელიმე კონკრეტული დებულების სადავოდ გახდის საპროცესო მექანიზმს. დაუშვებელია, მხარემ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მოთხოვნას საფუძვლად დაუდოს ამა თუ იმ საკითხის არასწორად გადაწყვეტა, კანონის არასწორად გამოყენება, განმარტება ან ისეთი გარემოება, რომელმაც შეიძლება რაიმე სახით არსებითად შეცვალოს განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილი მხარეთა სამართლებრივი მდგომარეობა. ამგვარი განცხადება უნდა დაემყაროს მხოლოდ კონკრეტული დებულების ბუნდოვანებას, ორაზროვნებას. განმარტების გზით არ შეიძლება გადაწყვეტილება სხვა ფაქტობრივ-სამართლებრივ შედეგს დაექვემდებაროს.
21. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით (რომლის განმარტებასაც ითხოვს მოსარჩელე) მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 15000 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისთვის დაკისრებაზე მოსარჩელისთვის უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილებში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა 15 000 აშშ დოლარიდან და მიუღებელი შემოსავლის სახით 1 500 000 აშშ დოლარიდან გადაუხდელი თანხის ყოველწლიური 3%;
22. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მისი აღსრულების მიზნებისთვის ნამდვილად შეიცავს ბუნდოვანებას - სარეზოლუციო ნაწილიდან არ ჩანს, თუ რა დროიდან (რა პერიოდიდან) უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საპროცენტო სარგებლის გადახდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ საფუძვლით (სააღსრულებო ფურცელში არ არის მითითებული დარიცხული პროცენტის ათვლის თარიღი) დაუბრუნა აღმასრულებელმა კრედიტორს (მოსარჩელეს) მის მიერ აღსასრულებლად წარდგენილი სააღსრულებო ფურცელი და დაავალა ხარვეზის აღმოფხვრა სასამართლოსთვის მიმართვის გზით (იხ. ტ. 2, ს.ფ 6).
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტება ემსახურება ბუნდოვანი გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობას მასში სიცხადის შეტანის გზით, თუკი შესაძლებელია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება შეავსოს სამოტივაციო ნაწილში მოცემულმა განმარტებებმა და გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა. გადაწყვეტილების განმარტება არ წარმოადგენს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მხარის შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ განაცხადოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით ის პრეტენზიები, რომლებიც მან წარსულში უკვე წარადგინა და არ იქნა გაზიარებული ან განხილული, ან საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე არ წარდგენილა.
24. წინამდებარე შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დაეფუძნა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახულ მსჯელობას (მოსარჩელემ მოპასუხეს 6 თვით ასესხა 1 500 000 აშშ დოლარი, ხოლო მოპასუხემ მიიღო აღნიშნული თანხა სესხად, ხელშეკრულების ხელმოწერამდე; მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 2014 წლის 24 ოქტომბერს, მოპასუხემ მოსარჩელისგან ისესხა 1 500 000 აშშ დოლარი, საიდანაც მსესხებელს 500 000 აშშ დოლარი უნდა დაებრუნებინა 2014 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო 1 000 000 აშშ დოლარის 6 თვის შემდეგ ანუ 2015 წლის 25 აპრილამდე. სესხი ნაწილობრივ სარგებლიანი იყო), საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მართებულად დაკმაყოფილდა განმცხადებლის (მოსარჩელის) მოთხოვნა, ხოლო გასაჩივრებული განჩინების წინააღმდეგ კერძო საჩივრის ავტორს არ წარუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.დ–ვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. მარსაგიშვილი
მომხსენებელი: მ. ერემაძე
მოსამართლე: ა. კოჭლამაზაშვილი