დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-1898-შ-66-2026
5 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.კ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ტ.კ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის ტერნოპოლის ოლქის ზბოროვის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უკრაინის ტერნოპოლის ოლქის ზბოროვის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით შეწყდა ტ.ვ. ასულ კ–სა და ა.კ–ს შორის ქორწინება, რეგისტრირებული 2019 წლის 10 აგვისტოს სსგს გურჯაანის სრს-ს მიერ (სააქტო ჩანაწერის N22193000683).
2. 2026 წლის 21 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა.კ–მა და მოითხოვა უკრაინის ტერნოპოლის ოლქის ზბოროვის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. უკრაინის ტერნოპოლის ოლქის ზბოროვის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ საქმეზე მოსარჩელეს ტ.ვ. ასული კ–ი წარმოადგენდა, ხოლო მოპასუხე თანახმა იყო ქორწინების შეწყვეტაზე.
4. უკრაინის ტერნოპოლის ოლქის ზბოროვის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 31 ივლისს.
5. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უკრაინის ტერნოპოლის ოლქის ზბოროვის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და საკითხის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
11. საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების მე-40 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ცნობენ და აღასრულებენ იუსტიციის დაწესებულებების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებს სამოქალაქო საქმეებზე, ასევე განაჩენებს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზარალი ანაზღაურების ნაწილში. ამავე ხელშეკრულების 43-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე ან აღსრულების ნებართვაზე შეიძლება უარი ითქვას: 1) თუ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს ან მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მისი წარმომადგენელს დროულად და სათანადო ფორმით არ ჩაბარდა სასამართლოში გამოძახების უწყება; 2) თუ იმავე სამართლებრივ დავაზე იმავე მხარეებს შორის ხელშეკრულების მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის დაწესებულებების მიერ ადრე აღძრული იყო წარმოება მოცემულ საქმეზე; 3) თუ ამ ხელშეკრულების დებულებების თანახმად, ან ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მის დაწესებულებათა განსაკუთრებულ კომპეტენციას.
12. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამასთან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე საქართველოს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია არ ვრცელდება. შესაბამისად, უკრაინის ტერნოპოლის ოლქის ზბოროვის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ტ.ვ. ასულ კ–სა და ა.კ–ს შორის ქორწინება, რეგისტრირებული 2019 წლის 10 აგვისტოს სსგს გურჯაანის სრს-ს მიერ (სააქტო ჩანაწერის N22193000683) ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების მე-40, 43-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.კ–ის შუამდგომლობა უკრაინის ტერნოპოლის ოლქის ზბოროვის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის ტერნოპოლის ოლქის ზბოროვის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ტ.ვ. ასულ კ–სა და ა.კ–ს შორის ქორწინება, რეგისტრირებული 2019 წლის 10 აგვისტოს სსგს გურჯაანის სრს-ს მიერ (სააქტო ჩანაწერის N22193000683);
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან ნემსაძე