არ დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 05.06.2026
საქმის ნომერი
ას-8-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-8-2026

5 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ც.კ–ი, ბ.ჯ–ი, ე.ტ–ძე, დ.ჯ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.გ–ნი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ს.გ–ნმა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ც.კ–ისა და ბ.ჯ–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 თებერვლის განჩინებით მოცემულ საქმეში თანამოპასუხეებად ჩაერთნენ ე.ტ–ძე და დ.ჯ–ი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ც.კ–ის, ბ.ჯ–ის, ე.ტ–ძისა და დ.ჯ–ის (შემდგომში ერთად - „მოპასუხეები“, „კერძო საჩივრის ავტორები“, „განმცხადებლები“) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებად N......... საკადასტრო კოდის ქვეშ რეგისტრირებული უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ............. (ძველი მისამართი: .........., ქუჩა 6/12), და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა ს.გ–ნს.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 08 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.

6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დგინდება, რომ 2025 წლის 25 სექტემბერს გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი; აღნიშნულ სხდომას ესწრებოდა აპელანტების წარმომადგენელი ალექსანდრე შალუტაშვილი. აპელანტების წარმომადგენელმა დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან სასამართლოს მე-18 დღეს მიმართა. საქმის მასალებით დგინდება, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადებული იყო 27.10.2025 წელს (იხ. ხელწერილი ს.ფ. 281, როცა მოსარჩელის წარმომადგენელმა ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილება). აპელანტების წარმომადგენელმა კი დასაბუთებული გადაწყვეტილება მეილის საშუალებით ჩაიბარა 2025 წლის 6 ნოემბერს.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა მოპასუხეებისათვის დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის (2025 წლის 25 ოქტომბერი) მომდევნო დღიდან - 2025 წლის 26 ოქტომბრიდან და შესაბამისად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადა 2025 წლის 10 ნოემბერს ამოიწურა. (8-9 ნოემბერი შაბათი-კვირა). აპელანტების წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში გააგზავნა 2025 წლის 17 ნოემბერს (იხ. ს.ფ. 202), კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს კერძო საჩივარი.

9. კერძო საჩივრის თანახმად, აპელანტების წარმომადგენელს მოსამართლის თანაშემწემ დასაბუთებული განჩინების თაობაზე აცნობა 2025 წლის 6 ნოემბერს. დასაბუთებული გადაწყვეტილება არ მომზადებულა 30 დღის ვადაში და მომზადდა 33-ე დღეს. შესაბამისად, გასაჩივრების ვადა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან უნდა ათვლილიყო. მხარე ასევე მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინებით დაირღვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

14. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევას.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ [სსსკ-ის 369.1 მუხლი]. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია [სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილი].

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (სუსგ. №ას-873-2018, 31 იანვარი 2019 წელი). გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი).

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება (იხ. სუსგ საქმე №ას-1495-2018, 01 ივლისი, 2019 წელი; №ას-1289-2019, 24 ოქტომბერი, 2019 წელი; №ას-749-2023, 05 ივლისი, 2023 წელი).

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (სუსგ საქმეზე №ას-1161-1106-2014, 30 დეკემბერი 2014 წელი).

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

20. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მოპასუხეთა წარმომადგენელი ესწრებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას და მისთვის ცნობილი იყო გასაჩივრების წესის შესახებ. მიუხედავად ამისა, სასამართლოს კანონით დადგენილ, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-იდან-30 დღის ვადაში სასამართლოსთვის არ მიუმართავს. განცხადება დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ წარდგენილია სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-18 დღეს (იხ. ს.ფ.279).

21. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ (განსახილველ შემთხვევაში მე-18 დღე). ამასთან, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად - „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“ (შდრ. საქმე №621-2021, 2021 წლის 30 ივლისის განჩინება).

22. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხეთა მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ განცხადებით სასამართლოსთვის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-18 დღეს - 2025 წლის 13 ოქტომბერს მიმართვა ვერ ჩაითვლება სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილი წესის შესრულებად, შესაბამისად, მოპასუხეთა მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან-30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა) მომდევნო დღიდან, რისი გათვალისწინებითაც, როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხეთათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 26 ოქტომბერს და იმავე წლის 10 ნოემბერს ამოიწურა (მე-14 დღე იყო 8 ნოემბერი, შაბათი დღე სსსკ-ის 61.2 მუხლი).

23. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2025 წლის 17 ნოემბერს, რაც სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე მისი განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივართა პრეტენზიას დასაბუთებული გადაწყვეტილების ვადის დარღვევით მომზადებასთან დაკავშირებით, რამდენადაც საქმის მასალებით მსგავსი არ დასტურდება. კერძოდ, არ არის წარდგენილი სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების ვადის დარღვევას დაადასტურებდა. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომლის შესაბამისად, საქმის მასალებით დგინდება, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადებული იყო 27.10.2025 წელს (იხ. ხელწერილი ს.ფ. 281, როცა მოსარჩელის წარმომადგენელმა ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილება), აღნიშნული დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილ ვადაში მომზადების ფაქტის დასადასტურებლად არის მითითებული და არ გულისხმობს, რომ იგი 2025 წლის 27 ოქტომბერს მომზადდა. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა დასაბუთებული გადაწყვეტილება 2025 წლის 27 ოქტომბერს 12 საათსა და 40 წუთზე ჩაიბარა (იხ. ს.ფ. 281).

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სადავო საპროცესო ვადა მართებულად გამოიანგარიშა, როდესაც მისი ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღიდან.

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: Nას-558-533-2016, 15 ივლისი 2016 წელი; Nას-562-537-2016, 15 ივლისი 2016 წელი; Nას-650-616-2015, 26 ივლისი 2015წელი).

28. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით, ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5) (იხ.: სუსგ. №ას-1615-2019, 14 იანვარი 2020 წელი; №ას-991-2024, 31 ოქტომბერი 2024 წელი). გასაჩივრების ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (იხ. სუსგ. №ას-1226-2019, 23 დეკემბერი 2019 წელი, №ას-1299-2021, 15 თებერვალი 2022 წელი).

29. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების (რაც თავის თავში მოიცავს სასამართლო ხელმისაწვდომობასაც) დარღვევის ფაქტი არ დგინდება.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ც.კ–ის, ბ.ჯ–ის, ე.ტ–ძისა და დ.ჯ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

ლევან ნემსაძე