დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 30.06.2026
საქმის ნომერი
ას-301-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-301-2026 30 ივნისი, 2026 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ს–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, კომპენსაციის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში - დამსაქმებელი ან სააგენტო ან მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ე.ს–ძის (შემდეგში: დასაქმებული ან მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2022 წლის 31 ოქტომბრის N01/779 ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 2 000 (ხელზე მისაღები) ლარის და იძულებითი განაცდურის სახით 2022 წლის 01 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1500 (დასაბეგრი) ლარის გადახდა დაეკისრა.

2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1.მოსარჩელე დასაქმებული იყო სააგენტოში, სხვადასხვა პოზიციაზე;

2.2.გათავისუფლების დროისთვის, მოსარჩელე დანიშნული იყო სააგენტოს ეკონომიკური სამსახურის უფროსი სპეციალისტის (აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით) პოზიციაზე უვადოდ; მისი შრომის ყოველთვიური ანაზღაურება 1500 (დასაბეგრი ოდენობა) ლარს შეადგენდა;

2.3.სააგენტოს გენერალურ დირექტორმა 2021 წლის 25 ნოემბერს N02/76 ბრძანება გამოიცა სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ;

2.4.სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა 2022 წლის 07 ოქტომბერს N02/54 ბრძანება გამოსცა რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და გადარჩევის წესის შესახებ. აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, გადარჩევას დასაქვემდებარებელ თანამშრომელთა იდენტიფიცირების, მათი კომპეტენციებისა და უნარების განსაზღვრის მიზნით, კომისია უზრუნველყოფს გასაუბრების ჩატარებას. აღნიშნული ბრძანების მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია, გაითვალისწინოს გადარჩევას დასაქვემდებარებელ თანამშრომელთა კომპეტენცია, სხვა ობიექტური გარემოებები და დასაბუთებული მონაცემები ასახოს გასაუბრების სხდომის ოქმში;

2.5.მოსარჩელე სააგენტოში ჩატარებულ გასაუბრებაში მონაწილეობდა;

2.6.თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის 2022 წლის 13 ოქტომბრის ოქმის მიხედვით მოსარჩელე უარყოფითად შეფასდა;

2.7.სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის 31 ოქტომბრის ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 47.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელესთან 2022 წლის 01 ნოემბრიდან შეწყდა შრომითი ურთიერთობა და ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაცია მიეცა.

3. სააპელაციო პალატამ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, მოპასუხისთვის კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების თაობაზე წარდგენილი მოსარჩელის მოთხოვნები სშკ-ის 47.1. „ა“, 48.8 და 48.9 მუხლების სამართლებრივი საფუძვლებით შეაფასა.

4. იმ საკითხის შესაფასებლად რამ განაპირობა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება და დასაქმებულთა შერჩევის რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა დამსაქმებელმა სადავო გადაწყვეტილების მიღებისას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სააგენტოს 2022 წლის 15 იანვრისა და 2022 წლის 31 ოქტომბრის ბრძანებებზე (საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ), რომლითაც დასტურდებოდა, რომ რეორგანიზაციამდე სააგენტოს ეკონომიკურ სამსახურში გათვალისწინებული იყო ექვსი საშტატო ერთეული, კერძოდ: სამსახურის უფროსის საშტატო ერთეული, სამსახურის უფროსის მოადგილის (ბიუჯეტის დაგეგმვის მიმართულებით) - 1 საშტატო ერთეული, უფროსი სპეციალისტის - 3 საშტატო ერთეული (მათ შორის, ერთი - აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით, ერთი - შესყიდვების მიმართლებით და ერთი - მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით) და უმცროსი სპეციალისტის (მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით) - 1 საშტატო ერთეული. 2022 წლის 31 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, ეკონომიკურ სამსახურში საშტატო ერთეულების რაოდენობა უცვლელი დარჩა; გაუქმდა უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით და შეიქმნა სამსახურის უფროსის მოადგილის საშტატო ერთეული აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით. გაიზარდა უმცროსი სპეციალისტის და უფროსი სპეციალისტის (მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით) თანამდებობრივი სარგოები, სამსახურის უფროსის მოადგილის (აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით) ანაზღაურება განისაზღვრა 3000 ლარით.

5. ზემოდადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სააგენტოს ეკონომიკურ სამსახურში სამუშაო ძალის შემცირებას ადგილი არ ჰქონია.

6. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საშტატო ერთეულების საერთო რაოდენობა არ შემცირებულა, დამსაქმებელს უნდა დაემტკიცებინა, რომ ორგანიზაციული ცვლილებების შედეგად გაუქმებული (უფროსი სპეციალისტის) და შექმნილი (სამსახურის უფროსის მოადგილის) საშტატო ერთეულები არსებითად განსხვავებული ფუნქცია-მოვალეობების მქონე იყო.

7. დამსაქმებელმა მიუთითა, რომ სამსახურის უფროსის მოადგილეს, უფროს სპეციალისტთან შედარებით, სხვა ფუნქცია-მოვალეობები დაემატა, თუმცა, კონკრეტულად რა ფუნქციები დაემატა, არ განუმარტავს, არც აღნიშნული პოზიციებისთვის განსაზღვრული სამუშაო აღწერილობები წარმოუდგენია. საქმეში მხოლოდ საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ბრძანებებია წარმოდგენილი, საიდანაც ირკვევა, რომ ორივე საშტატო ერთეულის ფუნქციები აღრიცხვა-ანგარიშგებასთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა ორგანიზაციული ცვლილებების ფარგლებში მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის გაუქმების აუცილებლობა, რაც თავის მხრივ მოსარჩელესთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებას არამართლზომიერს ხდის.

8. ამასთან, რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეიქმნილი კომისიის 2022 წლის 13 ოქტომბრის №4 ოქმის თანახმად, დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხების საფუძველზე, კომისიის წევრებმა პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით, გასაუბრებაში მონაწილე თითოეული პირი შეაფასეს, რაც თანამშრომელთა შეფასების ფორმაში ასახეს.

9. ოქმის მიხედვით, მოსარჩელე უარყოფითად შეფასდა. ოქმზე დართულ შეფასების ფორმაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ კომისიის თავმჯდომარის მიერ მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ მისი ძირითადი ფუნქციაა აღრიცხვა-ანგარიშგების წარმართვა, ხაზინის პროგრამაში მუშაობა, საწყობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; აღნიშნა, რომ საწყობი იყო პარალიზებული, ვინაიდან მას არ ჰქონდა მისი მართვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. კომისიის თავმჯდომარის მიერ დასმულ შეკითხვაზე, როგორც პასუხისმგებელმა პირმა, ერთი წლის განმავლობაში, რატომ არ მიიღო შესაბამისი ზომები, პრობლემური საკითხის მოსაგვარებლად და რატომ არ ჩააყენა საქმის კურსში ხელმძღვანელი, მოსარჩელემ განაცხადა, მხოლოდ ის ვერ იზრუნებდა აღნიშნულ საკითხზე. მოსარჩელესთან გასაუბრებით გამოიკვეთა, რომ იგი უპასუხისმგებლოდ და გულგრილად ეკიდება სამსახურებრივ საქმიანობას. იგი არ ცდილობს სამსახურში არსებული პრობლემის გამოსწორებას, არ ასრულებს მის მოვალეობას სათანადოდ და ცდილობს თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა, რითაც ფერხდება სააგენტოს ფუნქციონირება. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებული პასუხისმგებელია საწყობის გამართული მუშაობაზე, იგი ერთი წლის განმავლობაში გულგრილად ეკიდებოდა აღნიშნულ საკითხს და პრობლემის მოგვარება არ უცდია, მეტიც, კომისიის წევრებმა გასაუბრების ეტაპზე შეიტყვეს ხსენებული პრობლემის თაობაზე.

10. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ოქმის შინაარსის, ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი პოზიციის მიხედვით, საწყობის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით მოსარჩელე უარყოფითად შეფასდა მის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე. მოსარჩელესთან ჩატარებული გასაუბრების აუდიო/ვიდეო ჩაწერა არ განხორციელებულა. თავად მოსარჩელე უარყოფს საწყობთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ოქმში წარმოდგენილი ფორმულირებით პასუხის გაცემას. მოსარჩელის მითითებით, მას არ განუცხადებია, რომ საწყობის მართვისთვის საჭირო შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნია. მოსარჩელის განმარტებით, უშუალოდ საწყობის გამართულად ფუნქციონირება მხოლოდ მისი კომპეტენცია არ იყო და საწყობზე მიმაგრებული იყო სხვა თანამშრომელიც. ამასთან, ამ მიმართულებით იყო გარკვეული პრობლემები, თუმცა ამის უმთავრესი მიზეზი, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, ხელმძღვანელ პირებთან აუცილებელი კომუნიკაციის არარსებობა იყო, რასთან დაკავშირებითაც თავისი პოზიცია გაუზიარა კომისიის წევრებს.

11. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, როდესაც მოპასუხე მოსარჩელეს ედავება სამსახურებრივი ვალდებულებების შეუსრულებლობას, აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხეს უნდა წარმოედგინა. საქმეში კი, არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ დასაქმებულის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, რაც შესაძლებლობას მისცემდა დამსაქმებელს, დაედასტურებინა მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი ვალდებულებების შეუსრულებლობა.

12. არ დასტურდებოდა რა შინაარსის კითხვებით დაადგინა კომისიამ მოსარჩელის კომპეტენცია ან რა კრიტერიუმებით და მეთოდებით განსაზღვრა მოსარჩელის უნარ-ჩვევები. მით უფრო, მოსარჩელე წლების განმავლობაში იყო დასაქმებული და იმავე ფუნქციებს ასრულებდა, თუმცა მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოყენებული არ ყოფილა; გარდა ამისა, სააგენტოში აღნიშნულ რეორგანიზაციამდე ათი თვით ადრეც განხორციელდა ორგანიზაციული ცვლილებები, რა დროსაც, მოსარჩელე დადებითად შეფასდა.

13. რაც შეეხება ახლად შექმნილ საშტატო ერთეულზე დანიშვნისთვის მოსარჩელის შესაბამისობის დადგენას. როგორც ზემოთ აღინიშნა, მიუხედავად ზეპირი განმარტებისა, დამსაქმებელს არ მიუთითებია, რა დამატებითი ფუნქციები განისაზღვრა ამ პოზიციისთვის და არც შესაბამისი სამუშაო აღწერილობები წარმოუდგენია. ამდენად, მოპასუხემ ვერ დაამტკიცა რომ ობიექტური და გამჭვირვალე კრიტერიუმებით შეამოწმა ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს აღნიშნული პოზიციის დაკავებისთვის საჭირო კომპეტენცია.

14. შესაბამისად, დამსაქმებლის გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ არ ემყარება მოსარჩელის, როგორც დასაქმებულის სამუშაოს შესრულების, კვალიფიკაციის არც რაოდენობრივ, არც ხარისხობრივი შეფასების კრიტერიუმებს, რის გამოც, დამსაქმებლის გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე კანონსაწინააღმდეგოა.

15. სშკ-ის 48-ე მუხლის თანახმად ბრძანების ბათილობის შედეგად რესტიტუციის სახით მოსარჩელეს კომპენსაცია - 2000 ლარი (ხელზე მისაღები) მიეკუთვნა. ამასთან, აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ყოველთვიურად 1500 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით, 2022 წლის 01 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

16. დამსაქმებლის პოზიცია, რომ მოსარჩელისთვის განაცდურის მიკუთვნებისას, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოსარჩელის მიერ მიღებული შემოსავალი სხვა წყაროდან, უარყოფილი იქნა რამდენადაც შემოსავალი საბუღალტრო მომსახურებისთვის, რასაც მოსარჩელე დისტანციურად ასრულებდა შეთავსებადი იყო მის სააგენტოში საქმიანობასთან, კერძოდ, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტების საწინააღმდეგო გარემოება, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება და მოპასუხე მხარეს არც სასამართლოს წინაშე უშუამდგომლია შესაბამისი მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე. სხვა მხრივ, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ დასაქმებულის მიერ მიღებული შემოსავალი შეიძლება გამოაკლდეს იძულებითი განაცდურის ოდენობას, თუ აღნიშნული შემოსავალი მიღებულია ისეთი საქმიანობიდან, რომელიც შეუთავსებელი იქნებოდა მის ადრინდელ პოზიციაზე შრომითი მოვალეობების შესრულებასთან.

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა აპელანტმა.

18. კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის შესახებ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნებს.

19. კასატორი აღნიშნავს, სააგენტოში რეორგანიზაციის ფარგლებში სხვა სტუქრტურულ ცვლილებებთან ერთად ისეთი პოზიციები შემცირდა რომელთა არსებობა აუცილებელი არ იყო. დამტკიცდა განახლებული საშტატო ნუსხა, რომლითაც განისაზღვრა ეკონომიკრი სამსახურის მოადგილის (აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით) საშტატო ერთეული რომელშიც გადავიდა ეკონომიკური სამსახურის უფროსი სპეციალისტის ფუნქციები (აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით), შესაბამისად, ეს უკანასკნელი პოზიცია გაუქმდა. დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერების დასტურია, თუნდაც, გასაუბრების ოქმი, რომლის შინაარსით ირვევა, რომ მოსარჩელე დაკისრებულ მოვალეობებს სათანადოდ არ ასრულებდა, ცდლობდა პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, რაც აფერხებდა სააგენტოს ფუნქციონირებას, რის გამოც, მოსარჩელე უარყოფითად შეფასდა.

20. კასატორი აღნიშნავს, რომ იძულებით განაცდურს უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის ის შემოსავალი, რასაც ეს უკანასკნელი გათავისუფლების შემდეგ საბუღალტრო მომსახურებისთვის სხვა წყაროდან იღებდა.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

22. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

23. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

24. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. შესაბამისად, ამ განჩინების პ:2-ში მითითებულ გარემოებებს საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა აქვთ, რადგან მათ მიმართ კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

25. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია რეორგანიზაციის საფუძვლით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება. ამასთან, პალატის შეფასების საგანს არა გამოცხადებული რეორგანიზაციის ჩატარების საფუძვლიანობა, არამედ მისი უარყოფითი შედეგების უშუალოდ დასაქმებულამდე დაყვანის კანონიერება წარმოადგენს.

26. ამ თვალსაზრისით, დადგენილია, რომ 2022 წლის 07 ოქტომბერს სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და გადარჩევის წესის შესახებ N02/54 ბრძანება გამოსცა. ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, გადარჩევას დასაქვემდებარებელ თანამშრომელთა იდენტიფიცირების, მათი კომპეტენციებისა და უნარების განსაზღვრის მიზნით, კომისია უზრუნველყოფს გასაუბრების ჩატარებას. მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია, გაითვალისწინოს გადარჩევას დასაქვემდებარებელ თანამშრომელთა კომპეტენცია, სხვა ობიექტური გარემოებები და დასაბუთებული მონაცემები ასახოს გასაუბრების სხდომის ოქმში.

27. მოსარჩელემ სააგენტოში ჩატარებულ გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო.

28. დამსაქმებელმა მოსარჩელესთან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა. შეწყვეტის საფუძვლად განმარტა, რომ სააგენტოში დამტკიცდა განახლებული საშტატო ნუსხა, რომლითაც განისაზღვრა ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილის (აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით) საშტატო ერთეული, რომელშიც გადავიდა ეკონომიკური სამსახურის უფროსი სპეციალისტის ფუნქციები (აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით), შესაბამისად, ეს უკანასკნელი პოზიცია გაუქმდა. რეორგანიზაციის ფარგლებში მუშაკთა შესაბამისობის/კვალიფიკაციის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასება განხორციელდა. გასაუბრების ოქმის მიხედვით კი, მოსარჩელე დაკისრებულ მოვალეობებს სათანადოდ არ ასრულებდა, ცდილობდა პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, რაც აფერხებდა სააგენტოს ფუნქციონირებას. შესაბამისად, მოსარჩელე უარყოფითად შეფასდა.

29. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ შრომით დავებში ფაქტებზე მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი პროცესის სხვადასხვა მონაწილეს ეკისრება, კერძოდ, დასაქმებული უთითებს სამუშაოდან მისი გათავისუფლებისათვის აუცილებელი სშკ-ის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობაზე, ხოლო დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძვლის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება (Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 7). ამდენად, შრომითისამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის მნიშვნელოვანი საფუძვლის (“Good Reason“) არსებობის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება. კანონმდებლის ასეთი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებში „სუსტი მხარის" - დასაქმებულის პროცესუალური თანადგომა პრიორიტეტულია. ცხადია, ეს არ უნდა იქნეს მიჩნეული შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად. მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. დამსაქმებელი სარგებლობს მტკიცებითი უპირატესობით, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საამისოდ გათვალისწინებული მართლზომიერი საფუძველი ჰქონდა“ (იხ., ილონა გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბ., 2020 წელი, გვ: 229-231; 258-259).

30. დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ გასაუბრების ოქმზე დართულ თანამშრომლის შეფასების ფორმაში მითითებულია შემდეგი: „მოსარჩელემ კომისიის თავმჯდომარის მიერ მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ მისი ძირითადი ფუნქციაა აღრიცხვა-ანგარიშგების წარმართვა, ხაზინის პროგრამაში მუშაობა, საწყობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; მანვე აღნიშნა, რომ საწყობი იყო პარალიზებული, ვინაიდან მას არ ჰქონდა მისი მართვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. კომისიის თავმჯდომარის მიერ დასმულ შეკითხვაზე, როგორც პასუხისმგებელმა პირმა, ერთი წლის განმავლობაში, რატომ არ მიიღო შესაბამისი ზომები, პრობლემური საკითხის მოსაგვარებლად და რატომ არ ჩააყენა საქმის კურსში ხელმძღვანელი, მოსარჩელემ განაცხადა, მხოლოდ ის ვერ იზრუნებდა აღნიშნულ საკითხზე. მოსარჩელესთან გასაუბრებით გამოიკვეთა, რომ იგი უპასუხისმგებლოდ და გულგრილად ეკიდება სამსახურებრივ საქმიანობას. იგი არ ცდილობს სამსახურში არსებული პრობლემის გამოსწორებას, არ ასრულებს მის მოვალეობას სათანადოდ და ცდილობს თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა, რითაც ფერხდება სააგენტოს ფუნქციონირება. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებული პასუხისმგებელია საწყობის გამართულ მუშაობაზე, იგი ერთი წლის განმავლობაში გულგრილად ეკიდებოდა აღნიშნულ საკითხს და პრობლემის მოგვარება არ უცდია, მეტიც, კომისიის წევრებმა გასაუბრების ეტაპზე შეიტყვეს ხსენებული პრობლემის თაობაზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელე ფასდება უარყოფითად“ (ს.ფ. 85, 86).

31. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის მიერ, თავისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში წარმოდგენილი გასაუბრების შესახებ წერილობითი ოქმი, რომელიც ხელმოწერილია კომისიის წევრების მიერ, არ შეიცავს დეტალურ ინფორმაციას გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ, ხოლო აუდიო/ვიდეო ჩაწერა ჩატარებული გასაუბრებისას არ განხორციელებულა. უშუალოდ ოქმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ მოსარჩელე უარყოფითად შეფასდა მის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე. თუმცა, თავად მოსარჩელე უარყოფს საწყობთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ოქმში ასახული შინაარსით პასუხის გაცემას. მოსარჩელის მითითებით, მას არ განუცხადებია, რომ საწყობის მართვისთვის საჭირო შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნია. მოსარჩელის განმარტებით, უშუალოდ საწყობის გამართულად ფუნქციონირება მხოლოდ მისი კომპეტენცია არ იყო და საწყობზე მიმაგრებული იყო სხვა თანამშრომელიც. ამასთან, ამ მიმართულებით იყო გარკვეული პრობლემები, თუმცა ამის უმთავრესი მიზეზი, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, ხელმძღვანელ პირებთან აუცილებელი კომუნიკაციის არარსებობა იყო, რასთან დაკავშირებითაც თავისი პოზიცია გაუზიარა კომისიის წევრებს.

32. გარდა ზემოაღნიშნულისა, დამსაქმებელი უთითებს, რომ მოსარჩელე შეაფასდა კვალიფიკაციისა და საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით ჩატარებული გასაუბრების შედეგებით, თუმცა, არ ირკვევა კონკრეტულად რა შინაარსის კითხვებით დაადგინა კომისიამ მოსარჩელის კომპეტენცია ან რა კრიტერიუმებით და მეთოდებით განსაზღვრა მოსარჩელის უნარ-ჩვევები. მით უფრო, მოსარჩელე წლების განმავლობაში იყო დასაქმებული სააგენტოში და იმავე ფუნქციებს ასრულებდა, თუმცა მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოყენებული არ ყოფილა; გარდა ამისა, სააგენტოში სადავო რეორგანიზაციამდე ათი თვით ადრეც განხორციელდა ორგანიზაციული ცვლილებები, რა დროსაც, მოსარჩელე დადებითად შეფასდა.

33. საკასაციო პალატა არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს: „სასამართლომ რომ შეაფასოს რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერება და მათი გავლენა დასაქმებულზე, აუცილებელია შეფასდეს თუ რა კრიტერიუმებით ხდება თანამშრომელთა შორის გასათავისუფლებელი და შრომით ურთიერთობაში დასატოვებელი დასაქმებულების შეფასება/გადარჩევა. ამ პროცესის მიმდინარეობისას, დამსაქმებლის მოქმედებები უნდა იყოს მართლზომიერი, კეთილსინდისიერი, გონივრული, სამართლიანი, წინასწარ განჭვრეტადი, ობიექტური და დასაბუთებული. სშკ-ი ამგვარი განჭვრეტადი კრიტერიუმების ჩამონათვალს არ შეიცავს, თუმცა საქართველოს უზენაესმა სასამართლოს პრაქტიკაში განმარტებულია, რომ „გასაუბრების“, რომელმაც უნდა დაადგინოს დასაქმებულთა კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან და რომელსაც შესაძლოა, შრომითი ხელშეკრულების მოშლა მოჰყვეს, ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ობიექტურობაა. პრინციპი, რომლის მიხედვითაც, კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამორიცხავდეს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ცხადია, კომისიამ თანამშრომლებთან „შეფასება/გასაუბრების“ გამართვისას, უნდა გამოიყენოს იმგვარი პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები, რაც შექმნის თითოეული თანამშრომლის კვალიფიკაციისა თუ პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ რეალურ სურათს (შდრ. სუსგ-ები №ას-268-2021, 22.10.2021წ.;№ას-1079-2022, 24 თებერვალი 2023, პპ: 35, 36).

34. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელს გასაუბრების უარყოფითი შედეგების დასადასტურებლად უფრო ნეიტრალური მტკიცებულება უნდა წარმოედგინა ვიდრე წერილობით შედგენილი შეფასებითი ხასიათის გასაუბრების ოქმი (შდრ: სუსგ №ას-1165-2022 22 მარტი, 2023 წელი, პ.14.10).

35. ამასთან, დამსაქმებელმა ვერც მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის გაუქმების ობიექტური საჭიროება ვერ დაადასტურა და ამ ნაწილშიც გასაზიარებელია სააპელაციო პალატის მსჯელობები, რომელიც ასახულია ამ განჩინების პპ: 6,7-ში.

36. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ბრძანება მართებულად იქნა ბათილად ცნობილი (იხ., სუსგ №ას-118-2025, 26.09.2025წ.)

37. ამასთან, უკანონოდ დათხოვნილი მუშაკის უფლებრივი რესტიტუციაც სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების მიხედვით სწორად განხორციელდა.

38. კასატორის შედავება რომ იძულებით განაცდურს უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის ის შემოსავალი, რასაც ეს უკანასკნელი გათავისუფლების შემდეგ საბუღალტრო მომსახურებისთვის სხვა წყაროდან იღებდა, გასაზიარებელი არაა.

39. საკასაციო პალატა განმარტავს, ისეთი ვითარება, როდესაც გათავისუფლებული პირი სასარჩელო წესით იცავს თავის უფლებას, თან იმავდროულად სხვაგან იწყებს მუშაობას, იმთავითვე არ გამორიცხავს, რომ მას იძულებითი განაცდური სრული მოცულობით მიეკუთვნოს. ასეთ შემთხვევაში, უნდა დასტურდებოდეს, რომ იძულებითი მოცდენის პერიოდში სხვა დამსაქმებელთან შესრულებული სამუშაოს ხასიათი და მოცულობა ისეთია, რომ მისი შეთავსება ძირითად სამუშაოსთან შესაძლებელი იქნებოდა და არ დააბრკოლებდა იმ სამსახურში მოვალეობების შესრულებას, საიდანაც უკანონო გათავისუფლების გამო მოესპო კუთვნილი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა.

40. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებდა, რომ შემოსავალი საბუღალტრო მომსახურებისთვის, რასაც იგი დისტანციურად ასრულებდა შეთავსებადი იყო სააგენტოში მის საქმიანობასთან. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ დასაბუთებული საკასაციო შედავება კასატორს არ წარმოუდგენია.

41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

42. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს (ს.კ: 20456.....) დაუბრუნდეს 24.03.2026წ. №06284 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2800 ლარიდან - 1,960 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე