დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 25.06.2026
საქმის ნომერი
ას-529-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-529-2026 25 ივნისი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ლ.ს–ძე (აპელანტი, მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანებების და დასკვნების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

1.1. ლ.ს–ძემ (შემდგომში დასაქმებული, მოსარჩელე, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში დამსაქმებელი, მოპასუხე, სააგენტო) მიმართ და მოითხოვა: 1) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის N317176/17 დასკვნის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, იმ ნაწილში, რომლითაც დასაქმებულს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სასტიკი საყვედური; 2) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 18 დეკემბრის ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც დასაქმებულს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სასტიკი საყვედური; 3) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის დეპარტამენტის 2024 წლის 25 დეკემბრის N336572/17 დასკვნის ბათილად ცნობა, რომლითაც დასაქმებულს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური; 4) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2024 წლის 27 დეკემბრის ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ცვლილება შევიდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 18 დეკემბრის ბრძანებაში და დასაქმებულს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური; დამსაქმებლისთვის დასაქმებულის სასარგებლოდ ბონუსის სახით - 2242.8 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი:

4.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.2.1. მოსარჩელე 2017 წლის 21 ივლისიდან - დღემდე დასაქმებულია მოპასუხე ორგანიზაციაში და იკავებს სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიწის სპორადული რეგისტრაციის სამსახურის სპეციალისტის პოზიციას;

5.2.2. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება 2023 წლის პირველი ნოემბრიდან - 2024 წლის პირველ იანვრამდე შეადგენდა 2178 ლარს, ხოლო 2024 წლის პირველი იანვრიდან განისაზღვრა 2394 ლარით;

5.2.3. 2023 წლის 5 ივნისს მოპასუხე ორგანიზაციას განცხადებით მიმართა ვ.ს–ის წარმომადგენელმა სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით უძრავ ნივთზე, მდებარე: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი .........;

5.2.4. აღნიშნულ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 13 ივნისის No882023559674-06 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ 2023 წლის 7 ივნისის N119145 წერილით ქვემო ქართლის რეგიონული არქივიდან და სსიპ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია და სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა 2023 წლის 7 ივნისის N119145 წერილზე პასუხის მიღებისთანავე; - მარეგისტრირებელი ორგანოს 2023 წლის 27 ივნისის N882023559674-10 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით, დაიტერესებულ პირს განემარტა, რომ წარსადგენი იყო საკუთრების უფლების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი; - 2023 წლის 03 ივლისის N882023559674-12 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას ვერ იქნა მოძიებული საკუთრების უფლების/ მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციისთვის უნდა ჩატარებულიყო მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. დაინტერესებულ პირს უნდა უზრუნველეყო მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებაში იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების/ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირების მონაწილეობა;

5.2.5. 2023 წლის 17 ივლისს მოსარჩელემ წარადგინა მეზობლების ნ.შ–ას, გ.ტ–ის და ი.ა–ის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმზე თანხმობა. აღნიშნული თანხმობის მიხედვით, ზემოხსნებულმა პირებმა დაადასტურეს, რომ ვ.ს–ი და მისი კომლი სარეგისტრაციო ობიექტს ფლობდა 2007 წლის სექტემბრამდე;

5.2.6. 2023 წლის 17 ივლისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N882023559674-16 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რომ უძრავი ნივთის საკადასტრო აღწერის შედეგები საჯარო გაცნობისთვის უნდა გამოქვეყნებულიყო;

5.2.7. 2023 წლის 03 აგვისტოს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება N882023559674-168 საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ, სადაც განმარტებული იყო, რომ ყველას ჰქონდა უფლება წარედგინა დასაბუთებული წერილობითი მოსაზრება საჯარო გაცნობისთვის წარდგენილ დოკუმენტებთან დაკავშირებით ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში;

5.2.8. მარეგისტრირებელი ორგანოს 2023 წლის 17 აგვისტოს No882023559674-23 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით განიმარტა რომ ოქმის შედგენის დროს დაფიქსირდებოდა ზედდება რეგისტრირებულ მონაცემთან: საკადასტრო კოდი ......, მესაკუთრე - ვ.ს–ი;

5.2.9. 2023 წლის 06 აგვისტოს, მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართა ზედდებაში მყოფმა ნაკვეთის მესაკუთრე ვ.ს–მა და წარადგინა ოქმზე ხელის მომწერი პირებიდან: (გ.ტ–ი, ი.ა–ი და ნ.შ–ა) გ.ტ–ის და ი.ა–ის განცხადება, რომლითაც ისინი უარს აცხადებდნენ თავიანთ ხელმოწერაზე;

5.2.10.გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ წარსადგენი იყო მოწმეების ხელახალი თანხმობა;

5.2.11.ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ვ.ს–ის სახელზე საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები და აისახა დაუზუსტებელი სახით;

5.2.12.მარეგისტრირებელი ორგანოს 2023 წლის 21 აგვისტოს No882023559674-26 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების No829522 ოქმით დადასტურდა დაინტერესებული პირის მფლობელობაში აზომილი, 351 კვ.მ. მიწის ფართობის 2007 წლის 20 სექტემბრამდე და ოქმის შედგენის თარიღისთვის ფლობის ფაქტი. უძრავი ქონება ს.კ ........ დარეგისტრირდა ვ.ს–ის სახელზე; შემდგომში, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების (21.08.2023 წ.) საფუძველზე ქონების

5.2.13.მესაკუთრედ აღირიცხა ს.ს–ი.

5.2.14.საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2023 წლის 4 სექტემბერს ვ.ს–ის მიერ წარდგენილი იქნა No882023972982 სარეგისტრაციო განცხადება, N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გაუქმების მოთხოვნით;

5.2.15. განცხადებაში ვ.ს–ი არ ეთანხმებოდა N........ საკადასტრო კოდზე ვ.ს–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას და გაუმართლებლად მიაჩნდა მისი საკუთრების უფლების შელახვა;

5.2.16.განცხადებაზე წარდგენილი იქნა იმ პირთა (ნ.ს–ის, ნ.შ–ას და ც.ჯ–ის) წერილობითი მოსაზრებები, რომლებმაც 2023 წლის 17 ივლისს და 21 აგვისტოს ხელმოწერებით დაადასტურეს, რომ ვ.ს–ი ადგილზე დათვალიერების ოქმში ასახულ უძრავ ნივთს ფლობდა 2007 წლის 20 სექტემბრამდე და ოქმის შედგენის თარიღისთვისაც. მათი განმარტებით, დაინტერესებული პირის შვილიშვილმა - ს.ს–მა ისინი შეცდომაში შეიყვანა და არ ფლობდენ ინფორმაციას ვ.ს–ის მიერ მიწის ნაკვეთის 2007 წლის 20 სექტემბრამდე ფლობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მოითხოვეს, რომ მათი ხელმოწერა არ ყოფილიყო გათვალისწინებული საჯარო რეესტრის მიერ;

5.2.17.სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 08 სექტემბრის No882023972982-03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ No882023559674 სარეგისტრაციო განცხადების საფუძველზე ადგილზე დათვალიერების დროს არსებული უძრავი ნივთი ვერ იქნებოდა თვითნებურად დაკავებული ვ.ს–ის მიერ, რადგან აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეესაბამებოდა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ საინვენტარიზაციო გეგმას და წარმოადგენდა სხვის (ვ.ს–ის, როგორც თ.ს–ის მემკვიდრის) მართლზომიერ მფლობელობაში/საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს. ამასთან, მოწმეები მიუთითებდნენ, რომ ს.ს–ი, რომელიც No882023559674 სარეგისტრაციო წარმოებაზე წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე არის ვ.ს–ის წარმომადგენელი, ამავდროულად ვ.ს–ის შვილიშვილიც იყო. ვ.ს–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოხდა ისე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოებაში არ ჩაურთავს დაინტერესებული პირი - ვ.ს–ი, რითაც დაირღვა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. აღნიშნული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2023 წლის 21 აგვისტოს No882023559674-26, 2023 წლის 21 აგვისტოს No882023889196-03, 2023 წლის 23 აგვისტოს No882023893030-03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები და N........ საკადასტრო კოდზე (მესაკუთრე - ვ.ს–ი) აღდგა 2023 წლის 21 აგვისტოს No882023887892-03 გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა;

5.2.18. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 08 სექტემბრის No882023972985-03 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით No882023889196 და No882023893030 სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით მიღებული იქნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება ვ.ს–ის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც სსიპ საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 06 ნოემბრის No239825 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით;

5.2.19.რუსთავის საქალაქო სასამართლოს 25.09.2024.წ გადაწყვეტილებით (საქმე N3-377-23), სანდრო და ვ.ს–ების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 8 სექტემბრის No882023972982-03 და 2024 წლის 5 იანვრის No892023242951-14 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ გამოეცა ახალი აქტი;

5.2.20.ს.ს–ი არის მოსარჩელის მეუღლე, ხოლო ვ.ს–ი არის ს.ს–ის ბაბუა, ს.ს–ი დასაქმებულია სააგენტოში;

5.2.21.2023 წლის 11 სექტემბერს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“ მეშვეობით შიდა კონტროლის დეპარტამენტში შევიდა სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსის ლაშა ექიზაშვილის მიერ შედგენილი No230920/17 მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმად, სააგენტოს თანამშრომელთა ქმედებებში შესაძლოა ადგილი ჰქონოდა დისციპლინური გადაცდომის ფაქტს.

5.2.22.ზემოაღნიშნული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 25 ნოემბრის No2169/ს ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შრომის შინაგანაწესის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით,საჯარო რეესტრის შიდა კონტროლის დეპარტამენტმა 2023 წლის 17 სექტემბერს No235974 გადაწყვეტილებით დაიწყო დისციპლინური წარმოება, ხოლო 2023 წლის 11 ოქტომბრის No257734 გადაწყვეტილებით დისციპლინური წარმოების საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა 3 თვემდე;

5.2.23.სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსის 15.11.2023.წ No291271 გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს დაევალა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში წარედგინა წერილობითი ახსნა-განმარტება (კერძოდ, N882023559671 განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების პროცესში ჰქონდა თუ არა კონტაქტი სააგენტოს რომელიმე თანამშრომელთან/ თანამშრომლებთან, თუ ჰქონდა, ვისთან ჰქონდა, რამდენჯერ და რა ფორმით ჰქონდა, ჩაერია თუ არა სარეგისტრაციო წარმოების პროცესში და განახორციელა თუ არა ზეწოლა რაიმე ფორმით) სამსახურებრივი მეილის მეშვეობით და შესაბამისი მტკიცებულებები სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად წარმოებული საქმის მასალები;

5.2.24.სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსის 15.11.2023.წ გადაწყვეტილების საფუძველზე, ლ.ს–ძემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის სახელზე წარადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელშიც განმარტა შემდეგი: „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიწის სპორადული რეგისტრაციის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე ვმუშაობ 2017 წლის ივლისიდან. ამ ხნის მანძილზე ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას ვასრულებ კეთილსინდისიერად. ...განცხადების საფუძველზე დაწყებულ სარეგისტრაციო წარმოების No882023559674 ფარგლებში 2023 წლის აგვისტოში კომუნიკაცია მქონდა რეგისტრატორ კ–ძესთან. მე მას ვუთხარი, რომ აღნიშნული განცხადება, რომელიც მას უნდაგანეხილა შეეხებოდა ჩემს ახლობელს (ჩემი მეუღლის ბაბუას, ვ.ს–ს) და ვთხოვე განეხილა დროულად, კანონის ფარგლებში. როგორც აღმოჩნდა, ნ. კ–ძემ საჯარო განაცხადის გამოქვეყნების თარიღი პროგრამული განახლების ნაცვლად განაახლა ხელით, რის გამოც საჯარო გამოქვეყნების ვადად მითითებული იქნა არა 2023 წლის 17 აგვისტო, არამედ 2023 წლის 17 სექტემბერი. შესაბამისად, ნ. კ–ძემ დაუშვა მექანიკური შეცდომა. სწორედ ამის შესახებ მივუთითე ნ. კ–ძეს. მან მიპასუხა, რომ დაშვებული იყო შეცდომა, რომელსაც გამოასწორებდა და რეგისტრატორის კომენტარის გრაფაში დატოვებდა შენიშვნას,რომ განცხადება რეალურად უნდა განხილულიყო 17 აგვისტოს და არა 17 სექტემბერს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ნ. კ–ძემ რეგისტრატორის კომენტარის გრაფაში შეცდომით კვლავ 17 სექტემბერი ჩაწერა. მე ამის შესახებ ვუთხარი ნ. კ–ძეს, მან მითხრა, რომ გაასწორებდა დაშვებულ შეცდომას. რამდენიმე დღის შემდეგ ნ. კ–ძემ შემატყობინა, რომ მოწმეებმა, რომლებიც ადასტურებდნენ – ვ.ს–ის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს, გაითხოვეს თავიანთი თანხმობა და მათ თანხმობას სარეგისტრაციო წარმოების დროს ვეღარ გამოიყენებდა. მე დავეთანხმე ნ. კ–ძეს და ვუთხარი, რომ ანალოგიურ შემთხვევაში მეც ასევე მოვიქცეოდი. ამის შემდეგ, მიმღების მეშვეობით ვ.ს–მა შეიტყო, რომ ზემოაღნიშნულ მოწმეთა მიერ თანხმობის გათხოვა არ იყო დამოწმებული არც ნოტარიალურად და არც საჯარო რეესტრში რეგისტრაციის წესით და ის დანართის სახით ერთვოდა მოდავე მხარის - ვ.ს–ის განცხადებას. აღნიშნულის შესახებ ვესაუბრე ნ. კ–ძეს, რომელთან ერთად იყო მენეჯერი ტ.გ–ი და ვკითხე, ხომ არ უნდა ჩაებათ საქმის წარმოებაში მესამე პირად ვ.ს–ი და ხომ არ უნდა დაევალებინათ მისთვის დამოწმებული განცხადებების წარმოდგენა თანხმობის გათხოვის თაობაზე. მათ მიპასუხეს, რომ მოწმეთა ხელახალი თანხმობა უნდა წარმოედგინა ვ.ს–ს. ნ. კ–ძემ ასევე მითხრა, რომ, რადგან მან ხელით განაახლა განცხადება, მოწმეთა ხელახალი თანხმობის წარმოდგენის შემთხვევაში შევხმიანებოდი, რათა არ დარღვეულიყო კანონით დადგენილი ვადა. 2023 წლის 21 აგვისტოს, ვ.ს–მა საჯარო რეესტრში წარადგინა მოწმეთა თანხმობა, რის თაობაზეც შევატყობინე ნ. კ–ძეს. მან მიპასუხა, რომ განიხილავდა - განცხადებას. იმავე დღეს, სარეგისტრაციო წარმოება დასრულდა და უძრავი ქონება დარეგისტრირდა ვ.ს–ის სახელზე. ამის შემდეგ არც ნ. კ–ძესთან და არც სარეგისტრაციო სამსახურის რომელიმე თანამშრომელთან აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში კონტაქტი არ მქონია. მიმაჩნია, რომ ყველა ზემოაღნიმნულ შემთხვევაში, არავითარი ზემოქმედება არ განმიხორციელებია არცერთ პირზე და არ ჩავრეულვარ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში. მე მხოლოდ მივუთითე იმ შეცდომაზე, რომელიც რეგისტრატორის მიერ იქნა დაშვებული სარეგისტრაციო წარმოების პროცესში, რასაც რეალურად ჰქონდა ადგილი. აქვე თქვენს ყურადღებას მივაპყრობ იმ გარემოებას, რომ ჩემი მეუღლე ს.ს–ი, რომელიც მუშაობდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის სამსახურის სპეციალისტად, სისტემატურად ამახვილებდა ხელმძღვანელობის ყურადღებას მის თანამშრომელთა რთულ სამუშაო პირობებსა და დაბალ ხელფასებზე. 2022 წლის 5 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა ბრძანება N1981/ს ს. ს–თვის დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ. შემდგომში, როდესაც ს. ს–მა სასამართლოში შეიტანა სარჩელი, სააგენტოს სახდელის შეფარდების შესახებ, თავმჯდომარემ თავისი N2904ს (02.11.2022) ბრძანებით გააუქმა აღნიშნული ბრძანება. ამჟამად, ჩემი მეუღლის მიმართ აბსურდული ბრალდების წარდგენა და ჩემს მიმართ დისციპლინური დევნის დაწყება, ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ხორციელდება უკანონო დევნა, როგორც ჩემს ისე ჩემი მეუღლის მიმართ“.

5.2.25.2023 წლის 10 ნოემბერს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის სახელზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიწის სპორადული რეგისტრაციის სამსახურის სპეციალისტმა ნ. კ–ძემ წარადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელშიც განმარტა შემდეგი: „ამა წლის 5 ივნისს, დაინტერესებულმა პირმა ვ.ს–მა /01001..../ წარმოადგინა განცხადება N882023559674 და მოითხოვა სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით რეგისტრაცია. გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ქვემო ქართლის რეგიონული არქივიდან და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან უფლების დამდგენი დოკუმენტის მოძიების თაობაზე. ვინაიდან, უფლების დამდგენი დოკუმენტი ვერ იქნა მოძიებული, ამა წლის 3 ივლისს N882023559674-12 გადაწყვეტილებით დაინიშნა ადგილზე დათვალიერება. დათვალიერების დროს, ამა წლის 13 ივლისს, დაინტერესებული პირის მითითებით აიზომა 351 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სარეგისტრაციოდ კი შემოტანილი იყო 117 კვ.მ. რეგისტარტორის ს.შ–ძის მიერ N829522 ოქმის დასკვნაში მიეთითა, რომ აღიარებისთვის საჭიროა წარმოდგენილ იქნეს იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის/მფლობელის (მოსარგებლის) მიერ წერილობით დადასტურება, რომ დაინტერესებული პირი აგეგმილ აზომილ მიწის ნაკვეთს ფლობდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბრამდე) და ოქმის შედგენის თარიღისთვისაც ფლობს. აღნიშნული დაუდასტურებლობის შემთხვევაში მიიღება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. ფიქსირდება ზედდება რეგისტრირებულ მონაცემთან: ს/კ ......., მესაკუთრე - ვ.ს–ი (პ/ნ ........). საჯარო გაცნობის ვადის გასვლის შემდეგ, აღნიშნული ზედდება დაკორექტირდება მყარი მიჯნის შესაბამისად. ამა წლის 17 ივლისს დაინტერესებული პირის წარმომადგენელმა ლ.ს–ძემ წარმოადგინა ბლოკში არსებული სამი მოწმის ხელმოწერა, სადაც დასტურდება დაინტერესებული პირის ვ.ს–ის ფლობის ფაქტი 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით და ოქმის შედგენის თარიღისთვის. მე, რეგისტრატორ ნ.კ–ძეს, მიმდინარე განცხადება დამეწერა ამა წლის 2 აგვისტოს. ამავე თარიღში ჩვენი თანამშრომელი ლ.ს–ძე შემოვიდა ჩემს სამუშაო ოთახში N510-ში დაახლოებით 13:30 წუთზე და ამავე ოთახში მჯდომ ჩვენივე თანამშრომელს ნ.ლ–ძეს ჰკითხა, თუ რომელი იყო ნ.კ–ძე, რადგან აქამდე მე აღნიშნულ პიროვნებას გამარჯობითაც არ ვიცნობდი. ნ.ლ–ძემ მიუთითა ჩემს სამუშაო მაგიდისკენ, რის შემდეგაც მოვიდა ლ.ს–ძე ჩემს სამუშაო მაგიდასთან და მითხრა, რომ დამეწერა მისი ახლობლის ვ.ს–ის საქმე, აქამდე ეწერა ს.შ–ძეს და რადგან ის იყო შვებულებაში, მე ვიყავი ამ საქმის შემსრულებელი. ლ.ს–ძემ მითხრა დაინტერესებული პირის სახელი და გვარი, მოვძებნე აღნიშნული პირის განცხადება, რომ გადავხედე, მიმდინარე განცხადებას არ უწევდა განხილვის ვადა, ვინაიდან არ იყო გასული საჯარო გამოქვეყნების ვადა 30 დღე, ამიტომ ძირეულად არ გადამიხედავს განაცხადისთვის. ლ.ს–ძე ჩაერია სარეგისტრაციო პროცესში და მიმითითა, რომ ყვითელი ფენები 99% ემთხვეოდა დაინტერესებული პირის, ვ.ს–ის მონაცემებს და რეგისტრაციის დროს სხვა დამაბრკოლებელი გარემოება არაფერი არ იყო. ვინაიდან არ უწევდა განხილვა აღნიშნულ განაცხადს, ვუთხარი ლ.ს–ძეს, რომ როცა გაუვიდოდა საჯარო გამოქვეყნების ვადა, მაშინ განვიხილავდი მიმდინარე განაცხადს. ლ.ს–ძის ოთახიდან გასვლის შემდეგ, N882023559674-18 გადაწყვეტილებით პროგრამულად უნდა მიმეცა არ აღმოიფხვრა შეჩერების საფუძველი, რადგან გამოქვეყნების ვადა არ იყო გასული. ამ გადაწყვეტილებაში შეჩერება შეცდომით ორჯერ ჩაკოპირდა და ამის გამო ხელით მომიწია განცხადების განახლება 13:37 წუთზე და ხელახლა შევაჩერე No882023559674-20-ით 13:38 წუთზე შესწორებული სახით. ამის გამო კომენტარი რეგისტრატორისთვის მივუთითე, რომ საჯარო გაცნობის ვადა გავიდოდა ამა წლის 17 სექტემბერს, ნაცვლად 17 აგვისტოსი (ხელით განახლებული განაცხადი იმ თარიღში არ გამიახლდებოდა, როცა გამოქვეყნებას ვადა გაუვიდოდა). დაახლოებით ერთ წუთში კიდევ შემოვიდა ლ.ს–ძე და მეუბნება რომ საჯარო გამოქვეყნების ვადა 17 სექტემბერს კი არა 17 აგვისტოს გასდიოდა. ხელახლა მივუთითე კომენტარი რეგისტრატორისთვის გრაფაში, რომ საჯარო გამოქვეყნების ვადა გასდიოდა 17 აგვისტოს. ვინაიდან აღნიშნული განცხადება არ გამიახლდებოდა 17 სექტემბრამდე, ლ.ს–ძეს ვუთხარი, რომ ჩავინიშნავდი სტიკერზე აღნიშნულ საქმეს და 17 აგვისტოს განვიხილავდი. ამა წლის 17 აგვისტოს, როდესაც განცხადების განხილვის ვადა დადგა, გადავხედე განცხადებას N882023559674 და 11 აგვისტოს დამატებულ ფაილში მესაკუთრე ვ.ს–ს, რომლის მიწის ნაკვეთზეც იყო ზედდება, წარმოდგენილი ჰქონდა განცხადება, სადაც ბლოკში არსებული მესაკუთრე გ.ტ–ი და ი.ა–ი აუქმებდნენ თავიანთ ხელმოწერას. ვ.ს–ის მიერ ასევე დამატებით წარმოდგენილი იყო სახლის ტექ- ინვენტარიზაციის არქივში თ.ს–ის სახელზე აღწერილი მონაცემები და სამკვიდრო მოწმობის ასლი, რის საფუძველზეც დარეგისტრირდა ვ.ს–ის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთი. იმის გამო, რომ კოლეგამ მთხოვა განცხადებისთვის ყურადღება მიმექცია, ჩავთვალე საჭიროდ, რომ მივსულიყავი ლ.ს–ძის ოთახში N513-ში და მეთქვა, რომ განცხადებაზე ორი მოწმე გ.ტ–ი და ი.ა–ი აუქმებდნენ თავიანთ ხელმოწერას, რაზეც ლ.ს–ძემ მითხრა რომ ვ.ს–ის მიერ წარმოდგენილ მოწმეების თანხმობას არ ქონდა საჯარო რეესტრის ბეჭედი და რომ ესაუბრა კანცელარიის თანამშრომელს და იმანაც დაუდასტურა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ჩაბარებული იყო ვ.ს–ის მიერ და ადგილზე არ ყოლია აღნიშნული პიროვნებები გ.ტ–ი და ი.ა–ი. ამაზე, მე ვუთხარი, რომ აშკარად იყო სადავო საქმე და რადგან წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებაზე რომ არ იყო შესაბამისი ბეჭედი, ამას არ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში და წარმოდგენილი მოწმეების თანხმობით ვერ დავასრულებდი სარეგისტრაციო წარმოებას. ვუთხარი, რომ აღნიშნულ საქმეს შევათანხმებდი მენეჯერთან და მივიღებდი შესაბამის კანონიერ გადაწყვეტილებას. ამ პასუხით დავტოვე ლ.ს–ძის სამუშაო ოთახი. დაახლოებით ორ წუთში შემოვიდა ჩემს სამუშაო ოთახში და დაჯდა ჩემს სამუშაო მაგიდის გვერდით მდგარ სკამზე და იქიდან დაუწყო მენეჯერს ტ.გ–ს აღნიშნული სიტუაციის მოყოლა, რაზეც მენეჯერმა უთხრა რომ არ ქონდა არსებითი მნიშვნელობა ბეჭდის არქონას და რომ შევაჩერებდით აღნიშნულ განაცხადს 30 დღით და დამატებით მოვთხოვდით ბლოკში არსებული ორი მოწმის თანხმობას ან არსებული თანხმობის ძალაში დატოვების ფაქტს დადასტურებულს მოწმეების მიერ. ეს პასუხი, რა თქმა უნდა, არ მოეწონა ლ.ს–ძეს და დატოვა ჩემი სამუშაო ოთახი. ამა წლის 21 აგვისტოს დილის საათებში, დაახლოებით 11:20 წუთზე ისევ შემოვიდა ლ.ს–ძე ჩემს სამუშაო ოთახში და მეუბნება, რომ განცხადება No882113559674-ზე დაემატა მოწმეების თანხმობა. ასევე, აღნიშნა რომ დაინტერესებულმა პირმა დაჩქარების დანამატი 300 ლარიც გადაიხადა. აღნიშნულზე ვუთხარი ლ.ს–ძეს, რომ ხომ თვითონაც კარგად იცოდა რომ სპორადული რეგისტრაციის განცხადებებს დაჩქარებული მომსახურება არ ქონდა და ისე, რომ მე განცხადება არც მინახავს, ვუთხარი მას, რომ იმ დღეს ვერ განვიხილავდი აღნიშნულ საქმეს, ვინაიდან იყო ორშაბათი დღე და ვერ მოვასწრებდი აღნიშნული საქმის განხილვას იმ სამუშაო დღეს, რაზეც ძალიან დამწუხრდა და გავიდა ჩემი სამუშაო ოთახიდან. დაახლოებით ორ-სამ წუთში ისევ მობრუნდა და კვლავ დამწუხრებული სახით მთხოვა, რომ მყიდველი ელოდებოდა ამ მიწის ნაკვეთის ყიდვას და იქნებ იმ დღეს დამესრულებინა. მე ისევ ვუთხარი, რომ თუ იმ სამუშაო დღეს დავამთავრებდი ჩემს საქმეს, მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებდი ამ განაცხადის განხილვას, რადგან 4 სამუშაო დღე პარასკევს, 25 აგვისტოს გასდიოდა. ამის შემდეგ დატოვა ჩემი სამუშაო ოთახი ლ.ს–ძემ. მე ვიძახდი, რომ იმ დღეს ამ საქმეს არ გავაკეთებდი, რადგან იმ დღეს არ უწევდა განხილვა და თან, ვხედავდი რომ სადავო საქმე იყო და არ ვიყავი იმაში დარწმუნებული, რომ სანამ ოთხი სამუშაო დღე გავიდოდა, მოწმეები ისევ არ გააუქმებდნენ თავიანთ ხელმოწერას. ამ საუბრის დროს, მენეჯერმა, ტ.გ–მა მითხრა, რომ ხომ ვიცოდი ვისი საქმე იყო და ვინ იყო მისი ქმარი და ასევე, მითხრა, ხომ ვიცოდი თუ რანაირი ხალხი იყვნენ, რაზეც მე ვუპასუხე, რომ ლ.ს–ძის ქმარს გადმოცემით ვიცნობდი, რომ ამ პიროვნებამ სასამართლოში უჩივლა ჩვენს სამსახურს. ამ საუბრის შემდეგ მე ოთახში გამოვხატავდი გაბრაზებას, რომ არ დავარეგისტრირებდი იმ დღეს ამ საქმეს, რაზეც მენეჯერმა მითხრა რომ იმ დღეს დამესრულებინა, ვინაიდან მაინც დარეკავდნენ კონტროლში და მაინც იმ დღეს მომიწევდა იმ საქმის განხილვა. ასევე ისიც აღნიშნა, რომ დღეს დავასრულებდი და ოთხი სამუშაო დღეს შემდეგ მაინც ჩემი დასასრულებელი იყო აღნიშნული საქმე, რაზეც საბოლოოდ მივედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ იმავე დღეს მიმეღო გადაწყვეტილება აღნიშნულ საქმეზე. კონსულტაციის მიზნით მივედი მენეჯერის სამუშაო მაგიდასთან, გადახედა წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მითხრა რომ ზედდებაში არსებული ვ.ს–ის მიწის ნაკვეთი უნდა გადაგვეყვანა დაუზუსტებელში, ვინაიდან აღნიშნული რეგისტრაციით ხდებოდა შენობის გაჭრა და რომ პრაქტიკაში ასე აკეთებდნენ. ამის შემდეგ გადავიყვანე ვ.ს–ის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელში და კადასტრის სამსახურს მივეცი დავალება, რომ მოემზადებინათ გეგმა ოქმის შესაბამისად. სანამ გეგმა მომზადდებოდა, დაახლოებით 15:00 საათზე ტელეფონზე დამირეკა ს.ს–მა და მითხრა რომ ვიყავი მისი თანამშრომელი და რომ გეგმა უკვე გამზადებული იყო და დამესრულებინა სარეგისტრაციო წარმოება. აღნიშნულმა პიროვნებამ მკაცრი ტონით მიმითითა აღნიშნული საქმის რეგისტრაციის თაობაზე, რაზეც, ტელეფონის გათიშვის მერე გავბრაზდი და ბრაზი ხმამაღლა გამოვხატე, თუ რა გადამაყოლეს ამ საქმის რეგისტრაციას. ამის შემდეგ, 15:53 წუთზე N882023559674-26 გადაწყვეტილებით მივიღე სარეგისტრაციო წარმოების დასრულების შესახებ გადაწყვეტილება. აღნიშნული რეგისტრაციის დასრულებაზე მნიშნელოვანი ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა ლ.ს–ძის ასეთმა ხშირმა შესვლა-გასვლამ. ასევე, მენეჯერის სიტყვებმა და ოქმში რეგისტრატორის ს.შ–ძის მიერ დაწერილმა დასკვნამ. ფსიქოლოგიური ზეწოლით და საქმის დაჩქარებით სათანადოდ ვერ მოხდა სრულყოფილად დოკუმენტაციის ნახვა. ყურადღება გამახვილდა მხოლოდ მოწმეების თანხმობაზე და ვ.ს–ის სახელზე რეგისტრირებული ნაკვეთის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის (ტექბიუროს) შედარება ვერ მოხდა N882023559674 განაცხადით შემოტანილ მიწის ნაკვეთთან. ამ რეგისტრაციის დასრულებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა როგორც სააგენტოს, ასევე ჩემს საქმიანობაზე, რაზეც ძალიან ვწუხვარ და ბოდიშს ვიხდი მთელი სააგენტოს წინაშე. მომავალში ეს იქნება მაგალითი როგორც ჩემთვის, ასევე სხვა რეგისტრატორებისთვის“.

5.2.26.2023 წლის 10 ნოემბერს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის სახელზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სპორადული რეგისტაციის სამსახურის მენეჯერმა ტ.გ–მა წარადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელშიც განმარტა შემდეგი: „N882023559674 წარმოების შესახებ ჩემამდე ინფორმაცია მოვიდა ა/წ 17 აგვისტოს, როცა ჩვენს სამუშაო ოთახში შემოვიდა ლ.ს–ძე და ნ.კ–ძეს ესაუბრებოდა N882023559674 სარეგისტრაციო განცხადების წარმოების შესახებ. როდესაც მათ საუბარში ჩავერთე ნ.კ–ძისგან გავიგე, რომ ორ მოწმეს გაუთხოვია თანხმობა. ნ.აპირებდა მოწმეთა თანხმობების მოთხოვნას, ხოლო ლ.ს–ძე ეუბნებოდა, რომ მოწმეთა თანხმობების გათხოვა არ იყო ბეჭდით დამოწმებული და დამატებით თანხმობების წარმოდგენა არ იყო საჭირო. ამ დროს მე ლ.ს–ძეს ვუთხარი, რომ დამატებით მოწმეთა თანხმობების წარმოდგენა იყო აუცილებელი იმის მიუხედავად, რომ თანხმობების გათხოვა არ იყო დამოწებული. ასევე ვუთხარი ლ.ს–ძეს, რომ ისიც რეგისტრატორია და ასეთ შემთხვევაში ისიც ხომ მოითხოვდა დამატებით მოწმეთა თანხმობების წარმოდგენას. აქვე გაცნობებთ, რომ თანხმობების გათხოვის განცხადების შინაარს მე არ გავცნობივარ, რადგან რეგისტრატორმა სრულად უნდა გამოიკვლიოს საქმეზე არსებული მასალები და სრულყოფილად უნდა ნახოს ყველა მოძიებული თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, სრულად უნდა გაეცნოს საქმის ნებისმიერ დეტალს, რის შემდეგაც თუ კონკრეტული კითხვა გაუჩნდება მომმართოს მე კონკრეტული კითხვით. საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და შესწავლა წარმოადგენს რეგისტრატორის უპირველეს მოვალეობას. ამ შემთხვევაში რეგისტრატორის კითხვა მდგომარეობდა შემდეგში: დაუმოწმებელი განცხადებით გათხოვილი თანხმობების სანაცვლოდ უნდა მოეთხოვა თუ არა დამატებით თანხმობები? რაზეც მე ვუპასუხე, რომ უნდა მოგვეთხოვა დამატებითი თანხმობები. ასევე, ლ.ს–ძის შემოსვლა ჩვენს სამუშაო ოთახში მახსოვს 21 აგვისტოს. ლ.ს–ძე ეუბნებოდა ნ.კ–ძეს, რომ წარმოდგენილია დამატებით 2 მოწმის თანხმობა და განეხილა სარეგისტრაციო განცხადება. ასევე მე დამირეკა ს.ს–მა უკმაყოფილო ტონით, კერძოდ - ამბობდა, რომ რეგისტრატორი უკანონოთ აჭიანურებდა სარეგისტრაციო პროცესს და ითხოვდა წარმოების დასრულებას. ამის შემდეგ მე ნ.კ–ძეს მივმართე და ვუთხარი: „თუ დასასრულებელია განცხადება დაასრულე, ს.ს–ი პრობლემური თანამშრომელია და იჩივლებს კონტროლშიც და იურიდიულშიც.“ ამ დროისთვის ნ.კ–ძისგან ვიცოდი საქმეზე არსებული შემდეგი გარემოებები: N882023559674 სარეგისტრაციო განცხადებით დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი იყო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ე.წ ყვითელ ფენებში ფიქსირდებოდა თვითონ დაინტერესებული პირი და ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ ნაკვეთი იყო მყარ მიჯნაში მოქცეული და ზედდება ქონდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან. რაც შეეხება ზედდების ნაკვეთის დაუზუსტებელში გადაყვენას, მოგახსენებთ, რადგან ზედდებაში არსებული მიწის ნაკვეთის აზომვა არ განხორციელებულა ადგილზე დათვალიერებისას და არ გვქონდა საშუალება ცვლილება განგვეხორციელებინა ........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში, ხოლო კორექტირების შედეგად ფართობი რომ არ შემცირებოდა, უმჯობესი იქნებოდა ......... კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის დაუზუსტებელში გადაყვანა. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ზედდების მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელში გადაყვანა სპორადული რეგისტრაციის სამსახურის პრაქტიკის ნაწილია და აღნიშნული ქმედება გამონაკლისის სახით ზემოხსენებული წარმოებისთვის არ განხორციელებულა. ამ შემთხვევაში ზედდების ნაკვეთის დაუზუსტებელში გადაყვანა ემსახურებოდა შემდეგ მიზნებს, კერძოდ ....... საკადასატრო კოდზე რეგისტრირებული იყო 1675 კვ.მ მიწის ნაკვეთი. კორექტირების (ჩამოჭრის) შემთხვევაში მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე განხორციელდებოდა ფართის ჩამოკლება და ამონაწერის ნაკლები ფართით გაშვება, ასევე გაიჭრებოდა ....... საკადასატრო კოდზე რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა, ხოლო დაუზუსტებელში გადაყვანით ზემოხსენებულ კოდზე არ განხორციელდებოდა ფართობის შემცირება, ასევე მიღებული იქნა N882023888035 პირობით სარეგისტრაციო განცხადება, რომლიდანაც .......... საკადასატრო კოდის მესაკუთრეს გაეგზავნა წერილი და კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარმოდგენის შემთხვევაში ფართის უცვლელად, საფასურის გადახდის გარეშე განხორციელდებოდა მიწის ნაკვეთის დაზუსტება კოდზე რეგისტრირებული ფართობით. აღნიშნული პრაქტიკა გამომდინარეობს იქიდან, რომ სპორადული რეგისტრაციის სამსახური მიწის ნაკვეთებზე უფლებების რეგისტრაციის გარდა ახორციელებს ასევე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მონაცემების გასწორებას და ფაქტობრივ მდგომარეობასთან სისრულეში მოყვანას. ლ.ს–ძის ჩვენს ოთახში შემოსვლა ზუსტად მახსოვს ზემოხსენებულ ორ შემთხვევაში, სხვა შემთხვევებზე დაზუსტებით არ მახსოვს, ამიტომ აღნიშნულ ახსნა-განმარტებაში ვერ მოგახსენებთ. ჩემი აზრით ლ.ს–ძის ქმედებამ იქონია ზეგავლენა ნ.კ–ძეზე და, შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილებაზე. ასევე, მინდა გაცნობოთ, რომ ს.ს–ის ზარმა მოახდინა ჩემზე ზეგავლენა და ნ.კ–ძეს ვუთხარი შემდეგი ტექსტი: „თუ დასასრულებელია განცხადება დაასრულე, ს.ს–ი პრობლემური თანამშრომელია და იჩივლებს კონტროლშიც და იურიდიულშიც“.

5.2.27.სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 12 დეკემბრის No317176/17 დასკვნის თანახმად, ლ.ს–ძის მხრიდან ადგილი ჰქონდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 25 ნოემბრის 2169/ს ბრძანებით დამტკიცებული, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შრომის შინაგანაწესის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (დამსაქმებლის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის/ სამართლებრივი აქტების, აგრეთვე შრომის ხელშეკრულების, შინაგანაწესის, „თანამშრომლის ქცევის ეთიკისა და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ“ წესის, ინსტრუქციის, სამუშაოს შესრულების სტანდარტების მოთხოვნათა დარღვევა) და „ნ“ (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას. წერილობითი ახსნა-განმარტებების და სამსახურებრივი შემოწმებისას მოპოვებული მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, შიდა კონტროლის დეპარტამენტმა მომზადებულ დასკვნაში მიუთითა: „შიდა კონტროლის დეპარტამენტი სრულად იზიარებს 2023 წლის 8 სექტემბერს მიღებულ N882023972982-03 გადაწყვეტილებას რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ N882023559674-26 გადაწყვეტილება და მიიჩნევს, რომ ნ.კ–ძის მიერ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება არ მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ნ.კ–ძემ N882023559674-26 გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. აქედან გამომდინარე N882023559674-26 გადაწყვეტილება არის უკანონო“; - „ლ.ს–ძე N882023559674 განცხადებაზე არ იყო დაინტერესებული პირი ან მისი წარმომადგენელი და მას არ ჰქონდა უფლება ჩარეულიყო N882023559674 განცხადების საფუძველზე დაწყებულ სარეგისტრაციო წარმოებაში. ლ.ს–ძე რომც ყოფილიყო დაინტერესებული პირი ან მისი წარმომადგენელი მას არ ჰქონდა უფლება ასეთი ფორმით ჩარეულიყო სარეგისტრაციო/ადმინისტრაციულ წარმოების პროცესში. აღნიშნულ შემთხვევაში მას უფლება ექნებოდა წარედგინა საჩივარი, შესაბამისი მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, მოეთხოვა ზეპირი მოსმენის ჩატარება და ა.შ“; - „ლ.ს–ძეს არანაირი უფლება არ ჰქონდა ნ.კ–ძესთვის ეთხოვა დროულად განეხილა N882023559674 განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება ან ნ.კ–ძესთვის არაერთხელ მიეთითებინა მის მიერ დაშვებულ მექანიკურ შეცდომებზე, ასევე დაესვა ე.წ კითხვა (სინამდვილეში ეს იყო ზეწოლა), ხომ არ უნდა ჩაებათ საქმის წარმოებაში მესამე პირად ვ.ს–ი და ხომ არ უნდა დაევალებინათ მისთვის დამოწმებული განცხადებების წარმოდგენა თანხმობის გათხოვის თაობაზე, რადგან ლ.ს–ძე არ წარმოადგენს ნ.კ–ძის ხელმძღვანელ პირს და ნ.კ–ძე არ არის მის მიმართ ანგარიშვალდებული პირი“ ; - ,,მხოლოდ ლ.ს–ძის ახსნა-განმარტების მარტივი ანალიზის საფუძველზე შეიძლება დასკვნის გამოტანა იმის თაობაზე, რომ ლ.ს–ძე უკანონოდ ჩაერია ზემოაღნიშნულ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში და განახორციელა ზეწოლა ნ.კ–ძეზე, რადგან ხშირი კონტაქტი ნ.კ–ძესთან (მათ შორის ხშირი ვიზიტები - ნ.კ–ძის სამუშაო ოთახში, ლ.ს–ძისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, რაც თავისთავად უკვე ნ.კ–ძის საქმიანობაში უკანონოდ ჩარევად და ზეწოლად მიიჩნევა) მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით, ასევე ე.წ. კითხვა (სინამდვილეში ეს იყო ზეწოლა), მათ შორის ტ.გ–თან (ამით, ლ.ს–ძემ არ გაითვალისწინა სააგენტოში არსებული სუბორდინაციული მიდგომები, მან გადაწყვიტა სსკა ჯგუფის მენეჯერთან მოეგვარებინა თავისი პირადი საქმე), იმის შესახებ, ხომ არ უნდა ჩაებათ საქმის წარმოებაში მესამე პირად ვ.ს–ი და ხომ არ უნდა დაევალებინათ მისთვის დამოწმებული განცხადებების წარმოდგენა თანხმობის გათხოვის თაობაზე, მოთხოვნა N882023559674 განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების დროულად განხილვაზე და დროის სხვადასხვა მონაკვეთში არაერთხელ მითითებულ მექანიკურ შეცდომაზე, იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ იგი უკანონოდ ჩაერია სარეგისტრაციო წარმოების პროცესში, რომელსაც აწარმოებდა ნ.კ–ძე. ლ.ს–ძემ ზემოაღნიშნული ქმედებებით განახორციელა ზეწოლა ნ.კ–ძეზე რათა ნ.კ–ძეს მიეღო მისთვის სასურველი/სასარგებლო გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე, დადგენილია, რომ ლ.ს–ძის მხრიდან უკანონო ჩარევის და ზეწოლის ფაქტს მოჰყვა უკანონო გადაწყვეტილების მიღება ნ.კ–ძის მხრიდან“. -„ლ.ს–ძის ქმედება შეუთავსებელია მის მიერ სააგენტოში დაკავებულ პოზიციასთან. მან სამსახურებრივი უფლებამოსილება და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა გამოიყენა იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ განეკუთვნებოდა. ლ.ს–ძემ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას არ გაითვალისწინა სააგენტოში არსებული სუბორდინაციული მიდგომები. მან არაკეთილსინდისიერად შეასრულა შრომითი ვალდებულებები თანამდებობისადმი წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად და არ დაიცვა ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდება მის სამსახურებრივ საქმიანობას. ზემოაღნიშნული ქმედებით მან ასევე დაარღვია სააგენტოში დამკვიდრებული ქცევის წესები, რომელიც სხვა პრინციპებთან ერთად გულისხმობს ურთიერთპატივისცემის და კოლეგიალობის პრინციპებს, რადგან სხვა თანამშრომლის საქმიანობაში უკანონო ჩარევა და მის მიმართ ზეწოლის განხორციელება, შენთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად, ურთიერთპატივისცემის კოლეგიალობის პრინციპებს ეწინააღმდეგება. - ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ.ს–ძის ქმედება, შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევად შეფასდა“;

5.2.28.სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 18 დეკემბრის ბრძანებით, ლ.ს–ძეს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სასტიკი საყვედური. ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 25 ნოემბრის N2169/ს ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შრომის შინაგანაწესის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტები;

5.2.29. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ლ.ს–ძის განცხადება მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების კანონიერებასთან დაკავშირებით და გამოსცა რეკომენდაცია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის დეპარტამენტის მიმართ, რათა განმეორებით ჩაეტარებინათ 2023 წლის 12 სექტემბრის N235975 გადაწყვეტილებით დაწყებული დისციპლინური წარმოება;

5.2.30.სახალხო დამცველის აპარატის 12.08.2024.წ N2024/3655 რეკომენდაციაში მითითებულია შემდეგი: „ადმინისტრაციულმა ორგანომ შესაძლო დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით ჩატარებული წარმოების ფარგლებში გამოიკვლია გარემოებები, თუმცა არ მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება. კერძოდ, ლ.ს–ძის ქმედება ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუსაბუთებლად მიიჩნია სუბორდინაციის დარღვევად, ვინაიდან სუბორდინაცია გულისხმობს დაქვემდებარებულ ურთიერთობაში კანონმდებლობით და შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალებულებების შესრულების მიზნით ზემდგომი პირის მხრიდან მითითებების, დავალებების გაცემას და ასევე მასზე კონტროლის განხორციელებას. ლ.ს–ძეს კოლეგის ან კოლეგის უშუალო ხელმძღვანელი პირის მიმართ, რომელიც მის დაქვემდებარებაში არ იმყოფებოდა არ გაუცია რაიმე სახის შესასრულებლად სავალდებულო მითითება და ასეთ მითითებას ვერც გასცემდა. თანამშრომლისთვის დაშვებულ შეცდომაზე მითითება ვერ ჩაითვლება სუბორდინაციის პრინციპის ან შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევად, ვინაიდან, სწორედ სააგენტოს შინაგანაწესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ კოლეგიალურობის პრინციპი სამსახურებრივი საქმიანობისას კოლეგის დახმარებასაც გულისხმობს. ამავდროულად, ლ.ს–ძის მხრიდან კოლეგისთვის ამგვარი ინფორმაციის მიუწოდებლობა შესაძლოა კონკრეტული სარეგისტრაციო წარმოების პროცესის კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით წარმართვის საფუძველი გამხდარიყო“; - „რეგისტრატორმა როგორც დისციპლინური წარმოების პროცესში წარდგენილ ახსნა- განმარტებაში აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მასზე რამდენიმე გარემოებამ იქონია გავლენა, ეს იყო ლ.ს–ძის მასთან ხშირი კონტაქტი, მენეჯერის მითითება, რომ თუ შეეძლო გადაწყვეტილების მიღება 4 სამუშაო დღეში ბარემ იმავე დღეს მიეღო ეს გადაწყვეტილება და N882023559674 განცხადებაზე მომუშავე წინა რეგისტრატორის კომენტარმა. იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ N882023559674 სარეგისტრაციო განცხადებაზე მომუშავე რეგისტრატორი მის მიერ მიღებული კანონშეუსაბამო გადაწყვეტილების განმაპირობებელ რამდენიმე გარემოებას მიუთითებდა, რომელთაგან ყველა არ უკავშირდებოდა ლ.ს–ძის მითითებებს, სახალხო დამცველის შეფასებით სსიპ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებით ლ.ს–ძის მიმართ იმავე ტიპის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება, რაც შეეფარდა N882023559674 განცხადების განხილვაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს, არ არის დასაბუთებული. ასევე, განსახილველ საქმეზე სააგენტოს შიდა აუდიტის დეპარტამენტი ჩატარებულ დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით 2023 წლის 12 დეკემბერს შედგენილ დასკვნაში არ მსჯელობს იმაზე თუ N882023559674 განცხადებაზე მომუშავე რეგისტრატორმა არ გაითვალისწინა ლ.ს–ძის მითითება კონკრეტული მოწმეების ჩვენებასთან დაკავშირებით, რატომ მიეცა ლ.ს–ძის ქმედებებს თანამშრომელზე ზეწოლის განხორციელების და სუბორდინაციის დარღვევის კვალიფიკაცია. ასევე, დისციპლინური წარმოების მასალების შესწავლის შედეგად არ დგინდება, რომ ლ.ს–ძემ განცხადების წარმოების პროცესში თანამშრომელს რაიმე სახის არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რაც შემდგომში კოლეგის მხრიდან შესაძლო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის შეფასებით სსიპ საჯარო რეესტრის შიდა კონტროლის დეპარტამენტმა 2023 წლის 12 დეკემბერს შედგენილ დასკვნაში არასწორი შეფასებამისცა ლ.ს–ძის ქმედებებს. ასევე, არ არის დასაბუთებული და არ ირკვევა ლ.ს–ძის ქმედების საპასუხოდ მისი ხელმძღვანელი პირის მხრიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით სასტიკი საყვედურის შეფარდება რატომაა ყველაზე შესაბამისი (ქმედების პროპორციული) და აუცილებელი ზომა“;

5.2.31.სახალხო დამცველის აპარატის 12.08.2024.წ N2024/3655 რეკომენდაციის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის შიდა კონტროლის დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება დისციპლინური წარმოების განახლების შესახებ. განახლებული დისციპლინური წარმოების ფარგლებში ლ.ს–ძემ 2024 წლის 30 ოქტომბერს გააკეთა შემდეგი განმარტება: „ჩემი ქმედება გამოიხატა იმაში, რომ ჩემს კოლეგას, ნ.კ–ძეს ვუთხარი, რომ მას წარმოებაში ჰქონდა ჩემი ახლობლის ვ.ს–ის საქმე და ვთხოვე, განეხილა კანონით დადგენილ ვადებში...ხოლო კოლეგისთვის თხოვნა, რომ მას დაეწერა თამაშრომლის ახლობლის საქმე და განიხილოს კანონის ფარგლებსა და დადგენილ ვადებში არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოველდღიურობა, რაც გამომდინარეობს თანამშრომელთა კოლეგიალობიდან და ამის გამო, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - არცერთი ზომა არასდროს არავის შეფარდებია“; „ჩემი ქმედება გამოიხატა იმაში, რომ ჩემს კოლეგას ნ.კ–ძეს ვუთხარი, რომ მას წარმოებაში ჰქონდა ჩემი ახლობლის, ვ.ს–ის საქმე და ვთხოვე, განეხილა კანონით დადგენილ ვადებში (დეტალურად იხილეთ ჩემი ახსნა-განმარტება; სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებები)“; - ,,ჩემი კომუნიკაცია ნ.კ–ძესთან განპირობებული იყო შემდეგით: 1) კოლეგას ვთხოვე საქმე განეხილა კანონით დადგენილ ვადებში; 2) როცა კოლეგამ შეცდომა დაუშვა ვუთხარი, დაეცვა კანონით დადგენილი განხილვის ვადა..; 3) როცა მოწმეებმა თანხმობა გაიხმეს თვითონ ნ. კ–ძე შემოვიდა ჩემთან და კოლეგას მაცნობა ამის შესახებ..; 4) როცა დაინეტერესებულმა ვ.ს–მა შეასრულა შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებები ვუთხარი ნ. კ–ძეს რომელთან ერთად იყო ტ. გ–ი, რომ დაინტერესებულმა პირმა წარმოადგინა მოწმეთა ხელახალი თანხმობა და ვთხოვე განეხილა საქმე“; - „როცა დაინტერესებულმა პირმა შეასრულა შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებები აღნიშნული ვუთხარი ნ. კ–ძეს, რომელთან ერთად იყო ტ. გ–ი, რომ დაინტერესებულმა პირმა წარმოადგინა მოწმეთა ხელახალი თანხმობა და განეხილა საქმე.... ხოლო საქმის განხილვა არ გულისხმობს მაინც და მაინც რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას და საქმის განხილვის შედეგად სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება ხდება: ეს არის შეჩერების, შეწყვეტის, უარის თქმის....“; ეროვნულ სააგენტოში არის შემთხვევები, როცა კოლეგას უთხოვია და საქმე ვადამდე განუხილავთ, რადგან არავინ უზღუდავთ 4 სამუშაო დღეში განსახილველი საქმე უფრო ადრე განიხილოს რეგისტრატორმა...ის, რომ ნ. კ–ძეს შეეშალა და განხილვის ვადა გაახანგრძლივა ვუთხარი მას, რადგან სააგენტოს შინაგანაწესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ კოლეგიალურობის პრინციპი სამსახურებრივი საქმიანობისას კოლეგის დახმარებასაც გულისხმობს. შესაბამისად, ჩემი მხრიდან კოლეგისთვის ამგვარი ინფორმაციის მიუწოდებლობა შესაძლოა კონკრეტული სარეგისტრაციო წარმოების პროცესის კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით წარმართვის საფუძველი გამხდარიყო. ამასთან, კოლეგისთვის თქმა, როცა რამე ეშლება არ არის დარღვევა“. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაინტერესებული პირი კონტროლს სამსახურში რეკავს და კონტროლი ავალებს რეგისტრატორს შეცდომის გამოსწორებას. ამასთან, დასკვნაში ისევე, როგორც შესაგებელში ბრალს მდებენ იმის გამო, რომ მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით: „ლ.ს–ძემ არ გაითვალისწინა სააგენტოში არსებული სუბორდინაციული მიდგომები, მან გადაწყვიტა სხვა ჯგუფის მენეჯერთან მოეგვარებინა თავისი პირადი საქმე“; - „რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 8 სექტემბრის ის გადაწყვეტილებები, რომლითაც ს.ს–ს გააუქმეს რეგისტრაცია. სასამართლომ მარეგისტრირებელ ორგანოს დაავალა საქმის თავიდან შესწავლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, რის გამოც სასტიკი საყვედური შემიფარდეს და რასაც დასკვნაში მედავებოდნენ, რომ თითქოსდა 2023 წლის 21 აგვისტოს ნ. კ–ძეს ვაიძულე უკანონო გადაწყვეტილების მიღება, რის გამოც 2023 წლის 8 სექტემბერს საჯარო რეესტრის ერონულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ს.ს–ის რეგისტრაცია გააუქმეს უძრავ ქონებაზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონმდებლობის უხეში დარღვევითა და საქმის გამოკლვევის გარეშე მიღებულად ჩათვალა და ბათილად ცნო. შესაბამისად, არ არსებობდა ჩემთვის დისციპლინური სახდელის, სასტიკი საყვედურის შეფარდების საფუძველი”;

5.2.32.განახლებული დისციპლინური წარმების ფარგლებში, 2024 წლის 01 ნოემბერს, სპორადული რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერმა - ტ.გ–მა გააკეთა შემდეგი განმარტება: „რეგისტრატორის კომპეტენციაში არ შედის სხვა რეგისტრატორების განხილვაში მყოფი საქმეების შესწავლა და მათთან ვიზიტი საქმის დეტალებზე გასაუბრებისა და სარეგისტრაციო წარმოების მიმართულების მიცემის მიზნით. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როცა რეგისტრატორებს აწერიათ ერთმანეთთან დაკავშირებული წარმოებები, რომელთა განხილვა უნდა მოხდეს ერთობლივად. სხვა რეგისტრატორის წარმოებაში მყოფ საქმეში ხარვეზის აღმოჩენისას, რეგისტრატორი იშვიათ შემთხვევაში მიმართავს შესაბამისი რეგისტრატორის მენეჯერს. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში, მას შემდეგ რაც აღმოაჩინა ხარვეზი, ლ.ს–ძეს, ჩემთვის არ მოუმართავს. ჩემი ინფორმაციით სარეგისტრაციო წარმოებით ლ.ს–ძის დაინტერესების მიზეზი გახლდათ ის, რომ სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირი იყო ლ.ს–ძის მეუღლის ბაბუა. სარეგისტრაციო წარმოების თაობაზე დეტალების გარკვევის მიზნით, მე მახსოვს ლ.ს–ძის ორი ვიზიტი, მეტს ვერ ვიხსენებ. ჩემი შეფასებით, ლ.ს–ძის და მისი მეუღლის, ს.ს–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლას, რაც გამოიხატებოდა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობაში ჩარევით. კერძოდ, სამუშაო ოთხში შემოსვლით, საქმის დეტალებზე გასაუბრებასა და სარეგისტრაციო წარმოების მიმართულების მიცემაში, საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებაში“;

5.2.33.განახლებული დისციპლინური წარმოების ფარგლებში, 2024 წლის 7 ნოემბერს ნ.კ–ძემ გააკეთა შემდეგი განმარტება: „რეგისტრატორის კომპეტენციაში არ შედის სხვა რეგისტრატორების განხილვაში მყოფი საქმეების შესწავლა და მათთან ვიზიტი საქმის დეტალებზე გასაუბრებისა და სარეგისტრაციო წარმოების მიმართულების მიცემის მიზნით. რეგისტრატორის წარმოებაში მყოფ საქმეში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შეიძლება მიმართო თვითონ საქმის შემსრულებელ რეგისტრატორს და არა რეგისტრატორის მენეჯერს. Noo882023559674 სარეგისტრაციო წარმოების პროცესში, მას შემდეგ რაც ლ.ს–ძემ აღმოაჩინა, რომ ვ.ს–ის მიერ დამატებულ განცხადებას, სადაც ორი მოწმე აუქმებდა თავის ხელმოწერას, არ ჰქონდა უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი, საუბრისას მიმტკიცებდა, რომ ამ ფაქტისთვის ყურადღება არ უნდა მიმექცია და არ გამეთვალისწინებინა. რაზეც ავუხსენი, რომ არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა განცხადებაზე ბეჭდის არქონას და რომ იყო სადაო საქმე და შევათანხმებდი ამ საკითხს მენეჯერთან. ვინაიდან მე ვერ დამითანხმა ამ საკითხში, მიმართა ჩემს მენეჯერს საქმეში გარკვევის მიზნით და მიუთითა მას, რომ სარეგისტრაციო წარმოების დროს ჩაბარებული ორი მოწმის განცხადება, სადაც ისინი აუქმებდნენ თავიანთ ხელმოწერას, არ ჰქონდა უფლებამოსილი პირის ბეჭედი და არც ნოტარიულად არ იყო დამოწმებული. ლ.ს–ძე მიუთითებდა, რომ ჩაბარებული მოწმის განცხადებები არ უნდა გაგვეთვალისწინებინა. ლ.ს–ძე ჩაერია სარეგისტრაციო პროცესში და მიმითითა, რომ ყვითელი ფენები 99% ემთხვეოდა დაინტერესებული პირის, ვ.ს–ის მონაცემებს და რეგისტრაციის დროს სხვა დამაბრკოლებელი გარემოება არაფერი არ იყო. ჩემი ინფორმაციით 882023559674 სარეგისტრაციო წარმოებაში ლ.ს–ძის დაინტერესების მიზეზი იყო ის, რომ ქონებას, რომელიც ზემოთ ხსენებული განცხადებით რეგისტრირდებოდა, ეკუთვნოდა მისი მეუღლის, ს.ს–ის, ბაბუას. ქონება უნდა გაყიდულიყო და საბოლოოდ აღმოჩნდა ისე, რომ მყიდველი აღმოჩნდა, მისი მეუღლე, ს.ს–ი. ლ.ს–ძემ ჩემთან ვიზიტი N882023559674 სარეგისტრაციო წარმოების თაობაზე დეტალების გარკვევის მიზნით განახორციელა 5-ჯერ. ლ.ს–ძის და მისი მეუღლის, ს.ს–ის მხრიდან, რა თქმა უნდა, ჰქონდა ადგილი ზეწოლას, რათა მიმეღო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომ არა მათი მხრიდან ჩარევა და საქმის ასეთი ტემპით დაჩქარება, არ მივიღებდი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას, მოხდებოდა საქმის ძირეული განხილვა და კანონის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება”;

5.2.34.2024 წლის 25 დეკემბერს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მიერ მომზადდა დასკვნა N336572/17, რომლითაც დადგინდა, რომ ლ.ს–ძის მხრიდან ადგილი ჰქონდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 25 ნოემბრის 2169/ს ბრძანებით დამტკიცებული, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შრომის შინაგანაწესის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (დამსაქმებლის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის/სამართლებრივი აქტების, აგრეთვე შრომის ხელშეკრულების, შინაგანაწესის, „თანამშრომლის ქცევის ეთიკისა და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ“ წესის, ინსტრუქციის, სამუშაოს შესრულების სტანდარტების მოთხოვნათა დარღვევა) და „ნ“ (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას;

5.2.35.წერილობითი ახსნა-განმარტებების და სამსახურებრივი შემოწმებისას მოპოვებული მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, შიდა კონტროლის დეპარტამენტმა მომზადებულ დასკვნაში მიუთითა: - „N882023559674 სარეგისტრაციო წარმოებაზე მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღების მიზნით ლ.ს–ძე არაერთგზის აქტიურად ჩაერია სარეგისტრაციო საქმის წარმოებაში. საქმის მწარმოებელ რეგისტრატორთან (ნ.კ–ძე) მისი მრავალჯერადი ვიზიტი, საქმის დეტალების გამოკვლევა, განხილვა, გადაწყვეტილების მიღებიდან უმოკლეს დროში, რეგისტრატორის მიერ დაშვებულ ხარვეზზე აპელირება (N882023559674-20 გადაწყვეტილების შესახებ დეტალები), ვ.ს–ის მიერ წარდგენილი განცხადებების განხილვა (გ.ტ–ის და ი.ა–ის მიერ ხელმოწერათა გათხოვის დეტალები), მისი აქტიური ჩართვა საქმის განხილვის ეტაპზე და თავისი შეხედულებისამებრ საქმის გადაწყვეტის სხვადასხვა ვერსიის მიწოდება, ქმნის მყარ საფუძველს, რომ ზემოაღნიშნულ ქმედებათა ერთობლიობა შეფასდეს, როგორც სარეგისტრაციო წარმოებაზე ზეწოლა, სასურველი გადაწყვეტილების მიღების მიზნით“; - „ის აქტიურად ჩაერთო საქმის განხილვის ეტაპზე და თავისი შეხედულებისამებრ სთავაზობდა კოლეგას საქმის გადაწყვეტის სხვადასხვა ვერსიას“; - „ლ.ს–ძე მის ხელთ არსებული ყოველგვარი საშუალებით ცდილობდა ნ.კ–ძე დაერწმუნებინა, რომ N882023559674 განცხადებით სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ვ.ს–ის უფლება ექვემდებარებოდა აღიარების წესით რეგისტრაციას; ნ.კ–ძეს რომ დაერეგისტრირებინა ვ.ს–ის, მისი მეუღლის ბაბუის საკუთრების უფლება - აცხადებდა, რომ ე.წ. „ყვითელი ფენების“ მონაცემები საკმარისი იყო რეგისტრაციის მიზნებისათვის, ასევე აცხადებდა, რომ მოწმეთა მიერ თანხმობების გამოთხოვა არ იყო რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება“; - „ლ.ს–ძის მიზანმიმართული ქმედებები - რეგისტრატორისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა, ე.წ „ყვითელი ფენების“ მონაცემების უპირობად გამოყენების შეთავაზებას და ასევე მოწმეთა მიერ ხელმოწერების გათხოვის შესახებ დოკუმენტაციის მხედველობაში არმიღება იყო სარეგისტრაციო წარმოების არასწორი მიმართულებით წარმართვის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი გარემოება“; - „ლ.ს–ძის მხრიდან დარღვეული იყო სუბორდინაციული პრინციპები, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ საქმის დეტალების, საქმეში წარმოდგენილი ახალი გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ ინფორმაციას ლ.ს–ძე უშუალოდ ნ.კ–ძესთან განიხილავდა, თუმცა თავად ლ.ს–ძესაც და ნ.კ–ძეს ჰყავდათ ზემდგომი თანამდებობის პირ(ებ)ი (მენეჯერები, სამსახურის უფროსი) რომელთათვისაც ლ.ს–ძეს არ მიუმართავს“; - „ლ.ს–ძის ქმედება შეუთავსებელია მის მიერ სააგენტოში დაკავებულ პოზიციასთან. მან სამსახურებრივი უფლებამოსილება და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა გამოიყენა იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ განეკუთვნებოდა. ლ.ს–ძემ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას არ გაითვალისწინა სააგენტოში არსებული სუბორდინაციული მიდგომები. მან არაკეთილსინდისიერად შეასრულა შრომითი ვალდებულებები თანამდებობისადმი წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად და არ დაიცვა ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდება მის სამსახურებრივ საქმიანობას. ზემოაღნიშნული ქმედებით მან ასევე დაარღვია სააგენტოში დამკვიდრებული ქცევის წესები, რომელიც სხვა პრინციპებთან ერთად გულისხმობს ურთიერთპატივისცემის და კოლეგიალობის პრინციპებს, რადგან სხვა თანამშრომლის საქმიანობაში უკანონო ჩარევა და მის მიმართ ზეწოლის განხორციელება, მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად, ურთიერთპატივისცემის კოლეგიალობის პრინციპებს ეწინააღმდება“;

5.2.36.სსიპ საჯარო რეესტრის კონტროლის დეპარტამენტის 2024 წლის 25 დეკემბრის დასკვნით, ლ.ს–ძის ქმედება, შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევად შეფასდა; დასკვნის თანახმად, დისციპლინური წარმოების შედეგი თანაზომიერი იყო თანამშრომლის მიერ ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან და თანაზომიერების კრიტერიუმის შეფასებისას გათვალისწინებული იქნა შემდეგი გარემოებები: ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილი იყო განზრახ: ლ.ს–ძეს შეგნებული ჰქონდა მისი მოქმედების ან უმოქმედობის მართლსაწინაარმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა მის მავნე შედეგებს და სურდა ისინი ან შეგნებულად უშვებდა მათ; ბ) ლ.ს–ძის მხრიდან ადგილი ჰქონდა N882023559674 სარეგისტრაციო წარმოებაზე გავლენის მოხდენის მრავალჯერად მცდელობას, მან განახორციელა მკვეთრი ხასიათის პერმანენტული ზეწოლა რეგისტრატორზე. იგი ცდილობდა სხვადასხვა გარემოება, რომლებზეც ნამსჯელია მიმდინარე დასკვნაში, მიეწოდებინა ნ.კ–ძისთვის სასურველ კონტექსტში. ლ.ს–ძის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა ე.წ. „ყვითელი ფენების“ მონაცემების უპირობოდ გამოყენების შეთავაზებას, ასევე მოწმეთა მიერ ხელმოწერების გათხოვის შესახებ დოკუმენტაციის მხედველობაში არმიღებას, იყო სარეგისტრაციო წარმოების არასწორი კუთხით წარმართვისაკენ მიცემული ბიძგი. შესაბამისად, N882023559674 სარეგისტრაციო წარმოება სათანადოდ არ გამოკვლეულა. შესაბამისად, ლ.ს–ძის ქმედებამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო და ქონება არასწორად დარეგისტრირდა ვ.ს–ის საკუთრების უფლებით (დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე, მოტივი, მიზანი, შედეგი); გ) ლ.ს–ძეს შეეძლო მშვიდად დალოდებოდა კოლეგიის მიერ საქმის განხილვას, არ განხორციელებინა მასზე სუბიექტური მოტივებით ზეწოლა და რეგისტრატორიც მშვიდ გარემოში, განცხადების განხილვის ვადის დაცვით მიიღებდა გადაწყვეტილებას (დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა); დ) ლ.ს–ძეს ჰქონდა შესაძლებლობა დალოდებოდა სარეგისტრაციო წარმოებას, თუმცა იგი პერმანენტულად ახორციელებდა ზეწოლას რეგისტრატორზე და არცერთ ეტაპზე ჰქონდა მცდელობა თავიდან აერიდებინა დისციპლინური გადაცდომის დამდგარი შედეგი (დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცომის ჩადენით დამდგარი შედეგი); ე) ლ.ს–ძეს მიმდინარე დისციპლინური წარმოების ფარგლებში მიეცა შესაძლებლობა აეხსნა მონიტორინგის სამსახურისთვის ჩადენილი ქმედებების გამომწვევი მიზეზები, თუმცა მისი დამოკიდებულება ურყევია და ღრმად სწამს, რომ არ ჩაუდენია არავითარი გადაცდომა; სააგენტოში მოქმედი თანამშრომლების შეფასების სისტემის ფარგლებში (1 დან-5-ის ჩათვლით ქულათა შეფასებით), ლ.ს–ძე შეფასებული იყო დაბალი ქულით - 2 (დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის პიროვნება, მისი საქმიანი და მორალური რეპუტაცია);

5.2.37.სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 27 დეკემბრის ბრძანებით ცვლილება შევიდა სააგენტოს 2023 წლის 18 დეკემბრის No3336/ს ბრძანების პირველ პუნქტში, კერძოდ ლ.ს–ძეს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური;

5.2.38.2023 წლის დეკემბრისა და 2024 წლის ივლისის თვეებში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებზე გაიცა ჯილდო;

5.2.39.სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიწის სპორადული რეგისტრაციის სამსახურის სპეციალისტებს (რეგისტრატორებს) 2023 წლის 27 დეკემბერს ჯილდო ჩაერიცხათ 1524.60 ლარის ოდენობით. ასევე, ჯილდო ჩაირიცხა 2024 წლის ივლისში სამუშაოს შეფასების წესის გათვალისწინებით.

5.2.40.თანამშრომელთა შეფასება მოხდა შემდეგი ქულათა სისტემით: ა) 3,5 - 4 ქულა - საუკეთესო შეფასება – მოვალეობა (კომპეტენციები) ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, თანამშრომელი მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით; ბ) 2,5 - 3,4 ქულა - კარგი შეფასება – მოვალეობა (კომპეტენციები) კარგად შესრულდა, თანამშრომლის შედეგები დადგენილ მოთხოვნებს სტაბილურად შეესაბამება; გ) 1,5 - 2,4 ქულა - დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა (კომპეტენციები) ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს; დ) 1 - 1,4 ქულა - არადამაკმაყოფილებელი შეფასება - მოვალეობა (კომპეტენციები) არ შესრულდა, თანამშრომლის შედეგები დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამება; მიღებული შეფასების გათვალისწინებით, ჯილდოს პროცენტული რაოდენობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ა) 2 - 2,49 ქულა - გაიცა შრომის ანაზღაურების 30%; ; ბ) 2,5 - 2,99 ქულა - გაიცა შრომის ანაზღაურების 45%; ; გ) 3 - 4 ქულა - გაიცა შრომის ანაზღაურების 50%;

5.2.41.„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შრომის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 25 ნოემბრის N2169/ს ბრძანებით დამტკიცებულ შრომის შინაგანაწესის 71-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ჯილდო არ გაიცა იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც აღნიშნულ პერიოდში შეფარდებული ჰქონდათ დისციპლინური პასუხისმგებლობა. ლ.ს–ძეს, 2023 წლის დეკემბრისა და 2024 წლის ივლისის თვეებში ფულადი წახალისება/ჯილდო არ მიუღია. 2024 წლის ივლისის თვეში მისი შეფასება იყო 2.25 ქულა;

5.2.42.სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შრომის შინაგანაწესის თანახმად: - დისციპლინური გადაცდომებია: დამსაქმებლის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის/სამართლებრივი აქტების, აგრეთვე შრომის ხელშეკრულების, შინაგანაწესის, „თანამშრომლის ქცევის, ეთიკისა და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ“ წესის ინსტრუქციის, სამუშაოს შესრულების სტანდარტებით მოთხოვნათა დარღვევა (61-ე მუხლის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი); - სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაურთხილებლობით შეუსრულებლობა, არაჯეროვნად შესრულება ან მათდამი დაუდევარი დამოკიდებულება (61-ე მუხლის, მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი); - დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა (61-ე მუხლის, მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი); - დისციპლინური გადაცდომისთვის დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმისა და ჩადენის გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების (სახდელების) გამოყენება: 1) შენიშვნა; 2) საყვედური; 3) სასტიკი საყვედური; 4) არაუმეტეს ათი სამუშაო დღის თანამდებობრივი სარგოს დაკავება; 5) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა-არაუმეტეს ერთი წლის ვადით; 6) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა (71-ე მუხლის პირველი პუნქტი); - დასაქმებულის მიმართ, რომელსაც დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი, სახდელის მოქმედების პერიოდში არ გამოიყენება მატერიალური ან/და სხვა წახალისების ფორმები (71-ე მუხლის მე-5 პუნქტი); - დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე ან მის ვადაზე ადრე მოხსნამდე, დასაქმებული არ სარგებლობს უფრო მაღალ პოზიციაზე/თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანის უფლებით (71-ე მუხლის მე-6 პუნქტი); - დასაქმებულის მიმართ საყვედურის სახით დაკისრებული დისციპლინური სახდელი მოქმედებს სახდელის დადების დღიდან 6 თვის განმავლობაში (76-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი); - დასაქმებულის მიმართ სასტიკი საყვედურის სახით დაკისრებული დისციპლინური სახდელი მოქმედებს სახდელის დადების დღიდან 1 წლის განმავლობაში.

5.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლზე, შრომის კოდექსის პირველ, მე-2 მუხლებზე, სამოქალაქო კოდექსის მე-8, 361-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა დამსაქმებლის მიერ გამოყენებული დისციპლინური სახდელის კანონიერება, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი ისე უნდა განაწილდეს როგორც ეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას ხდება. კერძოდ, მოსარჩელის მითითება, რომ მის მიმართ უკანონოდ გამოიყენეს დისციპლინური სახდელი, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც ეკისრება დასაქმებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების მართლზომიერად გამოყენების მტკიცების ვალდებულება.

5.4. სააპელაციო სასამართლომ ერთობლივად შეაფასა გასაჩივრებული ბრძანებების გამოცემის საფუძვლად მითითებული დასაქმებულის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური სამართლებრივი აქტები, შრომის ხელშეკრულება, შრომის შინაგანაწესი, „თანამშრომლის ქცევის ეთიკისა და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ“ წესი, ინსტრუქცია, სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის შიდა კონტროლის დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ასევე, საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებები და იმსჯელა, მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედება ამართლებდა თუ არა მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის გამოცხადებას და მატერიალური სარგებლის შეჩერებას.

5.5. დასაქმებული ქმედების შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ რეგისტრატორისთვის თხოვნა, განიხილოს განცხადება დაჩქარებული წესით წარმოადგენს არა კოლეგიალურობის გამოვლენას, არამედ ქმედებას, რომლითაც ე.წ. „ნაცნობობის“ პრივილეგიით განსხვავებულ, „უკეთეს“ მდგომარეობაში იყენებ თავს, სხვა ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ პირებთან (მოქალაქეებთან/დაინტერესებულ პირებთან) შედარებით, რაც არაეთიკურ ქმედებას წარმოადგენს. ქმედების არაეთიკური მხარე მოსარჩელეს არა მხოლოდ როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელს, არამედ როგორც სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლიან წევრს გაცნობიერებული არ აქვს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მითითება გარკვეულწილად მიემართება არა უფლებაში თანასწორობას, არამედ თანასწორობას უკანონობაში. კერძოდ, თუ კოლეგებს შორის ხშირად აქვს ადგილი მსგავსი შინაარსის „თხოვნებს“ აღნიშნული არ აფუძნებს მოსარჩელის შესაძლებლობას მოითხოვოს თანასწორობა უკანონობაში და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ უსაფუძვლობის დადგენა. ამგვარ საფუძველს ვერ ასაბუთებს ის გარემოებაც, რომ სხვა პირის მიერ ჩადენილ იმავე სიმძიმის გასაკიცხ ქმედებას არ მოჰყოლია ადეკვატური პასუხისგება.

5.6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დასაქმებულის მხრიდან კოლეგის თუნდაც მცირედი შეწუხება, მითითება, დაჩქარება, რომლითაც შეიძლება ხელი შეეშალოს რეგისტრატორის საქმიანობას, შეასრულოს სრულყოფილად დაკისრებული მოვალეობა, სრულყოფილად შეისწავლოს საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, არაეთიკური და არაკოლეგიალურია. ამრიგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტები ამართლებდა დასაქმებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით საყვედურის გამოცხადებას

5.7. სააპელაციო პალატამ დაკისრებული დისციპლინური სახდელის მართებულად მიჩნევის კუთხით, მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის ქმედების შედეგად დისციპლინური სახდელი დაეკისრა ასევე უშუალოდ რეგისტრაციის განმახორციელებელ თანამშრომელს, მას გარკვეული პერიოდი შეუჩერდა საქმიანობის უფლებამოსილება და, საბოლოოდ, იგი დაქვეითდა, რაც მორალური თვალსაზრისითაც დისკომფორტის შემქმნელი უნდა იყოს თავად მოსარჩელისთვის და აღნიშნულის ფონზე, სარჩელის წარმოდგენა მისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის - „საყვედურის“ გაუქმებასთან მიმართებით ამ მხრივაც გაუმართლებელია, რადგანაც წინააღმდეგობაში მოდის კეთილსინდისიერების და სხვა პირთა უფლებებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულების პრინციპთან.

5.8. რაც შეეხება მოსარჩელის (აპელანტის) მოთხოვნას 2023 ივლისსა და დეკემბერში მისაღები ბონუსის ანაზღაურების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ ამ საკითხის შეფასებისას იხელმძღვანელა შრომის კოდექსის 41.2 მუხლით (შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით), საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შრომის შინაგანაწესის 71-ე მუხლის მე-5 პუნქტით (დასაქმებულის მიმართ, რომელსაც დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი, სახდელის მოქმედების პერიოდში არ გამოიყენება მატერიალური ან/და სხვა წახალისების ფორმები) და აღნიშნა, რომ დისციპლინური სახდელის გათვალისწინებით, კომპანიაში მოქმედი წესების თანახმად, მოსარჩელეს არ ჰქონდა ბონუსის მიღების უფლებამოსილება, შესაბამისად, ამ ნაწილშიც არ ვლინდებოდა წარდგენილი სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

6.2. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა დასაქმებულის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური სამართლებრივი აქტები, შრომის ხელშეკრულება, შრომის შინაგანაწესი, არასწორად შეაფასა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებები, რის გამოც არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელის მხრიდან გამოვლინდა არაკეთილსინდისიერი ქცევა და ეთიკის ნორმების დარღვევა. კოლეგისთვის თხოვნა, რომ მას დაეწერა თანამშრომლის საქმე და განიხილოს კანონის ფარგლებსა და დადგენილ ვადაში არის საჯარო რეესტრის ყოველდღიურობა და გამომდინარეობს თანამშრომელთა კოლეგიალობიდან. ამის გამო დისციპლინური სახდელი - საყვედური - არავის შეფარდებია და აღნიშნული არ გულისხმობს სარეგისტრაციო წარმოებაში ჩარევასა და ზეწოლას. საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმაც დაადასტურეს, რომ სააგენტოში არის შემთხვევები, როცა თანამშრომლის ახლობლის საქმე ეწერება რეგისტრატორს და უთხოვიათ მისთვის ამ საქმეზე ყურადღების მიქცევა ან ვადაზე ადრე განხილვა, რადგან არავის ეზღუდება უფლება 4 დღეში განსახილველი საქმე ვადაზე ადრე განიხილოს. ამდენად, არადამაჯერებელია განჩინებაში ასახული მსჯელობა მოსარჩელის არაეთიკური ქცევის გამო განსახილველი განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ.

6.3. სასამართლომ მოსარჩელის ქმედება ისე მიიჩნია დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევად, რომ არ შეუფასებია ქმედების სიმძიმე, სამუშაოს სპეციფიკა, სამსახურის დანიშნულება, სადაც დასაქმებული მუშაობს, დასაქმებულის ფუნქცია და მისი მოვალეობები. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც, ქმედების უხეშ ქმედებად კვალიფიცირებისთვის სწორედ ზემოთ მითითებული გარემოებები უნდა შეაფასოს სასამართლომ.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია დამსაქმებლის მიერ დისციპლინური ღონისძიების - საყვედურის - დასაქმებულის მიმართ გამოყენების მართებულობა, ასევე, დისციპლინური სახდელის დაკისრების გამო მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისთვის ბონუსის შეჩერების საფუძვლიანობა. კასატორი (დამსაქმებელი) აცხადებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად განმარტა დასაქმებულის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური სამართლებრივი აქტები, შრომის შინაგანაწესი და ხელშეკრულება, ასევე არასწორად შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, რის გამოც, არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელის მხრიდან გამოვლინდა არაკეთილსინდისიერი ქცევა და ეთიკის ნორმების დარღვევა.

12. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შეფასდეს იმ თვალსაზრისით, დაირღვა თუ არა შინაგანაწესი და რამდენად პროპორციული რეაგირება მოხდა და, ზოგადად, მიიღწევა თუ არა დამსაქმებლის მიერ გამოყენებული ღონისძიებით მსგავსი დარღვევის ჩადენის პრევენცია. მოსარჩელის მოთხოვნის, თუ მოპასუხის შესაგებლის საფუძვლიანობის შემოწმებისას კი, დავის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია იმ ფაქტებით და მტკიცებულებებით, რასაც მხარეები მას წარუდგენენ. სამართლებრივი შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა. საბოლოო გადაწყვეტილებით დადგენილი შედეგი სრულად დაფუძნებულია იმ გარემოებებზე, რომელთა დასაბუთებულობაშიც მხარეები სასამართლოს დაარწმუნებენ. მოსარჩელის შედავებამ გასაჩივრებული ბრძანების უკანონობასთან დაკავშირებით, მტკიცების ტვირთი დამსაქმებლისაკენ გადაწონა, რომელსაც გამოცემული ბრძანების კანონიერება უნდა ემტკიცებინა. დამსაქმებელს უნდა დაესაბუთებინა, თუ რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის დასაქმებულისათვის დაკისრების თაობაზე და მას უნდა დაემტკიცებინა დასაქმებულის მიერ იმგვარი გადაცდომის ჩადენის ფაქტი, რის გამოც მოსარჩელე მართებულად იმსახურებდა აღნიშნულ სანქციას.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის გადაანაწილა სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რაც ახასიათებს შრომითსამართლებრივ ურთიერთობას და იცავს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. აღნიშნული უზრუნველყოფს სამართალწარმოებისას მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას (სსსკ-ის მე-4-მე-5 მუხლები).

14. სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მიერ დისცილინური გადაცდომის ჩადენა დაადგინა საქმეზე წარდგენილი არაერთი მტკიცებულებისა და მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებების, დასაქმებულის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური სამართლებრივი აქტების, შრომის ხელშეკრულების, შრომის შინაგანაწესის, ასევე, დისციპლინური წარმოების მასალების ერთობლივად შეფასების შედეგად.

15. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, ასევე, რომ სააგენტოს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მოსარჩელის მხრიდან სუბორდინაციის დარღვევად და სარეგისტრაციო წარმოებაში ჩარევად მიიჩნია მოსარჩელის შემდეგი ქმედებები:

- განცხადების საფუძველზე დაწყებულ სარეგისტრაციო წარმოების N882023559674 ფარგლებში, 2023 წლის აგვისტოში რეგისტრატორ ნ.კ–ძესთან კომუნიკაცია, რა დროსაც განუმარტა, რომ აღნიშნული განცხადება, შეეხებოდა მის ახლობელ (მეუღლის ბაბუას) ვ.ს–ს და სთხოვა ყურადღება მიექცია იმ ფაქტისთვის, რომ სარეგისტრაციო ნაკვეთი 99% ექცეოდა ყვითელ ფენებში და ემთხვეოდა დაინტერესებული პირის მონაცემებს;

- კოლეგისთვის მითითება წარმოების ვადასთან დაკავშირებით დაშვებული ტექნიკური შეცდომის შესახებ;

- 2024 წლის 17 აგვისტოს ქონების რეგისტრატორჰჯკლჰგდდდრა ნ.კ–ძისთვის და მისი მენეჯერისთვის მოსაზრების მიწოდება, რომ რეგისტრაციის პროცესში არ გაეთვალისწინებინათ ვ.ს–ის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არც ნოტარიულად იყო დამოწმებული და არც საჯარო რეესტრის ბეჭდით;

- 2024 წლის 21 აგვისტოს ლ.ს–ძის კომუნიკაცია განცხადების რეგისტრატორთან, რომელსაც აცნობა, რომ მისი მეუღლის ბაბუის წარმომადგენელს სააგენტოსთვის წარმოდგენილი ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტები (მოწმეთა დამოწმებული თანხმობები) და სთხოვა იმავე დღეს მიეღო გადაწყვეტილება კონკრეტულ განცხადებაზე, რაზეც კოლეგისგან მიიღო პასუხი, რომ ვერ შეასრულებდა მის თხოვნას, რადგან ჰქონდა სხვა დასასრულებებლი საქმეები;

- კოლეგის მიერ სარეგისტრაციო წარმოების იმავე დღეს დასრულებაზე უარის თქმის მიღების შემდგომ მასთან მალევე კვლავ კომუნიკაციაში შესვლა და განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღების თხოვნა იმავე დღეს, იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთს მყიდველი ელოდებოდა.

16. აღსანიშნავია, რომ კასატორი (მოსარჩელე) სადავოდ არ ხდის დასახელებულ ქმედებებს და აღნიშნავს, რომ ეს ქმედებები არ წარმოადგენდა მისი მხრიდან სხვა თანამშრომლის საქმიანობაში უკანონო ჩარევას ან/და მასზე ზეგავლენის მოხდენას - სარეგისტრაციო წარმოების კანონით განსაზღვრულ ვადაში შესრულების მოთხოვნა რეესტრში დასაქმებული პირების ყოველდღიურობა იყო.

17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს სააგენტოს შინაგანაწესზე, რომლითაც განსაზღვრულია დასაქმებულის კეთილსინდისიერი და ეთიკური ქცევის ვალდებულება. შინაგანაწესის მიხედვით, შრომითი ურთიერთობები ეფუძნება მხარეთა თანასწორობის, თანაბარი მოპყრობის, სუბორდინაციის, კონფიდენციალურობის, ერთგულების, სანდოობის, ურთიერთპატივისცემის, კეთილსინდისიერებისა და კოლეგიალობის პრინციპებს (მე-3 მუხლი); სააგენტოში დასაქმებული ყველა პირი უნდა იცნობდეს და ასრულებდეს შინაგანაწესით განსაზღვრულ ქცევის წესებს, სააგენტოს დებულებას, საქმისწარმოების ერთიან წესს და სააგენტოს საქმიანობის მარეგულილებელ აქტებს (მე-5 მუხლი). ამასთან, შინაგანაწესის მიზნებია: სააგენტოს გამართული ფუნქციონირებისთვის ხელის შეწყობა, შრომის დისციპლინის დაცვა, სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ეფექტიანობის ზრდა, შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება, დასაქმებულთათვის ქცევის საერთო სტანდარტების დამკვიდრება, ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბების ხელშეყობა (მუხლი 2);

18. ამავე დოკუმენტის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა: 1) დამსაქმებლის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის/სამართლებრივი აქტების, აგრეთვე შრომის ხელშეკრულების, შინაგანაწესის, „თანამშრომლის ქცევის, ეთიკისა და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ“ წესის ინსტრუქციის, სამუშაოს შესრულების სტანდარტებით მოთხოვნათა დარღვევა (61-ე მუხლის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი) და 2) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა (61-ე მუხლის, მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი).

19. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის ქმედების უხეშ ქმედებად დაკვალიფიცირება მოპასუხემ დაასაბუთა სსიპ საჯარო რეესტრის კონტროლის დეპარტამენტის 2024 წლის 25 დეკემბრის დასკვნით, რომლითაც დადგინდა დისციპლინური წარმოების შედეგის თანაზომიერება მოსარჩელის მიერ ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან, ხოლო თანაზომიერების კრიტერიუმის შეფასებისას გათვალისწინებული იქნა შემდეგი გარემოებები:

ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილი იყო განზრახ: ლ.ს–ძეს შეგნებული ჰქონდა მისი მოქმედების ან უმოქმედობის მართლსაწინაარმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა მის მავნე შედეგებს და სურდა ისინი ან შეგნებულად უშვებდა მათ;

ბ) ლ.ს–ძის მხრიდან ადგილი ჰქონდა N882023559674 სარეგისტრაციო წარმოებაზე გავლენის მოხდენის მრავალჯერად მცდელობას, მან განახორციელა მკვეთრი ხასიათის პერმანენტული ზეწოლა რეგისტრატორზე. იგი ცდილობდა სხვადასხვა გარემოება, რომლებზეც ნამსჯელია მიმდინარე დასკვნაში, მიეწოდებინა ნ.კ–ძისთვის სასურველ კონტექსტში. ლ.ს–ძის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა ე.წ. „ყვითელი ფენების“ მონაცემების უპირობოდ გამოყენების შეთავაზებას, ასევე მოწმეთა მიერ ხელმოწერების გათხოვის შესახებ დოკუმენტაციის მხედველობაში არმიღებას, იყო სარეგისტრაციო წარმოების არასწორი კუთხით წარმართვისაკენ მიცემული ბიძგი. შესაბამისად, N882023559674 სარეგისტრაციო წარმოება სათანადოდ არ გამოკვლეულა. შესაბამისად, ლ.ს–ძის ქმედებამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო და ქონება არასწორად დარეგისტრირდა ვ.ს–ის საკუთრების უფლებით (დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე, მოტივი, მიზანი, შედეგი);

გ) ლ.ს–ძეს შეეძლო მშვიდად დალოდებოდა კოლეგიის მიერ საქმის განხილვას, არ განეხორციელებინა მასზე სუბიექტური მოტივებით ზეწოლა და რეგისტრატორიც მშვიდ გარემოში, განცხადების განხილვის ვადის დაცვით მიიღებდა გადაწყვეტილებას (დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა);

დ) ლ.ს–ძეს ჰქონდა შესაძლებლობა დალოდებოდა სარეგისტრაციო წარმოებას, თუმცა იგი პერმანენტულად ახორციელებდა ზეწოლას რეგისტრატორზე და არცერთ ეტაპზე ჰქონდა მცდელობა თავიდან აერიდებინა დისციპლინური გადაცდომის დამდგარი შედეგი (დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცომის ჩადენით დამდგარი შედეგი);

ე)ლ.ს–ძეს მიმდინარე დისციპლინური წარმოების ფარგლებში მიეცა შესაძლებლობა აეხსნა მონიტორინგის სამსახურისთვის ჩადენილი ქმედებების გამომწვევი მიზეზები, თუმცა მისი დამოკიდებულება ურყევია და ღრმად სწამს, რომ არ ჩაუდენია არავითარი გადაცდომა; სააგენტოში მოქმედი თანამშრომლების შეფასების სისტემის ფარგლებში (1 დან-5-ის ჩათვლით ქულათა შეფასებით), ლ.ს–ძე შეფასებული იყო დაბალი ქულით - 2 (დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის პიროვნება, მისი საქმიანი და მორალური რეპუტაცია);

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენას ყოველთვის წინ უძღვის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება, რაც მოიცავს მტკიცებულებების შემოწმებას დასაშვებობის, შემხებლობის და უტყუარობის კუთხით, აგრეთვე მტკიცებულებათა საკმარისობაზე მსჯელობას და მათ შეფასებას ერთობლიობაში. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, დეტალურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები და მართებულად დაადგინა მოსარჩელის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი. კასატორს კი არ წარმოუდგენია იმგვარი დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი გარემოებების (დასკვნების) გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

22. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ლ.ს–ძეს (პ.ნ. .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ.ს–ძის (პ.ნ. ........) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება (მოთხოვნა) N46679266218; გადახდის თარიღი: 23.05.2026) 900 ლარის 70% - 630 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი