დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
010.260.020.35.156.016.004
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №13-38
201 0 წლი ს 14 სექტემბერი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №9-22 დადგენილების მე-14 მუხლის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 20 ნოემბრის №23 დადგენილება.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 30 ნოემბრის №27 დადგენილება.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ შ. ალიევი
შეტანილი ცვლილებები:
1. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №14-51 - სსმ V, №38, 1510.2010 წ., მუხ.1101
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს
დებულება
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №14-51 - სსმ V, №38, 1510.2010 წ., მუხ.1101
მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო (ტექსტში შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობას მოსახლეობასთან, ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.
2. ტერიტორიული ორგანო იქმნება გამგეობის დებულების მე-14 მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ერთეულებში.
3. ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
4. ტერიტორიული ორგანოს საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
5. ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება ს ა კრებულოს დადგენილებით.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №14-51 - სსმ V, №38, 1510.2010 წ., მუხ.1101
მუხლი 2. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა
ტერიტორიული ორგანო შედგება გამგეობის რწმუნებულისაგან და გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ტერიტორიული ორგანოს მოხელეებისაგან.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №14-51 - სსმ V, №38, 1510.2010 წ., მუხ.1101
მუხლი 3. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი
1. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული (შემდგომში – რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.
3. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით დადგენილი წესით:
ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;
თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას;
ი) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს;
კ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;
ლ) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში;
მ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;
ნ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
ო) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
პ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
ჟ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;
რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;
4. რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში:
ა) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;
ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;
ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;
ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
5. რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
6. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №14-51 - სსმ V, №38, 1510.2010 წ., მუხ.1101
მუხლი 4. სანოტარო მოქმედებები, რომლებსაც ასრულებს რწმუნებული
1. დასახლებულ პუნქტში, სადაც სანოტარო ბიურო არ არის, რწმუნებული ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს:
ა) ადასტურებს ანდერძს;
ბ) იღებს ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად;
გ) ამოწმებს დოკუმენტის ასლისა და ამონაწერის სისწორეს დედანთან;
დ) გადასცემს პირის განცხადებასა და ცნობას სხვა პირს;
ე) ადასტურებს მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს;
ვ) ადასტურებს მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს;
ზ) შესანახად იღებს დოკუმენტებს;
თ) ადასტურებს მოქალაქის იგივეობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან;
ი) ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას.
2. რწმუნებულს ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სანოტარო მოქმედებების შესრულების უფლებამოსილება ენიჭება მხოლოდ ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №14-51 - სსმ V, №38, 1510.2010 წ., მუხ.1101
მუხლი 5. ბეჭდის გამოყენების წესი
რწმუნებულს აქვს ბეჭედი დმანისის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით, რომელსაც იყენებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებემოსილების განხორციელების დროს შედგენილი, გამოცემული ან/და უკვე არსებული აქტების დასამოწმებლად.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №14-51 - სსმ V, №38, 1510.2010 წ., მუხ.1101
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“, №13-38, 14.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.156.016004 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1004040-1/