სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.04.2008 ძალადაკარგული 06.09.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№219
სარეგისტრაციო კოდი
040.110.040.08.002.004.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 66, 02/05/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №219

2008 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 4​1 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 27 ოქტომბრის ბრძანებულება №509-სსმIII, №157, 29.10.2008წ., მუხ.1565

2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 7 აპრილის ბრძანებულება №179-სსმ III, №45, 10.04.2009წ., მუხ.501

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ  დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის (შემდეგში – ბინები) საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც აღნიშნული ბინები დაკავებული აქვთ ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის საფუძველზე.

    მუხლი 2. საკუთრებაში გადაცემის წესი

ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დადგენილი წესით, ამ დებულებით გათვალისწინებული თავისებურებების შესაბამისად.

    მუხლი 3. დამატებით წარსადგენი დოკუმენტები

1. ფიზიკური პირების მიერ დაკავებული ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენილი იქნება:

ა) საბინაო კომისიის გადაწყვეტილება ბინის სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ან/და

ბ) საბინაო ორდერი ბინის დროებით სარგებლობაში (მათ შორის სამსახურებრივ სარგებლობაში) გადაცემის შესახებ, ან/და

გ) სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს პირის სარგებლობის უფლებას ან;

დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მიერ ბინის ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე ფაქტობრივად დაკავების (სარგებლობის) ფაქტს და შეიძლება გამოიცეს განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.

2. ამ დებულების მე-2 მუხლში მითითებული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ფიზიკურმა პირმა შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უნდა წარუდგინოს:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობა ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე;

ბ) საქართველოს მოქალაქეობისა და საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ შეიცავს მითითებულ ინფორმაციას);

გ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (იმ შემთხვევაში, თუ პირი დასაქმებულია).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცნობას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გასცემს მოთხოვნიდან 2 კვირაში.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 27 ოქტომბრის ბრძანებულება №509-სსმ III, №157, 29.10.2008წ., მუხ.1565

    მუხლი 4. ბინები, რომლებიც საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება

1. საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება ბინა:

ა) რომელიც მდებარეობს დახურული სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე;

ბ) თუ ბინა დაკავებული აქვს:

ბ.ა) 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

ბ.ბ) მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

ბ.გ) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ან/და რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებში მომსახურე პირს;

გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინები.

1​1. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით საკუთრებაში გადაცემას შეიძლება აგრეთვე დაექვემდებაროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური პირების მიერ დაკავებული ბინა. ასეთ შემთხვევაში, ფიზიკურმა პირმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობის ნაცვლად უნდა წარუდგინოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელშიც აგრეთვე მითითებული უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე.

2. საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება აგრეთვე ბინა:

ა) თუ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ცნობილი გახდება აღნიშნული ბინის თაობაზე სასამართლო დავის არსებობის შესახებ (დავის დასრულებამდე);

ბ) თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იქნება ან სხვაგვარად გახდება ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისი ბინით სარგებლობის უფლებას ანიჭებს სხვა პირს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი არ არის „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“, „ვ“, „თ“ (მხოლოდ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ან „ი“ ქვეპუნქტით და ამავე დროს:

ა) სამხედრო ძალებში ნამსახური აქვს არანაკლებ 8 წელი, ან

ბ) სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილია ავადმყოფობის გამო, რომელიც დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან, ან ზღვრული ასაკით; ან

გ) დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის ორდენით; ან

დ) არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი ან სამხედრო ძალების ვეტერანი.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს:

ა) სამხედრო ძალებში ნამსახური აქვს არანაკლებ 8 წელი; ან

ბ) დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის ორდენით; ან

გ) არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი ან სამხედრო ძალების ვეტერანი.

5. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილია, ბინის პრივატიზების უფლებამოსილება აქვს მის მემკვიდრე(ებ)ს, მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტის საფუძველზე.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 27 ოქტომბრის ბრძანებულება №509-სსმ III, №157, 29.10.2008წ., მუხ.1565

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 7 აპრილის ბრძანებულება №179-სსმ III, №45, 10.04.2009წ., მუხ.501

    მუხლი 5. სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მართლზომიერების საკითხის განხილვა

უფლებამოსილი ორგანო კანონმდებლობით დადგენილი წესით იხილავს საკუთრებაში გადაცემას დაქვემდებარებულ ბინაზე არსებული დოკუმენტების მართლზომიერების საკითხს, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები ყალბია, ან გაცემულია ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“, №219, 30.04.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.110.040.08.002.004. (კონსოლიდირებული რედაქცია 07.04.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/102838-2/