ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.07.2008 ძალადაკარგული 14.12.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№343
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.08.002.004.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 96, 08/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (13)

შემდგომი ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

010.330.000.08.002.004.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №343

2008 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოში ხელოვნებისა და მეცნიერების შემდგომი განვითარებისა და სტიმულირების, შემოქმედთა და მეცნიერთა ღვაწლის აღიარებისა და დაფასების მიზნით:

1. დაწესდეს:

ა) შოთა რუსთაველის სახელობის პრემია შემდეგ დარგებში: მხატვრული ლიტერატურა, მუსიკა, კინოხელოვნება, სახვითი ხელოვნება, თეატრალური ხელოვნება, არქიტექტურა, რუსთველოლოგია, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები;

ბ) საქართველოს ეროვნული პრემია შემდეგ დარგებში: მხატვრული ლიტერატურა, მუსიკა, კინოხელოვნება, სახვითი ხელოვნება, თეატრალური ხელოვნება, არქიტექტურა, ტელევიზია, პუბლიცისტიკა, კულტურული მემკვიდრეობა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, მედიცინა, ტექნიკა.

2. დამტკიცდეს ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.

3. ამ ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული მედლებისა და დიპლომების დამზადებას უზრუნველყოფს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 აგვისტოს ბრძანებულება №400, სსმIII, №111, 05.08.2008წ., მუხ.1222

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 15 ივლისის  ბრძანებულება №367, სსმIII, №101., 16.07.2008წ., მუხ.1119

2.საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 აგვისტოს ბრძანებულება №400, სსმIII, №111, 05.08.2008წ., მუხ.1222

3.საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 სექტემბრის ბრძანებულება №459, სსმIII, №142, 26.09.2008წ., მუხ.1410

4.საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 21 ნოემბრის ბრძანებულება №559-სსმIII, №166, 21.11.2008წ., მუხ.1690

5.საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 თებერვლის ბრძანებულება №65, სსმIII, №21, 25.02.2009წ., მუხ.264

6.საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 22 მაისის ბრძანებულება №276, სსმIII, №63, 22.05.2009წ., მუხ.703

7.  საქართველოს პრეზიდენტის 2010წლის 23 თებერვლის ბრძანებულება №122-სსმIII, №23, 26.02.2010წ., მუხ.288

 დანართი

ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულება

    მუხლი 1. ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების კომისია

1. შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მინიჭების ღონისძიებათა უზრუნველყოფის, კონკურსის გამოცხადების, განაცხადების მიღებისა და განხილვის, პრემიის ლაურეატთა გამოვლენის მიზნით იქმნება საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების კომისია (შემდეგში – კომისია).

2. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობენ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, რომლებიც თანამდებობრივად არიან კომისიის თანათავმჯდომარეები.

3. კომისიას 12 წევრის შემადგენლობით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი წარდგინებით ყოველწლიურად ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

4.  კომისიის წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული კომისიის შემადგენლობა საქმიანობას წყვეტს ამ ბრძანებულებით დადგენილი წესით ლაურეატთა სიის გამოქვეყნებისთანავე.

6. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს არა უმეტეს                2 წარმომადგენლისაგან იქმნება კომისიის აპარატი, რომლის შემადგენლობასაც განსაზღვრავს კომისია.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 15 ივლისის  ბრძანებულება №367, სსმIII, №101., 16.07.2008წ., მუხ.1119

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 თებერვლის ბრძანებულება №65, სსმIII, №21, 25.02.2009წ., მუხ.264

საქართველოს პრეზიდენტის 2010წლის 23 თებერვლის ბრძანებულება №122-სსმIII, №23, 26.02.2010წ., მუხ.288

    მუხლი 2. კონკურსის გამოცხადებისა და კანდიდატთა წარდგენის წესი

1. კონკურსი ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად ცხადდება ყოველი წლის იანვარში.

2. (ამოღებულია).

3. საკონკურსო განაცხადების მიღება შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად ხორციელდება 31 მარტამდე.

4.  საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესს განსაზღვრავს კომისია.

5. შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც მოღვაწეობენ ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში და აქვთ შესაბამისი ავტორიტეტი და კომპეტენცია.

6. შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად შეიძლება წარდგენილ იქნეს პირი მისი მოქალაქეობის მიუხედავად. პირი შეიძლება ერთდროულად წარდგენილ იქნეს ორივე პრემიის მოსაპოვებლად.

7. პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი კანდიდატი იმავდროულად არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი.

8. ლიტერატურული ნაწარმოების წარდგენა დასაშვებია მისი დასრულებული სახით გამოქვეყნების შემდეგ.

9. მუსიკის, სახვითი ხელოვნების, თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ნაწარმოებების წარდგენა შეიძლება მას შემდეგ, რაც მათ სრულად გაეცნობა საზოგადოება კონცერტებზე, გამოფენებზე, კინოთეატრებში, პრესისა და რადიო-ტელევიზიის საშუალებით.

10. არქიტექტურის ნაწარმოების წარდგენა დასაშვებია მხოლოდ ობიექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ.

11. მეცნიერების დარგში პრემიის მისანიჭებლად წარდგენა დასაშვებია მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნებისა და/ან მისი პრაქტიკული განხორციელების შემდეგ.

12. გარდაცვლილ შემოქმედს ან/და მეცნიერს შეიძლება მიენიჭოს პრემია იმ შემთხვევაში, თუ იგი წარდგენილი იყო სიცოცხლეშივე, ან მოგვიანებით გამოქვეყნდა მისი ახალი, მანამდე უცნობი მნიშვნელოვანი ნაწარმოები.

13. დაუშვებელია პრემიის მოსაპოვებლად კომისიის მიერ უარყოფილი ნაწარმოების ხელმეორედ წარდგენა. ავტორის განმეორებითი წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ახალი ნაწარმოებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაწარმოები (ნაშრომი) საკონკურსოდ დაშვებული არ იქნა ტექნიკური მიზეზების გამო.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 თებერვლის ბრძანებულება №65, სსმIII, №21, 25.02.2009წ., მუხ.264

საქართველოს პრეზიდენტის 2010წლის 23 თებერვლის ბრძანებულება №122-სსმIII, №23, 26.02.2010წ., მუხ.288

    მუხლი 3. გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისია უფლებამოსილია ცალკეულ საკითხთა შესწავლის, ასევე წარდგენილ ნამუშევართა (ნაწარმოებთა) რეცენზირებისა და ექსპერტიზის მიზნით, შესაბამისი დარგის კვალიფიციური სპეციალისტებისაგან შექმნას 2 ქვეკომისია.

2. პრემიების მოსაპოვებლად წარდგენილ კანდიდატებს წინასწარ განიხილავენ ქვეკომისიები, რომლებიც კომისიისათვის წარსადგენად ამზადებენ საექსპერტო დასკვნას. ქვეკომისია დასკვნას ამტკიცებს ქვეკომისიის წევრთა უბრალო უმრავლესობით.

3. კომისიის გადაწყვეტილება ლაურეატობის კანდიდატებად ავტორების გამოცხადებისა და პრემიების მინიჭების შესახებ მიიღება ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა ხმების არანაკლებ ორი მესამედით.

4. კომისიაში კენჭისყრა საერთოა და არა დარგობრივი. ყოველი კანდიდატი უპირისპირდება სხვა ნომინაციების კანდიდატებსაც, რაც ქმნის იმის პირობას, რომ გაიცეს ორი ან მეტი პრემია ერთსა და იმავე დარგში და საერთოდ არ გაიცეს სუსტი ნაწარმოებებით წარდგენილ რომელიმე დარგში.

5.  კომისიაში კენჭისყრის წინ განისაზღვრება გამსვლელი ქულა.

6.  ავტორთა კოლექტივებისათვის პრემიის მინიჭებისას პრემია ნაწილდება თანაბრად.

7. კომისიის გადაწყვეტილების მოწონების შემთხვევაში, კონკურსის საბოლოო შედეგს და პრემიის ლაურეატთა სიას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 4. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია და მისი მინიჭების პირობები

1. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა არა უმეტეს სამისა, თითოეული 15 000 ლარის ოდენობით. პრემია ენიჭება:

ა) ხელოვნების დარგში – ლიტერატურის, მთარგმნელობითი და კვლევითი, ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და გამსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით;

ბ) მეცნიერების დარგში – მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული და საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო ნაშრომისათვის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მეცნიერების და არა მარტო ქვეყნის, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.

2. პირს, რომელიც მოიპოვებს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიას, მიენიჭება შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, ოქროს მედალი და ფულადი ჯილდო.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 აგვისტოს ბრძანებულება №400, სსმIII, №111, 05.08.2008წ., მუხ.1222

    მუხლი 5. საქართველოს ეროვნული პრემიის მინიჭების პირობები

1. საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა არა უმეტეს შვიდისა, თითოეული 10 000 ლარის ოდენობით. პრემია ენიჭება:

ა) ხელოვნების დარგში – მაღალმხატვრული ნაწარმოებისათვის, რომელიც ასახავს თანამედროვეობის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს, ნერგავს თავისუფლებისა და მომავლის რწმენას და მოიპოვებს საერთო ეროვნულ აღიარებას;

ბ) მეცნიერების დარგში – მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული და საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო ნაშრომისათვის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მეცნიერების, ქვეყნის სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.

2. პირს, რომელიც მოიპოვებს საქართველოს ეროვნულ პრემიას, მიენიჭება საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, ვერცხლის მედალი და ფულადი ჯილდო.

    მუხლი 6. კონკურსის შედეგების გამოცხადების წესი

შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის საბოლოო შედეგები და პრემიების ლაურეატთა სიები, რომელთაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნდება არა უგვიანეს 26 მაისისა.

  საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 თებერვლის ბრძანებულება №65, სსმIII, №21, 25.02.2009წ.,

მუხ.264

საქართველოს პრეზიდენტის 2010წლის 23 თებერვლის ბრძანებულება №122-სსმIII, №23, 26.02.2010წ., მუხ.288

    მუხლი 7. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 აგვისტოს ბრძანებულება №400, სსმIII, №111, 05.08.2008წ., მუხ.1222

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 სექტემბრის ბრძანებულება №459, სსმIII, №142, 26.09.2008წ., მუხ.1410

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 21 ნოემბრის ბრძანებულება №559-სსმIII, №166, 21.11.2008წ., მუხ.1690

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 თებერვლის ბრძანებულება №65, სსმIII, №21, 25.02.2009წ., მუხ.264

    მუხლი 8. გარდამავალი დებულება

2010 წელს კონკურსი შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად გამოცხადდეს არა უგვიანეს 2010 წლის 26 მარტისა, ხოლო საკონკურსო განაცხადების მიღება განხორციელდეს არა უგვიანეს 2010 წლის 26 აპრილისა.

საქართველოს პრეზიდენტის 2010წლის 23 თებერვლის ბრძანებულება №122-სსმIII, №23, 26.02.2010წ., მუხ.288

 

 

 

 

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“, №343, 02.07.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.08.002.004. (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103306-7/