„ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.08.2010 ბოლო ცვლილება 22.07.2025
ნომერი
№202
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.030.015045
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 106, 27/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება № 202

2010 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე

 „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის მე-15 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის თანდართული წესი.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ვაშაძე

ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესი

    მუხლი 1

ეს წესი არეგულირებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) მიერ უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის წესს.

    მუხლი 2

1. დოკუმენტის ლეგალიზაციის დამოწმების ფაქტი რეგისტრირდება ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟუნალში.

2. ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალი (შემდგომში – სარეგისტრაციო ჟურნალი) იწარმოება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით. მატერიალური ფორმით წარმოებულ სარეგისტრაციო ჟურნალში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) რიგითი ნომერი, რომელსაც პასუხობს ლეგალიზაციის შტამპი;

ბ) ლეგალიზაციის განმახორციელებელი ორგანოს დასახელება და ლეგალიზაციის განხორციელების თარიღი;

გ) ლეგალიზებულ დოკუმენტზე ხელმომწერი პირის ვინაობა და თანამდებობა.

3. მატერიალური ფორმით წარმოებულ სარეგისტრაციო ჟურნალში დოკუმენტის ლეგალიზაცია ინომრება უწყვეტი ნუმერაციით, ნუმერაცია იწყება ერთიდან, ხოლო ყოველი წლის დასაწყისში ნუმერაცია იწყება თავიდან. ნუმერაციაში შეცდომის დაშვების შემთხვევაში შეცდომის შესახებ უნდა აღინიშნოს გრაფაში „შენიშვნებისათვის“.

4. მატერიალური ფორმით წარმოებულ სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერი კეთდება დოკუმენტზე ლეგალიზაციის II ეტაპის შტამპის დასმის შემდეგ, მასზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერისთანავე.

5. მატერიალური ფორმით წარმოებულ სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერს ასრულებს დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირი. დაუშვებელია სარეგისტრაციო ჟურნალებში ჩანაწერის გაკეთება ფანქრით.

6. მატერიალური ფორმით წარმოებულ სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერის გაკეთებისას შეცდომის დაშვების შემთხვევაში, შესწორების შეტანის შესახებ უნდა აღინიშნოს გრაფაში „შენიშვნებისათვის“ და დამოწმდეს შესწორების შემტანი პირის მიერ.

7. ჟურნალის შევსების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ პირს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 მაისის ბრძანება №97 - ვებგვერდი, 01.05.2012წ.

    მუხლი 3

დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში დეპარტამენტი ვალდებულია გასცეს ინფორმაცია, შეესაბამება თუ არა დოკუმენტზე ლეგალიზაციის შტამპში აღნიშნული მონაცემები სარეგისტრაციო ჟურნალებში არსებულ მონაცემებს.

    მუხლი 4

1. სარეგისტრაციო მატერიალური ჟურნალი უნდა იყოს აკინძული, დანომრილი, პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული.

2. სარეგისტრაციო მატერიალური ჟურნალი უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი მთლიანობის დარღვევა ან დაკარგვა.

3. ელექტრონული სარეგისტრაციო ჟურნალის გამართული წარმოება, მონაცემთა ავთენტიკურობა, უსაფრთხოება და არასანქცირებული წვდომისაგან დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო პროგრამული მხარდაჭერით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“, №202, 26.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.030.015045 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1034795-1/