ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.10.2010 ბოლო ცვლილება 26.02.2024
ნომერი
№111/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016026
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 140, 29/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (24)

შემდგომი ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (16)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №111/ნ

2010 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ტ​1“საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესი.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

დანართი

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის (შემდგომში – ოლიმპიადა) ჩატარების წესსა და პირობებს, აგრეთვე ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეთოდოლოგიური და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის საკითხებს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ადმინისტრატორი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) მიერ ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული, ოლიმპიადის მეორე ან/და მესამე ტურის/ტურების ტესტირების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი;

ბ) ადმინისტრატორის თანაშემწე – ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული პირი, რომელიც თვალყურს ადევნებს ოლიმპიადის მესამე ტურში ტესტირების პროცესის მიმდინარეობას;

გ) გამსწორებელი – ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული სპეციალისტი, რომელმაც გაიარა შესაბამისი სწავლება – ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგები და უფლებამოსილია შეაფასოს ოლიმპიადის მონაწილის მიერ შესრულებული ტესტი;

დ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა – ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;

ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კონკრეტული ქულა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, ამ წესის შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის თითოეულ საგანში მინიჭებულ ქულათა ჯამი;

ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგული სია - ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ან ცენტრის მიერ დამტკიცებული, ოლიმპიადის მეორე/მესამე ტურში/ტურებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ წესით დადგენილი წესით მოპოვებული ქულების შესაბამისად შედგენილი რეიტინგული სია უმაღლესიდან უმდაბლესისკენ;

ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საერთო ქულა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კონკრეტული ქულის ამ წესით განსაზღვრულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა რაოდენობაზე გაყოფის შედეგად მიღებული ქულა;

თ) მაქსიმალური ქულა – ტესტის თითოეული დავალებისთვის მინიჭებულ ქულათა ჯამი;

ი) მეთვალყურე – ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული პირი, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ტესტირების ჩატარების პროცესს;

კ) ოლიმპიადა – ამ წესის მიხედვით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონკრეტული კლასის/კლასების თითოეულ საგანში ჩატარებული ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა;

ლ) ოლიმპიადის მონაწილე – მოსწავლე, რომელიც შესაბამისი საგნის მიხედვით დარეგისტრირდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად;

მ) ოლიმპიადის მონაწილეთა რეიტინგული სია – ამ წესით დადგენილი შესაბამისი ტურის დასრულების შემდეგ, ცენტრის მიერ დამტკიცებული, ოლიმპიადის მონაწილეების მიერ მოპოვებული ქულების მიხედვით ოლიმპიადის მონაწილეთა რანჟირებული სია უმაღლესიდან უმდაბლესისკენ;

ნ) პასუხისმგებელი პირი – ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული პირი, რომელიც კურირებს ოლიმპიადის ტურების ჩატარების პროცესს და უზრუნველყოფს ოლიმპიადის ტესტების კონფიდენციალობას;

ო) რეგისტრატორი – ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული პირი, რომელიც ახორციელებს ოლიმპიადის მონაწილეთა რეგისტრაციას და ოლიმპიადის ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებაში ეხმარება ცენტრს;

პ) საოლიმპიადო დავალებათა ბანკი – ცენტრის მიერ საგნის შესაბამისად შექმნილი ტესტის შემადგენელი საოლიმპიადო დავალებების მონაცემთა ბაზა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ოლიმპიადის თითოეული ტურისთვის შეიქმნას ტესტი ;

პ​1)  საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ პრიორიტეტულად აღიარებული საერთაშორისო   შეჯიბრი (ჩემპიონატი) კონკრეტულ საგანში/საგნებში სასკოლო ასაკის მოსწავლეებს შორის, რომელშიც ქვეყნები წარმოდგენილია ნაკრები გუნდების სახით. საქართველოს ნაკრები გუნდების წევრები შეირჩევიან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საფუძველზე. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაა ასევე საერთაშორისო   შეჯიბრი (ჩემპიონატი) კონკრეტულ საგანში/საგნებში სასკოლო ასაკის მოსწავლეებს შორის, რომელშიც მონაწილეობს არანაკლებ 20 ქვეყნის ნაკრები გუნდი, რომლის წევრებიც შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე;

ჟ)  საპრეტენზიო კომისია – ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურში მიღებულ შედეგთან დაკავშირებით თითოეული საგნის მიხედვით, ასევე  ოლიმპიადის სამივე ტურში პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით ოლიმპიადის მონაწილეთა განცხადებების განხილვისა ან/და ცენტრის დირექტორისათვის დასკვნის მომზადების მიზნით, ცენტრის დირექტორის ან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესურცენტრის (შემდგომში – რესურსცენტრი) უფროსის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო/ორგანოები;

რ) ტესტი – ცენტრის მიერ, კონკრეტული კლასის/კლასების თითოეულ საგანში,  შედგენილი საოლიმპიადო დავალებათა ერთობლიობა. საოლიმპიადო დავალებები შეიძლება იყოს თეორიული ან/და პრაქტიკული სახის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №195/ნ - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №178/ნ - ვებგვერდი, 19.11.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №134/ნ - ვებგვერდი, 11.10.2016წ.

საქართველოს განათლებისა,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №35/ნ - ვებგვერდი, 25.02.2019წ.

    მუხლი 3. ოლიმპიადის მიზნები

1. ოლიმპიადის მიზანია:

ა) სასწავლო პროცესის სტიმულირება – სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესების გაღვივება;

ბ) სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება;

გ) საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გამოვლენა;

დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ცენტრი უზრუნველყოფს:

ა) ოლიმპიადის ტურებისთვის ტესტის შეფასების ობიექტური და უნიფიცირებული მეთოდების შემუშავებას;

ბ) მონაწილეთა შერჩევის ადმინისტრირების გეგმის შემუშავებას;

გ) ტესტირების ადმინისტრირებას;

დ) შედეგების მეთოდოლოგიურ და პროგრამულ ანალიზს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №178/ნ - ვებგვერდი, 19.11.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №134/ნ - ვებგვერდი, 11.10.2016წ.

თავი II

ოლიმპიადა

    მუხლი 4. ოლიმპიადის ჩატარების დრო

საქართველოს ტერიტორიაზე ოლიმპიადა ტარდება ყოველი სასწავლო წლის პირველი ოქტომბრიდან 15 მაისამდე.

    მუხლი 5. ოლიმპიადის ტურები და მათი სამართლებრივი შედეგები

1. ოლიმპიადა მოიცავს სამ ტურს:

ა) პირველი ტური, რომელიც ტარდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) მეორე ტური, რომელიც ტარდება პირველი ტურის შედეგების გათვალისწინებით, ცენტრის მიერ შერჩეულ ქალაქებში;

გ) მესამე ტური, რომელიც ტარდება ცენტრის მიერ შერჩეულ ქალაქში ან/და ქალაქებში.

2. ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადის მეორე ტურში.

3. მეორე ტურის შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ოლიმპიადის ის მონაწილები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადის მესამე ტურში.

4. მესამე ტურის შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ოლიმპიადის გამარჯვებულები.

5. ოლიმპიადის თითოეული ტური ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას.

6. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო, ოლიმპიადის ჩატარების წელს, მონაწილეობას იღებს კონკრეტული საგნის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში, ოლიმპიადის მესამე ტურის მონაწილე, შესაბამისი ასაკის და კლასის/კლასების მოსწავლე ხდება საქართველოს ნაკრები გუნდის წევრობის კანდიდატი. საქართველოს ნაკრები გუნდის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა საგნების შესაბამისად დგინდება მინისტრის ან მინისტრის მიერ განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №195/ნ - ვებგვერდი, 08.12.2011 წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 1 ივლისის ბრძანება №71/ნ - ვებგვერდი, 02.07.2020 წ.

    მუხლი 6. საგნები, რომლებშიც ტარდება ოლიმპიადა

1. ოლიმპიადა, კონკრეტული კლასის/კლასების შესაბამისად, ტარდება შემდეგ საგნებში:

ა) მათემატიკა;

ბ) (ამოღებულია - 18 .11.13 № 178/ნ);

გ) ქართული ენა და ლიტერატურა ;

დ) ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის;

ე) ისტორია;

ვ) გეოგრაფია;

ზ) ფიზიკა;

თ) ქიმია;

ი) ბიოლოგია;

კ) უცხოური ენები (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული).

2. ოლიმპიადა შესაძლებელია ჩატარდეს სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ამ შემთხვევაში, ცენტრსა და შესაბამის ორგანიზაციებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია დადგინდეს ამ წესით   გათვალისწინებულისგან განსხვავებული ვადები და წესი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „„ა“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“და „ი“ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საგნებში ოლიმპიადა ასევე ტარდება სომხურ, აზერბაიჯანულ ან რუსულ ენაზე.

3​1. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ან/და „ი“ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საგნებში არაქართულენოვანი ოლიმპიადის მონაწილეებისთვის ოლიმპიადა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმართვის შემთხვევაში, შესაძლებელია ჩატარდეს იმ ენაზე, რომელზეც ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ,,ზოგადი განათლების შესახებ“საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მიმდინარეობს სწავლება.

3​2. ამ მუხლის 3​1 პუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში ოლიმპიადის მონაწილეს უფლება არ აქვს უცხოურ ენად   ჩააბაროს ის ენა, რომელზეც აბარებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ან/და „ი“ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საგანს/საგნებს.

4. რუსულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს უფლება არა აქვთ უცხოურ ენად ჩააბარონ რუსული ენა.

5. არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს შესაბამის წელს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის გათვალისწინებულ ქართული ენის ოლიმპიადაში ან ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში.

6. ოლიმპიადის უსინათლო მონაწილეებისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგანებში გამოიყენება ბრაილის სისტემა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №195/ნ - ვებგვერდი, 08.12.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 თებერვლის ბრძანება №48/ნ - ვებგვერდი, 23.02.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება №28/ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №178/ნ - ვებგვერდი, 19.11.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №134/ნ - ვებგვერდი, 11.10.2016წ.

    მუხლი 7. ოლიმპიადის ტურების ჩატარების ფორმა

1. ოლიმპიადის:

ა) პირველი ტური ტარდება ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად:

ა.ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, გარდა ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით;

ა.ბ) სპეციალური საჭიროების მქონე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი და გალის რაიონის ტერიტორიაზე მყოფი ოლიმპიადის მონაწილეებისთვის წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით;

ბ) მეორე და მესამე ტურები ტარდება წერილობითი/ელექტრონული, ზეპირი ან/და ექსპერიმენტული ფორმით.

2. ოლიმპიადა ზეპირი ან/და ექსპერიმენტული ფორმით შესაძლებელია ჩატარდეს სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ან/და ცენტრის მიერ.

3. ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურზე ოლიმპიადის მონაწილის წერილობითი ფორმით ჩატარებული გამოცდის ტესტური ნაშრომი ტესტის გამსწორებელს წარედგინება დაშიფრული ინდივიდუალური სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ოლიმპიადის მონაწილის კონფიდენციალობას.

4.  ტესტირება, შესაბამისი საგნის მიხედვით, ოლიმპიადის ტურების შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და ცენტრის მიერ მეორე და მესამე ტურისთვის შერჩეულ ქალაქებში ტარდება ერთდროულად, გარდა ამ მუხლის 4​1 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

4​1. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური გალის რაიონის ტერიტორიაზე და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ოლიმპიადის მონაწილეებისთვის შესაძლოა ჩატარდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტისგან განსხვავებული წესით.

5. ოლიმპიადის:

ა) პირველი ტურის ტესტები სწორდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად;

ბ) მეორე ტურის ტესტები სწორდება ცენტრის გამსწორებლების მიერ 30 დღის ვადაში;

გ) მესამე ტურის ტესტები სწორდება ცენტრის გამსწორებლების მიერ 20 დღის ვადაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №195/ნ - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №134/ნ - ვებგვერდი, 11.10.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №149/ნ - ვებგვერდი, 10.11.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №190/ნ - ვებგვერდი, 29.11.2017წ.

    მუხლი 8. ოლიმპიადის მონაწილენი

1. ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეს ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილი კლასის/კლასების შესაბამისად.

2. ცენტრის მიერ დადგენილი კლასის/კლასების შესაბამისად, მოსწავლეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს რამდენიმე საგნის ოლიმპიადაში ერთდროულად.

3. მოსწავლეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი ან უფრო მაღალი კლასისთვის/კლასებისთვის განსაზღვრული საგნის ოლიმპიადაში.

    მუხლი 9. ოლიმპიადის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები

1.  ოლიმპიადის ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება:

ა) უზრუნველყოფს მოსწავლეების ინფორმირებასა და ოლიმპიადის მონაწილეების რეგისტრაციას ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში, ელექტრონული ფორმით, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით, ხოლო  გალის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს მოსწავლეთა ინფორმირებულობას და  ოლიმპიადიაზე რეგისტრაციის გავლის მსურველ პირთა სიის ცენტრისთვის გამოგზავნას. ცენტრი, გალის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მოწოდებულ სიაში არსებულ მონაცემებს, ასახავს ოლიმპიადაში მონაწილეების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;

ბ) ადმინისტრირებას უწევს ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარებას ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად;

გ) (ამოღებულია - 10.10.2016; № 134/ნ);

დ) (ამოღებულია - 10.10.2016; № 134/ნ);

ე) (ამოღებულია - 10.10.2016; № 134/ნ);

ვ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ოლიმპიადის ჩატარებას.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიადაში. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობას არ იღებს შესაბამისი წლის ოლიმპიადაში იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის წელს მისი მოსწავლე არ დარეგისტრირდება ოლიმპიადის მონაწილედ.

4. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შესაბამის წელს:

ა) გამოთქვამს ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილს, მასზე ვრცელდება ამ წესით დადგენილი ის მოთხოვნები, რომელიც გათვალისწინებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის;

ბ) არ გამოთქვამს ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილს, ამ შემთხვევაში ის უზრუნველყოფს მოსწავლეების დარეგისტრირებას ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას მიაწვდის შესაბამის რესურსცენტრს.

5. რესურსცენტრი:

ა) (ამოღებულია - 10.10.2016; № 134/ნ);

ბ) უზრუნველყოფს იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ოლიმპიადის პირველ ტურზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განაწილებას, რომლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობას არ იღებს შესაბამისი წლის ოლიმპიადაში;

გ) (ამოღებულია - 10.10.2016; № 134/ნ);

დ) განიხილავს ოლიმპიადის პირველი ტურის პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადებს ამ წესის შესაბამისად;

ე) (ამოღებულია - 10.10.2016; № 134/ნ);

ვ) ხელს უწყობს მის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და ცენტრს ოლიმპიადის ჩატარებაში;

ზ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს;

თ) უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ ოლიმპიადებზე მონიტორინგი.

6. ცენტრი:

ა) უზრუნველყოფს ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარებას:

ა.ა)  სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით;

ა.ბ) ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით;

ბ) უზრუნველყოფს ოლიმპიადის მონაწილეთა ბაზების ფორმირებას;

გ) ატარებს ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურს ამ წესის შესაბამისად;

დ) განიხილავს ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურის საპრეტენზიო განაცხადებს ამ წესის შესაბამისად;

ე) (ამოღებულია - 10.10.2016; № 134/ნ);

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და საქათველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

7. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო დაწესებულება, რესურსცენტრის ან/და ცენტრის მიმართვის შემთხვევაში, ოლიმპიადის ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მათ დაქვემდებარებაში მყოფი შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას.

8. ოლიმპიადის დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა:

ა) ცენტრს მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგენს მოსწავლეთა პერსონალურ მონაცემებს, ელექტრონულად ან/და წერილობით, შეთანხმებული ფორმის შესაბამისად;

ბ) ოლიმპიადის პირველი ტურის პროცესში, ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოფს შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ინსტალაციასა და ტექნიკურ მხარდაჭერას;

გ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №195/ნ - ვებგვერდი, 08.12.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №178/ნ - ვებგვერდი, 19.11.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №134/ნ - ვებგვერდი, 11.10.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №149/ნ - ვებგვერდი, 10.11.2016წ.

საქართველოს განათლებისა,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №35/ნ - ვებგვერდი, 25.02.2019წ.

თავი III

ოლიმპიადების ჩატარების ორგანიზება

    მუხლი 10. ტესტების მომზადება

1. ოლიმპიადის თითოეული ტურისთვის შეფასების ზოგად კრიტერიუმებსა და სწორ პასუხებს შეიმუშავებს ცენტრი. შეფასების ზოგადი კრიტერიუმები ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე .

2. ოლიმპიადის თითოეული ტურისთვის შეირჩევა განსხვავებული სირთულის ტესტი კონკრეტული კლასის/კლასების და საგნის შესაბამისად.

3. ოლიმპიადებისთვის ცენტრი უფლებამოსილია საგნის შესაბამისად შექმნას საოლიმპიადო დავალებათა ბანკი.

4. (ამოღებულია - 10.10.2016; № 134/ნ);

5. (ამოღებულია - 10.10.2016; № 134/ნ);

6. (ამოღებულია - 10.10.2016; № 134/ნ);

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №195/ნ - ვებგვერდი, 08.12.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №178/ნ - ვებგვერდი, 19.11.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №134/ნ - ვებგვერდი, 11.10.2016წ.

    მუხლი 11. რეგისტრაცია

1. ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლე რეგისტრაციას გადის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარეობს ცე ნ ტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმიანისტრაციული-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი პროცედურებით.

3. (ამოღებულია - 06.12.11 №195/ნ).

4. იმ შემთხვევში, თუ ოლიმპიადის მონაწილე არის წინა წლის შესაბამისი საგნის/საგნების ოლიმპიადის გამარჯვებული და შესაბამის წელს საპატიო მიზეზით ვერ გაივლის რეგისტრაციას ან/და ვერ გამოცხადდება ოლიმპიადის პირველ ან მეორე ტურზე, უფლება აქვს გავიდეს შესაბამისი საგნის და კლასის ოლიმპიადის შემდეგ ტურში.

5. ​ იმ შემთხვევაში, თუ პირი არის ოლიმპიადის მონაწილე ან საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის წინა წლების ეროვნული/სასკოლო ნაკრები გუნდის წევრი/რეზერვისტი და იგი ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე საპატიო  მიზეზით ცენტრში ვერ გაივლის  რეგისტრაციას ან/და ვერ გამოცხადდება ოლიმპიადის პირველ ან მეორე ტურზე, უფლება აქვს გავიდეს ოლიმპიადის შემდეგ ტურში იმ საგანში/საგნებში, რომლებზეც ვერ დარეგისტრირდა ან/და ვერ გამოცხადდა პირველ ან მეორე ტურში. საპატიო მიზეზს განსაზღვრავს ცენტრი. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილის ან წინა წლების ეროვნული ნაკრები გუნდის წევრის/რეზერვისტის თაობაზე ცენტრი ეყრდნობა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №195/ნ - ვებგვერდი, 08.12.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №154/ნ - ვებგვერდი, 19.11.2014წ.

საქართველოს განათლებისა,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №35/ნ - ვებგვერდი, 25.02.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 6 იანვრის ბრძანება №01/ნ - ვებგვერდი, 08.01.2020წ.

    მუხლი 12. მონაცემთა ბაზა

1. ოლიმპიადის ჩატარების მიზნით, ცენტრი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ქმნის ოლიმპიადაში მონაწილეების მონაცემთა ელექტრონულ ბაზას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორეზე და სისრულეზე პასუხისმგებელია შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №195/ნ - ვებგვერდი, 08.12.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №134/ნ - ვებგვერდი, 11.10.2016წ.

თავი IV

ოლიმპიადის ტურები და ჩატარების ფორმა

    მუხლი 13. ოლიმპიადის ტურის ჩატარების დრო

1. ოლიმპიადის ტურები ტარდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.

2. ოლიმპიადის განრიგი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ ოლიმპიადის მონაწილეს შეეძლოს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საგნის ოლიმპიადაში ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 

3. ფორსმაჟორის ან ოლიმპიადის დაგეგმვისა და ჩატარების დროს სხვა დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ოლიმპიადის  ჩატარების ახალი ვადა ან/და ადგილი.

საქართველოს განათლებისა,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №35/ნ - ვებგვერდი, 25.02.2019წ.

 

    მუხლი 14. ოლიმპიადის პირველი ტური

1. ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების შემდგომ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დგება ოლიმპიადის მონაწილეთა რეიტინგული სია კონკრეტული კლასის/კლასებისა და საგნის შესაბამისად.

2. (ამოღებულია - 10.10.2016; № 134/ნ);

3. (ამოღებულია - 10.10.2016; № 134/ნ);

4. ოლიმპიადის პირველი ტურის საფუძველზე გამოვლინდებიან ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებიც მოიპოვებენ უფლებას, მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადის მეორე ტურში. ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს ოლიმპიადის იმ მონაწილეს, რომელმაც ოლიმპიადის პირველ ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათას მონაწილეს შორის.

4​1. ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულია ოლიმპიადის   ის მონაწილე/მონაწილეები, რომლის/რომლების ქულა ემთხვევა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რეიტინგულ სიაში მეათასე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.

5. (ამოღებულია - 10.10.2016; № 134/ნ);

6. (ამოღებულია - 06.12.11 №195/ნ).

7.  ცენტრი ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილე პირთა შედეგებს (გარდა გალის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეების შედეგებისა)  სპეციალური ბმულის საშუალებით აქვეყნებს ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის. 

7​1. ოლიმპიადის მეორე ტურში გასული, გალის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა შესახებ ინფორმაციას  ცენტრი უგზავნის გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით  უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №195/ნ - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №134/ნ - ვებგვერდი, 11.10.2016წ.

საქართველოს განათლებისა,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №35/ნ - ვებგვერდი, 25.02.2019წ.

    მუხლი 15. ოლიმპიადის მეორე ტური

1. ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ოლიმპიადის პირველ ტურში გასულ ოლიმპიადის მონაწილეს.

2. ცენტრის მიერ ოლიმპიადების მეორე ტურთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შემდეგ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დგება ოლიმპიადის მეორე ტურის მონაწილეთა რეიტინგული სია კონკრეტული კლასის/კლასებისა და საგნის შესაბამისად.

3. ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ოლიმპიადის ის მონაწილე, რომელმაც ოლიმპიადის მეორე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ ოლიმპიადის მონაწილეს შორის.

4. ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ის ოლიმპიადის  მონაწილე/მონაწილეები, რომლის/რომლების ქულა ემთხვევა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ რეიტინგულ სიაში ორმოცდამეათე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.

5.  ცენტრი  ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილე პირთა  შედეგებს (გარდა გალის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეების შედეგებისა) სპეციალური ბმულის საშუალებით აქვეყნებს ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც  ხელმისაწვდომია მხოლოდ შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

6. გასწორების პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 დღისა, ცენტრი უზრუნველყოფს მეორე ტურის ტესტებისა და ტესტის პასუხების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას. 

7. ოლიმპიადის მესამე ტურში გასული, გალის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა შესახებ ინფორმაციას  ცენტრი უგზავნის გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №195/ნ - ვებგვერდი, 08.12.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №134/ნ - ვებგვერდი, 11.10.2016წ.

საქართველოს განათლებისა,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №35/ნ - ვებგვერდი, 25.02.2019წ.

    მუხლი 16. ოლიმპიადის მესამე ტური

1. ოლიმპიადის მესამე ტურში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ოლიმპიადის მეორე ტურში გამარჯვებულ მონაწილეს.

2. ოლიმპიადის მონაწილეთა საპრეტენზიო განცხადებების განხილვის შემდგომ, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად  დგება ოლიმპიადის მონაწილეთა რეიტინგული სია კონკრეტული კლასის/კლასებისა და საგნის შესაბამისად.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ოლიმპიადის მონაწილეთა რეიტინგული სიის პირველ ათ ოლიმპიადის მონაწილეს თანაბარი ქულები აქვთ, მაშინ, რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, გათვალისწინებული იქნება თანაბარი ქულების მქონე ოლიმპიადის მონაწილეების მეორე ტურში მიღებული ქულები.

4. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურის შედეგების შეჯამების შემდეგ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ოლიმპიადის მონაწილეებს თანაბარი ქულები აქვთ, რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, გათვალისწინებული იქნება თანაბარი ქულების მქონე ოლიმპიადის მონაწილეების პირველ ტურში მიღებული ქულები.

5. იმ შემთხვევაში, თუ პირველი ტურის შედეგების შეჯამების შემდეგ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ოლიმპიადის მონაწილეებს თანაბარი ქულები აქვთ, რეიტინგული სიის შექმნის მიზნით ოლიმპიადის მონაწილეები გადანაწილდებიან შესაბამის ადგილებზე შერჩევით.

6. ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მონაწილე/მონაწილეები, რომელმაც/რომლებმაც   მესამე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შედგენილ რეიტინგულ სიაში გადანაწილდა   პირველ ათ ადგილზე.

7. ოლიმპიადის გამარჯვებულია ოლიმპიადის ის მონაწილე/მონაწილეები, რომლის/რომლების ქულა ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შედგენილ რეიტინგულ სიაში ემთხვევა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ რეიტინგულ სიაში მეათე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.

8. ოლიმპიადის პირველ, მე-2 და მე-3 ადგილებზე გადანაწილდება ოლიმპიადის მხოლოდ ის მონაწილე, რომელმაც მესამე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და ამ მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად შედგენილ რეიტინგულ სიაში მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ, მე-2 ან მე-3 ადგილზე.

9.  ცენტრი  ოლიმპიადის მესამე ტურში მონაწილე პირთა  შედეგებს (გარდა გალის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეების შედეგებისა) სპეციალური ბმულის საშუალებით აქვეყნებს ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის. 

9​1. ოლიმპიადის მესამე ტურში მონაწილე, გალის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა შედეგებს  ცენტრი უგზავნის გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის. 

10. გასწორების პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 დღისა, ცენტრი უზრუნველყოფს მესამე ტურის ტესტებისა და ტესტის პასუხების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №195/ნ - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის ბრძანება №65/ნ - ვებგვერდი, 26.06.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №134/ნ - ვებგვერდი, 11.10.2016წ.

საქართველოს განათლებისა,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №35/ნ - ვებგვერდი, 25.02.2019წ.

 

თავი V

     ტესტირება

     მუხლი 17. ტესტირების მიმდინარეობა

1. ოლიმპიადის:

ა) პირველი ტური ჩატარდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) მეორე და მესამე ტურებისთვის – ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ის შენობები, სადაც ჩატარდება ტესტირება ცენტრის მიერ შერჩეული ქალაქის/ქალაქების მასშტაბით.

2. ცენტრი ოლიმპიადის მეორე ტურისათვის შენობათა შერჩევას ახორციელებს რესურსცენტრთან შეთანხმებით.

3. რესურსცენტრი ვალდებულია შეარჩიოს შენობა და ოლიმპიადის შესაბამისი ტურის დაწყებამდე ორი კვირით ადრე წარუდგინოს ცენტრს შერჩეული შენობის თაობაზე ინფორმაცია.

4. ოლიმპიადის მონაწილემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია. ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურზე რეგისტრაცია იწყება ტესტირებამდე ნახევარი საათით ადრე.

5. რეგისტრაციისას ოლიმპიადის მონაწილე ვალდებულია წარადგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ან ცენტრის დირექტორის აქტით დადგენილი დოკუმენტები.

6. ოლიმპიადები ელექტრონული, წერილობითი, ზეპირი და ექსპერიმენტული ფორმით მიმდინარეობს ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურით.

7. ოლიმპიადის ტესტირებისთვის გამოყოფილ დროს, ოლიმპიადის კონკრეტული კლასის/კლასებისა და საგნის შესაბამისად, აგრეთვე სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ადგენს ცენტრი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №195/ნ - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №134/ნ - ვებგვერდი, 11.10.2016წ.

საქართველოს განათლებისა,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №35/ნ - ვებგვერდი, 25.02.2019წ.

    მუხლი 18. ოლიმპიადის მონაწილის მოვალეობები

1. ოლიმპიადის მონაწილე ვალდებულია:

ა) დროულად გამოცხადდეს ტესტირებაზე. რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ ოლიმპიადის მონაწილე ტესტირებაზე არ დაიშვება;

ბ) შეასრულოს ამ წესით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და ოლიმპიადის პროცესის მონაწილის ცალკეული მითითებანი.

2. ტესტირების მსვლელობისას ოლიმპიადის მონაწილეს ეკრძალება:

ა)  მობილური ტელეფონის  ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;

ბ) ტესტირებაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;

გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა ოლიმპიადის მონაწილისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, თუ ამან არსებითად ხელი შეუშლა ტესტირების მიმდინარეობას;

დ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ოლიმპიადის მონაწილეს მიეცემა გაფრთხილება, რაც ფორმდება წერილობით. გაფრთხილების გარეშე ოლიმპიადის მონაწილის ტესტირებიდან მოხსნა შესაძლებელია წესრიგის უხეში დარღვევის, ტესტირების პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში, რაც ფორმდება შესაბამისი ოქმით.

საქართველოს განათლებისა,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №35/ნ - ვებგვერდი, 25.02.2019წ.

    მუხლი 19. ტესტირების პროცესის კონტროლი და მეთვალყურეობა

1. ტესტირების მიმდინარეობისას დაშვებულია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა:

ა) პირველ ტურზე – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, რესურსცენტრის და ცენტრის თანამშრომლები, აგრეთვე პირები, რომელთაც აქვთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამონაკლისებისა;

ბ) მეორე და მესამე ტურზე:

ბ.ა)პირები, რომელთაც აქვთ ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი ;

ბ.ბ) მეთვალყურე;

ბ.გ) ადმინისტრატორი;

ბ.დ) ადმინისტრატორის თანაშემწე;

ბ.ე) რეგისტრატორი;

ბ.ვ) პასუხისმგებელი პირი;

ბ.ზ) ექიმი;

ბ.თ) საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური პერსონალი.

2. ოლიმპიადის პირველ ტურზე შესაბამისი საგნის ტესტირების მიმდინარეობისას დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგნის სპეციალისტის (მასწავლებელი, დირექტორი, დირექტორის მოადგილე და სხვა) ყოფნა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით ოლიმპიადის მონაწილის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.

თავი VI

ოლიმპიადებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვა და განხილვის შედეგები

    მუხლი 20. პროცედურული დარღვევების გასაჩივრება

1. ოლიმპიადის:

ა) პირველი ტურის პროცედურულ დარღვევებზე წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის მიერ;

ბ) მეორე და მესამე ტურის პროცედურულ დარღვევებზე წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის მიერ და მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე ოლიმპიადის მონაწილე უფლებამოსილია, შესაბამისი ოლიმპიადის დასრულების მეორე დღის 17 საათამდე პრეტენზია შეიტანოს:

ა) პირველი ტურის პროცედურულ დარღვევებზე – შესაბამისი საპრეტენზიო კომისიის სახელზე;

ბ) მეორე და მესამე ტურის პროცედურულ დარღვევებზე  – ცენტრის დირექტორის სახელზე.

3. პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:

ა) პრეტენზიის წარმდგენი მოსწავლის უფლებების დარღვევას პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;

ბ) ოლიმპიადის სხვა მონაწილის მიმართ პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (ოლიმპიადის მონაწილისათვის დახმარების აღმოჩენა, აკრძალული ნივთების მიწოდება და ა.შ).

4. საპრეტენზიო კომისია 5 კალენდარული დღის განმავლობაში განიხილავს საპრეტენზიო განაცხადს და:

ა) პირველი ტურის პროცედურულ დარღვევებზე თავის ი გადაწყვეტილების შინაარსს აცნობებს ოლიმპიადის მონაწილეს და ცენტრს;

ბ) მეორე და მესამე ტურის პროცედურულ დარღვევებზე თავის დასკვნას წარუდგენს ცენტრის დირექტორს.

5. ტესტირების პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში მიიღება შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:

ა) ოლიმპიადის მონაწილის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;

ბ) ოლიმპიადის მონაწილის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე.

6. (ამოღებულია - 06.12.11 №195/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №195/ნ - ვებგვერდი, 08.12.2011 წ.

მუხლი 21. ტესტირების შედეგების გასაჩივრება

1. ოლიმპიადის:

ა) (ამოღებულია - 10.10.2016; № 134/ნ);

ბ) მეორე და მესამე ტურის შედეგების თაობაზე თითოეული საგნის მიხედვით წარმოშობილი დავები განიხილება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის მიერ და მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. ოლიმპიადის მონაწილეს უფლება აქვს ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურის ტესტის შეფასების თაობაზე წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ოლიმპიადის ტესტისა და პასუხების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 2 დღის განმავლობაში.

3. საპრეტენზიო კომისიას საპრეტენზიო განაცხადის შეტანიდან 5 დღის ვადაში გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება ან დასკვნა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №195/ნ - ვებგვერდი, 08.12.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №134/ნ - ვებგვერდი, 11.10.2016წ .

    მუხლი 22. ოლიმპიადის საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები

1. ოლიმპიადის:

ა) (ამოღებულია - 10.10.2016; № 134/ნ);

ბ) მეორე ტურის ტესტირების შედეგებზე პრეტენზიების განხილვის შემდეგ, არა უგვიანეს 2 დღისა, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დგება ოლიმპიადის მონაწილეთა მეორე ტურის რეიტინგული სია კონკრეტული კლასის/კლასებისა და საგნის შესაბამისად;

გ) მესამე ტურის ტესტირების შედეგებზე პრეტენზიების განხილვის შემდეგ, არა უგვიანეს 2 დღისა, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დგება ოლიმპიადის მონაწილეთა მესამე ტურის (საბოლოო) რეიტინგული სია კონკრეტული კლასის/კლასებისა და საგნის შესაბამისად.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეიტინგული სიები, საპრეტენზიო განაცხადების განხილვის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ცენტრის მიერ სპეციალური ბმულის საშუალებით გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №195/ნ - ვებგვერდი, 08.12.2011 წ.  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №134/ნ - ვებგვერდი, 11.10.2016წ.

საქართველოს განათლებისა,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №35/ნ - ვებგვერდი, 25.02.2019წ.

თავი VII

ოლიმპიადის მონაწილეების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაჯილდოება

    მუხლი 23. ოლიმპიადის მონაწილეების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაჯილდოების ორგანიზაციული უზრუნველყოფა

1. სამინისტრო ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ოლიმპიადის ტურებში გამარჯვებული ოლიმპიადის მონაწილეებისთვის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადასაცემი სიგელების და ოლიმპიადის გამარჯვებულთა დიპლომების ფორმას.

2. ამ წესის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ოლიმპიადის გამარჯვებულების და ამ წესის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაჯილდოების ორგანიზაციული უზრუნველყოფის საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 24. ოლიმპიადის მონაწილეების დაჯილდოება

1. ამ წესის მე-15 მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტებით გათვალისწინებულ ოლიმპიადის მონაწილეს ცენტრის მიერ, შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსცენტრის მეშვეობით, გადაეცემა სიგელი, რომელიც ადასტურებს, რომ ოლიმპიადის მონაწილემ გაიმარჯვა ოლიმპიადის მეორე ტურში.

2. ამ წესის მე-16 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ ოლიმპიადის მონაწილეს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოლიმპიადის მონაწილეებისა, ცენტრის მიერ გადაეცემა სიგელი, რომელიც ადასტურებს, რომ ოლიმპიადის მონაწილემ გაიმარჯვა ოლიმპიადაში. ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს, სამინისტროს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გადაეცეთ პრიზი/პრიზები.  

3. ამ წესის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რეიტინგული სიის ოლიმპიადის პირველ სამ მონაწილეს ცენტრის მიერ გადაეცემა ოლიმპიადის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომები პირველი, მეორე და მესამე ადგილის შესაბამისად. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომის მქონე მოსწავლეებს სამინისტროს გადაწყვეტილებით გადაეცემათ პრიზი/პრიზები.

3​1. ოლიმპიადის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომები პირველი, მეორე და მესამე ადგილების შესაბამისად აგრეთვე გადაეცემა/გადაეცემათ იმ ოლიმპიადის მონაწილეს/მონაწილეებს, რომლის/რომელთა ქულა ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შედგენილ რეიტინგულ სიაში ემთხვევა ამავე სიაში პირველ, მე-2 ან მე-3 ადგილზე მყოფი მონაწილის ქულას.

4. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის წელს მოსწავლის შესაბამის კლასში არ ტარდება ოლიმპიადა და მოსწავლე,  ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მონაწილეობას იღებს  უფრო მაღალი კლასისთვის/კლასებისთვის განსაზღვრული საგნის ოლიმპიადაში  და არ არის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოლიმპიადის მონაწილე, მას გადაეცემა დიპლომი, რომელიც ადასტურებს, რომ ოლიმპიადის მონაწილემ გაიმარჯვა  უფრო მაღალი კლასის  ოლიმპიადაში. ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს, სამინისტროს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გადაეცეთ პრიზი/პრიზები.

 5. სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებში/პროგრამებში კონკრეტულ პირთა მონაწილეობისათვის, ცენტრი, სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების მეორე და მესამე ტურში მონაწილე მოსწავლეთა შესახებ შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას: მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი,  კლასი, სკოლა, რეგიონი, რაიონი (სადაც მოსწავლე სწავლობს), საგანი,  მე-2 და მე-3 ტურების შედეგები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №195/ნ - ვებგვერდი, 08.12.2011 წ.  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №123/ნ - ვებგვერდი, 19.09.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის ბრძანება №65/ნ - ვებგვერდი, 26.06.2015წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 11 მაისის ბრძანება №69/ნ - ვებგვერდი, 11.05.2018წ.
   საქართველოს განათლებისა,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №35/ნ - ვებგვერდი, 25.02.2019წ.

    მუხლი 25. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაჯილდოება

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაჯილდოების მიზნით, საგნის შესაბამისად, დგება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგული სია უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეიტინგული სიის შექმნის მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება ქულები, შემდეგი წესით:

ა) იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადის მონაწილემ, მეორე ტურის შედეგების გათვალისწინებით, თითოეულ საგანში დააგროვა ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%, მაგრამ ვერ მოიპოვა მონაწილეობის მიღების უფლება ოლიმპიადის მესამე ტურში – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება 3 ქულა;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადის მონაწილემ, ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოიპოვა უფლება მონაწილეობა მიეღო ოლიმპიადის მესამე ტურში – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება 5 ქულა;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადის მონაწილემ მესამე ტურის კონკრეტულ საგანში დააგროვა:

გ.ა) ამ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და დაიკავა მე-11 და ქვემოთ ადგილი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება 6 ქულა;

გ.ბ) ამ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და დაიკავა მე-4–მე-10 ადგილი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება 7 ქულა;

გ.გ) ამ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და დაიკავა მესამე ადგილი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება 10 ქულა;

გ.დ) ამ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და დაიკავა მეორე ადგილი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება 15 ქულა;

გ.ე) ამ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და დაიკავა პირველი ადგილი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება 20 ქულა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, ოლიმპიადის მონაწილის საბოლოო შედეგის გათვალისწინებით მიღებული ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ქულა   ენიჭება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც დარეგისტრირდა ოლიმპიადის მონაწილე.

4.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეიტინგული სიის შექმნის მიზნით გათვალისწინებული იქნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა რაოდენობა ცენტრის მიერ ოლიმპიადის კონკრეტული საგნისათვის დადგენილი კლასების მიხედვით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა რაოდენობის თაობაზე ცენტრი ეყრდნობა შესაბამისი წლის  ეროვნული სასწავლო ოლიმპაიდის რეგისტრაციამდე სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებულ  ინფორმაციას.

5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების რეიტინგული სიის შექმნის მიზნით , ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საერთო ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამის საგანში მოპოვებული ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქულები ჯამდება და შესაბამის საგანში მიიღება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კონკრეტული ქულა;

ბ) ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული ქულა იყოფა ამ მუხლის მე- 4 პუნქტით გათვალისწინებულ მოსწავლეთა რაოდენობაზე და მიიღება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საერთო ქულა საგნის შესაბამისად.

6. ცენტრის წარდგინებით, სამინისტრო მადლობის სიგელებს და სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პრიზს/პრიზებს გადასცემს ამ მუხლით დადგენილი წესით ჩამოყალიბებული საგნის შესაბამისად შექმნილი რეიტინგული სიის პირველ 3 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას .

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მადლობის სიგელები და სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პრიზი/პრიზები ასვე გადაეცემა იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის ქულა ემთხვევა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ქულას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №195/ნ - ვებგვერდი, 08.12.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №134/ნ - ვებგვერდი, 11.10.2016წ.

საქართველოს განათლებისა,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №35/ნ - ვებგვერდი, 25.02.2019წ.

თავი VIII. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 26. გარდამავალი დებულებები

1. იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადის მონაწილე არის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული და მან 2011-2012, 2012-2013 და 2013-2014  სასწავლო წლების ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე ამ მიზეზით ვერ გაიარა რეგისტრაცია ან/და ვერ გამოცხადდა ოლიმპიადის პირველ ან მეორე ტურზე, უფლება აქვს გავიდეს ოლიმპიადის შემდეგ ტურში.

 2. ამ წესის მე-6 მუხლის 31 და 32 პუნქტები გავრცელდეს ოლიმპიადის იმ მონაწილეზე, რომელიც მონაწილეობას იღებს 2012-2013 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში.

3. 2016-2017 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური სპეციალური საჭიროების მქონე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და გალის რაიონის ტერიტორიაზე მყოფი ოლიმპიადის მონაწილეებისთვის ჩატარდეს ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტისგან განსხვავებული წესით.

   4. 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ნაკრები გუნდის წევრობის კანდიდატები საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე წარდგენის მიზნით შეირჩევიან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურზე დაშვებულ მოსწავლეთა სიიდან.

  5. ამ წესის მე-4 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება 2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების ვადაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 16.01.2012 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება №28/ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №215/ნ - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №149/ნ - ვებგვერდი, 10.11.2016წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 1 ივლისის ბრძანება №71/ნ - ვებგვერდი, 02.07.2020 წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, №111/ნ, 26.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016026 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1065320-16/