საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.11.2005 ძალადაკარგული 05.06.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№206
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.340
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 134, 16/11/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (32)

წინა ცვლილებები (30)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №206

2005 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 ივნისის №53 დადგენილება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”.

3. დადგენილება ამოქმედდეს 2005 წლის 29 ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს საგარეო ურთიერთობათა სახელმწიფოებრივ მართვასა და კოორდინაციას.

2. სამინისტრო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.

3. სამინისტრო ახორციელებს საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების უცხო ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაციას.

4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

5. სამინისტროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდებით, შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები საქართველოს ხაზინასა და საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში, ემბლემა და სატიტულო ფურცელი თავისი დასახელებითა და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

6. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. №4.

7. სამინისტროს საქმიანობას საფუძვლად უდევს ერთმმართველობის პრინციპი.

    მუხლი 2. სამინისტროს ძირითადი ფუნქციები

სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული და საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის მიერ წარმართული საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის კონკრეტულ მიმართულებათა განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად;

ბ) საქართველოს მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად საგარეო ხელშემწყობი პირობების ფორმირება;

გ) ერთიანი საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის განხორციელების მიზნით საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვისას აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფა;

დ) მიზანმიმართული საქმიანობა ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს თანამიმდევრული და სრული ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობის მიზნით;

ე) საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვისას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის კონკრეტულ ღონისძიებათა განხორციელება;

ვ) საპარლამენტთაშორისო, საუწყებათაშორისო და რეგიონთაშორისი ურთიერთობების ხელშეწყობა;

ზ) საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და პრიორიტეტების შესახებ წინადადებათა შემუშავება;

თ) საზღვარგარეთის ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან უცხოური საინვესტიციო კაპიტალის, ტექნიკური და ჰუმანიტარული დახმარების მოსაზიდად სათანადო ღონისძიებათა განხორციელება;

ი) საზღვარგარეთ საქართველოს დადებითი იმიჯის შესაქმნელად ქართული კულტურის, სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკური და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენა და საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობა;

კ) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებულ წინადადებათა ანალიზი, მათი განხორციელების მიზანშეწონილობის განსაზღვრა და კოორდინაცია;

ლ) საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცედურების კოორდინაცია, ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ დასკვნის მომზადება, ხელმოწერილი დოკუმენტების დეპოზიტარის ფუნქციის შესრულება;

მ) საზღვარგარეთ საქართველოს ინტერესებისა და საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა;

ნ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო ურთიერთობათა, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა წარმართვა;

ო) ურთიერთობების დამყარება და გაფართოება საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან, საზოგადოებებთან, საქართველოსთან მეგობრობით ან საქართველოთი დაინტერესებულ ქართველოლოგიურ სამეცნიერო ან საზოგადოებრივ ცენტრებთან.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №190 - სსმ III, №129, 22.10.2009წ., მუხ.1483

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მარტის დადგენილება №154 - ვებგვერდი, 30.03.2018წ,

    მუხლი 3. სამინისტროს ამოცანები

სამინისტროს ამოცანებია:

ა) ორმხრივ, მრავალმხრივ ურთიერთობათა და საერთაშორისო მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს და საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას დადგენილი წესით წარუდგინოს მასალები, წინადადებები და რეკომენდაციები საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ურთიერთობათა საკითხებზე;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოს სახელით გამართოს მოლაპარაკება უცხო ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებთან, საგარეო-პოლიტიკურ უწყებებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან;

გ) მონაწილეობა მიიღოს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი პოლიტიკისა და კონკრეტული ღონისძიებების შემუშავებაში;

დ) საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს წინადადებები საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიური სამსახურის საქმიანობის სრულყოფის შესახებ და ამ მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო და სამართლებრივი აქტების პროექტები;

ე) შეიმუშაოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტები, ასევე, საქართველოს მთავრობას, დადგენილი წესით, წარუდგინოს წინადადებები საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ, დაინტერესებულ უწყებებთან ერთად აწარმოოს მოლაპარაკება საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ვ) განახორციელოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესრულების საერთო ზედამხედველობა;

ზ) უზრუნველყოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა აღრიცხვა და რეგისტრაცია, განახორციელოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმანების დამოწმება და საქართველოს საგარეო პოლიტიკის საარქივო მასალების დედნების (მათი დამოწმებული პირების, თარგმანების ოფიციალური პირების) შენახვა;

თ) საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობისა და მონაწილეობის გათვალისწინებით კოორდინაცია გაუწიოს სახელშეკრულებო ბაზის სრულყოფას, განახორციელოს საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი, წარმართოს და/ან მონაწილეობა მიიღოს ორმხრივ და მრავალმხრივ მოლაპარაკებაში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში;

ი) საერთაშორისო მშვიდობის, გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში ჯეროვანი წვლილის შესატანად განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები;

კ) უზრუნველყოს საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების, კონფერენციების, ფორუმების მუშაობაში, გლობალური და რეგიონალური საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტაში საქართველოს, როგორც მსოფლიო გაერთიანების წევრის, მონაწილეობის კოორდინაცია;

ლ) მონაწილეობა მიიღოს უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური, ფინანსური, სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, კულტურული და სხვა კავშირურთიერთობის გაფართოების კონკრეტულ ღონისძიებათა შემუშავებაში;

მ) ხელი შეუწყოს კულტურის, განათლების, მეცნიერების, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის, ჯანდაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში ერთიანი საგარეო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას;

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და სულიერი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას;

ო) უზრუნველყოს უმაღლესი და მაღალი დონის სახელმწიფოთაშორისი ღონისძიებების განხორციელებისას დიპლომატიური პროტოკოლის წესების დაცვა; კონტროლი გაუწიოს დიპლომატიური და საკონსულო პრივილეგიებისა და იმუნიტეტის დაცვის მდგომარეობას;

პ) უზრუნველყოს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელება, ორგანიზება გაუწიოს დიპლომატიური სამსახურისათვის კადრების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას;

ჟ) უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა საქმიანობის ორგანიზება;

რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობათა ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას;

ს) უზრუნველყოს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნა.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №229 - სსმ III, №163, 05.12.2006წ., მუხ.2221

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №190 - სსმ III, №129, 22.10.2009წ., მუხ.1483

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მარტის დადგენილება №154 - ვებგვერდი, 30.03.2018წ,

თავი II. სამინისტროს ხელმძღვანელობა

    მუხლი 4. სამინისტროს ხელმძღვანელობა

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ხუთი მოადგილე, რომელთაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

4. მინისტრის დავალებით მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

5. მინისტრის არყოფნისას სამინისტროს საქმიანობას ხელმძღვანელობს მინისტრის პირველი მოადგილე.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის დადგენილება №31 - სსმ III, №19, 10.02.2006წ., მუხ.227

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №229 - სსმ III, №163, 05.12.2006წ., მუხ.2221

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 ივნისის დადგენილება №132 - სსმ III, №82, 10.06.2008წ., მუხ.882

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 ივნისის დადგენილება №151 - სსმ III, №63, 04.06.2010წ., მუხ.934

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 11.02.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №489- ვებგვერდი,18.09.2015წ,

    მუხლი 5. მინისტრის უფლება-მოვალეობანი

1. მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების შესრულებისათვის;

გ) სამსახურებრივ ზედამხედველობას (სახელმწიფო კონტროლს) უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების ჯეროვანი შესრულების მიმდინარეობასა და სამინისტროს დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულ პირთა საქმიანობას;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებსა და საშტატო ნუსხებს, ასევე ამტკიცებს საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების (დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება) ტიპობრივ დებულებას;

ე) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფის თაობაზე, გადაწყვეტილებას სამინისტროს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ;

ვ) (ამოღებულია);

ზ) განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის დიპლომატიურ თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილებებს;

თ) იღებს გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესახებ მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის თაობაზე შესაბამის უწყებასთან შეთანხმებით;

ი) ადასტურებს საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილ სარატიფიკაციო სიგელებს;

კ) აუქმებს ან/და ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეების, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა საკანონმდებლო აქტებს, საქართველოს პრეზიდენტის/მთავრობის/პრემიერ-მინისტრის სამართლებრივ აქტებსა და მინისტრის ბრძანებებს;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სისტემის დიპლომატიური თანამდებობის პირებს, ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს;

მ) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა დანიშვნის ან გათავისუფლების შესახებ;

ნ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნის და სამუშაო მივლინებიდან გამოიწვევს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს;

ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, როტაციის წესით, სამუშაო მივლინებაში წარგზავნის და სამუშაო მივლინებიდან გამოიწვევს დიპლომატიური თანამდებობის პირებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს;

პ) (ამოღებულია- 29.03.2018,  №154);

ჟ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად განსაზღვრავს და ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების საშტატო და ხარჯთა ნუსხებს, ასევე ითანხმებს სამინისტროს სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო და ხარჯთა ნუსხებს, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში აძლევს მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;

რ) უფლებამოსილია წარმოადგენდეს საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებისას, საქართველოს სახელით ხელს აწერდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს;

ს) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე, გასცემს ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს;

ტ) წარმოადგენს სამინისტროს ან ანიჭებს სამინისტროს თანამშრომლებს საქართველოს სასამართლოებში წარმომადგენლობის უფლებამოსილებას;

უ) განსაზღვრავს მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობას სამინისტროს საქმიანობის ცალკეულ მიმართულებათა მართვის სფეროში;

ფ) დადგენილი წესით, ანიჭებს დიპლომატიურ რანგებსა და მოხელის კლასებს, აგრეთვე შუამდგომლობს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგების მინიჭების შესახებ;

ქ) დადგენილი წესით წარადგენს სამინისტროს მოსამსახურეებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად;

ქ​1) ნორმატიული აქტით ამტკიცებს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშებს, დაჯილდოების წესსა და პირობებს;

ღ) უფლებამოსილია, შექმნას საკონკურსო კომისია;

ყ) დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს სისტემაში შემავალ მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

შ) ამტკიცებს სამინისტროს შინაგანაწესს;

ჩ) წყვეტს დავებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებსა და დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს შორის;

ც) სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს აბარებს საქართველოს მთავრობას;

ძ) პასუხს აგებს სამინისტროსათვის გადაცემული სახელმწიფო ქონებისა და ფინანსური სახსრების მიზნობრივი გამოყენების გამო;

წ) მონაწილეობს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და მთავრობის სხდომებში;

ჭ) ხელს აწერს საკონსულო პატენტსა და ეგზეკვატურას;

ჭ​1) ამოწმებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ რწმუნებათა სიგელებს;

ხ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასრულებს საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს.

2. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით, განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი.

ს აქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №229 - სსმ III, №163, 05.12.2006წ., მუხ.2221

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №190 - სსმ III, №129, 22.10.2009წ., მუხ.1483

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 11.02.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მარტის დადგენილება №154 - ვებგვერდი, 30.03.2018წ,

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №763 – ვებგვერდი, 21.12.2020წ.

თავი III. სამინისტროს სისტემა, სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები

    მუხლი 6. სამინისტროს სისტემა

სამინისტროს სისტემაში შედიან:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა ერთიანობა ქმნის სამინისტროს ცენტრალურ აპარატს;

ბ) საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები (დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება);

გ) (ამოღებულია);

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №229 - სსმ III, №163, 05.12.2006წ., მუხ.2221

    მუხლი 7. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები

1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) პოლიტიკური დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე, საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში მიმდინარე აქტუალური მოვლენების ანალიზი; საგარეო პოლიტიკის დაგეგმვა და შესაბამისი კონცეპტუალური თუ სტრატეგიული დოკუმენტების მომზადება; სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკის ანალიზი, დაგეგმვა და კოორდინაცია ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორებიცაა: კონფლიქტის ესკალაციის პრევენცია, ქვეყნის დეოკუპაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა, არაღიარების პოლიტიკა, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგების, ნდობისა და ურთიერთობების აღდგენის ხელშეწყობა; კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ამ პროცესში ქმედითი საერთაშორისო ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, სხვადასხვა ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ფორმატების ეფექტიანი გამოყენება; სახელმწიფოსა და სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირებისათვის ოფიციალური მოხსენებებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;

ბ) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში (ნატო) ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება; სტრატეგიულ-კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; სახელმწიფო დაწესებულებებისა და სამსახურების მიერ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციისა და მონიტორინგის გაწევა, მათთან მჭიდრო თანამშრომლობით; საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებისა და იმპლემენტაციის კოორდინაცია და მონიტორინგი; კომპეტენციის ფარგლებში, ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებთან დაკავშირებულ გარემოებათა ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; უსაფრთხოების სფეროში უცხოეთის ქვეყნებთან მრავალმხრივ საფუძველზე თანამშრომლობა; კომპეტენციის ფარგლებში, განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში, ნატოში საქართველოს წარმომადგენლობასთან, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისთან, საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოსა და საქართველოში ნატოს წევრი და კანდიდატი სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან აქტიური თანამშრომლობა; ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობის კოორდინირება; საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კომისიის სამდივნოს ფუნქციების განხორციელება;

გ) ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი, რომლის შემადგენლობაში შედის:

გ.ა) ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ევროკავშირის დახმარების კოორდინაცია; საქართველო-ევროკავშირის ასოციირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგი/კოორდინაცია და სექტორული ინტეგრაციის ხელშეწყობა; ასოციირების ხელშეკრულების ფარგლებში ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის ქვეკომიტეტების კოორდინაცია; ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სამდივნოს ფუნქციის შესრულება;

გ.ბ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე პოლიტიკის დაგეგმვა და ანალიზი; ევროკავშირთან საქართველოს ღრმა პოლიტიკური ასოციირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა; ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავებისათვის ახალი პლატფორმების ძიება; ევროკავშირთან საქართველოს თანმიმდევრული და სრული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდინაცია; ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა; ამ მიზნით სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, საქართველოს სხვადასხვა უწყებასა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის განვითარება; საქართველო-ევროკავშირის ასოციირების შეთანხმებისა და ასოციირების დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობა; ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობა; საქართველო-ევროკავშირის ასოციირების საბჭოს სამდივნოს ფუნქციის შესრულება;

დ) ევროპის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ევროპის ქვეყნებთან საქართველოს პარტნიორული, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარება, ევროპის ქვეყნებთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ამ მიზნით ევროპის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებათა შესწავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ე) ამერიკის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის ქვეყნებთან ორმხრივი მეგობრული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარება, მათთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ამ მიზნით აღნიშნულ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესწავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა და საერთაშორისო ფორმატებში სრულყოფილი, თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესაბამისად, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით; საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მოქალაქეთა წარმომადგენლობითობის გაზრდა;

ზ) საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა მრავალმხრივი და რეგიონალური ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა; ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვისათვის; სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობის, აგრეთვე უცხოეთის ბაზრებზე ქართული ექსპორტისათვის ბაზარზე დაშვების ხელსაყრელი პირობების მიღწევის მიზნით ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მონიტორინგი და რეგულარული საინფორმაციო მასალების მომზადება;

თ) საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საერთაშორისო-სამართლებრივი უზრუნველყოფა, საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; საქართველოს სხვადასხვა უწყების მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია; საქართველოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებათა აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დედნების დაცვა-შენახვა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობით და სხვა მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადების კოორდინაცია;

ი) საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატი, რომლის შემადგენლობაშიც შედის:

ი.ა) პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკისა და მისი პრიორიტეტების შემუშავება; საზოგადოებისა და მასმედიისათვის სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; შესაბამის ტერიტორიულ და ფუნქციურ დეპარტამენტებთან ერთად საინფორმაციო მასალების მომზადება, დამუშავება და გავრცელება; სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის (ბრიფინგების, კომენტარების, ინტერვიუების) უზრუნველყოფა; ადგილობრივ და უცხოურ მედიასაშუალებებთან ურთიერთობა, აკრედიტაცია და სხვა ტექნიკური ხასიათის მხარდაჭერის აღმოჩენა; სამინისტროს ვებგვერდისა და სამინისტროს სოციალური გვერდების ტექნიკური მართვა და საინფორმაციო უზრუნველყოფა; საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველყოფა; საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის შესახებ საზოგადოებისა და მასმედიის ინფორმირება; მსოფლიოს წამყვანი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ყოველდღიური მონიტორინგი და სპეციალური საინფორმაციო მასალების მომზადება; საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე მთავრობის შესაბამის ერთეულებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა; სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისათვის საჭირო ტექნიკური მხარის უზრუნველყოფა;

ი.ბ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე საკომუნიკაციო გზავნილებისა და ვიზუალური მასალის შემუშავება-გავრცელება; ქვეყნის შიგნით და გარეთ საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის იმპლემენტაცია და კოორდინაცია; საგარეო პოლიტიკის საკითხებზე სამეცნიერო, დონორი, კვლევითი და არასამთავრობო ორგანიზაციებთან რეგულარული თანამშრომლობა; ლობისტურ ჯგუფებთან ურთიერთობა; ანტიდასავლური პროპაგანდის ანალიზი და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა/განხორციელება; საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარება და ანალიზი; ციფრული დიპლომატია;

კ) დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა, უმაღლესი დონის სახელმწიფო და სამთავრობო დელეგაციათა ვიზიტების მომზადება-გამართვა, საზღვარგარეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, მათი მოადგილეების, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათი წარმომადგენლების, აგრეთვე საქართველოს მაღალი დონის დელეგაციების, საგარეო საქმეთა მინისტრის, მისი მოადგილეების საზღვარგარეთის ქვეყნებში ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების (შეხვედრების) ორგანიზება; საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების თანამშრომელთა იმუნიტეტისა და პრივილეგიების დაცვის კონტროლი, აგრეთვე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან მუშაობის პროტოკოლური უზრუნველყოფა;

ლ) საკონსულო დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა წარმართვა; საკონსულო პოლიტიკის შემუშავება-დაგეგმვა; საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ საკონსულო სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და საკონსულო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია და საკონსულო მონიტორინგის განხორციელება; საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფა და გაფართოება; საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა; საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს სავიზო ურთიერთობის შესწავლა და საქართველოს სავიზო პოლიტიკის თაობაზე წინადადებათა შემუშავება; საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და საქართველოს მოქალაქის პასპორტების გაცემა, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება; დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება და მათი მოქმედების ვადის შეწყვეტა;

მ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებათა შემუშავება; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულების, მივლინებისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების შესახებ ბრძანებათა პროექტების მომზადება; დიპლომატიური რანგების მინიჭების დადგენილი წესის განუხრელად დაცვის უზრუნველყოფა; დიპლომატიური სამსახურისათვის კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი სისტემის შექმნა; სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და რეზერვში მყოფ პირთა პირადი საქმეების შედგენა-წარმოება; სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსებისა და ატესტაციების გამართვის უზრუნველყოფა, მოხელეთა რეზერვის ფორმირება და მიზნობრივი გამოყენება; სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება;

ნ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა საკონტროლო დავალებების შესრულების კონტროლს და საქმისწარმოების ფუნქციების განხორციელებას, სამინისტროს სისტემის ფინანსურ უზრუნველყოფას, სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვას და ფორმირებას, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით, დამტკიცებული გეგმის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დაფინანსებას და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების კონტროლის პროცედურების უზრუნველყოფას, სამინისტროში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოებას, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს სისტემის საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვას, განხორციელებას და კონტროლს, სამინისტროს სისტემის ფინანსური წესრიგის უზრუნველსაყოფად სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და დასამტკიცებლად წარდგენას, სამინისტროს სისტემის სამუშაო პირობების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვასა და კონტროლს, დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე კაპიტალური შეკეთებისა და რეკონსტრუქციის სამუშაოთა ორგანიზებას და მათ ტექნიკურ ზედამხედველობას;

ო) შიდა აუდიტის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების კანონიერებისა და მიზნობრიობის კონტროლი; სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებთან დაკავშირებით შესული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; სამინისტროს სისტემის ფარგლებში მონიტორინგის, აუდიტორული სამუშაოსა და ინსპექტირების განხორციელება, აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ფულადი სახსრების მიზნობრივად ხარჯვისა და მატერიალურ ფასეულობათა დანიშნულებისამებრ გამოყენების საკითხების შესწავლა;

პ) (ამოღებულია);

ჟ) მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა და კავშირურთიერთობის განხორციელების უზრუნველყოფა, მათ შესახებ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის ინფორმაციის პერიოდული მოძიება და ანალიზი, კომპეტენციის ფარგლებში მეზობელი ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების განხორციელება;

რ) (ამოღებულია - 23.12.2016, №584);

რ ​1) ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა აღნიშნულ ქვეყნებთან საქართველოს პარტნიორული, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარება, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ამ მიზნით აღნიშნულ ქვეყნებში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესების შესწავლის საფუძველზე საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობათა პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;

რ​2) აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა აღნიშნულ ქვეყნებთან საქართველოს პარტნიორული, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარება, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ამ მიზნით აღნიშნულ ქვეყნებში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესების შესწავლის საფუძველზე საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობათა პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;

ს) იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად დიპლომატიური სამსახურის მომწესრიგებელი კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის კოორდინაცია, სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა, შესაბამისი რწმუნებულების საფუძველზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ს​1) საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს საერთაშორისო კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარების, საერთაშორისო კულტურულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობაში საქართველოს მაქსიმალურად ჩართვის და საზღვარგარეთ ქართული კულტურის წარმოჩენის ხელშეწყობა. კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და დიასპორებთან კავშირების განვითარების ხელშეწყობა. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციასთან (UNESCO) თანამშრომლობის კოორდიანაცია და იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოს ფუნქციების შესრულება;

ს​​2) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმვისა და შესაბამისი ტაქტიკური ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია და მართვა, სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების დაცვის საკითხებში დიპლომატიური წარმომადგენლობების რეგიონალური და ლოკალური საფრთხეების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი, აქტუალური მოვლენების გამოკვეთა და შესწავლა, საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების ცალკეული ღონისძიებების განსახორციელებლად კონკრეტული სამოქმედო გეგმების, რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების შემუშავება, დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების უსაფრთხო კომუნიკაციის, ვიდეოკონტროლის, დაშვების კონტროლის, დაცვის, სახანძრო დაცვის, ავტოსიგნალიზაციის, საგანგაშო, მოძრაობის კონტროლის საშუალებებით დაცვის განხორციელება, დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კომპლექსური უსაფრთხოების სისტემის ექსპლუატაცია და უწყვეტი მონიტორინგი, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში გატარება-დაშვების რეჟიმისა და ვიზიტორთა აღრიცხვის ორგანიზება, ექსტრემალური (კრიზისული) ვითარების შექმნის შემთხვევაში, სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება;

ტ) (ამოღებულია  – 11.06.2013, №144);

უ) საიდუმლო საქმისწარმოების სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროში საიდუმლო დოკუმენტბრუნვის სისტემატიზაცია და საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შემუშავება და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის კონტროლი;

ფ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო-კომპიუტერულ მონაცემთა ბაზის შექმნა, ინფორმაციის დაცვის თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა, სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახურება, სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ელექტრონული კავშირის სისტემის გამართული ფუნქციონირების ორგანიზება, სამინისტროს შიდა სატელევიზიო ქსელით უზრუნველყოფა, შიდა სატელეფონო და საერთაშორისო კავშირების ორგანიზება.

ქ) მინისტრის სამდივნო, რომლის ძირითადი ამოცანაა მინისტრის ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობა, მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მიღებული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავება, კლასიფიცირება და მინისტრისათვის მოხსენება, მინისტრის დავალებების აღრიცხვა და მათი შესრულების კონტროლი, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება;

ღ) დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა პირდაპირი კონტაქტების დამყარება და გაფართოება საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან, საზოგადოებებთან, საქართველოსთან მეგობრობით ან საქართველოთი დაინტერესებულ ქართველოლოგიურ სამეცნიერო ან საზოგადოებრივ ცენტრებთან; საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა შორის ეროვნული, ენობრივი და კულტურული იდენტობის შენარჩუნების ხელშეწყობა; უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და იქ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების საინფორმაციო-ანალიტიკური ბაზის შექმნა; ქართული დიასპორის მზარდი პოტენციალის სამშობლოს სასიკეთოდ გამოყენების ხელშეწყობა, საქართველოში მიმდინარე პროცესებში მათი აქტიური ჩართულობით; დიასპორული ინვესტიციების საქართველოში მოზიდვის ხელშეწყობა;

ყ) (ამოღებულია - 25.06.2020, №385).

2. სამინისტროს ცენტრალური აპარატის შემადგენლობაში შედიან საგანგებო დავალებათა ელჩები, რომელთა ძირითადი ამოცანაა შეასრულონ მინისტრის კონკრეტული მითითებები, აგრეთვე მინისტრის დავალებით უხელმძღვანელონ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცალკეულ მიმართულებებს.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის დადგენილება №31 - სსმ III, №19, 10.02.2006წ., მუხ.227

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 მარტის დადგენილება №54 - სსმ III, №35, 17.03.2006წ., მუხ.420

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №182 - სსმ III, №133, 29.09.2006წ., მუხ.1799

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №199 - სსმ III, №149, 06.11.2006წ., მუხ.2065

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №229 - სსმ III, №163, 05.12.2006წ., მუხ.2221

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის დადგენილება №24 - სსმ III, №28, 22.02.2008წ., მუხ.292

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის დადგენილება №2 - სსმ III, №3, 13.01.2009წ., მუხ.25

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №190 - სსმ III, №129, 22.10.2009წ., მუხ.1483

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №200 - სსმ III, №137, 06.11.2009წ., მუხ.1564

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 თებერვლის დადგენილება №27 - სსმ III, №14, 05.02.2010წ., მუხ.158

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №494 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 11.02.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 ივნისის დადგენილება №144 - ვებგვერდი, 12.06.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის დადგენილება №376 - ვებგვერდი, 12.06.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №533 - ვებგვერდი, 03.09.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №757 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.

 

საქართველოს მთავრობის 2015  წლის 3  აგვისტოს დადგენილება №394 - ვებგვერდი, 04.08.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №199 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 6 ივნისის დადგენილება №247 – ვებგვერდი, 07.06.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის დადგენილება №520 - ვებგვერდი, 21.11.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №584 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის დადგენილება №310 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მარტის დადგენილება №154 - ვებგვერდი, 30.03.2018წ,

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის დადგენილება №385 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №405 – ვებგვერდი, 12.08.2021წ.

    მუხლი 8. საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები

1. საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები არიან:

ა) დიპლომატიური წარმომადგენლობები;

ბ) საკონსულო დაწესებულებები.

2. დიპლომატიური წარმომადგენლობა არის საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფი, რომელიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობისას წარმოადგენს საქართველოს.

3. საკონსულო დაწესებულება არის საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფი, რომელიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან საკონსულო ურთიერთობისას და იმ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობისას, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ არის დაარსებული, წარმოადგენს საქართველოს.

4. დიპლომატიური წარმომადგენლობებია:

ა) სხვა სახელმწიფოში განლაგებული საქართველოს საელჩო;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობა.

5. საკონსულო დაწესებულებებია:

ა) საქართველოს გენერალური საკონსულო;

ბ) საქართველოს საკონსულო;

გ) საქართველოს ვიცე-საკონსულო;

დ) საქართველოს საკონსულო სააგენტო.

6. დიპლომატიური წარმომადგენლობის დაარსებისა და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა, ხოლო საკონსულო დაწესებულების შესახებ – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

7. დიპლომატიური წარმომადგენლობა საქმიანობას ახორციელებს უშუალოდ სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამის ტერიტორიულ და ფუნქციონალურ დეპარტამენტთან კოორდინაციით.

ს აქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 11.02.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მარტის დადგენილება №154 - ვებგვერდი, 30.03.2018წ,

    მუხლი 9. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №229 - სსმ III, №163, 05.12.2006წ., მუხ.2221

    მუხლი 10. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს მმართველობის სფეროში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

2. სამინისტროს მმართველობის სფეროში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

3. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:

ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიურო;

ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი;

გ) საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.

4. კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის დადგენილება №31 - სსმ III, №19, 10.02.2006წ., მუხ.227

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 იანვრის დადგენილება №5 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.80

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 11.02.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის დადგენილება №376 - ვებგვერდი, 12.06.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მარტის დადგენილება №154 - ვებგვერდი, 30.03.2018წ,

თავი IV. სამინისტროში სამსახური

    მუხლი 11. სამინისტროში სამსახური

სამინისტროს სისტემაში სამსახურს გადიან როგორც დიპლომატიური თანამდებობის პირები, ასევე სხვა საჯარო მოსამსახურეები.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 11.02.2013წ.

თავი V. სამსახურებრივი ზედამხედველობა

    მუხლი 12. სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება

1. მინისტრი, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სამინისტროს სისტემაში მოქმედი ქვედანაყოფების საქმიანობას.

2. მინისტრი სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.

თავი VI. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 13. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სამინისტროს რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მარტის დადგენილება №154 - ვებგვერდი, 30.03.2018წ,

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №206, 16.11.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.340 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.08.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10678-30/