წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.10.2010 ძალადაკარგული 29.07.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.104.016015
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 56, 29/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

 2010 წლის 29 ოქტომბერი

ქ. წალენჯიხა

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

     „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის  სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად (დანართი 4 ფურცელზე).

2.  დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

  საკრებულოს თავმჯდომარე                კ. ციმინტია    

შეტანილი ცვლილებები:

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის დადგენილება №8-ვებგვერდი, 18.03.2011წ.

დანართი       

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

  მუხლი 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური

  1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

  2. სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით.

  3. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

  4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. წალენჯიხა, სალიას ქ. №5.

  მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

  1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონები, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს დებულება (რეგლამენტი), გამგეობის დებულება და ეს დებულება.

  2. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

თავი II

სამსახურის ძირითადი ფუნქციები

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის   შეჩერებაზე ან/და დემონტაჟზე, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე დასკვნების მომზადება;

   ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა – მოწესრიგება და სხვა), დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების) და ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლი;

ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისა და ავტოტრანსპორტის პარკირების დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი;

ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;

ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენა;

თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახლად აშენებული რეკონსტრუქციული ობიექტებისა და რეკულტივირებული მიწების, დამთავრებული სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღება;

ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზედამხედველობა და კონტროლი სანიტარიული დასუფთავების საკითხებზე მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციებისა და წესების შესრულებაზე;

კ) აწარმოოს ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე და დაზიანებაზე კონტროლი;

   ლ) წარადგინოს წინადადებები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;

მ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

                              

      თავი III

სამსახურის სტრუქტურა, მართვა და სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი

        მუხლი 4. სამსახურის შემადგენლობა

  სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და მთავარი სპეციალისტებისაგან.

მუხლი4​1 . სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება

1. ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ:

ა) მითითება შესრულდა;

ბ) მითითება არ შესრულდა;

გ) მითითება არადროულად სრულდება.

3. თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა გადაწყვეტილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება.

  4 მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

 5. თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას:

  ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

  ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

  გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 6. დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საურავის დაკისრების შესახებ.

 7. უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ:

 ა) დარღვევები გამოსწორებულია და მითითება შესრულდა;

 ბ) საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები;

 გ) პროექტის შემთახმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ;

 დ) არ არსებობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 8. თუ მშენებარე ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე, უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მშენებლობის შეჩერების შესახებ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ეს ორგანო უფლებამოსილია გასცეს მითითება დარღვევების გამოსწორების შესახებ.

 9. შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს გადაწყვეტილება – დასკვნის სახით. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა.

 10. ამ კანონით გათვალისწინებულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კანონით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 11. ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დასკვნის სახით წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარისათვის მიმართვის შესახებ.

 12. საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის მიმართვის საფუძველზე იღებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას.

  13 .საკრებულოს თავმჯდომარის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება ამ კანონითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 14. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა გაეცნოს დაინტერესებულ მხარეს.

 15. სამართალდარღვევისათვის დაწესებული ჯარიმა ადგილობრივ ბიუჯეტში ჩაირიცხება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული წესით.

 16. თუ ვერ ხერხდება გადაწყვეტილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების, დასკვნის, სამართლებრივი აქტის გაცნობა (პირადად ჩაბარებით), გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან გადაწყვეტილებაში მითითებულ ობიექტის თავლსაჩინო ადგილზე, თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება:

ა) საინფორმაციო დაფა;

ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა;

გ) მშენებლობის ტერიტორიის შემოფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.

 17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული თვალსაჩინო ადგილების არარსებობისას თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება მშენებარე ობიექტის ფასადი, ხოლო თუ მშენებარე ობიექტი მრავალბინიანი სახლის – ბინის მთავარი შესასვლელი.

 18. ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა განისაზღვრება კანონით.

 19. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება შემდეგ შემთხვევებში:

ა) მშენებლობის დემონტაჟის დაუყოვნებლივ შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას;

ბ) მშენებლობის შეჩერების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისას;

გ) დარღვევებისთვის საურავის დარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას;

დ) დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას;

ე) საეტაპო ომის დადგენილი წესით წარუდგენლობისას;

ვ) მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იმ ობიექტის ექსპლოატაციაში მისაღებად განცხადების წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის დადგენილება №8-ვებგვერდი, 18.03.2011წ.

    მუხლი 4​2. პასუხისმგებლობა სამშენებლო სამართალდარღვევისათვის

1. სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღეში.

2. დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, დამრღვევს დაერიცხა საურავი დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ოდენობით.

3. სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტები (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), რომლებიც ითვლებიან დამკვეთად ან რომლებსაც შეთავსებული აქვთ დამკვეთისა და მენარდის ფუნქციები, ჯარიმდებიან:

ა) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის;

ბ) სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევისათვის.

4. ამ დებულებით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ ამ მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში მითითებული პირები ჯარიმდებიან წინა ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით.

მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო დარღვევის გამოსწორების ვალდებულება ეკისრება ახალ მესაკუთრეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის დადგენილება №8-ვებგვერდი, 18.03.2011წ.

     მუხლი 5. სამსახურის მართვა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ.

2. სამსახურის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობისას;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების  მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

ე) პერიოდულად ისმენს თანამშრომელთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ვ) სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს;

ზ) ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.

    მუხლი 6. სამსახურის თანამშრომლები

1. სამსახურის თანამშრომელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე.

2. სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. სამსახურის უფროსის არყოფნისას, გამგებლის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს მთ. სპეციალისტი.

     მუხლი 7. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები

1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:

ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;

ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;

დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;

ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.

2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:

     ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;

დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;

ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო  ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.

თავი IV

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 8. სამსახურის დებულების მიღება და მასში ცვლილებების შეტანა

1. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებების და დამტებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №26, 29.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1090947-1/