„საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი)და ზენორმატიული (მძიმეწონიანი)ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.08.2006 ბოლო ცვლილება 30.07.2009
ნომერი
№956
სარეგისტრაციო კოდი
310060000.22.034.009064
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 107, 11/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.060.000.22.034.009.064

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №956/1-1/746

2006 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ

„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის №3394-Iს კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნათა შესრულების საფუძველზე, ვბრძანებთ:

1. დამტკიცდეს თანდართული „საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის, უსაფრთხოდ გადაადგილებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის წესი“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

ი. ჩოგოვაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 18 იანვრი ს ერთობლივი ბრძანება №46/1-1/77 - სსმ III, №10, 23.01.2008წ., მუხ.136

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 9 ოქტომბრი ს ერთობლივი ბრძანება №1086/1-1/2147 - სსმ III, №150, 13.10.2008წ., მუხ.1491

3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 24 ივლისი ს ერთობლივი ბრძანება №945/1-1/1767 - სსმ III, №92, 24.07.2009წ., მუხ.972

საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის, უსაფრთხოდ გადაადგილების და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის წესი

    მუხლი 1

1. წინამდებარე წესი ადგენს საქართველოს საავტომობილო გზებზე (გარდა საუწყებო გზებისა) არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის და რეკომენდაციის (შეთანხმების) გაცემის პირობებს.

2. წინამდებარე წესი განსაზღვრავს არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და (მძიმეწონიანი) ზენორმატიული ტვირთების გადაზიდვისას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის უფლებამოსილებას და ზემოაღნიშნული ტვირთების გადაზიდვისას შესაბამისი რეკომენდაციის (შეთანხმების) გაცემის წესს.

3. წინამდებარე წესით რეგლამენტირებულია ტვირთების გადაზიდვა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, რომელთა გაბარიტები და წონითი მახასიათებლები (ტვირთით ან უტვირთოდ) აღემატება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.

4. ავტოსატრანსპორტო საშუალება ითვლება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიად), თუ მისი ზომები აღემატება ერთ-ერთს მაინც შემდეგი მაჩვენებლებიდან:

ა) სიმაღლით 4 მეტრს გზის სავალი ნაწილის ზედაპირიდან;

ბ) სიგანით 2,55 მეტრს, (რეფრეჟერატორის შემთხვევაში 2,60 მეტრს);

გ) სიგრძით – 20 მეტრს (ავტომატარებელი (მათ შორის, ორ და მეტმისაბმელიანი) ან შესახსრებული (საწევარი ნახევარმისაბმელით) ავტოსატრანსპორტო საშუალება, შესახსრებული ავტობუსი), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში 12 მეტრს, აგრეთვე, თუ ტვირთი გამოშვერილია ავტოსატრანსპორტო საშუალების უკანა გაბარიტის წერტილიდან 2 მეტრზე მეტი სიდიდით.

5. ზენორმატიულად დატვირთულ (მძიმეწონიან) ავტოსატრანსპორტო საშუალებად ითვლება ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის თითოეულ ღერძზე დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და გადასაზიდი წონა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს ან/და მისი საერთო წონა – 44 ტონას.

6. საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი საგაბარიტო პარამეტრების კორექტირება შეუძლებელია ან/და ტვირთი არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას. არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული ხარჯები (საავტომობილო გზებისა და ხელოვნური ნაგებობების შესაძლო ნაწილობრივი რეკონსტრუქციის ღონისძიებების და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯები) ეკისრება გადამზიდველს.

7. ტვირთის გადამტან ორგანიზაციას და ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს გზის ან საგზაო ნაგებობების დაზიანებისათვის, რომელიც გამოიწვია საგზაო მოძრაობის წესების და ამ წესის მოთხოვნების დაუცველობამ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეკისრებათ პასუხისმგებლობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 18 იანვრი ს ერთობლივი ბრძანება №46/1-1/77 - სსმ III, №10, 23.01.2008წ., მუხ.136

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 9 ოქტომბრი ს ერთობლივი ბრძანება №1086/1-1/2147 - სსმ III, №150, 13.10.2008წ., მუხ.1491

 

    მუხლი 2

1. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთის გატარება დასაშვებია საპატრულო პოლიციიდან შესაბამისი შეთანხმების (რეკომენდაციის) მიღების შემდეგ.

2. (ამოღებულია).

3. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთის გატარება დასაშვებია საპატრულო პოლიციასთან და შესაბამისი ქალაქის/რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით (რეკომენდაციით).

4. თანხმობა/რეკომენდაცია, როგორც წესი, გაიცემა ერთ გადაზიდვაზე. ერთი ტიპის ტვირთების დადგენილი მარშრუტით გადაზიდვისას, შეიძლება თანხმობა/რეკომენდაცია გაიცეს ტვირთების განსაზღვრულ პარტიაზე ან განსაზღვრული დროით (კონკრეტული ობიექტის მშენებლობის ხანგრძლივობის, გადაზიდვის მოცულობის გათვალისწინებით და ა.შ.).

5. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთის გატარება ხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებული მარშრუტით.

6. (ამოღებულია).

7. დამატებითი შეთანხმება რკინიგზის სადისტანციო სამსახურთან წარმოებს – გადაზიდვის მარშრუტის რკინიგზის ერთ დონეზე გადაკვეთისას, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების გაბარიტები ტვირთით ან უტვირთოდ აღემატება: სიგანით – 5 მეტრს, სიმაღლით (სავალი ნაწილიდან)–4,5 მეტრს, ავტომატარებლის სიგრძით (ერთი მისაბმელით ან ნახევრადმისაბმელით) – 20 მ-ს, ორი ან მეტი მისაბმელით – 24 მ-ს. აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალების საერთო ფაქტობრივი წონა აღემატება 52 ტონას ან მოძრაობის სიჩქარე ნაკლებია 8 კმ/სთ-ზე.

8. ქვეყნის ორი ან მეტი რეგიონის საზღვრებში მარშრუტის გავლისას თანხმობა (რეკომენდაცია) გაიცემა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, მათ შორის, შესაბამისი რეგიონის საპატრულო პოლიციის მეშვეობით ამავე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით, ხოლო ერთი რეგიონის საზღვრებში მარშრუტის გავლისას, შესაბამისი რეგიონის საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ, ერთი ქალაქის საზღვრებში მარშრუტის გავლისას – ქალაქის საპატრულო პოლიციის მიერ.

9. საპატრულო პოლიციაში თანხმობის (რეკომენდაციის) გასაცემად გადაზიდვის დაწყებამდე არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წარმოდგენილ უნდა იქნეს წერილობითი განაცხადი ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის, მძღოლისა და გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირის სახელისა და გვარის, დატვირთულ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების ღერძების რაოდენობის, ღერძზე დატვირთვის განაწილების, საერთო ფაქტობრივი წონის და სხვა პარამეტრების (სიგრძე, სიგანე და სიმაღლე) ჩვენებით, ასევე სპეციალური აღჭურვილობის და შეფერილობის ა/მანქანით გაცილების აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის უწყებასთან (რომელიც განახორციელებს გაცილებას) გაფორმებული ხელშეკრულების ასლი.

10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის (რეკომენდაციის) მისაღებად დაინტერესებულ პირს წერილობითი განაცხადით შეუძლია მიმართოს როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ასევე შესაბამისი რეგიონის საპატრულო პოლიციის სამსახურს, რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული წესით. ნებართვის მისაღებად შესაბამისი რეგიონის საპატრულო პოლიციის სამსახურისთვის მიმართვის შემთხვევაში, აღნიშნული უწყების ხელმძღვანელი ვალდებულია ერთი სამუშაო დღის განმავლობაში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან სხვა საშუალებით გადაუგზავნოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურებს, განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად მის მიერ ჩამოყალიბებული მოკლე აღწერილობა ნებართვის გაცემის თაობაზე. ელექტრონული ფოსტის საშუალებით, აღნიშნული მოკლე აღწერილობისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განიხილავს საკითხს და მისი დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში გასცემს შესაბამის ნებართვას, რომელიც ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან სხვა საშუალებით გადაეგზავნება შესაბამისი რეგიონის საპატრულო პოლიციის სამსახურის ხელმძღვანელს. აღნიშნული თანამდებობის პირი ვალდებულია ასეთი ნებართვის ელექტრონული ფორმით მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ ამობეჭდოს ელექტრონული ვერსია და საკუთარი ბეჭდით დაამოწმოს მისი სისწორე დედანთან, რომელსაც გადასცემს განმცხადებელს. ხოლო სხვა საშუ ა ლებებით ნებართვის დედნის მიღების შემთხვევაში დაიტოვოს მისი ასლი და დედანი გადასცეს განმცხადებელს. იმ შემთხვევაში, თუ რეგიონალური საპატრულო პოლიციის მიერ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გადაგზავნილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ზემოთ აღნიშნული წესის შესაბამისად, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან სხვა საშუალებით, რეგიონალურ საპატრულო პოლიციას დოკუმენტები უკან დაუბრუნდება შესაბამისი შენიშვნების მითითებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 9 ოქტომბრი ს ერთობლივი ბრძანება №1086/1-1/2147 - სსმ III, №150, 13.10.2008წ., მუხ.1491

    მუხლი 3

1. როგორც წესი, გადაზიდვა ნებადართულია ნაკლებად ინტენსიური მოძრაობის საათებში, ხოლო დაუსახლებელ პუნქტებში დღე-ღამის ნათელ პერიოდში. როგორც გამონაკლისი, დღე-ღამის ბნელ პერიოდში დაუსახლებელ პუნქტებში გამავალ გზებზე გადაზიდვა დასაშვებია იმ პირობით, როცა გასაცილებლად გამოყოფილია დამცავი ავტომობილი (სტანდარტული) ან საამისოდ სპეციალური აღჭურვილობის (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოები) და შეფერილობის ა/მანქანა.

2. არაგაბარიტული და ზენორმატიულად დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დასაშვებ სიჩქარეს ადგენს საპატრულო პოლიციის სამსახური თანხმობის (რეკომენდაციის) გაცემის დროს, რომელიც დამოკიდებულია გაბარიტებზე, წონაზე, გადასაზიდი ტვირთის განსაკუთრებულობაზე და საგზაო პირობებზე. მაქსიმალური დადგენილი სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 50 კმ/სთ-ს.

3. გაცილების აუცილებლობა და მისი სახე საპატრულო პოლიციის მიერ განისაზღვრება გადაზიდვაზე თანხმობის (რეკომენდაციის) გაცემის დროს.

4. გაცილება შეიძლება განხორციელდეს:

ა) დამცავი (სტანდარტული) ავტომობილით, აგრეთვე საწევარათი ან მიმწოლით, რომელსაც გამოყოფს (გადასაზიდი ტვირთის სახეობის ან საგზაო პირობების მიხედვით) ტვირთის გადამტანი ან ტვირთის გამგზავნი ორგანიზაცია;

ბ) საამისოდ სპეციალური აღჭურვილობის (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოები) და შეფერილობის ა/მანქანით.

შენიშვნა: საპატრულო პოლიციის მიერ განისაზღვრება გამცილებლის გამოყოფის აუცილებლობა ტვირთის გადამტანი ან გამგზავნი ორგანიზაციიდან.

5. დამცავი ავტომობილით გაცილება აუცილებელია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების სიგანე ტვირთით მეტია 2.55 მეტრზე (რეფრეჟერატორის შემთხვევაში 2,60 მეტრზე) და ნაკლებია 3 მეტრზე;

ბ) სიგრძე მეტია 20 მეტრზე (ავტომატარებლისათვის (მათ შორის, ორ და მეტ მისაბმელიანი) ან შესახსრებული (საწევარი ნახევარმისაბმელით) ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის, შესახსრებული ავტობუსისათვის), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში 12 მეტრზე და ნაკლებია 24 მეტრზე;

გ) როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალება მოძრაობს ზენორმატიული დატვირთვით.

შენიშვნა: დამცავი ავტომობილის მოძრაობის წესი და გადაზიდვის განხორციელებისას მოძრაობის სხვა მონაწილეთა ინფორმირების ხერხები განისაზღვრება საპატრულო პოლიციის მიერ გაცემული ნებართვის სპეციალურ განაკვეთში „განსაკუთრებული პირობები“.

6. სპეციალური აღჭურვილობის (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოები) და შეფერილობის ა/მანქანით გაცილება უნდა განხორციელდეს, თუ:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების სიმაღლე აღემატება 4,3 მეტრს;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სიგანე აღემატება 3,0 მეტრს;

გ) ავტომატარებლის სიგრძე აღემატება 24 მეტრს;

დ) ავტოსატრანსპორტო საშუალება მოძრაობის დროს იძულებულია ნაწილობრივ მაინც დაიკავოს შემხვედრი მოძრაობის ზოლი;

ე) მოძრაობის პროცესში საგზაო მოძრაობის რეგულირებისათვის წარმოიქმნება დამატებითი ღონისძიების გატარების აუცილებლობა გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. სხვა შემთხვევებში საკითხი გაცილების აუცილებლობის შესახებ წყდება საპატრულო პოლიციის უფროსის მიერ, საგზაო პირობების, ინტენსივობის და მოძრაობის შემადგენლობის გათვალისწინებით.

7. დამცავი ავტომობილი უნდა მოძრაობდეს გასაცილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების წინ. ამასთან ერთად, დამცავი ავტომობილი მარცხენა მხარეს უნდა მოძრაობდეს ისე, რომ მისი გაბარიტი სიგანეში გამოშვერილი იყოს გასაცილებელ ავტოსატრანსპორტო საშუალების გაბარიტთან შედარებით.

8. სპეციალური აღჭურვილობის (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოები) და შეფერილობის ა/მანქანით გაცილება ხორციელდება იმავე წესით, როგორითაც დამცავი ა/მანქანით. გადაზიდვის განხორციელებისას ავარიული სიტუაციების გამოსარიცხად სპეციალური აღჭურვილობის (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოები) და შეფერილობის ა/მანქანამ დროულად უნდა უზრუნველყოს მოძრაობის გადაკეტვა ქუჩებისა და გზების გადაკვეთებზე.

9. გაცილების დროს სპეციალური აღჭურვილობის და შეფერილობის ა/მანქანას ჩართული უნდა ჰქონდეს მოციმციმე შუქურა, რაც მოძრაობის მონაწილეთათვის წარმოადგენს ინფორმაციის დამატებით საშუალებას და არ ანიჭებს უპირატესობას გავლისას. სპეციალური აღჭურვილობის და შეფერილობის ა/მანქანებს, დამცავ ავტომობილებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც დღისით ახორციელებენ გადაზიდვას, ჩართული უნდა ჰქონდეთ ახლო მაშუქი ფარები.

10. გადაზიდვის განსახორციელებლად, დამცავი ავტომობილების, საწევრების და მიმწოლების გარდა, დამატებით შეიძლება გამოიყოს სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები (ავტოამწეები, ავტოკოშკები, საზეინკლო სახელოსნოები და ა.შ.), რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის ტექნიკური უზრუნველყოფისათვის.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 18 იანვრი ს ერთობლივი ბრძანება №46/1-1/77 - სსმ III, №10, 23.01.2008წ., მუხ.136

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 24 ივლისი ს ერთობლივი ბრძანება №945/1-1/1767 - სსმ III, №92, 24.07.2009წ., მუხ.972

    მუხლი 4

გადაზიდვა უნდა განხორციელდეს დამტკიცებული მარშრუტის მკაცრი დაცვით. თუ გადაზიდვის დროს შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს დამტკიცებული მარშრუტის შეცვლას, ტვირთის გადამზიდავმა ორგანიზაციამ მარშრუტის შესაცვლელად უნდა აიღოს ახალი შეთანხმება (რეკომენდაცია).

    მუხლი 5

1. ხიდებზე, გზაგამტარებზე და სხვა ხელოვნურ ნაგებობებზე ზენორმატიულად დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გავლის პირობებს განსაზღვრავს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

2. ხელოვნურ ნაგებობაზე ზენორმატიული დატვირთვით გამავალი ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო გადაადგილებისათვის, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მისი მდორე და შეუჩერებელი მოძრაობა სავალი ნაწილის ღერძულა ხაზზე (ან საგზაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციის მითითებით წინასწარ დატანილი სპეციალური ხაზის გასწვრივ) არა უმეტეს 10 კმ/სთ სიჩქარით.

3. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გზაგამტარზე ან სანაოსნო ხიდის მალებზე უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ მათ ქვეშ მოძრაობის არარსებობის შემთხვევაში იმ ორგანიზაციებთან შეთანხმებით, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ გზაგამტარის ან ხიდის ქვეშ არსებულ გასასვლელს.

4. ხელოვნურ ნაგებობაზე ზენორმატიული დატვირთვით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალების გავლის მომენტში მასზე უნდა აიკრძალოს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობა.

5. იძულებითი გაჩერების შემთხვევაში საჭიროა გადაუდებელი ზომების მიღება ხელოვნური ნაგებობიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გასაყვანად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 9 ოქტომბრი ს ერთობლივი ბრძანება №1086/1-1/2147 - სსმ III, №150, 13.10.2008წ., მუხ.1491

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი)და ზენორმატიული (მძიმეწონიანი)ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ", №956, 03.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 310060000.22.034.009064 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1106980-3/