გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.11.2010 ძალადაკარგული 28.06.2024
ნომერი
№36
სარეგისტრაციო კოდი
240120100.35.132.016020
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 65, 17/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №36

2010 წლის 30 ნოემბერი

ქ. ბათუმი

გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ “ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ ” საქართველოს კანონის 26 ​ ​1 მუხლისა და „რეკლამის შესახებ ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 მარტის დადგენილება №7 - ვებგვერდი , 11.03.2019 წ .

1. შემოღებულ იქნეს გარე რეკლამის განთავსების ნებართვა .

2. დამტკიცდეს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი, თანახმად დანართისა.

3. ამ დადგენილების ამოქმედების დროისათვის თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე, სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე განთავსებული გარე რეკლამის მფლობელები ვალდებული არიან წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული წესით მოიპოვონ გარე რეკლამის განთავსების ნებართვა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე განთავსებული გარე რეკლამის მფლობელი სუბიექტი ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად გამოცხადებულ აუქციონში არ მიიღებს მონაწილეობას ან მიიღებს, მაგრამ ვერ გაიმარჯვებს, ასეთი სუბიექტი ვალდებულია აუქციონში გამარჯვებულ ნებართვის მფლობელთან გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების სარგებლობასთან დაკავშირებით გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება ან ნებართვის მფლობელის პირველი მოთხოვნისთანავე განახორციელოს მის მიერ განთავსებული გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების დემონტაჟი.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   გ. კირთაძე

გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის

 წ ე ს ი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი შემუშავებულია „რეკლამის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად და განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 27.12.2019წ.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გარე რეკლამა – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებებით, იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და იმ ადგილებში, სადაც გაცემული ნებართვით შესაძლებელია განთავსდეს რეკლამა;

ბ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, სარეკლამო დაფა, მანათობელი სარეკლამო დაფა და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით;

გ) ნებართვა – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მოპოვებული ნებართვა (უფლება), განათავსოს გარე რეკლამის გასავრცელებელი ტექნიკური საშუალება და მასზე განათავსოს გარე რეკლამა;

დ) ნებართვის მაძიებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად სურს სარეკლამო საშუალების განთავსების ან/და სარგებლობის უფლების მოპოვება;

ე) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო;

ვ) აუქციონი – გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სამართლებრივი აქტით გამოცხადებული საჯარო ვაჭრობა, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის (ფიქსირებული ფასი ან შემოსავლიდან პროცენტი) წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;

ზ) ნებართვის მფლობელი – ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.    

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 27.12.2019წ.

    მუხლი 3. ზოგადი დებულებანი

1. სარეკლამო საშუალება (გარე რეკლამა) არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს, მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების, მაჩვენებლებისა და გზის ხილვადობა, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას.

2. შენობა-ნაგებობებზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი. ნებისმიერი ფორმით განთავსებული (გავრცელებული) სარეკლამო საშუალება არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს.

3. სარეკლამო მასალაზე იმ საქონლის რეკლამირებისას, რომლის სერტიფიც ი რებაც აუცილებელია, უნდა გაკეთდეს აღნიშვნა „სერტიფიცირებულია”.

4. დაუშვებელია არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის გარე რეკლამის განთავსება, რომლის განთავსებაც (გავრცელებაც) აკრძალულია „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

5. სარეკლამო საშუალებაზე (გარე რეკლამაზე) შესრულებული წარწერა მოცემული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად წარწერა შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც). უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.

    მუხლი 4. გარე რეკლამის განთავსების გეგმა

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების განლაგების ადგილები განისაზღვრება გარე რეკლამის განთავსების გეგმით, გარდა წინამდებარე წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. გარე რეკლამის განთავსების გეგმას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით განკარგულებით ამტკიცებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. გარე რეკლამის განთავსების გეგმის პროექტს ამზადებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური ან/და მისი მომზადება ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე შესაბამისი მომსახურების შესყიდვით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 27.12.2019წ.

    მუხლი 5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი

1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიეცეს ნებართვის იმ მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და წინამდებარე წესის შესაბამისად.

3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

4. ამ წესის შესაბამისად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 09.09.2016წ.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 27.12.2019წ.

    მუხლი 6. ნებართვის ობიექტი და საწყისი ფასი

1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემის ობიექტი შეიძლება იყოს:

ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება;

ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება;

გ) უფლება, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა განათავსოს გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალება.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები და მის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები როგორც წესი განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით, ხოლო მისი მთლიანად ან ნაწილობრივ არ არსებობის შემთხვევაში, გარე რეკლამის განთავსების გეგმით გაუთვალისწინებელ ნაწილში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება ნებართვის მფლობელის მიერ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით. აღნიშნულის შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად ან ეტაპობრივად.

4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება გასაცემი სარეკლამო საშუალებების 1 კვ.მ-ზე განსაზღვრული შესაბამისი ფასის გამრავლებით სარეკლამო საშუალებების საერთო ფართობთან კვადრატულ მეტრებში ან/და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელის მიერ გარე რეკლამის განთავსების შედეგად მიღებული თანხის (მიღებული მთლიანი თანხის ან მოგების) პროცენტული ოდენობის განსაზღვრით.

5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყის ფასს (სარეკლამო საშუალების კვადრატობის ან მიღებული შემოსავლის პროცენტის მიხედვით) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით აუქციონის გამოცხადებამდე განსაზღვრავს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

6. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასს ნებართვის მფლობელი იხდის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის გადახდის საკითხები დეტალურად განისაზღვრება აუქციონის გამოცხადების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 06.03.2013წ.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 09.09.2016წ.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 მარტის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 11.03.2019წ.
 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 27.12.2019წ.

    მუხლი 7. აუქციონის ჩატარების ორგანიზება და აუქციონის ჩატარების წესი

1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად ელექტრონული ან საჯარო აუქციონის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. აუქციონის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებით (სამართლებრივი აქტი) დგინდება სანებართვო და აუქციონის პირობები. 

2. აუქციონის ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო/მის მიერ უფლებამოსილი პირი (აუქციონატორი).

3. ელექტრონული აუქციონის ფორმით გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ხოლო ვაჭრობა მიმდინარეობს ვებგვერდზე www.eauction.ge. საჯარო აუქციონის ფორმით გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში, ხოლო საჯარო აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს, იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო აუქციონის გამოცხადებიდან ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან დასვენების დღეს, განაცხადების მიღება გრძელდება და წყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) აუქციონატორის დასახელებას;

ბ) ნებართვის სახეს;

გ) ელექტრონული აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი. ხოლო საჯარო აუქციონის შემთხვევაში – განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღსა და ადგილს (მისამართს);

დ) ნებართვის მოქმედების ვადას;

ე) ნებართვის გაცემის საწყის წლიურ ფასს;

ვ) „ბეს“ ოდენობას;

ზ) ბიჯის სიდიდეს;

თ) ელექტრონული ან საჯარო აუქციონის ჩატარების წესს;

ი) ელექტრონული ან საჯარო აუქციონის პირობებს/ნებართვის გაცემის პირობებს;

კ) აუქციონატორის საკონტაქტო ინფორმაციას, ხოლო საჯარო აუქციონის შემთხვევაში, ასევე განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი);

ლ) ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას.

5. ნებართვის მაძიებლად მიიჩნევა და აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან ამ პირთა გაერთიანებას.

6. ელექტრონულ ან საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღებით აუქციონის მონაწილე (ნებართვის მაძიებელი) ადასტურებს, რომ ის იღებს ვალდებულებას გამარჯვების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილოს გამოცხადებული სააუქციონო პირობები, აღნიშნული ასევე გულისხმობს გარე რეკლამის განთავსებისათვის დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებას.

7. აუქციონში (ელექტრონული/საჯარო) მონაწილეობის პირობები და აუქციონის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად, წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით.

8. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით წინამდებარე წესით განსაზღვრულ დისკრეციულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ყველა გადაწყვეტილება (კონკრეტულ შემთხვევაში ნებართვა უნდა გაიცეს გარე რეკლამის გავრცელების გეგმის საფუძველზე თუ მის გარეშე, გარე რეკლამის განთავსების ფასი უნდა განისაზღვროს კვადრატულ მეტრზე დაწესებული ფიქსირებული თანხისა თუ ნებართვის მფლობელის მიერ ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის ან წმინდა მოგების პროცენტის მიხედვით და სხვა) დადგენილი წესით მიიღება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 09.09.2016წ.

მუხლი 7​1. ხელშეკრულების გაფორმების წესი

1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან/ხოლო საჯარო აუქციონის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმზე მის მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში აუქციონატორთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა ნებართვის მფლობელს გადაეცემა ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე. ნებართვის მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემთან.

2. აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი „ბე“ ეთვლება გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის ნებართვის ფასის ოდენობაში.

3. ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს:

ა) გაცემული ნებართვის სახე;

ბ) სანებართვო პირობები;

გ) ნებართვის ფასი და მისი გადახდის წესი;

დ) მხარეთა უფლება-მოვალეობები.

ე) მოქმედი კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით ნებართვის მფლობელისათვის გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობები;

ვ) ნებართვის მოქმედების ვადა;

ზ) სხვა აუცილებელი პირობები.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 09.09.2016წ.

    მუხლი 8. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადა

გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 10 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით. აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, გააგრძელოს გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა (შეიტანოს ცვლილება ნებართვაში), ამ მუხლით განსაზღვრული ნებართვის მოქმედების ვადის ზედა ზღვრამდე (10 წელი).

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 09.09.2016წ.

    მუხლი 9. გარე რეკლამის განთავსების ნებართვასთან დაკავშირებით დაწესებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვები

1. გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა არ კრძალავს ამ ადგილების გამოყენებას კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის. გარე რეკლამის ადგილების გამოყენებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.

2. გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა უფლებამოსილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმების შესახებ ან/და გამოიყენოს იგი რაიმე სხვა დანიშნულებით ან/და გაასხვისოს იგი. კონკრეტული ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების შესახებ უნდა მიეთითოს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე გამოცხადებულ სააუქციონო პირობებში და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში.

    მუხლი 10. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმა

გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმას ამტკიცებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 27.12.2019წ.

    მუხლი 11. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა

1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური, საქართველოს კანონმდებლობის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2​1. სანებართვო/ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების/ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში ნებართვის მფლობელი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, კერძოდ:

ა) თანხის (ნებართვის ფასი) გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი თანხის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) ნებართვის მფლობელის მიერ აუქციონის ან/და სანებართვო პირობების/სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებში, პირგასამტეხლოს ოდენობა  განისაზღვრება ნებართვის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით.

3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, ასევე მასში შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ქალაქ ბათუმის მხრიდან ცალმხრივად გაუქმების საფუძველია:
ა) გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, გაფრთხილების მიუხედავად სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა;
ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;
გ) გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა;
დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ამა თუ იმ ადგილს (ადგილებს) მოეხსნა გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსი;
ე) გარე რეკლამის განთავსების ადგილი საჭიროა კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს უფლება აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნებართვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს უფლება არ აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები. ამასთან, მას არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ აუნაზღაურდება გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 09.09.2016წ.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 მარტის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 11.03.2019წ.
 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 27.12.2019წ.

    მუხლი 12. კერძო მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების წესი

1.  ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხი საჭიროებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალაქ ბათუმის აღმასრულებელ ორგანოსთან სავალდებულო შეთანხმებას.
1​1. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ შენობა - ნაგებობაზე ან მის ნაწილზე (ვიტრაჟი, ფანჯარა და სხვა) რეკლამის, აბრის ან სხვა ნებისმიერი წარწერის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს რეკლამის, აბრის ან სხვა ნებისმიერი წარწერის უშუალოდ განთავსების ადგილის ( შენობა - ნაგებობის ან მისი ნაწილის) ზედაპირის მოცულობის 20%- ს.
2. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებით დაინტერესებულმა პირმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ელექტრონულად უნდა წარუდგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ასევე სხვა თანამესაკუთრეების მიერ დადგენილი წესით გაცემული თანხმობა);
გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების სიტუაციური გეგმა (PDF ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით;
დ) იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
ე) გარე რეკლამის პროექტი (ესკიზი) გაბარიტული ზომებით ფერადი, რეკლამის ფოტომონტაჟი.
3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხზე გადაწყვეტილებას ღებულობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება განმცხადებელს, რომელსაც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თან ერთვის განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მერიის შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული 1 ეგზემპლარი.
4. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ვალდებულია საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების დროს დაიცვას წინამდებარე წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 06.03.2013წ.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 მარტის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 11.03.2019წ.
 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 27.12.2019წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №36, 30.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 240120100.35.132.016020 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1126496-4/