გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.07.2010 ბოლო ცვლილება 10.05.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.148.000078
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 6, 05/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.040.35.148.000.078

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2010 წლის 28 ივლისი

ქ. გორი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 9 ნოემბრის №1 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ზ. ხმალაძე

 

შეტანილი ცვლილებები:

1. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №33 -სსმ, №25 , 13 .09.2010წ., მუხ.691

დანართი №1

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი)

ეს დებულება (რეგლამენტი), „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს.

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. საკრებულო

1. საკრებულო არის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე.

2. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით არჩეული 31 წევრისაგან, რომელთაგან 10 წევრი არჩეულია პროპორციულ, ხოლო 21 წევრი – მაჟორიტარული წესით.

    მუხლი 2. საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია, საქართველოს საკანონმდებლო აქტები და ეს დებულება (რეგლამენტი).

2. საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებული იმ საკითხებს, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით (რეგლამენტით), წყვეტს საკრებულო.

    მუხლი 3. საკრებულოს უფლებამოსილება

1. საკრებულოს უფლებამოსილება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 და 22-ე მუხლებით და ამ დებულებით (რეგლამენტით).

2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 და 22-ე მუხლების შესაბამისად, საკრებულო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საერთო ადმინისტრირების, საფინანსო-ეკონომიკურ, სოციალურ, კეთილმოწყობის და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ, მიწათსარგებლობის, სივრცით დაგეგმარების, აღრიცხვისა და ინფორმატიზაციის სფეროებში.

3. საერთო ადმინისტრირების სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების თავმჯდომარეების არჩევა და გადარჩევა;

ბ) საკრებულოს კომისიების და დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება, მათი პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;

გ) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

დ) საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემა გამგებლის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ;

ე) კონტროლი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსა და თანამდებობის პირების საქმიანობაზე, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება;

ვ) თვითმმართველი ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;

ზ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის), საკრებულოს სამუშაო გეგმების, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების დებულებათა დამტკიცება და მათში ცვლილებების შეტანა;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;

ი) ადგილობრივ თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა;

კ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა;

ლ) თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დამტკიცება;

მ) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ნ) ქუჩების, მოედნების სახელდება და ნუმერაცია; “გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდება;

ო) თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა კანონმდებლობის შესაბამისად;

პ) თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოების და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენა;

ჟ) საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცება;

რ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

4. საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება, ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება, გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრა საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის ნებართვით სესხის ან გრანტის აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი ხელშეკრულების დამტკიცება;

დ) მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრა;

ე) ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ;

ვ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცება;

ზ) საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემა ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს;

თ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის განვითარების პრიორიტეტების დოკუმენტის დამტკიცება;

ი) თვითმმართველი ერთეულის განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;

კ) გადაწყვეტილების მიღება იმ პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, რომლებიც შეეხება თვითმმართველი ერთეულის განვითარებას;

ლ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

5. თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება;

გ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის პროექტის განხილვა და დამტკიცება; თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების პროგრამების და ამ პროგრამების შესრულების ანგარიშის დამტკიცება;

დ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენა; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონით ფორმის პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენა;

ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

6. სოციალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

ბ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნა და მათი წესდებების დამტკიცება;

გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

დ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით თვითმმართველ ერთეულზე დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემiოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

ე) მოსახლეობის დასაქმების ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

ვ) კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური მომსახურების დამატებითი დაფინანსების შესახებ;

ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების პირობების დადგენა;

თ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

7. თვითმმართველი ერთეულის კეთილმოწყობისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დამტკიცება;

ბ) „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა და გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება;

გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

დ) დასუფთავების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, ნაგავსაყრელების მოწყობის და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და ორგანიზების წესების დადგენა, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა; სასაფლაოების მოვლა-პატრონობის წესების დადგენა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად;

ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

8. მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) მიწათსარგებლობის დაგეგმვა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად (გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სხვა სპეციალური ზონების) დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;

ბ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების დამტკიცება;

გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და წყლის რესურსების მართვის წესების დადგენა;

დ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

9. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის დაგეგმარების სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრა;

ბ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება; ქალაქმშენებლობის დოკუმენტების დამტკიცება;

გ) საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა დამტკიცება;

დ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

10. ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;

ბ) მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრა; ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის წესების დადგენა და შესაბამისი ნებართვების გაცემა, ავტომანქანის პარკირების მარეგულირებელი ნორმების დადგენა;

გ) სატრანსპორტო სისტემის განვითარების ადგილობრივი პროგრამების დამტკიცება;

დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება;

ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

11. აღრიცხვისა და ინფორმატიზაციის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) თვითმმართველი ერთეულის ინფორმატიზაციის კონცეფციისა და პროგრამის დამტკიცება;

ბ) თვითმმართველი ერთეულის ვებ-გვერდის დებულების დამტკიცება;

გ) ადგილობრივი ქონების და თვითმმართველი ერთეულის დოკუმენტების და მათთან დაკავშირებული უფლებების აღრიცხვის წესების დადგენა;

დ) ადგილობრივი არქივის შექმნა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა;

ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

    მუხლი 4. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები

საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) საჯაროობა;

გ) კოლეგიურობა;

დ) დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა;

ე) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა;

ვ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის აზრის გათვალისწინება;

ზ) თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართვის უზრუნველყოფა;

თ) ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე.

    მუხლი 5. საკრებულოს სამუშაო ენა

საკრებულოს სამუშაო და საქმისწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა.

    მუხლი 6. საკრებულოს ადგილსამყოფელი

1. საკრებულოს ადგილსამყოფელია ქალაქი გორი, სტალინის გამზირი №16.

2. საკრებულოს სხდომები ტარდება საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში. საკრებულოს მიერ სხდომის სხვა ადგილას ჩატარება დაიშვება საკრებულოს განკარგულებით ან საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ამ დებულების (რეგლამენტის) 48-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. საკრებულოს შენობაზე, აგრეთვე იმ ადგილზე, სადაც იმართება საკრებულოს სხდომა, აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა. საკრებულოს შენობაში საქართველოს სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოები გამოიყენება “სახელმწიფო დროშის შესახებ” და საქართველოს ორგანული კანონით “სახელმწიფო გერბის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონებით დადგენილი წესით.

    მუხლი 7. საკრებულოს მუშაობის საერთო წესი

1. საკრებულოს მორიგი სხდომები, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. საკრებულოს სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის მეორე პარასკევს (თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს).

2. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიცავს მორიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით ჩატარებულ საკრებულოს სხდომების ერთობლიობას.

3. მორიგ სხდომაში საკრებულოს სხდომების რაოდენობა დაკავშირებულია საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის საკითხთა რაოდენობაზე და ეფუძნება უწყვეტობის პრინციპს. საკრებულოს სხდომებზე დაწყებული საკითხის განხილვა შეიძლება გაგრძელდეს ამავე მორიგი სხდომით გათვალისწინებულ საკრებულოს შემდგომ სხდომებზე.

4. საკრებულოს მორიგი სხდომა იხურება (სრულდება), როდესაც საკრებულოს მიერ მორიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება (მათ შორის შეიძლება იყოს გადაწყვეტილება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის (საკითხების) განხილვის გადადების შესახებ).

5. საკრებულოს საქმიანობა მოიცავს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფებისა და ფრაქციების სხდომებს.

6. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები (საკრებულოს დადგენილება, საკრებულოს განკარგულება, მიმართვა, განცხადება, დავალება, რეკომენდაცია, ცნობა და სხვა) მხოლოდ საკრებულოს სხდომაზე.

7. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუკი საკრებულოს სხდომას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

8. საკრებულოს გადაწყვეტილებები მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით, მაგრამ არა- ნაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №3 3 -სსმ, №2 5 , 13 .09.2010წ., მუხ. 691

    მუხლი 8. საკრებულოს სხდომათა დარბაზი

1. საკრებულოს სხდომათა დარბაზში უნდა იყოს მოწყობილი პრეზიდიუმი, სადაც ადგილს იკავებს საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე.

2. პრეზიდიუმთან უნდა მოეწყოს ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის.

3. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ცალ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი გამგეობის თანამდებობის პირთათვის, საკრებულოში აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების, საკრებულოში მოწვეული პირებისა და სხდომაზე დასწრების მსურველ პირთათვის.

4. საკრებულოს წევრები სხდომათა დარბაზში იკავებენ მათთვის პერსონალურად გამოყოფილ ადგილს. თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირები, საკრებულოში აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები და საკრებულოში მოწვეული პირები იკავებენ მხოლოდ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს. საკრებულოში არააკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები და საკრებულოს სხდომაზე დასწრების მსურველი პირები იკავებენ მხოლოდ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს.

5. საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაუშვებელია შეიარაღებული პირის ყოფნა.

6. საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას დაუშვებელია საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირების მიერ მობილური ტელეფონებით სარგებლობა.

    მუხლი 9. საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი

1. საკრებულოს ღია სხდომებზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ პირს.

2. საკრებულოს დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, აგრეთვე ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს. საკრებულოს დახურულ სხდომაზე საკითხის განხილვისას სხდომათა დარბაზის კარი იკეტება.

3. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირებს უფლება არ აქვთ დაიკავონ საკრებულოს წევრისათვის გამოყოფილი ადგილები.

4. საკრებულოს სხდომის დროს საკრებულოს წევრები და მოწვეულნი პირები ვალდებულნი არიან დაიცვან ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესრიგის დაცვის წესი.

    მუხლი 10. საკრებულოს სხდომების ტრანსლაცია

1. საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოეწყოს საკრებულოს ღია სხდომების რადიო და ტელე- ტრანსლაცია, აგრეთვე ტრანსლაცია ინტერნეტის მეშვეობით.

2. თუ საკრებულოს ღია სხდომაზე მოსულ დასწრების მსურველთა რაოდენობა მეტია, ვიდრე საკრებულოს სხდომათა დარბაზში დამსწრე პირებისათვის გამოყოფილ ადგილების რაოდენობა, სავალდებულოა სხდომის ტრანსლაცია, ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სხდომაზე დასწრების მსურველთათვის სხდომის მიმდინარეობის მოსმენის უზრუნველყოფა.

3. საკრებულოს სხდომის ტრანსლაციას და მის საჯაროობას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

    მუხლი 11. საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი

1. საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ფრაქციის ინიციატივით საკრებულოს დარბაზში შეიძლება მოეწყოს თათბირები, სემინარები, კონფერენციები და საკრებულოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.

2. საკრებულოს დარბაზში ღონისძიების ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.

თავი II

საკრებულოს წევრი

    მუხლი 12. საკრებულოს წევრის სტატუსი

1. საკრებულოს წევრი არის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში არჩეული პირი.

2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საკრებულოს მიერ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით მისი უფლებამოსილების ცნობიდან და მთავრდება ახლად არჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას.

3. საკრებულოს წევრის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 322 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი პროცედურების დაცვით.

4. საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავის მოვალეობის შესრულებისას იგი არ არის შეზღუდული ამომრჩევლებისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანებების განაწესებითა და დავალებებით. თავისუფალი მანდატი საკრებულოს წევრს არ ათავისუფლებს ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან.

5. საკრებულოს წევრი თავის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს უშუალოდ. დაუშვებელია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა.

6. საკრებულოს წევრის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესს და გარანტიებს, განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32–326 მუხლებით და ამ დებულებით (რეგლამენტით).

    მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა და უფლებამოსილების შეწყვეტა

1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ხდება საკრებულოს მიერ შესაბამისი საარჩევნო კომისიის წარდგინებისა და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე სამანდატო დროებითი კომისიის) დასკვნის საფუძველზე.

2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით.

3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე.

4. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება:

ა) უფლებამოსილება მოეხსნა პირადი განცხადებით – პირადი განცხადების საკრებულოს აპარატში ჩაბარების რეგისტრაციისთანავე;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი – სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლისთანავე;

გ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად – სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე;

დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა – საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტის ძალაში შესვლისთანავე;

ე) არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში – საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

ვ) დაინიშნა ან არჩეულ/დამტკიცებულ იქნა კანონით დადგენილ საკრებულოს წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე – ამ თანამდებობაზე დანიშვნის ან არჩევის/დამტკიცების შესახებ აქტის ძალაში შესვლიდან მეორე დღეს;

ზ) გარდაიცვალა – გარდაცვალების მეორე დღიდან.

5. საკრებულო, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წარდგინების (დასკვნის) საფუძველზე.

6. საკრებულო საკრებულოს წევრის ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ვ“ და „ზ“ შემთხვევებში იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია არკვევს საკრებულოს წევრის გაცდენის მიზეზებს და, თუ დადასტურდა, რომ გაცდენები არასაპატიოა, საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულო იღებულობს ფარული კენჭისყრით.

8. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

    მუხლი 14. საკრებულოს წევრის მოვალეობები

1. საკრებულოს წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა და ეს დებულება (რეგლამენტი);

ბ) მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს სხდომებსა და საკრებულოს კომისიათა მუშაობაში;

გ) ამ დებულების (რეგლამენტის) 130-ე მუხლით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს;

დ) იყოს საკრებულოს ერთი, მაგრამ არა უმეტეს ორი კომისიის შემადგენლობაში;

ე) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია;

ვ) არ გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა;

ზ) დაიცვას ამ დებულებით (რეგლამენტით) და „საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსით“ დადგენილი ქცევის სტანდარტები;

თ) ამ დებულების (რეგლამენტის) 131-ე მუხლით დადგენილი წესით არანაკლებ წელიწადში ერთხელ ჩააბაროს ანგარიში ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ.

2. საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი განაცხადოს საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაზე, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს.

3. საკრებულოს წევრი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების ხელის შემშლელი გარემოებების შესახებ.

    მუხლი 15. საკრებულოს წევრის უფლებები

1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე ან საკრებულოს კომისიაში ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით:

ა) დასვას საკითხი განსახილველად;

ბ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;

გ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვა დაუსვას მომხსენებელს, თანამომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს; მიიღოს და შეაფასოს პასუხები;

დ) გააცნოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიას, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს მოქალაქეთა წერილები და მიმართვები;

ე) კამათში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს გადასცეს თავისი გამოსვლის ტექსტი, აგრეთვე წერილობით ჩამოყალიბებული წინადადებები და შენიშვნები საკრებულოს (საკრებულოს კომისიის) სხდომაზე განსახილველი საკითხების თაობაზე;

ვ) გამოთქვას აზრი საკრებულოს მიერ შესაქმნელი ორგანოებისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომლებსაც ირჩევს/ნიშნავს ან რომელთა დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა საკრებულო;

ზ) სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს იმ კომისიების თუ დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, რომლის წევრიც ის არ არის;

თ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების, კომისიებისა და თანამდებობის პირების მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით საკითხების განხილვაში;

ი) კითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებს და თანამდებობის პირებს; უშუალო მონაწილეობა მიიღოს მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში; მიიღოს და შეაფასოს გაცემული პასუხები;

კ) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, გარდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისა;

ლ) ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით მოსთხოვოს საკრებულოს აპარატს სათანადო ინფორმაცია და სამართლებრივი თუ ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა.

2. საკრებულოს წევრს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით უფლება აქვს აირჩიოს ან არჩეულ, დანიშნულ ან წარდგენილ იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობებზე, საკრებულოს კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, გაერთიანდეს ფრაქციაში, გადადგეს ან გამოვიდეს ამ ორგანოებიდან (გაერთიანებებიდან).

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს საკრებულოს წევრი.

    მუხლი 16. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

საკრებულოს წევრს, საკრებულოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები:

ა) ტრანსპორტით მგზავრობისათვის;

ბ) სასტუმროში ცხოვრების ან საცხოვრებელი ბინის დაქირავებისთვის;

გ) თვითმმართველი ერთეულის ფარგლებს გარეთ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის, საფოსტო და სატელეგრაფო გზავნილებისათვის;

დ) სამივლინებო ხარჯები.

თავი III

საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე

    მუხლი 17. საკრებულოს თავმჯდომარე

1. საკრებულოს თავმჯდომარე არის თვითმმართველი ერთეულისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ამ დებულების (რეგლამენტის) 98-ე მუხლით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო.

2. საკრებულოს თავმჯდომარე:

ა) ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა და საკრებულოს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს;

ბ) უძღვება საკრებულოს მუშაობას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს აპარატისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა საქმიანობას;

გ) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და დასრულებულად აცხადებს საკრებულოს მორიგ და რიგგარეშე სხდომებს;

დ) უძღვება სხდომებზე საკითხების განხილვას;

ე) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი სხდომის ჩატარების პროცედურების დაცვას;

ვ) ადგენს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების თანმიმდევრობის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, ამ დებულების (რეგლამენტის) 57-ე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;

ზ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

თ) ამტკიცებს საკრებულოს სხდომაზე მოსაწვევ პირთა სიას;

ი) იწვევს და თავმჯდომარეობს საკრებულოს ბიუროს სხდომებს;

კ) საერთო კოორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულის განვითარების პრიორიტეტების, მინიციპალური პროგრამების და ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტების მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა (ბიუჯეტის) შესრულების მიმდინარეობას;

ლ) საერთო კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების მუშაობას;

მ) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს წევრთა უფლებების დაცვას;

ნ) აკონტროლებს საკრებულოს წევრთა მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი მოვალეობების შესრულებას;

ო) საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეთა წარდგინებით საკრებულოს კომისიებში იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს; დებს და აუქმებს მათთან ხელშეკრულებებს; საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომისიებში მოწვეულ პირთა საქმიანობას;

პ) ხელს აწერს საკრებულოს დადგენილებებს, განკარგულებებსა და სხდომის ოქმებს, საკრებულოს და თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს; წარმოადგენს და მოქმედებს თვითმმართველი ერთეულის სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას;

ჟ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის უფროსს და აპარატის მოსამსახურეებს;

რ) საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელს;

ს) გამგებლის წარდგინებით საკრებულოს ყოველწლიურად დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს; თანხმობას აძლევს გამგებელს, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, გადაანაწილოს თანხები მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის;

ტ) გამგებლის წარდგინებით საკრებულოს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს;

უ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს აპარატის დებულებას; საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეების წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს კომისიათა დებულებებს; გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის დებულებას, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს; ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას;

ფ) ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს; გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

ქ) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; გამგებლის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ღ) გამგებლის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებებს:

ღ.ა) გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის თაობაზე;

ღ.ბ) თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის თაობაზე;

ღ.გ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ;

ყ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

შ) გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმას; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, ქმნის სატენდერო კომისიას, ნიშნავს სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს, გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს შესყიდვების ხელშეკრულებებს;

ჩ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და გამგეობის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე. საკრებულოს თავმჯდომარე მოვალეა, ამ დებულების (რეგლამენტის) 132-ე მუხლით დადგენილი წესით წელიწადში ერთხელ მაინც საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ და წელიწადში ერთხელ მაინც შეადგინოს და გამოაქვეყნოს საკრებულოს მუშაობის ანგარიში.

4. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. საკრებულოს თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარეს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება. აღნიშნულ საკითხზე საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე.

    მუხლი 18. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის და ამ დებულების მე-100 მუხლით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო.

2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.

3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით, თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან გადაყენებისას (გადადგომისას); ახორციელებს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიცემულ სხვა დავალებებს.

4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. საკრებულოს თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება. აღნიშნულ საკითხზე საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე.

თავი IV

საკრებულოს ბიურო

    მუხლი 19. საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება

1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზების და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის მიზნით საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შემადგენლობით იქმნება საკრებულოს ბიურო.

2. საკრებულოს ბიურო:

ა) ადგენს საკრებულოს სამუშაო გეგმის და მის საფუძველზე საკრებულოს მორიგი სხდომების დღის წესრიგის პროექტებს;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე, ადგენს საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების განრიგის პროექტს;

გ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას; ამტკიცებს სამუშაო ჯგუფების დებულებებს; საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმებს;

დ) იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოში ინიციირებული სამართლებრივი აქტის პროექტის გამოქვეყნების, პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში და გამგეობაში დაგზავნის, სამართლებრივი აქტის პროექტზე ძირითადი კომისიის (კომისიების) განსაზღვრის, პროექტის განხილვის ვადების და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის სავარაუდო თარიღის შესახებ;

ე) იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს კომისიებში ანაზღაურებად ექსპერტთა კვოტის შესახებ;

ვ) ისმენს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ანგარიშებს;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 20. ბიუროს სხდომა

1. საკრებულოს ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს ბიუროს სხდომები იმართება თვეში ორჯერ მაინც საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად. ბიუროს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით, კომისიის ან ფრაქციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ბიუროს რიგგარეშე სხდომის წესზე ვრცელდება ამ დებულების (რეგლამენტის) 51-ე მუხლის მე-2-მე-4 პუნქტით დადგენილი წესები.

2. ცნობა საკრებულოს ბიუროს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც ამ დებულების (რეგლამენტის) 135-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. საკრებულოს ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ბიუროს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღება ბიუროს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა ნახევარზე მეტით.

4. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მისი წევრის დასწრება სავალდებულოა.

5. საკრებულოს ბიუროს სხდომის დღის წესრიგს ადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. ბიუროს წევრთა წინადადებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები. დღის წესრიგს და მასში ცვლილებების შეტანას ამტკიცებს ბიურო ბიუროს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა ნახევარზე მეტით.

6. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება. ბიუროს გადაწყვეტილებით, ცალკეულ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს ფარული კენჭისყრა.

7. საკრებულოს ბიურო განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით – გადაწყვეტილებებს.

8. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების სახით.

    მუხლი 21. ბიუროს მუშაობის წესი

1. ბიუროს სხდომებს სათათბირო ხმის უფლებით ესწრება გამგებელი, დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეები, საკრებულოს აპარატის უფროსი. ბიუროს სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები.

2. ბიუროს სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ ბიუროს წევრებს, აგრეთვე სათათბირო ხმის უფლებით მონაწილე პირებს. კამათი შეიძლება შეწყდეს მხოლოდ მაშინ, როცა ბიუროს ყველა წევრს მიეცემა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.

3. ბიუროს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ბიუროს გადაწყვეტილებას, უფლება აქვს თავისი მოსაზრების შეტანა მოითხოვოს ბიუროს სხდომის ოქმში.

4. საკრებულოს ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საკრებულოს ეცნობება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე.

5. საკრებულოს ბიუროს სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის მუშაობის შესაბამისი წესები.

    მუხლი 22. საკრებულოს ბიუროს ოქმი და მისი საქმიანობის უზრუნველყოფა

1. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება ბიუროს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს ბიუროს სხდომის თავმჯდომარე.

2. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმში მიეთითება:

ა) საკრებულოს ბიუროს სხდომის დრო და ადგილი;

ბ) სხდომის თავმჯდომარის და ბიუროს სხდომაზე დამსწრე პირების ვინაობა;

გ) განხილვის საგანი;

დ) კენჭისყრის შედეგები;

ე) მიღებული გადაწყვტილება.

 3. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმს აფორმებს და ამ დებულების (რეგლამენტის) 135-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ბიუროს სხდომის ჩატარებიდან 2 დღის ვადაში.

4. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმის ასლები ეგზავნება საკრებულოს კომისიებს, ფრაქციებს, დროებით სამუშაო ჯგუფებს და გამგებელს.

5. საკრებულოს, სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა, უფლება აქვს გააუქმოს ან ცვლილებები შეიტანოს საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებში.

6. საკრებულოს ბიუროს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

თავი V

საკრებულოს კომისიები და დროებითი სამუშაო ჯგუფები

    მუხლი 23. საკრებულოს კომისიის შექმნა

1. საკრებულოს კომისია არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც იქმნება საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.

2. საკრებულოს კომისიათა რაოდენობა, დასახელება და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულების (რეგლამენტის) 24-ე მუხლით. საკრებულოს კომისიათა რაოდენობა არ უნდა იყოს 5-ზე მეტი.

3. საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს უფლება აქვთ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენონ ახალი კომისიის შექმნის, არსებული კომისიის გაუქმების ან კომისიათა გაერთიანების საკითხი. საკრებულოს მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება დებულების (რეგლამენტის) შესაბამის მუხლში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის გზით.

4. საკრებულოს კომისიები იქმნება მხოლოდ საკრებულოს წევრთაგან. საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე არ შეიძლება იყვნენ საკრებულოს კომისიის შემადგენლობაში.

5. საკრებულოს წევრი, გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისა, ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არა უმეტეს ორი კომისიის წევრი.

6. საკრებულოს კომისია იქმნება საკრებულოს არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც.

7. საკრებულოს კომისიის შემადგენლობას და მასში ცვლილებების შეტანას კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. საკრებულოს კომისია იქმნება საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის დაცვით.

8. საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო, ხოლო ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტას განსაზღვრავს სამანდატო დროებითი კომისია და ამტკიცებს საკრებულო.

    მუხლი 24. საკრებულოს კომისიები

1. საკრებულოს კომისიებია:

ა) იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო და საინვესტიციო პოლიტიკის კომისია;

გ) დარგობრივი ეკონომიკისა და კომუნალური მეურნეობის კომისია;

დ) ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისია;

ე) ბუნებრივი რესურსების, აგრარულ და მიწის საკითხთა კომისია.

2. საკრებულოს კომისიათა უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით. კომისიის დებულებას საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე.

    მუხლი 25. საკრებულოს კომისიათა ზოგადი უფლებამოსილება

1. საკრებულოს კომისია:

ა) სამუშაო გეგმის შესაბამისად შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს;

ბ) წინასწარ განიხილავს საკრებულოში შემოტანილ, მის სფეროს მიკუთვნებულ, საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს; ამზადებს დასკვნებს, ორგანიზებას უწევს და/ან მონაწილეობს მათ განხილვაში;

გ) ისმენს საკრებულოსადმი ანგარიშვალდებულ ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშებს;

დ) განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომელსაც ირჩევს (ათავისუფლებს) და/ან რომელთა დანიშვნაზეც (გათავისუფლებაზეც) თანხმობას იძლევა საკრებულო და დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს;

ე) განიხილავს თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის, მუნიციპალური პროგრამების და ბიუჯეტის პროექტებს და შეიმუშავებს დასკვნებს;

ვ) აკონტროლებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;

ზ) იღებს გადაწყვეტილებას კომისიასთან საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ;

თ) ახორციელებს საკრებულოს დავალებით და საკრებულოს კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

3. საკრებულოს კომისიების საქმიანობას კოორდინაციას უწევს და კომისიის სამუშაო გეგმებს ამტკიცებს საკრებულოს ბიურო.

    მუხლი 26. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ირჩევს საკრებულო თავისი შემადგენლობიდან. კომისიის თავმჯდომარის არჩევა და გადარჩევა ხდება ამ დებულების (რეგლამენტის) 102-ე და 103-ე მუხლებით დადგენილი წესით.

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;

ბ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;

გ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;

დ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;

ე) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;

ვ) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;

ზ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს დასანიშნად ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას;

თ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ი) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

კ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.

    მუხლი 27. კომისიის წევრის უფლება-მოვალეობები

1. კომისიის წევრს უფლება აქვს:

ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში;

ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;

გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან;

დ) განახორციელოს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის თავმჯდომარის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.

2. კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში.

3. კომისიის წევრის უფლებამოსილება უწყდება:

ა) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში;

ბ) კომისიის წევრის საკრებულოს თავმჯდომარედ ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის შემთხვევაში;

გ) კომისიიდან გამოსვლის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში.

4. კომისიის წევრის მიერ კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადება ბარდება საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას, რომელიც განცხადებას წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას. საკრებულო საკრებულოს კომისიიდან გასვლის შესახებ საკრებულოს წევრის განცხადებას იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე. კომისიის წევრს კომისიის წევრობის უფლებამოსილება უწყდება კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადების ჩაბარებიდან.

    მუხლი 28. კომისიის სხდომა

1. საკრებულოს კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ არჩეულია კომისიის თავმჯდომარე და კომისიის სამი წევრი მაინც.

2. კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს მიერ კომისიის შემადგენლობის დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში. კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ხდება ფუნქციების განაწილება კომისიის წევრებს შორის და საჭიროების შემთხვევაში, კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ერთგვაროვან ფუნქციათა დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისგან კომისიის სამუშაო ჯგუფების შექმნა.

3. საკრებულოს კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო დებულების (რეგლამენტის) 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით – კომისიის წევრი. კომისიის სხდომები იმართება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით, თვეში ორჯერ მაინც, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად.

4. კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა 1/3-ის ინიციატივით. საკრებულოს სხდომების დროს კომისია შეიძლება შეიკრიბოს საკრებულოს დავალებით, ცალკეულ საკითხთა სასწრაფოდ განხილვის მიზნით.

5. კომისია ვალდებულია საკრებულოს, ან საკრებულოს ბიუროს დავალებით, მის მიერ განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი.

6. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ადგენს კომისიის თავმჯდომარე კომისიის სამუშაო გეგმის საფუძველზე. კომისიის წევრთა წინადადებით, კომისიის გადაწყვეტილებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები.

7. საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს ან შესამაბისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიების ერთობლივი სხდომა.

8. კომისიის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით შეიძლება ჩატარდეს კომისიის გამსვლელი სხდომა.

9. ცნობა საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც ამ დებულების (რეგლამენტის) 135-ე მუხლით დადგენილი წესით.

    მუხლი 29. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება

1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარი მაინც. გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით. თუ რამოდენიმე კომისია იხილავს საკითხს ერთობლივ სხდომაზე, კენჭისყრა თითოეული კომისიისათვის ცალ-ცალკე ტარდება.

2. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება. კომისიის გადაწყვეტილებით ცალკეულ განსახილველ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს ფარული კენჭისყრა.

3. კომისიის სხდომაზე განსახილველი პროექტები განხილვის შედეგად შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკრებულოს სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად.

4. კომისიის სხდომაზე განიხილება აგრეთვე კომისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებათა აქტუალური საკითხები, პეტიციები, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები, ინფორმაციები და შემოწმებათა შედეგები.

5. კომისია განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით – გადაწყვეტილებებს.

    მუხლი 30. კომისიის მუშაობის საერთო წესი

1. კომისიის სხდომა საჯაროა. კომისიის სხდომა ან სხდომის ნაწილი შეიძლება გამოცხადდეს დახურულად კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით.

2. კომისიის დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრებს, გამგებელს, აგრეთვე ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს.

3. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვის საჯაროობის დაცვის მიზნით საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ცნობის გამოქვეყნებას სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც ამ დებულების (რეგლამენტის) 135-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. ნებისმიერ პირს უფლება აქვს საკრებულოს აპარატს მიაწოდოს თავის წინადადებები თუ შენიშვნები კომისიის სხდომაზე გასატან საკითხთან დაკავშირებით ცნობაში მითითებული მოსაზრებების წარდგენის ვადაში.

5. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად გამოყონ მომხსენებელი, რის შესახებაც უნდა აცნობონ საკრებულოს აპარატს კომისიის სხდომის ჩატარებამდე 2 დღით ადრე მაინც. საკრებულოს აპარატი ახდენს შემოსული წერილების სისტემატიზაციას, წინადადებების ინიციატორებთან შეთანხმებით ახდენს ერთგვაროვან წინადადებათა გაერთიანებას და კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩევლის, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირებისა და მოქალაქეთა ჯგუფების მიერ წარმოდგენილ საკრებულოს კომისიის სხდომაზე გამომსვლელთა სიას. კომისიის სხდომაზე დამსწრე პირთა მონაწილეობა კომისიის სხდომაში ხდება ამ დებულების (რეგლამენტის) 57-ე მუხლით დადგენილის წესის შესაბამისად.

6. კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან შეიძლება შეიქმნას კომისიის სამუშაო ჯგუფები.

7. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვისას წინადადებების შემოტანის უფლება აქვთ როგორც კომისიის წევრებს, ასევე კომისიის სხდომაზე მოწვეულ და დამსწრე პირებს კომისიის სხდომის თავმჯდომარის ნებართვით. წინადადება კამათის შეწყვეტის შესახებ კენჭისყრაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ მაშინ, როცა კომისიაში შემავალ ყველა ფრაქციის წარმომადგენელს მიეცემა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.

8. კომისიამ მოხსენება მისთვის განსახილველად გადაცემულ ნორმატიული აქტის პროექტებზე უნდა წარადგინოს საკრებულოს მიერ დაწესებულ ვადაში. თუ ვადა დაწესებული არ არის, კომისიისათვის ნორმატიული აქტის პროექტის გადაცემიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ კომისია ვალდებულია წარმოადგინოს მოხსენება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე აღნიშნული ნორმატიული აქტის პროექტის შესახებ.

9. თუ კომისიაში გადაცემული რამდენიმე პროექტი ეხება ერთი და იმავე საკითხს, კომისია წყვეტს თუ რომელ მათგანს გაუწიოს რეკომენდაცია როგორც ძირითადს. დანარჩენ ნორმატიული აქტის პროექტებზე ცალკე გადაწყვეტილების გამოტანა არ ხდება. თუ კომისიის ერთ-ერთი წევრი მაინც მოითხოვს სხვა რომელიმე ნორმატიული აქტის პროექტის ძირითადად მიჩნევას, საკითხი წყდება კენჭისყრით.

10. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოსაზრების შეტანა კომისიის სხდომის ოქმში და საკრებულოს სხდომაზე მოითხოვოს მისი გაცნობა ან თანამომხსენებლად გამოსვლა. კომისიის წევრის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

11. საკრებულოს სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე კომისიის დასკვნის გამოსატანად ნიშნავს ერთ ან რამდენიმე მომხსენებელს.

12. კომისიის გადაწყვეტილებები საკრებულოს ბიუროს წარედგინება წერილობითი სახით. გადაწყვეტილებებში უნდა იყოს აღნიშნული შესაბამის საკითხზე კომისიის დასკვნა, ამ საკითხის გადაჭრის რეკომენდაცია და საკრებულოს სხდომაზე კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი (მომხსენებლები). გადაწყვეტილებებში აღინიშნება კომისიის წევრთა უმცირესობის აზრიც და ამ საკითხზე კომისიის თვალსაზრისი.

13. კომისიის სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის მუშაობის წესები.

    მუხლი 31. კომისიის საკონსულტაციო საბჭო

1. კომისიის გადაწყვეტილებით, კომისიასთან შეიძლება შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტების, ასევე დაინტერესებულ იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან.

2. კომისიის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

3. საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე.

4. საკონსულტაციო საბჭოს სხდომების დღის წესრიგს საბჭოს წევრებთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

5. საკონსულტაციო საბჭო კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს, განიხილავს კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზებს.

6. კომისიის თავმჯდომარის, კომისიის ან კომისიის საკონსულტაციო საბჭოს ინიციატივით შეიძლება ჩატარდეს კომისიისა და საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივი სხდომა.

7. საკონსულტაციო საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს საკრებულოს აპარატი.

    მუხლი 32. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა

1. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარეს, შესაბამისი საკითხების დამუშავებისათვის საჭირო ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კომისიის მუშაობაში დახმარების მიზნით, შეუძლია მოიწვიოს ექსპერტ-კონსულტანტები.

    მუხლი 33. კომისიის სხდომის ოქმი

კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის დასახელება, კომისიის სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, კომისიის სხდომის თავმჯდომარის და კომისიის სხდომაზე მონაწილე წევრთა ვინაობა, კომისიის დღის წესრიგის საკითხები, ყველა წამოყენებული წინადადება, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება. სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომათა ოქმები გადაეცემა და ინახება საკრებულოს აპარატში. კომისიის ოქმი ქვეყნდება ხელმოწერიდან 2 დღის ვადაში ამ დებულების (რეგლამენტის) 135-ე მუხლით დადგენილი წესით.

    მუხლი 34. საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი

1. საკრებულო, დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ, არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, ქმნის დროებით სამუშაო ჯგუფებს.

2. დროებითი სამუშაო ჯგუფები იქმნება საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით.

3. საკრებულოს გადაწყვეტილებაში დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ მითითებული უნდა იყოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე, სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა და წევრთა რაოდენობა.

4. დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება მხოლოდ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და უქმდება ამ მუხლით დადგენილი წესით და შემთხვევებში.

5. დროებითი სამუშაო ჯგუფის დებულებას შეიმუშავებს დროებითი სამუშაო ჯგუფი და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო.

6. საკრებულოს შეუძლია დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, მიიღოს გადაწყვეტილება დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებისა და საკითხის შესწავლის შეწყვეტის ან დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის შეცვლის შესახებ.

7. დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს.

8. უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დროებითი სამუშაო ჯგუფი ვალდებულია წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა განსახილველ საკითხზე. საკრებულო, უახლოეს სხდომაზე ისმენს დროებითი სამუშაო ჯგუფის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. ანგარიშის მოსმენის შემდეგ საკრებულო უწყვეტს უფლებამოსილებას დროებით სამუშაო ჯგუფს, ამასთან, საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით, საკრებულო უფლებამოსილია, ამ დებულებით დადგენილი წესით, იმავე საკითხზე შექმნას ახალი დროებითი სამუშაო ჯგუფი ძველი ჯგუფისგან განსხვავებული (არანაკლებ 1/3-ით) შემადგენლობით.

9. დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებს და მის თავმჯდომარეს, სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულო.

10. დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არჩევა და გადარჩევა, დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომა, სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების, დროებითი სამუშაო ჯგუფის მუშაობის, მისი საქმიანობის უზრუნველყოფისა და ოქმის შედგენის წესი განისაზღვრება საკრებულოს კომისიისათვის ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესების შესაბამისად.

თავი VI

საკრებულოს ფრაქცია

    მუხლი 35. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია

1. საკრებულოს ფრაქცია წარმოადგენს საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით.

2. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.

3. საკრებულოს ფრაქციაში არ უნდა იყოს საკრებულოს სამ წევრზე ნაკლები.

4. დაუშვებელია ეროვნული, ტერიტორიული ან სხვა კერძო ნიშნით (რელიგიური, პროფესიული და ა.შ.) ფრაქციებად გაერთიანება. ფრაქციას აქვს სახელი.

5. ფრაქციას უნდა გააჩნდეს წესდება, რომელშიც განისაზღვრება ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, წესდებაში ცვლილებების შეტანის პროცედურა.

6. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით გაერთიანდეს ფრაქციაში ან ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციიდან. ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით მიიღოს ახალი წევრი ფრაქციაში ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.

7. ფრაქციებს რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წარდგინებით. ფრაქციის რეგისტრაციისათვის საჭიროა ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა წერილობითი განცხადება და ფრაქციის წესდება.

8. საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუს იძენს მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

9. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს, რომელიც ფრაქციის რეგისტრაციისათვის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას მიმართავს განცხადებით. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარისა და ფრაქციის წევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს ფრაქციის ყველა წევრის მიერ. განცხადებას თან უნდა დაერთოს ფრაქციის მიერ მიღებული ფრაქციის წესდება.

10. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე დაუყოვნებლივ განიხილავს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე – დროებითი სამანდატო კომისია) და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს ბიუროს ფორმირებამდე, საკრებულოს თავმჯდომარეს). საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია დროებითი სამანდატო კომისის დასკვნის წარდგენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს სხდომას ფრაქციის დაფუძნების შესახებ. საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარის ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. მოგვიანებით დაფუძნებული ფრაქციის რეგისტრაციისათვის ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული განცხადება და ფრაქციის წესდება გადაეცემა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია განცხადებისა და ფრაქციის წესდების წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს ფრაქციის დაფუძნების შესაბამისობას “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მოთხოვნებთან და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. ახალი ფრაქციის შექმნის საკითხი შეიტანება საკრებულოს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში და განიხილება რიგგარეშედ. საკრებულო საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში დასკვნას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში საკრებულო ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. საკრებულოს მიერ ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად.

11. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის წესდებაში ცვლილების, ფრაქციის თავმჯდომარის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს.

    მუხლი 36. საკრებულოს ფრაქციის უფლებები

1. საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს:

ა) გამოხატოს და გაატაროს საკუთარი კურსი საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით;

ბ) მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვისა და სხდომაზე მომხსენებლის დანიშვნის თაობაზე;

გ) მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციების კოალიციასთან ან სხვა ფრაქციასთან გაერთიანების, ფრაქციის გაუქმების, ფრაქციის წესდებასა და დეკლარაციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;

დ) მიიღოს და ცვლილებები შეიტანოს ფრაქციის წესდებაში; ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით აირჩიოს და გადაირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები;

ე) მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციის საქმიანობის საკითხებზე;

ვ) წარადგინოს კანდიდატები საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევით თანამდებობაზე;

ზ) გადაწყვიტოს ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობითი კვოტების გამოყენების საკითხები;

თ) მოამზადოს და საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს ნორმატიული აქტის პროექტები;

ი) საკრებულოს ყველა კომისიასა და დროებით სამუშაო ჯგუფში შეიყვანოს ფრაქციის ერთი წევრი მაინც;

კ) მოითხოვოს ცალკეულ საკითხებზე დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა;

ლ) შეკითხვით მიმართოს საკრებულოს მიერ შექმნილ ორგანოებს და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს;

მ) საკრებულოს კომისიაში და საკრებულოს სხდომაზე გამოთქვას თავის მოსაზრება საკრებულოს მიერ ასარჩევ, დასანიშნ, დასამტკიცებელ ან იმ კანდიდატურის თაობაზე, რომლის დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა საკრებულო;

ნ) წელიწადში ორჯერ, საკრებულოს ბიუროს მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, საკრებულოს სხდომაზე გააკეთოს ფრაქციის ერთსაათიანი მოხსენება;

ო) გამოაქვეყნოს თავისი თვალსაზრისი და მიმართვა თვითმმართველი ერთეულის საინფორმაციო საშუალებებში;

პ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2. ფრაქციის მიერ კომისიაში ან დროებით სამუშაო ჯგუფში წარდგენილი საკრებულოს წევრის ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ფრაქციას უფლება აქვს თავის კვოტის შესაბამისად ამ კომისიაში ან დროებით სამუშაო ჯგუფში წარადგინოს ფრაქციის ახალი წევრის კანდიდატურა.

3. ფრაქციას ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს მის მიერ წარდგენილი წევრი ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც წერილობით აცნობებს შესაბამის კომისიის (დროებითი სამუშაო ჯგუფის) თავმჯდომარეს.

4. ფრაქციის წარმომადგენელთა რაოდენობა საკრებულოს კომისიებში და დროებით სამუშაო ჯგუფებში განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად. ფრაქციების პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ადგენს საკრებულოს ბიურო საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წარდგინების საფუძველზე. ფრაქციას უფლება აქვს საკრებულოს ბიუროს ამ გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოს სხდომა ამ საკითხს იხილავს რიგგარეშე და იღებს გადაწყვეტილებას სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3ით.

5. ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობის შეცვლის შემთხვევაში საკრებულოს კომისიებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.

6. ფრაქციის წარმომადგენელს საკრებულოს სხდომაზე გააჩნია სიტყვით გამოსვლის უპირატესი რიგითობა ფრაქციის გარეშე წევრთან შედარებით.

    მუხლი 37. ფრაქციის თანამდებობის პირები და საქმიანობის ორგანიზაცია

1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.

2. ფრაქციის სხდომის პერიოდულობა, სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.

3. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარის და ფრაქციის სხვა თანამდებობის პირების (ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის მდივანი და სხვ.), უფლებამოსილების, არჩევის, გადარჩევის და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.

4. ფრაქციის მიერ მიღებულ დოკუმენტებს ხელს აწერს ფრაქციის თავმჯდომარე.

    მუხლი 38. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფა

1. საკრებულოს ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით ფრაქციას გამოეყოფა საკრებულოს სხდომათა დარბაზში შესაბამისი ადგილი, ხოლო საკრებულოს შენობაში – სამუშაო ფართობი და შესაბამისი ინვენტარი.

2. ფრაქციისათვის თანხის, სხდომათა დარბაზში ადგილისა და სამუშაო ფართის გამოყოფა ხდება ფრაქციაში გაერთიანებულ წევრთა პროპორციულად.

    მუხლი 39. ფრაქციათა კოალიცია

1. ფრაქციებს ერთობლივი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შეუძლიათ შექმნან ფრაქციების კოალიცია.

2. ფრაქციათა კოალიციას შეიძლება გააჩნდეთ წესდება და ერთობლივი საკოორდინაციო ორგანო. რომლის უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია განისაზღვრება კოალიციის წესდებით.

3. ფრაქციას ნებისმიერ დროს აქვს უფლება გაერთიანდეს ან გავიდეს კოალიციიდან.

4. ფრაქციის ყოფნა ან არყოფნა კოალიციაში გავლენას არ ახდენს მის წარმომადგენლობით კვოტაზე.

თავი VII

ახლად არჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა

    მუხლი 40. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომის მოწვევა

1. ახლად არჩეული საკრებულოს პირველ მორიგ სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში.

2. განცხადება საკრებულოს პირველი მორიგი სხდომის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ ქვეყნდება ადგილობრივ გაზეთებში, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში ან სხვა წესით ეცნობებათ საკრებულოს წევრებს სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც.

    მუხლი 41. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომის გახსნა

1. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახლად არჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული საკრებულოს წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე ახორციელებს საკრებულოს აპარატი. სხდომაზე დასწრებას საკრებულოს წევრები ადასტურებენ სარეგისტრაციო ფურცელზე ხელმოწერით.

2. საკრებულოს პირველ მორიგ სხდომას ხსნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. პირველ მორიგ საკრებულოს სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარეობს საკრებულოს უხუცესი (სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრებიდან ასაკით უფროსი) წევრი.

3. საკრებულოს უხუცესი წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე წარმართავს საკრებულოს სხდომებს, ხელმძღვანელობს საკრებულოს პირველი მორიგი სხდომის ჩატარების ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, ხელს აწერს საკრებულოს გადაწყვეტილებებს და სხდომის ოქმს.

4. საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით:

ა) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;

ბ) სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა;

გ) ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა;

დ) საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა.

    მუხლი 42. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება

1. ახლადარჩეული საკრებულო ისმენს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენებას არჩევნების შედეგების, შემოსული საჩივრების, განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ.

2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენების მოსმენის შემდეგ საკრებულო ირჩევს ხმის დამთვლელ დროებით კომისიას და სამანდატო დროებით კომისიას.

    მუხლი 43. ახლადარჩეული საკრებულოს ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა

1. ახლად არჩეული საკრებულო, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა ღია კენჭისყრით, სამი წევრის შემადგენლობით, ირჩევს ხმისდამთვლელ დროებით კომისიას, რომელიც თავისი შემადგენლობიდან, ღია კენჭისყრით, უმრავლესობით, ირჩევს დროებითი კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს.

2. ხმის დამთვლელი დროებითი კომისია ხელმძღვანელობს ბიულეტენების მომზადების, დარიგებისა და კენჭისყრის პროცესს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია და ფარული კენჭისყრის დროს.

3. ხმის დამთვლელი დროებითი კომისია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს მიერ შესაბამისი ფუნქციის მუდმივი კომისიის არჩევამდე.

    მუხლი 44. ახლად არჩეული საკრებულოს სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა

1. ახლად არჩეული საკრებულო, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, ღია კენჭისყრით, სამი წევრის შემადგენლობით, ირჩევს სამანდატო დროებით კომისიას, რომელიც თავისი შემადგენლობიდან, ღია კენჭისყრით, უმრავლესობით, ირჩევს დროებითი კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს.

2. სამანდატო დროებითი კომისია განიხილავს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების საკითხებს, საკრებულოს ამცნობს საკრებულოს ფრაქციათა შექმნის შესახებ და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტის შესახებ.

3. სამანდატო დროებითი კომისია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს მიერ შესაბამისი მუდმივი კომისიის არჩევამდე.

    მუხლი 45. ახლადარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა

1. ახლადარჩეული საკრებულოს ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის და სამანდატო დროებითი კომისიის არჩევის შემდეგ, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სამანდატო დროებით კომისიას გადასცემს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და სხვა), რის შემდეგადაც ცხადდება შესვენება. შესვენების დროს, ცალკე ოთახში, იკრიბება სამანდატო დროებითი კომისია, რომელიც საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით ამზადებს და შესაბამის დასკვნას მოახსენებს საკრებულოს.

2. ახლადარჩეული საკრებულო, სამანდატო დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შესაბამისად, საკრებულო დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ით, ღია კენჭისყრით, იღებს განკარგულებას საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე სამანდატო დროებითი კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.

3. ახლადარჩეული საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე განკარგულებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში. იმ პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში, საკრებულო მიიღებს ცნობის სახით, თუ სასამართლომ იგი არჩეულად გამოაცხადა.

4. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა შემდგარად ჩაითვლება, თუ საკრებულოს მიერ ცნობილი იქნა საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის საკრებულოს.

5. თუ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილება ცნო საკრებულომ, საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ზე ნაკლებია, საკრებულოს სხდომა წყდება და იგი განახლდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოწვევით იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება საკრებულოს წინაშე იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია საკრებულოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის შესავსებად.

6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოხერხდა საკრებულოს წევრთა შესაბამისი რაოდენობის უფლებამოსილების ცნობა, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ინიშნება ხელახალი არჩევნები „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი წესით.

    მუხლი 46. ახლად არჩეული საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე განსახილველი საკითხები

1. საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;

გ) ცნობად მიღება საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების შესახებ;

დ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.

2. ფრაქციების შექმნისთანავე საკრებულოს აპარატი შეიმუშავებს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს და გადასცემს სამანდატო დროებით კომისიას. სამანდატო დროებითი კომისია განიხილავს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს კომისიებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს.

3. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე საკრებულოს სხდომაზე შესაძლოა მოხდეს მხოლოდ საკრებულოს ფრაქციების დაფუძნება და რეგისტრაცია. თუ საკრებულოს თავმჯდომარის ხელახალმა კენჭისყრამაც ვერ გამოავლინა გამარჯვებული, საკრებულოს სხდომა გადაიდება ერთი კვირით.

თავი VIII

საკრებულოს სხდომა

    მუხლი 47. საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევა

1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. როგორც წესი, ყოველი თვის მეორე პარასკევს (თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს). საკრებულოს მორიგი სხდომა, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროებს ოფიციალურად მოწვევას.

2. ცნობა საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების ადგილის, მორიგი სხდომის დაწყებისა და დამთავრების სავარაუდო თარიღის, სხდომების განრიგის, დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც, ამ დებულების (რეგლამენტის) 135-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. საკრებულოს წევრი საკრებულოს მორიგ სხდომაზე ვალდებულია გამოცხადდეს სპეციალური მოწვევის გარეშე.

4. საკრებულო უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებით გააგრძელოს, ხოლო დღის წესრიგის საკითხების ამოწურვის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს მორიგი სხდომის ვადამდე დამთავრების ან შეწყვეტის შესახებ.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №3 3 -სსმ, №2 5 , 13 .09.2010წ., მუხ. 691

    მუხლი 48. საკრებულოს გამსვლელი სხდომა

1. საკრებულოს სხდომა ტარდება საკრებულოს სხდომის დარბაზში. იმ საკითხების განხილვის მიზნით, რომლებიც შეეხება თვითმმართველი ერთეულში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულების ძირეულ სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებს, აგრეთვე საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს გამსვლელი სხდომა (სხდომები) თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში.

2. საკრებულოს გამსვლელი სხდომის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო საკრებულოს სხდომაზე ან საკრებულოს ბიურო საკრებულოს მორიგი სხდომებს შორის პერიოდში:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით;

ბ) საკრებულოს ფრაქციის ინიციატივით;

გ) თვითმმართველი ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 1%-ის მოთხოვნით.

3. საკრებულოს გამსვლელი სხდომების ჩატარებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნულ გამგეობის რწმუნებულთან ერთად.

    მუხლი 49. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახდენს საკრებულოს აპარატი.

2. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, საკრებულოს აპარატი:

ა) უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის და სხდომაზე განსახილველი საკითხების პროექტების და სხვა საჭირო ინფორმაციის მომზადებას, გამრავლებას, გამოქვეყნებას და საკრებულოს წევრებისათვის მათ მიწოდებას;

ბ) ადგენს მოწვეულ პირთა სიას და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფენ ამ პირთა გაფრთხილებას;

გ) ახდენს საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას;

დ) ეხმარება საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს სხდომის წაყვანის პროცესში, სხდომაზე წესრიგის დაცვასა და სხდომის ტექნიკურ უზრუნველყოფაში;

ე) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების (რეგლამენტის) 107-ე, 108-ე და 110-ე მუხლებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომის ოქმის შედგენას, საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების გაფორმებას, გამოქვეყნებას და დაგზავნას.

    მუხლი 50. საკრებულოს საქმიანობის დაგეგმვა

1. საკრებულოს სამუშაო გეგმა დგება კვარტალების მიხედვით. საკრებულოს ყოველი კვარტალის ბოლო მორიგ სხდომაზე შეიტანება საკითხი მომდევნო კვარტალის სამუშაო გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ.

2. საკრებულოს საქმიანობის კვარტალურ სამუშაო გეგმას ადგენს საკრებულოს ბიურო კომისიების სამუშაო გეგმების საფუძველზე.

3. საკრებულოს კვარტალური გეგმიდან გამომდინარე საკრებულოს ბიურო საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების და ფრაქციების წარმომადგენელთა, აგრეთვე გამგებლის წინადადებების გათვალისწინებით განსაზღვრავს ყოველთვიური მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტს. დღის წესრიგის პროექტში გათვალისწინებულ უნდა იქნეს საკრებულოს სხდომაზე ყოველი საკითხის განხილვისათვის განკუთვნილი სავარაუდო დრო.

4. საკრებულოს თავმჯდომარე ყოველი მორიგი სხდომის გახსნისას საკრებულოს მოახსენებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, მათ თანმიმდევრობას და სხდომების განრიგს. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დღის წესრიგის საკითხების გადაადგილების ან ერთმანეთთან დაკავშირებული თუ ერთგვაროვან საკითხებზე კამათის გაერთიანების შესახებ. ამ მიზნით საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს აძლევს სამწუთიან სიტყვას.

5. საკრებულოს კომისიას, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს, საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს მოითხოვოს დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება და მისი განხილვის გადადება. ამ საკითხებზე საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის, ფრაქციის წარმომადგენელს აძლევს ხუთწუთიან სიტყვას. საკრებულოს კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის, ფრაქციის წარმომადგენლის არგუმენტაციის მოსმენის შემდეგ, საკრებულო, უკამათოდ, ღია კენჭისყრით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

6. დაუშვებელია საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებითი საკითხის შეტანა, გარდა ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი იმ საკითხებისა, რომლებიც საკრებულოს მიერ მიიღება ცნობად.

7. საკრებულოს წევრს უფლება აქვს მოითხოვოს განცხადების გაკეთება ისეთ საკითხზე, რომელიც არ შეეხება სხდომის დღის წესრიგს. ასეთი განცხადებისათვის სხდომის თავმჯდომარე საკრებულოს წევრს სიტყვას აძლევს შესვენების წინ ან დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ. კამათი ასეთ განცხადებებთან დაკავშირებით არ იმართება.

    მუხლი 51. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა

1. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს კვარტალური სამუშაო გეგმით გაუთვალისწინებელი საკითხის (საკითხების) განსახილველად:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ საკითხი შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნას „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და აუცილებელია მისი განხილვა საკრებულოს მიერ ამავე კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვის მიზნით);

ბ) საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით;

გ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით;

დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%-ის მოთხოვნით.

2. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას, დღის წესრიგს და რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღს.

3. საკრებულოს თავმჯდომარე მოთხოვნის წარდგენიდან სამი დღის ვადაში აქვეყნებს ცნობას რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ და მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში იწვევს საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ან მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან სამი დღის ვადაში აქვეყნებს მოტივირებულ უარყოფით პასუხს.

4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის მოუწვევლობის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის თავზე. თუ საკრებულოს თავმჯდომარე ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს პასუხს, საკრებულოს აპარატის უფროსი ვალდებულია მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან მეოთხე დღეს გამოაქვეყნოს ცნობა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ და უზრუნველყოს საკრებულოს წევრთა გაფრთხილება. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკრებულოს რიგგარეშე სხდომას თავმჯდომარეობს საკრებულოს დამსწრე წევრთაგან უხუცესი.

5. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა განიხილავს მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. რიგგარეშე სხდომა იხურება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვისთანავე.

6. რიგგარეშე სხდომა უნდა დამთავრდეს მორიგი სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს ერთი დღისა. თუ რიგგარეშე სხდომის გაგრძელების გამო მორიგი სხდომამდე რჩება ერთ დღეზე ნაკლები, საკრებულოს ეს მორიგი სხდომა გადაიწევს შესაბამისი ვადით.

    მუხლი 52. საკრებულოს სხდომის დაწყება

1. საკრებულოს მორიგი სხდომა იწყება საკრებულოს წევრთა რეგისტრაციით. საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია იწყება საკრებულოს მორიგი სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე.

2. საკრებულოს მორიგი სხდომა გაიხსნება, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ სხდომის გახსნის დროისათვის საჭირო კვორუმი ვერ შედგა, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგი სხდომის გახსნა გადაიდება იმავე დღის სხვა დროისათვის, თუ ამ შემთხვევაშიაც არ შედგა კვორუმი, სხდომის გახსნა გადაიდება მომდევნო დღისთვის.

3. მორიგი სხდომის გახსნის შემდეგ საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია ტარდება ყოველი კენჭისყრის დაწყების წინ. საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი მაინც.

    მუხლი 53. საკრებულოს სხდომაზე სხდომის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი

1. საკრებულოს სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, მისი არ ყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით, საკრებულოს სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას უძღვება სხდომაზე მყოფი საკრებულოს უხუცესი (ასაკით უფროსი) წევრი.

2. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე:

ა) აუწყებს საკრებულოს წევრებს საკრებულოს მორიგი სხდომის გახსნასა და მორიგი სხდომის დახურვას (დასრულებას);

ბ) უძღვება საკითხების განხილვას;

გ) უზრუნველყოფს ამ დებულების (რეგლამენტის) დაცვას;

დ) ამ დებულების (რეგლამენტის) 57-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული წესით ადგენს კამათში მონაწილეთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;

ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ვ) ამ დებულების (რეგლამენტის) IX თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში სიტყვას ჩამოართმევს გამომსვლელს, აფრთხილებს ოქმში შეტანით ან შეუტანლად, სხდომათა დარბაზს ატოვებინებს საკრებულოს წევრს ან სხდომაზე დამსწრე სხვა პირს;

ზ) ამ დებულების (რეგლამენტის) 65-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში წყვეტს სხდომას ან აცხადებს რიგგარეშე შესვენებას ან სხდომას გადადებს მეორე დღისათვის;

თ) საჭიროების შემთხვევაში კენჭს უყრის საკითხს კამათის შეწყვეტისა და მხარეთა მონაწილეობით შეთანხმების მიზნით შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის ან საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის შესახებ;

ი) კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლის დროს (სამი და მეტი) საჭიროების შემთხვევაში, აწყობს სარეიტინგო კენჭისყრას, რომლის შედეგების შესაბამისად სთავაზობს ავტორებს ნაკლებად მისაღები წინადადებების მოხსნას;

კ) ხელს აწერს საკრებულოს სხდომის ოქმს.

3. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე მოვალეა:

ა) უზრუნველყოს ამ დებულებით (რეგლამენტით) განსაზღვრული პროცედურების დაცვა;

ბ) ხელი შეუწყოს აზრის თავისუფალ გამოხატვას და საკითხის სრულყოფილ, ყოველმხრივ განხილვას;

გ) არ გაუკეთოს კომენტარი საკრებულოს წევრის გამოსვლას, არ შეაფასოს საკრებულოს წევრის გამოსვლა; არ უპასუხოს შეკითხვას, თუ კითხვა უშუალოდ მას არ დაუსვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საკრებულოს წევრი არღვევს ამ დებულების (რეგლამენტის) მოთხოვნებს;

დ) საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში თავისი უფლებამოსილება გადააბაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს და მხოლოდ ამ საკითხზე კენჭისყრის შემდეგ დაუბრუნდეს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.

4. იმ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარე განსახილველ საკითხზე საკრებულოს შესთავაზებს გადაწყვეტილების თავის ვარიანტს, ეს ვარიანტი კენჭისყრაზე დგება ბოლოს.

    მუხლი 54. საკრებულოს სხდომის განრიგი

1. საკრებულოს სხდომა იწყება დილის 12 საათზე და მთავრდება 18 საათზე.

2. საკრებულოს სხდომა საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 21 საათამდე.

3. საკრებულოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება სამუშაო დღეებში. მორიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხდომების დღეები განისაზღვრება მორიგი სხდომის განრიგით, რომელსაც მორიგი სხდომის დღის წესრიგთან ერთად განსაზღვრავს საკრებულოს ბიურო და ამტკიცებს საკრებულო.

4. საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულო ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის გარეშე, თუ საკრებულოს არც ერთი წევრი არ გამოთქვამს განსხვავებულ აზრს, ცვლილებები შეაქვს შესაბამისი მორიგი სხდომის განრიგში.

    მუხლი 55. საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები

საკრებულოს დადგენილების და განკარგულების პროექტები განიხილება საკრებულოს სხდომაზე, თუ იგი შეტანილია შესაბამის სხდომის დღის წესრიგში. მიმართვები, განცხადებები განიხილება დღის წესრიგში გათვალისწინებულ „სხვადასხვა საკითხებში“, რისთვისაც საკრებულოს სხდომის ბოლოს გამოიყოფა 30 წუთი.

    მუხლი 56. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მომდევნო საკითხზე გადასვლის წესი

საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მომდევნო საკითხზე გადასვლა ან დაბრუნება იმ საკითხზე, რომელზედაც არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ხდება თავმჯდომარის წინადადებით ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის გარეშე, თუ საკრებულოს არც ერთი წევრი არ გამოთქვამს განსხვავებულ აზრს.

    მუხლი 57. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვის ზოგადი წესი

1. საკრებულოს სხდომაზე საკითხების განხილვა საჯაროა, გარდა საქართველოს კანონის “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვის საჯაროობის დაცვის მიზნით საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილის, მორიგი სხდომის დაწყების და მორიგი სხდომის დამთავრების სავარაუდო თარიღის, სხდომების განრიგის, დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ცნობის გამოქვეყნებას მორიგი სხდომის გახსნამდე 7 დღით ადრე მაინც, ამ დებულების (რეგლამენტის) 135-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. ნებისმიერ პირს უფლება აქვს საკრებულოს აპარატს მიაწოდოს თავის წინადადებები თუ შენიშვნები საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ცნობაში მითითებული მოსაზრებების წარდგენის ვადაში.

4. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ საკრებულოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად გამოყონ მომხსენებელი, რის შესახებაც უნდა აცნობონ საკრებულოს აპარატს საკრებულოს მორიგი სხდომის გახსნამდე 2 დღით ადრე მაინც. საკრებულოს აპარატი ახდენს შემოსულ წერილების სისტემატიზაციას, წინადადებების ინიციატორებთან შეთანხმებით ახდენს ერთგავაროვან წინადადებათა გაერთიანებას და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩევლის, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირებისა და მოქალაქეთა ჯგუფების მიერ წარმოდგენილ საკრებულოს სხდომაზე გამომსვლელთა სიას.

5. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება ამ საკითხის წარმომდგენი პირის ან საკითხის წარმომდგენი სუბიექტის მიერ დანიშნული პირის მოხსენებით. მომხსენებელი სხდომას მოახსენებს პროექტთან დაკავშირებით რომელი შენიშვნა (ავტორის დასახელებით) იქნა გათვალისწინებული, რომელი არა და რატომ. საკრებულოს შესაბამისი კომისია ვალდებულია წინასწარ განიხილოს სხდომაზე შემოტანილი საკითხი, სხდომაზე გამოვიდეს მომხსენებლის ან თანამომხსენებლის სახით და გამოხატოს კომისიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

6. მოხსენების და თანამოხსენების მოსმენის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს და საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირებს აძლევს უფლებას საკითხთან დაკავშირებით კითხვებით მიმართონ მომხსენებელს (თანამომხსენებელს). მომხსენებლის (თანამომხსენებლის) მიერ პასუხის გაცემის შემდეგ თავმჯდომარე მოვალეა გამოაცხადოს დებატების დაწყება, თუ შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ ხდება მსჯელობის გარეშე.

7. დებატები იწყება თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩევლის, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელთა გამოსვლით ამ მუხლითა და დებულების (რეგლამენტის) 59-ე მუხლით დადგენილი სიტყვით გამოსვლის წესის შესაბამისად. მათი გამოსვლების დამთავრების შემდეგ სიტყვა ეძლევათ საკრებულოს წევრებს.

8. იმ შემთხვევაშიც, თუ სხდომაზე მონაწილე თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩევლის, საზოგადოებრივ, პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელთა სია დიდია (10 და მეტი მსურველი), საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აძლევს მათ წინადადებას გამოყონ მხოლოდ ორი წარმომადგენელი, რომელთაც მიეცემათ სხდომაში მონაწილეობა თანამომხსენებლის უფლებით. თუ სხდომაზე მონაწილეობის მსურველები 2 მომხსენებლის გამოყოფაზე ვერ შეთანხმდნენ, სხდომის თავმჯდომარე სიტყვით გამოსვლის უფლებას აძლევს სიაში ჩაწერილ პირველ ორ მსურველს.

9. დებატებში გამომსვლელთა სიის ამოწურვის, ან თუ არავინ ითხოვს სიტყვას, თავმჯდომარე დებატებს დახურულად აცხადებს. დებატების შეწყვეტა შეიძლება მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს წევრის წინადადებით, თუ მოცემულ საკითხზე გამოვიდა ორი ორატორი მაინც და საკრებულო ამ წინადადებას მიიღებს მსჯელობის გარეშე. დებატების შეწყვეტის შემდეგ ფრაქციათა თითო წარმომადგენელს აქვს სიტყვით გამოსვლის უფლება.

10. საკრებულოს წევრს სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს მხოლოდ მაშინ, როცა თავმჯდომარე მისცემს მას სიტყვას. საკრებულოს წევრი, რომელსაც სურს სიტყვით გამოსვლა, წინასწარ უნდა ჩაეწეროს საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამასთან, უნდა აღნიშნოს, გამოდის იგი განსახილველ საკითხზე „მოწინააღმდეგედ“ თუ „მომხრედ“. განხილვის პროცედურის შესახებ განცხადებისათვის საკრებულოს წევრმა სიტყვა შეიძლება მოითხოვოს ადგილიდან.

11. საკრებულოს წევრმა სიტყვა უნდა წარმოთქვას ტრიბუნიდან. მომხსენებლისადმი (თანამომხსენებლისადმი) კითხვა საკრებულოს წევრმა შეიძლება დასვას ადგილიდან. შეკითხვის დასმის მიზნით წევრმა უნდა მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც მომხსენებლის (თანამომხსენებლის) თანხმობით საკრებულოს წევრს აძლევს სიტყვას შეკითხვისათვის. დასმული შეკითხვა უნდა იყოს მოკლე და უნდა შეეხებოდეს განსახილველ საკითხს.

12. დებატებში გამომსვლელთა რიგითობას ადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. რიგითობა განისაზღვრება შემდეგი პარამეტრებით:

ა) გამოსვლის შესახებ განცხადების ჩაბარების დროით;

ბ) ფრაქციული ინდექსაციით (არის თუ არა იგი ფრაქციის წევრი და რამდენ მანდატს ფლობს საკრებულოში შესაბამისი ფრაქცია);

გ) გამოდის იგი საკითხზე „მომხრედ“ თუ „მოწინააღმდეგედ“.

13. თავმჯდომარე გამომსვლელთა რიგითობის დადგენისას ითვალისწინებს, რომ განსახილველი საკითხის როგორც „მომხრეთა“, ისე „მოწინააღმდეგეთა“, ასევე ფრაქციებისა და ფრაქციის გარეშე წევრთა პოზიციები პროპორციულად გამოიხატოს.

14. მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ პირველ სიტყვას თავმჯდომარე აძლევს „მოწინააღმდეგეს“, ხოლო შემდეგ თანმიმდევრობით და რიგითობის მიხედვით. მომხსენებელს ნებისმიერ დროს თავმჯდომარის თანხმობით, უფლება აქვს აიღოს სიტყვა განმარტებისათვის.

15. საკრებულოს წევრს შეუძლია უარი თქვას სიტყვაზე, ეს უფლება სხვას დაუთმოს ან გაუცვალოს სხვა წევრს რიგი. დაუშვებელია სიტყვის გადაცემა იმ წევრისათვის, რომელიც მოცემულ საკითხზე ორჯერ უკვე გამოვიდა.

16. პირი, რომელიც სიტყვის მიცემისას არ აღმოჩნდება სხდომათა დარბაზში, კარგავს ამ საკითხზე რიგით გამოსვლის უფლებას.

17. პირს უფლება აქვს ერთ საკითხზე გამართულ დებატებში მხოლოდ ორჯერ გამოვიდეს.

18. საკრებულოს წევრს განხილვის პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით სიტყვა მიეცემა რიგგარეშე. წინადადება უნდა შეეხებოდეს დღის წესრიგს ან განსახილველ საკითხს და არ უნდა გრძელდებოდეს 2 წუთზე მეტს.

    მუხლი 58. საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმები

საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმებია:

ა) მოხსენება;

ბ) თანამოხსენება;

გ) შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან;

დ) განსახილველ საკითხზე დებატებში მონაწილეობა;

ე) მომხსენებლის და თანამომხსენებლის დასკვნითი სიტყვა;

ვ) საკრებულოს მიერ ასარჩევ ან დანიშვნაზე თანხმობის მისაცემ კანდიდატურასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლა;

ზ) წინადადების შეტანა კენჭისყრის წესის, მოტივების ან სხდომის წარმართვის წესის შესახებ;

თ) მისაღებ დოკუმენტში შესწორებების შეტანა;

ი) შეკითხვა, განმარტება, განცხადება, ინფორმაცია, მიმართვა.

    მუხლი 59. საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობა

1. საკრებულოს სხდომაზე მომხსენებელს გამოსვლისათვის ეძლევა 20 წუთამდე, თანამომხსენებელს – 15 წუთამდე, თითოეულ მათგანს დასკვნითი სიტყვისათვის – 10 წუთამდე; დებატებში გამოსვლისათვის საკრებულოს წევრს და სხვა პირებს ეძლევათ პირველად 7 წუთამდე, მეორედ გამოსვლისას – 5 წუთამდე; პროცედურულ საკითხებთან, ხმის მიცემის მოტივებთან დაკავშირებით – 1 წუთამდე, წარდგენილი კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით, განმარტების, ინფორმაციის, მიმართვის, განცხადებებისა და შეკითხვებისათვის 3 წუთამდე.

2. საკრებულოს თავმჯდომარეს, გამომსვლელის მოთხოვნით, სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, შეუძლია გამომსვლელს გაუგრძელოს დრო არა უმეტეს 10 წუთით. ამასთან, ფრაქციას, რომელიც გამოდის ამ გამომსვლელის „მოწინააღმდეგედ“, უფლება აქვს მოითხოვოს მისი წარმომადგენლისთვისაც დროის შესაბამისად გაგრძელება.

    მუხლი 60. პროცედურული საკითხები

პროცედურულს მიეკუთვნება საკითხები:

ა) შესვენების გამოცხადების და ხანგძლივობის შესახებ;

ბ) საკრებულოს სხდომის გადადების შესახებ;

გ) სიტყვით გამოსვლის დროის გახანგძლივების შესახებ;

დ) სხდომაზე მოწვეული პირისთვის სიტყვით გამოსვლის უფლების მიცემის შესახებ;

ე) განსახილველ საკითხზე დებატების გადადების ან შეწყვეტის შესახებ;

ვ) კომისიისათვის საკითხის დამატებით შესასწავლად გადაცემის შესახებ;

ზ) კამათის გარეშე საკითხის კენჭისყრაზე დაყენების შესახებ;

თ) დახურული სხდომის გამართვის შესახებ;

ი) საკრებულოს სხდომაზე საკრებულოსადმი ანგარიშვალდებულ ორგანოთა თანამდებობის პირთა მოწვევის შესახებ;

კ) კენჭისყრის წესის შესახებ;

ლ) კენჭისყრის გადადების შესახებ;

მ) გამომსვლელთა რიგითობის შეცვლის შესახებ;

ნ) საკრებულოს წევრთა დამატებითი რეგისტრაციის გავლის შესახებ;

ო) ხმების ხელახალი დათვლის შესახებ.

    მუხლი 61. დებატების შეზღუდვის შემთხვევები

1. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს წინასწარ განსაზღვროს დებატებისათვის გამოყოფილი დრო ან საკრებულოს თანხმობით გამართოს შეზღუდული დებატები.

2. დებატებისათვის გამოყოფილი დროის ამოწურვის შემდეგ თავმჯდომარის განცხადებით დებატები წყდება. დებატების შეწყვეტის შესახებ განცხადების გაკეთებამდე თავმჯდომარე აცხადებს გამომსვლელთა დარჩენილ რაოდენობას. ფრაქციას, რომლის არც ერთ წარმომადგენელს არ მიუღია მონაწილეობა დებატებში, უფლება აქვს დაასახელოს ერთი გამომსვლელი, რომელსაც თავმჯდომარემ უნდა მისცეს სიტყვა.

3. შეზღუდული დებატებისას სიტყვით გამოსვლის უფლება ეძლევათ მხოლოდ საკითხის ინიციატორს, კომისიის მომხსენებელს ან თანამომხსენებელს და ფრაქციის თითო წარმომადგენელს.

4. შეზღუდული დებატების შემთხვევაში, თუ ამ საკითხზე სიტყვით გამოსვლის სურვილი გამოთქვა თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულმა ამომრჩევლმა, საზოგადოებრივი ან პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენლებმა, საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აძლევს მათ წინადადებას გამოყონ მხოლოდ ორი წარმომადგენელი, რომელთაც მიეცემათ სხდომაში მონაწილეობა თანამომხსენებლის უფლებით. თუ სხდომაზე მონაწილეობის მსურველები 2 მომხსენებლის გამოყოფაზე ვერ შეთანხმდნენ სხდომის თავმჯდომარე სიტყვით გამოსვლის უფლებას აძლევს სიაში ჩაწერილ პირველ ორ მსურველს.

    მუხლი 62. დებატების შეწყვეტა ან გადავადება

საკრებულოს თავმჯდომარეს, სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ხმების უმრავლესობის თანხმობით, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება კამათის გადავადების ან შეწყვეტის, განსახილველი საკითხის კომისიაში დაბრუნების ან დღის წესრიგის მომდევნო საკითხზე გადასვლის შესახებ.

    მუხლი 63. საკრებულოს თავმჯდომარის მონაწილეობა დებატებში

1. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს წინასწარ ჩაუწერლად და რიგგარეშედ გამოვიდეს საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვისას.

2. საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეობა გადააბაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს და მხოლოდ ამ საკითხზე საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.

3. თუ საკრებულოს თავმჯდომარე გამოვა სიტყვით დებატების დახურვის შემდეგ, დებატები გრძელდება შეზღუდული წესით.

    მუხლი 64. დასკვნითი სიტყვა

სხდომის თავმჯდომარის მიერ დებატების დამთავრებულად გამოცხადების შემდეგ, მომხსენებელსა და თანამომხსენებელს აქვთ დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება.

თავი IX

სხდომაზე წესრიგის დაცვის წესები

    მუხლი 65. სხდომაზე წესრიგის დაცვა

1. თუ გამომსვლელი სიტყვით გამოსვლისას მისთვის განკუთვნილ დროს გადააცილებს, თავმჯდომარე ჯერ აფრთხილებს, ხოლო შემდეგ ჩამოართმევს სიტყვას. თუ გამომსვლელმა გადაუხვია განსახილველ საკითხს, თავმჯდომარე აფრთხილებს მას ამის შესახებ. თუ გამომსვლელი ხმარობს შეურაცხმყოფელ სიტყვებს, თავმჯდომარე მოუწოდებს წესრიგისაკენ. თუ გამომსვლელი ორჯერ გააფრთხილეს დაბრუნებოდა განსახილველ საკითხს, ან ორჯერ მოუწოდეს წესრიგისაკენ, მოთხოვნის დაუკმაყოფილების შემთხვევაში თავმჯდომარე ვალდებულია ჩამოართვას მას სიტყვა და ამავე დროს არ მისცეს მას უფლება ამ საკითხზე მეორედ გამოვიდეს. თავმჯდომარის გაფრთხილება და წესრიგისაკენ მოწოდება არ შეიძლება გახდეს განსჯის საგანი.

2. თუ სხდომის დროს დაიწყო უწესრიგობა, რომელიც შეუძლებელს ხდის საკრებულოს მუშაობას და თავმჯდომარემ მისი აღკვეთა ვერ შესძლო, მაშინ იგი ტოვებს ადგილს და სხდომა ნახევარი საათით შეწყვეტილად ითვლება. თუ სხდომის განახლების შემდეგაც გრძელდება უწესრიგობა, თავმჯდომარე სხდომას გადადებს მეორე დღისათვის.

3. სხდომაზე წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით თავმჯდომარის უფლებამოსილებები ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც არ არიან საკრებულოს წევრები. მოწვეული პირები, თუ ისინი გამოხატავენ თავის კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას სხდომის მიმდინარეობის შესახებ, რითაც ხელს უშლიან სხდომის ნორმალურ მსვლელობას, თავმჯდომარის მითითებით გაყვანილნი იქნებიან დარბაზიდან.

4. თავმჯდომარის მიერ წესრიგის დაცვისადმი მიღებულ გადაწყვეტილებებზე მსჯელობა ან კენჭისყრა არ იმართება და იგი უნდა დაკმაყოფილდეს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

5. სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ მსჯელობს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია. კომისიას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის გაფრთხილების შესახებ. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ამ გადაწყვეტილებას ამტკიცებს საკრებულო.

    მუხლი 66. ზომები საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის

1. საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის სხდომაში მონაწილე პირის მიმართ სხდომის თავმჯდომარის მიერ, ამ დებულების (რეგლამენტის) 67-ე და 68-ე მუხლებით დადგენილი წესით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს წესრიგისკენ მოწოდება ან გაფრთხილება, ხოლო საკრებულოს მიერ, ამ დებულების (რეგლამენტის) 69-ე და 70-ე მუხლებით დადგენილი წესით – გაფრთხილება ოქმში შეტანით ან სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

2. საკრებულოს სხდომაზე მონაწილე ან დამსწრე არა საკრებულოს წევრი წესრიგის დარღვევისათვის სხდომის თავმჯდომარის მიერ შეიძლება გაძევებულ იქნეს დარბაზიდან, თუ იგი:

ა) უკვე იქნა გაფრთხილებული, მაგრამ აგრძელებს წესრიგის დარღვევას;

ბ) ქმნის უწესრიგობას სხდომაზე, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას;

გ) შეურაცხყო საკრებულო ან პირი, მიუხედავად იმისა, იმყოფება ეს პირი საკრებულოს სხდომაზე თუ არა;

დ) თუ იგი ეწინააღმდეგება სხდომის თავმჯდომარის მიერ მის მიმართ გამოტანილ პასუხისმგებლობის ზომას.

 3. პირს ან პირთა ჯგუფს, რომელიც გაძევებული იქნა სხდომის დარბაზიდან, უფლება არა აქვს დაბრუნდეს საკრებულოს სხდომის დარბაზში იმ დღის სხდომის დამთავრებამდე.

    მუხლი 67. წესრიგისკენ მოწოდება

1. სხდომაში მონაწილე პირს წესრიგისკენ შეიძლება მოუწოდოს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარემ.

2. სხდომაში მონაწილე პირს წესრიგისკენ შეიძლება მოუწოდონ, თუ იგი:

ა) სიტყვით გამოდის სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე;

ბ) ხმარობს შეურაცხმყოფელ გამოთქმებს;

გ) მისი გამოსვლა შეიცავს ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი და სხვა ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციული სახის მოწოდებებს;

დ) სარგებლობს მობილური ტელეფონით ან ხმამაღლა საუბრობს, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას;

ე) ემოციურად გამოხატავს თავის კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას სხდომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას.

    მუხლი 68. გაფრთხილება

სხდომაში მონაწილე პირს, რომელსაც ამავე სხდომაზე უკვე მოეწოდა წესრიგისკენ, თუ იგი აგრძელებს დარღვევას, სხდომის თავმჯდომარის მიერ გამოეცხადება გაფრთხილება.

    მუხლი 69. გაფრთხილება ოქმში შეტანით

1. გაფრთხილება ოქმში შეტანით სხდომაში მონაწილე პირს ეძლევა საკრებულოს გადაწყვეტილებით, რომელიც:

ა) უკვე იქნა გაფრთხილებული, მაგრამ აგრძელებს წესრიგის დარღვევას;

ბ) ქმნის უწესრიგობას სხდომაზე, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას;

გ) შეურაცხყო საკრებულო ან პირი, მიუხედავად იმისა, იმყოფება ეს პირი საკრებულოს სხდომაზე თუ არა.

    მუხლი 70. სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე

საკრებულოს წევრს შეიძლება საკრებულოს გადაწყვეტილებით ჩამოერთვას სიტყვით გამოსვლის უფლება შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე:

ა) თუ იგი გაფრთხილდა ოქმში შეტანით, მაგრამ კვლავ აგრძელებს წესრიგის დარღვევას;

ბ) თუ იგი ეწინააღმდეგებს მის მიმართ გამოტანილი პასუხისმგებლობის ზომას.

თავი X

კენჭისყრის წესი

    მუხლი 71. კენჭისყრის სახეები

კენჭისყრის სახეებია: ფარული, ღია და სახელობითი; ხოლო გადაწყვეტილების მიღების ფორმის მიხედვით კენჭისყრა შეიძლება იყოს გადამწყვეტი ან სარეიტინგო.

    მუხლი 72. საკრებულოს წევრის უფლება კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ

მიუხედავად კენჭისყრის სახისა, საკრებულოს წევრს უფლება აქვს უარი თქვას კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე, რის შესახებაც მან უნდა გააკეთოს საკრებულოს სხდომაზე შესაბამისი განცხადება.

    მუხლი 73. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის უფლება კენჭისყრის პროცედურაზე

საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს:

ა) ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით განსაზღვროს კენჭისყრაზე დასაყენებელ საკითხთა რიგითობა;

ბ) წამოაყენოს საკუთარი წინადადებები ან კომპრომისული ფორმულირებები დასმული საკითხის კენჭისყრიდან მოუხსნელად;

გ) ჩაატაროს სარეიტინგო კენჭისყრა;

დ) თუ წამოყენებულმა არც ერთმა ალტერნატიულმა წინადადებამ არ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, ხელმეორე კენჭისყრაზე დააყენოს ის ორი ალტერნატიული წინადადება, რომელმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღო.

    მუხლი 74. სარეიტინგო კენჭისყრა

1. სარეიტინგო კენჭისყრა არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

2. სარეიტინგო კენჭისყრა არ შეიძლება ჩატარდეს ფარული ან სახელობითი ფორმით.

3. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს ნებისმიერ დროს უფლება აქვს ჩაატაროს სარეიტინგო კენჭისყრა ყველა სადავო თუ ალტერნატიულ საკითხზე.

    მუხლი 75. ფარული კენჭისყრა

1. ფარული კენჭისყრა ტარდება ბიულეტენების მეშვეობით.

2. ფარული კენჭისყრის ადგილს და ბიულეტენის ფორმას ამზადებს საკრებულოს აპარატი. ბიულეტენები არ შეიძლება განსხვავდებოდეს ზომით ან ფორმით, ანდა მათზე იქნეს ასახული (დატანებული) რაიმე განმასხვავებელი ნიშანი.

3. კენჭისყრის პროცედურას თვალყურს ადევნებს და ბიულეტენებს ითვლის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია. ყველა იმ ფრაქციას, რომელიც ამ კომისიაში წარმოდგენილი არ არის, უფლება აქვს ხმის დათვლის დროს კომისიაში შეიყვანოს თითო დროებითი წარმომადგენელი.

4. ბიულეტენის მიღებას საკრებულოს წევრი ადასტურებს ხელმოწერით. ბიულეტენების შევსება ხდება ფარული კენჭისყრისათვის საგანგებოდ მოწყობილ კაბინაში ან ოთახში.

5. არჩევნების დროს ბიულეტენის შევსებისას საკრებულოს წევრი შემოხაზავს იმ კანდიდატის რიგითი ნომერს, რომელსაც მხარს უჭერს. თუ ბიულეტენში მხოლოდ ერთი კანდიდატის გვარია შეტანილი, მისთვის ხმის მიცემა გვარის ან მის წინ დასმული ნომრის შემოხაზვით უნდა გამოიხატოს, ხოლო სხვა საკითხზე კენჭისყრისას ბიულეტენში შეტანილი ორი ფორმიდან: „მომხრე“, „წინააღმდეგი“ აირჩიოს ერთ-ერთი, რომელსაც შემოხაზავს, ხოლო მეორეს კი გადახაზავს.

6. ბათილად ჩაითვლება დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენი, აგრეთვე ის ბიულეტენი, რომლითაც შეუძლებელია დადგინდეს ვის (რომელ გადაწყვეტილებას) მისცა საკრებულოს წევრმა ხმა.

    მუხლი 76. სახელობითი კენჭისყრა

1. სახელობითი კენჭისყრა ტარდება საკრებულოს წევრების მიერ სახელობითი კენჭისყრისათვის განკუთვნილ სპეციალურ ბლანკზე გადაწყვეტილების შესაბამის ვარიანტზე ხელმოწერით.

2. საკრებულოს წევრს უფლება აქვს შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება სახელობითი კენჭისყრისას სხდომის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შედეგების გამოცხადებამდე.

3. სახელობითი კენჭისყრა არ შეიძლება ჩატარდეს პერსონალური საკითხების გადაწყვეტისას.

    მუხლი 77. კენჭისყრის დაწყების გამოცხადება

1. დებატების, ასარჩევი, დასანიშნი თუ დასამტკიცებელი კანდიდატურის განხილვის დამთავრების შემდეგ თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის დაწყებას. თუ შემოვიდა წინადადება კენჭისყრის გადადების შესახებ, იგი კენჭისყრაზე დგება პირველ რიგში.

2. ღია კენჭისყრა, როგორც წესი, ეწყობა დებატების დამთავრებისთანავე, ხოლო ფარული კენჭისყრა – სხდომის დამთავრების წინ.

3. თავმჯდომარე კენჭისყრის დაწყებამდე ატარებს წევრთა რეგისტრაციას.

4. თუ კენჭისყრისთვის დანიშნული დროისათვის სხდომას არ ესწრება კენჭისყრისათვის საჭირო წევრთა რაოდენობა, საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის გადადებას და ამ საკითხზე კენჭისყრის ჩატარების დროს.

    მუხლი 78. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარისა და საკრებულოს წევრის უფლებები კენჭისყრის პროცედურაზე

1. საკითხს კენჭისყრაზე აყენებს სხდომის თავმჯდომარე. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია ზუსტი, ნათელი ფორმულირებით, ავტორის მიერ შემოთავაზებული ვარიანტით დასვას საკითხი კენჭისყრაზე. საკრებულოს წევრს უფლება აქვს შენიშვნა გამოთქვას ფორმულირების შესახებ და წამოაყენოს წინადადება მისი შეცვლის თაობაზე. საკრებულოს წევრის შენიშვნა გათვალისწინებულ იქნება, თუ მას დაეთანხმა საკითხის ინიციატორი. სხვა შემთხვევაში საკრებულოს წევრის ეს წინადადება ჩაითვლება ალტერნატიულ წინადადებად და იგი კენჭისყრაზე დაისმება რიგითობის დაცვით, საერთო წესით.

2. კენჭისყრის პროცედურის ჩატარების დროს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს:

ა) ინიციირებული პროექტის არმიღების შემთხვევაში ალტერნატიული ვარიანტების შემოთავაზების ავტორებთან შეთანხმებით განსაზღვროს კენჭისყრაზე დასაყენებელ ალტერნატიულ საკითხთა რიგითობა. შეუთანხმებლობის შემთხვევაში ალტერნატიული ვარიანტები კენჭისყრაზე უნდა დადგეს შემოთავაზების რიგითობის მიხედვით;

ბ) წამოაყენოს კომპრომისული ფორმულირებები დასმული საკითხის კენჭისყრიდან მოუხსნელად. კომპრომისული ფორმულირება კენჭისყრაზე დადგება, მხოლოდ შესაბამისი ვარიანტების ავტორებთან შეთანხმებით, მათ მიერ დასმული ვარიანტების სანაცვლოდ და შესაბამისი რიგითობით. იმ შემთხვევაში, თუ წამოყენებული წინადადებების ავტორები წინააღმდეგი არიან კომპრომისული ფორმულირების სანაცვლოდ მოხსნან თავიანთი წინადადება, კომპრომისული ფორმულირებით დასმული საკითხი კენჭისყრაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული წინადადება. ასეთ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარის მიერ დასმული წინადადება კენჭისყრაზე დგება ყველაზე ბოლოს;

გ) ჩაატაროს სარეიტინგო კენჭისყრა;

დ) თუ ვერც ინიციირებულმა და წამოყენებულმა ვერც ერთმა ალტერნატიულმა წინადადებამ ვერ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, ხელმეორე კენჭისყრაზე დააყენოს ის ორი წინადადება, რომელმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღო. თუ კენჭისყრის შედეგად ხმები იმგვარად გადანწილდა, რომ ვერც ერთმა ვარიანტმა ვერ მიიღო საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარეს ერთპიროვნულად აქვს უფლება კენჭისყრაზე ხელმეორედ დააყენოს ის ორი ვარიანტი, რომელმაც ხმების უფრო მეტი რაოდენობა მიიღო;

ე) დღის წესრიგიდან საკითხის მოუხსნელად დააყენოს საკითხი შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. სხდომის თავმჯდომარემ ეს საკითხი შეიძლება დასვას კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე, ასევე იმ შემთხვევაში, თუ წამოყენებულმა არც ერთმა ალტერნატიულმა წინადადებამ არ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, აგრეთვე თუ ხელმეორედ დაისვა ის ორი ვარიანტი, რომელმაც ხმების უფრო მეტი რაოდენობა მიიღო, მაგრამ არც ერთი ვარიანტი არ იქნა მიღებული. შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება საკრებულოს გადაწყვეტილებით. თუ საკრებულომ უარი განაცხადა შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე და ასევე არ მიიღო არც ინიციირებული და არც ალტერნატიული ვარიანტები, საკითხი ითვლება უარყოფილად, იხსნება დღის წესრიგიდან და იგი, როგორც წესი, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში ხელმეორედ შეიძლება შეტანილი იქნეს მხოლოდ 3 თვის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისია შემთხვევა, თუ შემოტანილი საკითხი არსებითად გადამუშავდა, რაზეც არსებობს შესაბამისი კომისიის დასკვნა, ასევე თუ საკითხის განმეორებით განხილვას ითხოვს საკრებულოს თავმჯდომარე აუცილებლობის მოტივით.

3. კენჭისყრის პროცედურის ჩატარების დროს საკრებულოს წევრს უფლება აქვს:

ა) მიუხედავად კენჭისყრის სახისა, უარი თქვას კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე;

ბ) მოითხოვოს სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება. თუ სხდომის თავმჯდომარე დაეთანხმა ამ წინადადებას, ტარდება სარეიტინგო კენჭისყრა მასზე მსჯელობის გარეშე. თუ სხდომის თავმჯდომარე არ ეთანხმება საკრებულოს წევრის ამ წინადადებას, საკითხი წყდება საკრებულოს მიერ ასევე მსჯელობის გარეშე ღია კენჭისყრით;

გ) მოითხოვოს სახელობითი ან ფარული კენჭისყრის ჩატარება. მოთხოვნის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე ამ საკითხს დაუყოვნებლივ აყენებს კენჭისყრაზე და საკრებულო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ღია კენჭისყრით.

დ) თუ დღის წესრიგით განხილული საკითხზე ვერც ინიციირებულმა და ვერც ალტერნატიულმა წინადადებებმა ვერ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, მოითხოვოს ხელმეორე კენჭისყრაზე იმ ორი წინადადების დაყენება, რომელმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღო. სხდომის თავმჯდომარე თუ დაეთანხმა ამ წინადადებას მასზე მსჯელობის გარეშე, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა იმ ორ წინადადებაზე, რომელმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხი წყდება საკრებულოს მიერ ასევე მსჯელობის გარეშე ღია კენჭისყრით.

ე) დღის წესრიგიდან საკითხის მოუხსნელად მოითხოვოს ამ საკითხზე შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა.

4. საკრებულოს ფრაქციას კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე უფლება აქვს მოითხოვოს არა უმეტეს 10 წთ. რიგგარეშე შესვენება. ფრაქციის ეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული. თუ საკრებულოს ერთმა ფრაქციამ მოითხოვა რიგგარეშე შესვენება, შესვენების დამთავრების შემდეგ სხვა ფრაქციას უფლება არა აქვს ეს მოთხოვნა ხელახლა დააყენოს.

5. საკრებულოს ფრაქციას და/ან საკრებულოს კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს:

ა) კენჭისყრის პროცედურის გადადება;

ბ) საკითხის დამატებით შესასწავლად მისი დაბრუნება კომისიაში საკითხის დღის წესრიგიდან მოუხსნელად;

გ) მოითხოვოს დღის წესრიგის მომდევნო საკითხზე გადასვლა ამ საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნით. ამ მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე მოვალეა კენჭისყრის პროცედურის დაწყებისას პირველ რიგში კენჭისყრაზე დასვას ეს საკითხი. თუ საკრებულო კენჭისყრით დაეთანხმა წამოყენებულ წინადადებას, საკითხი ითვლება უარყოფილად.

    მუხლი 79. კენჭისყრის ზოგადი წესი

1. სამართლებრივი აქტის პროექტს კენჭი ეყრება თითოეული მუხლის, საჭიროების შემთხვევაში – პუნქტის (ქვეპუნქტის) მიხედვით. სამართლებრივი აქტის პროექტის ყველა მუხლის გავლის შემდეგ სამართლებრივ აქტს მთლიანობაში უნდა ეყაროს კენჭი.

2. თავდაპირველად კენჭი ეყრება პროექტის ინიციირებულ ვარიანტს, ხოლო მისი არმიღების შემთხვევაში – პროექტთან დაკავშირებით გამოთქმულ ცვლილებებს მათი რიგითობის მიხედვით.

3. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს განხილვის შემდეგ სამართლებრივი აქტის პროექტს მთლიანობაში უყაროს კენჭი, თუ აქტის პროექტის მიმართ შენიშვნები არ იქნა გამოთქმული. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს გამოყოს სამართლებრივი აქტის ის მუხლები, რომლებზეც შენიშვნა არ იქნა გამოთქმული და ამ მუხლებს ერთიანად უყაროს კენჭი.

4. საკრებულოს წევრს შეუძლია მოითხოვოს შემოთავაზებული წინადადების (შესწორების, დამატების) ნაწილების ცალ-ცალკე კენჭისყრა. ასეთი პროცედურის შემთხვევაში, კენჭისყრის შემდეგ, უარყოფილ ნაწილთა გამოკლებით, ამ საკითხს მთლიანობაშიც უნდა ეყაროს კენჭი.

5. თუ საკრებულოს მიერ მიღებული იქნა პროექტის ინიციირებული მუხლი (პუნქტი), მის ალტერნატიულ ვარიანტებს კენჭი აღარ ეყრებათ. თუ არ იქნა მიღებული პროექტის ინიციირებული მუხლი (პუნქტი), ალტერნატიულ ვარიანტებს კენჭი ეყრება რიგითობის მიხედვით. თუ რომელიმე მათგანი საკრებულოს მიერ იქნა მიღებული, სხვა ვარიანტებს კენჭი აღარ ეყრებათ.

6. თუ არ იქნა მიღებული პროექტის ინიციირებული მუხლი (პუნქტი) და ამ მუხლთან (პუნქტთან) არ არის დასახელებული ალტერნატიული ვარიანტი, ან არც ერთი ალტერნატიული ვარიანტი არ იქნა მიღებული, საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აგრძელებს პროექტის მუხლობრივ (პუნქტობრივ) კენჭისყრას, რომლის დამთავრების შემდეგ დოკუმენტის მთლიანობაში კენჭისყრამდე აძლევს პროექტის ინიციატორს წინადადებას ან ამოიღოს ის მუხლი (პუნქტი), რომელიც კენჭისყრით იქნა უარყოფილი (თუ ამ მუხლის (პუნქტის) ამოღება არ იწვევს პროექტის სხვა მუხლების (პუნქტების) შეცვლას და არ ცვლის პროექტის არსს), ან წარმოადგინოს ამ მუხლის (პუნქტის) ახალი კომპრომისული ვარიანტი.

7. თუ პროექტის ინიციატორი დათანხმდა სხდომის თავმჯდომარის წინადადებას შესაბამისი მუხლის (პუნქტის) ამოღების თაობაზე, პროექტს კენჭი ეყრება მთლიანობაში ამ მუხლის (პუნქტის) გარეშე.

8. თუ პროექტის ინიციატორი დათანხმდა სხდომის თავმჯდომარის წინადადებას, შესაბამისი მუხლის (პუნქტის) ახალი კომპრომისული ვარიანტის მომზადების შესახებ დოკუმენტის მთლიანობაში კენჭისყრა გადაიდება პროექტის ინიციატორის მიერ შემოთავაზებული დროით.

9. თუ პროექტის ინიციატორი არ ეთანხმება სხდომის თავმჯდომარის შემოთავაზებას, პროექტს მთლიანობაში ეყრება კენჭი. თუ საკრებულოს მიერ პროექტი მთლიანობაში იქნა მიღებული, მიღებულად ითვლება ის მუხლი (პუნქტი), რომელიც მუხლობრივი (პუნქტობრივი) კენჭისყრის დროს არ იქნა მიღებული. თუ პროექტი მთლიანობაში არ იქნა მიღებული, იგი იხსნება დღის წესრიგიდან.

10. საკრებულოში კენჭისყრა შეიძლება იყოს ღია ან ფარული.

11. საკითხები წყდება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით.

12. საკრებულოს, დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, ღია კენჭისყრით, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის ფარული კენჭისყრით გადაწყვეტის შესახებ.

13. საკრებულოს წევრი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემის უფლების სხვა პირისათვის გადაცემა.

14. საკრებულოს წევრი კენჭისყრის დროს თავის ნებას გამოხატავს ერთ-ერთი შემდეგი ფორმით: „მომხრე“, „წინააღმდეგი“.

    მუხლი 80. კენჭისყრის შედეგების გამოცხადება

1. კენჭისყრის შედეგებს აცხადებს სხდომის თავმჯდომარე.

2. საკრებულოს წევრს, რომელმაც ხმა არ მისცა კენჭისყრის დროს, უფლება არა აქვს ხმა მისცეს კენჭისყრის დამთავრების შემდეგ.

3. კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებული ეჭვების თაობაზე განცხადება სხდომის თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს დაუყოვნებლივ, კენჭისყრის დამთავრებისთანავე. განცხადების გაცნობის შემდეგ საკრებულო, უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ხელახალი კენჭისყრის მოწყობის ან განცხადების უარყოფის შესახებ. ხელახალი კენჭისყრა არ გაიმართება, თუ საეჭვო ხმების რაოდენობა არ ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს.

თავი XI

საკრებულოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღების წესი

    მუხლი 81. საკრებულოს სამართლებრივი აქტები

1. საკრებულოს სამართლებრივი აქტებია:

ა) ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება;

ბ) ინდივიდუალური აქტი – საკრებულოს განკარგულება.

2. ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“, კანონით “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” და ამ დებულებით (რეგლამენტით).

3. საკრებულოს სამართლებრივი აქტები სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ყველა საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.

    მუხლი 82. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი

1. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების (შეტანის) უფლება აქვს:

ა) საკრებულოს თავმჯდომარეს;

ბ) საკრებულოს წევრს;

გ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს პეტიციის წესით (მხოლოდ ნორმატიულ აქტზე).

2. საკრებულოში სამართლებრივი აქტის პროექტი შეიძლება ინიციირებულ იქნეს საკრებულოს წევრთა ჯგუფის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს ფრაქციის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სახელით.

3. ინიციირების წესით საკითხი შეიტანება წერილობითი ფორმით, საკრებულოს დადგენილების (განკარგულების) პროექტის სახით.

4. საკრებულოში შემოტანილ ნორმატიული აქტის პროექტს თან უნდა ერთოდეს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აღინიშნება:

ა) ნორმატიული აქტის პროექტის მიღების (გამოცემის) მიზეზი, მისი დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები, ამ ნორმატიული აქტის მიღების საჭიროების დასაბუთება;

ბ) მითითება საკრებულოს იმ აქტზე, რომელიც უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ან რომელშიც უნდა შევიდეს ცვლილება (შესაბამისი მუხლის ან პუნქტის მითითებით);

გ) იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რასაც გამოიწვევს ამ პროექტის მიღება;

დ) პროექტის მიღების სავარაუდო ვადა;

ე) შეთანხმების ფურცელი (ადგილობრივი თვითმმართველობის რომელ ორგანოებთან ან თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული);

ვ) პროექტის ავტორი (ავტორები) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებელი.

5. საკრებულოში შემოტანილ ნორმატიული აქტის პროექტს ასევე უნდა დაერთოს პროექტი სხვა ნორმატიულ აქტში იმ ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა).

    მუხლი 83. საკრებულოში სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება და განსახილველად წარდგენის პროცესი

1. საკრებულოში ინიციირების წესით წარმოდგენილი საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი გადის შემდეგ პროცედურებს:

ა) სამართლებრივი აქტის პროექტი ბარდება საკრებულოს აპარატს;

ბ) საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილი სამართლებრივ აქტის პროექტს და გადასცემს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე გასატანად;

გ) საკრებულოს ბიუროს სხდომა იღებს გადაწყვეტილებას პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, განსაზღვრავს კომისიებში პროექტის განხილვის და პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის ვადებს;

დ) საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილების შემდეგ საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს ბიუროს გადაწყვეტილებასთან ერთად პროექტის გამოქვეყნებას და მათ მიწოდებას საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და გამგეობისათვის. პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს აპარატი აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა;

ე) საკრებულოს კომისიები და გამგებელი საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილ ვადებში იხილავს წარმოდგენილ სამართლებრივი აქტის პროექტს და აწვდის შესაბამის დასკვნას საკრებულოს აპარატს;

ვ) საკრებულოს აპარატი ახდენს შემოსული შენიშვნების, დასკვნების და წინადადებების სისტემატიზაციას და თუ საკითხი შეტანილია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, გამგებლის წინადადებით, გამგეობის შესაბამისი სამსახურის დასკვნასთან ერთად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განსახილველად;

ზ) საკრებულოს ბიურო ისმენს წარმოდგენილ დასკვნებს და წინადადებებს და იღებს გადაწყვეტილებას საკითხის საკრებულოს დღის წესრიგის პროექტში მისი შეტანის რიგითობის შესახებ.

2. ინიციირების უფლების მქონე სუბიექტის მიერ შემოტანილი სამართლებრივი აქტის პროექტი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილ უნდა იქნეს მასზე უარყოფითი დასკვნის მიუხედავად.

3. ინიციირების წესით შემოტანილი საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი მომზადებულ უნდა იქნეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თუ პროექტი იწვევს არსებულ ნორმატიულ აქტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესატანი ცვლილებების ან/და დამატებების პროექტები და წარმოდგენილ უნდა იქნეს ერთიანი პაკეტის სახით.

    მუხლი 84. საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღების წესი

1. საკრებულომ ნორმატიული აქტის პროექტის განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ამ დებულების (რეგლამენტის) 83-ე მუხლით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ. საკრებულოს შესაბამისი კომისიისა და გამგეობის დასკვნის მომზადებისა და საკრებულოში წარდგენის ვადას შესაბამის კომისიასთან, გამგებელთან და პროექტის ავტორთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკრებულოს ბიურო. ნორმატიული აქტის პროექტზე უარყოფითი დასკვნა ან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ დასკვნის არარსებობა არ შეიძლება იყოს დაბრკოლება საკრებულოს სხდომაზე პროექტის განხილვის დაწყებისათვის.

2. პროექტის განხილვა ხდება, დებულების (რეგლამენტის) 57-ე და ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. დებატების დამთავრების შემდეგ, კენჭისყრამდე, საკრებულოს წევრს, საკრებულოს კომისიას ან საკრებულოს ფრაქციას შეუძლია დააყენოს საკითხი ნორმატიული აქტის პროექტის კომისიაში ხელახალი დაბრუნების ან სხვა კომისიაში გადაცემის შესახებ, შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის შესახებ ან საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის შესახებ.

4. შემთანხმებელი ჯგუფი შეიძლება შეიქმნას კენჭისყრის დაწყებამდე ან პროექტზე მუხლობრივი კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საბოლოო კენჭისყრამდე. გადაწყვეტილება შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის შესახებ მიიღება საკრებულოს მიერ ღია კენჭისყრით ან საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით, თუ საკრებულოს არც ერთი წევრი არ არის ამის წინააღმდეგი. შემთანხმებლური ჯგუფის შექმნის შემთხვევაში წარმოდგენილ პროექტზე კენჭისყრა გადაიდება საკრებულოს მიერ დადგენილი ვადით. შემათანხმებელ ჯგუფს, როგორც წესი, ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარე, ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

5. შემთანხმებელი ჯგუფი საკრებულოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ამზადებს კომპრომისულ წინადადებებს, რომელსაც საკრებულო იხილავს შეზღუდული დებატების წესით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში პროექტს კენჭი ეყრება იმ სახით, როგორიც იყო ინიციირებული ხელახალი დებატების გამართვის გარეშე.

6. საკრებულოს მიერ თუ პროექტი იქნა უარყოფილი, მისი შემდგომი განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ.

7. უარყოფილი პროექტი სამ თვეზე ადრე შეიძლება განმეორებით იქნეს გატანილი ამ დებულების (რეგლამენტის) 95-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ან თუ იგი არსებითად გადამუშავდა, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს ბიურო გამგეობის შესაბამისი სამსახურის (თუ საკითხი შეტანილია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, გამგებლის წინადადებით) დასკვნის საფუძველზე.

8. ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის შემდეგ თუ მასში ცვლილებები არ იქნა შეტანილი, დაუყოვნებლივ ეწყობა კენჭისყრა. თუ ცვლილებები შეტანილ იქნა, წინასწარი კენჭისყრა ტარდება შეტანილ ცვლილებათა ერთ ტექსტამდე დაყვანის მიზნით.

9. კენჭისყრა ტარდება ამ დებულების (რეგლამენტის) 77-ე და 79-ე მუხლებით დადგენილი წესით.

10. საკრებულოს გადაწყვეტილებები მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.

თავი XII

საკრებულოს სხდომაზე სპეციალურ საკითხთა განხილვის განსაკუთრებული წესი (განსაკუთრებული პროცედურები)

    მუხლი 85. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის წარდგენის წესი

1. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტების მომზადების, წარდგენის, განხილვისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, “საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით” და ამ დებულებით (რეგლამენტით).

2. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის საკრებულოში შეტანის უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს გამგებლის წარდგინებით.

3. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში შეტანილი უნდა იქნეს შესაბამისი წლის არა უგვანეს 15 ნოემბრისა.

4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ პრიორიტეტების დოკუმენტს და ბიუჯეტის პროექტს რეგისტრაციაში ატარებს და წარდგენიდან 5 დღის ვადაში საჯარო განხილვისთვის აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ამ დებულების (რეგლამენტის) 108-ე და 135-ე მუხლებით დადგენილი წესით. პროექტების გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს აპარატი აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისიები, რომელთაც გადაეცათ პროექტები განსახილველად, კომისიებსა და ფრაქციებში პროექტის განხილვის ვადები, კომისიებისა და ფრაქციების ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტების საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.

5. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის (წლებისათვის) და დასაგეგმის შემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გასული საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებულ პროგნოზებს;

გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის:

გ.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტებს;

გ.ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საშუალოვადიან პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელი ძირითადი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს.

6. ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;

ბ) ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მეორე თანრიგის (გარდა ორგანიზაციული კლასიფიკაციისა) მიხედვით;

გ) ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას;

დ) ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით;

ე) სარეზერვო ფონდის მოცულობას;

ვ) დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტით გათვალისწინებულ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საშუალოვადიან პრიორიტეტებს, მათ მიზნებსა და შედეგებს;

თ) პროგრამულ და კაპიტალურ ბიუჯეტებს.

7. ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები მოიცავს:

ა) ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათს;

ბ) მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვას.

    მუხლი 86. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებისა და წინასწარი განხილვის წესი

1. რეგისტრაციის შემდეგ თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი წინასწარი განხილვისათვის გადაეცემა საკრებულოს კომისიებს და ფრაქციებს.

2. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიის დასკვნა, საკრებულოს სხვა კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს წევრების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული პირების, მოქალაქეების წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე არა უგვიანეს 25 ნოემბრისა ბარდება საკრებულოს აპარატს.

3. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს შემოსული შენიშვნების, დასკვნებისა და წინადადებების რეგისტრაციას, სისტემატიზაციას და არა უგვიანეს 25 ნოემბრისა გადასცემს საკრებულოს თავმჯდომარეს.

4. ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების არსებობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე არა უგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს გამოთქმული ყველა შენიშვნით უბრუნებს გამგებელს.

5. გამგებელი ვალდებულია საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურ

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, №14, 28.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.148.000078 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1148294-1/