სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.12.2002 ძალადაკარგული 24.08.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№506
სარეგისტრაციო კოდი
390.050.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 120, 13/12/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №506

2002 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ტყის კოდექსის V თავის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის და XXXV თავის 116-ე მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დამტკიცდეს „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ“ თანდართული დებულება.

ე. შევარდნაძ ე

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №202, სსმIII, №60, 21.04.2008წ., მუხ.687

სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. დებულების საფუძველი

„სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ“ დებულება ეფუძნება საქართველოს ტყის კოდექსის (მიღებულია 1999 წლის 22 ივნისს №2124-IIს) V თავის მე-17 მუხლს, XXXV თავის 116-ე მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტსა და საქართველოს შესაბამის კანონმდებლობას.

    მუხლი 2. დებულების რეგულირების საგანი

ეს დებულება არეგულირებს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიჩენილი უბნის გამოყოფის, მისი მართვისა და ამ ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის განხორციელების ან ამ უფლების შეზღვდვის, შეჩერებისა და აკრძალვის სფეროში წარმოშობილ ურთიერთობებს.

    მუხლი 3. მიჩენილი უბანი

მიჩენილია სახელმწიფო ტყის ფონდის უბანი, რომელსაც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მართავს საქართველოს საპატრიარქო ან სახელმწიფო დაწესებულება, შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – სატყეო დეპარტამენტთან (შემდეგში – სატყეო დეპარტამენტი), საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან (შემდეგში – დაცული ტერიტორიების სააგენტო) ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №202, სსმIII, №60, 21.04.2008წ., მუხ.687

    მუხლი 4. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის ზოგადი მიზნები

სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის ზოგადი მიზანი შეიძლება იყოს:

ა) რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებებისათვის ხელშეწყობა;

ბ) სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა;

გ) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი აუცილებლობის რეალიზაცია;

დ) გარემოსდაცვითი ან განსაკუთრებული სახელმწიფო ეკონომიკური და ფინანსური სარგებლის მიღება;

ე) ცხოველთა სამყაროს ობიექტების სანაშენეების მოწყობა მათში გამოზრდილი ობიექტების ტყეში გაშვების მიზნით;

ვ) წყლის ობიექტების დაცვა.

ზ) ცხოველთა სამყაროს ობიექტების თავშესაფრების მოწყობა, მათი ბუნებრივ პირობებთან მიახლოებულ გარემოში ცხოვრების მიზნით.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №202, სსმIII, №60, 21.04.2008წ., მუხ.687

    მუხლი 5. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის ზოგადი წესი

1. სახელმწიფო ტყის ფონდის ყოველი უბნის მიჩენის ფაქტი განიხილება ინდივიდუალურად და ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის გამოიცემა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებობის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებულების საფუძველზე ორმხრივი ხელშეკრულება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისათვის უფლებამოსილ ორგანოსა და სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენით დაინტერესებულ პირს შორის იდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში, თუ ამ ბრძანებულებით სხვა პირობები და ვადა არ არის დადგენილი.

    მუხლი 6. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის ვადები

1. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენა შესაძლოა განხორციელდეს 20 წლამდე ვადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენა ხორციელდება ხელახლა.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის მიზნების შეცვლის შემთხვევაში ამ უბნის მიჩენა ხორციელდება ხელახლა.

თავი II

ძირითადი დებულებები

    მუხლი 7. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის შესახებ საკითხის დასმა

1. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის თაობაზე საკითხის დასმის უფლება აქვს:

ა) საქართველოს საპატრიარქოს;

ბ) სახელმწიფო დაწესებულებას;

გ) ადგილობრივ თვითმმართველობას.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის შესახებ განაცხადი წარედგინება, შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №202, სსმIII, №60, 21.04.2008წ., მუხ.687

    მუხლი 8. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის შეთანხმება

1. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენაზე, შესაბამისად, სატყეო დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს თანხმობის შემთხვევაში, სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის საკითხი სავალდებულოა შესათანხმებლად:

ა) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან (თუ ეს ტერიტორია მდებარეობს 5-კილომეტრიან სასაზღვრო ზონაში).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შეთანხმებას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №202, სსმIII, №60, 21.04.2008წ., მუხ.687

    მუხლი 9. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის ხელშეკრულება

1. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სათანადო ბრძანებულების გამოცემის შემთხვევაში იდება ხელშეკრულება სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენით დაინტერესებულ პირსა და სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისათვის უფლებამოსილ ორგანოს, ანუ სატყეო დეპარტამენტს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და მოიცავდეს:

ა) მიჩენას დაქვემდებარებული ტერიტორიის მდებარეობას, ფართობს, საზღვრებს, ტყისა და მიწების კატეგორიას, სხვა პარამეტრების მიხედვით ამ ტერიტორიის დახასიათებას;

ბ) ამ ტერიტორიაზე არსებული ტყის დახასიათებას, მისი ფართობის, საზღვრების, ძირითადი სახეობრივი და ასაკობრივი შემადგენლობის, აგრეთვე მისი ფიზიკური მდგომარეობის სხვა მახასიათებლებს;

გ) ნათლად გამოკვეთილ მიჩენის მიზნებს;

დ) ხელშეკრულების დამდებ პირთა უფლებებსა და ვალდებულებებს;

დ.ა) მიჩენილ ტერიტორიაზე სატყეო დარგის მუშაკთა და მოქალაქეთა შესვლისა და გადაადგილების სფეროში;

დ.ბ) ტყის მოვლის სფეროში;

დ.გ) ტყის დაცვის სფეროში;

დ.დ) სხვა სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების სფეროში;

დ.ე) ტყითსარგებლობის დაგეგმვისა და განხორციელების სფეროში;

დ.ვ) ბუნებრივი ან სტიქიური მოვლენების თავიდან აცილების ან მათი შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოების განხორციელების საკითხებში;

დ.ზ) მიჩენილი ტერიტორიის საზღვრების გამიჯვნის ფინანსური და მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფის სფეროში;

დ.თ) ხელშეკრულების დამდები მხარეებისათვის საინტერესო სხვა საკითხებს.

ე) მიჩენილ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების არსებობის შემთხვევაში, მოსახლეობის მიერ ამ სავარგულებით სარგებლობის გარანტიებს;

ვ) მიჩენილ ტერიტორიაზე არსებული ბუნების, კულტურის, ისტორიული და რელიგიური ძეგლების დაცვისა და მოქალაქეებისათვის მათი ხელმისაწვდომობის გარანტიებს;

ზ) მიჩენილ ტერიტორიაზე მიჩენის მიზნებისათვის აუცილებელი ობიექტების განლაგებისა და განსახორციელებელი მშენებლობების გენერალურ გეგმას;

თ) მიჩენილი ტერიტორიის რუკას;

ი) მიჩენის ვადას.

3. ამ მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულებისათვის ინფორმაციის მოპოვება, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც განეკუთვნება, შესაბამისად, სატყეო დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას, ხორციელდება მიჩენით დაინტერესებული პირის დაფინანსებით.

4. სახელმწიფო ტყის ფონდის ისეთი ტერიტორიის მიჩენისას, რომელიც ესაზღვრება სახელმწიფო საზღვარს ან სასაზღვრო ზოლს, მიჩენის ხელშეკრულების პირობები უნდა შეუთანხმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №202, სსმIII, №60, 21.04.2008წ., მუხ.687

    მუხლი 10. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილ უბანზე მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვა

1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის ტერიტორიაზე შეიძლება შეიზღუდოს ან მთლიანად აიკრძალოს ტყითსარგებლობა და მოქალაქეთა ტყეში ყოფნა, თუ ეს მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზანთან შეუთავსებელია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისათვის მოქალაქეთა ტყეში ყოფნისა და ტყით სარგებლობის შეზღუდვა ან აკრძალვა ხორციელდება საქართველოს კანონით ან/და მიჩენის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით დადგენილი წესით.

    მუხლი 11. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გადაბარება

1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გადაბარება ხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ ვადებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გადაბარება ხდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური და მატერიალური საშუალებების ხარჯზე.

    მუხლი 12. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნით სარგებლობა

1. მიჩენილი უბნის გამოყენება იმ პირის მიერ, ვისთვისაც გადაცემულია უბანი, დაიშვება მხოლოდ მიჩენის მიზნით და მიჩენასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების ფარგლებში.

2. სატყეო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების მიზნით მიჩენილ უბანს მართავს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისათვის უფლებამოსილი ორგანო, ანუ, შესაბამისად, სატყეო დეპარტამენტი, დაცული ტერიტორიების სააგენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილ უბანზე ტყით სარგებლობა ხორციელდება საქართველოს ტყის კოდექსის შესაბამისად, ამ უბნის მიჩენის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით.

4. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილ უბანზე ტყით სარგებლობა ხორციელდება იმ ფორმით და მოცულობით, რომ ხელი არ შეეშალოს მიჩენის მიზნების განხორციელებას.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №202, სსმIII, №60, 21.04.2008წ., მუხ.687

    მუხლი 13. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნით სარგებლობის შეზღუდვა, შეჩერება და აკრძალვა

1. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის მიზნების ანულირების (აღარარსებობის) შემთხვევაში გაუქმებას ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ამ უბნის მიჩენის შესახებ.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის მიზნებისათვის გამოყენების უფლება წყდება, იზღუდება და შეჩერდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მიჩენის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის შეზღუდვა, შეჩერება და აკრძალვა ხორციელდება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების, ამ უბნის მიჩენის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და საქართველოს სხვა კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი III

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 14. გარდამავალი დებულება

იმ სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებიც ამ ბრძანებულების კანონიერ ძალაში შესვლამდე სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ახორციელებდნენ საქმიანობას და შემდგომშიც აპირებენ მის გაგრძელებას, ამ ბრძანებულებასთან თავიანთი საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანის საბოლოო ვადად განესაზღვროთ 2003 წლის 1 ივლისი.

    მუხლი 15. დავების გადაწყვეტა

სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენისა და ამ უბნით სარგებლობის პროცესში წარმოშობილი დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 16. პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის

ამ დებულების მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №506, 10.12.2002, სარეგისტრაციო კოდი 390.050.000.05.002.002. (კონსოლიდირებული რედაქცია 18.04.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/116476-1/