„შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.02.2011 ძალადაკარგული 17.08.2020
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
230210000.19.012.016001
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 100211, 10/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის

უფროსის ბრძანება №1

+

2011 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

„შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

+

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ (თანდართულ დანართებთან ერთად).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საბაჟო ორგანოების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 16 ნოემბრის №152 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. როინიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 27.01.2012წ.

დ ე ბ უ ლ ე ბ ა შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ

+

    მუხლი 1 . ზოგადი დებულებები

+

1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

2. დებულება განკუთვნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.

 3. დებულება არეგულირებს შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის (შემდგომში – სამსახური) გადაცემის პირობებსა და წესებს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

+

წინამდებარე დებულების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შემოსავლების სამსახური – შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატი, მისი ტერიტორიული ორგანო (რეგიონული ცენტრი) და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შექმნილი შემოსავლების სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეული, რომლის ფუნქციაა საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული პროცედურების, სახელმწიფო ზედამხედველობისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; 

ბ) მონიტორინგი – შემოსავლების სამსახურის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სამსახურის ნორმატიული აქტების შესაბამისად  მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი ფიზიკური პირების იდენტიფიკაცია, მათ შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და სამსახურისათვის წარდგენა კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით;

გ) პირის იდენტიფიკაცია – ფიზიკური პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა ფიზიკური პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;

დ) ნაღდი ფული – ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ნაღდი ფულადი ბანკნოტები და მონეტები;

ე) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი – შემოსავლების სამსახურის ის თანამშრომლები, რომლებსაც ეკისრებათ მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა და ენიჭებათ შესაბამისი უფლება-მოვალეობანი;

ვ) ფასიანი ქაღალდი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები;

ზ) ჩეკი – „ჩეკის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდი;

თ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი ;

ი) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 25 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 27.01.2012წ.

    მუხლი 3. შემოსავლების სამსახურის მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადაადგილება

+

1. ამ დებულების მიზნებისათვის შემოსავლების სამსახურის მონიტორინგს ექვემდებარება ნაღდი ფულის – ეროვნული და უცხოური ვალუტის,  ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების  საქართველოში შემოტანა და გატანა, თუ მათი ჯამური ნომინალური ღირებულება აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.

2. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე ფიზიკური პირების მიერ გადაადგილებული ნაღდი ფულის – ეროვნული და უცხოური ვალუტის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების დეკლარირება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 4. შემოსავლების სამსახურის ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით

+

1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, შემოსავლების სამსახური შეიმუშავებს და სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით ამტკიცებს შიდა ინსტრუქციას (შიდა კონტროლის წესს).

2. შიდა კონტროლის განხორციელების ძირითად მიმართულებებად მიჩნეულ უნდა იქნეს:

ა) საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე ჯამური ნომინალური ღირებულებით  30 000 ლარზე ან მის ეკვივალენტზე სხვა ვალუტაში მეტი ნაღდი ფულის – ეროვნული და უცხოური ვალუტის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების  გადამაადგილებელი ფიზიკური პირების იდენტიფიკაცია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ პირთა შემოწმება ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის მიხედვით (აღნიშნული სია ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“).

გ) მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების  გადამაადგილებელი ფიზიკური პირების  იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია, შენახვა და სამსახურისათვის წარდგენა;

დ) ფინანსური მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლების პერიოდული სწავლება.

3. შიდა ინსტრუქციით (შიდა კონტროლის წესით) უნდა განისაზღვროს:

ა) შემოსავლების სამსახურში მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების დანიშვნის ან შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის შექმნის საკითხები;

ბ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ან სტრუქტურული ერთეულის ფუნქციები, უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა;

გ) ფინანსური მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციის და შენახვის წესი;

დ) რეგიონული ცენტრებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მიერ შედგენილი ანგარიშგების ფორმებისა და სხვა მასალების (ინფორმაციის) სამსახურში წარდგენის წესი;

ე) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით პორტალების სხვა თანამშრომლების (სტრუქტურული ერთეულების), მათ შორის, ხელმძღვანელი მუშაკების ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობის საკითხები.

4. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული საქმიანობის პროცესში უნდა ხელმძღვანელობდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებით, შიდა ინსტრუქციით, სამსახურის მითითებებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 5. შემოსავლების სამსახურის ვალდებულებები იდენტიფიკაციასა და საიდენტიფიკაციო მონაცემების (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით

+

1. შემოსავლების სამსახური ვალდებულია მოახდინოს ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი ფიზიკური პირების იდენტიფიკაცია.

2. იდენტიფიკაციის შედეგად შესაძლებელი უნდა იყოს დადგინდეს შემდეგი მონაცემები:

ა) სახელი, გვარი;

ბ) მოქალაქეობა;

გ) პასპორტის (პირადობის მოწმობის) ნომერი და პირადი ნომერი;

დ) დაბადების თარიღი;

ე) მუდმივი (რეგისტრირებული) საცხოვრებელი ადგილი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე შემდეგი მონაცემები:

ა) ქვეყანა, საიდანაც ჩამოვიდა პიროვნება;

ბ) ქვეყანა, რომელშიც მიემგზავრება პიროვნება.

4. ფიზიკური პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტია: შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი (პირადობის მოწმობა).

5. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელ იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან/და ქვეყანა, საიდანაც ჩამოვიდნენ ან რომელშიც მიემგზავრებიან არის არაკოოპირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ან საეჭვო ზონა.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 25 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 27.01.2012წ.

    მუხლი 6. შემოსავლების სამსახურის ვალდებულებანი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით

+
 

1. შემოსავლების სამსახური ვალდებულია ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი პირების მიერ შევსებული „ფიზიკური პირის   დეკლარაცია” შეინახოს მათ მიერ ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში. თუ საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი დოკუმენტებისა და ჩანაწერების შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. 6 წლის ვადით შენახვას ექვემდებარება, აგრეთვე, ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების ფორმები ელექტრონული სახით (ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმების შემთხვევაში – ეს უკანასკნელიც).

2. ფინანსურ მონიტორინგთან დაკავშირებული ინფორმაცია (დოკუმენტები) უნდა იყოს სისტემატიზებული, აღრიცხული და შენახული ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მისი უმოკლეს ვადაში მოძიება და ამოღება.

 მუხლი 7. შემოსავლების სამსახურის ვალდებულებანი ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან დაკავშირებით

+

1. პორტალებიდან მიღებულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური (შესაბამისი სტრუქტურული ერთეული) ანგარიშგების ფორმებისა და სხვა სახით აწვდის სამსახურს.

2. სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება გულისხმობს მონიტორინგის განხორციელებაზე შემოსავლების სამსახურის პასუხისმგებელი თანამშრომლის ან ამ მიზნებისათვის შექმნილი სპეციალური სტრუქტურული ერთეულის მიერ ანგარიშგების ფორმების შევსებასა და ელექტრონულად გაგზავნას (წარდგენას) ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით და სამსახურის მიერ მისი მიღების დადასტურებას. ნაბეჭდი ფორმით ანგარიშგების ფორმა სამსახურს ეგზავნება ამ დებულებით დადგენილი წესით ელექტრონული ფორმით მისი გაგზავნის შეუძლებლობის შემთხვევაში. ანგარიშგების ფორმა გაგზავნილი უნდა იქნეს ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

3. თუ ფიზიკური პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში, ან თუ არსებობს ვარაუდი ან წინასწარი ინფორმაცია, რომ ფიზიკური პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან, ან მის მიერ გადაადგილებული ნაღდი ფული ან/და ჩეკები ან/და სხვა ფასიანი ქაღალდები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – ანგარიშგების ფორმა გაგზავნილ, (ან წარდგენილი) უნდა იქნეს შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ანგარიშგების ფორმასთან ერთად სამსახურს უნდა მიეწოდოს შემოსავლების სამსახურის პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი, ასევე, უნდა გატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.

4. ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ვერსიის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნა ხდება ელექტრონულად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსითა და/ან თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნისას ანგარიშგების ფორმა უნდა დაიბეჭდოს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს შემოსავლების სამსახურის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული, საბოლოო გადაწვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი, საამისოდ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. ანგარიშგების ფორმის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სამსახურს, ხოლო მეორე რჩება შემოსავლების სამსახურში და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში. ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით სამსახურისათვის გაგზავნა (წარდგენა) ხდება დაბეჭდილი კონვერტით, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის საშუალებით ან შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს გამომგზავნის მისამართი, ადრესატი („საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური“), მისი მისამართი – 0108, საქართველო, თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქ. №6 და გრიფით „კონფიდენციალური“ .

6. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. შემოსავლების სამსახური ვალდებულია აწარმოოს სამსახურისათვის გაგზავნილი (ან წარდგენილი) ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა.

7. სამსახურს ამ მუხლით დადგენილი წესით ეგზავნება ასევე ინფორმაცია იმ ფიზიკური პირის შესახებ, რომელმაც საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაიტანა ან გადმოიტანა მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფული და/ან ჩეკები და/ან სხვა ფასიანი ქაღალდები.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 25 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 27.01.2012წ.

    მუხლი 8. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების წესი

+

1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სამსახურს უფლება აქვს შემოსავლების სამსახურისგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, ხოლო „ე“  ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოს ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით). შემოსავლების სამსახური ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2006 წლის 31 ოქტომბრის № 116 ბრძანებით განსაზღვრულ ან უკანონო შემოსავლის ლეგალიზების პროცესთან, სამსახურის წერილობითი მითითებების შესაბამისად, შესაძლოდ დაკავშირებულ პირთა საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილება და სხვა კონკრეტული ფაქტები (გარემოებები) სამსახურს უნდა ეცნობოს ანგარიშგების ფორმის წარდგენის ამ დებულებით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 9. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენის ვალდებულება

+

1. ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების საქართველოში შემოტანისა და გატანის მონიტორინგის თაობაზე სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად შექმნილი მონაცემთა ბაზის სრულყოფის მიზნით, შემოსავლების სამსახურის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა სამსახურს უნდა წარუდგინოს აღრიცხვის ფორმა. აღრიცხვის ფორმის წარდგენა ხდება სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსით. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას აღრიცხვის ფორმა სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად.

2. აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის) შეცვლის შემთხვევაში შემოსავლების სამსახური ვალდებულია ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, სამსახურს მიაწოდოს განახლებული აღრიცხვის ფორმა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 25 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 27.01.2012წ.

    მუხლი 10. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა

+

1. ზედამხედველობას შემოსავლების სამსახურის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის შემოსავლების სამსახურის პასუხისმგებლობის ფორმები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

დანართი №1 (ამოღებულია)

+

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 25 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 27.01.2012წ.

დანართი № 2 (ამოღებულია)

+

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 25 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 27.01.2012წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება „შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე, №1, 08.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 230210000.19.012.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1200695-1/