მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.02.2011 ბოლო ცვლილება 05.12.2024
ნომერი
№10/04
სარეგისტრაციო კოდი
220020000.18.011.016022
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 140211, 14/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (16)

წინა ცვლილებები (14)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №10/04

2011 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №211/04 - ვებგვერდი, 07.08.2023 წ.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 29-ე მუხლისა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ ფულად - საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესი თანდართული რედაქციით.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №211/04 - ვებგვერდი, 07.08.2023 წ.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძანება.

მუხლი 3. 2011 წლის 15 თებერვლამდე კომერციული ბანკის წერილობითი მიმართვისა და ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, 2011 წლის 17 თებერვლიდან 17 აგვისტოს ჩათვლით კომერციულ ბანკს უფლება აქვს აშშ დოლარით და სხვა უცხოური ვალუტებით (ევროს გარდა) მოზიდული სახსრების შესაბამისი მინიმალური რეზერვების დაცვა განახორციელოს შემდეგი პირობებით:

ა) 2011 წლის 16 თებერვლის ჩათვლით დასაცავი პერიოდის განმავლობაში აშშ დოლარით დასაცავი მინიმალური რეზერვის შესაბამისი თანხა სარეზერვო ანგარიშზე იქონიოს აშშ დოლარებით;

ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამის თანხაზე მეტი აშშ დოლარით დასაცავი მინიმალური რეზერვის თანხა, ან მისი ნაწილი, სარეზერვო ანგარიშზე იქონიოს ევროთი;

გ) 2011 წლის 17 თებერვლიდან 17 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ბანკს უფლება აქვს აშშ დოლარით დასაცავი მინიმალური რეზერვის შესაბამისი თანხა სარეზერვო ანგარიშზე აშშ დოლარებით გაზარდოს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამის თანხაზე მეტად, მისი შემცირების უფლების გარეშე;

დ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროთი დასაცავი თანხა გამოითვლება ყოველი დაცვის პერიოდის დაწყების წინა დღეს (ოთხშაბათი) მოქმედი ლარის აშშ დოლარის და ევროს მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსების გათვალისწინებით გამოთვლილი ევრო/აშშ დოლარის კროს-კურსით;

ე) ამ მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამის ევროს თანხას პროცენტი არ დაერიცხება.

მუხლი 4. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა 2011 წლის 17 თებერვლამდე არის 10%.

მუხლი 5. 2011 წლის 17 თებერვლიდან მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის პერიოდის ნუმერაცია გაგრძელდეს 98-დან.

მუხლი 6. ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია, საქართველოში კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელი დამატებითი ფულადი სახსრების დროული მობილიზებისა და საბანკო სისტემაში ლიკვიდობის დეფიციტის თავის არიდების აუცილებლობით.

მუხლი 7. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

გ. ქადაგიძე

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №211/04 - ვებგვერდი, 07.08.2023 წ.

 

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკებისათვის, მიკრობანკებისთვის და უცხოური ბანკების/მიკრობანკების ფილიალებისათვის (შემდგომში – ბანკი) აწესებს მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებსა და ნორმებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისა დ.

2. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები წესდება ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე და ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების მხარდაჭერის მიზნით.

3. ბანკებმა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შესაბამისი თანხები, ამ წესის შესაბამისად, უნდა იქონიონ ეროვნულ ბანკში, შესაბამის ანგარიშებზე.

4. ამ წესის მიზნებისათვის, დასაცავი მინიმალური რეზერვების თანხების დამრგვალება ხდება ერთეულ ვალუტამდე. ნახევარ ერთეულზე ნაკლები თანხა მხედველობაში არ მიიღება, ხოლო ნახევარი ერთეული და მეტი თანხა დამრგვალდება ერთ ერთეულამდე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №211/04 - ვებგვერდი, 07.08.2023 წ.

 

მუხლი 2. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა

1. ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 5%.

2. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა განისაზღვრება ინდივიდუალურად თითოეული ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის შესაბამისად. 

3.  გარდა ნარჩენი ვადიანობის მიხედვით უცხოური ვალუტით 365 დღიდან 730 დღემდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისა, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის:

ა) 25%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 70% ან მეტი;

ბ) 10%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 40% ან ნაკლები;

გ) თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი ნაკლებია 70%-ზე და მეტია 40%-ზე, მაშინ მინიმალური სარეზერვო ნორმა იცვლება წრფივად და გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

RR=10%+[(DR-40%)*(25%-10%)/(70%-40%)]

სადაც:

RR არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა;

DR არის ამ დებულების შესაბამისად გაანგარიშებული დოლარიზაციის კოეფიციენტი.

4. ნარჩენი ვადიანობის მიხედვით უცხოური ვალუტით 365 დღიდან 730 დღემდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის:

ა) 15%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 70% ან მეტი;

ბ) 10%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 40% ან ნაკლები;

გ) თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი ნაკლებია 70%-ზე და მეტია 40%-ზე, მაშინ მინიმალური სარეზერვო ნორმა იცვლება წრფივად და გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

RR=10%+[(DR-40%)*(15%-10%)/(70%-40%)]

სადაც:

RR არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა;

DR არის ამ დებულების შესაბამისად გაანგარიშებული დოლარიზაციის კოეფიციენტი.

5.  მინიმალური სარეზერვო ნორმა და დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი გაიანგარიშება მძიმის შემდეგ ორი ციფრის სიზუსტით. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №55/04 - ვებგვერდი, 27.07.2011წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 16  მაისის ბრძანება №52/04 - ვებგვერდი, 17.05.2016წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 ივნისის ბრძანება №106/04 - ვებგვერდი, 15.06.2018წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 25 ივლისის ბრძანება №169/04 - ვებგვერდი, 26.07.2018წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 19 მარტის ბრძანება №55/04 - ვებგვერდი, 19.03.2019წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №177/04 - ვებგვერდი, 03.10.2019წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 21 ივნისის ბრძანება №80/04 - ვებგვერდი, 22.06.2021 წ.

 

მუხლი 2​1. დეპოზიტების დოლარიზაციის გაანგარიშება

1. მინიმალური სარეზერვო ნორმის განსაზღვრის მიზნით ბანკის დოლარიზაციის კოეფიციენტი გაიანგარიშება ამ მუხლის შესაბამისად.

2. ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი გაიანგარიშება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების პერიოდის შესაბამის დღეებზე, როგორც ამ დღეების საშუალო მაჩვენებელი.

3. დეპოზიტების მთლიანი მოცულობა იანგარიშება ცალ-ცალკე ეროვნული ვალუტით დენომინირებული დეპოზიტებისთვის და უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტებისთვის.

4. ყოველდღიური ნაშთების საფუძველზე ეროვნული ვალუტით დეპოზიტების საერთო მოცულობა გაიანგარიშება ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით დეპოზიტების საერთო მოცულობა გაიანგარიშება ეკვივალენტი ლარით გაანგარიშების დღეს მოქმედი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით.

5. დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი გამოისახება პროცენტულად და  გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

DR = DFX / (DGE + DFX)

სადაც:

DR არის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი;

DFX არის ბანკის დეპოზიტების მოცულობა უცხოური ვალუტით;

DGE არის ბანკის დეპოზიტები მოცულობა ეროვნული ვალუტით.

6. ბანკის დოლარიზაციის კოეფიციენტი გაიანგარიშება მესამე პირების მიმართ დეპოზიტების სახით ბანკის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულების გათვალისწინებით, გარდა საქართველოს სამთავრობო სექტორის დეპოზიტებისა (სებსტატის ინსტიტუციური სექტორის (CL_Sec) კლასიფიკატორის კოდები: G12325, G12333, S13000 და მასში შემავალი ქვესექტორების კოდები: S13099, S13100, S13101, S13102, S13200, S13201, S13202, S13300) და  ბანკთაშორისი დეპოზიტებისა (სებსტატის ინსტიტუციური სექტორის (CL_Sec) კლასიფიკატორის კოდი S12210 და მასში შემავალი ქვესექტორების კოდები). დოლარიზაციის კოეფიციენტის გაანგარიშების მიზნებისათვის, დეპოზიტების გაანგარიშებაში ასევე შედის ისეთი საცალო სექტორის ვალდებულებები, რომლებიც შეიძლება არსებობდეს დეპოზიტისგან განსხვავებული ფორმით (ფასიანი ქაღალდების ან ნასესხები სახსრების ფორმით). ასეთი შემთხვევების არსებობის შემთხვევაში, ეროვნულმა ბანკმა შეიძლება დამატებით, წერილობით განმარტოს არადეპოზიტის ფორმის ვალდებულებების დეპოზიტების დოლარიზაციის გაანგარიშებაში მიკუთვნების საკითხი.

7. დეპოზიტების მოცულობა გამოითვლება სებსტატის სახელმძღვანელოთი („საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის – სებსტატის გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 26 ნოემბრის №112/04 ბრძანება) გათვალისწინებულ შემდეგ ფინანსურ ინსტრუმენტებზე:

F02202

საკორესპონდენტო ანგარიშები

F02203

მიმდინარე ანგარიშები/დეპოზიტები

F02204

მოთხოვნამდე დეპოზიტები

F02205

ვადიანი დეპოზიტები

F02206

დეპოზიტები გარანტიების მიხედვით

F02207

დეპოზიტური ანგარიშები ჩეკის წიგნაკების მიხედვით

F02208

დეპოზიტური ანგარიშები საბანკო ბარათების მიხედვით

F02209

დეპოზიტური ანგარიშები აკრედიტივის მიხედვით

F02210

დეპოზიტური ანგარიშები დანარჩენი საგადასახადო საბუთების მიხედვით

F03200

სადეპოზიტო სერტიფიკატები

F03201

სტანდარტული დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატები

F03202

სტანდარტული დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატების კონტრანგარიში-დისკონტი

F03203

სტანდარტული კუპონური სადეპოზიტო სერტიფიკატები

F03204

არასტანდარტული დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატები

F03205

არასტანდარტული დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატების კონტრანგარიში – დისკონტი

F03206

არასტანდარტული კუპონური სადეპოზიტო სერტიფიკატები

8. დოლარიზაციის კოეფიციენტის გაანგარიშება ხდება ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ფორმით და არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ანგარიშგების შემადგენელი ნაწილი.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 21 ივნისის ბრძანება №80/04 - ვებგვერდი, 22.06.2021 წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №211/04 - ვებგვერდი, 07.08.2023 წ.

 

მუხლი 3. მინიმალური რეზერვების გაანგარიშება

1. დასაცავი მინიმალური რეზერვების გაანგარიშება ხდება საშუალო მოზიდული სახსრების გამრავლებით მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმაზე.

2. მოზიდული სახსრები მოიცავს ბანკის ვალდებულებებს მესამე პირების მიმართ ყველა სახის დეპოზიტების, მიღებულ სესხების და მის მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდების სახით,გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ვალდებულებებისა. საჭიროების შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეუძლია წერილობით განმარტოს მოზიდულ სახსრებს მიკუთვნებული ვალდებულებების შინაარსობრივი საკითხი.

3. მოზიდულ სახსრებში არ გაითვალისწინება:

ა) რეპო და სვოპ ოპერაციებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან უზრუნველყოფილი დეპოზიტების სახით მიღებული ვალდებულებები.

ბ) სუბორდინირებული ვალი, რომელიც აკმაყოფილებს საზედამხედველო კაპიტალის პირობებს და ასეთად აღიარებულია ეროვნული ბანკის მიერ, მიუხედავად იმისა, ჩართულია თუ არა საზედამხედველო კაპიტალის გაანგარიშებაში პირველად კაპიტალთან მიმართებაში ზღვრული მოცულობიდან გამომდინარე;

გ) (ამოღებულია - 16.05.2016, №52/04);

დ) (ამოღებულია -16.05.2016, №52/04);

ე) ეროვნული ბანკიდან და სხვა რეზიდენტი ბანკებიდან მიღებული ვალდებულებები;

ვ) ნარჩენი ვადიანობის მიხედვით, ეროვნული ვალუტით 365 დღისა და მეტი ვადიანობის, ასევე უცხოური ვალუტით 730 დღისა და მეტი ვადიანობის ნასესხები სახსრები;

ზ) ბანკის მიერ გამოშვებული სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატები;

თ) არარეზიდენტი ბანკებიდან მიღებული მოთხოვნამდე დეპოზიტები და ერთდღიანი დეპოზიტები.

3​1. ამ წესის მიზნებისათვის ნასესხებ სახსრებში შედის საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული სესხები, ბანკის მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები და არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატები.

4. საშუალო მოზიდული სახსრები არის საანგარიშო პერიოდში ბანკის მიერ მოზიდული სახსრების ანგარიშებზე ყოველი კალენდარული დღის ბოლოს რიცხული ნაშთების საშუალო არითმეტიკული.

5. აშშ დოლარისა და ევროს გარდა, სხვა უცხოური ვალუტების ნაშთები მოზიდული სახსრებისა და შესაბამისი მინიმალური რეზერვების გაანგარიშებებში აისახება აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხებით.

6. საშუალო მოზიდული სახსრების გაანგარიშება ხდება ცალ-ცალკე ვალუტების მიხედვით:

ა) ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრების მიხედვით;

ბ) ევროთი მოზიდული სახსრების მიხედვით;

გ) აშშ დოლარით და სხვა უცხოური ვალუტით (ევროს გარდა) მოზიდული სახსრების მიხედვით.

7. საშუალო მოზიდული სახსრები გაიანგარიშება საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

8. საანგარიშო პერიოდი არის ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ორკვირიანი პერიოდი, რომელიც იწყება სამშაბათს და მთავრდება ორშაბათს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №55/04 - ვებგვერდი, 27.07.2011წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 20 ივლისის ბრძანება №75/04 - ვებგვერდი, 25.07.2012წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 2 აპრილის ბრძანება №34/04 - ვებგვერდი, 10.04.2013წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 16  მაისის ბრძანება №52/04 - ვებგვერდი, 17.05.2016წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 ივლისის ბრძანება №111/04 - ვებგვერდი, 01.08.2017წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 19 მარტის ბრძანება №55/04 - ვებგვერდი, 19.03.2019წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №211/04 - ვებგვერდი, 07.08.2023 წ.

    მუხლი 4. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვა

1. ბანკმა მინიმალური რეზერვები უნდა განათავსოს და დასაცავი პერიოდის განმავლობაში ამ წესის შესაბამისად უნდა შეინარჩუნოს სარეზერვო ანგარიშებზე ეროვნულ ბანკში.

2. დასაცავი პერიოდი არის ორკვირიანი პერიოდი, რომელიც იწყება საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან მეჩვიდმეტე დღეს, ხუთშაბათს და მთავრდება ოთხშაბათს.

3. ყოველ საანგარიშო პერიოდს შეესაბამება ერთი დასაცავი პერიოდი.

4. სარეზერვო ანგარიშებია:

ა) აშშ დოლარის სპეციალური ანგარიში ეროვნულ ბანკში;

ბ) ევროს სპეციალური ანგარიში ეროვნულ ბანკში;

გ) ლარის ანგარიშსწორების ანგარიში ეროვნულ ბანკში;

დ) ლარის საკასო მომსახურების ანგარიში ეროვნულ ბანკში.

5. ბანკმა მინიმალური რეზერვების დაცვა უნდა განახორციელოს მოზიდული სახსრების შესაბამისი ვალუტით. ამასთან, აშშ დოლარის და ევროს გარდა სხვა უცხოურ ვალუტებში მოზიდული სახსრების მინიმალური რეზერვების დაცვა ხდება აშშ დოლარებში, აშშ დოლარის სარეზერვო ანგარიშზე.

6. ბანკი ვალდებულია:

ა) დასაცავ პერიოდში უცხოური ვალუტის სარეზერვო ანგარიშებზე ყოველდღიურად იქონიოს ამ პერიოდისათვის დასაცავი მინიმალური რეზერვი;

ბ)  ეროვნული ვალუტის სარეზერვო ანგარიშზე იქონიოს ნაშთი იმგვარად, რომ დასაცავი პერიოდის ბოლოს დაანგარიშებული დასაცავი პერიოდის განმავლობაში არსებული საშუალო ნაშთი იყოს არანაკლებ ამ პერიოდისათვის დასაცავი მინიმალური რეზერვის ოდენობისა.

7. სამუშაო დღეებში მინიმალური რეზერვის მოცულობად ჩაითვლება სამუშაო დღის ბოლოს სარეზერვო ანგარიშზე არსებული ნაშთი, ხოლო არასამუშაო დღეებში ჩაითვლება წინა სამუშაო დღის ბოლოს არსებული ნაშთი.

8. (ამოღებულია - 17.06.2011, N49/04).

9. უცხოური ვალუტის სარეზერვო ანგარიშზე ფაქტობრივად არსებული ნაშთის შესაბამის მინიმალურ რეზერვთან მეტობის შემთხვევაში, ზედმეტად რიცხულ თანხას დასაცავი პერიოდის დასრულების შემდგომ ეროვნული ბანკი ბანკს უბრუნებს შესაბამისი უცხოური ვალუტის საკორესპოდენტო ანგარიშზე ეროვნულ ბანკში.

10. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, სარეზერვო ანგარიშებზე რიცხულ თანხებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი მთლიანად უბრუნებს ბანკს სალიკვიდაციო ანგარიშზე. იმ შემთხვევაში, თუ ბანკს საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა ბანკის რეორგანიზაციასთან (შერწყმა, მიერთება) დაკავშირებით, მაშინ მოცემული თანხა უბრუნდება უფლებამონაცვლე ბანკს მის მიერ მითითებულ ანგარიშზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 17 ივნისის ბრძანება №49/04 - ვებგვერდი, 20.06.2011წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 2 აპრილის ბრძანება №34/04 - ვებგვერდი, 10.04.2013წ.

 

მუხლი 5. მინიმალურ რეზერვებზე პროცენტის დარიცხვა

1. უცხოური ვალუტის სარეზერვო ანგარიშზე არსებულ თანხაზე, მაგრამ არა უმეტეს მინიმალური რეზერვის თანხისა, ბანკს დაერიცხება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პროცენტი.

2. ეროვნული ვალუტის სარეზერვო ანგარიშზე არსებულ დასაცავი პერიოდის საშუალო ნაშთზე, მაგრამ არაუმეტეს მინიმალური რეზერვის თანხისა, ბანკს დაერიცხება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პროცენტი.

3. დარიცხული პროცენტების შესაბამისი თანხის ანგარიშსწორება ხორციელდება დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა შემდეგ ანგარიშებზე:

ა) ბანკის ლარის ანგარიშსწორების ანგარიშზე ეროვნულ ბანკში, ეროვნული ვალუტის სარეზერვო ანგარიშებზე ეროვნული ვალუტით დარიცხული პროცენტის ანგარიშსწორების შემთხვევაში;

ბ) ბანკის შესაბამისი ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშზე ეროვნულ ბანკში, უცხოური ვალუტის სარეზერვო ანგარიშზე არსებულ თანხაზე უცხოური ვალუტაში დარიცხული პროცენტის ანგარიშსწორების შემთხვევაში. უცხოური ვალუტაში ანგარიშსწორებისათვის საკმარისი თანხის უქონლობის გამო, დანაკლის თანხაზე ანგარიშსწორება ხორციელდება იმ დღეს მოქმედი უცხოური ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისი თანხით ეროვნულ ვალუტაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 2 აპრილის ბრძანება №34/04 - ვებგვერდი, 10.04.2013წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 16  მაისის ბრძანება №52/04 - ვებგვერდი, 17.05.2016წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017წლის 25 დეკემბრის ბრძანება №182/04 -ვებგვერდი, 26.12.2017წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 ივნისის ბრძანება №106/04 - ვებგვერდი, 15.06.2018წ.

    მუხლი 6. ანგარიშგება და განსაკუთრებული პირობები

1. ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის კონტროლს აწარმოებს ეროვნული ბანკი.

2. ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს სპეციალურ ელექტრონულ ReserveRequirements@nbg.gov.ge მისამართზე  წარუდგინოს ანგარიშგებისათვის პასუხისმგებელი პირის და ბანკის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ციფრული ხელმოწერით დამოწმებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ფორმით ყოველი დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ციფრული ხელმოწერით დამოწმებული ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენა, დასაშვებია ანგარიშგებისათვის პასუხისმგებელი პირის და ბანკის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბანკის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ანგარიშგების წერილობითი დოკუმენტის სახით ეროვნული ბანკისათვის მიწოდება.

3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ცალკეული ბანკის დროებითი ფინანსური სიძნელეების შემთხვევაში, ლიკვიდური სახსრების მწვავე უკმარისობის აღმოფხვრის მიზნით, ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის წინადადებით, ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის თანხმობით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ განსაზღვრული ვადებითა და პირობებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან ვიცე პრეზიდენტი უფლებამოსილია ბანკი გაათავისუფლოს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვისაგან.

4. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვისაგან გათავისუფლება ხდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ნოემბერის ბრძანება №118/04 - ვებგვერდი, 28.11.2013წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 16  მაისის ბრძანება №52/04 - ვებგვერდი, 17.05.2016წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“, №10/04, 11.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016022 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.08.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1204078-14/