საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.02.2011 ძალადაკარგული 15.02.2024
ნომერი
№25/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016064
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 240211, 24/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (14)

შემდგომი ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №2 5/ნ

2011 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი” დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრი ს №929 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ . შაშკინი

 

საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი

   მუხლი 1. რეგულირების საგანი

ეს წესი განსაზღვრავს საჯარო სკოლის დირექტორის (შემდგომში – დირექტორი) შესარჩევი კონკურსის (შემდგომში – შესარჩევი კონკურსი) ჩატარების პირობებს. შესარჩევი კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს: სერტიფიცირებასა და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება № 101/ნ - ვებგვერდი, 24.07.2013წ.

   მუხლი 2. შესარჩევი კონკურსის მიზანი

შესარჩევი კონკურსის მიზანია, დირექტორობის მსურველის „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის N115/ნ ბრძანებასთან შესაბამისობის დადგენა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება № 101/ნ - ვებგვერდი, 24.07.2013წ.

 

მუხლი 3. რეგულირების სფერო

ეს წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებსაც სურთ საჯარო სკოლის დირექტორობა. აგრეთვე, განსაზღვრავს სკოლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი განათლების სამინისტროების, ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების (შემდგომში – რესურსცენტრი) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – მართვის სისტემა) საქმიანობას დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის პროცესში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება № 101/ნ - ვებგვერდი, 24.07.2013წ.

   მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დამკვირვებელი – პირი, რომელიც აკვირდება საგამოცდო ცენტრში შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას;

ბ) კოორდინატორი – პირი, რომელიც კოორდინაციას უწევს საგამოცდო ცენტრში შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას;

გ) დირექტორობის უფლების მქონე პირი – პირი, რომელიც შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის წარმატებით გავლის შედეგად მოიპოვებს დირექტორობის უფლების დამადასტურებელ სერტიფიკატს;

დ) დირექტორობის კანდიდატი – საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად წარდგენილი პირი;

ე) რეგისტრატორი – პირი, რომელიც საგამოცდო ცენტრში ახორციელებს დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციას და ეხმარება შესარჩევი კონკურსის ჩატარების პროცესის ადმინისტრირებაში მონაწილე პირებს წამოჭრილი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში;

ვ) დირექტორობის მსურველი –  პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის არანაკლებ 3 წლის, აქედან, განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთი წლის სტაჟი და დადგენილი წესით გამოთქვამს სურვილს დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე;

ზ) საგამოცდო ცენტრი – სერტიფიცირების პირველი ნაწილის – ტესტირების ჩატარების მიზნით, მართვის სისტემის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი შენობა ან მისი ნაწილი;

თ) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც დირექტორობის მსურველები განთავსდებიან ტესტირების მიმდინარეობისას;

ი) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – ტესტირებისათვის დადგენილ ქულათა მინიმალური ოდენობა, რომლის გადალახვაც დირექტორობის მსურველთათვის აუცილებელია გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობის მოსაპოვებლად;

კ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი – პირი, რომელიც შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობისას უზრუნველყოფს კომპიუტერული პროგრამის გამართულ მუშაობას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება № 101/ნ - ვებგვერდი, 24.07.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 25 ივლისის ბრძანება №08/ნ - ვებგვერდი, 26.07.2018წ.

თავი II. სერტიფიცირების ეტაპი

   მუხლი 5. რეგისტრაცია

1. სერტიფიცირების ეტაპისათვის რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის მიზნით პირი რეგისტრირდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ელექტრონული განაცხადის მეშვეობით.

3. რეგისტრაციის დროს ელექტრონულ განაცხადში უნდა მიეთითოს:

ა) პირადი ინფორმაცია;

ბ) რაიონი/ქალაქი, სადაც პირს სურს ტესტირებაზე გასვლა;

გ) უმაღლესი განათლება;

დ) არანაკლებ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული განაცხადის არასრული ან არასწორი შევსების შემთხვევაში დირექტორობის მსურველი სერტიფიცირების ეტაპზე არ დარეგისტრირდება.

5.  რეგისტრაციისას დირექტორობის მსურველს ავტომატურად ენიჭება საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდი.

6. რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან არაუმეტეს 7 დღისა სამინისტროს ვებგვერდზე ქვეყნდება ინფორმაცია რეგისტრირებულ დირექტორობის მსურველთა თაობაზე იმ საგამოცდო ცენტრის მითითებით, სადაც უნდა გამოცხადდეს დირექტორობის მსურველი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება № 101/ნ - ვებგვერდი, 24.07.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 25 ივლისის ბრძანება №08/ნ - ვებგვერდი, 26.07.2018წ.

   მუხლი 6. სერტიფიცირების ეტაპის შინაარსი და ფორმა

1. საგამოცდო პროგრამას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

2.  სერტიფიცირების ეტაპი შედგება ორი ნაწილისაგან, პირველი ნაწილი მოიცავს ტესტირებას (შემდგომში - ტესტირება). ტესტირება ტარდება ელექტრონულად, მართვის სისტემის  სათანადოდ შემუშავებული კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. მეორე ნაწილი მოიცავს გასაუბრებას (შემდგომში – გასაუბრება) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან.

3. გასაუბრებაზე დაიშვება დირექტორობის მსურველი, რომელიც გადალახავს ტესტირებისათვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, რაც შეადგენს ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60 პროცენტს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება № 101/ნ - ვებგვერდი, 24.07.2013წ.

   მუხლი 7. ტესტირების  ჩატარების დრო და ადგილი

1. ტესტირება ტარდება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან არაუადრეს 10 დღისა.

 2. ტესტირების ჩატარების თარიღს, ადგილს, დროს და ხანგრძლივობას, მართვის სისტემის წარდგინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს მინისტრი, რომელიც ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება № 101/ნ - ვებგვერდი, 24.07.2013წ.          

   მუხლი 8. ტესტირების  ენა

ტესტირება ტარდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება № 101/ნ - ვებგვერდი, 24.07.2013წ.

   მუხლი 9. ტესტირების მიმდინარეობის პროცესზე დასწრება

1. ტესტირების მიმდინარეობის დროს საგამოცდო ცენტრში დაიშვებიან:

ა) კოორდინატორი;

ბ) დამკვირვებელი;

გ) რეგისტრატორი;

დ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი.

2. ტესტირების მიმდინარეობის დროს საგამოცდო სექტორში ყოფნის უფლება აქვს:

ა) კოორდინატორს;

ბ ) დამკვირვებელს.

გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტს;

დ) სამინისტროს უფლებამოსილ წარმომადგენელს.

3. ტესტირების მიმდინარეობის დროს საგამოცდო სექტორში, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინატორის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია იმყოფებოდნენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები.

4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული პირის საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს ტესტირების მიმდინარეობას. მას ეკრძალება ტესტის შინაარსთან დაკავშირებით დირექტორობის მსურველის დახმარება ან მისი მუშაობისათვის ხელის შეშლა.

5. ტესტირების ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით საგამოცდო ცენტრებში ტესტირების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ დამკვირვებლები.

6. სამინისტრო უფლებამოსილია სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირები დანიშნოს დამკვირვებლებად მათი თანხმობის საფუძველზე.

7. პირი არ შეიძლება დანიშნულ იქნეს კოორდინატორად, დამკვირვებლად, რეგისტრატორად და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტად იმ საგამოცდო ცენტრში, სადაც ტესტირებას გადის მისი ნათესავი.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება:

ა) მეუღლე;

ბ) შვილი, გერი;

გ) მშობელი/მშვილებელი, მეუღლის მშობელი/ მშვილებელი;

დ) და-ძმა; მეუღლის და-ძმა და მათი შვილები;

ე) ბებია და ბაბუა (პაპა), ბებიის დედ-მამა და ბაბუის (პაპის) დედ-მამა, როგორც დედის და მამის, ასევე მეუღლის მხრიდან;

ვ) შვილიშვილი, შვილთაშვილი;

ზ) ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები, მამიდები და მათი შვილები. მეუღლის ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები, მამიდები და მათი შვილები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება № 101/ნ - ვებგვერდი, 24.07.2013წ.

   მუხლი 10.  საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია

1. საგამოცდო ცენტრში დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება ტესტირების დაწყებამდე ერთი საათით ადრე.

2. ტესტირების ჩაბარების მიზნით, საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად დირექტორობის მსურველი ვალდებულია გამოცხადდეს რეგისტრაციის დასრულებამდე, თან იქონიოს საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ტესტირებაზე არ დაიშვება.

3. რეგისტრაციის შემდეგ რეგისტრატორი დირექტორობის მსურველს განუსაზღვრავს მისთვის განკუთვნილ საგამოცდო სექტორსა და ადგილს.

4. დირექტორობის მსურველი საგამოცდო სექტორში იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს.

5. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანება დირექტორობის მსურველს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანება გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება № 101/ნ - ვებგვერდი, 24.07.2013წ.

   მუხლი 11.  ტესტირების დაწყება

1. ტესტირების დაწყებამდე საგამოცდო სექტორში მყოფ დირექტორობის მსურველს კოორდინატორი/დამკვირვებელი განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს, ტესტირების ჩატარების, ტესტის შევსებისა და კომპიუტერული პროგრამის გამოყენების წესებს, რის შემდეგაც იწყება საგამოცდო დროის ათვლა.

 2. კოორდინატორი/დამკვირვებელი უზრუნველყოფს, რომ დროის ათვლის დაწყებამდე დირექტორობის მსურველს არ ჰქონდეს ტესტზე მუშაობის დაწყების საშუალება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება № 101/ნ - ვებგვერდი, 24.07.2013წ.  

   მუხლი 12.  ტესტზე მუშაობა

1. ტესტზე მუშაობის პროცესში დირექტორობის მსურველს შეუძლია გამოიყენოს სპეციალური ფურცელი, რომელსაც მას გადასცემს კოორდინატორი/დამკვირვებელი.

2. დამხმარე ფურცელი ტესტირების დასრულების შემდეგ რჩება საგამოცდო ცენტრში.

3. ტესტირების მიმდინარეობისას დირექტორობის მსურველს უფლება აქვს თან იქონიოს წყალი, პირადი ჰიგიენის საგნები და ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი.

4. ტესტირების მიმდინარეობისას დირექტორობის მსურველს ეკრძალება:

ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;

ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის - სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;

გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა პირისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

დ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;

ე) საგამოცდო მაგიდაზე დამხმარე ფურცლის, საწერი კალმის და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;

ვ) კოორდინატორის/დამკვირვებლის მითითების გარეშე ტესტზე მუშაობის დაწყება;

ზ) ტესტზე მუშაობის გაგრძელება საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ.

5. დროის ამოწურვამდე ტესტირების დამთავრების შემთხვევაში დირექტორობის მსურველს უფლება აქვს დატოვოს საგამოცდო სექტორი კოორდინატორის ან დამკვირვებლის თანხმობით.

6. (ამოღებულია - 25.07.2018, №08/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება № 101/ნ - ვებგვერდი, 24.07.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 25 ივლისის ბრძანება №08/ნ - ვებგვერდი, 26.07.2018წ.

   მუხლი 13.  ტესტირების მიმდინარეობის პროცედურის დარღევევა

1. ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში დირექტორობის მსურველს მიეცემა გაფრთხილება, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად და ჩამოერთმევა აღნიშნული ნივთი.

2. ტესტირების მიმდინარეობის პროცედურის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში დირექტორობის მსურველი იხსნება ტესტირებიდან, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ოქმის საფუძველზე.

3. წესრიგის უხეში დარღვევის, ტესტირების პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში დირექტორობის მსურველი ტესტირებიდან მოიხსნება გაფრთხილების გარეშე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის საფუძველზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 7 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება №101/ნ - ვებგვერდი, 24.07.2013წ.

   მუხლი 14. ტესტებისა და ტესტის პასუხების გამოქვეყნება

შედეგი განთავსდება მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე და დირექტორობის მსურველს შესაძლებლობა ექნება გადაამოწმოს მიღებული შედეგები საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდის გამოყენებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება № 101/ნ - ვებგვერდი, 24.07.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 25 ივლისის ბრძანება №08/ნ - ვებგვერდი, 26.07.2018წ.

   მუხლი 15.  ტესტირების შედეგებთან , ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიების წარდგენა და განხილვა

1.  დირექტორობის მსურველს უფლება აქვს სერტიფიცირების ეტაპის ტესტირების  შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიები წარადგინოს რესურსცენტრსა ან მართვის სისტემაში ტესტირების შედეგების მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

2. ტესტირების შედეგებთან და ტესტურ დავალებათა სისწორესთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების/დავალებების ნომერი/ნომრები, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია. პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს დარღვეული პროცედურის აღწერა.

3. რესურსცენტრი უზრუნველყოფს საპრეტენზიო განაცხადების მართვის სისტემისათვის დაუყოვნებლივ მიწოდებას.

4. მართვის სისტემა პრეტენზიებს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ  ვადაში და შედეგებს აცნობებს დირექტორობის მსურველს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 7 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 11.05.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება № 101/ნ - ვებგვერდი, 24.07.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის ბრძანება №86/ნ - ვებგვერდი, 30.07.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 25 ივლისის ბრძანება №08/ნ - ვებგვერდი, 26.07.2018წ.

    მუხლი15​1. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობა

1. ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, მართვის სისტემის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის საპრეტენზიო კომისიას.

2. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან: კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და სხვა წევრები.

3. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში.

4. საპრეტენზიო კომისიის მდივანი აწარმოებს კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტაციას და ადგენს ოქმებს.

5. საპრეტენზიო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

6. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საპრეტენზიო კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის ფორმით დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის ხმა.

7. საპრეტენზიო კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და დამსწრე წევრები.

8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

9. საპრეტენზიო კომისია:

ა) განიხილავს და აფასებს ნამუშევრის პასუხის შინაარსსა და სისწორეს მხოლოდ იმ კონკრეტულ ტესტურ დავალებაზე, რომლის თაობაზეც საპრეტენზიო კომისიაში შესულია საპრეტენზიო განაცხადი დირექტორობის მსურველისგან;

ბ) აფასებს ტესტური დავალების ან/და ტესტური დავალების პასუხ(ებ)ის სისწორეს, მხოლოდ იმ კონკრეტულ ტესტურ დავალებაზე, რომლის თაობაზეც საპრეტენზიო კომისიაში შესულია საპრეტენზიო განაცხადი დირექტორობის მსურველისგან;

გ) განიხილავს პროცედურულ დარღვევასთან და ტესტირების პროცესში წარმოშობილ ტექნიკური გაუმართაობის გამო პრეტენზიებს;

დ) უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი პირი და მიიღოს ახსნა-განმარტება, რომელიც აუცილებელია საკითხის განხილვა/გადაწყვეტისათვის.

10. საპრეტენზიო კომისია არ განიხილავს საპრეტენზიო განაცხადს:

ა)  თუ ის ზოგადი ხასიათისაა;

ბ) თუ დირექტორობის მსურველს არ აქვს გადახდილი ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული საპრეტენზიო  განაცხადის განხილვის საფასური;

გ) საპრეტენზიო განაცხადი წარდგენილია დადგენილი ვადის დარღვევით.

11. საპრეტენზიო კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) დირექტორობის მსურველისათვის ქულის ცვლილების შესახებ;

ბ) დირექტორობის მსურველისათვის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ;

გ) დირექტორობის მსურველის მიმართ პროცედურული დარღვევის დადასტურებისას – დამატებით გამოცდაზე გაშვების თაობაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის ბრძანება №86/ნ - ვებგვერდი, 30.07.2015წ.

   მუხლი 16. დირექტორობის მსურველთა გასაუბრება

1.   დირექტორობის მსურველთა გასაუბრებას ატარებენ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი  კომისია/კომისიები.

2. გასაუბრების განრიგი ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გასაუბრების დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღისა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება № 101/ნ - ვებგვერდი, 24.07.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №111/ნ - ვებგვერდი, 23.08.2013წ.

   მუხლი 17. სერტიფიცირების ეტაპის საბოლოო შედეგები

1. სერტიფიცირების ეტაპის დასრულების შემდეგ მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს დირექტორობის უფლების მქონე პირთა სიას, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სერტიფიცირების ეტაპი და მოიპოვეს დირექტორობის უფლება, რაც ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

2. მართვის სისტემა უზრუნველყოფს მართვის სისტემის მიერ შექმნილ ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში დირექტორობის უფლების მქონე პირთა მონაცემების შეყვანას. ელექტრონული საინფორმაციო ბაზა ხელმისაწვდომია მართვის სისტემის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება № 101/ნ - ვებგვერდი, 24.07.2013წ.

    მუხლი 18. დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა და მისი მოქმედების ვადა

1. დირექტორობის უფლების მოპოვება დასტურდება მართვის სისტემის მიერ გაცემული სერტიფიკატით, რომლის ფორმას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი .

2. მართვის სისტემა ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სიის დამტკიცებიდან ხუთი დღის ვადაში უზრუნველყოფს სერტიფიკატების იმ რესურსცენტრისთვის გადაცემას, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს ის საგამოცდო ცენტრი, სადაც დირექტორობის მსურველმა პირმა გაიარა ტესტირება.

3. დირექტორობის უფლების მქონე პირმა სერტიფიკატის მისაღებად უნდა მიმართოს იმ რესურსცენტრს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს ის საგამოცდო ცენტრი, სადაც დირექტორობის მსურველმა პირმა გაიარა ტესტირება.

4.  დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი ძალას კარგავს, თუ პირი მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სიის დამტკიცებიდან 7 წლის განმავლობაში არ დაიწყებს დირექტორის საქმიანობის განხორციელებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება № 101/ნ - ვებგვერდი, 24.07.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №201/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.

 

თავი III.  სერტიფიცირების საფასური

   მუხლი 19.  სერტიფიცირების საფასური

1. სერტიფიცირების საფასური მოიცავს:

ა) სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 35 ლარს;

ბ) დირექტორობის მსურველის ინიციატივით ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება მართვის სისტემის ანგარიშზე.

3. დირექტორობის მსურველი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხის დასაბრუნებლად, განცხადებით მიმართავს მართვის სისტემას სერტიფიცირების ეტაპზე ტესტირების დასრულების შემდგომ. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და   საბანკო ანგარიში, სადაც უნდა ჩაირიცხოს დაბრუნებული თანხა. ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხა მართვის სისტემის მიერ გაიცემა განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.

3​1. იმ შემთხვევაში,  თუ დირექტორობის მსურველი სერტიფიცირების ეტაპზე ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი წესით დარეგისტრირდება და აღარ გამოცხადდება ტესტირებაზე, თანხა ზედმეტად ან შეცდომით გადახდილად არ ჩაითვლება.

3​2. იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველი ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე გააუქმებს რეგისტრაციას, უფლებამოსილია მიმართოს მართვის სისტემას თანხის დაბრუნების თხოვნით ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.“;

4. იმ შემთხვევაში, თუ ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადი დაკმაყოფილდება, დირექტორობის მსურველს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტით გადახდილი თანხა. საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება № 101 /ნ - ვებგვერდი, 24.07.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის ბრძანება №86/ნ - ვებგვერდი, 30.07.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 25 ივლისის ბრძანება №08/ნ - ვებგვერდი, 26.07.2018წ.

 

თავი IV.  საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა

   მუხლი 20.  თანხმობის განაცხადის შევსება

1. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით დირექტორობის უფლების მქონე პირი ელექტრონულად ავსებს თანხმობის განაცხადს. თანხმობის განაცხდში დირექტორობის უფლების მქონე პირი უთითებს არაუმეტეს სამ საჯარო სკოლას, სადაც სურს წარადგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულმა კომისიამ დირექტორობის კანდიდატად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის განაცხადის შევსებისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადებს განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. თანხმობის განაცხადის შევსების ვადის დასრულებიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში მართვის სისტემა აქვეყნებს მონაცემებს თითოეული საჯარო სკოლის  დირექტორობის მსურველთა რაოდენობის შესახებ. მართვის სისტემის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გამოქვეყნებიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში დირექტორობის უფლების მქონე პირს უფლება აქვს შეცვალოს მის მიერ თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლების დასახელება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანხმობის განაცხადს, რომლის ფორმასაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მართვის სისტემის უფროსი, ელექტრონულად თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) (ამოღებულია - 15.08.2014, N99/ნ);

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;

გ) ფოტოსურათი;

დ) სამოტივაციო წერილი არაუმეტეს A4-ის ფორმატის ერთი გვერდის მოცულობით;

ე) (ამოღებულია - 15.08.2014, N99/ნ);

ვ) (ამოღებულია - 15.08.2014, N99/ნ).

4. დირექტორობის უფლების მქონე პირი გადის გასაუბრებას, მის მიერ თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენის მიზნით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან/კომისიებთან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება №101/ნ - ვებგვერდი, 24.07.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №97/ნ - ვებგვერდი, 08.08.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №99/ნ - ვებგვერდი, 15.08.2014წ.

 

  მუხლი 20​1. გასაუბრება

1. გასაუბრების განრიგი ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე თანხმობის განაცხადის შევსების ვადის დასრულების შემდეგ.

2. დირექტორობის უფლების მქონე პირი კომისიის წინაშე, გასაუბრებაზე, წარადგენს განაცხადში მითითებული სკოლის/სკოლების სტრატეგიული განვითარების ხედვას.“

3. გასაუბრების შედეგების მიხედვით კომისია:

ა) შეარჩევს იმ დირექტორობის  კანდიდატებს, რომლებიც ამ წესის შესაბამისად წარედგინებათ სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად.

ბ) დირექტორობის უფლების მქონე პირის მიერ თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლებიდან შეარჩევს საჯარო სკოლას, რომლის სამეურვეო საბჭოსაც დირექტორობის უფლების მქონე პირი წარედგინება  ასარჩევად.

4.  შერჩეული კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სია მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სიის დამტკიცებამდე სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი შერჩეული კანდიდატებისა და შესაბამისი სიის დამტკიცების მიზნით, ამოწმებს: 

ა) დირექტორობის შერჩეული კანდიდატების „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობას; 

ბ) დირექტორობის შერჩეულ კანდიდატებს იმ პირთა რეესტრში, რომელთაც  კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ან/და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. 

6. სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი შერჩეული კანდიდატების სიის დამტკიცებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის კანდიდატის ასარჩევად წარდგენას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №97/ნ - ვებგვერდი, 08.08.2014წ. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №99/ნ - ვებგვერდი, 15.08.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 25 ივლისის ბრძანება №08/ნ - ვებგვერდი, 26.07.2018წ.

 

    მუხლი 21. დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა, სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევა და შედეგების გასაჩივრება

1. დირექტორობის კანდიდატები მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ასარჩევად წარედგინება მხოლოდ იმ საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს, რომელსაც დირექტორობის უფლების მქონე პირები მიუთითებენ ელექტრონულად შევსებულ თანხმობის განაცხადში.

1​1. დირექტორობის კანდიდატი დირექტორად არჩევამდე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს:

ა) დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ სერტიფიკატს;

ბ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას;

გ) ცნობას ნასამართლობის შესახებ;

დ) საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტს.

2. სამეურვეო საბჭო დირექტორს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენილი დირექტორობის კანდიდატებისაგან ირჩევს მათი წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.

3. დირექტორის ასარჩევად სამეურვეო საბჭო დირექტორობის კანდიდატების პროგრამებს ისმენს საჯარო სხდომაზე.

4. სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევის/არარჩევის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სამინისტროში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია 6 წლის ვადით დანიშნოს დირექტორობის უფლების მქონე პირი დირექტორად, რაც  სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა.

6. სამინისტროს გადაწყვეტილება დირექტორის დანიშვნის თაობაზე საჩივრდება სასამართლოში და მისი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება № 101 /ნ - ვებგვერდი, 24.07.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №99/ნ - ვებგვერდი, 15.08.2014წ.

 

თავი V. აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის სკოლების დირექტორების შერჩევის კონკურსის თავისებურებები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №161/ნ- ვებგვერდი, 18.12.2014წ.

   მუხლი 22.  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების დირექტორების შერჩევის კონკურსის თავისებურებები

ამ წესით გათვალისწინებულ მართვის სისტემის  უფლებამოსილებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ტერიტორიაზე  ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის  სამინისტრო, რომელიც მოქმედებს ამ წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება № 101 /ნ - ვებგვერდი, 24.07.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №161/ნ- ვებგვერდი, 18.12.2014წ.

 

თავი V​1. აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების დირექტორების შერჩევის კონკურსის თავისებურებები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №161/ნ- ვებგვერდი, 18.12.2014წ.

   მუხლი 22​1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების დირექტორების შერჩევის კონკურსის თავისებურებები

1. ამ წესით გათვალისწინებულ მართვის სისტემის უფლებამოსილებებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც მოქმედებს ამ წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

2. დირექტორობის იმ მსურველებთან, რომლებმაც ტესტირება გაიარეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე  განლაგებულ საგამოცდო ცენტრში, გასაუბრებას ატარებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი  კომისია/კომისიები, რომლის/რომელთა შემადგენლობის 50% განისაზღვრება სამინისტროს თანამშრომლებით, ხოლო 50%  - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დირექტორობის მსურველთა გასაუბრება ტარდება ქალაქ ბათუმში. ობიექტური გარემოების არსებობისას,  გასაუბრების ადგილის შეცვლა დასაშვებია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დირექტორობის მსურველებთან გასაუბრების ჩატარების განრიგი ქვეყნდება სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გასაუბრების დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღისა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №161/ნ- ვებგვერდი, 18.12.2014წ.

 მუხლი 22​2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების წარდგენის თავისებურება

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის წარსადგენი დირექტორობის კანდიდატების შერჩევის მიზნით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება  კომისია/კომისიები, რომლის/რომელთა  შემადგენლობის 50% უნდა განისაზღვროს სამინისტროს თანამშრომლებით, ხოლო 50% - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებით.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის წარსადგენი დირექტორობის კანდიდატების შერჩევის მიზნით, გასაუბრება ტარდება ქალაქ ბათუმში. ობიექტური გარემოების არსებობისას, გასაუბრების ადგილის შეცვლა დასაშვებია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

3.  ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გასაუბრების განრიგი ქვეყნდება სამინისტროსა და  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე თანხმობის განაცხადის შევსების ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №161/ნ- ვებგვერდი, 18.12.2014წ.

 

თავი VI. დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარებაზე მონიტორინგი

     მუხლი 23.  დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარებაზე მონიტორინგი

ამ წესის შესაბამისად, დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარებაზე მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება № 101/ნ - ვებგვერდი, 24.07.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №99/ნ - ვებგვერდი, 15.08.2014წ.

 

თავი   VII.  გარდამავალი დებულებები

 

     მუხლი 24. გარდამავალი დებულებები

     ამ ბრძანების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ვრცელდება 2011 წლიდან სერტიფიცირებულ ყველა პირზე.

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №201/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“, №25/ნ, 24.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016064 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1216644-9/