ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.04.2001 ძალადაკარგული 04.02.2004
გამომცემი ორგანო
ნომერი
№131
სარეგისტრაციო კოდი
010340000.05.002.001034
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 36, 17/04/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №131

2001 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

დამტკიცდეს ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს დებულება.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2001  წლის 8 მაისის ბრძანებულება №187-სსმIII,№50,10.05. 2001წ., მუხ.364

ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს

დებულება

თავი I

ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს სტატუსი, შემადგენლობა და ფუნქციები

    მუხლი 1. ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს სტატუსი

1. ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საკოორდინაციო საბჭო) არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

2. საკოორდინაციო საბჭო შეიმუშავებს ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის ღონისძიებათა გეგმას და კოორდინაციას უწევს ამ ღონისძიებათა განხორციელებას.

3. საკოორდინაციო საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

    მუხლი 2. საკოორდინაციო საბჭოს ფუნქციები

1. საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის ძირითად მიმართულებათა დახვეწა მიმდინარე სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების გათვალისწინებით, პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გეგმის შემუშავება;

ბ) სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგი;

გ) მონიტორინგის შედეგებისა და შემოსული წინადადებების ანალიზი და მათ საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება საქართველოს პრეზიდენტისათვის ანტიკორუფციული პროგრამის ღონისძიებათა ეფექტიანად განხორციელების მიზნით;

დ) რეკომენდაციების შემუშავება სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციის პრევენციისათვის;

ე) არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მასმედიასთან, მეწარმეებთან და მოქალაქეთა სხვა ჯგუფებთან თანამშრომლობა ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამით გათვალისწინუბელ ღონისძიებათა განხორციელებასა და მონიტორინგში მათი ჩართვის მიზნით;

ვ) მოსახლეობის ანტიკორუფციული განათლების სისტემის ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა და ანტიკორუფციული პროპაგანდის ეფექტიანი მოდელების შემუშავება;

ზ) საერთაშორისო ანტიკორუფციულ პროგრამებთან და ინიციატივებთან თანამშრომლობა;

თ) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ანტიკორუფციული პროგრამის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

    მუხლი 3. ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა და შექმნის წესი

1. ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის და 12 წევრისაგან.

2. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს პრეზიდენტი.

3. საკოორდინაციო საბჭოს წევრებად საქართველოს პრეზიდენტი მოიწვევს შეურყვნელი რეპუტაციის მქონე პირებს, რომლებიც საზოგადოების ფართო წრეებში სარგებლობენ მაღალი ავტორიტეტითა და ნდობით.

4. საკოორდინაციო საბჭოს 12 წევრიდან სულ ცოტა 6 პირი მაინც უნდა იყოს საზოგადოებრიობის წარმომადგენელი, რომელიც არ იმყოფება საჯარო სამსახურში.

5. საკოორდინაციო საბჭოს წევრები საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოიწვევიან 2 წლის ვადით. 2 წლის შემდეგ ხდება საბჭოს წევრთა ნახევრის განახლება. ამ ვადის ამოწურვამდე 2 თვით ადრე ხდება წილისყრა, რომლითაც გამოვლინდება ის 6 წევრი, რომელსაც უგრძელდება უფლებამოსილება 2 წლით. საბჭოს მდივანი წილისყრის გარეშე შედის იმ ჯგუფში, რომელსაც 2 წლით უგრძელდება უფლებამოსილება. ერთი და იგივე პირი შეიძლება მხოლოდ ზედიზედ ორჯერ იქნეს მოწვეული საბჭოს წევრად.

6. საკოორდინაციო საბჭოს ვადაზე ადრე გამოკლებული წევრის ნაცვლად დარჩენილი ვადით მოიწვევა ახალი წევრი იმავე წესითა და პირობებით, როგორითაც მოწვეული იყო გამოკლებული წევრი.

7. საკოორდინაციო საბჭოს წევრებს აუნაზღაურდებათ საბჭოს მუშაობაში მონაწილეობისათვის გაწეული ხარჯები.

    მუხლი 4. საკოორდინაციო საბჭოს უფლებები

1. საკოორდინაციო საბჭოს შეუძლია სხდომაზე მოიწვიოს ნებისმიერი თანამდებობის პირი და მოაწყოს ანტიკორუფციული პროგრამის ცალკეული საკითხებით საჯარო განხილვები.

2. საკოორდინაციო საბჭოსა და მის წევრებს შეუძლიათ სახელმწიფო ორგანოებსა და თანამდებობის პირებს მოსთხოვონ საკითხის განხილვისათვის საჭირო დასკვნებისა და სხვა ინფორმაციის წარმოდგენა მის მიერ დადგენილ გონივრულ ვადებში, გარდა კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებისა.

3. საკოორდინაციო საბჭოს შეუძლია განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ სახელმწიფო ორგანოებსა და თანამდებობის პირებს მიმართოს სარეკომენდაციო წერილებით.

    მუხლი 5. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები

1. საკოორდინაციო საბჭო იკრიბება თვეში ერთხელ მაინც საქართველოს პრეზიდენტის ან საბჭოს მინიმუმ 5 წევრის თხოვნით.

2. საკოორდინაციო საბჭოს წევრებს სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ საბჭოს მდივნის მიერ ეცნობება სხდომამდე სულ ცოტა 3 დღით ადრე, ხოლო საგანგებო სხდომის მოწვევის შემთხვევაში - დაუყოვნებლივ.

3. საკოორდინაციო საბჭოს წევრს შეუძლია მოითხოვოს საბჭოს სხდომის დღის წესრიგში კონკრეტული საკითხის შეტანა, რის შესახებაც მან საბჭოს მდივანს უნდა აცნობოს სხდომამდე 4 დღით ადრე მაინც. საბჭოს შეუძლია დამსწრეთა ხმების უმრავლესობით დღის წესრიგში შეიტანოს საბჭოს წევრის მიერ ამ მოთხოვნათა დაუცველად დასმული საკითხიც.

4. საბჭოს სხდომაზე საკითხი გამოაქვს საბჭოს მდივანს ან საბჭოს იმ წევრს, რომელსაც საბჭომ სთხოვა საკითხის მომზადება ან რომელმაც მოითხოვა საკითხის დღის წესრიგში შეტანა.

5. საკოორდინაციო საბჭოს სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალები თ საბჭოს მდივანი.

6. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს მდივანი და ოქმის შემდგენი პირი. საბჭოს წევრს შეუძლია მოითხოვოს თავისი განსაკუთრებული აზრის სრულად დაფიქსირება სხდომის ოქმში. სხდომის ოქმი საჯარო დოკუმენტია, გარდა ოქმის იმ ნაწილებისა, რომელთა გასაიდუმლოება დასაშვებია კანონით.

    მუხლი 6. საკოორდინაციო საბჭოს მდივანი

1. საკოორდინაციო საბჭოს მდივანს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. საბჭოს მდივანი:

ა) (ამოღებულია);

ბ) (ამოღებულია);

გ) ახორციელებს საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

დ) წარმოადგენს საბჭოს მესამე პირებთან ურთიერთობაში სპეციალური რწმუნების გარეშე;

ე) ორგანიზებას უკეთებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს და უზრუნველყოფს მასზე განსახილველი საკითხების მომზადებას;

ვ) უზრუნველყოფს საბჭოს წევრებს სათანადო ინფორმაციით;

ზ) უძღვება საქმის წარმოებას;

თ) ამზადებს ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშს საკოორდინაციო საბჭოსათვის წარსადგენად.

3. საბჭოს მდივანი პასუხისმგებელია საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის დასაფინანსებლად ამ დებულების მე-11 მუხლში გათვალისწინებულ ფონდთან ურთიერთობისათვის.

4. (ამოღებულია);

საქართველოს პრეზიდენტის 2001  წლის 8 მაისის ბრძანებულება №187-სსმIII,№50,10.05. 2001წ., მუხ.364

    მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები

1. საკოორდინაციო საბჭოს წევრი ვალდებულია თავი შეიკავოს იმ საკითხების განხილვაში მონაწილეობის მიღებისაგან, რომელთან დაკავშირებითაც მას გააჩნია პირადი ინტერესი.

თავი II (ამოღებულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2001  წლის 8 მაისის ბრძანებულება №187-სსმIII,№50,10.05. 2001წ., მუხ.364

     მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2001  წლის 8 მაისის ბრძანებულება №187-სსმIII,№50,10.05. 2001წ., მუხ.364

    მუხლი 9. (ამოღებულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2001  წლის 8 მაისის ბრძანებულება №187-სსმIII,№50,10.05. 2001წ., მუხ.364

    მუხლი 10. (ამოღებულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2001  წლის 8 მაისის ბრძანებულება №187-სსმIII,№50,10.05. 2001წ., მუხ.364

თავი III

საკოორდინაციო საბჭოს ფინანსური უზრუნველყოფა

    მუხლი 11. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა

1. საკოორდინაციო საბჭოს დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საკოორდინაციო საბჭოს და მოწვეული ექსპერტების საქმიანობის დაფინანსება ხდება კერძო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი სტატუსის მქონე „ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის განხორციელების ხელშემწყობი ფონდიდან“.

2. ფონდს აფუძნებს სახელმწიფო, აგრეთვე ის უცხოური და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, რომლებიც გამოთქვამენ საამისო მზადყოფნას.

3. ფონდის მართვა და თანხების განკარგვა ხდება ფონდის გამგეობის მიერ ფონდის წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს პრეზიდენტის 2001  წლის 8 მაისის ბრძანებულება №187-სსმIII,№50,10.05. 2001წ., მუხ.364

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

I. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელწოდებაა „საქართველოს  ანტიკორუფციული ბიურო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი“ (ტექსტში შემდგომში – ბიურო).

2. ბიურო შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით და წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, აქვს ანგარიში ბანკში (მათ შორის უცხოურ ვალუტაში), ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით და ემბლემით.

3. ბიურო იქმნება საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს (ტექსტში შემდგომში – საბჭო) ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფისა და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით.

II. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

4. ბიურო შექმნილია ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორ-დინაციო საბჭოსა და მისი წევრების საქმიანობის ორგანიზაციული, ტექნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო უზრუნველყოფის მიზნით.

III. ბიუროს მართვა და პერსონალი

5. ბიუროს დირექტორია საკოორდინაციო საბჭოს მდივანი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს დებულებით განსაზღვრული წესით.

6. საბჭოს მდივანი – ბიუროს დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და მართავს ბიუროს საქმიანობას;

ბ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ბიუროს ქონებასა და ფინანსებს, პერსონალურად პასუხისმგებელია ბიუროს საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის;

გ) წარმოადგენს ბიუროს მესამე პირთან ურთიერთობაში;

დ) ადგენს ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშს უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენად;

ე) ამტკიცებს ბიუროს შინაგანაწესს;

ვ) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.

7. ბიუროს საშტატო განრიგს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

8. ბიუროს დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელიც მისი არყოფნის შემთხვევაში უძღვება ბიუროს საქმიანობას.

9. ბიუროს თანამშრომლებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს  და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს დირექტორი საბჭოს მიერ თითოეული კანდიდატურის განხილვის შედეგების გათვალისწინებით.

IV. ფინანსური უზრუნველყოფა

10. ბიუროს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

11. ბიუროს მიერ მიღებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ბიუროს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

12. წელიწადში ერთხელ ან მოთხოვნისთანავე ბიურო საბჭოს წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს.

V. სახელმწიფო კონტროლი

13. ბიუროს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს მეშვეობით.

14. ბიუროს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

VI. ბიუროს სტრუქტურა

15. ბიურო შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისაგან:

ა) ანტიკორუფციული პოლიტიკის მონიტორინგისა და ანალიზის ჯგუფი;

ბ) იურიდიული ჯგუფი;

გ) საერთაშორისო ურთიერთობის ჯგუფი;

დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი;

ე) ადმინისტრაციულ-ტექნიკური ჯგუფი.

VII. ლიკვიდაციის წესი და პირობები

16. ბიუროს ლიკვიდაცია ხდება  საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ბიუროს ლიკვიდაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

VIII. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის წესი

17. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

საქართველოს პრეზიდენტის 2001  წლის 8 მაისის ბრძანებულება №187-სსმIII,№50,10.05. 2001წ., მუხ.364

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №131, 13.04.2001, სარეგისტრაციო კოდი 010340000.05.002.001034 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1253880-1/