საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.08.2007 ძალადაკარგული 26.11.2009
გამომცემი ორგანო
ნომერი
№483
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.004478
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 120, 24/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №483

2007 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

1. ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 57-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანდართული დებულება.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 16 მაისის ბრძანებულება №259-სსმIII,№73,16.05.2008წ., მუხ.791

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 16 ივლისის №354 ბრძანებულება;

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 16 სექტემბრის №371 ბრძანებულება.

3. ბრძანებულება ამოქმედდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2007 წლის 29 ივნისის საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულებისთანავე.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 16 მაისის ბრძანებულება №259-სსმIII,№73,16.05.2008წ., მუხ.791

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის სტატუსი და საქმიანობის საფუძველი

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური (შემდეგში – სამსახური) არის საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. სამსახური დამოუკიდებელი ორგანოა და თავის საქმიანობაში არ ექვემდებარება არც ერთ სხვა ორგანოს და თანამდებობის პირს. სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

3. სამსახური საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, თავისი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობებში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.

4. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

5. სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და დასახელებით.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 16 მაისის ბრძანებულება №259-სსმIII,№73,16.05.2008წ., მუხ.791

თავი II

სამსახურის მიზნები და ფუნქციები

    მუხლი 2. სამსახურის მიზნები

სამსახურის მიზნებია:

ა) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობა;

ბ)(ამოღებულია);

გ)(ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 16 მაისის ბრძანებულება №259-სსმIII,№73,16.05.2008წ., მუხ.791

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, სამსახური:

ა) შესაბამის საზედამხედველო ორგანოსთან შეთანხმებით ადგენს საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების ფორმას;

ბ) განსაზღვრავს და მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების საეჭვოობის დადგენის მიზნით აწვდის მათ ინფორმაციას (ჩამონათვალს, მითითებებს და ა.შ.) საეჭვო გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ;

გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების გამოვლენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისაგან მოითხოვს დამატებით ინფორმაციას და მათ ხელთ არსებულ დოკუმენტებს (ორიგინალი ან ასლი), მათ შორის, კონფიდენციალურს, ნებისმიერი გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ;

დ) საზედამხედველო ორგანოებს აწვდის ინფორმაციას შესაბამისი რეაგირებისათვის;

ე) გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და გადაცემის, პირის იდენტიფიკაციის წესისა და პირობების შესახებ;

ვ) მონაწილეობს ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელი და მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და განხილვაში;

ზ) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით აგზავნის შეკითხვებს და იღებს ინფორმაციას ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან ან დაწესებულებიდან, აგრეთვე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს;

თ) მიმართავს სასამართლოს ქონების (საბანკო ანგარიშის) დაყადაღების ან გარიგების (ოპერაციის) შეჩერების მიზნით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონება (გარიგების თანხა) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტერორიზმის დასაფინანსებლად (ასეთ შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს);

ი) ქმნის საინფორმაციო ქსელს, ახორციელებს მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციას და ანალიზს, უზრუნველყოფს შესაბამის მონაცემთა აღრიცხვის ბაზის შექმნას და ფუნქციონირებას;

კ) შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში, რომ გარიგება საეჭვოა და ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით, დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ორგანოსაგან ან პირისაგან ნებართვის მიღების გარეშე, გადასცემს ამ ინფორმაციას (მათ შორის, კონფიდენციალურს) და თავის ხელთ არსებულ სათანადო მასალებს საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს;

ლ) შეისწავლის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულების მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს შესაბამის საკანონმდებლო წინადადებებს, რომლებიც უზრუნველყოფს კანონის მიზნის მიღწევას;

მ) ახორციელებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.

2. (ამოღებულია).

3. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 16 მაისის ბრძანებულება №259-სსმIII,№73,16.05.2008წ., მუხ.791

თავი III

სამსახურის მართვა

    მუხლი 4. სამსახურის მართვა და სტრუქტურა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოსთან შეთანხმებით 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. (ამოღებულია).

3. (ამოღებულია).

4. სამსახურის უფროსი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება, თუ:

ა) დაუშვა სერიოზული სამსახურებრივი გადაცდომა;

ბ) ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად ცნობის გამო;

გ) ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული.

5. სამსახურის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე. სამსახურის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.

6. (ამოღებულია).

7. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე.

8. სამსახურის უფროსის მოადგილე ახორციელებს სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ ფუნქციებს და უზრუნველყოფს სამსახურისათვის ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას, აკონტროლებს სამსახურის უფროსის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების მიმდინარეობას.

9. სამსახურის უფროსი კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიული ხასიათის ბრძანებას.

10. სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

11. სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.

12. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება სამსახურის უფროსს.

13. სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შორის;

ბ) აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებულ უფლებამოსილებათა კონტროლს;

დ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების შესახებ.

14. სამსახურის სტრუქტურული ერთეულის კომპეტენცია, ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის უფროსი.

15. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ანალიტიკური სამმართველო;

ბ) ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების სამმართველო;

გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო;

დ) მეთოდოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების და იურიდიული სამმართველო;

ე) ადმინისტრაციული სამმართველო.

16. სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ-ლებს სამსახურის უფროსი.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 16 მაისის ბრძანებულება №259-სსმIII,№73,16.05.2008წ., მუხ.791

თავი IV

სამსახურის ქონება, დაფინანსება და ანგარიშგება

    მუხლი 5. სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

სამსახურს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებით, ტექნიკური საშუალებებით, სხვა ქონებითა და ფინანსური სახსრებით უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკი.

    მუხლი 6. სამსახურის დაფინანსება

1. სამსახურის უფროსის წარდგინებით სამსახურის ბიუჯეტს ყოველწლიურად ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო. სამსახურის მიმდინარე ხარჯები არ შეიძლება იყოს წინა წელს დამტკიცებულ დაფინანსებაზე ნაკლები. სამსახურის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის დაფინანსებასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით. თუ ეროვნული ბანკის საბჭო არ დაამტკიცებს სამსახურის ბიუჯეტს, სამსახურის დაფინანსება განხორციელდება სამსახურისათვის წინა წელს დამტკიცებული დაფინანსების ოდენობით.

2. სამსახურის დაფინანსების წყაროებია:

ა) სამსახურის ბიუჯეტი;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლები.

    მუხლი 7. პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნები  

1. სამსახური მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეროვნულ ბანკს.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს სამსახურისათვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის კონტროლს, სამსახურის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შემოწმებას.

3. სამსახური საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოსა და საქართველოს პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ, მომდევნო საანგარიშო წლის 1 მაისამდე წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.

თავი V

ლიკვიდაცია

    მუხლი 8. სამსახურის ლიკვიდაცია

1. სამსახურის ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს სამსახურის უფროსიც.

2. ლიკვიდატორის საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.

    მუხლი 9. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება

სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება უბრუნდება საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

თავი VI

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

    მუხლი 10. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №483, 23.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.004478 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1257580-1/