მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.12.2006 ძალადაკარგული 19.02.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№241
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 172, 22/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №241

2006 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დამტკ ი ცდეს „მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ” თანდართული ინსტრუქცია.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 აპრილის დადგენილება №81, სსმIII, №56, 23.04.2007წ., მუხ.614

2.საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №209-სსმIII, №134, 26.09.2007წ., მუხ.1458

3.საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №266-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.1967

ინსტრუქცია

მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ამ ინსტრუქციის მიზანია მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების, მოთხოვნებისა და პირობების დაცვა.

2. ინსტრუქციის მიზნებისათვის საქართველოს მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის კატეგორიას, რომლის მიმართ გამოყენებულია იმპორტის საბაჟო გადასახდელებზე საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათები, მიეკუთვნება:

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ე“, „ზ“, „ი“, „შ“ და „ჯ“ ქვეპუნქტებში, 233-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებში და 265-ე მუხლის „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი;

ბ) „საბაჟო ტარიფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი;

გ) „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 აპრილის დადგენილება №81, სსმIII, №56, 23.04.2007წ., მუხ.614

    მუხლი 2. მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას. საბაჟო ორგანო ახორციელებს ასეთი საქონლის, მასთან დაკავშირებული პირების, სატრანსპორტო საშუალებებისა და მისი თანმხლები დოკუმენტების საბაჟო კონტროლს შესაბამისი საბაჟო პროცედურების დაცვით.

2. ინსტრუქციის მიზნებისათვის საქართველოში მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის კატეგორიას, რომლის მიმართ გამოყენებულია იმპორტის საბაჟო გადასახდელებზე საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათები, მიეკუთვნება:

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ე“, „ზ“, „ი“, „შ“ და „ჯ“ ქვეპუნქტებში, 233-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებში, 265-ე მუხლის „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებსა და 270​5 მუხლის „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ნ“, „ო“ და „პ“ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი;

ბ) „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი.

3. მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლისათვის საბაჟო-საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე შეღავათების გამოყენების პირობას წარმოადგენს:

ა) ჰუმანიტარული დახმარების სტატუსისა და გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი დასკვნა;

ბ) სხვა შემთხვევებში:

ბ.ა) უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ქონების იმპორტის დროს – დიპლომატიური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.ბ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტის დროს – აღნიშნული კანონის მიხედვით საოპერაციო კომპანიის (ინვესტორის) მიერ გაცემული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტის დროს – აღნიშნული კანონის მიხედვით საოპერაციო კომპანიის (ინვესტორის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;

ბ.დ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს – აღნიშნული კანონის მიხედვით საოპერაციო კომპანიის (ინვესტორის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;

ბ.ე) საერთაშორისო საავიაციო ან/და საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტის დროს – ბორტზე ფაქტობრივად მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნული იქნება თითოეული რეისის განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებული საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების რაოდენობა და ღირებულება;

ბ.ვ) საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროს იმპორტის დროს – საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ოქროს გადაცემის დამადასტურებელი, ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;

ბ.ზ) განძეულობის, ჩამორთმეული ან/და უპატრონო საქონლის იმპორტის დროს – აღნიშნული საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის ბიუჯეტში შეტანის დამადასტურებელი სახელმწიფო ხაზინის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;

ბ.თ) ელექტროენერგიის წარმოებისათვის ბუნებრივი აირის იმპორტის დროს – თბოელექტროსადგურების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;

ბ.ი) მისართების, გამხსნელების, ანტიდეტონატორების იმპორტის დროს, როდესაც ისინი არ გამოიყენება აქციზური საქონლის წარმოებისათვის – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტი.

    მუხლი 3. საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებული გამონაკლისები

1. თუ საქონელი მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში, იგი რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ. საბაჟო ზედამხედველობა დასრულდება, თუ:

ა) შესრულდება მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პირობა;

ბ) საქონელი დეკლარირებული იქნება ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გამოსაყენებლად;

გ) საქონელი განადგურდება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად;

დ) თუ გადახდილ იქნა იმპორტის გადასახდელების შესაბამისი თანხა საქართველოს საბაჟო კოდექსის 193-ე მუხლის გათვალისწინებით.

2. მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული ჰუმანიტარული დახმარების მიზნით შემოტანილი საქონლის ქვეყნის შიდა სივრცეში მიზნობრივად გამოყენების მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. მასვე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარედგინება ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის ანგარიშები და შესაბამისი განმარტებები საქონლის მიზნობრივად გამოყენების თაობაზე.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“, „შ“ და 265-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტებში, „საბაჟო ტარიფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „თ“ და „ო“ ქვეპუნქტებსა და „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საქონლის (უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით), პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ქონების, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების მიზნობრივი გამოყენების კონტროლს ქვეყნის სივრცეში ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის XV და XVI თავების შესაბამისად.

4. საქონლის მიზნობრივად გამოყენების დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე საბაჟო ორგანოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის წერილობითი შეტყობინებების მიღების დღიდან მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი ითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან გასულად.

5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ე“ და „ჯ“ ქვეპუნქტებში, 233-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებში, 265-ე მუხლის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში, „საბაჟო ტარიფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტში მითითებული საქონლის (საერთაშორისო საავიაციო ან/და საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების; საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროს; განძეულობის, ჩამორთმეული ან/და უპატრონო საქონლის; ელექტროენერგიის წარმოებისათვის ბუნებრივი აირის; მისართების, გამხსნელების, ანტიდეტონატორების) მიზნობრივი გამოყენების კონტროლს ახორციელებს და ამ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების საკითხს წყვეტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ტერიტორიული საბაჟო ორგანოები მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

6. დაუშვებელია მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონლის სხვა მიზნით გასხვისება, დაგირავება, გასესხება ან სხვა დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად მისი გადაცემა, აგრეთვე სხვა პირის სარგებლობაში გადაცემა ან გამოყენება. იმპორტის გადასახდელების გადახდის შემთხვევაში ეს აკრძალვა არ ვრცელდება.

7. თუ მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნული შესაბამის საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ დამოწმებული საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 აპრილის დადგენილება №81, სსმIII, №56, 23.04.2007წ., მუხ.614

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №266-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.1967

    მუხლი 4. მიზნობრივი დანიშნულების სტატუსის გაუქმება

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქონლისათვის მიზნობრივი სტატუსის (ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი, გრანტის სტატუსი) გაუქმებას წერილობით აცნობებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.

2. თუ არ შესრულდება და შეიცვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“, „შ“, 265-ე მუხლის „ვ“ და 270​5 მუხლის „თ“ და „ო“ ქვეპუნქტებსა და „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საბაჟო-საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საქონლის მიზნობრივი გამოყენების პირობები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი წერილობით შეტყობინებას უგზავნის შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი საქონლის მიზნობრივად გამოყენების პირობების შეუსრულებლობის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის წერილობითი შეტყობინებების საფუძველზე იღებს საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების შესაბამისი ოპერაციის განხორციელების ზომებს.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 აპრილის დადგენილება №81, სსმIII, №56, 23.04.2007წ., მუხ.614

    მუხლი 5. საქონლისათვის მიზნობრივი სტატუსის მოხსნის შემდეგ მისაღები ზომები

1. საქონლისათვის მიზნობრივი გამოყენების სტატუსის მოხსნის შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულისა:

ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დატოვების შემთხვევაში იგი უნდა მოექცეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტი) საბაჟო რეჟიმში, რის შედეგადაც მიენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი, დაიბეგრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან გასულად;

ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ბ.ა) თუ საქონელს მიზნობრივი სტატუსი მოეხსნა საქონლის მფლობელის მიერ შესაბამისი პირობების დარღვევის შედეგად, საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დღიდან, ამასთან, გადასახდელ საბაჟო გადასახდელებს უნდა გამოაკლდეს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დროს გადახდილი გადასახდელების ოდენობა;

ბ.ბ) თუ საქონელს მიზნობრივი სტატუსი (კერძოდ გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი) მოეხსნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, საქონლის მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, საბაჟო ვალდებულებები წარმოიშობა საქონლისათვის აღნიშნული სტატუსის მოხსნის დღიდან და იმპორტის დროს გადასახდელ საბაჟო გადასახდელებს უნდა გამოაკლდეს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დროს გადახდილი გადასახდელების ოდენობა.

2. ექსპორტის შემთხვევაში საქონელი მოექცევა ექსპორტის საბაჟო რეჟიმში და ჩაითვალება საბაჟო ზედამხედველობიდან გასულად.

3. თუ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით მიღებულ იქნა საქონლის განადგურების გადაწყვეტილება, იგი უნდა განხორციელდეს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით დადგენილი დებულებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

4. „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრო-ბათაშორისო ხელშეკრულებით და „საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ“ 2001 წლის 12 ოქტომბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის მიწოდების (გარდა მითითებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში მიწოდებისა) შემთხვევაში მოიხსნება საქონლისათვის მიზნობრივი სტატუსი. ამასთან, არ დაირიცხება და გადაიხდება საბაჟო გადასახდელები და მყიდველის მიერ გადახდილი ან გადასახდელი დღგ, მაგრამ არანაკლებ დადგენილი განაკვეთისა, რომელიც დარიცხულია კომპენსაციის ფაქტობრივ თანხაზე, გადაიხდება გამყიდველის მიერ ამ საქონლის მიწოდების სანაცვლოდ მიღებული კომპენსაციიდან და გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ლარობით 15 დღის განმავლობაში, იმ თვის დამთავრებიდან, როდესაც მოხდა საქონლის მიწოდება ან განაღდება, იმის გათვალისწინებით, რომელი უფრო ადრე მოხდა. თუ იმპორტირებული საქონელი, რომელიც დაიბეგრებოდა დღგ-ით ამ პუნქტის შესაბამისად, გასხვისებულია ნულოვანი ღირებულებით სახელმწიფო ორგანოებზე, დღგ არ გადაიხდება.

5. თუ მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონელი გასხვისებულ იქნა სხვა პირზე, რომელიც საქონელს იყენებს ისეთი მიზნობრივი დანიშნულებით, რისთვისაც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევისას იმპორტის გადასახდელებზე გამოყენებული იქნებოდა შეღავათები, მაშინ აღნიშნულ საქონელზე ისევ გავრცელდება აღნიშნული შეღავათები და ახალი მიზნობრივი დანიშნულებით დარჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 აპრილის დადგენილება №81, სსმIII, №56, 23.04.2007წ., მუხ.614

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №209-სსმIII, №134, 26.09.2007წ., მუხ.1458

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №266-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.1967

    მუხლი 6. საქონლის სხვა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება

ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებში მითითებულის გარდა, საქონლის სხვა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების შემთხვევაში საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულება განისაზღვრება საბაჟო დამუშავების შესაბამისი ოპერაციისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი დებულებების შესაბამისად.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №241, 20.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1276720-3/