საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.05.2004 ძალადაკარგული 22.02.2008
გამომცემი ორგანო
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 56, 03/06/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №43

2004 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი              

ზ. ჟვანია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №109 - სსმ III, №132, 16.11.2004 წ., მუხ.1161

2. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის დადგენილება №23 - სსმ III, №13, 04.02.2005 წ., მუხ.136

3. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №133 - სსმ III, №95, 15.08.2005 წ., მუხ.1082

4. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №225 - სსმ III, №145, 14.12.2005 წ., მუხ.1617

5. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №15 - სსმ III, №8, 23.01.2006 წ., მუხ.69

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.

3. სამინისტრო ხელმძღვანელობს ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, რეპატრიანტთა, სტიქიით დაზარალებულთა და სხვა მიგრანტთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის, მიგრაციის კონტროლისა და განსახლების სფეროს; პასუხს აგებს მინდობილი სფეროს მდგომარეობისა და განვითარებისათვის. იგი სახელმწიფო დავალებათა შესრულებისა და დასახულ სხვა ამოცანათა გადაწყვეტის მიზნით შეიმუშავებს და ახორციელებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას.

4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე, რომელიც ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.

5. სამინისტროს სისტემაშია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებები.

6. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. მას აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

7. სამინისტროს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, 0108, რუსთაველის გამზირი №28.

    მუხლი 2. სამინისტროს ამოცანები

სამინისტროს ამოცანებია:

ა) საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბება და ამ სფეროში ხელისუფლების აღმასრულებელ ორგანოებთან ურთიერთშეთანხმებული საქმიანობა;

ბ) ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, დევნილთა, რეპატრიანტთა, საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული მიგრაციული ნაკადების რეგულირება, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზება, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნა და სოციალური დაცვა;

გ) მიგრანტთა კატეგორიების დადგენა;

დ) ლტოლვილთა, დევნილთა და დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების ორგანიზება და ხელშეწყობა, სათანადო სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა;

ე) მიგრაციული ნაკადების აღრიცხვა, მართვა და კონტროლი;

ვ) დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან მუდმივი კონტაქტის დამყარება;

თ) საერთაშორისო (სამთავრობო და არასამთავრობო) ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისათვის ხელშეწყობა.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №225 - სსმ III, №145, 14.12.2005 წ., მუხ.1617

    მუხლი 3. სამინისტროს ფუნქციები

სამინისტროს ფუნქციებია:

ა) თავის ძირითად ამოცანათა ფარგლებში საქმიანობის სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება, საქართველოს მთავრობისათვის წინადადებებისა და პროექტების წარდგენა, მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) მიგრანტთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ცენტრალურ ორგანოებთან ერთად სამართლებრივი ბაზის მომზადება;

გ) აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად მიგრანტთა მიღება-განსახლების, გადაუდებელი დახმარების, დასაქმებისა და ადაპტაცია-ინტეგრაციის ორგანიზება;

დ) მიგრანტთათვის განკუთვნილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მათი შესრულების კონტროლი;

ე) ლტოლვილთა, დევნილთა, დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ორგანიზება და ამ მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ვ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ცენტრალურ ორგანოებთან ერთად ლტოლვილთა და დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვის მიზნით საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადებაში მონაწილეობა;

ზ) საქართველოს სახელით საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობა და სათანადო ინფორმაციის გავრცელება.

    მუხლი 4. სამინისტროს უფლებამოსილებანი

სამინისტრო უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს სამინისტროს საქმიანობის გეგმები და მათი შესრულებისათვის უზრუნველყოს საჭირო ფულადი და სხვა სახსრების გაცემა;

ბ) მართოს თავის სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონება;

გ) შეიმუშაოს სამინისტროს საშტატო ნუსხა და განახორციელოს მოხელეთა სწავლების ორგანიზება;

დ) სახელმწიფო და სხვა ორგანოებისაგან, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან, თანამდებობის პირებისაგან გამოითხოვოს სამინისტროსათვის დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტაცია და მასალა;

ე) სათანადო ორგანოებში შეიტანოს წარდგინება უკანონო მიგრანტთა გაძევების შესახებ;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს და მიიღოს ნორმატიული ხასიათის აქტები და მოითხოვოს მათი შესრულება;

ზ) დასახულ ამოცანათა გადაწყვეტისათვის გაანაწილოს მიზნობრივად გამოყოფილი ფინანსური სახსრები და მატერიალური საშუალებები;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკება და დადოს ხელშეკრულებები როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ი) განიხილოს მოქალაქეთა და მიგრანტთა წერილები, საჩივრები, წინადადებები და განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები;

კ) მოიწვიოს სხვადასხვა სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები, მოაწყოს სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები, საქველმოქმედო აქციები, თავად მიიღოს მონაწილეობა ანალოგიურ ღონისძიებებში, დაამყაროს საქმიანი ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან;

ლ) დადგენილი წესით გამოსცეს თავისი საქმიანობის ამსახველი ჟურნალები, ბიულეტენები და სხვა ბეჭდვითი მასალები.

    მუხლი 5. მინისტრი

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;

გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს.

ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;

ვ) ადგენს სამინისტროს სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;

ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;

თ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;

ი) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;

ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

მ) დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;

ნ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს;

ო) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს შორის;

პ) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი;

ჟ) აწარმოებს მოქალაქეთა პირად მიღებას;

რ) კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტის ან მთავრობის დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს;

ს) თავისი მმართველობის სფეროში ქმნის კომისიებსა და საბჭოებს სათათბირო უფლებით და განსაზღვრავს მათ მოვალეობებსა და საქმიანობის წესს;

ტ) ასრულებს მისთვის კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №15 - სსმ III, №8, 23.01.2006 წ., მუხ.69

    მუხლი 6. მინისტრის მოადგილეები

1. მინისტრს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის – ერთი პირველი, რომელთაც მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და საქართველოს მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის დადგენილება №23 - სსმ III, №13, 04.02.2005 წ., მუხ.136

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №225 - სსმ III, №145, 14.12.2005 წ., მუხ.1617

    მუხლი 7. სამინისტროს სტრუქტურა

1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანები, ხელმძღვანელობა, მის შემადგენლობაში არსებული შიდა სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი ამოცანები, თანამდებობათა ჩამონათვალი, ქვემდებარეობა და შენაცვლების წესი, აგრეთვე საკუთარი ბლანკის არსებობა და მისი გამოყენების წესი განისაზღვრება შესაბამისად ამ დებულებითა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

2. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. იგი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.

3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:

ა) შიდა დაყოფის მიხედვით ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

ბ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;

გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) ანგარიშვალდებულია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის;

ე) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავის მოვალეობათა შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;

ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;

თ) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

ი) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.

4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

ა) მინისტრის აპარატი;

ბ) საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

გ) იურიდიული დეპარტამენტი;

დ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

ე) დევნილთა საკითხების დეპარტამენტი;

ვ) მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტი;

ზ) შიდა კონტროლის სამმართველო.

5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს სამმართველოებად, განყოფილებებად და სამსახურებად, რომელთა ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

6. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:

ა) აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო;

ბ) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველო;

გ) ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის სამმართველო;

დ) შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველო.

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №109 - სსმ III, №132, 16.11.2004 წ., მუხ.1161

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის დადგენილება №23 - სსმ III, №13, 04.02.2005 წ., მუხ.136

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №225 - სსმ III, №145, 14.12.2005 წ., მუხ.1617

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №15 - სსმ III, №8, 23.01.2006 წ., მუხ.69

    მუხლი 8. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები

1. მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანებია:

ა) მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოების ორგანიზება;

გ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;

დ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ე) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

ვ) წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენა მათი დანიშნულებისამებრ წარდგენის მიზნით;

ზ) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

თ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და დანიშნულებისამებრ მიწოდება;

ი) სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა, მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება;

კ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

2. საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშვება;

ბ) საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ხარჯთა ნუსხის შედგენა;

გ) სამინისტროს ფუნქციონირების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

დ) ადამიანური რესურსების მართვის ორგანიზების ხელშეწყობა;

ე) სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის კომპიუტერული მომსახურება, დამუშავება, დაცვა.

3. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

ბ) თანამშრომლებისათვის სამსახურებრივ საკითხებზე იურიდიული კონსულტაციების გაწევა;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში;

დ) მინისტრის მოადგილის – საპარლამენტო მდივნის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა;

ე) სამინისტროში მომზადებული დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) სამინისტროში კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის წარმართვის უზრუნველყოფა;

ზ) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება;

თ) საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციის ორგანიზება;

ი) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის პროცედურების ორგანიზება.

4. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვა;

ბ) სამინისტროს საგარეო ურთიერთობების კოორდინაცია და განვითარება;

გ) არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობები;

დ) საერთაშორისო ურთიერთობათა პრინციპებიდან გამომდინარე სათანადო წინადადებებისა და მექანიზმების შემუშავება სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით;

ე) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა ანალიზი;

ვ) ქართულ დიასპორასთან ურთიერთობების დამყარება-წარმართვის ხელშეწყობა.

5. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაცია, დევნილის სტატუსის მინიჭება, შეჩერება, შეწყვეტა, ჩამორთმევა და აღდგენა;

ბ) დევნილთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი და მის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დევნილი მოსახლეობის მიღება, გადაუდებელი დახმარების გაწევისა და დროებითი განსახლების ორგანიზება;

დ) დევნილთა დასაქმების, ადაპტაციის, სოციალური დაცვის ხელშემწყობი პირობების შექმნა და შესაბამისი პროგრამებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ე) დევნილთა დაბრუნების ორგანიზებისა და რეაბილიტაცია-ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;

ვ) დევნილთა რეაბილიტაცია-ადაპტაციის სფეროში სახელმწიფო და სხვა პროგრამებისა და მიმდინარე სამუშაოთა შესრულების კონტროლი და ანალიზი თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

6. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სტიქიური მოვლენებით გამოწვეული შიდა მიგრაციული პროცესების მართვა;

ბ) სტიქიასაშიში რეგიონებიდან მოსალოდნელი მიგრაციის პროგნოზირება და განსახლების პროგრამების განხორციელება;

გ) შიდა და გარე მიგრაციის პოლიტიკის განსაზღვრა და მისი განხორციელების შესახებ წინადადებებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

დ) საქართველოს ტერიტორიაზე იმიგრაციულ-ემიგრაციული პროცესების მონიტორინგი და კონტროლი;

ე) კომპეტენციის ფარგლებში მიგრანტთა ინსპექტირება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში უკანონო მიგრაციის აღკვეთის მიზნით სათანადო რეაგირება;

ზ) შრომითი და მიგრაციული პროცესების ხელშეწყობა და ნებაყოფლობით დაბრუნებულთა სარეაბილიტაციო და სხვა პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

თ) საქართველოში იძულებით შემოსული უცხოელების აღრიცხვა-რეგისტრაცია, მათი სამართლებრივი მდგომარეობის დადგენა, სათანადო სტატუსის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დოკუმენტაციის მომზადება;

ი) ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა;

კ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოდან დეპორტირებულ პირთა იდენტიფიკაციის, რეპატრიაციის, ადაპტაცია-რეინტეგრაციის პროცესის წარმათვა-კოორდინაცია და ამ მიზნით სათანადო პროგრამებისა და წინადადებების მომზადება.

7. შიდა კონტროლის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს საჯარო მოხელეთა მიერ კანონიერებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლი, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი მოკვლევა, ამ ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და ინფორმაციის შემოწმება და შესაბამისი დასკვნის მომზადება;

ბ) მინისტრის დავალების საფუძველზე კონკრეტულ საკითხთა შემოწმებების განხორციელება და შესაბამისი დასკვნების მომზადება.

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №109 - სსმ III, №132, 16.11.2004 წ., მუხ.1161

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის დადგენილება №23 - სსმ III, №13, 04.02.2005 წ., მუხ.136

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №133 - სსმ III, №95, 15.08.2005 წ., მუხ.1082

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №225 - სსმ III, №145, 14.12.2005 წ., მუხ.1617

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №15 - სსმ III, №8, 23.01.2006 წ., მუხ.69

მუხლი 8​1. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობათა საქართველოს ცენტრი.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №15 - სსმ III, №8, 23.01.2006 წ., მუხ.69

    მუხლი 9. მინისტრის სათათბირო ორგანოები

1. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას საბჭოები და კომისიები (შემდგომში – საბჭო) სათათბირო უფლებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.

2. საბჭო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა და მომსახურე სტრუქტურული ქვედანაყოფები.

3. საბჭოს წევრად შეიძლება დანიშნულ იქნეს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოსამსახურე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით. საბჭოს მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები.

4. თუ საბჭოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობიდან ნიშნავს საბჭოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.

5. საბჭოს საქმიანობასა და საბჭოს სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს მინისტრის აპარატი.

6. საბჭო უფლებამოსილია თავის წინაშე მდგომ ამოცანათა შესასრულებლად სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოებიდან გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები.

7. საბჭო ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

    მუხლი 10. სამინისტროს სიმბოლიკა

1. სამინისტროს აქვს მრგვალი, 50 მმ დიამეტრის ბეჭედი, რომლის ცენტრში გამოსახულია სახელმწიფო გერბი. რგოლის ზედა მხარეს არის წარწერა ,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო“.

2. სამინისტრო გამოიყენებს სახელმწიფო დროშას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შესასვლელის აბრაზე.

4. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.

    მუხლი 11. სამსახურებრივი ზედამხედველობა

1. მინისტრი კანონით დადგენილი წესით უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს თანამდებობის პირთა აქტებსა და მოქმედებას.

2. მინისტრი სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.

3. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №43, 29.05.2004, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1286523-5/