საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.04.2011 ბოლო ცვლილება 19.03.2026
ნომერი
№1-1/584
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016060
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110414009, 14/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (13)

შემდგომი ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/584

+

2011 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

+

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულება“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან.

ვ . ქობალია

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს

+

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

+

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.

2. სააგენტოს სრული დასახელებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს შემოკლებული დასახელება „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“.

3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით,  „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონებით,  ამ დებულებითა და  სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

4. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

6. სააგენტოს აქვს ემბლემა, მრგვალი ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №16, საფოსტო ინდექსი 0160.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 მაისის ბრძანება №1-1/782 - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 2 ივლისის ბრძანება №1-1/1399 - ვებგვერდი, 02.08.2012 წ.
 

    მუხლი 2. სააგენტოს  მიზნები, ფუნქციები  და  საქმიანობის საგანი

+

1 . სააგენტოს მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროს   ტექნიკური რეგულირება და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა.

2. სააგენტოს ფუნქციები და საქმიანობის საგანია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საქმიანობის განხორციელება;

ბ) სახმელეთო (საავტომობილო, სპეციალური) ტრანსპორტის დარგში (შემდგომ-დარგი) მასზე დელეგირებული, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება;

გ) დარგში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის (ბარგის) გადაზიდვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში და დასამტკიცებლად სამინისტროში წარდგენა;

დ) დარგში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ტექნიკური რეგლამენტების და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობა უფლებამოსილების ფარგლებში;

ე) დარგში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვების, სერტიფიკატების,  დაშვების მოწმობებისა და ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების გაცემა და ამ ნებართვებით, სერტიფიკატებით,  დაშვების მოწმობებით და ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათებით განსაზღვრული პირობების, დაცვის მონიტორინგი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) დარგის განვითარების, მისი საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა, მოქმედ პრიორიტეტულ საერთაშორისო კონვენციებთან, ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან მიერთებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობა;

ზ) დარგში სატრანსპორტო მიმოსვლასა და უსაფრთხოებასთან  დაკავშირებული საქართველოს სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სახელმწიფო კონცეფციებისა და პროგრამების პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

თ)  ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ორგანოების უზრუნველყოფა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობების ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის ფირნიშების ბლანკებით, კანონმდებლობით დადგენილ წესით; 

ი) სახმელეთო სატრანსპორტო ბაზრის გამართული და სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა, ეროვნულ გადამზიდველთა და მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა უფლებამოსილების ფარგლებში; 

კ) ეროვნული რეაგირების გეგმის შესაბამისად, დარგობრივი რეაგირების გეგმის შემუშავება;

ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსით სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა განხილვა;

ლ​1) სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, აღრიცხვა, ანალიტიკური დამუშავება და ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფორმირება;

ლ​​2) სააგენტოს სერვისებთან დაკავშირებული სატელეფონო და ონლაინკომუნიკაციის საშუალებებით საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა და საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება; 

ლ​3) „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი კვალიფიკაციისა და პერიოდული გადამზადების სასწავლო ცენტრებისთვის სტატუსის მინიჭება;

ლ​4) სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის კვალიფიკაციის მინიჭება;

მ) სამინისტროს ცალკეული დავალებების აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2​1. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით ისე, რომ არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე, დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი/დივიდენდები გამოიყენება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისათვის.

3. სააგენტო თავისი ფუნქციების   განხორციელებისას თანამშრომლობს საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №1-1/1539 - ვებგვერდი, 18.08.2011 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 2 ივლისის ბრძანება №1-1/1399 - ვებგვერდი, 02.08.2012 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №1-1/257 - ვებგვერდი, 18.09.2014 წ.

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №1-1/345 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 19 აპრილის ბრძანება №1-1/158 - ვებგვერდი, 20.04.2021 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №1-1/446 - ვებგვერდი, 21.10.2022 წ.

    მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა

+

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

2. სააგენტოს დირექტორი:

ა) წარმოადგენს სააგენტოს;

ბ) კანონმდებლობისა და ამ დებულების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს  და ერთპიროვნულად წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის სააგენტოს  უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;

დ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს), იღებს გადაწყვეტილებას (დადგენილებას) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;

ე) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგსა და თანამდებობრივ სარგოებს;

ზ) სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;

ი) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

კ) იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ. მათ შორის, უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით სააგენტოში დასაქმებულ პირებზე მატერიალური წახალისების სახით გასცეს პრემია;

კ​1) (ამოღებულია - 21.10.2022, №1-1/446);

ლ) სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს და ანიჭებს უფლებას სააგენტოს წარმომადგენლობაზე;

მ) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს სააგენტოს მზადყოფნას;

ნ) უზრუნველყოფს სააგენტოს თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;

ო) სააგენტოს სახელით აცხადებს კონკურსებს და ტენდერებს;

პ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;

ჟ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით წარადგენს  წინადადებებს;

რ) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ფუნქციების განსახორცილებელად. პასუხისმგებელია სააგენტოს ქონების და ფულადი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;

ს) ამტკიცებს სააგენტოს ემბლემას, ბეჭდების, შტამპებისა და  ბლანკების ნიმუშებს;

ტ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

უ) უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით სააგენტოში დასაქმებულ პირებზე დააწესოს დანამატი, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს  ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის.

3. სააგენტოს დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის , ერთი პირველი. მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით.

4. მოადგილეები სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით კურირებენ სააგენტოში მათთვის მიკუთვნებულ სფეროს. მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.

5. სააგენტოს დირექტორის დავალებით მოადგილეები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილების გარდა, ასევე ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.

6. სააგენტოს დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №1-1/256 - ვებგვერდი, 18.09.2014 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №1-1/257 - ვებგვერდი, 18.09.2014 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 25 თებერვლის ბრძანება №1-1/82 - ვებგვერდი, 28.02.2022 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №1-1/446 - ვებგვერდი, 21.10.2022 წ.

    მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა

+

1. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საფინანსო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ა.ა) საფინანსო და შესყიდვების სამმართველო;

ა.ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

ა.გ) საქმისწარმოების სამმართველო;

ბ) საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი;

ბ.ა) სატვირთო გადაზიდვების სამმართველო;

ბ.ბ) სამგზავრო გადაყვანების სამმართველო;

გ) ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახური;

დ) მონიტორინგის სამსახური;

ე) ანალიტიკური სამსახური;

ვ) მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ვ.ა) ქ. თბილისის რეგიონული განყოფილება;

ვ.ბ) ქ. ბათუმის რეგიონული განყოფილება;

ვ.გ) ქ. ფოთის რეგიონული განყოფილება;

ზ) საკვალიფიკაციო ცენტრი;

თ) იურიდიული სამსახური;

ი) შიდა კონტროლის  სამსახური.

2. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი.

3.  სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ვიზირებას უკეთებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) სააგენტოს დირექტორის ან/და სააგენტოს დირექტორის მოადგილეების დავალებით ასრულებს სხვა დავალებებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №1-1/1539 - ვებგვერდი, 18.08.2011 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 19 აპრილის ბრძანება №1-1/158 - ვებგვერდი, 20.04.2021 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 25 თებერვლის ბრძანება №1-1/82 - ვებგვერდი, 28.02.2022 წ.

    მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები

+

1. საფინანსო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი შედგება საფინანსო და შესყიდვების, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოებისაგან და მისი ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოს საკადრო საკითხების რეგულირება, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და რეგისტრაცია;

გ) სააგენტოს თანამშრომელთა თანამდებობრივი გადაადგილების ან/და წახალისების  თაობაზე მასალების მომზადება;

დ) სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფა; სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტების და სააგენტოში შემოსული და გასული  კორესპონდენციის რეგისტრაცია, აგრეთვე  საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერა;

ე) სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;

ვ) საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვა; ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ზ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა, დელეგირების შემთხვევაში სასაწყობე მატერიალური ფასეულობების გაცემა;

თ) სააგენტოს ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება;

ი) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესყიდვების პროცედურების განხორციელება და განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშების მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად;

კ) საარქივო მასალების შენახვა, არქივის წარმოება;

ლ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობა, სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დაინტერესებულ პირებზე ინფორმაციის მიწოდება, მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებების მეშვეობით სააგენტოში მიმდინარე პროცესებისა და სააგენტოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;

მ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ნ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებში და მათ ორგანიზებაში მონაწილეობა. უცხო ქვეყნის დელეგაციების შეხვედრა-გაცილება, მათ გადაადგილებაში თანხლება, შესაბამისი დოკუმენტების შედგენა და მათი შენახვა, მიღებების ორგანიზება და მათში მონაწილეობა;

ო) საომარ ან/და საგანგებო სიტუაციაში სატვირთო და სამგზავრო ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად „მობილიზაციის შესახებ“ და „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებაში  მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

პ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

2. საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი შედგება სატვირთო გადაზიდვებისა და სამგზავრო გადაყვანების სამმართველოებისაგან და მისი ფუნქციებია:

ა) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის და საერთაშორისო ხელშეკრულებების (შეთანხმებების) საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვების და  საერთაშორისო საავტომობილო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვების გაცემასთან (გადაცემასთან), მათში ცვლილებების შეტანას ან გაუქმებასთან დაკავშირებული საქმიანობა, საერთაშორისო საავტომობილო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი გადამზიდველების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა, ხელშემკვრელ მხარესთან წარსადგენი რეკომენდაციების მომზადება, ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების რეკომენდაციების განხილვა, დოკუმენტაციის შეთანხმება-დამოწმება, შესაბამისი სანებართვო რეესტრის წარმოება; 

ბ) საავტომობილო გადაყვანა – გადაზიდვების სფეროში ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების, საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში. საჭიროების შემთხვევაში მასალების მომზადება მათში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ;

გ) კომპეტენციის ფარგლებში საავტომობილო გადაყვანა – გადაზიდვის მარეგულირებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელებაში მონაწილეობა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) პარტნიორ ქვეყნებთან შეუფერხებელი საავტომობილო  მიმოსვლისათვის აუცილებელი პირობების ანალიზი, შესაბამისი ნებართვების ფორმების, ნებართვების რაოდენობისა და სახეების, სანებართვო კვოტების განსაზღვრის, გაცვლილი/მიღებული ნებართვების რაციონალური განაწილებისა და გამოყენების თაობაზე წინადადებების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

ე) საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის  და სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფორმების შემუშავებაში მონაწილეობა;

ვ) საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სფეროში სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებულ მონაცემთა ერთიანი კომპიუტერული საინფორმაციო ბანკის შექმნა;

ზ) საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების განმახორციელებელი გადამზიდველების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მარშრუტების, განრიგების, ტარიფების, შესასრულებელი რეისების პერიოდულობის და სიხშირის, აგრეთვე სამგზავრო ავტოსადგურების ადგილმდებარეობის, კლასებისა და მათთან დაკავშირებული მარშრუტების შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა;

თ) სააგენტოში შემოსული განცხადებების, აგრეთვე სატრანსპორტო პროცესის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობა უფლებამოსილების ფარგლებში;

ი) საავტომობილო გადაყვანა – გადაზიდვების სფეროში მეწარმეებისა და მომხმარებლების ინტერესების დაცვა კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიული კავშირი პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან; 

კ) საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების და სამგზავრო გადაყვანების სფეროში მოქმედ პრიორიტეტულ საერთაშორისო კონვენციებთან და შეთანხმებებთან მიერთებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობა და მიერთების შემდგომ გათვალისწინებული თანმხლები პროცედურებისა და საქმიანობის განხორციელება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ლ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებში, საექსპერტო კომისიების და ჯგუფების ორგანიზებასა და მუშაობაში მონაწილეობა;

მ) საავტომობილო გადაყვანა – გადაზიდვების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ორმხირივი/მრავალმხრივი შეთანხმებების ხელშემკვრელ მხარეებთან ურთიერთობა;

ნ) ხელშემკვრელ ქვეყნებთან საავტომობილო მიმოსვლის სფეროში შეხვედრების ორგანიზება/მონაწილეობა.

3. (ამოღებულია - 19.04.21 №1-1/158); 

4. ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციებია:

ა) გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის, ევროსაბჭოს და ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT)/საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) წესების, დირექტივებისა და რეზოლუციების, დარგში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT-ს სერტიფიკატების, სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის ან გაუქმების უზრუნველყოფა, შესაბამისი სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის ფირნიშის ბლანკების კანონმდებლობით დადგენილი წესით დამზადების ორგანიზებაში მონაწილეობა;

გ) ტაქოგრაფების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების საქმიანობის განმახორციელებელი სახელოსნოების (შემდგომ - სახელოსნოები) ნუსხაში შეტანის და ნუსხიდან ამოღების უზრუნველყოფა, ტაქოგრაფების დაყენებაზე, შემოწმებაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და შეკეთებაზე დაშვების მოწმობების გაცემა, სახელოსნოების უწყებრივი რეესტრის წარმოება;

დ) სახელოსნოების ხელმძღვანელობისაგან შესრულებული სამუშაოების შესახებ დადგენილი ფორმით ყოველწლიური ინფორმაციის მიღება და მათი საქმიანობის ანალიზი;

ე) სახელოსნოებისა და მექანიკოსების ნუსხის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელოსნოების მომსახურების მომხმარებლებისათვის და AETR-ის წევრი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოებისათვის, აგრეთვე მათთვის ოპერატიულად ინფორმაციის მიწოდების ორგანიზება ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა ან გაუქმების თაობაზე;

ვ) ეროვნული გადამზიდველების მიერ ECMT-ს სერტიფიკატების, განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვების მოწმობების, ციფრული ტაქოგრაფების ელექტრონული ბარათების გაყალბებისა ან არასწორად გამოყენების თაობაზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისა, ან ადგილობრივი უფლებამოსილი მაკონტროლებელი ორგანოებისაგან ინფორმაციის მიღებისას მისი განხილვა და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წინადადებების მიწოდება დამრღვევ პირზე გაცემული დოკუმენტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების და შემდგომში მასზე ახალი დოკუმენტების გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ;

ზ) სახმელეთო ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო კონცეფციებისა და პროგრამების პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

თ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებში, საექსპერტო კომისიების და ჯგუფების ორგანიზებასა და მუშაობაში მონაწილეობა;

ი) დარგში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის (ბარგის) გადაზიდვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში მასალების მომზადება მათში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ.  

4​1. მონიტორინგის სამსახურის ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში დარგში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მათი დარღვევისას ან/და ეროვნული გადამზიდველების მიერ დაშვებულ დარღვევებზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისაგან ინფორმაციის მიღებისას, დამრღვევ პირთა მიმართ საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;

ბ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების დადგენილ მოთხოვნებთან შესატყვისობის დამადასტურებელი ECMT-ს სერტიფიკატებით,  სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობებით და ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათებით განსაზღვრული პირობების დაცვის მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში და პირობების დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარების უზრუნველყოფა;

გ) სააგენტოში შემოსული განცხადებების, აგრეთვე სატრანსპორტო პროცესის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობა უფლებამოსილების ფარგლებში;

დ) სახმელეთო ტრანსპორტის დარგში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების და სამართალდამრღვევი მეწარმე სუბიექტების აღრიცხვის წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვა;

ე) AETR-ის შეთანხმებით დადგენილი პირობების შესრულებაზე, სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმებების შესახებ, სამინისტროსათვის დადგენილ ვადებში ინფორმაციის მიწოდება,  გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისათვის წარსადგენად.

4​2. ანალიტიკური სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის განვითარების გეგმის შემუშავება და მათი განხორციელების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

ბ) სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და მეწარმეთა აღრიცხვა;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება მეწარმე სუბიექტთა რეპუტაციის, ფინანსური სტაბილურობისა და კომპეტენტურობის შესწავლის მიზნით და შესაბამისი საინფორმაციო ბაზის ფორმირება;

დ) სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში არსებული რისკების შეფასება, იდენტიფიცირება;

ე) სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა;

ვ) გადამზიდველთა შერჩევა და ინფორმაციის გადაცემა სააგენტოს მონიტორინგის სამსახურისთვის  კონტროლის განხორციელების მიზნით;

ზ) სააგენტოს საქმიანობის განხორციელების პროცესში რისკის კრიტერიუმების განსაზღვრა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის მიწოდება რისკის პროფილების შესაქმნელად;

თ) დაგეგმილი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შედეგების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი წინადადებების შემუშავება და ცვლილებების ინიცირება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების მომზადება;

კ) სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

5. მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტი შედგება  ქ. თბილისის, ქ. ბათუმის და ქ. ფოთის  რეგიონული განყოფილებებისაგან და მისი ფუნქციებია:

ა) რეგიონული განყოფილებების დონეზე ნებართვების, სერტიფიკატების, სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობების, ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების მისაღებად წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების მიღება, შემოწმება და მათ განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ნებართვების, სერტიფიკატების, სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობების, ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის ფირნიშის ბლანკების გაცემასთან, გაცემაზე უარის თქმასთან, მათ აღრიცხვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული საქმიანობა;

გ) ნებართვის მფლობელ გადამზიდველთა და მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ელექტრონული რეესტრის წარმოება და მონაცემთა გადაცემა აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ელექტრონულ მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ საინფორმაციო ბანკში;

დ) მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება.

6. საკვალიფიკაციო  ცენტრის ფუნქციებია:

ა) პროფესიული განვითარების მიზნით დარგში დასაქმებული მუშაკებისათვის და სხვა დაინტერესებული უწყებების თანამშრომლებისათვის სახმელეთო ტრანსპორტის დარგთან დაკავშირებული ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება;

ბ) შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა დარგში დასაქმებული მუშაკების პროფესიული განვითარების თანამედროვე დონის უზრუნველყოფის მიზნით;

გ) „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) დებულებების შესაბამისად ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების (მძღოლის ბარათი, კომპანიის ბარათი, სახელოსნოს ბარათი და მაკონტროლებლის ბარათი) მისაღებად ტრენინგების, ტესტირების ორგანიზება, ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების დამზადების, გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის, მოქმედების შეჩერების ან გაუქმების უზრუნველყოფა, მათ აღრიცხვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული საქმიანობა, შესაბამისი რეესტრის წარმოება;

დ) სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) დებულებების შესაბამისად მძღოლების სპეციალურ მომზადებასთან დაკავშირებით ტრენინგების, ტესტირების ორგანიზება, მძღოლის მომზადების შესახებ ADR-ის მოწმობის დამზადების, გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის, მოქმედების შეჩერების ან გაუქმების უზრუნველყოფა, მათ აღრიცხვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული საქმიანობა, შესაბამისი რეესტრის წარმოება;

ე) მენეჯერის პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატის (CPC) მისაღებად ტრენინგების, ტესტირების ორგანიზება, შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა, რეესტრის წარმოება;

ვ) მძღოლის პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატის (CPC) მისაღებად ტრენინგების, ტესტირების ორგანიზება, შესაბამისი სერტიფიკატის და მძღოლის ბარათის დამზადების, გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის, მოქმედების შეჩერების ან გაუქმების უზრუნველყოფა, მათ აღრიცხვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული საქმიანობა, შესაბამისი რეესტრის წარმოება;

ზ) სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის სპეციალური მომზადებისთვის ტესტირების ორგანიზება, სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის მომზადების მოწმობის  დამზადების, გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის, მოქმედების შეჩერების ან გაუქმების უზრუნველყოფა, შესაბამისი რეესტრის წარმოება.

7. იურიდიული სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) დარგში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით – მათ შორის „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაციის უზრუნველყოფა;

გ) დარგში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით, შესაბამისი წინადადებების მომზადება და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა;

დ) სააგენტოს დირექტორის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება/სამართლებრივი ექსპერტიზა;

ე) დარგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, მათი ვიზირება და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ვ) სამსახურში შემუშავებული ან სხვა ორგანოებიდან გადმოგზავნილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

ზ) სააგენტოს მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების, მემორანდუმების და სხვა სახის შეთანხმებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;

თ) სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა პირებთან ურთიერთობებში;

ი) სააგენტოში გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომის ფაქტების განხილვა/ანალიზი და სამართლებრივი შეფასება;

კ) ხელშემკვრელ ქვეყნებთან საავტომობილო მიმოსვლის სფეროში ორმხრივი შერეული კომისიების მუშაობაში და შესაბამისი დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობაკომპეტენციის ფარგლებში;

ლ) სააგენტოში მიმდინარე ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტების სამართლებრივი კოორდინაცია;

მ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

8. შიდა კონტროლის სამსახურის ფუნქციებია:

ა) შინაგანაწესის მოთხოვნათა დაცვასა და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ბ) სააგენტოში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სააგენტოს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების გამოვლენის მიზნით შემოწმების ჩატარება, შესაბამისი დასკვნის მომზადება და დირექტორისთვის წარდგენა;

გ) სააგენტოს თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე რეკომენდაციის მომზადება;

დ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სააგენტოში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით დირექტორისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება.

ე) თანამშრომელთა კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა;

ვ) სათანადო რეკომენდაციების მომზადება სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების პროცესის ხელშეწყობისათვის;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, მომხმარებელთა ან სხვა დაინტერესებულ პირთა კორესპონდენციის განხილვა;

თ) სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №1-1/1539 - ვებგვერდი, 18.08.2011 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №1-1/257 - ვებგვერდი, 18.09.2014 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №1-1/345 - ვებგვერდი, 14.08.2015 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 19 აპრილის ბრძანება №1-1/158 - ვებგვერდი, 20.04.2021 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 25 თებერვლის ბრძანება №1-1/82 - ვებგვერდი, 28.02.2022 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №1-1/446 - ვებგვერდი, 21.10.2022 წ.

    მუხლი 6. სააგენტოს ქონება

+

1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტოზე ქონების გადაცემა, მისი გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.

    მუხლი 7. სააგენტოს დაფინანსების წყაროები

+

1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) მომსახურების გაწევიდან მიღებული საფასური;

დ)ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად მოხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სააგენტოს სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.

    მუხლი 8. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

+

1. სამინისტროს თანხმობით სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძება, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

 ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის და დანამატებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

 ვ) (ამოღებულია - 21.10.2022, №1-1/446).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

3. სააგენტოს  უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკურებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №1-1/256 - ვებგვერდი, 18.09.2014 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №1-1/257 - ვებგვერდი, 18.09.2014 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №1-1/446 - ვებგვერდი, 21.10.2022 წ.

    მუხლი 9. საბუღალტრო ანგარიშგება

+

1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.

2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 10. სახელმწიფო კონტროლი

+

1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს ამისთვის საჭირო მასალები და ინფორმაცია.

2. სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერება, მიზანშეწონილობა.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

    მუხლი 11. სააგენტოს ლიკვიდაცია

+

სააგენტოს ლიკვიდაციას ახორციელებს სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორად შეიძლება დაინიშნოს სააგენტოს დირექტორი.

    მუხლი 12. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება

+

სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

    მუხლი 13. დასკვნითი დებულება

+

დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა, სააგენტოს რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №1-1/584, 14.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016060 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.10.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1293335-8/