საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.11.2002 ძალადაკარგული 17.11.2006
გამომცემი ორგანო
ნომერი
№481
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 114, 19/11/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №481

2002 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის შექმნის შესახებ

საქართველოში ომის ვეტერანთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-19 მუხლების შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი.

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის თანდართული წესდება.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის ბრძანებულება №318 - სსმ III, №56, 13.05.2005 წ., მუხ.608

4.  საქართველოს  სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ  საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს გადასცეს სახელმწიფო ქონება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად დადგენილი უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით.

5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით დაფუძნების და წესდების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 7 ივლისის №90 ბრძანება.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის ბრძანებულება №318 - სსმ III, №56, 13.05.2005 წ., მუხ.608

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ომის  ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის წესდება

თავი  I

ზოგადი  დებულებანი

    მუხლი 1.

1. საჯარო  სამართლის იურიდიული  პირი –  საქართველოს ომის ვეტერანთა  კლინიკური ჰოსპიტალი  (შემდგომში – ჰოსპიტალი) არის სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. იგი არის  სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული  ორგანიზაცია,  რომელიც  სახელმწიფოს კონტროლით  დამოუკიდებლად  ახორციელებს   ომის ვეტერანთა სამკურნალო დახმარებასა და  სამედიცინო რეაბილიტაციას.

2. ჰოსპიტალი  საქმიანობაში ხელმძღვანელობს  საქართველოს  კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ წესდებით.

3. ჰოსპიტალს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით.

4. ჰოსპიტლის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, შ. იამანიძის ქ. №3.

თავი  II

მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

    მუხლი 2.

1. ჰოსპიტლის მიზნებია:

ა) კანონით ნებადართულ ფარგლებში პაციენტებს გაუწიოს ხარისხიანი სამედიცინო დახმარება;

ბ) სრულყოს პაციენტების სამედიცინო დახმარების მეთოდები და პირობები საქართველოში ნებადარული სამკურნალო მეთოდებისა და სამკურნალო საშუალებათა ფარგლებში;

გ) დაამყაროს და გააფართოოს საქმიანი კონტაქტები სამთავრობო და არასამთავრობო, სამედიცინო და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ;

დ) კონტინგენტის  ხანდაზმულ პირთათვის სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებისას  გამოიყენოს გერონტოლოგია-გერიატრიის მიღწევები;

ე) გამოიყენოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის  სამინისტროს   მიერ  ნებადართული სამკურნალო საშუალებები,  მეთოდები და პირობები;

ვ) კანონით ნებადართული საქმიანობის  შედეგად  მიღებული შემოსავალი გამოიყენოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისა და მატერიალური წახალისებისათვის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და გაფართოებისათვის, სხვა საწესდებო ამოცანების შესასრულებლად.

2. ჰოსპიტლის ფუნქციებია:

ა) სამედიცინო ტექნოლოგიური პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვა და განხორციელება, მკურნალობის სტანდარტებისა და ხარისხის დაცვა;

ბ) კონტაქტების დამყარება უცხოეთის, მათ შორის დსთ-ი ს  ანალოგიურ სამედიცინო  დაწესებულებებთან, მათი გამოცდილების  შესწავლისა და განზოგადების, აგრეთვე სამედიცინო-სამეცნიერო ტექნიკური ინფორმაციის გაცვლის მიზნით;

გ) სამედიცინო და სამეურნეო საქმიანობაში თავისუფალი ფინანსური სახსრების გამოყენება კანონის ფარგლებში;

დ) სამედიცინო ბაზრის  კონიუნქტურის შესწავლა, მარკეტინგული სამუშაოების  შესრულება და საკუთარი  საქმიანობის  რეკლამირება კანონის ფარგლებში;

ე) სამედიცინო ეთიკის კომისიის შექმნა პაციენტის უფლებებისა და სამედიცინო ეთიკის ნორმების უზრუნველსაყოფად;

ვ) დადგენილი წესით მონაწილეობის  მიღება სახელმწიფო სამედიცინო საბაზო პროგრამის განხორციელებაში;

ზ) კანონმდებლობით  ნებადართული  სამედიცინო  მომსახურების სახეების დამოუკიდებლად განსაზღვრა;

თ) სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების კანონის ფარგლებში  შესრულება;

ი) სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების,  სიმპოზიუმების, გამოფენების მომზადება-მოწყობა;

კ) სპეციალისტების მივლინება კვალიფიკაციის ასამაღლებლად;

ლ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სათანადო ნებართვითა და დადგენილი წესით ახალი სამკურნალო საშუალებებისა და მეთოდების, ასევე სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და ტექნიკის კლინიკური აპრობაცია, სათანადო დასკვნის გაცემა;

მ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში შესაბამის ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული კონტინგენტის  ადამიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და სათანადო  დასკვნის გაცემა;

ნ) ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სამედიცინო დაწესებულებებიდან პაციენტის მიღება ან ჰოსპიტლიდან გადაგზავნა გამოკვლევის ან მკურნალობის მიზნით, აგრეთვე სხვა სპეციალისტის დროებით მოწვევა გარკვეული სამუშაოს  შესასრულებლად;

ო) კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან  ხელშეკრულებების გაფორმება;

პ) (ამოღებულია - 07.05.05 №318).

ჟ) დადგენილი წესის შესაბამისად იღებს შემოწირულობებს და ეწევა ქველმოქმედებას.

3. ჰოსპიტალი არის საქართველოში მცხოვრები ყველა ომის მონაწილის, მათი და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური სამედიცინო დახმარების დაწესებულება.

4. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული პროგრამის მოცულობა შეესაბამება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტების მოთხოვნებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის ბრძანებულება №318 - სსმ III, №56, 13.05.2005 წ., მუხ.608

თავი III

ჰოსპიტლის  მართვა

    მუხლი 3.

1. ჰოსპიტალს მართავს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

2. ჰოსპიტლის უფროსი ქმნის კოლეგიურ სათათბირო ორგანოს – სამედიცინო საბჭოს.

3. ჰოსპიტლის სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჰოსპიტლის უფროსის წარდგინებით. თანამდებობრივ სარგოებს, შრომის ანაზღაურების წესსა და პირობებს ამტკიცებს ჰოსპიტლის უფროსი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

4. ჰოსპიტლის უფროსი ანგარიშვალდებულია ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის წინაშე, სამედიცინო სტატისტიკურ ინფორმაციას აწვდის აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. 

5. ჰოსპიტლის  უფროსი პერსონალურად აგებს პასუხს ჰოსპიტლის საქმიანობისათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისათვის.

6. უფროსი ჰოსპიტლის საქმიანობის სწორად წარმართვისათვის პასუხისმგებლობას ანაწილებს თანამშრომელთა შორის, ნიშნავს მათ საკონტრაქტო წესით. ჰოსპიტლის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ქმნის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს.

7. ჰოსპიტლის უფროსი კანონის ფარგლებში დაწესებულების  სახელით მოქმედებს დამოუკიდებლად და სპეციალური რწმუნების გარეშე წარმოადგენს მის ინტერესებს სხვა პირებთან ურთიერთობისას.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის ბრძანებულება №318 - სსმ III, №56, 13.05.2005 წ., მუხ.608

თავი  IV

ჰოსპიტლის სახელმწიფო კონტროლი

    მუხლი 4.

1. ჰოსპიტლის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.

2. ჰოსპიტლის  სახელმწიფო კონტროლი   გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

3. ჰოსპიტლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.

4. ჰოსპიტალი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია გაასაჩივროს მაკონტროლებელი  ორგანოს უკანონო ქმედება.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის ბრძანებულება №318 - სსმ III, №56, 13.05.2005 წ., მუხ.608

თავი V

ჰოსპიტლის ქონება, ფინანსური სახსრები, საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება

    მუხლი 5.

1. ჰოსპიტლის დაფინანსების ძირითადი წყაროებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ჰოსპიტლის  საფინანსო წელი ემთხვევა  კალენდარულ წელს.

3. ჰოსპიტალს ანგარიშსწორების ანგარიში აქვს გახსნილი  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტში.

    მუხლი 6.

1. (ამოღებულია - 07.05.05 №318).

2. ჰოსპიტლის შემოსავალი და სახსრები მთლიანად ხმარდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის ბრძანებულება №318 - სსმ III, №56, 13.05.2005 წ., მუხ.608

მუხლი  7.

1. ჰოსპიტალი  სარგებლობს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაცემული ქონებით.

2. ჰოსპიტალი ფლობს საქმიანობის პროცესში  შეძენილ ქონებას.

3. ჰოსპიტლისათვის გადაცემული ქონების საკითხებს აკონტროლებს საქართველოს  სახელმწიფო ქონების  მართვის სამინიტრო.

    მუხლი  8.

1. ჰოსპიტალს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით შეუძლია:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ და „გ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ  მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

    მუხლი 9.

1. ჰოსპიტალი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმართავს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

2. ჰოსპიტლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის ბრძანებულება №318 - სსმ III, №56, 13.05.2005 წ., მუხ.608

თავი  VI

ჰოსპიტლის საქმიანობის შეწყვეტა – ლიკვიდაცია

    მუხლი 10

1. ჰოსპიტლის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ჰოსპიტლის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

3. ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ჰოსპიტლის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის ბრძანებულება №318 - სსმ III, №56, 13.05.2005 წ., მუხ.608

თავი  VII

წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

    მუხლი 11.

ჰოსპიტლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის შექმნის შესახებ“, №481, 15.11.2002, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.05.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1302005-1/