აქციზის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.02.2005 ძალადაკარგული 30.12.2008
ნომერი
№77
სარეგისტრაციო კოდი
200120000.22.033.007070
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 17, 16/02/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.007.070

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №77

2005 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

აქციზის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 და 262-ე მუხლის მოთხოვნათა აღსრულების მიზნით, ვ ბ რძანებ:

1. დამტკიცდეს აქციზის დეკლარაციის ფორმა და ინსტრუქცია მისი შევსების წესის შესახებ თანახმად დანართისა.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 ივნისის ბრძანება №613-სსმIII,№82, 20.06.2006წ., მუხ.1094

ინსტრუქცია

 აქციზის დეკლარაციის შევსების წესი

წინამდებარე წესი შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად. აქციზის დეკლარაციის ფორმა და მისი შევსების წესი სავალდებულოა აქციზის გადამხდელისათვის.

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საწარმოები და ინდივიდუალური მეწარმეები, აგრეთვე პირები, რომელთაც საგადასახადო კოდექსის შესაბამისად ეკისრებათ აქციზის გამოანგარიშებისა და ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება, საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარადგენენ აქციზის დეკლარაციას ყოველი თვის 15 რიცხვამდე.

2. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში არ არის განხორციელებული აქციზით დასაბეგრი ოპერაციები, დეკლარაცია წარედგინება საგადასახადო ორგანოს საგადასახადო კოდექსის 95-ე მუხლის გათვალისწინებით.

3. თუ მიმდინარე საგადასახადო პერიოდში დადგინდა, რომ წინა საგადასახადო პერიოდში დეკლარაციაში არ იქნა ან არასრულად იქნა ასახული მონაცემები, რამაც გამოიწვია დასაბეგრი ბაზის, გადასახადის განაკვეთის, ჩასათვლელი თანხის ან სხვა სახის შეცდომები, მასში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა ხდება შესაბამისი გასული პერიოდების დეკლარაციების წარმოდგენის გზით, ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით. გასწორებული დეკლარაციები წარმოდგენილ უნდა იქნეს იმ საგადასახადო პერიოდში მოქმედი ფორმით, რომელი პერიოდის აქციზის გადაანგარიშებაც ხდება.

4. აქციზის დეკლარაცია დგება გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრების მონაცემთა საფუძველზე.

5. დაგროვებით უწყისებში აქციზური საქონლის გადატვირთვის შესახებ მონაცემები უნდა იყოს ასახული საქონლის ჯგუფებისა და სახეების მიხედვით დადგენილი განაკვეთების ჭრილში. ამასთან სხვადასხვა განაკვეთით დასაბეგრი, აგრეთვე გათავისუფლებული საქონლის წარმოებისა და მიწოდების, გადაცემის, გამოყენების ოპერაციების აღრიცხვა უნდა წარმოებდეს ცალ-ცალკე.

6. დეკლარაციის წარმოდგენის და შესაბამისად აქციზის გადახდის ვადა, რომელიც ემთხვევა გამოსასვლელ (არასამუშაო) და სადღესასწაულო დღეებს, გადაიტანება მომდევნო სამუშაო დღეს.

7. დეკლარაციის ფოსტით გაგზავნისას მისი წარდგენის დღედ ითვლება დაზღვეული წერილის გაგზავნის თარიღი, რომელშიც მოცემულია გზავნილის აღწერილობა.

8. დეკლარაციის ჩანაწერების უტყუარობა და სისრულე დადასტურებულ უნდა იქნეს საწარმოს ხელმძღვანელის, ხოლო ინდ. მეწარმის შემთხვევაში – ინდ. მეწარმის ხელმოწერით, ან მათი კანონიერი ან უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და თარიღის აღნიშვნით.

9. დეკლარაციაში აქციზის თანხის განსაზღვრისას თანხის დამრგვალება წარმოებს მთელ რიცხვამდე.

10. აქციზური საქონლის ექსპორტისას ნულოვანი განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში დეკლარაციასთან ერთად საგადასახადო ორგანოს წარედგინება საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ექსპორტის დამადასტურებელი დოკუმენტები. თუ აღნიშნული დოკუმენტების სრული პაკეტი არ იქნა წარმოდგენილი, საექსპორტო ბრუნვაზე ამ ნაწილში გაანგარიშებულ უნდა იქნეს ბიუჯეტში გადასახდელი აქციზის თანხა.

11. დეკლარაციაში, სადაც მითითებულია ლოგიკური ფორმულები, შეიტანება აღნიშნული ფორმულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური მიზეზის გამო დასახელებულ სტრიქონებში შეიტანება განსხვავებული მონაცემი, გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.

12. დეკლარაციაში მონაცემები უნდა აისახოს იმდაგვარად, რომ აქციზის განსაზღვრასთან დაკავშირებული არც ერთი ელემენტი არ იქნეს გამოტოვებული ან ზედმეტად ჩართული.

13. დეკლარაციის შევსება წარმოებს გარკვევით მელნით, ან კომპიუტერის გამოყენებით.

14. აქციზის დეკლარაცია მოიცავს სამ განაყოფს: I – სატიტულო ნაწილს; II – საგადასახადო ორგანოს აღნიშვნას დეკლარაცის წარმოდგენის თაობაზე; III – აქციზის საერთო თანხის გაანგარიშებას, და სამ დანართს: 1. აქციზის გაანგარიშებას საქონელზე, რომელიც არ ექვემდებარება აქციზური მარკებით ნიშანდებას; 2. ინფორმაციას აქციზური მარკების მოძრაობისა და აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე აქციზის თანხის შესახებ; 3. ჩასათვლელი აქციზის გაანგარიშებას.

15. დეკლარაციის შევსება ხდება აქციზის გადამხდელის მიერ გარდა იმ განაყოფისა, რომელიც ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 ივნისის ბრძანება №613-სსმIII,№82, 20.06.2006წ., მუხ.1094

    მუხლი 2. დეკლარაციის შევსების წესი

1. I განაყოფის შევსების წესი:

ა) სტრიქონი „დეკლარაციის სახე“ ჩაიწერება ციფრი „1“, თუ დეკლარაცია გასული საგადასახდო პერიოდისაა, ხოლო ციფრი „2“ – თუ შესწორებული (დაზუსტებული) დეკლარაციაა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში წილადის შემდეგ უჯრაში ჩაიწერება შესაბამისი საგადასახადო პერიოდის დეკლარაციის ნომერი, რომლის დაზუსტებაც ხდება. მაგალითად, თუ დეკლარაცია წარმოადგენს მაისის თვის დაზუსტებულ დეკლარაციას, ჩანაწერს ექნება სახე 2/5, სადაც 2 ნიშნავს, რომ დეკლარაცია არის არა პირველადი, არამედ დაზუსტებული, ხოლო 5 ნიშნავს, რომ აღნიშნული დეკლარაციით ხორციელდება მეხუთე – მაისის თვის შესწორება;

ბ) სტრიქონში „საანგარიშო თვე“ იწერება იმ თვის რიგითი ნომერი (01-დან 12-მდე), რომლის დეკლარაციასაც იგი წარმოადგენს;

გ) სტრიქონზე „საგადასახადო ორგანოს დასახელება“ – მიეთითება ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება, რომელსაც წარედგინება დეკლარაცია;

დ) სტრიქონზე „საწარმოს დასახელება“ მიეთითება გადამხდელის სრული დასახელება მისი სადამფუძნებლო დოკუმენტების მიხედვით. დასახელებაში ლათინური ტრანსკრიფციის არსებობისას იგი ასევე აღინიშნება. ინდ. მეწარმის შემთხვევაში მიეთითება მისი სახელი და გვარი სრულად (შემოკლების გარეშე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. დეკლარაციის უტყუარობა და სისრულე დასტურდება საწარმოს ხელმძღვანელისა და მთ.ბუღალტრის ხელმოწერებით. ამასთან მიეთითება სახელი და გვარი სრულად და ხელმოწერის თარიღი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

2. II განაყოფის შევსების წესი

II განაყოფი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ. იგი მოიცავს მონაცემებს დეკლარაციის წარმოდგენის შესახებ, კერძოდ დეკლარაციის:

ა) წარმოდგენის ფორმას – ფოსტითაა გამოგზავნილი თუ წარმოდგენილია პირადად;

ბ) გვერდების და დანართების რაოდენობას;

გ) წარმოდგენის თარიღს;

დ) საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის ნომერს;

ე) საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის სახელსა და გვარს, რომელმაც მიიღო დეკლარაცია. დასტურდება მისი ხელმოწერით.

3. III განაყოფის – აქციზის საერთო თანხის გაანგარიშების შევსების წესი

ა) საგადასახადო კოდექსის 95-ე მუხლის გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ აქციზის დეკლარაციის წარდგენა ხდება ყოველთვიურად, იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო პერიოდში გადამხდელის მიერ აქციზით დასაბეგრი ოპერაციები (გამოყენება და/ან მიწოდება) არ განხორციელებულა, განაყოფის პირველ სტრიქონზე (უჯრაში) ჩაიწერება „X“. დანარჩენ სტრიქონებზე დაისმევა ტირე –;

ბ) მე-2 სტრიქონზე აისახება აქციზის თანხა აქციზით დასაბეგრ ოპერაციებზე, რომელიც არ ექვემდებარება აქციზური მარკებით ნიშადებას (გადმოიტანება დანართი 1-ის სვ.12);

გ) მე-3 სტრიქონზე აისახება აქციზის თანხა აქციზური საქონლის ექსპორტზე, რომლის განხორციელება არ დასტურდება დოკუმენტურად (დანართი 1-ის სვ.11);

დ) მე-4 სტრიქონზე აისახება აქციზის თანხა აქცზიური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე (დანართი 2-ის სვ.12);

ე) მე-5 სტრიქონზე აისახება აქციზი აქციზური მარკების დანაკლისზე (დანართი 2-ის სვ.17);

ვ) ,,დასაბეგრ ოპერაციაზე ჩასათვლელი აქციზი (დანართი 3-ის სვეტების ჯამი (სვ. 14 +სვ.16).

ზ) მე-7 სტრიქონზე აისახება აქციზი მომწოდებლის მიერ დაბრუნებულ საქონელზე (მარკებით ნიშანდების გარეშე), რომელიც მიწოდებულ იქნა ადრე და ასახულ იქნა წინა პერიოდების საგადასახადო დეკლარაციებში;

თ) მე-8 სტრიქონზე აისახება აქციზი დაბრუნებულ აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე (დანართი 2-ის სვ.10);

ი) მე- 9 სტრიქონზე აისახება დაბრუნებულ საქონელზე ადრე ჩათვლილი აქციზი, რომელიც ექვემდებარება აღდგენას;

კ) მე-10 სტრიქონზე აისახება ექსპორტზე ადრე გადახდილი აქციზი, რომლის ექსპორტი დოკუმენტურად დადადასტურდა მოცემულ საანგარიშო პერიოდში;

ლ) მე-11, მე-12 სტრიქონებზე აისახება გადასახდელი და შესამცირებელი აქციზის სვეტების ჯამი;

მ) მე-13 სტრიქონზე აისახება აქციზის თანხა, რომელიც ექვემდებარება ბიუჯეტში შეტანას და გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხვას;

ნ) მე-14 სტრიქონზე აისახება აქციზის თანხა, რომელიც ექვემდებარება შემცირებას და გადამხდელის აქციზის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

ო) მე-15 სტრიქონზე წარმოქმნილი სხვაობა გადამხდელის პირადი აღრიცხვის აქციზის ბარათიდან საგადასახადო ინსპექციის მიერ გადაიტანება აქციზური მარკების ბარათზე, ხოლო მე-16 სტრიქონზე წარმოქმნილი სხვაობა გადამხდელის პირადი აღრიცხვის აქციზური მარკების ბარათიდან გადაიტანება აქციზის ბარათზე.

4. დანართი 1-ის შევსების წესი:

ა) დანართში მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი და გვერდის ნომერი;

ბ) პირველი სვეტის სტრიქონებში მიეთითება გადამხდელის მიერ წარმოებული აქციზური საქონლის დასახელება; 

გ) მე-2 სვეტის სტრიქონებში მიეთითება საქონლის კოდი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით;

დ) მე-3-9 სვეტის სტრიქონებში საქონლის ბრუნვა მიეთითება იმ განზომილებაში, რომელზეც დადგენილია აქციზის განაკვეთები (ლიტრი, ტონა და ა.შ.);

ე) მე-3 სვეტის სტრიქონებში მიეთითება აქციზური საქონლის ბრუნვა სულ, მათ შორის, აქციზისაგან გათავისუფლებული ბრუნვებიც;

ვ) მე-4 სვეტის სტრიქონებში მიეთითება ნულოვანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვები, რომელზეც ნულოვანი განაკვეთის უფლება დასტურდება საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტებით, აგრეთვე ბრუნვები, რომელიც ექვემდებარება ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრას საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი ნორმების შესაბამისად;

ზ) მე-5 სვეტის სტრიქონებში მიეთითება ექსპორტირებული საქონლის ბრუნვა, რომლის ექსპორტიც არ დასტურდება დოკუმენტურად საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად და ექვემდებარება აქციზით დაბეგვრას;

თ) მე-6-9 სვეტის სტრიქონებში მიეთითება დასაბეგრი ოპერაციების ბრუნვები შესაბამისად მიწოდებული, საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანილი, დამკვეთისათვის გადაცემული, არააქციზური საქონლის საწარმოებლად გამოყენებული საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის მიხედვით, ამასთან მე-6 სვეტის სტრიქონებზე აისახება ყველა დასაბეგრი ოპერაცია, რომელიც არ არის ასახული დანართის სხვა სვეტებში;

ი) მე-10 სვეტის სტრიქონებში მიეთითება აქციზის განაკვეთი საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლის მიხედვით;

კ) მე-11, მე-12 სვეტის სტრიქონებზე მიეთითება აქციზის გადასახდელი თანხა, მათ შორის, მე-11 სვეტის სტრიქონებზე მიეთითება აქციზის თანხა ექსპორტირებული საქონლის ბრუნვაზე, რომლის ექსპორტი დოკუმენტურად არ დასტურდება (სვ.5Xსვ.10).; მე-12 სვეტის სტრიქონზე მიეთითება აქციზის თანხა დასაბეგრ ოპერაციებზე (სვ.6+სვ.7+სვ.8+სვ.9)Xსვ.10.

5. დანართი 2-ის შევსების წესი:

ა) დანართში მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი და გვერდის ნომერი;

ბ) მე-2 სვეტის სტრიქონებზე მიეთითება საქონლის დასახელება;

გ) მე-3 სვეტის სტრიქონებზე მიეთითება საქონლის კოდი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით;

დ) მე-4 სვეტის სტრიქონებზე მიეთითება საქონლის განზომილება, რომელზეც გაცემულია აქციზური მარკა (მაგ. 0.5 და 1.0-ლიტრიანი არყის შემთხვევაში შეივსება ცალკე სტრიქონი თითოეული განზომილებისათვის);

ე) მე-5-6 სვეტის სტრიქონებზე მიეთითება აქციზური მარკების ნაშთი საანგარიშო თვის დასაწყისში;

ვ) მე-7-8 სვეტის სტრიქონებზე მიეთითება საანგარიშო თვეში საგადასახადო ორგანოში შეძენილი აქციზური მარკები;

ზ) მე-9-10 სვეტის სტრიქონებზე მიეთითება აქციზური მარკების რაოდენობა და თანხა მომწოდებლის მიერ დაბრუნებულ საქონელზე, რომელიც მიწოდებულ იქნა ადრე და ასახულ იქნა წინა პერიოდების საგადასახადო დეკლარაციებში;

თ) მე-11-12 სვეტის სტრიქონებზე მიეთითება საანგარიშო თვეში განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებზე გამოყენებული აქციზური მარკები;       

ი) მე-13-14 სვეტის სტრიქონებზე მიეთითება საგადასახადო ორგანოში დაბრუნებული აქციზური მარკები;

კ) მე-15-16 სვეტის სტრიქონებზე მიეთითება აქციზური მარკების ნაშთი საანგარიშო თვის ბოლოს;

ლ) მე-17-18 სვეტის სტრიქონებზე მიეთითება აქციზური მარკების დანაკლისი.         

6. დანართი 3-ის შევსების წესი:

ა) დანართში გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი და გვერდის ნომერი;

ბ) პირველი სვეტის სტრიქონებზე მიეთითება საქონლის დასახელება;

გ) მე-2 სვეტის სტრიქონებზე მიეთითება საქონლის კოდი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით;

დ) მე-3-6 სვეტის სტრიქონებზე მიეთითება მონაცემები აქციზური საქონლის მწარმოებლისაგან შეძენილ საქონელზე წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და საქონლის იმპორტზე გამოწერილი საბაჟო დეკლარაციების შესახებ;

ე) მე-7-8 სვეტის სტრიქონებზე მიეთითება საწარმოო რესურსების ნაშთი საანგარიშო თვის დასაწყისისათვის თითოეული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და საბაჟო დეკლარაციის მიხედვით;

ვ) მე-9-10 სვეტის სტრიქონებზე მიეთითება საან-გარიშო თვეში დაბრუნებულ საქონელზე გამოყენებული აქციზური საწარმოო რესურსების რაოდენობა და თანხა;

ზ) მე-11-16 სვეტის სტრიქონებზე მიეთითება გამოყენებული საწარმოო რესურსების რაოდენობა და შესაბამისი აქციზის თანხა წარმოებული აქციზური საქონლის პროპორციულად, მაგრამ არა უმეტეს ასეთი აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა:

ზ.ა) მე-11-12 სვეტის სტრიქონებზე მიეთითება ყველა ოპერაციაზე, მათ შორის, საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აქციზისაგან გათავისუფლებულ საქონელზე გამოყენებული ნედლეულის რაოდენობა და შესაბამისი აქციზი;

ზ.ბ) მე-13-14 სვეტის სტრიქონებზე მიეთითება ნედლეულის რაოდენობა და შესაბამისი აქციზის თანხა, რომელიც გამოყენებულ იქნა საანგარიშო თვეში ექსპორტირებულ საქონელზე, აგრეთვე საქონელზე, რომელიც ექვემდებარება ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრას საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი ნორმების შესაბამისად, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას. ექსპორტირებულ საქონელზე გამოყენებულ საწარმოო რესურსებზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს მომწოდებლისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ.გ) მე-15-16 სვეტის სტრიქონებზე მიეთითება დასაბეგრ ოპერაციებზე, რომელიც არ არის ასახული სხვა სვეტებში (რომელზეც გადაიხდება აქციზი, მათ შორის, აქციზური მარკებით ნიშანდებულზე) გამოყენებული ნედლეულის რაოდენობა (გარდა დამკვეთისაგან მიღებული ნედლეულისა) და აქციზის თანხა ამ ნედლეულზე, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 ივნისის ბრძანება №613-სსმIII,№82, 20.06.2006წ., მუხ.1094

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 ივნისის ბრძანება №613-სსმIII,№82, 20.06.2006წ., მუხ.1094

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „აქციზის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №77, 14.02.2005, სარეგისტრაციო კოდი 200120000.22.033.007070 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.06.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1339354-1/