საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება №2 „სამშენებლო ნორმებისა და წესების „მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესის” დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.01.2002 ძალადაკარგული 20.06.2006
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
330130000.11.116.005117
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 4, 15/01/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.11.116.005.117

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის

ბრძანება №2

2002 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

სამშენებლო ნორმებისა და წესების ,,მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესის” დამტკიცების შესახებ

,,მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის და ,,სამშენებლო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული სამშენებლო ნორმები და წესები ,,მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესი”.

2. გაუქმდეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 1999 წლის 7 დეკემბრის №66 ბრძანება ,,მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების (სამშენებლო პროდუქციის) ექსპლუატაციაში მიღების წესის” დამტკიცების შესახებ.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. ჩხენკელი

  შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის ბრძანება №1-1/21-სსმIII,№6, 17.01.2006წ.,მუხ.46

 

სამშენებლო ნორმები და წესები

მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესი

    მუხლი 1. გამოყენების სფერო

1. წინამდებარე დოკუმენტი ადგენს საქართველოში მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების წესს.

2. წესი ვრცელდება იმ შენობა-ნაგებობებზეც, რომლებზეც შესრულებულია რეკონსტრუქციის, გაფართოების, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, მიუხედავად ფინანსირების წყაროსა და საკუთრების ფორმისა.

    მუხლი 2. მითითებები ნორმატიულ დოკუმენტებზე

1. წესში გათვალისწინებულია ,,მომხმარებელთა უფლების დაცვის”, ,,სამშენებლო საქმიანობის შესახებ”, ,,არქიტექტურული საქმიანობის შესახებ”, ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონების, სამშენებლო ნორმებისა და წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და საქართველოში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნები.

    მუხლი 3. წესში გამოყენებული ცნებები

1. საექსპლუატაციოდ მიმღები კომისია – დადგენილი წესით შექმნილი და დამტკიცებული სპეციალისტების ჯგუფი, რომლის ამოცანაა მშენებლობადამთავრებული შენობებისა და ნაგებობების საექსპლუატაციოდ მზადყოფნის დადგენა შესაბამისი დოკუმენტით.

2. დამკვეთი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც მენაშენისაგან ხელშეკრულებით დელეგირებული აქვს მშენებლობის პროცესთან დაკავშირებულ იურიდიულ ან მეწარმე ფიზიკურ პირებთან უშუალო ურთიერთობის განხორციელების ფუნქციები.

3. მენარდე – იურიდიული ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს წინასაპროექტო, საპროექტო-საძიებო, სამშენებლო-სამონტაჟო და გამშვებ-გასამართ სამუშაოებს, დადგენილი წესით მიღებული აქვს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზია და პასუხისმგებელია მის და ქვემენარდის მიერ წარმოებულ სამუშაოებზე.

    მუხლი 4. ზოგადი დებულებანი

1. ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2. საწარმოო დანიშნულების ობიექტების ექსპლუატაციაში მისაღებად წარდგენა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამთავრებულია სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები მთლიანად ობიექტისათვის ან პროექტით განსაზღვრული გასაშვები კომპლექსისათვის.

3. სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების, გარდა საცხოვრებელი სახლებისა, ექსპლუატაციაში მისაღებად წარდგენა, როგორც წესი, შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ დამთავრებულია ყველა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, რომლებიც გათვალისწინებულია საპროექტო დოკუმენტაციით.

4. საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში მისაღებად წარდგენა დასაშვებია ობიექტის მზადყოფნის I, II ეტაპისა და ,,გასაღების ქვეშ”:

ა) დამთავრებულია სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები შენობის საერთო მოხმარების ყველა სათავსოში /ლიფტი, კიბის უჯრედი, ნაგავსადენი, საშრობი/, მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების მოწყობა, კეთილმოწყობა და გამწვანება, შენობის ფასადები, შენობის შიგნით დამონტაჟებულია ყველა კომუნიკაციის დგარები, ჩასმულია ბინაში შესასვლელი კარები და გარე ფანჯრები (მზადყოფნის I ეტაპი);

ბ) გარდა „ა“ პუნქტში მოცემული სამუშაოებისა, დამთავრებულია ტიხრების მოწყობა, კედლების გალესვა, იატაკებზე თბოსაიზოლაციო ფენის მოწყობა და ხსნარით მოჭიმვა. დარჩენილია სამღებრო სამუშაოები, და ელექტრო და სანტექნიკური მოწყობილობების მონტაჟი (მზადყოფნის II ეტაპი);

გ) დამთავრებულია მთლიანად ყველა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები (მზადყოფნა ,,გასაღების ქვეშ”).

5. ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებაზე განაცხადს აკეთებს დამკვეთი /მენაშენე/.

6. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების თარიღად ითვლება ექსპლუატაციაში მიმღები კომისიის აქტის დამტკიცების თარიღი.

7. ექსპლუატაციაში მიუღებელი ობიექტის ფუნქციონირება დაუშვებელია. ექსპლუატაციაში მიღების წესების დარღვევისათვის დამკვეთს /მენაშენეს/ ეკისრება პასუხისმგებლობა ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

    მუხლი 5. (ამოღებულია)

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის ბრძანება №1-1/21-სსმIII,№6, 17.01.2006წ.,მუხ.46

    მუხლი 6. დამკვეთის /მენაშენის/ ვალდებულებები

1. დამკვეთი მშენებლობადამთავრებული შენობებისა და ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებაზე განაცხადს წარუდგენს იმ ორგანოს, ვის მიერაც იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა.”;

2. დამკვეთი /მენაშენე/, მიმღებ კომისიას, როგორც წესი, წარუდგენს:

ა) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას;

ბ) ნებართვებს მშენებლობის განხორციელებაზე და არსებულ საინჟინრო კომუნიკაციებთან მიერთებაზე;

გ) მშენებლობაზე დასაქმებული სამშენებლო, სამონტაჟო და საპროექტო ორგანიზაციების ნუსხას;

დ) სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოთა წარმოების ჟურნალებს;

ე) აქტებს ფარული სამუშაოების შესრულებაზე;

ვ) დამონტაჟებული მოწყობილობებისა და საინჟინრო ქსელების გამოცდის აქტებს;

ზ) შენობებისა და ნაგებობების მშენებლობისას გამოყენებული სამშენებლო მასალების, კონსტრუქციების, ნაკეთობების, მოწყობილობა-დანადგრების შესაბამისობის სერტიფიკატებს და ხარისხის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტებს;

თ) სხვა დამატებით ტექნიკურ დოკუმენტებს, რომლებიც აუცილებელია ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებისათვის.

3. დამკვეთი /მენაშენე/ ვალდებულია მიმღებ კომისიას შეუქმნას მუშაობის ნორმალური პირობები და შეასრულოს კომისიის ყველა დავალება, რაც დაკავშირებული იქნება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებასთან.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის ბრძანება №1-1/21-სსმIII,№6, 17.01.2006წ.,მუხ.46

    მუხლი 7. მიმღები კომისიის შემადგენლონის დამტკიცება და მისი მუშაობის რეგლამენტი

1. მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიმღები სახელმწიფო კომისიის შემადგენლობას, მისი მუშაობის დაწყებისა და დამთავრების ვადებს ამტკიცებს ის ორგანო, სადაც მოხდა განაცხადის წარდგინება ექსპლუატაციაში მიღებაზე, ამასთან კომისიის მუშაობის დამთავრების ვადა არ უნდა იყოს განაცხადის შეტანიდან ორ თვეზე მეტი.

2. ობიექტების ექსპლუატაციაში მიმღები კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ:

ა) არქმშენინსპექციის, ადგილობრივი არქიტექტურიული სამსახურის, სახანძრო ზედამხედველობის, სანიტარიული ინსპექციის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, საქტექზედამხედველობისა და მშენებლობაში სერტიფიკაციის სისტემის ორგანოს წარმომადგენლები;

ბ) საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შენობა-ნაგებობების მნიშვნელობიდან გამომდინარე;

გ) მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები;

დ) დამკვეთის /მენაშენის/ წარმომადგენელი;

ე) მენარდის და საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები;

ვ) ექსპერტები სპეციალობების მიხედვით შენობა-ნაგებობათა მნიშვნელობიდან გამომდინარე;

ზ) იმ სახელმწიფო უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლები, რომელთა მიერ, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და გაცემულ იქნა დასკვნა მისაღები ობიექტის თაობაზე, აგრეთვე სხვა ორგანიზაციათა წარმომადგენლები, რომელთა კომისიაში მონაწილეობა ჩაითვლება მიზანშეწონილად.

3. მიმღები კომისია, საჭიროების შემთხვევაში, ქმნის სამუშაო ჯგუფებს.

4. (ამოღებულია).

5. მიმღები კომისიის მუშაობა ხორციელდება, შესაბამისად, ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ დამტკიცებული რეგლამენტის მიხედვით, რომელიც სავალდებულოა ექსპლუატაციაში მიმღები კომისიის ყველა მონაწილისათვის.

6. მიმღები კომისიის სხდომა ინიშნება მას შემდეგ, რაც კომისიის თავმჯდომარეს წარედგინება ყველა წევრის, მოწვეული ექსპერტებისა და მუშა ჯგუფის (საჭიროების შემთხვევაში) წერილობითი დასკვნები ობიექტის ექსპლუატაციში მისაღებად მზადყოფნის შესახებ.

7. მიმღები კომისია იხილავს წარდგენილ დასკვნას და კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრების დადებითი დასკვნის საფუძველზე, ღებულობს გადაწყვეტილებას განაცხადში წარმოდგენილი ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება შესაბამისი აქტით. აქტში მოცემული უნდა იყოს შენობა-ნაგებობის საერთო დახასიათება – აღწერა, პროექტით გათვალისწინებული ტექნიკური მაჩვენებლები. შეფასება უნდა მიეცეს შესრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ხარისხს და პროექტთან შესაბამისობას. დადებითი დასკვნის შემთხვევაში აქტი დასამტკიცებლად წარედგინება კომისიის დამნიშვნელ ორგანოს.

8. კომისიის დამნიშვნელი ორგანოს მიერ ექსპლუატაციაში მიმღები კომისიის აქტის განხილვა და დამტკიცება უნდა მოხდეს არა უგვიანეს ერთი თვისა აქტის წარდგენიდან.

9. კომისიის დამნიშვნელი ორგანოს მიერ დამტკიცებულ აქტს დამკვეთი წარუდგენს ქალაქის ან რაიონის არქმშენინსპექციას და ტექნიკური აღრიცხვის სამსახურს.

10. დამკვეთი ასრულებს ყველა სხვა პროცედურას ქონებრივი უფლებების მოპოვებისათვის.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის ბრძანება №1-1/21-სსმIII,№6, 17.01.2006წ.,მუხ.46

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება №2 „სამშენებლო ნორმებისა და წესების „მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესის” დამტკიცების შესახებ“, №2, 09.01.2002, სარეგისტრაციო კოდი 330130000.11.116.005117 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.01.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1342064-1/