საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.08.2002 ძალადაკარგული 23.06.2004
ნომერი
№269
სარეგისტრაციო კოდი
200250000.11.117.005480
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 88, 03/09/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.117.005.480

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №269

2002 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონის „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ მე-8 მუხლისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურისა და რეფორმების პირველი რიგის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 2 აგვისტოს №358 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს და 2002 წლის 10 სექტემბრიდან ამოქმედდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თანდართული დებულება;

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ერთი კვირის ვადაში წარმოადგინოს დასამტკიცებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საშტატო განრიგი;   

3. 2002 წლის 10 სექტემბრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 25 აგვისტოს №199 და 2002 წლის 25 აპრილის №211 ბრძანებები.

4. ეს ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

მ. გოგიაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 18 ივნისის ბრძანება №315-სსმIII,№58, 19.06.2003წ.,მუხ.510

2.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №414-სსმIII,№100, 09.09.2003წ.,მუხ.857

3.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №494-სსმIII,№113, 01.10.2003წ.,მუხ.922

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი (შემდგომში _ დეპარტამენტი) არის სამართალდამცავი სტატუსის მქონე საბაჟო ორგანო, რომელიც შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საქვეუწყებო დაწესებულების სახით.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს სხვა კანონებითა და ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

3. დეპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს სახელმწიფოს სახელით.

4. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით, სიმბოლიკა, დამოუკიდებელი ბალანსი, საბიუჯეტო ანგარიშები შესაბამის მომსახურე ხაზინაში.

5. დეპარტამენტი ფინანსდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან.

6. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, ორხევი, კ.აბზიანიძის ქუჩა №4.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) კომპეტანციის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკური სუვერენიტეტის და ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვა;

ბ) საბაჟო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა და შიდა ბაზრის დაცვა;

დ) საქართვლოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სტიმულირება;

ე) საბაჟო საქმის ორგანიზება;

2. დეპარტამენტი მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად:

ა) შეიმუშავებს წინადადებებს საქართველოს საბაჟო პოლიტიკის სრულყოფისათვის;

ბ) შეიმუშავებს წინადადებებს საქართველოს საბაჟო პოლიტიკის სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული მექანიზმების განხორციელებისა და სრულყოფისათვის, უზრუნველყოფს მის შესრულებას;

გ) შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს საბაჟო საქმის განვითარების პროგრამებს;

დ) მონაწილეობს საბაჟო საქმის მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;

ე) მონაწილეობს მსოფლიოს თანამეგობრობასთან ეკონომიკური ურთიერთობის რეგულირების მექანიზმის სრულყოფის, ექსპორტის სტიმულირების და უცხოეთის ინვესტიციების მოზიდვის უზრუნველყოფისათვის;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებს საბაჟო გადასახდელებისა და მოსაკრებლების ან სხვა გადასახადების დადგენა-გამოყენების შესახებ;

ზ) მონაწილეობს საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის მიმართ ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა (ლიცენზირება ან სხვა სახის სატარიფო და არასატარიფო რეგულირება) შემუშავებაში. კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ ღონისძიებათა შესრულებას;

თ) ორგანიზაციას უწევს საბაჟო გადასახდელების, სხვა მოსაკრებლების და გადასახადების დარიცხვა-ამოღებას და შესაბამის ბიუჯეტებში მათ დროულ და სრულ აკუმულირებას;

ი) შეიმუშავებს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდიკებს;

კ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების და სამეწარმეო საქმიანობის სტიმულირებისათვის უზრუნველყოფს საბაჟო რეჟიმების ეფექტურ გამოყენებას;

ლ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ნებართვების (ლიცენზიების) გაცემას, შეჩერებას ან გაუქმებას;

მ) ორგანიზებას უწევს საქონლისა და სატანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმებას, ახორციელებს საბაჟო პროცედურების გამარტივებას, ტვირთბრუნვის გაზრდისა და მეწარმეობის სტიმულირებისათვის;

ნ) სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციაში შეიმუშავებს საბაჟო კონტროლის ზონების, საბაჟო ინფრასტრუქტურის და საქართველოს საბაჟო საზღვრის დაცვის ღონისძიებებს;

ო) ახორციელებს ღონისძიებათა კომპლექსს საბაჟო კანონმდებლობის დაცვის სრულყოფისათვის;

პ) ორგანიზებას უწევს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, იღებს ზომებს მისი სრულყოფისათვის;

ჟ) ორგანიზებას უწევს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცალკეულ სახეობათა საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების, სტრატეგიული და საქართველოს ინტერესებისათვის სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მასალების, მედიკამენტების და ფსიქოტროპული საშუალებების, აგრეთვე კულტურული ფასეულობების გადაადგილების წესის დაცვას;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზებას უწევს სავალუტო კონტროლის განხორციელებას;

ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს სახელმწიფო უშიშროების, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ცხოველებისა და მცენარეების, ბუნებრივი გარემოს დაცვის ღონისძიებებში;

ტ) ახორციელებს საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა და აღკვეთის ღონისძიებებს, კანონით დადგენილი წესით განიხილავს და წყვეტს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს;

უ) ორგანიზებას უწევს საქართველოს საგარეო ვაჭრობის საბაჟო და სპეციალური საბაჟო სტატისტიკის წარმოებას და მონაცემების ოფიციალურ გამოქვეყნებას, დადგენილი წესით აწვდის ინფორმაციას სამთავრობო დაწესებულებებს და სხვა ორგანიზაციებს;

ფ) თვალყურს ადევნებს სასაქონლო ნომენკლატურის საერთაშორისო საფუძვლების ცვლილებებს და დამატებებს, საჭიროების შემთხვევაში, არსებული წესით შეიმუშავებს წინადადებებს, ეროვნული ეკონომიკის თავისებურებებიდან გამოდინარე, სასაქონლო ნომენკლატურაში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე;

ქ) ახორციელებს საჩივრებისა და განცხადებების განხილვას, იღებს ზომებს საბაჟო ორგანოების თანამშრომლების მხრიდან არამართლზომიერი ქმედებებისაგან იურიდიული თუ ფიზიკური პირის უფლებების დაცვის მიზნით;

ღ) კომპეტენციის ფარგლებში ეწევა საბაჟო საქმის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების საინფორმაციო-განმარტებით საქმიანობას საქართველოს თუ საზღვარგარეთის საინფორმაციო საშუალებებში;

ყ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს წინასწარ გადაწყვეტილებებს საბაჟო ოპერაციების გასახორციელებლად;

შ) მონაწილეობს საბაჟო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში, დადგენილი წესით იღებს მონაწილეობას უცხოეთის დელეგაციებთან საბაჟო საქმის საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებებში, წარადგენს წინადადებებს საბაჟო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შეერთების შესახებ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას;

ც) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს უცხოეთის საბაჟო და სხვა ორგანოებთან;

ჩ) ორგანიზაციას უწევს საბაჟო საქმის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესრულებას;

ძ) სწავლობს და აანალიზებს უცხო ქვეყნების საბაჟო პოლიტიკას და საბაჟო საქმის მდგომარეობას;

წ) შეიმუშავებს და ახორციელებს ერთიან საკადრო პოლიტიკას კადრების შერჩევასა და განაწილებაში, მონაწილეობს მათი მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაში;

ჭ) ქმნის და სრულყოფს ერთიან ავტომატიზებულ საინფორმაციო სისტემებს;

ხ) ახორციელებს საბაჟო ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური და სოციალური ბაზის განვითარებასა და სრულყოფას;

ხ​1) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებას. აწარმოებს მოკვლევას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულის საქმეებზე.

ჯ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №494-სსმIII,№113, 01.10.2003წ.,მუხ.922

    მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილება

1. საქართველოს საბაჟო კოდექსის, სხვა საკანონმდებლო აქტებით დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს საბაჟო რეჟიმების სამართლებრივი რეგულირების მექანიზმები;

ბ) დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების მიზნით, გამოითხოვოს დაწესებულებებიდან (განურჩევლად საკუთრების ფორმისა და დაქვემდებარებისა), აგრეთვე მოქალაქეებისაგან საჭირო დოკუმენტები და მონაცემები;

გ) შექმნას საკოორდინაციო და საექსპერტო საბჭოები, სამუშაო ჯგუფები საბაჟო საქმიანობის საკითხებზე;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს უცხოეთის სახელმწიფო საბაჟო და სხვა ორგანიზაციებთან;

ე) იქონიოს კავშირისა და მონაცემების გადაცემის საუწყებო სისტემები;

ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

    მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ხუთი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.

3. თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით.

4. დეპარტამენტის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის მუშაობას;

ბ) პასუხისმგებელია საბაჟო საქმის მარეგულირებელი სამართლებლივი აქტების შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია ფინანსთა მინისტრის წინაშე;

გ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით, წარმოადგენს დეპარტამენტს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და სხვა კანონქვემდებარე აქტებს;

ე) უშუალოდ, აგრეთვე პირველი მოადგილისა და მოადგილეების, დეპარტამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულების და დაქვემდებარებული საბაჟო ორგანოების მეშვეობით წყვეტს დეპარტამენტის ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებს;

    ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებს (გარდა საბაჟო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისა), განსაზღვრავს მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს, ახორციელებს მათ მიმართ წახალისებასა და დისციპლინურ ზემოქმედებას. საბაჟო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ზ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს შორის;

თ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილისა და მოადგილეების, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და საბაჟო ორგანოების თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე თავმჯდომარის ბრძანებებს;

ი) კომპეტენციის ფარგლებში წარადგენს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებს;

კ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

ლ) დადგენილი წესით ანიჭებს და შეაქვს წინადადებები საბაჟო ორგანოების საჯარო მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ;

მ) თავისი ბრძანებით ქმნის თავმჯდომარის სათათბირო ორგანო _ საბჭოს, რომლის რიცხოვნობას, პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს ბრძანებით;

მ​1)     პასუხს აგებს დეპარტამენტის სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას. კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს დეპარტამენტისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს.

ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა ფუნქციებს და სარგებლობს სხვა უფლებამოსილებით.

5. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 18 ივნისის ბრძანება №315-სსმIII,№58, 19.06.2003წ.,მუხ.510

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №494-სსმIII,№113, 01.10.2003წ.,მუხ.922

    მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. საბაჟო დეპარტამენტი შედგება ცენტრალური აპარატის, რეგიონალური საბაჟო ორგანოების, საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობისა და დაცვის სამსახურის და საბაჟო ლაბორატორიისაგან, რომლებიც ქმნის ერთიან, ცენტრალიზებულ სისტემას.

2. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის დანაყოფებია:

ა) თავმჯდომარის აპარატი;

ბ) კადრების სამმართველო;

გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;

დ) ცენტრალური ბუღალტერია;

ე) საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო;

ვ) საფინანსო-სატარიფო სამმართველო;

ზ) საბაჟო სტატისტიკისა და ინფორმატიკის სამმართველო;

თ) აქციზური საქონლის სამმართველო;

ი) იურიდიული სამმართველო;

კ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;

ლ) განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო;

მ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო;

ნ) საბაჟო სისტემის განვითარების დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველო;

ო) ოპერატიული სამსახური.

3. დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოებია:

ა) აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების საბაჟო სამმართველობი, მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულებით;

ბ) რეგიონალური საბაჟოები (აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი, რკინიგზა და ენერგეტიკის საბაჟო) მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №414-სსმIII,№100, 09.09.2003წ.,მუხ.857

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №494-სსმIII,№113, 01.10.2003წ.,მუხ.922

      მუხლი 6.

თავმჯდომარის აპარატის ძირითადი ამოცანაა: თავმჯდომარის თათბირების ორგანიზება და მათი სათანადო საოქმო გაფორმება, მიღებული დავალებების შესრულებაზე კონტროლი; დეპარტამენტში შემოსული კორესპოდენციების აღრიცხვა და დამუშავება, მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; დეპარტამენტში საქმისწარმოების, საჩივარ-განცხადებების განხილვის და მოქალაქეთა მიღების ორგანიზება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №414-სსმIII,№100, 09.09.2003წ.,მუხ.857

    მუხლი 7. კადრების სამმართველო

კადრების სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: დეპარტამენტის სისტემაში ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, კადრების შემადგენლობის თვისობრივი გაუმჯობესება, მათი შერჩევა, განაწილება და პროფესიული დონის ამაღლება; წოდებათა მინიჭების საკითხის მომზადება; მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადების და ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსებისა და ატესტაციების ორგანიზება; საორგანიზაციო სტრუქტურებისა და შტატების სრულყოფა.

    მუხლი 8. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული დანაყოფების და საბაჟო ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, მისი გაუმჯობესება და სრულყოფა; კაპიტალური მშენებლობის და რემონტების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულების კონტროლი.

    მუხლი 9. ცენტრალური ბუჰხალტერია

ცენტრალური ბუჰხალტერიის ძირითადი ამოცანაა: დეპარტამენტის სისტემაში შემავალი დანაყოფების ფინანსური უზრუნველყოფა; დეპარტამენტის ნაერთი ბიუჯეტის პროექტის მომზადება; დეპარტამენტის სისტემის ოგანოების ნაერთი ბალანსების შედგენა; ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა განაწილება და ხარჯვის კონტროლის განხორციელება; დეპარტამენტის თანამშრომელთა სტიმულირების და სოციალური დაცვის მექანიზმების შემუშავება.

    მუხლი 10. საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო

საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სრულყოფა; საბაჟო პროცედურების ტექნოლოგიების შემუშავება და სრულყოფა; საბაჟო რეჟიმების რეგულირების და მათი განხორციელების მექანიზმის სრულყოფა, საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო საქმის აღსრულების მექანიზმის სრულყოფა; რეგიონული საბაჟოების (მათზე დაქვემდებარებული საბაჟო საგუშაგოების და საბაჟო გამშვები პუნქტების) ოპერატიული მართვა და მათი საქმიანობის სრულყოფა; საბაჟო საწყობების, უბაჟო ვაჭრობის მაღაზიების, თავისუფალი საწყობების, დროებითი შენახვის საწყობების შექმნის ნებართვების გაცემის და მათში არსებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ორგანიზება; ცალკეულ საბაჟო რეჟიმში საქონლის გაფორმებისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნებართვების გაცემის ორგანიზება და კონტროლი მათ შესრულებაზე.

    მუხლი 11. საფინანსო-სატარიფო სამმართველო

საფინანსო-სატარიფო სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ორგანიზება და კონტროლი; საბაჟო გადასახდელების, საბაჟო მოსაკრებლების და სხვა გადასახადების დარიცხვა-ამოღებაზე და შესაბამის ბიუჯეტებში მათ დროულ და სრულ აკუმულირებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; დეპარტამენტს დაქვემდებარებული საბაჟო ორგანოებისათვის საბიუჯეტო და სხვა შემოსავლების მობილიზაციის ყოველთვიური პროგნოზული მაჩვენებლების განსაზღვრა, მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; სავალუტო კონტროლის ორგანიზება.

    მუხლი 12. საბაჟო სტატისტიკისა და ინფორმატიკის სამმართველო;

საბაჟო სტატისტიკისა და ინფორმატიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი; საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებზე მონაცემთა ინფორმაციული ბაზის შექმნა, რისკის ფაქტორების გამოვლენა, საბაჟო ინფორმაციული ტექნოლოგიების და მონაცემთა გადაცემის სისტემების მომსახურება, ქვეყნის საგარეო ვაჭრობის საქონელბრუნვის ტენდეციების სტრუქტურის დინამიკა და ანალიზი, დეპარტამენტს დაქვემდებარებული საბაჟო ორგანოების სტატისტიკური სამსახურების კოორდინაცია.

    მუხლი 13. აქციზური საქონლის სამმართველო

აქციზური საქონლის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული აქციზური საქონლის აღრიცხვის, დაბეგვრისა და კონტროლის ორგანიზება.

    მუხლი 14. იურიდიული სამმართველო

იურიდიული სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: საბაჟო საქმის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმატიული აქტების მომზადების ორგანიზება; დეპარტამენტში შემოსული საჩივრებისა და პროტესტების განხილვა (სამოქალაქო დავის საკითხებზე); საბაჟო პოლიტიკის განხორციელებისათვის სამართლებრივ საშუალებათა გამოყენების უზრუნველყოფა; საბაჟო დეპარტამენტისა და საბაჟო ორგანოების ინტერესების წარმოდგენა და დაცვა სასამართლოსა და სხვა ორგანოებში სამართლებრივი საკითხების განხილვისას.

    მუხლი 15. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო

საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: საბაჟო საქმის მარეგულირებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადების ორგანიზება; საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; უცხოეთის საბაჟო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება; საბაჟო საქმესთან დაკავშირებით უცხოეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, ანალიზი და დანერგვის ორგანიზება; უცხოურ ენაზე საბაჟო საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციების მომზადება და გავრცელების ორგანიზება; საერთაშორისო მიმოწერის კოორდინაცია; უცხოეთის დელეგაციების მიღების ორგანიზება; საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს წარმომადგენლობების მუშაობის ორგანიზაციის უზრუნველყოფა.

    მუხლი 16. განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო

განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: საბაჟო სფეროში სამართალდარღვეთა გამოვლენა-აღკვეთის ორგანიზება; დეპარტამენტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების ორგანიზება და ზედამხედველობა. დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის მიერ დისციპლინისა და კანონიერების განუხრელ დაცვაზე ზედამხედველობა; თანამშრომელთა მიერ კანონდარღვევების, მოქალაქეთა და იურიდიული პირების უფლებების დარღვევის, სამსახურებრივი გადაცდომების ფაქტების გამოვლენა და მათი პროფილაქტიკა, აღნიშნულ საკითხებზე დეპარტამენტში შემოსული საჩივარ-განცხადებების შესწავლა (რომელიც შეეხება დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან არამართლზომიერ ქმედებებს) და სათანადო რეაგირება; დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების შემოწმების ორგანიზება.

     მუხლი 16​1. საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო

საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება. დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების საზოგადოებაზე გავლენის ანალიზი. საზოგადოებასთან და მასმედიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება. დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინების, განცხადებების და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება. დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელობის დადებითი იმიჯის ფორმირება საზოგადოებაში. საჯარო ინფორმაციის გაცემის ორგანიზება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №414-სსმIII,№100, 09.09.2003წ.,მუხ.857

     მუხლი 16​2. საბაჟო სისტემის განვითარების დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველო

საბაჟო სისტემის განვითარების დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: საბაჟო სისტემაში დახმარების პროექტების კოორდინაცია, მათი მიმდინარეობის ანალიზი. ინფორმაციის მომზადება და დახმარების პროექტებით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების და ტექნიკური დახმარების მდგომარეობის შესახებ, საბაჟო სისტემის საჭიროებათა დეტალური შესწავლა, პრიორიტეტების გამოვლენა და დონორი ორგანიზაციების მოძიება. საბაჟო სისტემების განვითარების სტრატეგიული მიმართულებების გამოვლენა და განვითარების გეგმების შედგენა, მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №414-სსმIII,№100, 09.09.2003წ.,მუხ.857

     მუხლი 16​3. ოპერატიული სამსახური

ოპერატიული სამსახური მისი სტრუქუტურული ქვედანაყოფების მეშვეობით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით.

2. აწარმოებს მოკვლევას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა საქმეებზე.

3. საბაჟო სფეროში სამართალდარღვევათა ჩამდენი პირის ან პირების გამოვლენას, დადგენასა და დაკავებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საბაჟო დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში საქმის წაროებასა და გადაწყვეტილების მიღებას.

4. საბაჟო დეპარტამენტისა და მისდამი ქვემდებარე საბაჟო ორგანოების თანამშრომლების უსაფრთხოებასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მათი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვას.

5. საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ანალიზის საფუძველზე დარღვევათა ხელშემწყობი პირობების გამოვლენას.

6. ოპერატიული ინფორმაციის დამუშავებასა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნას.

7. საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით გადაადგილების აღკვეთას.

8. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა ან/და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №494-სსმIII,№113, 01.10.2003წ.,მუხ.922

    მუხლი 17. საბაჟო ლაბორატორია

საბაჟო ლაბორატორიის ძირითადი ამოცანაა: საბაჟო მიზნებისათვის სასაქონლო ექსპერტიზისა და სპეციალური გამოკვლევების ჩატარების ორგანიზება; საბაჟო საქმის საექსპერტო მეთოდურ და ტექნიკურ პრობლემებზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

    მუხლი 18. საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობისა და დაცვის სამსახური

საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობისა და დაცვის სამსახურის ძირითადი ამოცანაა: ავტოსატრანსპორტო საშუალებებით საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე გადაზიდვის საბაჟო კონტროლი; საბაჟო კონტროლის ზონების, დეპარტამენტის კუთვნილი შენობა-ნაგებობების და ფასეულობების დაცვის ორგანიზება, ასევე სხვა სპეციალური დავალებების შესრულება (საბაჟოს თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების დაცვის ორგანიზება). დღეღამური ოპერატიული ვითარების ინფორმაციის მიღება-სისტემატიზაცია.

    მუხლი 19. დეპარტამენტის საბაჟო ორგანოები

საბაჟო ორგანოების ძირითადი ამოცანაა: სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზაცია; საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის (სატრანსპორტო საშუალებების) საბაჟო კონტროლი; საბაჟო გადასახდელების, სხვა მოსაკრებლების და გადასახადების დარიცხვა-ამოღება და შესაბამის ბიუჯეტებში დროული და სრული აკუმულირება; საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და საბაჟო გაფორმება; საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლის (სატრანსპორტო საშუალებების) გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება.

    მუხლი 20. დეპარტამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოები

1. თავმჯდომარეს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები (შემდგომში –  კომისია), სათათბირო უფლებებით და განსაზღვროს მათი მოვალეობები.

2. კომისია იქმნება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება კომისიის ამოცანები, თავმჯომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა და მომსახურე სტ რ უქტურული ქვედანაყოფი.

3. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოსამსახურე, ამ დაწესებულების ხემძღვანელის თანხმობით. კომისიის მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩართულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები.

4. კომისიის საქმიანობისას და კომისიის სხდომაზე საოქმო გაფორმებას უზრუნველყოფს კომისიის მოსამსახურე სტრუქტურული ქვედანაყოფი, ან თავმჯდომარის აპარატი.

5. კომისია უფლებამოსილია მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით გამოითხოვოს აუცილებელი დოკუმენტაცია.

6. კომისიის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე, თუ კომისიის შექმნისას სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.

7. კომისიის მუშაობისას დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს დადგენილი წესით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №269, 29.08.2002, სარეგისტრაციო კოდი 200250000.11.117.005480 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1342669-3/