საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.08.2003 ძალადაკარგული 30.09.2008
ნომერი
№834
სარეგისტრაციო კოდი
100110000.11.106.005991
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 81, 05/08/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.11.106.005.991

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №834

2003 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-14​1 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულება (დანართი №1).

2. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს დებულება (დანართი №2).

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №20 ბრძანება “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” (სსმ №6, მუხ. 52, 2001წ.).

ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №21 ბრძანება “სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” (სსმ  III, 2001წ., №6, მუხ. 53).

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №1169-სსმIII, №122,23.10.2003წ.,მუხ.1019

2.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 14 თებერვლის ბრძანება №136-სსმIII, №17,15.02.2004წ.,მუხ.169

3.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №1199-სსმIII, №107,29.09.2004წ.,მუხ.933

4.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №1332-სსმIII, №124,03.11.2004წ.,მუხ.1097

5.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მაისის ბრძანება №836-სსმIII, №57,17.05.2005წ.,მუხ.632

6.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 12 აპრილის ბრძანება №406-სსმIII, №50,12.04.2006წ.,მუხ.638

7.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის ბრძანება №16-სსმIII, №7,17.01.2007წ.,მუხ.58

8.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №342-სსმIII, №154,01.11.2007წ.,მუხ.1722


დანართი №1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის მიზნებს, ამოცანებს, მართვის ორაგნიზაციასა და სტრუქტურას.

    მუხლი 2

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად.

    მუხლი 3

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ”, საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 4

დეპარტამენტს გააჩნია სიმბოლიკა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი), ბლანკიანი ფურცელი და ბეჭედი.

    მუხლი 5

დეპარტამენტის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-3 კვარტალი, №8ა.

თავი II

დეპარტამენტის მიზანი და ამოცანები

    მუხლი 6

დეპარტამენტის მიზანია სააღსრულებო წარმოების პროცესის კოორდინაცია და კონტროლი, სასამართლო აღმასრულებელთა და სააღსრულებო პოლიციის თანამშრომელთა კადრების შერჩევა, დადგენილი წესით მათი სწავლების ორგანიზება, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება.

    მუხლი 7

დეპარტამენტის ამოცანაა:

ა) სასამართლო აღმასრულებლებისა და სააღსრულებო პოლიციის საქმიანობის ორგანიზაციული და მეთოდური ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი;

ბ) (ამოღებულია);

გ) (ამოღებულია);

დ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;

ე) სასამართლო აღმასრულებელთა და სააღსრულებო პოლიციის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარებაში მონაწილეობა დადგენილი წესით;

ვ) სააღსრულებო ბიუროების, სასამართლო აღმასრულებელთა, სააღსრულებო პოლიციის ადგილობრივი განყოფილებებისა და სააღსრულებო პოლიციის თანამშრომელთა საქმიანობის რევიზიისა და კონტროლის განხორციელება;

ზ) სააღსრულებო წარმოებათა სტატისტიკისა და ანალიზის წარმოება;

ზ​1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულების წინასწარი გამოძიება;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მაისის ბრძანება №836-სსმIII, №57,17.05.2005წ.,მუხ.632

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 12 აპრილის ბრძანება №406-სსმIII, №50,12.04.2006წ.,მუხ.638

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის ბრძანება №16-სსმIII, №7,17.01.2007წ.,მუხ.58

    მუხლი 8

თავისი საქმიანობის განხორციელებისას დეპარტამენტი:

ა) ახორციელებს სააღსრულებო ბიუროების მიერ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ”, საქართველოს კანონის, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების ორგანიზებას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს ნორმატიული აქტების პროექტებს და წარუდგენს იუსტიციის მინისტრს;

გ) დადგენილი წესით მონაწილეობას იღებს სასამართლო აღმასრულებელთა და სააღსრულებო პოლიციის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარებაში;

დ) ახორციელებს სააღსრულებო ბიუროების, სასამართლო აღმასრულებელთა, სააღსრულებო პოლიციის ადგილობრივი განყოფილებებისა და სააღსრულებო პოლიციის თანამშრომელთა საქმიანობის რევიზიასა და კონტროლს;

ე) გამოითხოვს სააღსრულებო ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტებს;

ვ) ახორციელებს აღსრულების წარმოების სტატისტიკასა და ანალიზს;

ზ) იხილავს აღსრულებასთან დაკავშირებულ სამსახურებრივ დავებს და განსჯადობის საკითხებს;

თ) საჭიროების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით, სასამართლო აღმასრულებელს უცვლის სამოქმედო ტერიტორიას კონკრეტული სააღსრულებო საქმის დასრულებამდე;

ი) წყვეტს საქმის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიისათვის მიკუთვნების და სპეციალური ჯგუფისათვის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსასრულებლად დაქვემდებარების საკითხებს;

ი​1) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს დანაშაულების წინასწარ გამოძიებას;

კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის ბრძანება №16-სსმIII, №7,17.01.2007წ.,მუხ.58

თავი III

დეპარტამენტის თანამდებობის პირები და სხვა საჯარო მოხელეები

     მუხლი 9

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარე:

ა) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს;

ბ) უფლებამოსილია დეპარტამენტის მოსამსახურეებსა და სასამართლო აღმასრულებლებს მისცეს დავალებები და მითითებები;

გ) წყვეტს აღსრულებასთან დაკავშირებულ სამსახურებრივ დავებს და განსჯადობის საკითხებს;

თ) საჭიროების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით, სასამართლო აღმასრულებელს უცვლის სამოქმედო ტერიტორიას კონკრეტული სააღსრულებო საქმის დასრულებამდე;

ე) წყვეტს საქმის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიისათვის მიკუთვნების და სპეციალური ჯგუფისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების აღსასრულებლად დაქვემდებარების საკითხებს;

ვ) უშუალო კოორდინაციას უწევს სააღსრულებო პოლიციისა და საგამოძიებო სამმართველოების მუშაობას;

ზ) იუსტიციის მინისტრს დასანიშნად წარუდგენს სააღსრულებო დეპარტამენტის, ადგილობრივი ბიუროების და პოლიციის განყოფილებების თანამშრომლების კანდიდატურებს;

თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

3. დეპარტამენტის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №342-სსმIII, №154,01.11.2007წ.,მუხ.1722

    მუხლი 10(ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №342-სსმIII, №154,01.11.2007წ.,მუხ.1722

     მუხლი 11

1. სააღსრულებო დეპარტამენტის აღმოსავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსი:

ა) დეპარტამენტის თავმჯდომარის სამსახურში არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობებს;

ბ) კოორდინაციას უწევს აღმოსავლეთ საქართველოში განხორციელებულ სააღსრულებო წარმოებას და იურიდიული განყოფილების საქმიანობას;

გ) ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.

2. აღმოსავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №1169-სსმIII, №122,23.10.2003წ.,მუხ.1019

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 14 თებერვლის ბრძანება №136-სსმIII, №17,15.02.2004წ.,მუხ.169

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 12 აპრილის ბრძანება №406-სსმIII, №50,12.04.2006წ.,მუხ.638

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №342-სსმIII, №154,01.11.2007წ.,მუხ.1722

     მუხლი 12

1. დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსი:

ა) დეპარტამენტის თავმჯდომარისა და აღმოსავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსის არყოფნისას ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობებს;

ბ) კოორდინაციას უწევს დასავლეთ საქართველოში განხორციელებულ სააღსრულებო წარმოებას, სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილებას, საერთო განყოფილებასა და დეპარტამენტის დამხმარე მოსამსახურეების საქმიანობას;

გ) ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.

2. დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარ-მოების სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №1169-სსმIII, №122,23.10.2003წ.,მუხ.1019

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 14 თებერვლის ბრძანება №136-სსმIII, №17,15.02.2004წ.,მუხ.169

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 12 აპრილის ბრძანება №406-სსმIII, №50,12.04.2006წ.,მუხ.638

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №342-სსმIII, №154,01.11.2007წ.,მუხ.1722

     მუხლი 13

1. დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულის უფროსი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას.

2. თავისი საქმიანობის განხორციელებისას უფლებამოსილია დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს, სასამართლო აღმასრულებლებს ან, შესაბამისად, სააღსრულებო პოლიციის თანამშრომლებს მისცეს დავალებები და მითითებები.

3. თავისი საქმიანობის განხორციელებისას სტრუქტურული ერთეულის უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის და წინამდებარე დებულებით განსაზღვრული პირის წინაშე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №342-სსმIII, №154,01.11.2007წ.,მუხ.1722

     მუხლი 14. (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №1169-სსმIII, №122,23.10.2003წ.,მუხ.1019

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 12 აპრილის ბრძანება №406-სსმIII, №50,12.04.2006წ.,მუხ.638

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №342-სსმIII, №154,01.11.2007წ.,მუხ.1722

     მუხლი 15

დეპარტამენტის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილება, კომპეტენცია და თანამდებობრივი ინსტრუქციები განისაზღვრება სამუშაოს აღწერილობით, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №342-სსმIII, №154,01.11.2007წ.,მუხ.1722

 

    მუხლი 16

დეპარტამენტის მოსამსახურეთა საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება იუსტიციის სამინისტროს საშტატო განრიგით.

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურა

     მუხლი 17

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) აღმოსავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველო;

ბ) დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველო;

გ) სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება;

დ) სააღსრულებო პოლიციის სამმართველო;

ე) საერთო განყოფილება;

ვ) იურიდიული განყოფილება;

ზ) საგამოძიებო სამმართველო.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №1169-სსმIII, №122,23.10.2003წ.,მუხ.1019

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 14 თებერვლის ბრძანება №136-სსმIII, №17,15.02.2004წ.,მუხ.169

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 12 აპრილის ბრძანება №406-სსმIII, №50,12.04.2006წ.,მუხ.638

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის ბრძანება №16-სსმIII, №7,17.01.2007წ.,მუხ.58

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №342-სსმIII, №154,01.11.2007წ.,მუხ.1722

    მუხლი 18 (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №1169-სსმIII, №122,23.10.2003წ.,მუხ.1019

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 14 თებერვლის ბრძანება №136-სსმIII, №17,15.02.2004წ.,მუხ.169

    მუხლი 18​1​

აღმოსავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველო:

ა) ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროების მიერ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების ორგანიზებას;

ბ) ახორციელებს ამ მუხლის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული სააღსრულებო ბიუროების, სასამართლო აღმასრულებელთა საქმიანობის რევიზიასა და კონტროლს:

გ) ამ მუხლის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული სააღსრულებო ბიუროებიდან გამოითხოვს საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტებს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში იხილავს აღსრულებასთან დაკავშირებულ სამსახურებრივ დავებს და განსჯადობის საკითხებს;

ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №1169-სსმIII, №122,23.10.2003წ.,მუხ.1019

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 14 თებერვლის ბრძანება №136-სსმIII, №17,15.02.2004წ.,მუხ.169

    მუხლი 18​2

დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველო:

ა) ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროების მიერ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების ორგანიზებას;

ბ) ახორციელებს ამ მუხლის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული სააღსრულებო ბიუროების, სასამართლო აღმასრულებელთა საქმიანობის რევიზიასა და კონტროლს:

გ) ამ მუხლის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული სააღსრულებო ბიუროებიდან გამოითხოვს საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტებს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში იხილავს აღსრულებასთან დაკავშირებულ სამსახურებრივ დავებს და განსჯადობის საკითხებს;

ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №1169-სსმIII, №122,23.10.2003წ.,მუხ.1019

    მუხლი 19

სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 20.

სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება:

ა) ახორციელებს აღსრულების წარმოების სტატისტიკასა და ანალიზს;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვს სააღსრულებო ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტებს;

გ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №1169-სსმIII, №122,23.10.2003წ.,მუხ.1019

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №342-სსმIII, №154,01.11.2007წ.,მუხ.1722

     მუხლი 20​1.

იურიდიული განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტისა და იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების წარმომადგენლობას სასამართლო პროცესებზე;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას;

გ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 12 აპრილის ბრძანება №406-სსმIII, №50,12.04.2006წ.,მუხ.638

     მუხლი 20​2.

საერთო განყოფილება ახორციელებს:

ა) დეპარტამენტში შემოსული და გაგზავნილი კორესპონდენციის რეგისტრაციას;

ბ) დეპარტამენტის თათბირების მომზადებასა და ოქმების გაფორმებას;

გ) სასამართლო აღმასრულებლის მიერ დამთავრებული საქმეების რევიზიასა და შენახვას დადგენილი წესით;

დ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ სამეურნეო საქმიანობას;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 12 აპრილის ბრძანება №406-სსმIII, №50,12.04.2006წ.,მუხ.638

     მუხლი 20​3

1. საგამოძიებო სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე, 377​1, 377​2, 381-ე (გარდა თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილისა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების წინასწარ გამოძიებას;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე, 377​1, 377​2, 381-ე (გარდა თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილისა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ხელშემწყობი მიზეზების შესწავლას, ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2 საგამოძიებო სამმართველო უშუალოდ ემორჩილება სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარეს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.

3. საგამოძიებო სამმართველოში შედის აღმოსავლეთის განყოფილება და დასავლეთის განყოფილება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის ბრძანება №16-სსმIII, №7,17.01.2007წ.,მუხ.58

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №342-სსმIII, №154,01.11.2007წ.,მუხ.1722

თავი V

დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა მატერიალური სტიმულირება

    მუხლი 21

დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა მატერიალური სტიმულირებისათვის გამოიყენება “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული შემოსავლები.

თავი VI

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 22

წინამდებარე დებულების გაუქმება მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

 

 

დანართი №2

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

     მუხლი 1. სააღსრულებო პოლიციის სამმართველო

1. სააღსრულებო პოლიციის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენ-ტის სტრუქტურულ ერთეულს და შექმნილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სამმართველო უშუალოდ ემორჩილება სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარეს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №342-სსმIII, №154,01.11.2007წ.,მუხ.1722

    მუხლი 2. სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ინსტრუქციით, წინამდებარე დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 3. სამმართველოს მიზანი

1. სამმართველოს მიზანია აღმოუჩინოს დახმარება სასამართლო აღმასრულებელს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულებაში, დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას, აღკვეთოს სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა უკანონო ქმედებები.

2. სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალების საფუძველზე სააღსრულებო პოლიცია ახორციელებს სააღსრულებო დაწესებულებებისა ან/და სააღსრულებო დეპარტამენტის დაცვას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მაისის ბრძანება №836-სსმIII, №57,17.05.2005წ.,მუხ.632

თავი II

სამმართველოს ორგანიზაცია და სამმართველოს თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობები

    მუხლი 4. სამმართველოს უფროსი

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს მისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფო მოხელეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და წერილობით მითითებებს;

ბ) თვალყურს ადევნებს სამმართველოს მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

გ) ახდენს სამმართველოს განყოფილებების მუშაობის კოორდინაციას, წყვეტს საჭიროების შემთხვევაში სააღსრულებო პოლიციელების სხვა განყოფილებისათვის დახმარების საკითხს;

დ) წარუდგენს სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარეს სამმართველოს ხარჯთაღრიცხვის გეგმას;

ე) დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს სტრუქტურის, მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეების წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ;

ვ) ადგენს სამმართველოს სამუშაო გეგმებს, ხელმძღვანელობს მათ შესრულებას;

ზ) იბარებს სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარეს პერიოდულად, ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;

ი) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

კ) ასრულებს სააღსრულებო დეპარტამენტის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს; 

    მუხლი 5. სამმართველოს ორგანიზაციული მოწყობა და მათი ხელმძღვანელების უფლებამოსილება

1. სამმართველო კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო პოლიციის განყოფილებების (შემდგომში – განყოფილება) საქმიანობას. განყოფილებების საშტატო განრიგს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. სამმართველო კოორდინაციას უწევს ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის და ქ. ბათუმის განყოფილებებს.

3. თბილისის განყოფილების სამოქმედო ტერიტორიაა – ქ. თბილისის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროების სამოქმედო ტერიტორიები.

4. ქუთაისის განყოფილების სამოქმედო ტერიტორიაა იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროების სამოქმედო ტერიტორიები.

    4​1. ქ. ბათუმის განყოფილების სამოქმედო ტერიტორიაა აჭარის სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორია.

5. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი რომელსაც სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

6. განყოფილების უფროსი:

ა) იღებს სააღსრულებო ბიუროების უფროსებისა და სასამართლო აღმასრულებლების წერილობით მიმართვებს სააღსრულებო პოლიციელთა დახმარების აუცილებლობის შესახებ;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს ჯგუფებსა და სააღსრულებო პოლიციელებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და წერილობით მითითებებს;

გ) თვალყურს ადევნებს ჯგუფების უფროსებისა და სააღსრულებო პოლიციელების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

დ) ჯგუფების უფროსებისაგან და სააღსრულებო პოლიციელებისაგან იბარებს პატაკებს მათ მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ;

ე) სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სააღსრულებო პოლიციელთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ;

ვ) კონტროლს უწევს სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის დადგენილი წესით სააღსრულებო პოლიციელთათვის გადაცემასა და ჩამორთმევას, მათი გამოყენების კანონიერებას;

ზ) ასრულებს სამმართველოს უფროსის დავალებებსა და მითითებებს;

თ) პერიოდულად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს სამმართველოს უფროსს ინფორმაციას განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

7. ქ. თბილისის განყოფილება შედგება სამი მობილური ჯგუფისაგან, ქ. ქუთაისის განყოფილება – ორი მობილური ჯგუფისაგან, ქ. ბათუმის განყოფილება – ერთი მობილური ჯგუფისაგან.

8. ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის უფროსი, რომელსაც სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

9. მობილური ჯგუფის უფროსი:

ა) აძლევს დავალებებსა და მითითებებს მის დაქვემდებარებაში მყოფ სააღსრულებო პოლიციელებს;

ბ) უშუალოდ მონაწილეობს სააღსრულებო პოლიციის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში და ხელმძღვანელობს მათ;

გ) მობილური ჯგუფის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ აბარებს პატაკს განყოფილების უფროსს;

დ) თვალყურს ადევნებს სააღსრულებო პოლიციელთა საქმიანობას და პასუხისმგებელია სააღსრულებო პოლიციელთა ქმედების კანონიერებაზე;

ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

10. (ამოღებულია).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №1199-სსმIII, №107,29.09.2004წ.,მუხ.933

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №1332-სსმIII, №124,03.11.2004წ.,მუხ.1097

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მაისის ბრძანება №836-სსმIII, №57,17.05.2005წ.,მუხ.632

თავი III

სააღსრულებო პოლიციელი და მისი უფლებამოსილება

    მუხლი 6. სააღსრულებო პოლიციელი

1. სააღსრულებო პოლიციელი არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას სააღსრულებო პოლიციელი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

3. სააღსრულებო პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სააღსრულებო პოლიციელს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები.

5. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სააღსრულებო პოლიციელი ატარებს სამსახურებრივ ფორმას, რომლის ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. სააღსრულებო პოლიციელს ეძლევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის პირადობის მოწმობა.

    მუხლი 7. სააღსრულებო პოლიციელის უფლებამოსილება

სააღსრულებო პოლიციელი უფლებამოსილია:

ა) დაეხმაროს სასამართლო აღმასრულებელს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაში;

ბ) სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი;

გ) სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაიცვას სასამართლო აღმასრულებელი, სხვა პირები და აღსრულებაზე მიქცეული ქონება;

დ) უზრუნველყოს აღსრულების მიმდინარეობისას მართლწესრიგის დაცვა;

ე) აღკვეთოს სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა უკანონო ქმედებები;

ვ) სასამართლო აღმასრულებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დააკავოს მოვალის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება და წარადგინოს იგი სასამართლო აღმასრულებელთან;

ზ)(ამოღებულია);

თ) გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მაისის ბრძანება №836-სსმIII, №57,17.05.2005წ.,მუხ.632

თავი IV

სამმართველოში სამსახურის გავლის წესი

    მუხლი 8. სამმართველოში სამსახურის გავლის წესი

სამმართველოში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონითა და წინამდებარე დებულებით.

     მუხლი 8​1. სამმართველოს თანამდებობის პირთა სამუშაოს აღწერილობა

სამმართველოს თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილება, კომპეტენცია და თანამდებობრივი ინსტრუქციები განისაზ-ღვრება სამუშაოს აღწერილობით, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №342-სსმIII, №154,01.11.2007წ.,მუხ.1722

    მუხლი 9. დამატებითი მოთხოვნები სამმართველოს მოხელეთათვის

1. სამმართველოს მოხელეთათვის გარდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულისა, წესდება შემდეგი დამატებითი მოთხოვნები:

ა)(ამოღებულია);

ბ) მოკვლევის ჯგუფის უფროსისათვის უმაღლესი იურიდიული განათლება;

გ) მობილური ჯგუფის უფროსისათვის და სააღსრულებო პოლიციელისათვის უმაღლესი განათლება;

დ)(ამოღებულია).

2. სააღსრულებო პოლიციელად შეიძლება მიღებული იქნეს პირი, რომელიც პიროვნული თვისებებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მაისის ბრძანება №836-სსმIII, №57,17.05.2005წ.,მუხ.632

    მუხლი 10. სამმართველოს თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესი

სამმართველოს თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესი განისაზღვრება “სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონით.

თავი V

სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და გამოყენების წესი

    მუხლი 11. სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, გაცემისა და ჩაბარების წესი

1. სამმართველოსათვის განკუთვნილი სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი ინახება სამმართველოს განყოფილებაში არსებულ ამისათვის სპეციალურად განკუთვნილ დაცულ საცავში.

2. სააღსრულებო პოლიციელზე და ჯგუფის უფროსზე სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გაცემა ხდება მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დაწყებისას.

3. სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გაცემა ფიქსირდება სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის აღრიცხვის ჟურნალში იარაღის სახეობის, ნომრის, საბრძოლო ტყვიების რაოდენობისა და გაცემის დროის მითითებით. გაცემა მოწმდება სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამცემი და მიმღები პირის ხელმოწერით.

4. სააღსრულებო პოლიციელისა და ჯგუფის უფროსის მიერ სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარება ხდება მათი გაცემისათვის დადგენილი წესით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის განკუთვნილი დროის დამთავრებისას.

5. სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვაზე, გაცემასა და ჩაბარებაზე კონტროლს ახორციელებს განყოფილების უფროსი.

    მუხლი 12. სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება

სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ხდება მხოლოდ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

თავი VI

სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

    მუხლი 13. სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. სამმართველოს რეორგანიზაცია ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

2. სამმართველოს ლიკვიდაცია ხდება კანონის საფუძველზე.

თავი VII

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 14. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №834, 04.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 100110000.11.106.005991 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.11.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1349464-8/