საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.06.2004 ძალადაკარგული 02.03.2007
ნომერი
№426
სარეგისტრაციო კოდი
230010000.11.117.006536
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 64, 25/06/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
2 +

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.010.000.11.117.006.536

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №426

2004 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 26-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №769-სსმIII,№140,02.12.2004წ., მუხ.1254

მუხლი 2. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულება (დანართი №2).

მუხლი 3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენეტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2002 წ., №88, მუხ.797).

მუხლი 4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №291 ბრძანება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2002 წ., №92, მუხ. 824).

მუხლი 5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებიდან 35-ე დღეს.

ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №769-სსმIII,№140,02.12.2004წ., მუხ.1254

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის ბრძანება №285-სსმIII,№51,27.04.2005წ., მუხ.536

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №894-სსმIII,№113,27.09.2005წ., მუხ.1241

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 თებერვლის ბრძანება №114-სსმIII,№24,23.02.2006წ., მუხ.288

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 აპრილის ბრძანება №326-სსმIII,№54,19.04.2006წ., მუხ.668

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სამართლებრივი სტატუსი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი (შემდგომში – „დეპარტამენტი”) არის სამართალდამცავი ორგანოს სტატუსის მქონე საბაჟო ორგანო, რომელიც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სახით შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში.

    მუხლი 2. დეპარტამენტის იურიდიული მისამართი

დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0109, კ. აბზიანიძის ქ. №4.

    მუხლი 3. დეპარტამენტის სიმბოლიკა

დეპარტამენტის სიმბოლიკა შედგება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დამტკიცებული დროშისა და ამოსაცნობი ნიშნისაგან.

    მუხლი 4. დეპარტამენტის ბეჭედი და ბლანკები

1. დეპარტამენტს აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დამტკიცებული ბეჭედი და ბლანკები.

2. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და მიზნებისათვის დეპარტამენტში გამოიყენება აგრეთვე სხვა ბეჭდები და შტამპები (საქმისწარმოების სამსახურის ბეჭედი, კადრების სამსახურის ბეჭედი, სარეჟიმო-საიდუმლო ორგანოს ბეჭდები და შტამპები და სხვა).

    მუხლი 5. დეპარტამენტის დაფინანსება, ბალანსი და ანგარიშები

1. დეპარტამენტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დეპარტამენტის დასაფინანსებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გრანტები, აგრეთვე კანონმდებლობით დაშვებული დაფინანსების სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრები (ქონება).

2. დეპარტამენტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და საბიუჯეტო ანგარიშები სახელმწიფო ხაზინაში.

    მუხლი 6. წარმომადგენლობა

1. დეპარტამენტი ახორციელებს სახელმწიფოს წარმომადგენლობას და მოქმედებს სახელმწიფოს სახელით მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას.

2. დეპარტამენტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია დეპარტამენტის თავმჯდომარე.

3. ცალკეული საკითხების გადაწყვეტისას, დეპარტამენტის წარმომადგენლობის უფლებამოსილება დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დელეგირებულ იქნეს დეპარტამენტის სხვა მოხელეებზე ან სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

4. იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დელეგირება დეპარტამენტის სხვა მოხელეებზე ან სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე მოითხოვს ნორმატიული აქტის გამოცემას, დელეგირება ფორმდება ნორმატიული აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირის (ორგანოს) აქტით.

თავი II

დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილება

    მუხლი 7. დეპარტამენტის ფუნქციები

დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე კანონმდებლობის იმ ნორმათა განუხრელ და ერთგვაროვან შესრულებას, რომლებიც აწესრიგებენ საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს;

ბ) საბაჟო პროცედურების ჩატარებისას წინასწარი, მიმდინარე და გაფორმების შემდგომი კონტროლის განხორციელებას;

გ) საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების გამოვლენას, მათ აღკვეთასა და პრევენციას;

დ) საბაჟო სამსახურის ორგანიზებას;

ე) კანონმდებლობით საბაჟო ორგანოებზე დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულებას.

    მუხლი 8. დეპარტამენტის უფლებამოსილებები

დეპარტამენტი მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით:

ა) ახორციელებს წინასწარ ოპერაციებს, საბაჟო კონტროლსა და საბაჟო გაფორმებას;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იყენებს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის რეგულირების სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებებს, ახორციელებს საბაჟო გადასახდელების, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანაზე დაწესებული სხვა გადასახადებისა და მოსაკრებლების ადმინისტრირებას;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს ,,სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონით მის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, ცვლილებების შეტანის, გაუქმების, მოქმედების შეჩერების და განახლების თაობაზე;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს საბაჟო სფეროში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს;

ე) აწარმოებს საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკას და სპეციალურ საბაჟო სტატისტიკას;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო საბაჟო ურთიერთობებში;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

    მუხლი 9. დეპარტამენტის თავმჯდომარე

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარე:

ა) ახორციელებს დეპარტამენტის წარმომადგენლობას;

ბ) ხელმძღანელობს და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას;

გ) უშუალოდ, ხოლო დელეგირების შემთხვევაში – დეპარტამენტის მოხელეების, ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით წყვეტს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

დ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ე) თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტით დეპარტამენტზე გამოყოფილი ასიგნებების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, პასუხისმგებელია საბაჟო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და გამოყენებაზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას;

თ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

    მუხლი 10. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

1. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ფუნქციებსა და უფლებამოსილებას ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით თავისი ბრძანებით განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს დეპარტამენტის თავმჯდომარის სამუშაო ადგილზე არყოფნის შემთხვევაში.

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურა

    მუხლი 11. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. საბაჟო დეპარტამენტი შედგება ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან, რომლებიც ქმნიან ერთიან, ცენტრალიზებულ სისტემას.

2. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის ქვედანაყოფებია:

ა) საბაჟო საქმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიის სამმართველო;

ბ) საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო;

გ) ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო;

დ) ანალიტიკური სამმართველო;

ე) იურიდიული სამმართველო;

ვ) ადმინისტრაციული სამმართველო;

ზ) თავმჯდომარის აპარატი.

3. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია რეგიონალური საბაჟოები: ,,აღმოსავლეთი” და ,,დასავლეთი”.

თავი V

დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და ამოცანები

    მუხლი 12. საბაჟო საქმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიის სამმართველო

 1. საბაჟო საქმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საბაჟო კანონმდებლობის და მისი აღსრულების პრაქტიკის სრულყოფის მიზნით:

ა.ა) საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების მიერ წინასწარი ოპერაციების, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმების პრაქტიკის პერიოდული, სისტემატური და გეგმური შესწავლა;

ა.ბ) შესწავლის შედეგების საფუძველზე კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების წარდგენა, შესაბამისი პროექტების შემუშავება.

ბ) საბაჟო კანონმდებლობის ნორმათა ზუსტი და ერთგვაროვანი გამოყენების მიზნით საბაჟო ორგანოებზე დასაგზავნი მეთოდური მითითებების (ინსტრუქციების და სხვა) პროექტების შემუშავება, დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ინსტრუქტირება;

გ) საბაჟო საქმის მომწესრიგებელ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიერთების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება;

დ) ჰარმონიზირებული სისტემების და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის საკითხებზე მუშაობა, ჰარმონიზირებული სისტემის ცვლილებების სისტემატიზაცია და ამ ცვლილებებთან სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისობაში მოყვანა, ამ სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

ე) საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის საკითხებზე მუშაობა, აღნიშნული სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო (მათ შორის რეგიონალური და ორმხრივი ხასიათის) ხელშეკრულებების მიღების და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის სისტემატიზაცია, ამ სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

ვ) საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საკითხებზე მუშაობა, აღნიშნული სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო (მათ შორის რეგიონალური და ორმხრივი ხასიათის) ხელშეკრულებების მიღების და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის სისტემატიზაცია, ამ სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

ზ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის რეგულირების სატარიფო და არასატარიფო რეგულირების მექანიზმების მომწესრიგებელი საერთაშორისო (მათ შორის რეგიონალური და ორმხრივი ხასიათის) ხელშეკრულებების მიღების და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის სისტემატიზაცია, ამ სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

 თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონკრეტული საქონლის ან კონკრეტული ოპერაციის მიმართ წინასწარი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ორგანიზება;

ი) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის წარმართვა და საერთაშორისო საბაჟო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენება.

    მუხლი 13. საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო

1. საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სრულყოფის მიზნით:

ა.ა) საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების მიერ წინასწარი ოპერაციების, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმების პრაქტიკის პერიოდული, სისტემატური და გეგმური შესწავლა;

ა.ბ) შესწავლის შედეგების საფუძველზე გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის და საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფის შესახებ წინადადებების შემუშავება;

ბ) საბაჟო რეჟიმების რეგულირების და მათი განხორციელების მექანიზმის სრულყოფის თაობაზე წინადადებების წარდგენა;

გ) გადაწყვეტილებების მიღება ,,სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონით საბაჟო ორგანოების ქვემდებარეობას მიკუთვნებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, გაუქმების, მოქმედების შეჩერების და განახლების თაობაზე, სანებართვო და სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი, დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის კონტროლის მექანიზმების სრულყოფის და შესაბამისი სამართლებრივი რეგლამენტირების თაობაზე წინადადებების წარდგენა;

დ) რეგიონალური საბაჟოების გაფორმების ჯგუფების და საბაჟო-გამშვები პუნქტების საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა;

ე) მიმდინარე და გაფორმების შემდგომი კონტროლის განხორციელების ორგანიზება;

ვ) დეპარტამენტისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სავალუტო კონტროლის განხორციელების ორგანიზება;

ზ) საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორეზე კონტროლი და საბაჟო ორგანოებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა;

თ) რეგიონალური საბაჟოების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებსა და სამართლებრივ საკითხებზე ზედამხედველობა და კოორდინაცია;

ი) საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მათ გადაადგილებაზე, შიდა საბაჟო ტრანზიტისა და ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის ვადების და სხვა პირობების შესრულებაზე კონტროლი;

კ) წინადადებების შემუშავება საბაჟო კონტროლისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, საბაჟო კონტროლის ახალი მეთოდების და ტექნიკური საშუალებების დანერგვის და ამ მიზნით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე.

    მუხლი 14. ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო

ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკის და სპეციალური საბაჟო სტატისტიკის წარმოება;

ბ) მონაცემთა ელექტრონული (ქსელური და ელექტრონული ინფორმაციის მატარებლების გამოყენებით დაცული) და არაელექტრონული ბაზების შექმნა, ოპერატიული განახლება, სისტემატიზაცია და წარმართვა;

გ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის, აგრეთვე საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება;

 დ) საბაჟო ორგანოების ინფორმაციულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების გეგმების და ამ სფეროში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ წინადადებების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ე) ქსელების ადმინისტრირება და საბაჟო მონაცემთა ერთიანი ელექტრონული სისტემის (ASYCUDA) შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

    მუხლი 15. ანალიტიკური სამმართველო

ანალიტიკური სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) ინფორმაციული ბაზების, სპეციალური საბაჟო სტატისტიკის მონაცემების, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე არსებული, აგრეთვე საერთაშორისო საბაჟო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით რისკის ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი, რისკების მენეჯმენტის თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ბ) საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკის და სპეციალური საბაჟო სტატისტიკის მონაცემების, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის რეგულირების არსებული სატარიფო და არასატარიფო მექანიზმების საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკაზე ზეგავლენის ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;

გ) საბაჟო გადასახდელების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების მობილიზების პროგნოზირება.

    მუხლი 16. იურიდიული სამმართველო

იურიდიული სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) დეპარტამენტის მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებისათვის (გამოცემისათვის) აუცილებელი პროცედურების წარმართვა;

ბ) შესაბამისი მინდობილობის (რწმუნების) საფუძველზე დეპარტამენტის ინტერესების წარმომადგენლობა სასამართლო და სხვა სახის დავებში;

გ) სასამართლო და სხვა სახის დავების წარმოშობის მიზეზების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

დ) რეგიონალური საბაჟოების იურიდიული სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია.

    მუხლი 17. ადმინისტრაციული სამმართველო

ადმინისტრაციული სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) დეპარტამენტის ნომენკლატურას მიკუთვნებულ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენებისა და სხვა საკადრო ხასიათის საკითხების თაობაზე დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების მომზადება; შრომითი ხელშეკრულებების (კონტრაქტების) გაფორმება; დეპარტამენტის ნომენკლატურას მიკუთვნებულ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურის აღწერილობების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა; ნამსახურობის ნუსხის შედგენა; დეპარტამენტის ნომენკლატურას მიკუთვნებულ საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეებისა და შრომის წიგნაკების წარმოება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატესტაციის და ვაკანტურ სახელმწიფო თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების პროცესში მონაწილეობა; საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების (კვალიფიკაციის შეცვლის) თაობაზე წინადადებების შემუშავება; საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევა მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა; საბაჟო დეპარტამენტის სისტემის ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების აღრიცხვა და განაწილება, მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისა და შენახვის უზრუნველყოფა; კაპიტალური მშენებლობისა და რემონტის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

გ) დეპარტამენტის სისტემაში საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების მართვის ორგანიზაცია; მატერიალური და არამატერიალური აქტივების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი; დეპარტამენტის ნაერთი ბალანსების მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; სახაზინო-საბანკო და სალაროს ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი მათ წარმოებაზე; დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების წლიური ხარჯთაღრიცხვის შედგენა და დასამტკიცებლად წარდგენა; საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში საბაჟო დეპარტამენტის მიერ გასაწევი ხარჯებისა და სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვაში მონაწილეობა, მათთან დაკავშირებული ვალდებულებითი დოკუმენტების მომზადება, გაფორმება და კონტროლი მათ შესრულებაზე. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების დაანგარიშება, დარიცხვა და საბანკო ანგარიშებზე მათი გადატანის უზრუნველყოფა; დეპარტამენტს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება; საბაჟო სისტემის საჯარო მოსამსახურეთა სტიმულირებისა და სოციალური დაცვის ღონისძიებათა გეგმების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

დ) დეპარტამენტში შემოსული განცხადებების და სხვა სახის, მათ შორის, უცხოური კორესპონდენციის, შიდა მიმოწერის აღრიცხვა, დამუშავება და საქმისწარმოების კანონმდებლობის განსაზღვრული წესების დაცვის უზრუნველყოფა;

ე) საუწყებო არქივის ფორმირება და მასში საქმეებისა და დოკუმენტების შენახვის უზრუნველყოფა;

ვ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების სამსახურებრივი მოწმობების გაცემის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მიღება-გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის ორგანიზება;

ზ) საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობებში სასაშვო რეჟიმის უზრუნველყოფა;

თ) ოპერატიული სამსახურებრივი ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უზრუნველყოფა.

    მუხლი 18. თავმჯდომარის აპარატი

თავმჯდომარის აპარატის ძირითადი ფუნქციებია:

ა) პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, საბაჟო დეპარტამენტის ოფიციალური დელეგაციების (თანამშრომელთა) უცხოეთში მივლინებების ორგანიზება;

ბ) საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება. დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების საზოგადოებაზე გავლენის ანალიზი. საზოგადოებასთან და მასმედიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება. დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინების, განცხადებების და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება. დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელობის დადებითი იმიჯის ფორმირება საზოგადოებაში;

გ) საჯარო ინფორმაციის გაცემის ორგანიზება;

დ) საიდუმლო ინფორმაციასთან მუშაობის ორგანიზება და საიდუმლო ინფორმაციასთან მუშაობის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა;

ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის თათბირების ორგანიზება, თათბირების ოქმების წარმოება, საოქმო დავალებების შესრულების ვადების კონტროლი;

ვ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზება.

 

 

თავი VI

დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები და ამოცანები

    მუხლი 19. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები და ამოცანები

დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზაცია;

ბ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის (სატრანსპორტო საშუალებების) საბაჟო კონტროლი;

გ) წინასწარი ოპერაციების, საბაჟო კოტროლისა და საბაჟო გაფორმების განხორციელება;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის რეგულირების სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების შეფარდება;

ე) საბაჟო გადასახდელების, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანაზე დაწესებული სხვა გადასახადებისა და მოსაკრებლების ადმინისტრირება, ბიუჯეტში დროული და სრული აკუმულირება;

ვ) საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება;

ზ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

თავი VII

დეპარტამენტის სათათბირო ორგანოები

    მუხლი 20. დეპარტამენტის სათათბირო ორგანოები

1. დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხების განხილვისა და მათ შესახებ რეკომენდაციების შემუშავების მიზნით დეპარტამენტის თავმჯდომარეს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას სამუშაო კომისიები (შემდგომში – სათათბირო ორგანოები) სათათბირო უფლებით.

2. სათათბირო ორგანოები იქმნება დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.

3. სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზებას და სხდომის ოქმების წარმოებას უზრუნველყოფს თავმჯდომარის აპარატი.

4. სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №769-სსმIII,№140,02.12.2004წ., მუხ.1254

დანართი №2

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოს ტიპური

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო (შემდგომში _ საბაჟო) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის (შემდგომში _ საბაჟო დეპარტამენტი) ტერიტორიული ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე.

2. საბაჟო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საბაჟო საქმის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.

3. საბაჟოს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე სხვა ბეჭდები და დამღები საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმებისათვის, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში ხაზინაში.

4. საბაჟო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 აპრილის ბრძანება №326-სსმIII,№54,19.04.2006წ., მუხ.668

    მუხლი 2. საბაჟოს ამოცანები

საბაჟოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკური სუვერენიტეტისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვა;

გ) საბაჟო გადასახდელების, კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციების ფარგლებში სხვა გადასახადებისა და მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და შესაბამის ბიუჯეტებში მათი დროული და სრული აკუმულირება;

დ) საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა და სათანადო რეაგირება.

    მუხლი 3. საბაჟოს ძირითადი ფუნქციები

საბაჟოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო პოლიტიკის ამოცანების პრაქტიკული რეალიზაციის უზრუნველყოფა;

ბ) საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების რეალიზაცია;

გ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო რეჟიმის რეგულირება;

დ) საბაჟო სფეროში არსებული პრაქტიკული გამოცდილების გაანალიზება, საბაჟო დეპარტამენტში საბაჟო საქმის მართვის სრულყოფის თაობაზე წინადადებების წარდგენა;

ე) ცალკეული საბაჟო რეჟიმების შესაბამისად საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმება და საბაჟო კონტროლი;

ე​1) საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლთან ერთად ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელება და შესაბამისი მოსაკრებლების გადახდევინება;

ვ) დადგენილი წესის შესაბამისად საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას გაჩერების ადგილისა და დგომის ხანგრძლივობის განსაზღვრა, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმების დროის გათვალისწინებით;

ზ) საბაჟო გადასახდელებისა ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გადასახადების და მოსაკრებლების დარიცხვა, ამოღება და მათი ბიუჯეტში გადარიცხვა, დადგენილი წესით საბაჟო დეპარტამენტში შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;

თ) საბაჟო კანონმდებლობით შექმნილი საწყობების და სხვა ობიექტების (სადაც იმყოფება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი) საბაჟო კონტროლი;

ი) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული კულტურული ფასეულობების (მხატვრული, ისტორიული, არქეოლოგიური საგნების და ა.შ.) საბაჟო კონტროლი;

კ) საქონლის კლასიფიცირება და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურაში აღნიშნული პოზიციების მიკუთვნება;

ლ) სამოქმედო ტერიტორიაზე საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება, კანონით დადგენილი წესით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დადება, საბაჟო სფეროში სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთის საქმეში სხვა სამართალდამცავ და მაკონტროლებელ ორგანოებთან თანამშრომლობა;

მ) საგარეო ვაჭრობის, საბაჟო სტატისტიკისა და სპეციალური საბაჟო სტატისტიკის ფორმირების მიზნით, პირველადი მონაცემების დამუშავება და საბაჟო დეპარტამენტში წარდგენა;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საჩივარ-განცხადებების განხილვა-რეაგირება;

ო) საბიუჯეტო შემოსავლების ოპერატიულ და წლიურ პროგნოზულ მონაცემებზე წინადადებების მომზადება და საბაჟო დეპარტამენტში წარდგენა, მათ შემდგომ დაზუსტებასა და კორექტირებაში მონაწილეობა;

პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟოს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი გადაადგილების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე წინადადებების მომზადება; საჯარო მოსამსახურეთა შვებულებების გრაფიკის მომზადება და საბაჟო დეპარტამენტში წარდგენა; საბაჟოს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი აღწერილობების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო დეპარტამენტთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა;

რ) საბაჟო სამსახურების ერთიანი ავტომატიზირებული ინფორმაციული სისტემის შექმნისა და სრულყოფის ღონისძიებებში მონაწილეობა;

ს) საბუხჰალტრო აღრიცხვა და ანგარიშგების განხორციელება, საანგარიშო პერიოდების მიხედვით საბუხჰალტრო ბალანსების შედგენა და შესაბამისი ანგარიშების საბაჟო დეპარტამენტში წარმოდგენა;

ტ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 თებერვლის ბრძანება №114-სსმIII,№24,23.02.2006წ., მუხ.288

    მუხლი 4. საბაჟოს უფლებები

საბაჟოს (უფლებამოსილ პირს) დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად უფლება აქვს:

ა) განახორციელოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსული, საბაჟო ტერიტორიაზე არსებული და ტერიტორიიდან გამავალი სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეები;

ბ) მოითხოვოს და უსასყიდლოდ (თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი) მიიღოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია საბაჟოს ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად;

გ) შეიმუშაოს ერთობლივი ღონისძიებები სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან, მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად;

დ) გადაამოწმოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე საცავები და სხვა ადგილები, სადაც შესაძლებელია მოთავსებული იყოს აღნიშნული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები;

ე) მოახდინოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმება;

ვ) განსაზღვროს საქართველოს საბაჟო საზღვრის გადამკვეთი სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი და დგომის ხანგრძლივობა, გასცეს ამ სადგომიდან გასვლის ნებართვა;

ზ) საბაჟო გაფორმების, საბაჟო კონტროლის, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების განხორციელებასთან დაკავშირებული ფუნქციონალური მოვალეობების აღსრულების მიზნით მოითხოვოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაცია პირებისაგან, რომლებიც უზრუნველყოფენ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას დეკლარანტებისაგან, საწყობების მფლობელებისაგან, საბაჟო ბროკერებისაგან, გადამზიდველებისაგან და სხვა პირებისაგან, რომლებიც უფლებამოსილნი არიან აწარმოონ საბაჟო ოპერაციები;  

თ) საბაჟო გაფორმების მიზნით აიღოს საქონლის სინჯები და ნიმუშები, ჩაატაროს მათი გამოკვლევა. მისცეს ნებართვა საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე სინჯები და ნიმუშები აიღოს საქონლის მფლობელმა ან მათმა წარმომადგენელმა და სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოების წარმომადგენლებმა, მოითხოვოს გამოკვლევის შედეგების გაცნობა;

ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული, ასევე შეღავათებით შემოტანილი საქონლის ინვენტარიზაცია;

კ) იძულების წესით გააჩეროს სატრანსპორტო საშუალებები, უკან დააბრუნოს საზღვაო და საჰაერო ხომალდები, რომლებიც საბაჟო ტერიტორიიდან გადავიდნენ საბაჟო ორგანოების ნებართვის გარეშე, გარდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი ხომალდებისა;

ლ) საბაჟო გადასახდელების გადაუხდელობისას მიმართოს სასამართლოს საბაჟო გადასახადების გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების ან საბანკო ანგარიშებიდან საინკასო დავალებით (განკარგულებით) საბაჟოს კუთვნილი თანხის ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად;

მ) საბაჟო კონტროლის უზრუნველყოფის აუცილებლობიდან გამომდინარე, აკონტროლოს საბაჟო კონტროლის ზონებში საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფიზიკურ პირთა გადაადგილება;

ნ)საბაჟო კონტროლის განხორციელებისას მოიწვიოს სამართალდამცავი და მაკონტროლებელი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სპეციალისტები და ექსპერტები;

ო) მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების, სათავსოების და სხვა ადგილების, სადაც არის ან შეიძლება იყოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები, ადგილების, სადაც ხორციელდება საბაჟო ორგანოების კონტროლს დაქვემდებარებული საქმიანობა, აგრეთვე საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირება;

პ) საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით შევიდეს ნებისმიერ საცავში, სადაც ხორციელდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქმიანობა, ან სადაც შეიძლება მოთავსებული იყოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთები და სატრანსპორტო საშუალებები თუ საბაჟო კონტროლისათვის საჭირო დოკუმენტები;

ჟ) განახორციელოს საბაჟო საზღვრის გავლით, თავისუფალი საბაჟო ზონებისა და თავისუფალი საწყობების პერიმეტრის გარდა, ვალუტის, ფასიანი ქაღალდების, სავალუტო ფასეულობათა გადაადგილების კონტროლი;

რ) მოახდინოს პირადი გასინჯვა საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას იმის თაობაზე, რომ საბაჟო საზღვრის გავლით მიმავალ ან საბაჟო კონტროლის ზონაში, ანდა საერთაშორისო მიმოსვლისათვის ღია აეროპორტის სატრანზიტო ზონაში მყოფი პირი მალავს და არ აჩენს საქონელს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა თუ შეთანხმებების დარღვევის ობიექტია და რომელთა შესრულებაზე კონტროლი საბაჟო ორგანოებს ევალებათ;

ს) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოითხოვოს საკონსულო ვალიზის გახსნა უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლისაგან, საკონსულო ვალიზის გახსნაზე უარის შემთხვევაში დააბრუნოს იგი გამოგზავნის ადგილზე;

ტ) საბაჟო წესების დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, დაადოს დამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი;

უ) ისარგებლოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 თებერვლის ბრძანება №114-სსმIII,№24,23.02.2006წ., მუხ.288

    მუხლი 5. საბაჟოს სტრუქტურა და მართვა

1. საბაჟოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2. საბაჟოს საჯარო მოსამსახურეებს (საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნომენკლატურას მიკუთვნებული საჯარო მოსამსახურეების გარდა) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

3. საბაჟოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს საბაჟოს მუშაობას და პასუხს აგებს მის წინაშე მდგარი ამოცანებისა და დაკისრებულ ფუნქციათა შესრულებაზე;

ბ) პასუხისმგებელია საბაჟო საქმის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისატრისა და საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე;

გ) იღებს გადაწვეტილებებს საბაჟოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს საბაჟოს სახელით, წარმოადგენს მას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობებში;

დ) საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტებს;

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში განიხილავს საბაჟო წესების დარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს;

ზ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები საბაჟო ორგანოების საჯარო მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ;

თ) წარადგენს წინადადებებს საბაჟოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა ფუნქციებს და სარგებლობს სხვა უფლებამოსილებებით.

4. საბაჟოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს საბაჟოს უფროსის მოადგილე.

5. საბაჟოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საბაჟო გამშვები პუნქტები;

ბ) საბაჟო საგუშაგოები;

გ) საბაჟო გაფორმების განყოფილება;

დ) ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილება;

ე) იურიდიული განყოფილება;

ვ) ადმინისტრაციული განყოფილება.

6. საბაჟო გამშვები პუნქტის ძირითადი ამოცანებია:

საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და საბაჟო კონტროლი; საბაჟო კონტროლთან ერთად ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახდელებისა და შესაბამისი მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირება; კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური პირების მიერ შემოტანილი საქონლის საბაჟო გაფორმება; საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება;

7. საბაჟო გაფორმების განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმების პროცედურების განხორციელება მათი შესაბამის საბაჟო რეჟიმში მოქცევისა და ამ რეჟიმის დასრულების მიზნით;

ბ) საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის გაკონტროლება;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახდელებისა და შესაბამისი მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება, ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირება;

დ) საბაჟო შემოწმების განხორციელება, შემოწმების აქტების შედგენა, საბაჟო გადასახდელების ძირითადი თანხის, ჯარიმის, საურავის დარიცხვა დადგენილი წესით;

ე) საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სისტემატური კონტროლი შესაბამისი საბაჟო რეჟიმით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების, აგრეთვე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების მიზნით;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში საბაჟო დეპარტამენტის დადგენილი წესით ინფორმირება;

ზ) საბაჟო კანონმდებლობის დარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა და მათზე სათანადო რიაგირება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;

თ) საბაჟო საქმის ორგანიზაციასთან დაკავშირებით საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება.

8. საბაჟო საგუშაგოს ძირითადი ამოცანებია კომპეტენციის ფარგლებში:

სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა; საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და საბაჟო კონტროლი; საბაჟო კონტროლთან ერთად ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახდელებისა და შესაბამისი მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირება; კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური პირების მიერ შემოტანილი საქონლის საბაჟო გაფორმება; საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება; საბაჟო რეჟიმების რეგულირება; საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმება; სამოქმედო ტერიტორიაზე ბიუჯეტის შემოსავლების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; საბაჟო საწყობების, უბაჟო ვაჭრობის მაღაზიების, თავისუფალი საწყობების, დროებითი შენახვის საწყობების საქმიანობის და მათში არსებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი; საბაჟო ღირებულების განსაზღვრის კონტროლი; ცალკეულ საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის (გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან გატანა, რეექსპორტი, საბაჟო საწყობი) სისტემატური კონტროლი, ამ რეჟიმით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების შესრულებაზე; საბაჟო საქმის ორგანიზაციასთან დაკავშირებით საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება.

9. ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სტატისტიკის წარმოება, მონაცემთა ელექტრონული და არაელექტრონული ბაზების შექმნა, ოპერატიული განახლება და სისტემატიზაცია;

ბ) სტატისტიკური და ფაქტობრივი შემოსავლებისა და ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ ანგარიშების შედგენა;

გ) ზედმეტად და შეცდომით გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხების, ვადაგადაცილებული დავალიანებების აღრიცხვა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის ინფორმაციის მიწოდება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

დ) საბაჟო გადასახდელების გადამხდელთა ბარათების წარმოება დადგენილი წესით;

ე) ქვეყნის ბიუჯეტის სასარგებლოდ როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების წესით ამონაგები თანხების აღრიცხვა, მათ შორის, ცალკეული გადასახდელების სახეობების მიხედვით;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო ორგანოებში არსებული კომპიუტერული ტექნიკისა და ლოკალური ქსელის მომსახურება;

ზ) საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის დადგენილი წესით და ფომით ინფორმაციების მიწოდება.

 10. იურიდიული განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) საბაჟო საქმის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო ორგანოს ინტერესების წარმომადგენლობა სასამართლოსა და სხვა ორგანოებში;

გ) სამართლებრივი საკითხების განხილვისა და სასამართლო განხილვის შედეგებზე საბაჟო დეპარტამენტის ინფორმირება;

დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოება;

ე) საბაჟო გადასახდელების გადამხდელის მიმართ საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. ადმინისტრაციული განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების აღრიცხვა და განაწილება, მათი დანიშნულებისამებრ გამოყენებისა და შენახვის უზრუნველყოფა;

ბ) კაპიტალური მშენებლობებისა და რემონტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟოს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე წარდგინებების მომზადება;

დ) საჯარო მოსამსახურეთა შვებულებების გრაფიკის მომზადება და საბაჟო დეპარტამენტში წარდგენა;

ე) საბაჟოს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი აღწერილობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ვ) საბაჟოს პირადი შემადგენლობის მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვაზე ზედამხედველობა;

ზ) ნაერთი ხარჯთაღრიცხვით დამტკიცებულ მოცულობათა ფარგლებში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების საქმისწარმოება;

თ) ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების მიზნობრივი ხარჯვა, კვარტლისა და წლიური ბალანსის პროექტის შედგენა დეპარტამენტში წარსადგენად;

ი) თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების დარიცხვა-გაცემა;

კ) საანგარიშო პერიოდების მიხედვით ბალანსების შედგენა და შესაბამისი ანგარიშების საბაჟო დეპარტამენტში წარდგენა;

ლ) ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვიანობის წარმოება და მათ სალიკვიდაციოდ შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება;

მ) შემოსული და გასული კორესპოდენციების აღრიცხვა და დამუშავება, მათ შესრულებაზე ზედამხედველობა;

ნ) საქმისწარმოების, საჩივარ-განცხადებების განხილვისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაცია;

ო) თათბირების ოქმების გაფორმება და საოქმო გადაწყვეტილებების შესრულებაზე ზედამხედველობა;

პ) საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტების საქმეებად ფორმირების, შენახვის, დაცვის უზრუნველყოფა და საქმეთა მომზადება არქივზე გადასაცემად.

12. (ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №894-სსმIII,№113,27.09.2005წ., მუხ.1241

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 თებერვლის ბრძანება №114-სსმIII,№24,23.02.2006წ., მუხ.288

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 აპრილის ბრძანება №326-სსმIII,№54,19.04.2006წ., მუხ.668

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“, №426, 23.06.2004, სარეგისტრაციო კოდი 230010000.11.117.006536 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1352098-4/