საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.08.2002 ძალადაკარგული 26.09.2007
ნომერი
№719
სარეგისტრაციო კოდი
100020010.11(1).060.005464
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 86, 29/08/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.020.010.11.106.005.464

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №719

2002 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ

„პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 30 ივნისის ბრძანება №628-სსმIII,№65, 30.06.2003წ.,მუხ.556

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის (ტექსტში შემდგომ – შტაბი) დანიშნულებებს, მის ფუნქციებსა და ამოცანებს, მართვის ორგანიზაციასა და სტრუქტურას.

    მუხლი 2

შტაბი არის დეპარტამენტში შემავალი დამოუკიდებელი სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს.

    მუხლი 3.

შტაბი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.

 

თავი II. შტაბის ფუნქციები და ამოცანები

    მუხლი 4.

1. შტაბი:

ა) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ოპერატიული თათბირების მომზადებასა და ჩატარებას, ახორციელებს კონტროლს თათბირზე მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე;

ბ) აკონტროლებს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა-განაწილებას, საიდუმლო საქმის წარმოებას; ახდენს მოქალაქეთა და მსჯავრდებულთა საჩივრებსა და წინადადებებზე სათანადო რეაგირებას;

გ) ორგანიზაციას უწევს სამორიგეოსა და მასში შემავალი ქვედანაყოფების მუშაობას და ახორციელებს კონტროლს მათ საქმიანობაზე;

დ) ამზადებს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმებსა და დეპარტამენტიდან სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში გასაგზავნ მასალებს;

ე) ახორციელებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან ინფორმაციის მიღებას, მის დამუშავებას და მასზე დროულად რეაგირების კონტროლს;

ვ) აანალიზებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ გაწეული საქმიანობის მიმდინარეობას;

ზ) სათანადო საფუძვლით აწარმოებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ინსპექტირებას;

თ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.

2. შტაბის ამოცანებია:

ა) დეპარტამენტის და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზებულად წარმართვისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა, მათი მუშაობის სტილის, მართვის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა;

ბ) დეპარტამენტის სისტემაში შესაბამისი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების, მინისტრის სამართლებრივი აქტების შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლის განხორციელება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 30 ივნისის ბრძანება №628-სსმIII,№65, 30.06.2003წ.,მუხ.556

თავი III. შტაბის მართვა

    მუხლი 5.

შტაბს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 6.

შტაბის უფროსი დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის ხელმძღვანელობის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.

    მუხლი 7.

შტაბის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს შტაბის საქმიანობას;

ბ) მონაწილეობს შტაბის მოხელეთა კანდიდატურების შერჩევაში;

გ) აკონტროლებს შტაბის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიმდინარეობას;

დ) აბარებს შტაბის მუშაობის ანგარიშს;

ე) წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს წინადადებებს შტაბის მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის თაობაზე;

ვ) შეიმუშავებს და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს შტაბის სამუშაო გეგმას;

ზ) ანაწილებს ფუნქციებს შტაბის მოხელეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს;

თ) კურირებას უწევს სამორიგეოს;

ი) შტაბის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს შტაბის უფროსის მოადგილე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 30 ივნისის ბრძანება №628-სსმIII,№65, 30.06.2003წ.,მუხ.556

თავი IV. შტაბის სხვა მოსამსახურეები

    მუხლი 7.(ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 30 ივნისის ბრძანება №628-სსმIII,№65, 30.06.2003წ.,მუხ.556

    მუხლი 8.

1. შტაბის მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელება და საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება დეპარტამენტის საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

2. მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 30 ივნისის ბრძანება №628-სსმIII,№65, 30.06.2003წ.,მუხ.556

    მუხლი 9.

შტაბის მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებული არიან შტაბის უფროსის წინაშე.

    მუხლი 10.

შტაბის მოსამსახურეები ახორციელებენ შტაბის უფროსის დავალებებს ფუნქციონალური მოვალეობის მიხედვით.

თავი V. შტაბის სტრუქტურა

    მუხლი 11.

1. შტაბის შემადგენლობაში შედის სამორიგეო.

2. სამორიგეო:

ა) აკონტროლებს სამორიგეოს პირადი შემადგენლობის მიერ ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებას, ხელმძღვანელობს მორიგე განწესების სადღეღამისო მუშაობას;

ბ) პერსონალურად აგებს პასუხს სადღეღამისო კრებსებში შესატანი ინფორმაციის მიღება-დამუშავებაზე;

გ) დეპარტამენტის თავმჯდომარის მითითებით მოქმედებაში მოჰყავს მიზნობრივი და ოპერატიული გეგმები, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის „განგაშის” სქემით გამოძახებას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 30 ივნისის ბრძანება №628-სსმIII,№65, 30.06.2003წ.,მუხ.556

თავი V. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 12.

შტაბის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“, №719, 22.08.2002, სარეგისტრაციო კოდი 100020010.11(1).060.005464 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1362600-1/