საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.03.2002 ძალადაკარგული 28.10.2005
ნომერი
№3/63
სარეგისტრაციო კოდი
450190000.11.107.005206
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 28, 25/03/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგიტრაციო კოდი 450.190.000.11.107.005.206

საქართველოს კულტურის მინისტრის

ბრძანება №3/63

2002 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

1. „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის „ე” ქვეპუნქტის თანახმად, დამტკიცდეს საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე

ს. გოგიბერიძე

შეტანილი ცვლილებები;

1. საქართველოს კულტურის მინისტრის 2003 წლის 22 ივლისის  ბრძანება №3/196-სსმIII,№77,30.07.2003წ., მუხ.705

საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

3. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, რომელზეც განთავსებულია წარწერა „საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი".

4. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, რ. თაბუკაშვილის ქ. №5.

    მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დეპარტამენტის საქმიანობის სფერო მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ ისტორიისა და კულტურის უძრავ და მოძრავ ყველა ძეგლს, აგრეთვე ძეგლის ნიშნის მქონე ყველა ობიექტს, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა.

2. დეპარტამენტის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია მომავალი თაობებისათვის მისი სრული მრავალფეროვნებით შენარჩუნება.

3. დეპარტამენტის ამოცანაა იმ ღონისძიებათა სისტემის ჩამოყალიბება და განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა გამოვლენას, შესწავლას და მოვლა-პატრონობას.

    მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებები და მოვალეობები

1. დეპარტამენტი დაკისრებული ამოცანის შესასრულებლად

ა) ავლენს და აღრიცხავს ძეგლებსა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტებს, გარდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის კომპეტენციაში შემასვალი მოძრავი ძეგლებისა, უზრუნველყოფს მათ ექსპერტიზასა და კლასიფიკაციას;

ბ) უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და რეგისტრაციას;

გ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად უზრუნველყოფს არქეოლოგიური და  უძრავი ძეგლების დამცავი ზონების დადგენა-დამტკიცებას;

დ) კონტროლს უწევს უძრავი ძეგლებისა და მისი დამცავი ზონების გათვალისწინებას მიწის კადასტრისა და ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის შედგენის დროს;

ე) ქმნის კულტურული მემკვიდრეობის ერთიან საინფორმაციო ბანკს;

ვ) ძეგლთა შეფასებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გამოყობს ექსპერტებს ან ქნის საექსპერტო კომისიებს;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს და აფინანსებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამებს;

თ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად აჩერებს ყველა სახის სამუშაოს, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კულტურულ მემკვიდრეობას;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ აყენებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხს და სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით აცნობებს კანონის დარღვევის შესახებ;

კ) მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის გამოვლენისა და მოძრავი ძეგლის დაცვის მიზნით კონტროლს უწევს ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობას;

ლ) აწყობს ტენდერებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კანონით დადგენილი სხვა შემოსავლებიდან ძეგლზე სამუშაოების ჩასატარებლად;

მ) მონაწილეობს ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების მიმღებ კომისიაში, მიუხედავად ამ ძეგლის საკუთრების ფორმისა და სამუშაოს შემსრულებლისა;

ნ) საომარი მოქმედებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე;

ო) ახორციელებს სასწრაფო გადაუდებელ მცირე მოცულობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს;

 პ) ექსპერტიზას უწევს უძრავ და მოძრავ ძეგლებზე ჩასატარებელ სამუშაოთა, ქალაქების ისტორიულ და რეგულირების ზონების საზღვრებში კეთილმოწყობისა და მხატვრული გაფორმების, ცალკეულ შენობა-ნაგებობებზე ჩასატარებელ სამუშაოთა, ახალი შენობა-ნაგებობებისა და განაშენიანების პროექტებს;

ჟ) გამოყოფილი მიწის ფართობზე ატარებს საექსპერტო დაზვერვით სამუშაოებს.

საქართველოს კულტურის მინისტრის 2003 წლის 22 ივლისის  ბრძანება №3/196-სსმIII,№77,30.07.2003წ., მუხ.705

    მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ინსპექცია;

ბ) აღრიცხვა-პასპორტიზაციის სამსახური;

გ) საფინანსო ადმინისტრაციული სამსახური;

 დ) უძრავი ძეგლების სამსახური;

ე) მოძრავი ძეგლების სამსახური;

ვ) იურიდიული განყოფილება;

 ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

 თ) საგარეო ურთიერთობის განყოფილება.

2. დეპარტამენტთან მოქმედებს სამეცნიერო-მეთოდური საბჭო. საბჭოს შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს კულტურის მინისტრი.

საქართველოს კულტურის მინისტრის 2003 წლის 22 ივლისის  ბრძანება №3/196-სსმIII,№77,30.07.2003წ., მუხ.705

    მუხლი 5. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე.

2. თავმჯდომარეს დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კულტურის მინისტრი.

3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.

    მუხლი 6. თავმჯდომარე:

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის მინისტრი.

დეპარტამენტის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს და აწესრიგებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პერსონალურად აგებს პასუხს მინისტრის წინაშე დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებისათვის;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს კანომდებლობით დადგენილი წესით;

დ) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში ამტკიცებს და შეაქვს ცვლილება დეპარტამენტის საშტატო ნუსხაში;

ე) დადგენილი წესით წყვეტს დეპარტამენტის თანამშრომელთა პრემიების და მატერიალური დახმარების საკითხებს;

ვ) მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, აგრეთვე თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სტრუქტურული დანაყოფების უფროსებს, დეპარტამენტის აპარატის თანამშრომლებს და დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს;

ზ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სისტემის ორგანიზაციათა ანგარიშს, ამოწმებს მათ მუშაობას და კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;

თ) ანაწილებს თანამშრომელთა შორის უფლება-მოვალეობებს;

ი) დადგენილი წესით განაგებს დეპარტამენტის ქონებას და სახსრებს;

კ) მისი არყოფნის პერიოდში დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას   ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე;

ლ) ყოველი წლის ბოლოს დეპარტამენტის მიერ შესრულებული სამუშაოების ანგარიშს წარუდგენს კულტურის მინისტრს.

    მუხლი 7. თავმჯდომარის მოადგილეები

1. თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით.

2. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის ბრძანებით დანიშნული ერთ-ერთი მოადგილე.

    მუხლი 8. დეპარტამენტის ქვედანაყოფების სტრუქტურული ფუნქციები

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები განისაზღვრება დებულებებით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს კულტურის მინისტრი.

    მუხლი 9. დეპარტამენტის დაქვემდებარებული ორგანიზაციებია:

ა. ს. ქობულაძის სახ. ხელოვნების ძეგლთა ფიქსაციის ექსპერიმენტული ლაბორატორია;

ბ. მუზეუმ-ნაკრძალები:

ბ. ა) ხელოვნების, ისტორიისა და არქიტექტურის მუზეუმ-ნაკრძალი „ვარძია";

ბ. ბ) ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი „უფლისციხე";

ბ. გ) აკად. გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმი;

ბ. დ) ქუთაის-გელათის ხელოვნებისა და ისორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;

ბ. ე) ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიანთა-ვაშნარის არქეოლოგიისა და ისორიული მუზეუმ-ნაკრძალი;

 ბ. ვ) მცხეთის ხელოვნებისა და ისორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;

 ბ. ზ) კლდეკარის ისტორიისა და არქიტექტურის მუზეუმ-ნაკრძალი;

 ბ. თ) დავით გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი;

 ბ. ი) პარმენ ზაქარაიას სახ. ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი;

 ბ. კ) დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;

 ბ. ლ) გრემ-ნეკრესის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;

 ბ. მ) ოთარ ლორთქიფანიძის სახ. ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი;

 ბ. ნ) პეტრა-ციხისძირის არქიტექტურისა და არქეოლოგიის მუზეუმ-ნაკრძალი;

 ბ. ო) ქსნის ხეობის არქეოლოგიისა და არქიტექტურის მუზეუმ-ნაკრძალი.

საქართველოს კულტურის მინისტრის 2003 წლის 22 ივლისის  ბრძანება №3/196-სსმIII,№77,30.07.2003წ., მუხ.705

    მუხლი 10. დეპარტამენტის ქონება და სახსრები

1. დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას შეადგენს დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ძირითადი ფონდები და საბრუნავი საშუალებები.

2. დეპარტამენტის დაფინანსება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 11. დეპარტამენტის საქმიანობის შეწყვეტა

1. დეპარტამენტის საქმიანობის შეწყვეტა ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №3/63, 18.03.2002, სარეგისტრაციო კოდი 450190000.11.107.005206 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.07.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1363307-1/