„უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებისა და ანაზღაურების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.10.2002 ძალადაკარგული 05.07.2006
ნომერი
№99
სარეგისტრაციო კოდი
360160000.11(1).030.005523
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 103, 16/10/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.11.103.005.523

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №99

2002 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებისა და ანაზღაურების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

 „საქართველოს ტყის კოდექსის“ საქართველოს 1999 წლის კანონის შესაბამისად (1999 წლის 22 ივნისი, № 2124 –II ს) 113 -ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 116-ე მუხლის გ.ე) ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლებით დადგენილი სამართლებლივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად სახლმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებისა და ანაზღაურების წესის შესახებ“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ჩხობაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრის 2004 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №93-სსმIII,№154,29.12.2004წ.,მუხ.1401

 

დებულება უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების და ანაზღაურების წესის შესახებ

კარი I. ზოგადი ნაწილი

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც და რომლის შესასრულებლადაც გამოიცა დებულება

ეს დებულება მომზადებულია საქართველოს კანონის „საქართველოს ტყის კოდექსის” (1999 წლის 22ივნისი №2124 – IIს) 113-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 116-ე მუხლის „გ.ე“) ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე კანონის მოთხოვნათა შესრულების მიზნით.

    მუხლი 2. დებულების რეგულირების საგანი

ეს დებულება არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდულ (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირებს შორის უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების და ანაზღაურების სფეროში.

    მუხლი 3. დებულების მოქმედება სივრცეში.

ამ დებულების მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო ტყის ფონდის (სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის, მათ შორის, ადგილობრივი ტყის ფონდის ჩათვლით, აგრეთვე სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების ტყის ფონდის, ასევე მიჩენილი ტყეების) ტერიტორიაზე, სადაც უკანონო ტყითსარგებლობით ზიანი მიადგა ტყის კონკრეტულ რესურსს.

    მუხლი 4. კანონმდებლობის სისტემა უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების და ანაზღაურების წესის სფეროში

კანონმდებლობის სისტემა უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების და ანაზღაურების წესის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს ტყის კოდექსს“, „გარემოს დაცვის შესახებ“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონებისაგან, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 5. დებულების მიზნები და ამოცანები

1. ამ დებულების მიზანის წარმოადგენს უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების და ანაზღაურების წესის დადგენა.

2. ამ დებულების ამოცანაა უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების და ანაზღაურების სფეროს სუბიექტებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების დარეგულირება.

    მუხლი 6. დებულებაში გამოყენებული ძირითადი ცნებების განმარტება

ამ დებულებაში გამოყენებულ ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უკანონო ტყითსარგებლობა – ტყითსარგებლობის განხორციელება ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტების გარეშე ან ამ დოკუმენტებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით;

ბ) ტაქსაციური დიამეტრი – მკერდის სიმაღლეზე (1.3 მეტრზე ფესვის ყელიდან) გაზომომილი ხის დიამეტრი;

გ) სიმაღლის თანრიგი – ხის მოცულობის გამოსაანგარიშებლად სასორტიმენტო ცხრილების გამოსაყენებელი კოეფიციენტი.

დ) ტყეკაფის აღრიცხვა-მაუწყებელი დოკუმენტი – დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია ჭრის სახეობა, ჭრაში დანიშნული ხეების მოცულობა სახეობებისა და სორტიმენტების მიხედვით;

ე) სანიხრე გადასახადი – ზეზე მდგომი ხეების (ტყის) მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის ოდენობა;

ვ) განადგურებამდე და დაზიანებამდე გაწეული ხარჯები – ხელოვნურად გაშენებული ნარგავების ან ნათესების გაშენება-მოვლაზე დახარჯული თანხები (საბალანსო ღირებულება);

ზ) მინიმალური ხელფასი – ამ დებულების მოთხოვნათა დარღვევის მომენტისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომის მინიმალური ანაზღაურების ოდენობა.

თავი II. კომპეტენციათა გამიჯვნა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად მიყენებული ზიანის გაანგარიშებისა და ანაზღაურების წესთან დაკავშირებულ ურთიერთობათა მოწესრიგების სფეროში

    მუხლი 7. კომპეტენციები უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებისა და ზიანის ანაზღაურების წესთან დაკავშირებულ სფეროში

კომპეტენციები უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებისა და ანაზღაურების წესთან დაკავშირებულ სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს ტყის კოდექსით“, საქართველოს კანონით „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“, სხვა საკანონმდებლო აქტებით, ამ დებულებით, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებით.

კარი II. ძირითადი ნაწილი

თავი III. ძირითადი სადებულებო მუხლები

    მუხლი 8. ზიანის ანაზღაურების პრინციპები

1. საქართველოს ტყის კოდექსის 113-ე და 114-ე მუხლების საფუძველზე პირები ვალდებულნი არიან, სრულად აანაზღაურონ ტყის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანი.

2. სატყეო ურთიერთობის ნებისმიერი სუბიექტს, რომელიც სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ახორციელებს ტყეთსარგებლობას, სახელმწიფო ტყის ფონდისათვის ზიანის მიყენებისათვის ეკისრება საქართველოს ტყის კოდექსით, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

3. პირებს უფლება აქვთ საკუთარი ინიციატივით (ნებაყოფლობით) აანაზღაურონ სახელმწიფო ტყის ფონდზე უკანონო ტყითსარგებლობით მიყენებული ზიანი.

4. ზიანის ანაზღაურება არავის არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან, ისევე როგორც პასუხისმგებაში მიცემა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

5. პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს სახელმწიფო ტყის ფონდისათვის უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად მიყენებული ზიანი, მაქსიმალურად უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო სახელმწიფო ტყის ფონდისათვის უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

6. თუ სახელმწიფო ტყის ფონდისათვის უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია, ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დრო ან დიდი დანახარჯები, მაშინ დაზარალებულ სუბიექტს უნდა გადაეხადოს ფულადი ანაზღაურება, რომელიც დაიანგარიშება ამ დებულების მიხედვით.

7. სახელმწიფო ტყის ფონდისათვის უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოწვეულია განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით.

8. სახელმწიფო ტყის ფონდისათვის უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდაგარი ქონებრივი დანაკლისისათვის (სახელმწიფო ტყის ფონდის კონკრეტული ბუნებრივი რესურსის დანაკლისის ან მისი დაზიანებისათვის), არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.

9. უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად მიუღებლად ითვლება ის შემოსავალი, რომელიც არ მიუღია და უნდა მიეღო დაზარალებულ სუბიექტს, და რომელსაც იგი მიიღებდა, რომ არა პირის მიერ ტყითსარგებლობის უკანონოდ განხორციელება და მისი შედეგები.

10. ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით

    მუხლი 9. უკანონო ტყითსარგებლობით სახელმწიფო ტყის ფონდისათვის ზიანის მიყენება და მისი მიმართება ტყითსარგებლობის სახეებთან და ტყის ფონდის რესურსებთან

1. ამ დებულების მიზნებისათვის ტყითსარგებლობის ქვეშ მოიაზრება "საქართველოს ტყის კოდექსისი" 51-ე მუხლით დადგენილი ტყითსარგებლობის ყველა სახე, კერძოდ:

ა) ხე-ტყის დამზადება (მთავარი სარგებლობისა და მოვლითი ჭრები);

ბ) პლანტაციური მეურნეობის წარმოება;

გ) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება;

დ) ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა;

ე) სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა;

ვ) სპეციალური და მიჩენის მიზნით სარგებლობა;

ზ) სამეცნიერო კვლევითი და სასწავლო მიზნით სარგებლობა;

თ) საკურორტო, რეკრიაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობა;

ი) სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით სარგებლობა.

2. ტყის ფონდისადმი ზიანის მიყენება გამოიხატება ტყის ფონდის კონკრეტული ბუნებრივი რესურსისადმი ზიანის მიყენებაში – ტყის ფონდის მცენარეული საფარისადმი (მერქნული და არამერქნული რესურსების, ასევე ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალისადმი), ატმოსფერული ჰაერის, ტყის ფონდის ცხოველთა სამყაროს, ტყის ფონდის ნიადაგის, ტყის ფონდის წიაღის ან ტყის ფონდის წყლის რესურსებისადმი.

3. ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობით ატმოსფერული ჰაერზე მიყენებული ზიანი დაიანგარიშება „ატმოსფერული ჰაერის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე, ასევე ამ სფეროს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

 4. ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობით ნიადაგზე მიყენებული ზიანი დაიანგარიშება „ნიადაგების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე, ასევე ამ სფეროს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

5. ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობით წიაღზე მიყენებული ზიანი დაიანგარიშება „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე, ასევე ამ სფეროს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

6. ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობით წყლის რესურსებზე მიყენებული ზიანი დაიანგარიშება „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე, ასევე ამ სფეროს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 10. უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის მცენარეული რესურსისათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესი

1. უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის მცენარეული რესურსებისათვის მიყენებული ზიანი გაიანგარიშება ამ დებულების დანართი №1-ით განსაზღვრული წესის მიხედვით.

2. ზეზემდგომი ხის უკანონოდ მოჭრის შედეგად მიყენებული ზიანის გაანგარიშება ყველა სანიხრე თანრიგში ხდება პირველი თანრიგით.

3. დაცულ ტერიტორიების კატეგორიებზე უკანონოდ განხორციელებული ტყითსარგელობის შედეგად გამოწვეული ზიანის ოდენობის დაანგარიშება ხდება ამ დებულების მითითებულ დანართით, მოცემული თანხის ორმაგი ოდენობით.

4. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია უკანონო ტყითმოსარგებლისაგან უკანონოდ მოპოვებული მერქნის ჩამორთმევა, და როცა ამ მერქნის რაოდენობა (მოცულობა) ცნობილია, გაანგარიშებულ ზიანის თანხას ემატება ზეზეური ხის გადასახდელი ნიხრის ერთმაგი ოდენობა.

5. იმ შემთხვევაში, თუ უკანონოდ მოპოვებული (მოჭრილი) ხე-ტყე სამართალდარღვევის ადგილიდან წაღებულია და შეუძლებელია ტაქსაციური დიამეტრის დადგენა, მაშინ ტაქსაციური დიამეტრის დასადგენად გამოიყენება ფესვის ყელის და ტაქსაციური დიამეტრის ურთიერთდამოკიდებულების გამოსახულება, რომელიც გაიანგარიშება შესაბამისი ცხრილებით ან ფორმულით. ანალოგიურად, თუ უკანონოდ მოპოვებული (მოჭრილი) ხე-ტყე წაღებულია და შეუძლე-ბელია მისი კატეგორიის დადგენა (სამასალეა თუ საშეშე), ასეთ შემთხვევაში ზიანის თანხა იანგარიშება სამასალე მერქნის სანიხრე გადასახადით.

6. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის ფონდის რესურსების უკანონო ხელყოფის (არსებული მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის) შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი განისაზღვრება "ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე- 3 მუხლის საფუძველზე.

7. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის ფონდის სხვა რესურსების უკანონო ხელყოფის (ატმოსფერული ჰაერის, ტყის ფონდის ცხოველთა სამყაროს, ტყის ფონდის ნიადაგის, ტყის ფონდის წიაღის ან ტყის ფონდის წყლის რესურსების დაზიანების, დაბინძურების, განადგურების და ა.შ.) შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი სფეროს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ასევე ამ დებულებით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრის 2004 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №93-სსმIII,№154,29.12.2004წ.,მუხ.1401

 

თავი IV. დასკვნითი დებულებები

    მუხლი 11. დებულებაში ცვლილების და დამატებების შეტანა

დებულებაში ცვლილებები და /ან/ დამატებები შეიტანება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 12. პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის

ამ დებულების მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დანართი №1

სახელმწიფო ტყის ფონდის მცენარეული რესურსისათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების ცხრილი

უკანონო ტყითსარგებლობის სახე

მიყენებული (დამდგარი) ზიანის ოდენობის დაანგარიშება (ლარებში)

1

2

1. ჭრის შედეგად ტყეკაფში კორომის სიხშირის ნორმაზე დაბლა დაყვანა

ნორმაზე ზევით მოჭრილი ზეზეური ხის მერქნული რესურსის (მ​3-ის) სანიხრე გადასახადის ხუთმაგი ოდენობა;

2. კონკრეტულად გამოყოფილ ტყეკაფზე ხმელი, ხმობადი, ძლიერ დაზიანებული ხეების ჭრაში არდანიშვნა (თუ ასეთი ხეების მოცულობა აღემატება ჭრაში დანიშნული ხეების მოცულობის 10%-ს)

ჭრაში არდანიშნული და, შესაბამისად, ტყეკაფში მოუჭრელად დატოვებული ზეზეური ხის მერქნული რესურსის მთლიანი ოდენობის სანიხრე გადასახადის სამმაგი ოდენობა;

3. ტყეკაფის სააღრიცხვო დოკუმენტებში ჭრაში დანიშნულ ხეთა საერთო მოცულობის 10%-ზე მეტად შემცირება ან გაზრდა წინასწარი განზრახვით ან დაუდევრობით

10%-ს გადაცილებულ (გაზრდილ ან შემცირებულ) ყოველ აღრიცხულ ზეზეური ხის მერქნული რესურსის მ​3-ზე მერქნის სანიხრე გადასახადის სამმაგი ოდენობა;

4. ტყის ჭრის დროს ჭრაში დაუნიშნავი ხეების წაქცევა ან მათი დაზიანება სასიცოცხლო ფუნქციის დაკარგვით კანონმდებლობით დადგენილ დასაშვებ ნორმაზე ზევით

დასაშვებ ნორმაზე ზევით წაქცეული და დაზიანებული ზეზეური ხის მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის სამმაგი ოდენობა;

5. მოჭრილი, მიყუდებული (საშიში) ხეების დატოვება

ამ ჯიშის ზეზეური ხის მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის ორმაგი ოდენობა;

6. ხე-ტყის დამზადებისას ან სხვა ქმედებისას აღმონაცენი მოზარდის დაზიანება-განადგურება

 დაზიანებულ ან განადგურებულ ყოველ 100მ​2 ფართობზე, დაზიანებული ან განადგურებული სახეობის სამასალე მერქნული რესურსის 1მ​3-ის სანიხრე გადასახადი;

7. ტყის ჭრა და მოთრევა ტყის ჭრის ბილეთით აკრძალულ პერიოდში

მოჭრილი ხის მერქნული რესურსის სანიხრე ღირებულების ხუთმაგი ოდენობა;

8. ხეების უკანონოდ მოჭრა ან დაზიანება, რამაც მათი სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტა გამოიწვია (ხის ტაქსაციური დიამეტრი –  1,3 მეტრის სიმაღლეზე ფესვის ყელიდან):

 

ა) 12 სმ-მდე დიამეტრიც

 

ა) მოჭრილი ან დაზიანებული ხის მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის თხუთმეტმაგი ოდენობა;

ბ) 12,1 სმ –16 სმ-მდე დიამეტრიც

ბ) მოჭრილი ან დაზიანებული ხის მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის ათმაგი ოდენობა;

გ) 16,1 სმ –36 სმ-მდე დიამეტრიც

 

გ) მოჭრილი ან დაზიანებული ხის მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის შვიდმაგი ოდენობა;

დ) 36,1 სმ –56 სმ-მდე დიამეტრიც

 

დ) მოჭრილი ან დაზიანებული ხის მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის ხუთმაგი ოდენობა;

ე) 56,1 სმ და ზევით დიამეტრიც

 

ე) მოჭრილი ან დაზიანებული ხის მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის სამმაგი ოდენობა;

9. ტყითსარგებლობის დროს მერქნიან მცენარეთა ისეთი დაზიანება, როდესაც ხეები არ კარგავენ სასიცოცხლო ფუნქციას

დაზიანებული ხეების მერქნული რესურსის ორმაგი სანიხრე გადასახადი;

10. ჭრების განხორციელების შედეგად დარჩენილი (მიღებული) ნარჩენებისაგან ტყეკაფის არგაწმენდა დადგენილი წესის შესაბამისად

გაუწმენდავად დატოვებულ თითოეულ ჰექტარზე გამოზიდული ხის მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის 30%;

11. მერქნის გამოზიდვის დროს ნიადაგის ზედაპირული ფენის დაზიანება და ნიადაგის ეროზიის წინაპირობის შექმნა

ყოველ დაზიანებულ ათას მ​2 ფართობზე გამოზიდული ხის მერქნული რესურსის გადასახადის 20%;

12. გამოფისვა

გამოფისული ხის მერქნული რესურსის გადასახადის სამმაგი ოდენობა;

13. ტყის კულტურებისა და ნათესების განადგურება

განადგურებული ტყის კულტურებისა და ნათესების აღდგენითი ღირებულების ხუთმაგი ოდენობა;

14. ტყის კულტურებისა და ნათესების დაზიანება

დაზიანებული ტყის კულტურებისა და ნათესების აღდგენითი ღირებულების სამმაგი ოდენობა;

15. სადღესასწაულო მიზნით 15 ნოემბრიდან 15 იანვრამდე წიწვიანი სახეობის მერქნიან მცენარეთა არაზრდასრული სახეობების უკანონოდ მოჭრა, ტრანსპორტირება, დასაწყობება ან რეალიზაცია

ყოველ მოჭრილ მცენარეზე მოცემული სახეობის წვრილი 4-13 სმ-მდე სამასალე მერქნის 1 მ​3-ის მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის სამმაგი ოდენობა;

16. წიწვიანი სახეობის მერქნიან მცენარეთა ზრდასრული სახეობებისათვის ვარჯის წვერის წაჭრით მცენარის დაზიანება

დაზიანებული მცენარის სახეობის მერქნის სანიხრე გადასახადის ორმაგი ოდენობა;

17. მინდორსაცავი ტყის ზოლების ან სხვა დამცავი ნარგაობის უკანონო ჭრა

იმავე სახეობისა და მოცულობის ზეზეური ხის მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის ათმაგი ოდენობა;

18. მინდორსაცავი ტყის ზოლების ან სხვა დამცავი ნარგაობის დაზიანება

იმავე სახეობის და მოცულობის ზეზეური ხის მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის ხუთმაგი ოდენობა;

19. იშვიათი სახეობის, ნაყოფმომცემი მცენარეების (ჯონჯოლი, ქაცვი, კოწახური, შინდი, ნუში და სხვა) დაზიანება ტოტების მოჭრით

ყოველ დაზიანებულ მცენარეზე, მოცემული სახეობის მოპოვებული ნაყოფის საბაზრო ღირებულების სამმაგი ოდენობა;

20. იშვიათი სახეობის, ნაყოფმომცემი მცენარეების (ჯონჯოლი, ქაცვი, კოწახური, შინდი, ნუში და სხვა) მოჭრა

 ყოველ მოჭრილ მცენარეზე, მოცემული სახეობის საშუალო ნაყოფმსხმოიარობისას რესურსის საბაზრო ღირებულების ოთხმაგი ოდენობა;

21. სადღესასწაულო, რელიგიური ან სხვა მიზნებით ბზის ან უთხოვრის დაზიანება ტოტების მოჭრით

ყოველ დაზიანებულ მცენარეზე, ამავე სახეობის და მოცულობის 1მ​3-ის სამასალე მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის 15%;

22. ზეხმელი, ჩახერგილი (მათ შორის წაქცეული) ხეების უნებართვოდ მოჭრა, დამზადება და უნებართვოდ გამოზიდვა

ასეთი ხეების მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის ორმაგი ოდენობა;

23. უკანონო ძოვება

დაზიანებულ ან განადგურებულ მცენარეზე მოცემული სახეობის წვრილი 4-13 სმ-მდე სამასალე მერქნის 1მ​3-ის მერქნული რესურსის სანიხრე გადასახადის 20%;

24. ტყის ფონდის მიწის ფართობის მითვისება (თვითნებური დაკავება, ასევე დაუბრუნებლობა)

თითეულ მ​2 ფართობზე მოცემული ადგილისათვის აუქციონზე გამოტანილი მ​2-ის ფასის სამმაგი ოდენობა;

25. ტყის ნიადაგის ნაყოფიერი (ჰუმუსოვანი) ფენის თვითნებური მოხსნა

თითოეულ თვითნებურად მოხსნილი (ჰუმუსოვანი) ფენის მ​3-ის საბაზრო ღირებულების ორმაგი ოდენობა;

26. ტყითსარგებლობის განხორციელებისას გამყოფი (საკვარტალე) და ტყეკაფის მაჩვენებელი ბოძების დაზიანება-განადგურება

საკვარტალე და ტყეკაფის მაჩვენებელი ბოძის დამზადებისა და მისი ადგილებზე დაყენების სამუშაოების ღირებულების ორმაგი ოდენობა;

27. ტყის არამერქნული რესურსების (სოკოების, სამკურნალო, ტექნიკური ნედლეულისა და სხვა ბალახეულის, ბუჩქოვანი მცენარეებისა და მათი პროდუქტების) უნებართვოდ შეგროვება სამეწარმეო მიზნით ან რესურსის მოპოვება ტყითსარგებლობის ბილეთში მითითებული ტერიტორიის გარეთ

მოპოვებული რესურსის საბაზრო ღირებულების სამმაგი ოდენობა;

28. ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით (თესლი, ნაყოფი, ძირკვი, ლაფანი, ფიჩხი, ნეკერი და სხვა) სამრეწველო მიზნით სარგებლობა ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გარეშე ან სარგებლობა ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტში მითითებული ტერიტორიის გარეთ

მოპოვებული პროდუქციის ხუთმაგი სანიხრე გადასახადი;

29. უკანონო თიბვა

 

უკანონოდ გათიბულ ფართობზე დამზადებული თივის საბაზრო ღირებულების ხუთმაგი ოდენობა;

30. უკანონო ხვნა

 

უკანონოდ მოხნულ ფართობზე შესაბამისი რაიონისათვის დადგენილი სახნავი ფართობის წლიური გადასახადის ხუთმაგი ოდენობა;

31. 0,4-მდე სიხშირის კორომებში სანიტარიული ჭრა (ზეხმელი, ხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრა) და ხეების გამოტანა, განსაკუთრებული აუცილებლობისა და /ან სათანადო არგუმენტების არარსებობისას

მოჭრილი ხის სახეობის მერქნული რესურსის მარაგის სანიხრე გადასახადის ორმაგი ოდენობა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრის 2004 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №93-სსმIII,№154,29.12.2004წ.,მუხ.1401

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებისა და ანაზღაურების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე, №99, 04.10.2002, სარეგისტრაციო კოდი 360160000.11(1).030.005523 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1365650-1/