საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.02.2007 ძალადაკარგული 02.03.2009
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.300.009939
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 19, 12/02/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.009.939

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №20

2007 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №43 ბრძანება;

ბ) ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №50 ბრძანება;

გ) ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №51 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ბეჟუაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 27 თებერვლის ბრძანება №38 - სსმ III, №33, 04.03.2008 წ., მუხ.365

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა      დეპარტამენტის            

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის, აგრეთვე კანადასთან, მექსიკასთან, ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის, შორეული აღმოსავლეთის, აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბების და განვითარების პოლიტიკის შემუშავება. მათთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ამ მიზნით მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებათა შესწავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 27 თებერვლის ბრძანება №38 - სსმ III, №33, 04.03.2008 წ., მუხ.365

    მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი

1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის, აგრეთვე კანადასთან, მექსიკასთან, ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის, შორეული აღმოსავლეთის, აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბების და განვითარების პოლიტიკის შემუშავება. მათთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ამ მიზნით მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებათა შესწავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ბ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საგარეო საქმიანობისა და კავშირურთიერთობის კოორდინაცია და მათი შეთანხმებული ურთიერთმოქმედების ხელშეწყობა დაფარვის რეგიონების სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ერთიანი კურსის გატარების მიზნით;

გ) დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება უცხოური საინვესტიციო კაპიტალის და ტექნიკური დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საერთაშორისო, რეგიონალური საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით;

დ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.

2. დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან მოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;

ბ) საქართველოს საელჩოებიდან და დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;

გ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს დაუგზავნოს რეკომენდაციები კომპეტენციის სფეროში შემავალი მიმართულებებით საგარეო- პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების წარმართვისა და ხელშეწყობის თაობაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 27 თებერვლის ბრძანება №38 - სსმ III, №33, 04.03.2008 წ., მუხ.365

    მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის გადაწყვეტილებით კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. დეპარტამენტის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეებსა და დეპარტამენტის სხვა მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ვ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ნ) ახორციელებს ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.

4. კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით დეპარტამენტის დირექტორი დეპარტამენტის თანამშრომელს ავალებს დაფარვის რეგიონის კონკრეტულ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების კოორდინაციას, რომელიც:

ა) განაახლებს მონაცემთა ბაზას მითითებული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ, რომელშიც აისახება შიდაპოლიტიკური, საგარეო-პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული პროცესები, მათი განვითარების პროგნოზი და თითოეული საკითხის მიმართ საქართველოს მიდგომა;

ბ) მონაცემთა ბაზის საფუძველზე ამზადებს შესაბამისი მიმართულებით საქართველოს საგარეო ურთიერთობების რეკომენდებულ სამოქმედო გეგმას, რომელშიც ასახულია ღონისძიებათა გრაფიკი და კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა განხორციელება მიზანშეწონილია დასახული ამოცანის შესასრულებლად;

გ) სისტემატურად განაახლებს ზოგად სასაუბროს, რომელშიც მოცემულია შესაბამისი მიმართულებით ურთიერთობების ყოველ საკითხზე მოლაპარაკებების რეკომენდებული გეგმა; ასევე მონაწილეობს მოლაპარაკებებში შესაბამისი მიმართულებების და დონის მიხედვით;

დ) სისტემატურად ამზადებს შესაბამის რეგიონში მიმდინარე პროცესების და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობისა და განვითარების მოკლე ანოტაციას სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის;

ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

5. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

 6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.

 7. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:

ა) დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფების საქმიანობას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული საქმიანი კორესპონდენციის განაწილებაში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) დეპარტამენტის დირექტორის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.

8. დეპარტამენტის სხვა თანამშრომელთა ფუნქციურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 4. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

 1. ამერიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს საგარეო ორმხრივი ურთიერთობების კოორდინაცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კანადასთან, მექსიკასთან, ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან;

ბ) აშშ-ს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ანალიზი, საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების და სასაუბროების მომზადება ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისათვის, პარლამენტსა და მთავრობისათვის;

გ) ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს წარმომადგენელთა მოლაპარაკების მომზადება და მონაწილეობა. მოლაპარაკებათა მომზადების პერიოდში, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, თანამშრომლობა საქართველოს შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან;

დ) აშშ-სთან, კანადასთან, მექსიკასთან, ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან საქართველოს ერთიანი საგარეო-პოლიტიკური კურსის თანამიმდევრული გატარების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;

ე) ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კანადასთან, მექსიკასთან, ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ორმხრივი საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე წინადადებათა და რეკომენდაციათა შემუშავება;

ვ) უსაფრთხოების სფეროში ქვეყნებთან ორმხრივი ფორმატის საფუძველზე თანამშრომლობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის რეალიზაციის სრულყოფის მიზნით;

თ) კანადასთან და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან საქართველოს ერთიანი საგარეო-პოლიტიკური კურსის თანამიმდევრული გატარება და ამ მიმართულებით შესაბამისი საქმიანობის განხორციელება;

ი) საქართველოს საშინაო და საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის, კერძოდ, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის, მისი საინვესტიციო კლიმატისა და ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობის შესახებ აშშ-ში, კანადას და ლათინურ ამერიკის ქვეყნებში ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა;

კ) აშშ-სთან, კანადასთან, მექსიკასთან, ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის განვითარება;

ლ) სამმართველოს საქმიანობის სფეროში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ ანგარიშის მომზადება;

მ) დეპარტამენტისა და შემდგომ სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციის წარდგენა აშშ-სთან, კანადასთან, მექსიკასთან, ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების კოორდინაციის თაობაზე;

ნ) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის ინსტრუქციებისა და რეკომენდაციების გაგზავნა იმ საკითხთა შესახებ, რომლებიც მიეკუთვნება სამმართველოს ფუნქციებსა და ამოცანებს.

2. აღმოსავლეთის საქმეთა სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის, შორეული აღმოსავლეთის, აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანიის ქვეყნებთან პარტნიორული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება, მათთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა აღნიშნული რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადების გზით;

ბ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საგარეო საქმიანობისა და კავშირურთიერთობის კოორდინაცია და მათი შეთანხმებული ურთიერთმოქმედების ხელშეწყობა დაფარვის რეგიონის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ერთიანი კურსის გატარების მიზნით;

გ) დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საერთაშორისო, რეგიონალური საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით;

დ) საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

ე) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისათვის რეკომენდაციების დაგზავნა, კომპეტენციის სფეროში შემავალი მიმართულებებით, საგარეო-პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების წარმართვისა და ხელშეწყობის თაობაზე.

3. (ამოღებულია - 27.02.08 №38).

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 27 თებერვლის ბრძანება №38 - სსმ III, №33, 04.03.2008 წ., მუხ.365

    მუხლი 5. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს (შემდგომში – სამმართველოებს) ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის დირექტორის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

დ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამმართველოსათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

ე) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) ასრულებს სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.

3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი

დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №20, 02.02.2007, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.300.009939 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1414228-1/