საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.07.2007 ძალადაკარგული 23.02.2009
ნომერი
№204
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.010601
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 100, 13/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.010.601

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №204

2007 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის თანდართული დებულება (დანართი 1).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 16 ივნისი ს ბრძანება №174 - სსმ III, №85, 17.06.2008 წ., მუხ.929

დანართი 1

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იურიდიული დახმარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,იურიდიული დახმარების შესახებ“, ,,ადვოკატთა შესახებ“ და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებით.

3. სამსახური საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

4. სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბლანკი, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

5. სამასახურის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0146, რუსთაველის გამზირი №30.

თავი II

სამსახურის მიზნები და ამოცანები

    მუხლი 2

სამსახურის მიზანია:

ა) უზრუნველყოს უფასო იურიდიული დახმარების განხორციელება ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

ბ) შეიმუშაოს წინადადებები საქართველოს უფასო იურიდიული დახმარების ერთიანი სისტემის განვითარებისა და სრულყოფისათვის.

    მუხლი 3

1. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომსახურებას უწევს:

ა) საქართველოს მოქალაქეებს;

ბ) მოქალაქეობის არმქონე პირებს;

გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

2. მომსახურება ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესის ყველა სტადიაზე.

3. მომსახურება მოიცავს:

ა) იურიდიულ კონსულტაციებს;

ბ) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელისა და მსჯავრდებულის დაცვას სისხლის სამართალწარმოების ყველა სტადიაზე;

გ) დაზარალებულის დაცვას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ, სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის განხორციელების შემთხვევებში;

დ) სასამართლო წარმომადგენლობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ, სახელმწიფოს ხარჯზე დამცველის დანიშვნის შემთხვევებში.

4. მომსახურება წარმოებს ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით.

თავი III

სამსახურის მართვა

    მუხლი 4

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამსახურის დირექტორი არ შეიძლება ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა.

3. დირექტორის ფუნქციები განისაზღვრება ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 5

1. დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც (რომელთაც) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი მინისტრთან შეთანხმებით.

2. დირექტორის მოადგილე:

ა) დირექტორის მიერ განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში უძღვება სამსახურის საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს დირექტორის ცალკეული დავალებების შესრულებას;

გ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

    მუხლი 6

სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახურის აპარატი, რომელსაც ქმნის და ხელმძღვანელობს დირექტორი.

თავი IV

სამსახურის იურიდიული დახმარების ბიუროების, საკონსულტაციო ცენტრებისა და მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის ორგანიზაცია და ფუნქციონირება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 16 ივნისი ს ბრძანება №174 - სსმ III, №85, 17.06.2008 წ., მუხ.929

    მუხლი 7

1. სამსახური თავის ფუნქციებს ახორციელებს თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთის – ქუთაისისა და ზესტაფონის, სამეგრელოს – ზუგდიდისა და ფოთის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროებისა და ოზურგეთის, ამბროლაურისა და ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით.

2. სამსახურის იურიდიული დახმარების ბიურო შედგება ბიუროს უფროსის, ადვოკატების, კონსულტანტებისა და ადმინისტრაციული პერსონალისაგან, ხოლო საკონსულტაციო ცენტრი შედგება კონსულტანტებისაგან.

3. სამსახურის ფარგლებში იქმნება მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი).

4. რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატი საქმიანობას განახორციელებს დირექტორის ან ბიურის უფროსის მიმართვის საფუძველზე.

      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 16 ივნისი ს ბრძანება №174 - სსმ III, №85, 17.06.2008 წ., მუხ.929

    მუხლი 8

1. იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსის, ადვოკატისა და კონსულტანტების სამსახურში მიღება ხდება კონკურსის გზით.

2. დირექტორის გადაწყვეტილებით სამსახურში მიღებისას კონკურსი შეიძლება გამოცხადდეს იურიდიული დახმარების ბიუროში არსებულ სხვა ვაკანტურ თანამდებობებზეც.

3. დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება კონკურსი ჩაუტარდეთ რეესტრში დარეგისტრირების მსურველ კანდიდატებსაც.

4. სამსახურში კონკურსის ჩატარების პირობებსა და წესს განსაზღვრავს დირექტორი.

      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 16 ივნისის ბრძანება №174 - სსმ III, №85, 17.06.2008 წ., მუხ.929

    მუხლი 9

1. იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამსახურის იურიდიული დახმარების ბიუროს;

ბ) ანაწილებს საქმეებს იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებს შორის, აძლევს მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს ადვოკატთა, კონსულტანტთა და ადმინისტრაციულ პერსონალთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას.

2. იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.

      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 16 ივნისის ბრძანება №174 - სსმ III, №85, 17.06.2008 წ., მუხ.929

    მუხლი 10

1. საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა ხორციელდება ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.

    მუხლი 11

1. ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, განსასჯელსა და მსჯავრდებულს ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილ შემთხვევებში, უფლება აქვს პირადად, კანონიერი წარმომადგენლის ან ახლო ნათესავის მეშვეობით მიმართოს იურიდიული დახმარების ბიუროს მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით.

2. კონსულტანტი განუმარტავს მოქალაქეს ბიუროს ფარგლებში მომსახურების პირობებს, არკვევს მისი პრობლემის ხასიათს და აღრიცხავს მოქალაქეთა მიღების ჟურნალში.

3. სამართლებრივი დახმარების მიღებამდე მოქალაქემ უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა.

4. თუ საქმის გარემოებები არ მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღებას, ბიუროს უფროსი ფორმას განიხილავს და მისი ჩაბარებიდან 2 დღის განმავლობაში და განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმეზე ნიშნავს ადვოკატს.

5. თუ ბიუროს ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნით მიმართავს პროცესის მწარმოებელი ორგანო, ბიუროს უფროსი მოთხოვნისთანავე ნიშნავს ადვოკატს. დასაცავმა პირმა ადვოკატთან პირველივე შეხვედრისას უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა.

6. (ამოღებულია - 16.06.08 №174).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 16 ივნისის ბრძანება №174 - სსმ III, №85, 17.06.2008 წ., მუხ.929

    მუხლი 12

1. იურიდიული დახმარების ბიუროს მიერ ადვოკატის დანიშვნაზე უარის ან ბიუროს ადვოკატის საქმიდან ჩამოცილების საფუძვლებია:

ა) იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი იმავე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით წარმოადგენს საწინააღმდეგო ინტერესების მქონე ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს;

ბ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, განსასჯელს, მსჯავრდებულს, დაზარალებულს უკვე ჰყავს ადვოკატი ან შემდგომში მოიწვია დამცველი შეთანხმებით;

გ) იმავე სისხლის სამართლის საქმეზე უკვე იცავს საპირისპირო მხარის ინტერესებს;

დ) პროცესის მწარმოებლის მიერ არ არის წარმოდგენილი მომართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით (დადგენილება, განჩინება ადვოკატის დანიშვნის შესახებ). 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ბიუროს უფროსი წერილობით გასცემს დასაბუთებულ პასუხს დაცვის განხორციელებაზე უარის შესახებ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბიუროს უფროსი მიმართვას უგზავნის უფასო იურიდიული მომსახურების ალტერნატიულ მიმწოდებელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც სამსახურთან დადებული შეთანხმების ფარგლებში განახორციელებს განმცხადებლის ინტერესების დაცვას და ამ ბრძანებით დადგენილი პროცედურის დაცვით მიიღებს საქმეს წარმოებაში.

4. ბიუროს უფროსი ადვოკატის დანიშვნაზე უარის შესახებ ატყობინებს სამსახურის დირექტორს. გადაწყვეტილება მომსახურებაზე უარის შესახებ, აგრეთვე მოქალაქის მიერ შევსებული ანკეტის ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება დირექტორს.

5. განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი გასაჩივრდება დირექტორთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 16 ივნისის ბრძანება №174 - სსმ III, №85, 17.06.2008 წ., მუხ.929

თავი V

სამსახურის ქონება

    მუხლი 13

სამსახურს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

თავი VI

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 14

1. სამსახურის ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №204, 13.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.010601 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1416695-1/