საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.07.2011 ძალადაკარგული 25.07.2017
ნომერი
№583
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.016061
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110721021, 21/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (15)

შემდგომი ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
2 +

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №5 83

2011 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესი ს შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესი“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ . ახალაია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №777 - ვებგვერდი, 10.10.2011 წ.

2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №797 - ვებგვერდი, 13.10.2011 წ.

3. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 23 მარტის ბრძანება №222 - ვებგვერდი, 23.03.2012 წ.

4. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 8 მაისის ბრძანება №370 - ვებგვერდი, 10.05.2012 წ.

5. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 10 მაისის ბრძანება №378 - ვებგვერდი, 11.05.2012 წ.

6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 14 მაისის ბრძანება №396 - ვებგვერდი, 16.05.2012 წ.

7. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის ბრძანება №640 - ვებგვერდი, 26.07.2012 წ.

8. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №764 - ვებგვერდი, 12.09.2012 წ.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესი

    მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო

1. ეს წესი ვრცელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა (გარდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა) და სახმელეთო ჯარების სამხედრო მოსამსახურეებზე, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე, მათ შორის, შტატგარეშე მოსამსახურეებზე.

2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მოსამსახურე/მოსამსახურეები – სამხედრო მოსამსახურე(ებ)ი, სპეციალური წოდების მქონე ან სამოქალაქო პირ(ებ)ი;

ბ) მინისტრი/სამინისტრო – საქართველოს თავდაცვის მინისტრი/სამინისტრო;

გ) გაერთიანებული შტაბის უფროსი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი;

დ) გაერთიანებული შტაბი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი;

ე) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

    მუხლი 2. სამსახურში მიღების წესი

1. სამსახურში მიიღება საქართველოს მოქალაქე არანაკლებ 18 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სამსახურში მისაღები პირის მაქსიმალური ასაკი შესაძლებელია დადგინდეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

2. მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, დროებით შტატებზე დანიშვნამდე, პირები გადიან შერჩევას, ხოლო დროებით შტატებზე დანიშვნის შემდეგ – სპეციალურ კურსს/კურსებს. ამ პუნქტით გათვალისწინებული შერჩევის კრიტერიუმები და სპეციალური კურსის/კურსების გავლის პროგრამა განისაზღვრება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

3. მინისტრის ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, პირები:

ა) არ ექვემდებარებიან სპეციალური კურსის/კურსების გავლას;

ბ) ინიშნებიან მუდმივ შტატზე;

4. სპეციალური კურსის/კურსების გავლის პერიოდში პირს ენიჭება კანდიდატის სტატუსი და იგი უზრუნველყოფილია მხოლოდ კვებით, სამედიცინო/საყოფაცხოვრებო მომსახურებითა და განთავსდება ყაზარმაში.

5. ამ ბრძანების მე-2 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული პირი სპეციალური კურსის/კურსების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ინიშნება შესაბამის მუდმივ შტატზე.

6. მოსამსახურეები მუდმივ შტატზე ინიშნებიან არა უმეტეს 3-თვიანი საგამოცდო, განუსაზღვრელი ან კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით. საგამოცდო ვადით დანიშვნის შემთხვევაში ამ ვადის ამოწურვისას სამსახურის ვადის გაგრძელების თაობაზე ბრძანების გამოუცემლობის შემთხვევაში, მოსამსახურე დაითხოვება/თავისუფლდება სამსახურიდან სამსახურის ვადის გასვლის გამო.

7. სამსახურში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების ფორმები ან/და რეკვიზიტები მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

8. სამხედრო მოსამსახურეებს, სამხედრო სამსახურის გასავლელად, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, უფორმდებათ კონტრაქტი. სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს სამსახურის გასავლელად, შესაძლებელია გაუფორმდეთ კონტრაქტი, რომლის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 8 მაისის ბრძანება №370 - ვებგვერდი, 10.05.2012 წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის ბრძანება №640 - ვებგვერდი, 26.07.2012 წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №764 - ვებგვერდი, 12.09.2012 წ.

    მუხლი 3. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები

1. ყოველი თანამდებობისათვის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

2. მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს როგორც სამსახურში მიღებამდე, ისე სამსახურის გავლისას.

3. მოსამსახურეთა ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები, თანამდებობრივი ინსტრუქციები და მითითებები დგინდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 4. სამუშაო დრო

1. მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა და პერიოდი, აგრეთვე მის დადგენაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი განისაზღვრება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

2. მოსამსახურისათვის დგინდება არანორმირებული სამუშაო დრო შემდეგ შემთხვევებში:

ა) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს;

ბ) წვრთნების პერიოდში;

გ) საყარაულო განწესის დროს;

დ) მობილიზაციისათვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად მშვიდობიანობის დროს ჩატარებული სწავლებისა და სხვა სახის ღონისძიებების განხორციელებისას;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

    მუხლი 5. სასურსათო და ფულადი კმაყოფა

1. სამოქალაქო პირები სასურსათო კმაყოფაზე აიყვანებიან ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. მოსამსახურის სასურსათო და ფულად კმაყოფაზე აყვანისა და კმაყოფიდან მოხსნის პროცედურებს განსაზღვრავს გაერთიანებული შტაბის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. სამხედრო მოსამსახურე სასურსათო და ფულადი კმაყოფიდან უნდა მოიხსნას როდესაც, მის მიმართ დაწყებულია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის პროცედურები (ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აქტით დადგენილ შემთხვევებში) ან როდესაც ის არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს.

4. თუ სამხედრო მოსამსახურეს, რომელმაც სურვილი გამოთქვა კონტრაქტის ვადის გაგრძელებაზე, ამოეწურა კონტრაქტით სამხედრო სამსახურის ვადა, იგი არ მოიხსნება სასურსათო და/ან ფულადი კმაყოფიდან სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ფაქტობრივ თარიღამდე. ამ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე სასურსათო და/ან ფულად კმაყოფაზე არ შეიძლება დარჩეს კონტრაქტის ვადის ამოწურვიდან ერთ თვეზე მეტი ვადით.

5. სამხედრო მოსამსახურე მოიხსნება სასურსათო და ფულადი კმაყოფიდან სამხედრო მოსამსახურისათვის კონტრაქტის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისი თანამდებობის პირისათვის ჩაბარების თარიღიდან მეორე დღეს, თუ აღნიშნული თარიღი დადგა კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ. კონტრაქტის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები უნდა დაიწყოს კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე.

6. ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება სასურსათო და ფულადი კმაყოფიდან მოხსნის თარიღიდან.

7. თუ სამხედრო მოსამსახურის დათხოვნის ბრძანებაში არ არის მითითებული დათხოვნის თარიღი, სამხედრო მოსამსახურე სასურსათო და ფულადი კმაყოფიდან მოიხსნება არა უგვიანეს კმაყოფიდან მოხსნაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირისათვის ბრძანების ჩაბარების დღის მე-2 დღისა. ეს პუნქტი არ ვრცელდება, იმ შემთხვევაზე, როდესაც სამხედრო მოსამსახურე სასურსათო და ფულადი კმაყოფიდან მოხსნილია ბრძანების გამოცემამდე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 2 წლის 23 მარტის ბრძანება №222 - ვებგვერდი, 23.03.2012 წ.

    მუხლი 6. თანამდებობები

1. თანამდებობები განისაზღვრება საშტატო ნუსხით.

2. მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საშტატო ნუსხით შესაძლებელია განისაზღვროს სამხედრო მოსამსახურის თანამდებობები, რომლებზეც შესაძლებელია დაინიშნოს სამხედრო მოსამსახურე, სპეციალური წოდების მქონე ან სამოქალაქო პირი.

 3. შესაძლებელია შემოღებულ იქნეს სპეციალური თანამდებობები (სპორტსმენი, მწვრთნელი, კაპელანი და ა.შ.), რომლებზეც დანიშნულ პირებთან სამსახურებრივი ურთიერთობები შესაძლებელია დარეგულირდეს შესაბამისი თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

    მუხლი 7. სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება

1. მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობანი, რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით, ამ წესით, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დადგენილი ქცევის სპეციალური წესით, ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული და სხვა სამართლებრივი აქტებით.

2. მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური მითითებების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც სამსახურს ეხება და მის სამსახურებრივ ადგილს უკავშირდება.

    მუხლი 8. შინაგანაწესის შინაარსი

1. შინაგანაწესით განისაზღვრება:

ა) სამუშაო დროს დასაწყისი და დასასრული;

ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;

გ) დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;

დ) სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი;

ე) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;

 ვ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი.

2. შინაგანაწესი დგინდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 9. შინაგანაწესის გაცნობა

1. შინაგანაწესი ძალაში შედის დამტკიცების მომდევნო სამუშაო დღეს, თუ საკუთრივ შინაგანაწესით არ არის დადგენილი ძალაში შესვლის უფრო გვიანი თარიღი.

2. მოსამსახურეს შინაგანაწესი გაეცნობა სამსახურში მიღებისას, ხოლო ცვლილების შეტანისას ან ახალი რედაქციის დამტკიცებისას, როგორც წესი, ცვლილების შეტანის ან ახალი რედაქციის დამტკიცების დღეს.

    მუხლი 10. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა

1. მოსამსახურის წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები განისაზღვრება კანონმდებლობით.

2. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებაზე უფლებამოსილი თანამდებობები (გარდა სამხედრო მოსამსახურეებისათვის მითითებული ზომების შეფარდებაზე უფლებამოსილი თანამდებობებისა) განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

3. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის მოსამსახურისათვის (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) გათვალისწინებულია შემდეგი სახის წახალისება:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) მადლობის სიგელით დაჯილდოება;

გ) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

დ) ადრე დადებული დისციპლინური სასჯელის ვადაზე ადრე მოხსნა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წახალისების ღონისძიებები.

4. დისციპლინური გადაცდომის გამო მოსამსახურეს (გარდა სამხედრო მოსამსახურისა)  შეიძლება დაედოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;

ე) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;

ვ) ხელფასის არა უმეტეს 30%-ის დაქვითვა  6 თვემდე ვადით;

ზ)  თანამდებობიდან გათავისუფლება.

5. დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს:

ა)   სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;

გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოსამსახურისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.

 6. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ხდება შემდეგი წესით:

ა) წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ცხადდება ბრძანებით, მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებამდე უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება;

ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მოსამსახურეს შეეფარდება სამსახურებრივი შემოწმების  დამთავრებიდან ან დისციპლინური გადაცდომის აღმოჩენიდან არა უგვიანეს ორი თვისა. თუ ეს ვადა არ იქნა დაცული, დისციპლინური გადაცდომა ექვემდებარება აღრიცხვას. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა  ძალაში შედის დაუყოვნებლივ;

გ) დისციპლინური გადაცდომის ყოველი შემთხვევის გამო შეიძლება მხოლოდ ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება;

დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ითვლება მოხსნილად, თუ მისი დადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მოსამსახურეს არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ვადაზე ადრე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნა ხდება წახალისების სახით, უფლებამოსილი პირის მიერ;

ე) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

ე.ა) მოსამსახურის ავადმყოფობის, შვებულებაში ან მივლინებაში (გარდა შვებულებაში/მივლინებაში ყოფნისას დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევებისა) ყოფნის დროს. ამ პერიოდში ჩერდება ამ პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2 თვიანი ვადის დენა;

ე.ბ)  იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი გადაცდომის შემდეგ გავიდა ერთ წელზე მეტი ან სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას და საფინანსო /სამეურნეო რევიზიის (შემოწმების) დროს აღმოჩენილი დარღვევების ჩადენიდან გასულია ორი წელი.

6​1. ამ მუხლით გათვალისწინებულის გარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა (გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა) შესაძლებელია მოიხსნას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7. სამხედრო მოსამსახურეთა წახალისების/დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდებით” და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა,  სახელმწიფო სპეციალური  წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 2 წლის 8 მაისის ბრძანება №370 - ვებგვერდი, 10.05.2012 წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 14 მაისის ბრძანება №396 - ვებგვერდი, 16.05.2012 წ.

    მუხლი 11. ატესტაცია

1. მოსამსახურის ატესტაცია არის მოსამსახურის პროფესიული უნარებისა და ჩვევების, კვალიფიკაციის (განათლება და გამოცდილება), გაწეული პროფესიული საქმიანობისა და ფსიქოლოგიური/ინტელექტუალური შესაძლებლობების თანამდებობრივ და/ან წოდებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. ყოველი თანამდებობისთვის/წოდებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

2. ატესტაციას მოსამსახურე შეიძლება დაექვემდებაროს:

ა) 3 კალენდარულ წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი), მიუხედავად იმისა, რა პერიოდია გასული მოსამსახურის სამსახურში ბოლო დანიშვნიდან/ გაწვევიდან, ასევე მნიშვნელობა არ ენიჭება 3 კალენდარული წლის განმავლობაში რა პერიოდი აქვს მოსამსახურეს ნამსახურები;

ბ) სამსახურებრივი დაწინაურებისას.

3. ატესტაციას არ ექვემდებარება:

ა) სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) უმაღლესი ოფიცრის წოდების მქონე მოსამსახურე;

გ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურე.

4. ატესტაციის ჩატარების ვადებს განსაზღვრავს მინისტრი ატესტაციის ჩატარებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე. მოსამსახურე, რომელიც ატესტაციის ჩატარების დროს იმყოფება შვებულებაში (მათ შორის, სამკურნალო შვებულებაში), დროებით შრომისუუნარობის ფურცელზე ან მივლინებაში, ატესტაციას ექვემდებარება სამსახურში გამოსვლის დღიდან არანაკლებ 2 კვირის შემდეგ.

5. მოსამსახურეთა ატესტაციას ახორციელებს მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია (კომისიები). შესაძლებელია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით განისაზღვროს საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა.

6. საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ დამოუკიდებელი სპეციალისტები ანაზღაურებისა და ხმის უფლების გარეშე, მათი თანხმობით.

7. ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით: ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება.

8. ატესტაციის ჩატარების ფორმატს, ტესტირების მეთოდს და თემატიკას, მოსამსახურის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკისა და/ან წოდების გათვალისწინებით განსაზღვრავს საატესტაციო კომისია. ატესტაციის თემატიკა ატესტაციის ჩატარებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას ან პირადად გაეცნოს ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს.

9. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ თანამდებობასთან და/ან მინიჭებულ წოდებასთან მოსამსახურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოსამსახურის ანგარიშს მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას სამსახურებრივ მოვალეობასთან და/ან მინიჭებულ წოდებასთან მიმართებით.

10. ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით, მოსამსახურე ექვემდებარება ამ მუხლის მე-15 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.

11. საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომაზე თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას უძღვება თავმჯდომარის მოადგილე.

12. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.

13. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

14. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

15. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:

ა) მოსამსახურე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და/ან მინიჭებულ წოდებას და ექვემდებარება დაწინაურებას;

ბ) მოსამსახურე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და/ან მინიჭებულ წოდებას;

გ) მოსამსახურე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და/ან მინიჭებულ წოდებას.

16. კომისია ვალდებულია თითოეული მოსამსახურის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მათ ხელს აწერენ დამსწრე კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

17. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. ატესტაციის შედეგები წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას. საატესტაც ი ო ფურცლის ნიმუშს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.

18. მოსამსახურე ეცნობა საატესტაციო ფურცელს, რასაც ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში საატესტაციო ფურცელს სამსახურის მიერ უკეთდება შესაბამისი მინაწერი. მოსამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში მას გადაეცემა საატესტაციო ფურცლის ასლი.

19. ამ მუხლის მე-16 და მე-18 პუნქტებში მოცემული სხდომის ოქმი და საატესტაციო ფურცელი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მათი გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ მათ საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გასაჩივრებასთან ერთად.

20. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია მოახსენებს მინისტრს. საატესტაციო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან არა უგვიანეს 6 თვის განმავლობაში მინისტრს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება:

ა) ამ თავის მე-15 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამსახურის დაწინაურების შესახებ;

ბ) ამ თავის მე-15 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ბ.ა) სამსახურიდან დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ; ან

ბ.ბ) წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ან/და მოსამსახურის თანამდებობრივი დაქვეითების შესახებ.

    მუხლი 12. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება (თანამდებობიდან გადაყენება)

1. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს მოსამსახურის დროებით განთავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან და სამსახურის განთავისუფლებას მოსამსახურის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისაგან.

2. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში (გარდა ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის ”ბ”, ”გ” და ”დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა ), მოსამსახურეს არ უნარჩუნდება თანამდებობრივი/წოდებრივი სარგო, დანამატები (მათ შორის, კომპენსაცია).

3. კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარდა, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების საფუძვლებია:

ა) სისხლის სამართლის დევნისას მოსამსახურის მიმართ საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება;

ბ) მინისტრის გადაწყვეტილების შემთხვევაში, სისხლის სამართლის დევნისას მოსამსახურის მიმართ არა საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება;

 გ ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენისათვის გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა.

დ) სამხედრო მოსამსახურის ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება დაკავების , ხოლო თუ დაკავება არ მომხდარა – ამ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მეორე დღიდან, მოსამსახურის გამართლების შემთხვევაში, განაცდური შრომის გასამრჯელოს ანაზღაურება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №7 7 7 - ვებგვერდი, 10.10 .2011 წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №797 - ვებგვერდი, 13.10.2011 წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 2 წლის 23 მარტის ბრძანება №222 - ვებგვერდი, 23.03.2012 წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 10 მაისის ბრძანება №378 - ვებგვერდი, 11.05.2012 წ.

    მუხლი 13. კადრების განკარგულება

1. მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში შემდეგ შემთხვევებში:

ა) სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას);

ბ) მინისტრის ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით სამსახურებრივი გადაადგილებისას შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის შერჩევა მათ შორის შეიძლება გულისხმობდეს მოსამსახურის კვალიფიკაციის შემოწმებას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის შესაბამისად, ან/და აღნიშნული კვალიფიკაციის შესაბამისი თანამდებობის არსებობის დადგენას. მოსამსახურეს შეეთავაზება თანამდებობა, თუ არსებობს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა.

3. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს.

4. რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოსამსახურის დათხოვნის/განთავისუფლების შემთხვევაში, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა იყოს ორ თვეზე ნაკლები. მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ.

5. კადრების განკარგულებაში ყოფნისას მოსამსახურეს შეიძლება დაევალოს თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის ან ვაკანტურ თანამდებობაზე მოვალეობის შესრულება არა უმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით. დროებით მოვალეობის შესრულების პერიოდში მას მიეცემა აღნიშნული თანამდებობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ანაზღაურება.

6. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში:

 ა) მოსამსახურეებს (გარდა სამოქალაქო პირებისა, რომლებიც დანიშნულები არიან სამოქალაქო თანამდებობაზე) უნარჩუნდებათ არა უმეტეს ორი თვის:

ა.ა) ფულადი სარგოები ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად;

ა.ბ) წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი (გარდა სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირებისა);

ა.გ) სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაცია (გარდა სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირებისა);

ბ) სამოქალაქო პირებს, რომლებიც დანიშნულები არიან სამოქალაქო თანამდებობებზე უნარჩუნდებათ არა უმეტეს ერთი თვის თანამდებობრივი სარგოები ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №764 - ვებგვერდი, 12.09.2012 წ.

    მუხლი 14. სამსახურიდან დათხოვნა

ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების გარდა, მინისტრის ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილების შემთხვევაში:

ა) სამხედრო მოსამსახურე შეიძლება დაითხოვონ სამხედრო სამსახურიდან ჩადენილი სისხლის სამართლის ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ;

ბ) მოსამსახურე შეიძლება დაითხოვონ/გაანთავისუფლონ სამსახურიდან მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სასჯელის/სახდელის დაკისრების შემთხვევაში, თუ აღნიშნული სასჯელი/სახდელი დაკისრებულია მოსამსახურის მიერ ჩადენილი უღირსი საქციელისათვის.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №764 - ვებგვერდი, 12.09.2012 წ.

    მუხლი 15. წესის გაცნობა

ეს წესი, მათ შორის, მასში შეტანილი ცვლილებები და დამატებები, მოსამსახურეს გაეცნობა კანონმდებლობით ან/და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დადგენილი პროცედურის დაცვით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“, №583, 21.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016061 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1423367-8/